სახელმწიფოს როლი და კომერციის თავისუფლება

ტექსტი წარმოადგენს ამონარიდს ჟაკ ტიურგოს წერილიდან “ვენსან დე გურნეს საქებარი სიტყვა”. პირველი ვარიანტი ვენსან დე გურნეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა 1759 წელს.
მოგვიანებით, ტიურგომ წერილი განავრცო და 1776 წლის ვერსია მოიცავს, როგორც დე გურნეს, ასევე თავად ტიურგოს მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შეჯამებას.

ჟაკ კლოდ მარი ვენსან დე გურნე მე-18 საუკუნის Vincent de Gournayფრანგი კომერსანტი და ლიბერალი ეკონომისტია. ავტორი ფორმულისა laissez faire et laissez passer (მარტივად რომ ვთარგმნო – მთავრობა, თავი დაგვანებე!). მის ეკონომიკურ წერილებში გამოჩნდა პირველად ტერმინი “ბიუროკრატია”. დე გურნე სახელმწიფო საბჭოს წევრი და ვაჭრობის სამეფო საბჭოს თავმჯდომარე იყო. არის თავისუფალი ვაჭრობის, დაბალი გადასახადების, ნაკლები ადმინისტრირების იდეოლოგი. ცდილობდა კონკურენციის ხელშეწყობასა და მონოპოლიზმის მოსპობას.

ანრი რობერ ჟაკ ტიურგო ფრანგი ფილოსოფოსი და Jacques Turgotლიბერალი ეკონომისტია. იყო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი (გენერალური კონტროლიორი). ლუი XVI –მ თანამდებობიდან გადააყენა, მისი ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები კი უკუ შეატრიალა. როგორ დაამთავრა მეფემ – კი ვიცით.


კომერციასა და ეკონომიკურ კავშირებზე

ბატონმა დე გურნემ საფუძველი ჩაუყარა სწავლებას იმ უწყვეტი და ხშირად დაფარული დინებების აღმოსაჩენად, რომელიც ყველა სავაჭრო ოპერაციას წარმართავს. გამოარკვია ერთიანი და პირველადი კანონები, რომელთა ფესვები თავად ბუნებაშია. სადაც ყველა საწონი ქვა ერთმანეთს აბალანსებს და იძენს ფასს, სადაც თავისუფალ ვარდნაში მყოფი სხეული, მიზიდულობის კანონის თანახმად, ეშვება მანამ, სანამ მყარ ზედაპირს ჰპოვებს. მან დაგვანახა ის რთული ურთიერთობები, რომლის მეშვეობითაც კომერცია კავშირშია პოლიტიკური ეკონომიკის ყველა სფეროსთან: ვაჭრობა უკავშირდება მიწათმოქმედებას. ორთავ კავშირშია მოქალაქეთა სიმდიდრესთან და სახელმწიფოს ძლევამოსილებასთან. შიდა და უწყვეტი ბმულებია კანონმდებლობასთან, სოციალურ ცხოვრებასთან და მთავრობის ქმედებებთან, მეტადრე – საფინანსო პოლიტიკასთან. ბატონმა დე გურნემ აწონა ის ზეგავლენა, რაც ვაჭრობაზე აქვს სამხედრო პოლიტიკას და ცვლილებები, რაც ვაჭრობას მოაქვს სამხედრო პოლიტიკისთვის – ცვლილებების გზით, რასაც საერთაშორისო ურთიერთობებზე ახდენს და იმ ზეგავლენით, რაც მსოფლიო წესრიგზე აქვს.

ბატონი დე გურნე იკვლევდა პროგრესისა და დაკნინების რეალურ მიზეზებს, რომ გამოერჩია კანონზომიერი შემთხვევითი მოვლენების ზეგავლენისგან და განესაზღვრა მათი როლი ევროპის ქვეყნების მიერ მიღებული მმართველობის პრინციპებში – როგორც უნდა იქცეოდეს სახელმწიფო მოღვაწე და ფილოსოფოსი.

შრომისა და წარმოების თავისუფლებაზე

ბატონ დე გურნეს სჯეროდა, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც მუშაობს, იმსახურებს საზოგადოების მადლიერებას. უკვირდა, რომ მოქალაქე ვერც აწარმოებს რამეს, ვერც ყიდის, თუკი არ არის რომელიმე გაერთიანების წევრი. და როდესაც შეიძენს ამ უფლებას, რომელიმე გაერთიანებაში გაწევრიანების გზით, მოქალაქეს ხშირად დამატებითი დროისა და ხარჯის გაღება უწევს, იმ მიზნით, რომ გამოარკვიოს, რა პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვის უფლება შეიძინა.

ბატონი დე გურნე მიიჩნევდა, რომ თუ მოქალაქე გადაწყვეტს, აწარმოოს ქსოვილი, ის სახელმწიფოს საერთო სიმდიდრეს ამრავლებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის მიერ წარმოებული ქსოვილის ხარისხი ჩამორჩება უკვე არსებულ ქსოვილთა ხარისხს, მრავალ მომხმარებელს შორის ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს მომხმარებელი, ვისთვის ეს უარესი ხარისხი უკეთესია, თუნდაც, ნაკლები ფასის გამო. ჩვენ კი, იმ მიზეზით, რომ ეს ქსოვილი არ შეესაბამება რაღაც ნიმუშს – ნაკლებია სიგრძით ან ფართით ან წონით, ადამიანს, ვინც აწარმოა, ჯარიმას ვაკისრებთ. ამ საბრალომ გასწია რისკი, დახარჯა დრო და ენერგია და ახლა მის მიერ წარმოებულ პროდუქციას ზომავენ, წონიან, იკვლევენ და ადარებენ დადგენილ მოთხოვნათა რაღაც ჩამონათვალს, აღსაქმელადაც რომ რთულია. იწყება დავა, რომელშიც ჩართულია მეწარმე, ვინც ვერ ერკვევა ინსტრუქციების ხლართებში და სახელმწიფო ინსპექტორი, ვისაც არ ესმის წარმოების არსი. და მუდამ ეს ინსპექტორია საბოლოო განჩინების გამომტანი.

ბატონ გურნე ცდილობდა შეეზღუდა მთავრობის მადა, განსაზღვროს და დაადგინოს ყველაფერი: ქსოვილის ზომიდან ძაფების რაოდენობამდე. მეწარმეს უწევს მრავალი ნებართვის მოპოვება, რაც მეწარმეობის სურვილს ართმევს და მხოლოდ მონოპოლიზმს უწყობს ხელს. მთავრობის მანკიერი ნებაა, კომერცია რაც შეიძლება ნაკლებ ხელში მოაქციოს ფორმალური დაბრკოლებების აგების გზით – მოქალაქეს უწევს მრავალი საფეხურის გავლა, იმისთვის, რომ რამე საქონლის წარმოების უფლება მოიპოვოს.

კერძო და საზოგადოებრივ სიკეთეებზე

ბატონი გურნეს აზრით, ყველგან, სადაც კერძო ინტერესები ემთხვევა საერთოს, საუკეთესო იქნება, ნება დავრთოთ ყველას, აკეთოს რაც სურს. მის ნებაზე მიშვებული კომერციის დროს, კერძო ინტერესები ბუნებრივად დაემთხვევა საზოგადოებრივს. სახელმწიფო მხოლოდ ორი კუთხით უნდა დაინტერესდეს მეწარმეობით – როგორც მფარველმა უზრუნველყოს, რომ ერთმა მხარემ არ მიაყენოს მეორეს იმგვარი ზიანი, რომლისგანაც თავის დაცვა არ შეეძლება. დახარჯოს სახსრები გარე თავდასხმებისგან დასაცავად და შიდა გარემოს გასაუმჯობესებლად. მთავრობა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ ქვეყნის შიდა სიმდიდრე, მიწისა და წარმოების პროდუქცია მატულობდეს და საქონლის ფასები არ განიცდიდეს უცაბედ რყევას, რაც საზოგადოებრივ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. ამ მიზანთა ფარგლებში ყველა შეზღუდვისგან თავისუფალი კერძო ინტერესი თანხვედრაშია საყოველთაო ინტერესებთან.

მთავრობის როლი და ვაჭრობის რეგულირება

რაც ეხება ზემოთქმულ ამოცანას, დავიცვათ კერძო მოთამაშენი, არ დააზარალონ ურთიერთი – საკმარისია, სახელმწიფომ დაიცვას ვაჭრობის თავისუფლება, სადაც გამყიდველის ბუნებრივი თავისუფლებაა – გაყიდოს და მყიდველის ბუნებრივი თავისუფლებაა – იყიდოს. მყიდველი, რომელიც შეუზღუდავია, აირჩიოს საქონელი, რისი შეძენაც სურს, უეჭველად შეეცდება მრავალ გამყიდველს შორის მოძებნოს ის, ვინც მისთვის ყველაზე ხელსაყრელ საქონელს მიჰყიდის ყველაზე ხელსაყრელ ფასში. ამავე დროს, ყოველი გამყიდველი, ვისი მიზანიცაა კონკურენტთა შორის უპირატესობის მოპოვება, საუკეთესო ხარისხის საქონელს გაყიდის საუკეთესო ფასად. შესაბამისად, არ არის მართალი, რომ მეწარმე დაინტერესებულია, მოგვატყუოს, თუკი, რა თქმა უნდა, მთავრობისგან მინიჭებული განსაკუთრებული უპირატესობით არ სარგებლობს.

მთავრობა, რომელიც ექსკლუზიური პრივილეგიების გაცემის ან სხვა მსგავსი გზით, გამყიდველთა რაოდენობას ზღუდავს, აზარალებს მომხმარებელს, გამყიდველი კი, გარანტირებული გაყიდვით გათამამებული, გვაიძულებს, მისი საქონელი ძვირად შევიძინოთ.

მეორე მხრივ, თუ ჩვენ სხვადასხვა აკრძალვებით ხელოვნურად შევზღუდავთ მყიდველთა რაოდენობას, ამით დავაზარალებთ გამყიდველს. როდესაც საქონლის წარმოებისა და გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი ვეღარ ფარავს ხარჯებსა და რისკებს, მეწარმეებმა, შესაძლოა, შეწყვიტონ ამ საქონლის წარმოება, რაც საზოგადოებრივ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

ამდენად, ყიდვისა და გაყიდვის თავისუფლება არის წონასწორობის შენარჩუნების ერთადერთი გზა – მეწარმეს აქვს იმ ფასის დადგენის საშუალება, რაც წარმოებას უწყობს ხელს და მყიდველს სასურველი საქონლის პოვნა შეუძლია ხელსაყრელ ფასად. რა თქმა უნდა, შეგვხვდება თაღლითი გამყიდველიცა და მოტყუებული მყიდველიც, მაგრამ მოტყუებული მყიდველი იძენს გამოცდილებას და მატყუარა გამყიდველი კი კარგავს რეპუტაციას, კარგავს მყიდველს და დაისჯება თაღლითობისთვის. მაგრამ ამგვარი შემთხვევები არ შეგვხვდება ბევრი, ვინაიდან ღია სივრცეში ყველა ერთმანეთს უკეთ ხედავს.

სურვილი, რომ მთავრობამ სრულად აღკვეთოს თაღლითობა, იმის მსგავსია, მოვითხოვოთ, ყველგან გაშალოს თივა, რომ თუკი ვინმემ სადმე გზად ფეხი წამოკრა, არაფერი იტკინოს. თავისუფალი კომერციის რეგულაციებით და ინსპექციებით შემოზღუდვა თაღლითებისგან დაცვის საბაბითა და შეუძლებელი სრულყოფილების დევნაში, წარმოების ზრდის დაბრკოლებას ნიშნავს. ეს იგივეა, მხატვარს ფანტაზია უკვე არსებული ჩარჩოებით შემოუსაზღვრო. ყველა ახალი საქონლის ეჭვის თვალით ჩხრეკა და შემოწმებისთვის დაქვემდებარება სიახლეებს უჭრის გზას. ამით ვკლავთ უცხოელ მეწარმეებთან პაექრობის საშუალებას. ისეთ მდგომარეობაში ვიგდებთ თავს, რომ მხოლოდ მიბაძვა და სხვათა უკან მიდევნება შეგვეძლება.

ნუ გვავიწყდება, რომ ამგვარ რეგულაციათა აღსრულებაში მუდამ ის ადამიანები გამოიდებენ ხოლმე თავს, ვინც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული თაღლითობაში და სწორედ თაღლითობის ხელშეწყობას და დაფარვას ლამობს ძალაუფლების გამოყენებითა და საჯარო ნდობის საფარველქვეშ.

არც ის დავივიწყოთ, რომ ყველა ინსპექტორი, დაწესებულება, საქონლის შემოწმების პროცედურები დამატებითი ხარჯია და ეს ხარჯი ყოველთვის ასახულია საქონლის ფასში. გაზრდილი ფასი აზარალებს ადგილობრივ მყიდველს, უცხოელს კი განაზიდავს.

იმ კეთილშობილი მიზნით, რომ მყიდველთა მცირე ჯგუფები დავიცვათ თაღლითებისგან, ჩვენ მთლიანად კომერციას ვბეგრავთ და, შესაბამისად – მყიდველებსაც.

იმ დაშვებით, რომ ყველა მეწარმე თაღლითია და ყველა მყიდველი – გულუბრყვილო, ხელოვნურად ვუწყობთ ხელს სწორედ ამგვარი გარემოს შექმნას.

მთავრობის როლი და წარმოების ხელშეწყობა

ახლა დავუშვათ, მთავრობამ გადაწყვიტა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, წაახალისოს სასოფლო სამეურნეო რომელიმე კულტურების მოყვანა ან საქონლის წარმოება – აკრძალოს ერთი და მის ხარჯზე განავითაროს სხვა. ამ გზით შექმნას დოვლათი, ხელი შეუწყოს ფასების შემცირებას ან ხაზინის ხარჯზე დააფუძნოს რაღაც მანუფაქტურები – მიანიჭოს მათ უპირატესობა და მოუტანოს ის მოგება, რასაც, უნდა ვიფიქროთ, ბუნებრივ ვითარებაში წარმოება და ვაჭრობა ვერ მოუტანდა. ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუარა კომერციის რაობის ვერცოდნა. დედამიწაზე ვერ ნახავთ ერს, რომელიც ყველაფერს აწარმოებს თავად, ყიდის უცხოელებზე და მათგან არაფერს ყიდულობს. რომელიმე საქონლის წარმოებას სხვის ნაცვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ მოგება მოაქვს. თითოეული პროდუქტის გასაყიდი ფასი, ყველა ხარჯის გამოკლებით, ერთადერთი მაჩვენებელია, სახელმწიფოს მიერ მიღებული ნებისმიერი სარგებლის ასაწონად. ყველა წარმოება, რომლის მიერ წარმოებული პროდუქციის გასაყიდი ფასი ვერ ანაზღაურებს ხარჯებს, მისი შენარჩუნებისთვის დახარჯული თანხა არ იძლევა სარგებელს, კომერციის ბუნებრივი კანონების თანახმად, ერისთვის მხოლოდ დანაკარგია.

კერძო მეწარმეა მთავარი მსაჯული მისი მიწის, ქონებისა და შრომის საუკეთესოდ განკარგვაში. მხოლოდ მას აქვს საჭირო ცოდნა, გამოცდილება და უნარები. მისი ცოდნა დგას ადგილობრივი პირობებისა და გარემოს შეცნობაზე. გამოცდილება მდიდარია წარსულის მარცხითა და წარმატებით. ეს ყველა ბევრად უპირატესია, ვინემ გარეშე გულგრილი მოთვალთვალის მიერ გაცემული სწავლული თეორიები.

რომ შევაჯამოთ ბატონი დე გურნეს მოსაზრებები, მთავრობის მიზნები უნდა ჩამოვაყალიბოთ ამგვარად:

1. კომერციის ყველა დარგს მიანიჭოს თავისუფლება, დაძლიოს საუკუნეთა ცრურწმენები და უცოდინრობა, რაც მთავრობას უბიძგებს გადაიხაროს რომელსამე ინტერესთა სასარგებლოდ და გახარჯოს ენერგია მიუღწეველი სრულყოფილების დევნაში.

2. სახელმწიფოს ყველა მაცხოვრებელს გაუმარტივოს შრომა, რაც ხელს შეუწყობს მაქსიმალურ კონკურენციას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს საუკეთესო ხარისხისა და საუკეთესო ფასების წონასწორობას.

3. მოიზიდოს კონკურენტთა მაქსიმალური რაოდენობა და მეწარმეს გაუხსნას გზა წარმოების საშუალებებისა და სახსრებისკენ, ვინაიდან წარმოების მიზანი არ შეიძლება იყოს სხვა, თუარა მოგების მიღება.

თუმცა, მთავრობის როლის შეზღუდვა, დაბრკოლებების მოშლა და კომერციის გათავისუფლება ბატონ გურნეს არ ესმოდა იმგვარად, რომ სახელმწიფოს მხრივ წარმოების წახალისება სრულად უადგილოა. გამომგონებლების დახმარება, უცხოური გამოცდილების შემოტანა, ოსტატებს შორის შეჯიბრობითობის მხარდაჭერა პრემიების გაცემისა და ანაზღაურების გზით, სარგებლის მომტანია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც წარმოება სრული თავისუფლებით სარგებლობს, დრომოჭმულმა წარმოდგენებმა ან სიახლეების შიშმა შეიძლება განვითარება დააბრკოლოს – ასეთ დროს წახალისებით უნდა ვუბიძგოთ წინსვლას და ავაჩქაროთ ტემპი. მაგრამ, ბატონი გურნე ერთობ ეჭვით უყურებდა სამთავრობო თანხების გაცემას წარმოებისთვის, უპირატესობა, მისი აზრით, ინდივიდუალურ ჯილდოებს უნდა ჰქონოდათ. ასევე პრემიებს წარმოების გაზრდისა და გაუმჯობესებული პროდუქციისთვის.

მთავრობა და საგადასახადო პოლიტიკა

ბატონი გურნეს აზრით, აუცილებელი იყო საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება. სახელმწიფო ხარჯების დაფარვის მიზნით, მთავრობამ კომერსანტებს დაუწესა მაღალი გადასახადები, მათი სიმრავლე და ამოღების სირთულე ამ ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებდა.

ხაზინას სჭირდება ფინანსები, მათი წყაროა წარმოება და ვაჭრობა. წარმოებას ვაჭრობა ახალისებს, ამდენად, თუკი თანხების მოზიდვა ხაზინაში აზარალებს ვაჭრობას, წარმოებაც ზიანდება.

ბატონი გურნე მიიჩნევდა, რომ ყველა გადასახადი, საბოლოო ჯამში, აწვება მეწარმეს, რომელიც, შედეგად, ნაკლებ საქონელს ყიდის. თუკი გადასახადებს გადავანაწილებთ, ამით ყველა მოიგებს, ასევე შემცირდება ხარჯიც, რაც ამ გადასახადების ამოღებას ხმარდება. გამოთავისუფლდებიან ადამიანები, ვისაც ახლა გადასახადების ასაკრეფად ვიყენებთ. ისინიც, ვინც კონტრაბანდას უწყობს ხელს და ისინიც, ვინც, პასუხად, კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის გვჭირდება. ტვირთისგან გათავისუფლებული ვაჭრობის ზრდა კი საყოველთაო დოვლათის ზრდას შეუწყობს ხელს.

©Anne Robert Jacques Turgot – In Praise of Gournay, 1776
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2018)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ასევე:

პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad