რუსეთთან დაწინდულები: განსლავების ჩეხური გამოცდილება

ძნელია იყო რუსი – სამყაროს სევდა გაწევს გულზე.

მსოფლიოს ხალხთა სულთა გამგებნი, მართლმადიდებელთა მცველნი და მეზობელ ხალხთა მოამაგენი. მესამე რომი. ამაზედ კიდევ სლავთა საძმო და რუსეთის მისია, როგორც ყველა სლავის პატრონისა.

დიდი ტვირთია რუსობა. დიდი.

ჩვენი, ქართველთა მისია კი რუსთათვის ამ ძნელ ბედში შეხიდება ყოფილა, – ასე უბრძანებია რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს.

ჩეხებს მეუფე იობი არ ყავთ. სამაგიეროდ, მათ ყავთ ლუდეკ ფრიბორტი – მწერალი და ისტორიკოსი, რომელიც თანამედროვე ჩეხური “ანტი-სლავიზმის” სათავეებთან დგას. ფრიბორტის გამოკვლევით, Czechia კელტური წარმოშობის სიტყვაა, კელტურია მრავალი დაბის, მდინარისა თუ მთის დასახელება ჩეხეთში, ჩეხურ ზღაპრებსა და გადმოცემებს ბევრი რამ აქვთ კელტურთან საერთო, უძველს ჩეხთა ნასახლარები – კელტურ კულტურასთან და ცხოვრების წესთან ერთობაზე მიუთითებს…

ფრიბორტის თეორიამ ჩეხები გაიტაცა, მით უფრო – ახალგაზრდები. კაცმა რომ თქვას, ბევრი მათგანისთვის სამეცნიერო არგუმენტებს არც ქონია დიდი მნიშვნელობა, ჩეხი ახალგაზრდები არ გრძნობდნენ თავს რუსებისგან დავალებულად, არ გრძნობდნენ თავს სლავებად, არ სურდათ სლავობა. აღარ სურდათ, ეს იყო და ეს. ალბათ, იგივე იგრძნეს, რაც დათო ტურაშვილმა, რუსებთან მართლმადიდებლურ-სულიერი ერთობის აუცილებლობაზე ქადაგად დავარდნილმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ყელში რომ ამოუყვანა და ტურიკამ შეუძახა – “გრიბოედოვის დედაც მოვტყანო!”

ჩეხეთში იმართება კელტური მუსიკის ფესტივალები, გამოიცემა წიგნები, რომლებიც ჩეხეთის კელტურ ისტორიას ეძღვნება, ისტორიული კოსტიუმირებული თამაშობებიც იმართება ხოლმე… ქუჩაშიც შეგიძლიათ აქა-იქ ნახოთ კილტში გამოწყობილი ჩეხები, მეტადრე, როდესაც ისინი რომელიმე დღესასწაულზე მიიჩქარიან.

ჩეხეთში გალური ფეხბურთის (რაგბის მსგავსი თამაშია) გუნდიც კი არსებობს და სპორტის ამ სახეობის ტურნირებში იღებს მონაწილეობას.

რამდენიმე წლის წინ ჩეხმა ექიმებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც ჩეხებში გვხვდება ერთ-ერთი გენის მუტაცია, რაც მხოლოდ შოტლანდიელთა და უელსელთათვისაა დამახასიათებელი… ასე რომ ჩეხეთის განსლავების საქმეში გენეტიკოსებიც ჩაერთვნენ.

კელტური თეორიის პოპულარობა მელუდეებსაც გადაესხა და მათ ირლანდიული სტაუტის ტიპის ლუდი Kelt მოხარშეს (მას შემდეგ, რაც Staropramen-ის ლუდსახარში Anheuser-Busch InBev-მა იყიდა, ამ ლუდის ჩამოსხმა ჩეხეთში შეწყდა, მაგიერ, Heineken International-ი ლუდ Kelt-ს ამჟამად სლოვაკეთში ხარშავს).

თუმცა, Kelt-ით იქნება თუ Krušovice-თი, კარგა ხანია, ჩეხები აღარ აღნიშნავენ 25 ივნისს – სლავთა ერთობის დღეს, აღარ მღერიან ყოველთა სლავთა ჰიმნს, “ჰოი, სლავებო!”-ს და არა მგონია, დიდად გული ეთანაღრებოდეთ ამაზე.

მორიგანს ებარებოდეთ!

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)