ბენჯამინ ფრანქლინის წერილი ან ლუიზ ბრიონ დე ჟუის. 10 ნოემბერი, 1779 წელი
<…>
ვიცი, ამბები გიყვარს და, იმედი მაქვს, მაპატიებ, ერთს თუ საკუთარ თავზეც მოგითხრობ:
სადღესასწაულო დღეები იყო, მეგობრებმა რომ ბღუჯა ხურდა ფული მაჩუქეს. შვიდი წლისა ვიყავი და მონეტების ჯიბეში საამო წკარუნით მივადექი ნოქარს, რომელიც სათამაშოებით ვაჭრობდა. გზად ერთი ბიჭი გადამეყარა, სასტვენი ჰქონდა და ისე აჭყვიტინებდა, რომ მოვიხიბლე. ბევრი აღარ მიფიქრია – მთელი ჩემი მონეტები დავყარე დახლზე ერთი სასტვენის ფასად და კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. იმდენჯერ ჩავბერე, სანამ ჩემი სტვენით მთელი ოჯახი არ შევაწუხე. მაგრამ თავად ფრიად ბედნიერი ვიყავ.
ჩემმა ძმებმა, დებმა და ბიძაშვილებმა, როდესაც წვრილად განსაჯეს ნოქართან დადებული გარიგება, ასე მითხრეს – ოთხგზის მეტი გადამიხდია, ვიდრე ამ სასტვენის ფასი იყო. მომაგონეს, რამდენი კარგი რამე მომივიდოდა დარჩენილი ფულით და ბევრი დამცინეს კიდეც სიბრიყვის გამო. ტირილი წამსკდა და ახლა უფრო მეტი მწუხარება მოჰქონდა დარდს, ვიდრე სასტვენს – სიამოვნება.