ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი, ფრიტრედერი, დაბალი გადასახადების მომხრე და ბასტიანელი

images2images

შესავალი

მაგისტრატურაში (კარგა ხნის წინ იყო ეგ ამბავი) ლაფერის მრუდსა და საგადასახადო პოლიტიკაზე დავწერე ეგრეთ წოდებული ნაშრომი. 🙂 მგონი, ნაცოდვილარი უფრო ერქვა – ახლა ბევრად უკეთ დავწერდი, მაგრამ, ვაჟა ზაზაევიჩის თქმის არ იყოს – „ძირითად მომენტებში“ დღესაც ვეთანხმები მაშინდელ დასკვნას: დაბალი გადასახადები და მეტი თავისუფლება საუკეთესო ეკონომიკური პოლიტიკაა და ილია ჭავჭავაძეც სწორედ ამ აზრზე იდგა.
სამაგისტრო ნაწერში ილიას დამოწმებისას მცირე ამონარიდით შემოვიფარგლე, ახლა უფრო ვრცელ მონაკვეთებს მოვიტან ილიას სტატიებიდან.

ილიას ციტატები მოტანილია ვებ-გვერდიდან ილია ჭავჭავაძის თხზულებათა კრებული (მადლობა ადმინებს!), სხვა ავტორთა ციტატები ჩემი თარგმნილია, ყველა ლინკი – პოსტის ბოლოს.
აქვე, კეთილი სიტყვით უნდა ვახსენო ჩემი ლექტორები – ბატონი თამაზ ჩიკვაიძე და ბატონი შოთა ქისტაური, რომლებიც გადამეტებული ყურადღებით მისმენდნენ, მაშინაც კი, როდესაც არ მეთანხმებოდნენ. 🙂

Continue reading “ილია ჭავჭავაძე – ლიბერალი, ფრიტრედერი, დაბალი გადასახადების მომხრე და ბასტიანელი”

ფრედერიკ ბასტიას შესახებ

ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი

ვფიქრობ, ყველა დაგვეთანხმება (თუნდაც, ჯეროვნად არ აფასებდეს ფრედერიკ ბასტიას, როგორც გამორჩეულ ეკონომიკურ თეორეტიკოსს) – ის გენიალური პუბლიცისტი იყო, იოზეფ შუმპეტერის თქმით: “ყველაზე ბრწყინვალე ეკონომიკური ჟურნალისტი, ვისაც ოდესმე უცხოვრია”. ფრედერიკ ბასტიას რჩეული თხზულებების კრებულს[1] უკეთესად ვერც შევაფასებთ. შუმპეტერის სხვა ხისტი მოსაზრება, რომ ბასტია „თეორეტიკოსი არ ყოფილა“, მის როლსა და ადგილს ვერაფერს აკლებს. ელვასავით ხანმოკლე კარიერის ბოლოს ბასტია შეეცადა, ძირითადი მოსაზრებების თეორიულ ქარგაში მოქცევას და დასაბუთებას, მაგრამ პროფესიონალები ვერ დააკმაყოფილა. ხუთი წლის განმავლობაში, როგორც პუბლიცისტი, საჯაროდ მიმოიხილავდა საზოგადოებრივ საქმეებს და სიცოცხლის დასასრულს, მძიმე სენთან მებრძოლმა, რამდენიმე თვეში ვეღარ მოასწრო ყველა იმ პუნქტის სრულყოფილად ჩამოყალიბება, სადაც მისი შეხედულებები იმხანად გაბატონებულ დოქტრინას ეწინააღმდეგებოდა. რომ მოესწრო, ნამდვილი სასწაული იქნებოდა. შეიძლება მკითხოთ, რამ შეუშალა ხელი? ორმოცდაცხრა წლის ასაკში შეწყვეტილმა სიცოცხლემ, თუ სხვა მიზეზებიც იყო? პოლემიკური ესეები, რომლებიც, მისი ნაშრომთა შორის, ყველაზე ფასეულია, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს – კარგად ხედავდა, რა იყო მნიშვნელოვანი და საგანთა არსის ჭვრეტის ნიჭიც ჰქონდა. ამან საშუალება მისცა და საკმარისი რაოდენობით ნაწერები დაგვიტოვა, რაც დიდი წვლილია მეცნიერებისთვის.

Continue reading “ფრედერიკ ბასტიას შესახებ”

პროტექციონიზმი და კომუნიზმი

ფრედერიკ ბასტია

რა არის კომუნიზმი?[1]

დავავალდებულოთ სახელმწიფო – ჩაერიოს, დადგეს მომგებიანობის სადარაჯოზე, მოახდინოს შემოსავლების გათანაბრება, ზოგიერთისგან (მათი თანხმობის გარეშე) წართმევისა და სხვებისთვის (უსასყიდლოდ) გადაცემის გზით. გაძარცვოს იმისთვის, რომ თანასწორობა დაამყაროს – რა ჰქვია ამას, თუ არა კომუნიზმი? გავეშვათ იმ საშუალებებს, რომლებსაც სახელმწიფო ამ მიზნის მისაღწევად იყენებს – არ აქვს მნიშვნელობა. რა ზიზილ-პიპილა ქაღალდშიც უნდა შეფუთოს, ყველა ცრუა. სახელმწიფო ზემოქმედებს პირდაპირ თუ არაპირდაპირ: იყენებს შემაკავებელ ზომებს, აწესებს გადასახადებს, შემოაქვს ბეგარა ან დასაქმების ნებართვას გასცემს, გველაპარაკება თანასწორობის, სოლიდარობის და ძმობის სახელით – ეს ყველა საგანთა არსს არ ცვლის. ქონების ძარცვა მაინც ძარცვაა, თუნდაც რეგულარული, ორგანიზებული, პროცედურულად გაწერილი და კანონით ნებადართული ქმედება იყოს.

ჩემი აზრით, ეს კომუნიზმის ყველაზე საშიში ფორმაა. რატომ? იმიტომ რომ ამ გზით ყველაფრის მიტაცებას ლამობს. თუ ჩემი არა გჯერათ, თავად დააკვირდით: ვიღაც ითხოვს, რომ სახელმწიფომ ხელოსნებსა და ფერმერებს შრომის იარაღი უფასოდ მიაწოდოს და არ დაგიდევთ, რომ ამისთვის სახელმწიფომ ეს იარაღი სხვა ხელოსნებსა და ფერმერებს უნდა გამოღლიტოს ხელიდან. მეორეს სახელმწიფოსგან უპროცენტო სესხის მიღება სურს, მაგრამ სხვისი საკუთრების უფლების შებღალვის გარეშე არც ეს გამოვა. მესამე უფასო განათლების შემოღების მომხრეა – ყველა დონეზე. როგორ? გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე. მეოთხე სახელმწიფოსგან მუშათა ასოციაციების, თეატრების, მხატვრების და ა.შ. სუბსიდირებას მოითხოვს, მაგრამ სუბსიდიისთვის თანხა მათ უნდა გამოვართვათ, ვინც ეს ქონება კანონიერად მოიპოვა – აბა, სხვა რომელი სკივრიდან მოვიტანთ? კიდევ მეხუთეც გამოჩნდება, ვინც ვერ მოისვენებს, სანამ სახელმწიფო საქონლის ფასს არ გაზრდის იმად, რომ ეროვნულმა მწარმოებელმა იხეიროს. ცხადია, იმ ჯიბის საზიანოდ, ვინც ამ საქონელს შეიძენს. დიახ, ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილა კომუნისტი. ამ თვალსაზრისით, თქვენც კომუნისტი ხართ, ბატონი ბიიოც[2] კომუნისტია. ეგკიარა, ვშიშობ, საფრანგეთში ყველანი, ერთგვარად, კომუნისტები ვართ. რაკი ძარცვა სახელმწიფოს სახელით მიმდინარეობს, ჩვენ მას მორცხვად ვურიგდებით. თითქოს, პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება, ანუ – არავისზე. ეს არის წყობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წავეპოტინოთ სხვის საკუთრებას წრფელი გულით და სუფთა სინდისით. Continue reading “პროტექციონიზმი და კომუნიზმი”

მევახშეები, ბანკები, ვაჭრები და სხვა “წურბელები”

ფრედერიკ ბასტია
შუამავლები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VI

საზოგადოება ადამიანების მიერ ურთიერთისთვის გაწვეული მომსახურების ერთობლიობაა, ნებით იქნება თუ – იძულებით და როგორც საჯარო, ასე კერძო მომსახურებას მოიცავს.

ამ ორიდან პირველი კანონით დადგენილი და რეგულირებულია, მისი შეცვლა, უცილობელი საჭიროების შემთხვევაშიც კი, იოლი არ არის ხოლმე. რეგულაციის ცვლილებამ, შეიძლება, დიდი ხანი დაიჭიროს. დრომოჭმული საჯარო მომსახურება ძალაში რჩება და მოქმედია, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია სარგებელი აღარ მოაქვს. და კვლავ საჯარო მომსახურება ჰქვია, თუმცა, სინამდვილეში, ზიანის მეტი საზოგადოებისთვის არაფერი მოაქვს.

საპირისპიროდ, მეორე ნებაყოფლობითია და პიროვნული პასუხისმგებლობის სფეროში ძევს. თითოეული გასცემს და იღებს იმას, რაც სურს, ან – შეუძლია, თავისუფალი გაცვლის გზით. კერძო მომსახურება ყოველთვის გულისხმობს რეალურ სარგებელს და ეს სარგებელი ურთიერთშეფარდებით იზომება.

სწორედ ამ მიზეზით, პირველი, ხშირად, სტატიკურია, მეორე კი პროგრესის კანონს მიჰყვება.

Continue reading “მევახშეები, ბანკები, ვაჭრები და სხვა “წურბელები””

ვაჭრობის შეზღუდვა

ფრედერიკ ბასტია

ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VII

იყო და არ იყო, ცხოვრობდა ბატონი პროტექციონისტი (ეს სახელი მე არ შემირქმევია, ჩარლზ დიუპენმა[1] მოიფიქრა). დრო, გარჯა და კაპიტალი მისი მიწიდან რკინის მადნის მოპოვებასა და გადადნობას მოახმარა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბუნებამ უფრო გულუხვი კალთა ბელგიელების დააფერთხა, ამიტომ ბელგიურ რკინას უკეთეს ფასად ჰყიდდნენ საფრანგეთში, ვიდრე ბატონი პროტექციონისტი და ყოველ ფრანგს შეეძლო ნაკლები შრომით გამოემუშავებინა საკმარისი თანხა ფლამანდიელებისგან რკინის შესაძენად. გულუხვი ხალხია ფლამანდიელები! ფრანგები სარგებლობდნენ ამ ხელსაყრელი შესაძლებლობით და ყოველდღე უამრავი მჭედელი, ზეინკალი, ხარატი და რკინითხურო სტუმრობდა ბელგიას თავად ან შუამავალს აგზავნიდა რკინის შესაძენად, რაც არაფრად ეპიტნავა ჩვენს პროტექციონისტს.

ჯერ იფიქრა, ამ უმსგავსობას საკუთარი ძალებით მოვერევიო – აბა როგორ, ასე უსინდისოდ აზარალებდნენ. მხარზე გადავიკიდებ მუშკეტს, დამბაჩებს გავირჭობ ქამარში, სავაზნეებს ავავსებ, მახვილს ავლესავ, საზღვარზე დავდგები და ადგილზე მოვკლავ პირველივე ფრანგს, ვისაც რკინის შესაძენად ბელგიაში მიეჩქარება, ვინც საკუთარ ხეირზე ფიქრობს და ჩემსას კი არად აგდებს – კარგი ჭკუის სასწავლებელი იქნებაო მათთვის! Continue reading “ვაჭრობის შეზღუდვა”

უფასო ფულის შესახებ

ფრედერიკ ბასტია
სესხი
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი IX

როდის არა ყოფილა, განა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ხომ გამორჩეულად – ადამიანები შეიპყრო ოცნებამ იაფი სესხის[1] შესახებ, რაც ქონების გამრავლებაში დაეხმარებოდა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პარიზულმა პრესამ, თებერვლის რევოლუციის[2] შემდეგ, ათი ათასზე მეტი ბროშურა გამოსცა ამ იოლი გზით სოციალური პრობლემების გადაჭრის თაობაზე.

სამწუხაროდ, ეს გზა მხოლოდ ქვიშაზე აგებული ზმანებაა… ეგეც არ ვიცი, ზმანების აგება საერთოდ თუა შესაძლებელი.

მეოცნებე ადამიანებს ლითონის ფული[3] და საქონელი ერთმანეთში ერევათ, ლითონის ფული ქაღალდის ფულისგან ვერ გაურჩევიათ და შემდეგ ამ ორ მცდარ დაშვებას ფაქტად გვასაღებენ.
Continue reading “უფასო ფულის შესახებ”

სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ

ფრედერიკ ბასტია
საზოგადოებრივი სამუშაოები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი V

რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, როდესაც ერი, როცა დარწმუნდება, რომ რომელსამე დიდ საწარმოს თემისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, ასეთი საწარმოს ასამუშავებლად სახსრებს მოკრებს მოქალაქეთა შორის. მაგრამ უნდა ვაღიარო, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს, როდესაც, ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, მცდარი ეკონომიკური საბუთი მოაქვთ ხოლმე: „გარდა ამისა, ეს სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებაა“.

სახელმწიფოს გაჰყავს შარა-გზები, აშენებს სახლებს, ქუჩებს შეაკეთებს, არხებს თხრის – ამ სამუშაოებზე ის ასაქმებს გარკვეული რაოდენობით ადამიანებს. ეს არის ის, რაც ხილულია, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფო სხვა ადამიანებს ართმევს სამუშაოს და ეს არის ის, რაც დაფარულია. Continue reading “სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ”

გადასახადების შესახებ

ფრედერიკ ბასტია
გადასახადები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი III

მოგიკრავთ თუ არა ყური, როგორ უთქვამთ:

„გადასახადები ფულის საუკეთესო დაბანდებაა. გადასახადები მაცოცხლებელი მანანაა. შეხედეთ, რამდენი ოჯახი სულდგმულობს გადასახადებით. წარმოიდგინეთ ის ზეგავლენა, რაც არაპირდაპირ აქვთ გადასახადებს მრეწველობაზე. გადასახადები უსაზღვროა, ისეთივე ვრცლად განფენილი, როგორც თავად სიცოცხლე“.

ამგვარი მოძღვრების წინააღმდეგ, ვალდებული ვარ, გავიმეორო, რაც წინა ჯერზეც ვთქვი. პოლიტიკურმა ეკონომიკამ კარგად იცის, მისი სწავლება საკმარისად თავშესაქცევი ვერ არის, რომ დაიჩემოს Repetita placen – გამეორება სასიამოვნოა. ასე რომ, ბაზილეს[1] მსგავსად, პოლიტიკურმა ეკონომიკამ ეს გამოთქმა სათავისოდ გადაასხვაფერა: Repetita docent – გამეორება ცოდნის დედაა.

სარგებელი, რომლითაც სახელმწიფო მოხელეები სარგებლობენ საკუთარი ხელფასის გამოწერისას, არის ის, რაც ხილულია. მათთვის საქონლის მომწოდებლების მიერ მიღებული სარგებელიც ხილულია. ეს ყველა თვალწინ დევს, დახედავ და – დაინახავ.

მაგრამ უღელი, რომლის გადაგდებას გადასახადის გადამხდელები ცდილობენ, არის ის, რაც დაფარულია. და ზიანი, რომელსაც განიცდიან მეწარმეები, რომლებიც მათ საქონლით ამარაგებენ. ეს ყველა დაფარულია, თუმცა, მახვილი თვალი და გონება იოლად დაინახავს.

როდესაც სახელმწიფო მოხელე საკუთარი სიამოვნებისთვის ასი სუთი მეტს ხარჯავს, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუარა იმას, რომ გადასახადის გადამხდელი ხარჯავს საკუთარი საჭიროებისთვის ასი სუთი ნაკლებს. მაგრამ მოხელის დანახარჯი ხილულია, იმიტომ რომ მან ეს ფული გახარჯა, მაგრამ გადასახადის გადამხდელისას ვერ ვხედავთ, რადგან – ვაი რომ! – ამ თანხის მოხმარების საშუალება მას არ მიეცა.

ქვეყანას თქვენ ხრიოკ მიწას და გადასახადს – მაცოცხლებელ წვიმას ადარებთ. ნება თქვენია. მაგრამ ახლა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, საიდან ჩნდება ეგ წვიმა. ეგებ, გადასახადია სწორედ, რამაც დააშრო ნიადაგი და გაახრიოკა?

Continue reading “გადასახადების შესახებ”

გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება

ფრედერიკ ბასტია
დასაქმების უფლება და მოგების უფლება.[1]
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი XII

„ძმებო, გაიკარით ჯიბეზე ხელი და მომეცით სამუშაო თქვენთვის ხელსაყრელ ფასად“ – ასე ჟღერს დასაქმების უფლება, უმარტივესი, დავარქვათ მას პირველი მოწვევის სოციალიზმის თვალსაზრისით.

„ძმებო, გაიკარით ჯიბეზე ხელი და მომეცით სამუშაო ჩემთვის ხელსაყრელი ხელფასით“ – ასე ჟღერს მოგების უფლება, უფრო დახვეწილი ან მეორე მოწვევის სოციალიზმის თვალსაზრისით.

ორივე მოძღვრება მყარად დგას ხილულ სიმართლეზე, მაგრამ ჩამოიქცევა, როგორც კი იმ სიმართლით განვსჯით, რაც დაფარულია.

რაც ხილულია, არის შრომა და მოგება, რომელსაც საზოგადოებიდან გადასახადის სახით მოკრებილი თანხა კვებავს. რაც დაფარულია, არის სამუშაო და მოგება, რომელიც დაიკარგა, მაგრამ შეიქმნებოდა, თუკი იმ თანხას საზოგადოებას დავუტოვებდით და თავად გადასახადის გადამხდელნი განკარგავდნენ.

1848 წელს დასაქმების უფლება ჩვენს წინაშე წარსდგა მახინჯი იანუსის სახით და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ საზოგადოების თვალში მისი სახელი შებღალულიყო.

ერთ სახეს ერქვა: ეროვნული სახელოსნო.

მეორეს: ორმოცდახუთი სანტიმი.[2]

რივოლის ქუჩიდან[3] ეროვნულ სახელოსნოებში მიჰქონდათ მილიონები, ხელფასები რომ დაერიგებინათ, ასეთი იყო მონეტის ხილული მხარე.

მაგრამ რა იყო ამ მონეტის მეორე, უხილავ მხარეს? იმისათვის რომ მილიონობით ფრანკი ხაზინიდან გამოვიტანოთ, ჯერ ხაზინაში ეს ფული უნდა შევიტანოთ. სწორედ ამიტომ, დასაქმების უფლების მომხრეებმა ნაცადი გზით – გადასახადის გადამხდელებს მიმართეს.

Continue reading “გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება”

იგავი გატეხილ ფანჯარაზე

მთარგმნელის კომენტარი:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტი, რაც კი ოდესმე ვინმე ეკონომისტს დაუწერია. და ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ესსე ბასტიარიუმიდან (“პეტიციასთან” ერთად).
ამიტომ სწორედ, კომენტარი თავში გამომაქვს, მანამ, სანამ თავად ბასტიას კითხვას შეუდგებოდე. მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემეულ თარგმანზე უფრო ზუსტი და უკეთესი ქართული თარგმანი (იმიტომ თუნდაც, რომ ის დედნიდანაა, მე კი ინგლისური თარგმნის თარგმნას ვაკეთებ) დევს აი, აქ.

***

ფრედერიკ ბასტია
გატეხილი ფანჯარა.
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი I

bastiat

ჩემო მკითხველო, შესწრებიხარ თუ არა, როგორ ბობოქრობს კეთილშობილი ბურჟუა ჟაკ ბონომი[1], როცა მისი ონავარი შვილი ფანჯრის შუშას ჩაამსხვრევს? ასეთ დროს, უთუოდ, იმასაც შენიშნავ შენი დაკვირვებული თვალით, რომ ყოველი დოყლაპია, ირგვლივ ვინც შემოკრებილა, თუნდაც ოცდაათნი იყვნენ, პირი შეუკრავსო თითქოს, ასე ანუგეშებს: „ზოგი ჭირი მარგებელია“, „კარგიც ხომ კეთდება რაღაც“, „მსგავსი უსიამო შემთხვევები ადგილობრივ წარმოებას უწყობს ხელს“, „ყველას უნდა შეხვდეს მისი წილი დოვლათი – რა ბედი ეწევა მეშუშეს, თუკი ფანჯრის მინები არასდროს გატყდება?”

ეგებ, საბრალო ბონომის გულის გამოსაკეთებლად ნასროლი როყიო სიტყვები გეგონოს, მაგრამ მათ უკან მთელი სწავლება იმალება, რომლის გასინჯვაც ამ მარტივი მაგალითით კეთილი საქმე მგონია, რაკი ეს სწავლებაა სწორედ, რომლითაც, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის მმართველი ინსტიტუციების უმრავლესობა ხელმძღვანელობს.

Continue reading “იგავი გატეხილ ფანჯარაზე”

კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ

ფრედერიკ ბასტია

სავაჭრო ბალანსის თეორია მრწამსად იქცა.

ასე გვასწავლეს: თუკი ქვეყანას უფრო მეტი საქონელი შემოაქვს, ვიდრე – გააქვს, ამ სხვაობის ტოლ მოგებას კარგავს და – პირიქით, თუ ქვეყნის ექსპორტი სჭარბობს იმპორტს, ჭარბია ქვეყნის მოგებაც. ეს სწავლება მივიღეთ აქსიომად და მის თარგზე ვჭრით კანონებს.

ახლახანს, ბატონმა მოგანმა[1] განგაშის ზარები დაარისხა, რომ მცდარი სავაჭრო პოლიტიკა გვაქვს. სტატისტიკის მოხმობით დაგვისაბუთა, რომ უმიზეზოდ, საკუთარი ნებით, ორას მილიონ ფრანკზე ვამბობთ უარს. ყოველწლიურად.

”თერთმეტი წლის განმავლობაში, მხოლოდ ვაჭრობით ორი მილიარდი ფრანკი დავკარგეთ. აცნობიერებთ მაინც, ეს რამდენია?!” – შესძახა ორი დღის წინ.

შემდეგ, წესისამებრ, ციფრები მოიშველია, და ასე გვითხრა:

„1847 წელს, თქვენ 605 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდეთ და 152 მილიონის ღირებულებისა იყიდეთ – აქედან გამომდინარე, მოიგეთ 450 მილიონი ფრანკი.

ამავე დროს, თქვენ იყიდეთ 804 მილიონის ღირებულების ნედლეული და გაყიდეთ მხოლოდ 114 მილიონის ღირებულებისა, აქედან გამომდინარე, თქვენ იზარალეთ 690 მილიონი ფრანკი“.

Continue reading “კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ”

ჩინური არაკი

ფრედერიკ ბასტია
ეკონომიკური სოფიზმები. ტომი II, თავი VII

Chinese Canal

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ორი ჩინური ქალაქი: ჩინი და ჩანი. და სანაოსნო არხი აკავშირებდა ამ ორ ქალაქს.

ერთ მშვენიერ დღეს, იმპერატორმა არხის მოშლა ბრძანა. ბრძანა, მოეჭრათ კლდე და ვეებერთელა ლოდებით ამოევსოთ არხი.

მწიგნობართუხუცესმა ჯუანგმა, ეს რომ შეიტყო, შეძრწუნდა, ფერხთ ჩაუვარდა მბრძანებელს და შეჰკადრა:

– ზეცათა შვილო, შეცდომა მოგდის.

მაგრამ იმპერატორმა ასე უპასუხა:

– დადუმდი ჯუანგ, სიბრიყვეებს როშავ.

Continue reading “ჩინური არაკი”