სერგი გვარჯალაძე და “უსერტიფიკატო” თბილისელები

თბილისის “ღამის მერი” სერგი გვარჯალაძე დანიშნვისთანავე შეუდგა თბილისის ეკონომიკის განვითარებას. თბილისის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი – ტურიზმზე მოდის. ბოლო წლებია, ჩვენს ქალაქში ტურისტების რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება, მაგრამ ბატონი გვარჯალაძე ფიქრობს რომ ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი და თბილისს მეტი სტუმრის მიღება შეუძლია.

საჭიროა, ის დაბრკოლებები მოვხსნათ, რაც ტურისტების ზრდას ხელს უშლის – ამ მიმართულებით თბილისის “ღამის მერს” ბევრი სასარგებლო ინიციატივა აქვს:

ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.  გვარჯალაძის თქმით, ქუჩაში ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან, რაც „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“.
„ალბათ, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს“,- განაცხადა გვარჯალაძემ.

ეს ნამდვილად დროული ინიციატივაა. მოღადავეთ კი ვურჩევთ სხვა ქალაქების მაგალითი ნახონ – ცნობილი ფრანგი მომღერალი იზაბელ ჟეფრუა, იგივე ZAZ ხშირად უკრავს პარიზის ქუჩებში. მას შემდეგ, რაც იზაბელმა ქუჩაში სიმღერა დაიწყო, პარიზში ტურისტების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა! და ეს პარიზში – რომელსაც ტურისტი ისედაც არ აკლია.

სხვა ქალაქებშიც არანაკლებ ნიჭიერი მუსიკოსები უკრავენ ქუჩაში.

ჩვენთან კი რა ხდება? ბევრი უნიჭო “მუსიკოსი” ტურისტებს გვიფრთხობს. ამ ამბავს მიხედვა სჭირდება, ამიტომ, ბატონი გვარჯალაძის შეთავაზება მისასალმებელია – ქუჩის მუსიკოსებს რეგულირება სჭირდებათ, ვინც უნიჭოა და მაინცდამაინც დაკვრა უნდა, სადმე გლდანში ან მუხიანში დაუკრას. ტურისტულ ადგილებს კი მხოლოდ ნიჭიერი, სერტიფიცირებული მუსიკოსები მოუხდება.

  • სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ბევრი აქაური ქუჩის ე.წ. მუსიკოსი, სინამდვილეში მუსიკოსი კიარა ნაცების პარტაქტივია, ტურისტების დასაფრთხობად ქალაქს მოდებული!

ჩვენი მხრივ, გვსურს ბატონ გვარჯალაძეს სხვა მსგავსი მოსაზრებები შევთავაზოთ – უხმო და უსმენო მუსიკოსებზე არანაკლებ ტურისტებს ხომ ის თბილისელები გვიფრთხობენ, ვინც ჩვენი ქალაქის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში არცთუ კოხტად ჩაცმულები დაიარებიან… ახლა ზაფხულია და, ცოდვა გამხელილი სჯობს, ზოგს ისიც ავიწყდება, პირადი ჰიგიენა რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. არ არის ლამაზი, თუ ტურისტებს უგემოვნო ჩაცმულობითა და ოფლის არომატებით შევეგებებით. ეს ჩვენი ქალაქის ეკონომიკას აზარალებს. ამიტომ, ბატონ გვარჯალაძეს ვურჩევთ, სერტიფიცირებას თბილისის ყველა მოქალაქე დაექვემდებაროს. შემოვიღოთ რამე დოკუმენტი, რომელიც თბილისელებს თბილისის სხვადასხვა უბანსა და საათებში გამოჩენის ნებას დართავს. თუ სუფთა პერანგი და კოხტა შარვალი არ გაქვს და ფეხსაცმელს ლანჩი სძვრება – ისეირნე სადმე გლდანის მასივში, სადაც ტურისტები არაა. ტურისტულ უბნებში კი მხოლოდ დილით, ალიონზე, სანამ ტურისტებს სძინავთ.

მოქალაქეების დუხჭირი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ტურისტული უბნების საზღვრებზე დაიდგას ტანსაცმლის სალიზინგო მაღაზიები. ვისაც ლამაზი ტანსაცმელი არ აქვს და შეძენა უჭირს – იჯარით აიღებს. გადაიცვამს, შევა ტურისტულ ზონაში, დაენახება ტურისტს, გამოვა, ჩააბარებს ზიზიებს და წავა სადმე ვარკეთილში.

კიდევ, შეამჩნევდით, ალბათ – ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოჟამული სახით დაიარება. ასეთი სახეებით ვხვდებით ტურისტს? დენის როდმანი, რომელმაც ახლახან ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა, ყვება, რომ ფხენიანში ერთი მოღუშული სახე არ უნახავს – ყველა მხიარულია და ბედნიერი. თუ ხასიათზე ვერ ხარ – არ არის საჭირო გამოჩნდე იქ, სადაც შეიძლება ტურისტს შეეფეთო. ჩვენი ქალაქი დიდია, გზები კარგია და გარეუბნებიც მოწესრიგებული გვაქვს. მიბრძანდი და იქ ისეირნე!

სხვა სასარგებლო რეგულაციების მოფიქრებაც შეიძლება. თუ ბატონ გვარჯალაძეს გაუჭირდა, ახალი რჩევებით უახლოეს დღეებში დავუბრუნდებით.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___