რატომ არ ვარ კომუნისტი

კომუნიზმი სიღარიბით, სიძულვილითა და ბრძოლით შობილი დოქტრინაა. მისი გავრცელების შეჩერების გზა სიღარიბის და სიძულვილის ტერიტორიის შემცირებაზე გადის.
ბერტრან რასელი. „რატომ არ ვარ კომუნისტი“ („პორტრეტები მეხსიერებიდან“, 1956)



Karel_Čapek1924 წელს კარელ ჩაპეკმა Přítomnost-ის 47-ე ნომერში გამოაქვეყნა წერილი “რატომ არ ვარ კომუნისტი”. დღეს კომუნისტს ცოტა ვინმე თუ უწოდებს ჩვენში თავს ღიად, მაგრამ ამოშალე “კომუნისტი” ჩასვი “სოციალისტი” და – ბევრი არაფერი შეიცვლება… სოციალისტის ქართულ ვერსიას ვგულისხმობ, აბა მე რა უფლება მაქვს, ვინმე პატიოსან ევროპელს ვსტაცო ხელი და… თუმცა, ბევრ ევროპელ სოციალისტს თუ აწყინოს, მამაძაღლი ვიყო. 🙂

***

ეს ბოლო დროა, მეკითხებიან ხშირად: რატომ არ ვარ კომუნისტი?
არ იყო კომუნისტი, მხოლოდ რაღაცის უარყოფა არ არის. ეს კრედოა.

არ ვარ კომუნისტი, უფრო იოლი კი იქნებოდა, ვყოფილიყავი. ვიქნებოდი მეც კომუნისტებივით რწმენით აღსავსე, რომ მრუდე მსოფლიოს გასწორებით ვარ ხელგართული. რომ ღატაკთა მხარეს ვარ მჩაგვრელთა წინააღმდეგ. რომ ფულის ტომრებს ვებრძვი მშიერთა დაპურებისთვის. კომუნისტი რომ ვიყო, ზუსტად მეცოდინებოდა, რა და როგორ შევაფასო, რა შევიძულო, ვინ მოვიკვეთო.

ახლა კი? უდაბნოში ვარ ეულად. ეკალ-ბარდს ვგლეჯ შიშველი ხელით. არ ვფლობ დოქტრინას, ან ფარად რომ დავიხმარო, ან – მახვილად. და უმწეო ვარ სამყაროს მხსნელად. სამყაროს ვინ ჩივის, ისიც არ ვიცი ზოგჯერ, საკუთარი სინდისის ქენჯნას როგორ გავუმკლავდე – თუ ჩემი გული უპოვართათვის ძგერს, რად არ ვარ კომუნისტი?

სწორედ იმად, რომ ღარიბთა მხარეს ვარ.
ვნახე მათი გაჭირვება, ისეთი, რომ სულით-ხორცამდე შემძრა. გავერიდე სასახლეებს და მივედი ღატაკებთან, მაგრამ სხვა ვერ შევძელი, მხოლოდ უღონო დამკვირვებლის როლი ვიტვირთე. ეს არ არის საკმარისი. იმისთვისაც კი არ გეყოფა, სრულად იგრძნო მათი გაჭირვება – რომ შეიგრძნო, მათი ცხოვრებით უნდა იცხოვრო, მე კი ხორცი მძლევს და სიკვდილის მეშინია.

ამ დროს კომუნისტები უშიშრად გაჰყვირიან – ყველაფერში სოციალური უთანასწორობაა დამნაშავე. დახმარების ნაცვლად სოციალური რევოლუციის დროშას ჩრიან ხელში. კომუნისტებს ძალაუფლება სურთ და არა ვინმეს გაჭირვებიდან დახსნა. სიღატაკე, უმუშევრობა, შიმშილი კი არ ტკივათ, ძალაუფლების მოპოვების წყაროდ ხედავენ. სიძულვილის, ბრძოლის ჟინის გამოთავისუფლება და მართვა სურთ.
განა მართლა საზოგადოებრივი წყობაა ყველაფერში დამნაშავე? არა! დამნაშავეა ყველა, ისინიც, რევოლუციის ალმის გაშლა რომ სურთ და ჩვენც, ჯიბეში ხელებჩაწყობილნი გულგრილად რომ ვუმზერთ.

ღარიბები კლასი არაა – დეზორგანიზებული ხალხია, დინების მიერ მოტაცებული და ტალღის ქიმზე ვერასდროს მოექცევიან, ვინც არ უნდა გაბატონდეს. მშიერნი პურს ეძებენ და არა ძალაუფლებას. სიღატაკე არ არის კლასი ან ინსტიტუცია – ეს უბედურებაა. მაგრამ როდესაც კომუნისტებში ადამიანურ თანაგრძნობას ვეძებ, ვხედავ კლასობრივი ბატონობის დოქტრინას.

ვერ ვიქნები კომუნისტი – კომუნისტის მორალი არ არის თანაგრძნობა, მისი სურვილი დახმარება არ არის, ამიტომ ლამობს სოციალური წესრიგის მოსპობას და არა იმ სოციალური უბედურებისა, რასაც სიღატაკე ქვია. დახმარების პირობა ასეთია – ჯერ ძალაუფლების მოპოვებაში დაგვეხმარეთ და შემდეგ, ეგებ, თქვენთვისაც მოვიცალოთ.
ღარიბი ხალხი არ არის ერთფეროვანი მასა. სიღატაკე, რამდენად მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს, კერძო შემთხვევაა. გარე თვალით, ერთი ღატაკი ადამიანის ცხოვრება მეორისას ჰგავს, მაგრამ ეს მისი, ერთი ადამიანის ცხოვრებაა. ამოატრიალეთ საზოგადოება კიდევ და კიდევ – ღატაკნი ისევ ფსკერისკენ დაიძირებიან, ერთი ეგაა – კიდევ ბევრი მიყვება სხვაც.

მე არისტოკრატი არ ვარ, მაგრამ მასების შემოქმედებითი ძალის არ მწამს.
არც არვის სჯერა, რომ მასას შეუძლია მართოს სახელმწიფო – იარაღად ჭირდებათ მხოლოდ. ადამიანი რომ იარაღად იქცეს, უნდა ხუნდებში მოაქციო, ყალიბში ჩამოასხა, ერთი ფერის უნიფორმა მისცე და ერთი ყაიდის იდეები ჩაუჭედო თავში… უნიფორმას გაიხდი, მაგრამ ერთი ფერის აზრებს ასე იოლად ვეღარ გადააგდებ. კომუნისტები პატივისცემის ღირსნი იქნებოდნენ ეს ყველა გულწრფელად რომ ეთქვათ:
მჭირდები როგორც იარაღი, უტყვი მასა, მსურს, დამემორჩილო და ბრმად მომყვე, ახალ წესრიგს რომ დავამყარებ, შენთვის არაფერი შეიცვლება, უკეთ იქნები თუ უარესად, არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლება არ იქნება უფრო ხელგაშლილი, ასეთს არაფერს გპირდები, მაგრამ უფრო სამართლიანი, შევეცდებით, ვიყოთ. ასეთ შეძახილს, ალბათ, ბევრი არ გაყვება, მაგრამ უქონელს რომ ფუჭი დაპირებებით გამოკვებ, უსინდისოდ ძარცვავ მას.

უქონელს არაფერი აქვს დასაკარგიო, ამბობენ – საქმე კი პირიქითაა. ყველაზე მატად მას ძარცვავენ. სიმწრით შეგროვებულ გროშებსაც ართმევენ. უკანასკნელ ლუკმას.

ომი იქნება, სავალუტო კრიზისი, ფულის გაბონება, თუ სხვა რამ უბედურება – ყველაფერი, პირველ ყოვლისა, ღარიბი ხალხის ზურგზე გადადის. სიღარიბეს არ აქვს არც ზღვარი, არც – ფსკერი. შეანჯღრიეთ საზოგადოება და ნახავთ, ვის დაფარავს პირველს ფერფლი და ლავა.

კომუნიზმის ყველაზე უცხო და ულმობელი მხარე, მისი უკიდურესი უკუნეთია. რაც უარესადაა ყველაფერი – მით უკეთესია მათთვის. თავგასული მოტოციკლისტი ბეჩავ მოხუცი ქალს გაიტანს – დამპალი წყობის ბრალია. ზეინაკლს თითებს ჩარხის კბილანა წაწყვეტს – რა თქმა უნდა, თვალსისხლიანმა ბურჟუამ წააწყვიტა. ყველა, ვინც კომუნისტივით არ ფიქრობს – ავია და გულქვა. კომუნისტს გარდა, ჩირქოვანაა ყველა და უნდა ამოიშანთოს.

იოლია თქვა, რომ უღრანი ტყე ბნელია, მაგრამ ყოველი ხე თალხიცაა და მწვანეც. იოლია იმის მტკიცება, რომ საზოგადოება გახრწნილია, მაგრამ სად ნახავთ ერთგვაროვან ადამიანს. იოლია სამყაროზე ასე მარტივი მსჯელობა. კომუნიზმის ძირი – ცხოვრების არცოდნა და პრიმიტიული სქემატიზაციაა. სიძულვილი. უმეცრება. უნდობლობა – აი, კომუნიზმის იარაღი. როდესაც პიროვნება მასაში ითქვიფება – ამ ავადობით მისი მოწამლვა სულ იოლია.

თანამედროვე სახელმწიფოს არ ჭირდება სიძულვილი, ჩვენ გვჭირდება კეთილი ნება, შეთანხმება, თანამშრომლობა და მორალის კეთილი კლიმატი.
როცა კომუნიზმი ბობოქრობს, იბრძვის და ლამობს, მოსპოს ყველაფერი, რაც ბურჟუაზიულ კულტურად მოუნათლავს, უნდა დავფიქრდეთ ყველაფერზე, რაც ამ დროს განადგურდება. ასე უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლიანი ადამიანი.

ზემოთაც ვთქვი, სიღატაკე ინსტიტუცია კი არა, უბედურებაა. როგორც არ უნდა გარდიგარდმო გადააწყო სამყაროს წესრიგი – მაინც გაჩდება ავადობაც, შიმშილიც, სიცივეც და იქნებიან ადამიანები, უბედობასთან გამკლავებას რომ ცდილობენ, მათი დახმარება მორალური ვალდებულებაა და არა სოციალური.

ყველა იარის მკურნალობას თუ ძალადობით ცდილობ, თავად ხრწნი საზოგადოებას, იმიტომ არა, რომ სოციალური რევოლუცია გსურს – ძალადობა, პირველ ყოვლისა, ფუნდამენტალურ, ბუნებრივ მორალურ კანონებს ამხობს.

სულ ოდნავი მოთმინება და სურვილია საჭირო, რომ იპოვო საერთო ენა ნებისმიერთან, ყველა კანის ფერისა და რწმენის ადამიანთან. ამას საერთო საკაცობრიო ლოგიკა გვკარნახობს. ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური ღირებულებების ერთობლივი მარაგი: სიყვარული, იუმორი, ოპტიმიზმი, თუნდაც, გემრიელი საკვები და მრავალი სხვა რამ, რის გარეშე შეუძლებელია არსებობა. ბევრი რამ გვაერთიანებს, მხოლოდ კომუნისტებს ვერ ვუგებ. სიტყვები მესმის, მაგრამ, თითქოს, უცნობ ენაზე მეტყველებენ და მათი ლოგიკა სადღაც მიღმურ კანონებს ემორჩილება.

ავიღოთ ორი ტომის ხალხი: ერთნი ფიქრობენ, რომ სხვათა გვერდით უნდა იცხოვრონ მშვიდად, მეორენი კი ფიქრობენ, რომ უნდა შეჭამონ ის პირველები – მათი მორიგებაც კი უფრო იოლია, ვიდრე კომუნისტებთან შეთანხმება. ვისაც ადამიანების მოსპობა კეთილდღეობის გასაღებად მიაჩნია, ვინც ქაოსისკენ მიგვერეკება – ვერასდროს ავედევნები მათ ამ გზაზე.

კომუნისტური სწავლება კაცობრიობას ნაწილებად ფლეთს. მათ სამყაროში ამ ნაფლეთებს არაფერი გვაქვს ერთმანეთთან საერთო და რაც კარგია ერთი ფენისთვის, უცილობლად უბედურების მომტანია მეორეთათვის. კომუნიზმი გამორიცხავს საერთო ღირებულებებს. კომუნისტისთვის არსებობს ბურჟუაზიული და არა-ბურჟუაზიული მეცნიერება, ბურჟუაზიული და არა-ბურჟუაზიული პოეზია, ბურჟუაზიული და არა-ბურჟუაზიული რომანტიზმი და ჰუმანიზმი. თუ ვინმე უნდა შეგვეცოდოს – მუშები არიან, ვისაც კომუნისტები დანარჩენ სამყაროსთან მისასვლელს უხერგავენ, ჯებირებს აგებენ მათსა და კაცობრიობის კულტურულ ფასეულობებს შორის.

კომუნისტებთან ჩემი დავა სინდისზე გადის და არა იდეოლოგიაზე. მათაც რომ სინდისისთვის მიემართათ და არა იდეოლოგიისთვის, ეგებ, ჩვენ შორისაც ყოფილიყო შესაძლებელი მორიგება.

კარელ ჩაპეკი. “რატომ არ ვარ კომუნისტი”. 1924

© LV (ქართული თარგმანი, 2019)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

წერილი სრულად:

Karel Capek. Why I am not a Communist
Karel Čapek Proč nejsem komunistou? Přítomnosti 4.12.1924

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)