ვარდების რევოლუციის ეკონომიკა

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი
ვიწრო დერეფანი: სახელმწიფოები, საზოგადოებები და თავისუფლების ბედი, თავი IV
[1]

კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ საქართველოში თავისუფლების დღეები დადგა. კერძო სექტორიდან ახალ რეალობას საუკეთესოდ აუღო ალღო სატრანსპორტო მომსახურებამ – ე.წ. „მარშრუტკებმა“ (სამარშრუტო ტაქსიმ), რომელიც, ადრინდელ, მკაცრად რეგულირებულ სისტემასთან შედარებით, მგზავრებზე მორგებული და მოქნილი აღმოჩნდა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ (მისი ხელისუფლებაში მოსვლაზე მე-3 თავში ვისაუბრეთ) მალევე აჩვენა – რეგულირება მასაც შეეძლო, თან – საკმაოდ მკაცრად.

„მარშრუტკის“ თითოეული მძღოლი დაავალდებულეს, ყოველდღიური სამედიცინო გამოკვლევა გაევლო, იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, ხომ არ იყო ნასვამი ან მაღალი არტერიული წნევა ხომ არ ჰქონდა. მძღოლს, რომელიც ჯანმრთელობის ცნობას ვერ წარადგენდა, ლიცენზიის დაკარგვა ემუქრებოდა. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დედაქალაქში ასობით, თუ არა ათასობით „მარშრუტკა“ მოძრაობდა და გადაჰყავდა მგზავრები, მაგრამ მთავრობის ინტერესი მხოლოდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებით არ შემოიფარგლა. მათ გადაწყვიტეს, რომ ქუჩის მეწვრილმანე მოვაჭრეების ყველა დახლი კონკრეტული არქიტექტურული სტანდარტისთვის დაექვემდებარებინათ. მოვაჭრეებს, მძღოლების მსგავსად, დაუწესეს ლიცენზია, წელიწადში ორჯერ რომ უნდა განეახლებინათ. ეს რეგულაციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. ბენზინგასამართ სადგურებს, მაგალითად, განუსაზღვრეს მანძილი, რომლითაც ქუჩის სავალი ნაპირიდან უნდა ყოფილიყვნენ დაშორებული.

Continue reading “ვარდების რევოლუციის ეკონომიკა”

ეკონომიკური სტრუქტურა და დემოკრატია

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი
დიქტატურისა და დემოკრატიის ეკონომიკურ სათავეებთან, თავი IX

ალღო გვკარნახობს, რომ ეკონომიკის სტრუქტურა ან ეკონომიკური ინსტიტუტები იმ შემთხვევაში იძენს მნიშვნელობას, თუ ელიტებისთვის[1] დემოკრატიასა და არადემოკრატიას შორის თანაფარდობაზე ახდენს გავლენას ან რევოლუციასთან შედარებით დემოკრატიის სარგებელს განსაზღვრავს მოქალაქეებისთვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ასე შეიძლება მოხდეს.

პირველი: ეკონომიკის სტრუქტურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ხარჯებზე, რომლის გაღება გვიწევს რევოლუციის, რეპრესიების ან გადატრიალების გამო. მეორე: ეკონომიკის სტრუქტურამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის შემოსავლების გადანაწილების პოლიტიკაზე, რასაც ჩვენი კვლევითი მოდელი დემოკრატიის წარმოქმნასა და კონსოლიდაციას უკავშირებს. ამ თავში მიზეზთა ორივე ჯგუფს შევეხებით. ჩვენს მიერ გაანალიზებული მოდელები საშუალებას გვაძლევს, დემოკრატიის შესახებ პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიური ლიტერატურის ზოგიერთი ყველაზე გამორჩეული მოსაზრებაც განვიხილოთ. მაგალითად ის, რომ დემოკრატია ვერასოდეს იქნება შენარჩუნებული მეტწილად აგრარულ საზოგადოებაში, ან, თუნდაც, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ელიტები მსხვილი მიწის მესაკუთრეები არიან. მსგავსი მოსაზრება გვხვდება დაწყებული მურით (Barrington Moore – The Social Origins of Dictatorship and Democracy: Lord and Peasant in the Making of the Modern World; Boston: Beacon Press, 1966) და დალით (Robert A. Dahl – Polyarchy. Participation and Opposition, New Haven, Yale University Press, 1971) და დამთავრებული როშემაიერით, სთივენსით და სთივენსით (Dietrich Rueschemeyer, Evelyn H. Stephens, and John D. Stephens – Capitalist Development and Democracy; Chicago: University of Chicago Press, 1992). თუმცა, გაურკვეველი რჩება, რამდენადაა მიკროეკონომიკური თვალსაზრისით ეს მოსაზრებები გამყარებული. ჩვენი მიზანია, იმ მექანიზმების გამოკვეთა, რომლებიც ასეთ კავშირს გამოკვეთს.

Continue reading “ეკონომიკური სტრუქტურა და დემოკრატია”