ეკონომიკური სტრუქტურა და დემოკრატია

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი
დიქტატურისა და დემოკრატიის ეკონომიკურ სათავეებთან, თავი IX

ალღო გვკარნახობს, რომ ეკონომიკის სტრუქტურა ან ეკონომიკური ინსტიტუტები იმ შემთხვევაში იძენს მნიშვნელობას, თუ ელიტებისთვის[1] დემოკრატიასა და არადემოკრატიას შორის თანაფარდობაზე ახდენს გავლენას ან რევოლუციასთან შედარებით დემოკრატიის სარგებელს განსაზღვრავს მოქალაქეებისთვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ასე შეიძლება მოხდეს.

პირველი: ეკონომიკის სტრუქტურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ხარჯებზე, რომლის გაღება გვიწევს რევოლუციის, რეპრესიების ან გადატრიალების გამო. მეორე: ეკონომიკის სტრუქტურამ ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა ჯგუფებს შორის შემოსავლების გადანაწილების პოლიტიკაზე, რასაც ჩვენი კვლევითი მოდელი დემოკრატიის წარმოქმნასა და კონსოლიდაციას უკავშირებს. ამ თავში მიზეზთა ორივე ჯგუფს შევეხებით. ჩვენს მიერ გაანალიზებული მოდელები საშუალებას გვაძლევს, დემოკრატიის შესახებ პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიური ლიტერატურის ზოგიერთი ყველაზე გამორჩეული მოსაზრებაც განვიხილოთ. მაგალითად ის, რომ დემოკრატია ვერასოდეს იქნება შენარჩუნებული მეტწილად აგრარულ საზოგადოებაში, ან, თუნდაც, ისეთ საზოგადოებაში, სადაც ელიტები მსხვილი მიწის მესაკუთრეები არიან. მსგავსი მოსაზრება გვხვდება დაწყებული მურით (Barrington Moore – The Social Origins of Dictatorship and Democracy: Lord and Peasant in the Making of the Modern World; Boston: Beacon Press, 1966) და დალით (Robert A. Dahl – Polyarchy. Participation and Opposition, New Haven, Yale University Press, 1971) და დამთავრებული როშემაიერით, სთივენსით და სთივენსით (Dietrich Rueschemeyer, Evelyn H. Stephens, and John D. Stephens – Capitalist Development and Democracy; Chicago: University of Chicago Press, 1992). თუმცა, გაურკვეველი რჩება, რამდენადაა მიკროეკონომიკური თვალსაზრისით ეს მოსაზრებები გამყარებული. ჩვენი მიზანია, იმ მექანიზმების გამოკვეთა, რომლებიც ასეთ კავშირს გამოკვეთს.

როგორც ჩანს, არსებობს მრავალი დამაჯერებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება გადატრიალებისა და რეპრესიების ხარჯები დაკავშირებული იყოს ეკონომიკის სტრუქტურასთან. უმნიშვნელოვანესია, რომ რეპრესიები და გადატრიალებები ძვირი ჯდება, რადგან ისინი არღვევენ ეკონომიკური ცხოვრების ქსოვილს. თანამედროვე კაპიტალისტურ ეკონომიკაში წარმოება მრავალი განსხვავებული მოთამაშის ურთიერთჩართულობაზე დგას და მათი დიდი ნაწილი არ არის ცენტრალიზებულად ან გეგმურად მართული, არამედ ორგანიზებულია ბაზრის უხილავი ხელით, ისევე როგორც მონაწილე საწარმოების მმართველი ხილული ხელით. მეტიც, ამ ეკონომიკური ურთიერთობების უმეტესობა დაფუძნებულია სხვადასხვა სახის იმპლიციტურ[2] ნდობაზე. უმარტივეს დონეზე, დამსაქმებელმა იცის, რომ მუშები სამუშაო ადგილზე მივლენ მეორე დილით და მუშებმა იციან, რომ მისვლისას მათ დახვდებათ შესასრულებელი სამუშაო და გარემო და შესაბამის ხელფასს გადაუხდიან. რაც მთავარია, თითოეულ საწარმოს სჯერა, რომ მიმწოდებლები მიაწვდიან წარმოებისთვის საჭირო მასალებს და მომხმარებლები და მყიდველები ამ მასალიდან წარმოებულ პროდუქციას შეიძენენ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნდობა მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ხარისხის მიმართ. დამსაქმებლები ელიან, რომ მუშები არამარტო მივლენ, არამედ სათანადო ძალისხმევით მიუდგებიან საქმეს და მიმწოდებლები მიაწვდიან არა მხოლოდ საკმარისი რაოდენობის, არამედ სათანადო ხარისხის მასალას, რათა უზრუნველყონ წარმოება. და ბოლოს, მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ისინი შეიძენენ საკმარისად მაღალი ხარისხის საქონელს და ხელთ არ შერჩებათ გამოსაყენებლად უვარგისი. ნებისმიერი სახის უცაბედი ძალადობა, არეულობა, რომელიც ამოაყირავებს პოლიტიკურ სისტემას, ნებისმიერი ვითარება, რომელიც საზოგადოებაში უკვე არსებულ კონფლიქტებს გაამძაფრებს, ასევე არღვევს ეკონომიკურ ქსოვილსაც, ამსხვრევს ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, რაც კაპიტალისტური წარმოების არსია.

როგორც დალი აღნიშნავს (ზემოთ უკვე ნახსენებ წიგნში):

… მოწინავე საზოგადოების მართვისას ძალადობას, იძულებას, შეზღუდვებს თან სდევს უზარმაზარი ხარჯი და არაეფექტურობა, მაშინ, როდესაც საჭიროა მეტი სტიმული და კომპლექსური მიდგომა, რის ჩანაცვლება შეუძლებელია ძალადობის მუქარით. (გვ. 79)

მსგავსი მოსაზრება გვხვდება სამხედრო პოლიტიკის შესახებ ლიტერატურაშიც. მაგალითად, ფაინერი (Samuel E. Finer – The Man on Horseback: The Role of the Military in Politics, 2nd edition; Baltimore: Penguin, 1976) ამტკიცებს, რომ სამხედრო მთავრობებს არ შეუძლიათ მართონ რთული ინდუსტრიული საზოგადოებები, რადგან ხარჯები ძალიან მაღალი იქნება. ის აღნიშნავს:

ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სულ უფრო ფართოვდება შრომის დანაწილება, მეორეული და შემდეგ მესამეული სამსახურები ფართოვდება და საზოგადოება მოითხოვს პროფესიულ ბიუროკრატიას და ტექნოკრატებს… ამიტომ არმია უძლურია მართოს მხოლოდ საკუთარი რესურსებით. (გვ. 17)

ეს არგუმენტები გვიჩვენებს, თუ რატომ ჯდება ძვირი რეპრესიები და გადატრიალებები. მკვლევრები გამოკვეთენ იმ რთული ეკონომიკური ურთიერთობების რღვევას, რაც მნიშვნელოვანია კაპიტალისტური წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იგივე ურთიერთობები არსებობს აგრარულ წარმოებაშიც, აშკარაა, რომ იქ ისინი ნაკლებ მნიშვნელოვანია. ხარისხობრივ მხარსაც ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საქმე სოფლის მეურნეობის პროდუქტს ეხება, ვიდრე ეს წარმოებაშია. ნაკლებად განვითარებულ და ნაკლებად ინდუსტრიულ ეკონომიკაში მყიდველთა და მიმწოდებელთა მხარეებს შორის ურთიერთობები სტრუქტურულად მარტივია და ნაკლებად არის დამოკიდებული ამ ურთიერთობებსა და უნარებში ჩადებულ ინვესტიციებზე. ამ მოსაზრებას ბუნებრივად მივყავართ ვარაუდამდე, რომ რეპრესიები და გადატრიალებები უფრო ძვირი უჯდება კაპიტალ-ინტენსიურ ეკონომიკებს, სადაც წარმოების სტრუქტურა დამოკიდებულია ფულად და ადამიანურ ინვესტიციებზე და არა აგრო-ინტენსიურ ეკონომიკებს, რომლებიც დამოკიდებულია მიწაზე.

ასევე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ ეკონომიკის სტრუქტურამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პოლიტიკური კონფლიქტის ფორმასა და დემოკრატიის სიკეთეთა გადანაწილებაზე ელიტებს შორის. მაგალითად, მიწის მესაკუთრეებს დემოკრატიის პირობებში უფრო მეტი რამ აქვთ დასაკარგი, ვიდრე – მრეწველებს. შეგახსენებთ, რომ მთელი ჩვენი მიდგომა ემყარება იმ ვარაუდს, რომ დემოკრატიაში მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ საკუთარი თავის სასარგებლოდ განსაზღვრონ და შეცვალონ პოლიტიკა. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც, დემოკრატიაში, შეიძლება მოქალაქეებს შეუზღუდოს ეს შესაძლებლობა, არის ელიტების უნარი, დაეპატრონონ მათი რიცხვის არაპროპორციულ ძალაუფლებას (მაგ. ლობირების ან პარტიების კონტროლის გზით, როგორც ეს მე-4 თავის დანართში გავაანალიზეთ). მაგრამ, ამასთან, არსებობს ტოლ-სწორად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორიც, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, მე-4 თავში ლაფერის მრუდი რომ ვუწოდეთ. ამ მექანიზმის განხილვა ყველაზე იოლია შემოსავლის გადანაწილების კონტექსტში.

თუ გადასახადები ძალიან მაღალია, ეს აბრკოლებს ეკონომიკურ აქტივობას და ახდენს ეკონომიკის იმგვარ გამრუდებას, რომ ბევრი პროდუქტი უბრალოდ ქრება. ამიტომ, დემოკრატიას გააჩნია ბუნებრივი თამასა მაღალი გადასახადების გამოყენების წინააღმდეგ, დემოკრატია ცდილობს უზრუნველყოს, რომ ეს გადასახადები არ ამრუდებდეს რესურსების განაწილებას და არ აიძულებდეს ელიტებს, გამოიტანონ თავიანთი აქტივები ეკონომიკური საქმიანობიდან, რაც, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლებს შეამცირებს.

მაგრამ ამ მექანიზმის ზემოქმედება კაპიტალსა და მიწაზე განსხვავებულია. მაღალი ბეგარა მიწაზე მიწის მესაკუთრეებს უბიძგებს დატოვონ მათი მიწები დაუმუშავებელი, მაგრამ სხვა მათ არაფერი შეუძლიათ. ამის საპირისპიროდ, კაპიტალი უფრო ელასტიკურია, უფრო მოძრავი: დაბეგრეთ ფულადი კაპიტალი მეტად და შემცირდება ანაბრები. კაპიტალის მფლობელები ჩადებენ ფულს დაუბეგრავ სექტორებში ან გაიტანენ საზღვარგარეთ, სადაც ბეგარა ნაკლებია (შესაძლებლობა, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ მე-10 თავში). ადამიანური კაპიტალი, ალბათ, ყველაზე მეტად ელასტიკურია, რადგან უსარგებლო ხდება, თუ ადამიანები საკმარის ძალისხმევას არ გამოიყენებენ, ამისთვის კი მზად არ იქნებიან, თუ გადასახადის განაკვეთი ძალიან მაღალი იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე იგულისხმება, რომ დემოკრატია უფრო მაღალ გადასახადებს უწესებს მიწის მესაკუთრეებს, ვიდრე ფინანსური ან ადამიანური კაპიტალის მფლობელებს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოს გადანაწილება ისე, რომ თავიდან აიცილოს გამრუდება. ამის მსგავსად, უთანასწორო საზოგადოებაში დემოკრატია, პირველ ყოვლისა, იწყებს აქტივების გადანაწილებას და, ვინაიდან მიწის გადანაწილება ბევრად უფრო იოლია და, ალბათ, ნაკლებად ხარჯიანიც, ვიდრე – კაპიტალის, მიწის რეფორმა არის პირველი, რომელსაც მძიმე უთანასწორობასთან გამკლავების საშუალებად იყენებენ. ადამიანური კაპიტალის გადანაწილება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ისევ და ისევ, მიწის მესაკუთრეებს უფრო მეტი აქვთ დასაკარგი დემოკრატიისგან, ვიდრე კაპიტალისტებს ან მრეწველებს.

ეს მოსაზრებები გულისხმობს, რომ ელიტები, ვინც დიდ ინვესტიციას ახორციელებენ მიწაში, როგორც წესი, უფრო მზად არიან გამოიყენონ ძალა არადემოკრატიის შესანარჩუნებლად ან არადემოკრატიაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, ვიდრე ელიტები, რომლებსაც ინვესტიცია განხორციელებული აქვთ ფინანსურ ან ადამიანურ კაპიტალში. ამის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ რეპრესიებისა და გადატრიალებების ფასი ასეთ საზოგადოებაში ნაკლებია და, შესაბამისად, დემოკრატიასთან დაპირისპირებისა და მის წინააღმდეგ ქმედების ხარჯი უფრო დაბალია, ვიდრე ამ ქმედებით მიღებული სარგებელი (რაც არის მოქალაქეთა სასარგებლო, ანტიელიტური პოლიტიკის თავიდან აცილება, გადანაწილებისკენ მიმართული გადასახადები). დემოკრატიის მიმართ წინააღმდეგობისგან სარგებელი მიწის მესაკუთრეებისთვის შესაძლოა უფრო მაღალი იყოს იმ მიზეზითაც, რომ მათ მოლოდინი აქვთ, რომ მათი შემოსავალი უფრო მაღალი განაკვეთით დაიბეგრება და მათი აქტივები გადანაწილდება მიწის რეფორმის შედეგად.

საბოლოო მოსაზრება შეიძლება ის იყოს, რომ მიწის მესაკუთრეები, როგორც წესი, უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მრეწველები ან ადამიანური კაპიტალის მქონე პირები, განსაკუთრებით – შედარებით ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც იმყოფებიან დემოკრატიის ზღვარზე ან ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების იმ დაბალ საფეხურზე, სადაც შეიძლება მივიჩნიოთ ჩამოუყალიბებელ, მყიფე დემოკრატიად. ამიტომ, მე-8 თავში მიწის მესაკუთრეები ჩვენ, პირობითად, განვსაზღვრეთ როგორც მდიდარი ფენა, ხოლო მრეწველები და მაღალი ადამიანური კაპიტალის მქონე ფენები – როგორც საშუალო კლასი. მიწის მესაკუთრეები უფრო მეტს კარგავენ გადასახადისგან, რადგან უფრო მდიდრები არიან; შესაბამისად, ყველა სხვა თანაბარ პირობაში, ისინი უფრო მეტადაც ემხრობიან დემოკრატიის აღკვეთისკენ მიმართულ ქმედებებს.

©Daron Acemoglu, James A. Robinson – Economic Origins of Dictatorship and Democracy. Cambridge University Press, 2005
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ამ შემთხვევაში იგულისხმება გავლენიანი ეკონომიკური სუბიექტები, ვინც ეკონომიკის დიდი წილს განკარგავს.
(2)თანდაყოლილი, თავისთავად არსებული

___

ავტორების შესახებ:

დარონ აჯემოლუ – ამერიკელი ეკონომისტია, MIT პროფესორი. ჯეიმზ რობინსონი ბრიტანელი ეკონომისტია, The University of Chicago Harris School of Public Policy პროფესორი. აჯემოლუ-რობინსონს დაწერილი აქვთ „რატომ ღატაკდებიან ერები: ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის წარმოშობის შესახებ“ (Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: