მასწავლებლები და მშობლები სკოლებთან თამბაქოს გაყიდვას მიესალმებიან

პარლამენტში განსახილველად შეტანილია კანონპროექტი “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომლითაც სკოლების სიახლოვეს თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა უქმდება. შეზღუდვა მხოლოდ უშუალოდ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების შენობაში თამბაქოს რეალიზაციაზე რჩება, თამბაქოს ნაწარმის 50 მეტრის რადიუსში ვაჭრობაზე აკრძალვა კი იხსნება.

კანონპროექტს “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” პროტესტი მოჰყვა.

“პროექტით უქმდება საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიის 50 მეტრ რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა, კაფე-ბარების 50%-ზე მეტში მოწევის აკრძალვის ნორმა, ამოღებულია თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ან სტრატეგიის არსებობის ვალდებულება, რაც ევროპაში თამბაქოს კონტროლის სტრატეგიისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნებს არღვევს”, – ნათქვამია “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” განცხადებაში.

ამავე დროს, მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები კანონპროექტს მიესალმებიან.

“გაკვეთილებს შორის ძალიან მოკლე შესვენებებია, – განგვიცხადა ქალბატონმა დალიმ, მე-6 კლასის მოსწავლის დედამ, – და ჩემი შვილი სიგარეტზე ჩასვლას ვერ ასწრებს, გაკვეთილზე აგვიანდება და შენიშნვებს იღებს… აბა ესაა საქმე?! ძალიანაც კარგია, თუ ეგ 50 მეტრის შეზღუდვა გაუქმდება!”

“ადრე ჩვენი სკოლის დამლაგებელი ლუდა დეიდა პირდაპირ სკოლის ეზოში ვაჭრობდა სიგარეტით, – გვითხრა ბატონმა დიმიტრიმ, ერთ-ერთი მოწაფის მამამ, – ხარისხიანი თამბაქო ქონდა და შეთავათიან ფასში… მასთან ზოგჯერ, ნისიაც მოდიოდა… ახლა აკრძალეს ბატონო და ჩემს ბიჭს ორი ქუჩის გაღმა უწევს სიგარეტზე სირბილი… იქ რა ჯანდაბას ყიდულობს და რა ფასად, არ მკითხოთ! გავიყიდეთ პირდაპირ! ჩვენზეც ხომ უნდა იფიქროს ვინმემ?!”

ჩვენთან საუბარში მასწავლებლებიც ადასტურებენ, რომ 50-მეტრიანი შეზღუდვა გაკვეთილზე დასწრებაზე უარყოფითად მოქმედებს.

“ნამდვილად ასეა, – გვითხრა ფიზიკის მასწავლებელმა, რომელმაც სახელის გამხელაზე უარი განაცხადა, – მაგრამ ბავშვსაც ვერ გაამტყუნებ – ჩვენს ქუჩაზე ისეთი მოძრაობაა, რომ ასე უცებ ვერ გადაირბენ, მადლობა მერიას ეგერ საფეხმავლო ხიდი გაგვიკეთეს და ისე გადადიან ბავშვები, მაგრამ ვერ ასწრებენ, სიგარეტის გამყიდველთანაც რიგია ხშირად და ბავშვებს გაკვეთილებზე აგვიანდებათ… ის მაინც, მოიფიქრონ, რომ სკოლის მოწაფეები ურიგოდ გაატარონ… ძალიან კარგი, თუ ეგ აკრძალვა გაუქმდება. ეს სწავლის პროცესს გააუჯობესებს.”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements