ვარდების რევოლუციის ეკონომიკა

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი
ვიწრო დერეფანი: სახელმწიფოები, საზოგადოებები და თავისუფლების ბედი, თავი IV
[1]

კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ საქართველოში თავისუფლების დღეები დადგა. კერძო სექტორიდან ახალ რეალობას საუკეთესოდ აუღო ალღო სატრანსპორტო მომსახურებამ – ე.წ. „მარშრუტკებმა“ (სამარშრუტო ტაქსიმ), რომელიც, ადრინდელ, მკაცრად რეგულირებულ სისტემასთან შედარებით, მგზავრებზე მორგებული და მოქნილი აღმოჩნდა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ (მისი ხელისუფლებაში მოსვლაზე მე-3 თავში ვისაუბრეთ) მალევე აჩვენა – რეგულირება მასაც შეეძლო, თან – საკმაოდ მკაცრად.

„მარშრუტკის“ თითოეული მძღოლი დაავალდებულეს, ყოველდღიური სამედიცინო გამოკვლევა გაევლო, იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, ხომ არ იყო ნასვამი ან მაღალი არტერიული წნევა ხომ არ ჰქონდა. მძღოლს, რომელიც ჯანმრთელობის ცნობას ვერ წარადგენდა, ლიცენზიის დაკარგვა ემუქრებოდა. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დედაქალაქში ასობით, თუ არა ათასობით „მარშრუტკა“ მოძრაობდა და გადაჰყავდა მგზავრები, მაგრამ მთავრობის ინტერესი მხოლოდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებით არ შემოიფარგლა. მათ გადაწყვიტეს, რომ ქუჩის მეწვრილმანე მოვაჭრეების ყველა დახლი კონკრეტული არქიტექტურული სტანდარტისთვის დაექვემდებარებინათ. მოვაჭრეებს, მძღოლების მსგავსად, დაუწესეს ლიცენზია, წელიწადში ორჯერ რომ უნდა განეახლებინათ. ეს რეგულაციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. ბენზინგასამართ სადგურებს, მაგალითად, განუსაზღვრეს მანძილი, რომლითაც ქუჩის სავალი ნაპირიდან უნდა ყოფილიყვნენ დაშორებული.

ამგვარი რეგულაციების აღსრულებისთვის შევარდნაძის მთავრობას დიდი ძალაუფლება ესაჭიროებოდა. შევარდნაძე ასეთ რესურსს, ერთგვარად, ფლობდა, თუმცა – არა სრულყოფილად. მაგრამ ზემოთ ნახსენები და ათასობით სხვა მსგავსი რეგულაცია აღსრულებისთვის არც შემოუღიათ – არავინ სთხოვდა „მარშრუტკის“ მძღოლს ყოველდღიური სამედიცინო შემოწმების გავლას, მაგიერ, ამ რეგულაციის დაწესებით, ქართულმა სახელმწიფომ შექმნა მექანიზმი „მარშრუტკის“ მძღოლების დევნისთვის და ამ დევნის თავიდან ასაცილებლად მძღოლებს ქრთამის გადახდა უწევდათ. ასე იქცეოდნენ ქუჩის წვრილმანი მოვაჭრეებიც, ბენზინით მოვაჭრეებიც…

შევარდნაძის სახელმწიფოს ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეების ჯიბეში ხელის ფათურსა და ქრთამის გამოძალვას, ერთგვარად განსხვავდება იბნ ხალდუნის[2] თეორიისგან, ვინც ვარაუდობდა, რომ დესპოტიზმი საწყის ეტაპზე ხელს უწყობს: ჯერ – ეკონომიკის გარკვეულ ზრდას და მხოლოდ შემდეგ – მოსახლეობის ძარცვას. იბნ ხალდუნის სქემა ერგება იმას, რაც მოხდა ხალიფატში, ჰავაიში და ზულუსების სამეფოშიც კი. შევარდნაძის სახელმწიფომ პირველ ეტაპს გადააბიჯა და პირდაპირ ძარცვას მიჰყო ხელი.

რატომ მოხდა ასე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა გვესმოდეს, რომ „მარშრუტკის“ მძღოლების მიმართ დამოკიდებულება არა ეკონომიკის, არამედ სისტემური პოლიტიკის (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ნაწილი იყო: როგორ შეინარჩუნო ხელისუფლება ეკონომიკური ქაოსის შექმნით.

შევარდნაძის მოქმედებას, დიდწილად, ის ამბავიც განსაზღვრავდა, რომ გაცილებით სუსტ მდგომარეობაში იყო, ვიდრე სხვა სახელმწიფოების მშენებლები, რომლებზეც წინა თავებში ვწერდით. მას შემდეგაც კი, რაც მან აჯობა სამხედრო დაჯგუფებათა მეთაურებს, შევარდნაძე აღმოჩნდა საქართველოს შიგნით არსებული ძლიერი რეგიონული ძალების პირისპირ, ამიტომ ძალაუფლების შემომტკიცებით იყო დაკავებული და არა ქმედითი სახელმწიფოს შექმნით. ამის გაკეთებას ცდილობდა სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფებისთვის შემოსავლების (ან სულ მცირე – ქრთამის) გადანაწილებით. განვითარებად ქვეყნებში კორუფცია ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ „მარშრუტკის“ მძღოლების მიერ სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა არ გვიკვირს, მაგრამ რაც საქართველოში ხდებოდა, ამ ტიპის კორუფციისგან მაინც განსხვავებული იყო. შევარდნაძემ ისეთი სისტემა შექმნა, რომელმაც მძღოლები აიძულა, კანონი დაერღვიათ და პოლიციისთვის კი ჯიბის იოლი შემოსავალი გააჩინა. მან კანონის დარღვევა გახადა გარდაუვალი და შექმნა სისტემა, რომელიც კვებავდა კორუფციას.

მისი მთავარი სამიზნე საზოგადოებაზე კონტროლი იყო, რომელიც კანონის დარღვევის თანამონაწილედ აქცია. ქრთამის გადახდით შეგეძლო რეგულაციის წნეხისგან თავდახსნა დღეს, მაგრამ სახელმწიფო იღებდა ბერკეტს, დაეწყო დევნა, როცა კი მოისურვებდა. მაგრამ ეს სქემა აკონტროლებდა სახელმწიფო მოხელეებსაც – კიდევ ერთ, პოტენციურად გავლენიან ჯგუფს. ქრთამის აღება იყო უკანონო, ამიტომ სახელმწიფოს ქრთამის ამღებთა დევნაც შეეძლო.

შევარდნაძის ლაბირინთულმა სისტემამ მოიცვა როგორც (ვუწოდოთ ასე) „დაბალი“, ასე „მაღალი“ ეშელონების კორუფცია. ელიტური წრეები: პარლამენტის დეპუტატები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები ყველა ამ სქემაში ჩართო. ისინი შევარდნაძის რეჟიმის თანამოწილეებად იქცნენ, რადგან რეჟიმი მათ შემოსავალს უზიარებდა, მათ შორის იმ თანხებიდან, რასაც მთავრობა საერთაშორისო დონორებისგან იღებდა. მაგრამ ამ შემოსავლებით ეს ელიტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებდნენ, თუ შევარდნაძე ხელისუფლებაში დარჩებოდა. ყველამ, ასე ვთქვათ, საკუთარი ცხენი შეაბა შევარდნაძის ეტლში. მისი მიზნის მისაღწევად შევარდნაძემ მრავალი ხერხი გამოიყენა – ის დიდ უპირატესობას ფლობდა ქვეყნის კომუნისტური წარსულის წყალობით: ეკონომიკის შემოსავლიანი სექტორების უმეტეს ნაწილს ხომ საქართველოს მთავრობა ფლობდა. მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე პრივატიზაციის მხოლოდ სიმბოლური მცდელობები იყო. თავად შევარდნაძემ კი რუსული ყაიდის პრივატიზაცია განახორციელა – შერჩეული აქტივები იაფად მიჰყიდა გავლენის ჯგუფებს ან იმ ადამიანებს, რომელთა შემოკრებაც სურდა (მე-9 თავში ვნახავთ, როგორ მუშაობდა პრივატიზაცია რუსეთში). ამ ადამიანებს, გარიგების ფარგლებში, მათ საკუთრებაში არსებული ფირმების რეგულირებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს პორტფელსაც გადასცემდნენ ხოლმე – ამ გზით წარმოიქმნა საქართველოში მონოპოლიები. რეგულაციები როგორც ზედა ისე ქვედა დონეზე შევარდნაძის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი იყო. ასე, მაგალითად, მთავრობამ მიიღო კანონი, რომ ყველა ავტომობილს უნდა ჰქონოდა მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ცეცხლსაქრობი, რომელიც ქვეყანაში შინაგან საქმეთა მინისტრის ნათესავს შემოჰქონდა.

ცხადია, თავად შევარდნაძის ოჯახის წევრებიც არ დარჩენილან განზე. იმ დროს, როდესაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია ხანგამოშვებით მიეწოდებოდა, პრეზიდენტის ოჯახის მფლობელობაში არსებული ორი კომპანია მთავრობის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობდა და წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი დოლარის სუფთა მოგება მიიღო. იმპორტისა და ექსპორტის მრავალი რეგულაცია ძალიან მომგებიანს ხდიდა კონტრაბანდას, რომელიც ჩვეულებრივ ამბად იქცა. 2003 წელს საპარლამენტო კომისიამ გამოთვალა, რომ ქვეყანაში მოხმარებული ფქვილის 90 პროცენტი, ბენზინის 40 პროცენტი და სიგარეტის 40 პროცენტი კონტრაბანდული იყო. ეს ყველაფერი წარმოშობდა ქრთამის უზარმაზარ ნაკადებს. რაკი ელიტა, მთავრობის ბევრი წევრი არალეგალურ ვაჭრობაში იყო ჩართული, სახელმწიფო მანქანას, საჭიროების შემთხვევაში, მათი დევნის იარაღი ჰქონდა. აქაც, ისე, როგორც „მარშრუტკის“ მძღოლების ჯანმრთელობის შემოწმების შემთხვევაში – უკანონობის წახალისება ერთი სტრატეგიის ნაწილი იყო.

ერთი მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად ფესვგადგმული იყო იმ დროს კაბინეტის წევრობის გამოყენება სხვა ჯგუფებთან გარიგებისა და კორუფციის ინსტრუმენტად – მხოლოდ 2000 წელს, მას შემდეგ, რაც რვა წელი დაყო ხელისუფლებაში, შევარდნაძემ პირველად დანიშნა მინისტრის თანამდებობაზე ვიღაც, მისი საკუთარი პარტიიდან. საგულისხმოა, რომ ეს კაცი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც იუსტიციის მინისტრი გახდა. სააკაშვილმა უარი თქვა თანამშრომლობის არსებულ წესზე და მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ შემდეგ 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა – მოვლენის, რამაც შევარდნაძე აიძულა, ხელისუფლებიდან წასულიყო.

შევარდნაძის გავლენამ ეკონომიკაზე აშკარად უარყოფითი შედეგები მოიტანა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ყველა სახის მონოპოლია და რეგულაცია ძირს უთხრის ბაზრის უნარს, შექმნას განვითარების სტიმული და პროდუქტიული საქმიანობის შესაძლებლობა. არამედ იმის გამოც, რომ შევარდნაძე ერთდროულად წინდახედული და არაპროგნოზირებადი იყო. ის ცდილობდა ეკონომიკური ქაოსის გზით მოთამაშეთათვის ფეხქვეშ საყრდენის გამოცლას – დღეს მინისტრი ხარ და მართავ მონოპოლიას, ხვალ კი შევარდნაძემ, შეიძლება, გუნება იცვალოს და ყველაფერი წაგართვას. მიზანი ერთი იყო – პრეზიდენტზე დამოკიდებულების გაზრდით საყოველთაო ლოიალობის მოპოვება. ამ მეთოდმა ეფექტურად იმუშავა და შევარდნაძე ათწლეულის განმავლობაში დატოვა ხელისუფლებაში. მაგრამ გაურკვევლობა და არაპროგნოზირებულობა ინვესტორებს აფრთხობდა, შედეგად, ეკონომიკური ზრდა, თუნდაც მისი დესპოტური ფორმით, საქართველოში ვერ განხორციელდა.

პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც სწრაფად აითვისა და დახვეწა შევარდნაძემ, ქართული გამოგონება არ არის. როგორც ვნახეთ, დესპოტიზმი გულისხმობს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებებიდან საზოგადოების გამოთიშვას, რაც, თავის მხრივ, დესპოტური ძალაუფლების განხორციელების საშუალებას იძლევა. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ დესპოტი თავის პოზიციაზე უსაფრთხოდ არის, რადგან სახელმწიფოს შეუზღუდავად მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი დიდი ცდუნებაა სხვებისთვის. ძალაუფლების დაკარგვის საფრთხემ დესპოტს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისკენაც შეიძლება, უბიძგოს, მაგრამ მიზანი ეფექტური ეკონომიკის გამართვა კი არა, კონკურენტების მოთაფვლა და მოსყიდვა, ურჩთათვის კი გზის გადაკეტვა და ჩამოშორებაა. შევარდნაძემ ამგვარი სისტემის აწყობა მოკლე ხანში მოახერხა.

შევარდნაძის მმართველობის მაგალითზე დესპოტური ზრდის ყველაზე უარეს წახნაგებს ვხედავთ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, დავინახოთ საერთო ნიშნები, რომლებიც მის სისტემას სხვა სისტემებთან აკავშირებს. დესპოტური ზრდის სისუსტე ნაწილობრივ მომდინარეობს იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება მხოლოდ მანამ, სანამ მმართველისა და მისი გარემოცვის ინტერესებშია. იმდროინდელი საქართველოსთვის პრობლემად იქცა, რომ ზრდა იმთავითვე არ ყოფილა შევარდნაძის მიზანი. ქვეყნის მმართველი მეტისმეტად იყო ორიენტირებული საზოგადოების დასუსტებაზე, კორუფციის შექმნაზე და სხვა გავლენიანი მოთამაშეების მოსყიდვაზე, რამაც მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, დამანგრეველი გავლენა იქონია.

©Daron Acemoglu, James A. Robinson – The Narrow Corridor. Penguin Random House, 2019
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)მიუხედავად იმისა, რომ ამ თავში ლაპარაკი შევარდნაძის ეპოქის ეკონომიკურ მოდელზეა “ვარდების რევოლუციის ეკონომიკა” ჰქვია. ავტორები გულისხმობენ იმ ეკონომიკურ მიზეზებს, რამაც გამოიწვია და რასაც დაუპირისპირდა ვარდების რევოლუცია.

(2) იბნ ხალდუნი არაბი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და სოციოლოგია. ართურ ლაფერი იბნ ხალდუნს ასახელებს “ლაფერის მრუდის” ავტორად. იბნ ხალდუნის ეკონომიკურ მოსაზრებებს აჯემოლუ და რობინსონი ამავე წიგნში უფრო ვრცლად მიმოიხილავენ. მოგვიანებით, მაგ თავებსაც ვთარგმნი და ავტვირთავ.

___

ასევე:
დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი – ეკონომიკური სტრუქტურა და დემოკრატია

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: