საბჭოთა საქართველოს მოკრძალებული ხიბლი

დაგიჭერენ!

იმიტომ, რომ ქუჩაში დგახარ. ვიღაცას ელაპარაკები. რაღაცას აპროტესტებ. ხელში პლაკატი გიკავია. მაისურზე რაღაც გაწერია. ფერადი შარვალი გაცვია. მოკლე კაბა გაცვია. თმები გაქვს მწვანედ შეღებილი. გრძელი გაქვს თმა. სულ არ გაქვს თმა. დაგიჭერენ, იმიტომ რომ ბლოგი გაქვს. იმიტომ რომ ტელეგრამს იყენებ. იმიტომ რომ… მიზეზი არ დაილევა.

ბევრს ასეთი ქვეყანა არ გახსოვთ და ფიქრობთ, რომ ის არ არსებობდა და ვიგონებ.

ჩემი დიდი პაპა დაიჭირეს იმის გამო რომ პენსნეს ატარებდა და მოდურად ეცვა. ბოლშევიკებმა დაიჭირეს. მე-11 არმიას შემოყოლილმა ჩეკისტებმა. დიდი ხნის წინ იყო. მაგრამ მაისურზე უცხოური წარწერებისთვისაც იჭერდნენ. ჯინსებისთვის იჭერდნენ. მუსიკის მოსმენისთვის იჭერდნენ. “ლივაისისთვის” იჭერდნენ და ელვისისთვისაც იჭერდნენ. 60-იანებში. 70-იანებში. წიგნებისთვის იჭერდნენ. ფილმებისთვის იჭერდნენ. სულ აგერ 80-იანებში.

დღეს ბლოგებისთვის იჭერენ. ფეისბუქ და თვითერ-სტატუსებისთვის იჭერენ. ფოტოებისთვის იჭერენ. შორს არა, აქვე მეზობლად – რუსეთში.

იქეთ მივდივართ. და თუ გგონიათ, რომ თქვენ არ დაგიჭერენ – ტყუილად გგონიათ. რუსეთშიც ბევრს ეგონა ასე. ირანშიც ეგონათ ასე. ეგონათ, რომ თუ “მარგინალი” არ ხარ, არ დაგიჭერენ. თუ იმის გწამს, რისიც – უმრავლესობას. ისე იქცევი, როგორც უმრავლესობა. ის გაცვია, რაც უმრავლესობას. ხმას იმას აძლევ არჩევნებზე, ვისაც – უმრავლესობა. იმ მუსიკას უსმენ – რასაც უმრავლესობა. არ დაგიჭერენ. მაგრამ საზღვარი სულ უფრო მოიწევს. ჩარჩოები სულ უფრო ვიწროვდება. და ბოლოს შენც შეგეხუთება სული. ან დაიხრჩობი, ან – დაგიჭერენ. თუ ნარკოტიკს არ მოიხმარ. თუ მიტინგზე არ გადიხარ. თუ მარტო კატების ფოტოებს დებ ინსთაგრამზე. თუ მხოლოდ ის გიყვარს – ვინც/რაც კურთხეულია. თუ კმაყოფილი უმრავლესობა ხარ, ერთ დღესაც არ მოგეწონება რაღაც და დაგიჭერენ. ან, უბრალოდ, ეჭვი შეგეპარება და – დაგიჭერენ. ან ტაშს არ დაუკრავ იმდენხანს, როგორც სხვა უკრავს და – დაგიჭერენ. ხმას არ ამოიღებ. შინ იჯდები. არაფერს იტყვი. არაფერს დაწერ, მაგრამ მაინც დაგიჭერენ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი დამთავრდა, მაგრამ არ მომკვდარა – უბრალოდ ეძინა ჩვენ თავებში და იღვიძებს.

თუ შენ არ დაგიჭერენ – შენ შვილს დაიჭერენ. იმიტომ რომ დრო იცვლება, გემოვნება იცვლება და როგორ “კარგადაც” არ უნდა გაზარდო, სადღაც რაღაც წამოცდება და – დაიჭერენ. ან შემთხვევით მეგობარი აღმოჩნდება დასაჭერი და შენ შვილსაც მიაყოლებენ. იმიტომ რომ რუსეთში ასე ხდება ახლა და ჩვენც იქეთ მივექანებით.

დღეს არის დრო, როცა უნდა თქვა “არა!”

TBMAY112018

@

@

@

@

@

@

თუმცა, თუ სიმართლე გინდა – უკვე იმდენჯერ წავედით წრეზე, რომ არ მგონია, რამ სხვა გამოგვივიდეს. ისევ წრეზე წავალთ – ამიტომ, თუ თინეიჯერი ხარ. ან – ცოტა უფროსი, მოკიდე ხელი ზურგჩანთას და დაახვიე აქედან. ევროპაში. ამერიკაში. ავსტრალიაში. და მერე 40 წლის და კიდევ 40 წლის და შეიძლება კიდევ 40 წლის შემდეგ თუ ვინმეს უკან დაბრუნება მოუნდება – ჩამოვა და იზამს რამეს.

ჩვენ კი ციყვის სინდრომი გვაქვს – წრეზე დავრბივართ და გვგონია, რაღაც სიახლეა. საბჭოთა კავშირში ხუმრობა იყო ასეთი – რაც არ უნდა გავაკეთოთ, ბოლოს მაინც “კალაშნიკოვი” გამოგვდისო. ასეა ჩვენი ამბავიც, საბჭოთა კავშირით მოხიბლულების. მათ შორის, მათიც – ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მაგრამ მაინც იქეთ მიუწევს გული.

Creative Commons License© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.
განსაკუთრებით ნიჭიერთათვის: რა თქმა უნდა, ე.წ. “ბარიგების” დაჭერაზე არ არის პოსტი. ვინც შხამს ყიდის – უნდა დაიჭირო. მაგრამ საბჭოთა კავშირში, სადაც არც კლუბები იყო, არც ნარკოტიკი და არც – ნარკომანია, ნარკომანები იყვნენ და ე.წ. “პერედოზით” თუ ათასი უბედურების შეშხაპუნებით სიკვდილიანობაც იყო. უმკაცრესი ნარკორეპრესიები რომ იყო და ნარკომანია ვითომ “არ იყო”, იმიტომ გაჩნდა “კრაკადილი”, “მომენტის” და “პევეას” ყნოსვა და ათასი სხვა რამ. და იქ, სადაც ლიბერალური ნარკოპოლიტიკაა და ნარკოტიკის შეძენა შეიძლება ლეგალურად და კონტროლის ქვეშ – იქ “პერედოზიც” ნაკლებია და სიკვდილიანობაც შემცირდა. და შემცირდა ნარკომანიაც. როგორც ამ პრობლემის დასავლელი მკვლევრები და ექიმები წერენ: ლიბერალიზაცია და რიგი (ე.წ. რბილი) ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვის კონტროლქვეშ მოქცევა სრულად არ სპობს რისკებს, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს. ეს დასტურდება სტატისტიკით.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad