ოცნების ეკონომიკა

ფეისბუქ სტატუსად დავწერე, მაგრამ დამენანა დასაკარგად. იყოს აქაც, ბლოგმა შემოინახოს.

**

ეკონომიკურ მოწყობაზე მეტყვიან ხოლმე – ახლა ამაზე დისკუსიის დრო არ არისო, ზედმეტი განხეთქილების შეტანა არისო, მაგრამ ეს რეჟიმი ასი პროცენტით, ნამდვილად დგას ამ მახინჯ ეკონომიკურ მოდელზე.

არა მხოლოდ ხიშტებზე, არამედ იმაზე, რომ ყოველი მესამე ჩვენს შორის მიაბეს ბიუჯეტს. ამ ფორმით თუ იმ ფორმით.

ამ ეკონომიკური მოდელის გამოა ზუსტად, რომ ვიღაცას მასწავლებელი ჰქვია, სპორტსმენი ჰქვია, ექიმი ჰქვია, ჟურნალისტი ჰქვია, ფილოსოფოსი ჰქვია, უსწავლია, უწვალია და დღეს ტროლად მუშაობს, არჩევნების გამყალბებლად მუშაობს, ზონდერად მუშაობს, გამპრავებლად მუშაობს, პროპაგანდისტად მუშაობს, მუქთა „მასოვკად“ მუშაობს სამთავრობო ივენთებზე… გაზაფხულდა, მერიის გამწვანების სამსახურის თანამშრომელი დილით ყვავილებს რგავს და ნაშუადღევს დარაზმავენ და მიუქსევენ ხან რასმუსენს, ხან შოლცს, ხან ზაალ ანდრონიკაშვილს და ხან საკუთარ შვილს თუ შვილის კლასელს თუ მეგობარს და აგინებინებენ…

ამ ეკონომიკურმა მოდელმა დაგვამგვანა მათხოვრებს. მთელი ქვეყანა.

მაგრამ ქვეყნის გამდიდრება არ არის ისე შორი და რთული, როგორც გვგონია. არც თაობების მონელება სჭირდება. არის სხვა ქვეყნების გამოცდილება. პორტუგალიის, მაგალითად. ირლანდიური სასწაული ხომ სულაც ჩვენს თვალწინ მოხდა. ამას სჭირდება ცოდნა და სწორი ეკონომიკური მოდელის შემოღება და ათი წელი. მეც მოვესწრები და ჩემზე უფროსი თაობაც მოესწრება[1].

კი, ბიუჯეტის იმედად ყოფნა უფრო იოლია. და ტროლად მუშაობა, მაგრამ ამით შვილებს და შვილიშვილებს, ახალგაზრდა თაობასაც იმისთვის ვწირავთ, რომ ზონდერებად, ტროლებად და მთავრობის მონებად იმუშაონ. ან – ქვეყნიდან გადაიხვეწონ.

ყველა, ვინც ჩუმადაა, ან აპრავებს, ან, პროპაგანდისტულ ქარდებს ავრცელებს, ან ზონდერად დარბის სოციალურ ქსელში თუ ქალაქის ქუჩებში – ახალგაზრდა თაობას გზას უჭრის ნორმალური ცხოვრებისკენ და იმასაც ზონდერობისთვის წირავს.

Creative Commons License© Lord Vader. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

(1)ცინიკოსების რეცეპტი საქართველოსთვის

___

P.S.
კავშირი ავტორიტარულ და დემოკრატიულ მოდელს, ღია და ჩაკეტილ ეკონომიკასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფენებს შორის – ამის შესახებ დარონ აჯემოლუს არაჩვეულებრივი წიგნები (ნებისმიერი, რომელიც გაგიხარდებათ) 🙂 თუნდაც: „რატომ ღატაკდებიან ერები: ძალაუფლების, კეთილდღეობისა და სიღარიბის წარმოშობის შესახებ“ (Why Nations Fail: The Origins of Power, Prosperity, and Poverty) ან “ვიწრო დერეფანი” (The Narrow Corridor)

___

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ რობინსონი – ვარდების რევოლუციის ეკონომიკა

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad