ლეიბორისტებს Google translate-ის გამოყენება აეკრძალათ

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტებს Google translate-ის გამოყენება აუკრძალა.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ ამ, ერთი შეხედვით უცნაური, გადაწყვეტილების განმარტება გააკეთა:

– საქმე ისაა, რომ როდესაც გუგლმა ქართულ-ინგლისურ ონლაინ თარჯიმანზე მუშაობა და ადგილობრივ ენის მცოდნეთა ძებნა დაიწყო, მას საქართველოდან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ენათმეცნიერები დაუკავშირდნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს. ახლა ამ თანამშრომლობის შედეგად ნაცმოძრაობა გუგლის თარჯიმანს პოლიტიკურ-იდეოლოგიური დივერსიის იარაღად იყენებს.

შედით და ნახეთ, თუ როგორ თარგმნის გუგლი ბატონ მიხეილს – Mr. President! ეს სამარცხვინოა. მშვენიერ ქართულ სიტყვა გრეჩიხას, რომელიც ჩვენი მთავრობის უგუნური პოლიტიკის წყალობით, ყოველდღიურად ძვირდება, გუგლი ლევან გაჩეჩილაძედ თარგმნის. ბატონ შალვა ნათელაშვილს გუგლი უწოდებს ლუზერს!… უბრალოდ, სირცხვილია!… ამ ყველაფრის შემდეგ გოგას აკრეფვა უბრალოდ ვერ გავბედე!

01

0203

ამის თაობაზე ლეიბორისტულმა პარტიამ რამდენჯერმე მიმართა სერგეი ბრინს, მაგრამ მისგან, სამწუხაროდ, პასუხი არ მიგვიღია. სწორედ ამიტომ, სანამ გუგლი არ გათავისუფლდება ნაცმოძრაობის გავლენისგან, ლეიბორისტული პარტიის წევრებს მიეცათ რეკომენდაცია, გამოიყენონ ბეიბელ ფიში!

ამავდროულად, შემიძლია გაცნობოთ, რომ ლეიბორისტული პარტიის პროგრამისტთა ჯგუფი მუშაობს ეროვნულ ონლაინ-თარჯიმანზე, რომელიც უკვე 2011 წელს გაიშვება. ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელობა, ბატონი შალვას პირადი თხოვნით, ბატონმა ლევან ღვინჯილიამ ითავა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.