ფულის ბრუნვის სიჩქარისა და ფასების რაობისთვის

ფრენკ შოსტაკი

საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულება იმის შესახებ, თუ რა არის ფულის ბრუნვის სიჩქარე

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრებით, ფულის ბრუნვის სიჩქარის არსი მარტივი ასახსნელია: დროის ნებისმიერ მონაკვეთში (მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში) მოცემული თანხა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად შეიძლება რამდენჯერმე გამოიყენონ.

რატომ?

იმიტომ რომ ფული, რომელსაც ერთი ადამიანი რამე საქონლისა და მომსახურებისთვის დახარჯავს დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში, ამ თანხის მიმღებს შეუძლია სხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად გამოიყენოს მოგვიანებით. მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში, ერთი კონკრეტული ათ დოლარიანი ბანკნოტის გამოყენება შეიძლება შემდეგნაირად: ხაბაზი ჯონი ათ დოლარს გადაუხდის მოვაჭრე ჯორჯს პომიდვრის შესაძენად. ჯორჯი იმ ათი დოლარით ბობისგან იყიდის კარტოფილს, ბობი კი, თავის მხრივ, მივა თომასთან და შაქარს შეიძენს. როგორც ვნახეთ, ათი დოლარი სამ გარიგებას მოემსახურა. რაკი ერთი და იგივე ბანკნოტი ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიყენეს, ვამბობთ, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარე არის 3.

10 დოლარიანი კუპიურა, რომლის ბრუნვის სიჩქარე არის 3, ერთი წლის განმავლობაში დააფინანსებს 30 აშშ დოლარის ღირებულების რამდენიმე გარიგებას. თუ კონკრეტული წლის განმავლობაში ეკონომიკაში 3 ტრილიონი დოლარის ღირებულების გარიგებები შედგა და იმ წლის საშუალო ფულის რაოდენობა (მიწოდება) 500 მილიარდი დოლარი იყო, გამოდის რომ ყოველი დოლარი გამოიყენეს საშუალოდ ექვსჯერ (6X500 მილიარდი = $3 ტრილიონი). ხუთასი მილიარდი, ბრუნვის სიჩქარის კოეფიციენტის წყალობით, $3 ტრილიონად იქცა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარეს ფინანსური საშუალებების გაზრდა შეუძლია. აქედან ვადგენთ ფორმულას:

სიჩქარე = ტრანზაქციების ღირებულება / ფულის რაოდენობა

რომელიც წარმოდგენილია, როგორც:

V = P*T/M

სადაც V არის სიჩქარე, P არის საშუალო ფასი, T არის ტრანზაქციების მოცულობა და M არის ფულის რაოდენობა.

ამ ფორმულის შემდგომი გადალაგება კარგად ცნობილი განტოლების სახითაც შეიძლება:

M*V = P*T

ეს განტოლება გვეუბნება: ფული გამრავლებული სიჩქარეზე უდრის ტრანზაქციის ღირებულებას.

ბევრი ეკონომისტი P*T-ს ნაცვლად რეალურ მშპ-ს იყენებს და განტოლებას ასეთი სახით წარმოგვიდგენს:

M*V = GDP = P*(real GDP)

როგორც ვხედავთ, რაოდენობრივი განტოლებას ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგალითად, თუ ვივარაუდებთ, რომ ბრუნვის სიჩქარე მუდმივია, ფულის მოცემული რაოდენობისთვის მშპ-ს მოცულობის დადგენას შევძლებთ. გარდა ამისა, საშუალო ფასის ან ფასების დონის შესახებ ინფორმაცია ეკონომისტებს საშუალებას აძლევს, გაზომონ წარმოების რეალური დონე და ზრდის ტემპი. ყურადღება მიაქციეთ – თუ M უცვლელია და V შემცირდა – ეკონომიკური აქტივობაც შემცირდება, რაც შესაბამისად აისახება მშპ-ზე. მეორე მხრივ, თუ M და T უცვლელია, V კი შემცირდა, P-ც შემცირდება.

ეკონომისტთა უმრავლესობა შეთანხმდა – ფულის რაოდენობრივი განტოლება უაღრესად სასარგებლო ანალიტიკური ინსტრუმენტია, მაგრამ დებატები მიმდინარეობს ფულის ბრუნვის სიჩქარის ირგვლივ: რამდენად მუდმივია/ცვალებადია V. მუდმივი (სტაბილური) ბრუნვის სიჩქარე ფულს გადააქცევს უძლიერეს ინსტრუმენტად, იმისთვის, რომ ეკონომიკას ვადევნოთ თვალი; მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრუნვის სიჩქარე ნაკლებ სტაბილური ხდება, ფულის, როგორც ეკონომიკური ინდიკატორის მნიშვნელობა მცირდება, რაკი რთულად პროგნოზირებადია. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ არასტაბილური სიჩქარე ფულზე არასტაბილურ მოთხოვნას ნიშნავს, რაც ეროვნულ ბანკს ეკონომიკური სტაბილიზაციისკენ მიმავალ გზას ურთულებს.

აქვს თუ არა ფულის ბრუნვის სიჩქარის კონცეფციას აზრი?

M*V = GDP განტოლებიდან ჩანს, რომ ფულის მოცემული რაოდენობისთვის ბრუნვის სიჩქარის ზრდა უფრო მეტი ღირებულების გარიგების დაფინანსებას უწყობს ხელს, ვიდრე ფულის იმ კონკრეტულ მარაგს შეეძლო, მაგრამ სინამდვილეში არც ფულს, არც სიჩქარეს გარიგებების დაფინანსებასთან საერთო არაფერი აქვს. და აი, რატომ: ვთქვათ, ჯონმა ათი პური ათ დოლარად მიჰყიდა ჯორჯს. ახლა ჯონს შეუძლია, ის ათი დოლარი ხუთ კილოგრამ კარტოფილში გაუცვალოს ბობს. რა გადაიხადა ჯონმა კარტოფილში? მის მიერ გამომცხვარი პური.

მიაქციეთ ყურადღება – პურის მცხობელი კარტოფილის შეძენას აფინანსებს არა ფულით, არამედ – პურით. კარტოფილს პურით ყიდულობს, ფულს კი მხოლოდ გაცვლის გასამარტივებლად იყენებს. ფული საგადამხდელო საშუალება კი არა, გაცვლის ერთგვარი შუამავალია. ჯონმა პური ჯერ გადაცვალა ფულზე და შემდეგ ფული გაცვალა კარტოფილში – საქონელს (პურს) ცვლიან საქონელში (კარტოფილში) ფულის დახმარებით.

ფულის ხელიდან ხელში გადასვლის რიცხვი არაფერს მატებს ხაბაზის შესაძლებლობას, დააფინანსოს კარტოფილის შეძენა. მთავარია, მას ჰქონდეს პური, რომელსაც კარტოფილის შესაძენად გამოიყენებს.

წარმოიდგინეთ, რომ ფული (და მისი სიჩქარე) დაფინანსების ან გადახდის რეალური საშუალება იყოს – მაშინ სიღარიბე ხომ მთელ მსოფლიოში დიდი ხნის წინ დასრულდებოდა. თუ სიჩქარის გაზრდა დაფინანსების შესაძლებლობას ზრდის, ფულის რაც შეიძლება სწრაფი მიმოქცევა ყველასთვის სასარგებლო იქნება. ვინც ფულს ფლობს (ინახავს), საზოგადოებისთვის საშიში ყოფილა, რადგან ბრუნვის სიჩქარეს ანელებს და, შესაბამისად, რეალური დოვლათის შექმნას უშლის ხელს. მაგრამ იმის მტკიცებას, რომ ფული ბრუნავს (როგორც ამას მოარული გამოთქმა ამტკიცებს), შინაარსი არ აქვს – ფული ყოველთვის ვიღაცას ეკუთვნის.

ლუდვიგ ფონ მიზესის აზრით, ფული არასოდეს ბრუნავს, როგორც წარმოგვიდგენია:

შეიძლება ფული მოძრაობის პროცესში იყოს, ფულს მოგზაურობა შეუძლია მატარებლებით, გემებით ან თვითმფრინავებით, ერთი ადგილიდან – მეორისკენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც და ყოველთვის ვიღაცის კონტროლს ექვემდებარება, ვიღაცის საკუთრებას წარმოადგენს.
Ludwig von Mises – Human Action: A Treatise on Economics. Liberty Fund, 1996

რატომ არ არის ფულის ბრუნვის სიჩქარე ფულის მსყიდველობითუნარიანობასთან კავშირში

აქვს თუ არა ფულის ბრუნვის სიჩქარეს რაიმე კავშირი საქონლის ფასებთან? რაოდენობრივი განტოლების მიხედვით, მოცემული M-ისთვის და ტრანზაქციის მოცულობისთვის (T), V სიჩქარის ვარდნა საშუალო ფასების (P) შემცირებას გამოიწვევს, ანუ P= (M/T)*V. მაგრამ ეს აზრი მცდარია. ფასები ინდივიდის მიზანმიმართული ქმედებების შედეგია. ხაბაზმა ჯონმა მიიჩნია, რომ მისი ცხოვრების დონის ასამაღლებლად ათი პურის ათ დოლარზე გადაცვლა ხელსაყრელია, რადგან ეს საშუალებას მისცემს ფერმერი ბობისგან ხუთი კილოგრამი კარტოფილი შეიძინოს. ამის მსგავსად, ფერმერმა ბობმაც დაასკვნა, რომ ათი დოლარის საშუალებით ათი კილოგრამი შაქრის შეძენა, მისთვის სარფიანი გარიგებაა.

ჯონსაც და ბობსაც შეუძლიათ, თავ-თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე, საბაზრო გარიგებაში მიიღონ მონაწილეობა და ამ გზით საკუთარი კეთილდღეობა აიმაღლონ. ჯონი თანახმაა, რომ ათი პურის ათ დოლში გადაცვლა კარგია, რადგან ხუთი კილოგრამი კარტოფილის შეძენის საშუალებას მისცემს, ბობი კი მიიჩნევს, რომ მისი ხუთი კილოგრამი კარტოფილისთვის ათი დოლარი ხელსაყრელი ფასია, რადგან ამ გზით ათ კილოგრამ შაქარს მოიპოვებს. მიაქციეთ ყურადღება: სხვადასხვა მხარე განსხვავებული მიზნებით და ამოცანებით ხელმძღვანელობს, რის შედეგადაც ფასი წარმოიქმნება – საქონლის ფასს განსაზღვრავს ინდივიდის მიზანმიმართული ქმედება და არა სიჩქარე. ის, რომ ეგრეთ წოდებული სიჩქარე არის 3 ან ნებისმიერი სხვა რიცხვი, არაფერ შუაშია საქონლის ფასთან და ფულის მსყიდველუნარიანობასთან.

კვლავ მიზესს დავესესხები:

რაოდენობრივი განტოლების ანალიზისას ვარაუდობენ, რომ მისი ერთ-ერთი ელემენტი – ფულის მთლიანი მიწოდება, ვაჭრობის მოცულობა, ბრუნვის სიჩქარე იცვლება და, ამავე დროს, კითხვაც არ უჩნდებათ – როგორ. არ აღიარებენ, რომ ფასების მასშტაბური ცვლილებები ზოგადად Volkswirtschaft-ში [პოლიტიკურ ეკონომიკაში, ან უფრო ფართო გაგებით – “ეკონომიკაში”] კი არ მიმდინარეობს, არამედ ცალკეული აქტორების დონეზე ხდება და სწორედ ამ ცალკეულ მონაწილეთა ურთიერთქმედების შედეგია. ეკონომისტ-მათემატიკოსები უგულებელყოფენ ფულზე ცალკეული პიროვნების მოთხოვნასა და მიწოდებას. სანაცვლოდ ბრუნვის სიჩქარის ცრუ ცნება შემოგვთავაზეს, რომელიც მექანიკის კანონების თარგზეა გამოჭრილი.
Ludwig von Mises – Human Action: A Treatise on Economics. Liberty Fund, 1996

ფულის ბრუნვის სიჩქარე ცალკე აღებული არაფერს ნიშნავს

სიჩქარე არ არის დამოუკიდებელი ერთეული – ის ყოველთვის ტოლია ტრანზაქციების ღირებულება გაყოფილი ფულის რაოდენობაზე (P*T/M). ამის შესახებ როთბარდი წერს:

აბსურდულია განტოლების რომელიმე სიდიდის მნიშვნელობაზე საუბარი, თუკი მას განტოლების სხვა ცვლადებისგან დამოუკიდებლად ვერ განვმარტავთ.
Murray Rothbard – Man, Economy, and State. Mises Institute, 2004

ვინაიდან V=P*T/M, რაოდენობრივი განტოლება (M*V = P*T) ამ სახეს მიიღებს M*(P*T)/M = P*T, რაც, თავის მხრივ, შეიკვეცება და მივიღებთ ბანალურ ჭეშმარიტებას P*T = P*T. იგივეა, რომ გვეთქვა: ათი დოლარი უდრის ათ დოლარს, საიდანაც ეკონომიკაზე ახალს ვერაფერს გავიგებთ. სიჩქარე დამოუკიდებელი ერთეული არ არის, ვერაფერს ცვლის და, შესაბამისად, არც ფულის მიწოდების ეფექტის კომპენსირება შეუძლია. ბრუნვის სიჩქარე ვერც გარიგებათა დაფინანსების საშუალებას გაზრდის, როგორც ეს განტოლებიდან შეიძლება, მოგვეჩვენოს. მეტიც, ფულის საშუალო მსყიდველუნარიანობის დადგენა შეუძლებელია. მაგალითად, ერთი გარიგების დროს, ერთი დოლარის ფასი განისაზღვრა, როგორც ერთი პური; მეორე გარიგებისას, ერთი დოლარის ფასი ნახევარი კილოგრამი კარტოფილია; ხოლო მესამე გარიგების დროს ერთი დოლარის ფასი არის ერთი კილოგრამი შაქარი. ყურადღება მიაქციეთ, რადგან პური, კარტოფილი და შაქარი არათანაზომადია, ვერც ფულის საშუალო ფასის დადგენას შევძლებთ.

თუ ფულის საშუალო ფასის დადგენა შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, საქონლის საშუალო ფასის (P) დადგენაც შეუძლებელი ყოფილა, შესაბამისად, რაოდენობრივი განტოლება თვალსა და ხელს შუა დაიშლება. ის არსობრივად არის მცდარი და მათემატიკურ ხარაჩოებზე შედგმა ვერ უშველის. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა, ეგრეთ წოდებული არასტაბილური სიჩქარე ნიშნავს თუ არა ფულზე არასტაბილურ მოთხოვნას? მოთხოვნის ცვალებადობა არასტაბილურობას არ გულისხმობს. ყველაფერი ინდივიდის პირად მიზნებზეა დამოკიდებული – რაღაც გარემოებათა გამო, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამჟამად ნაკლები თანხის შენახვაა ხელსაყრელი, სხვა დროს კი პირიქით – ფულზე მოთხოვნის გაზრდას ამჯობინებს. რა არის აქ გასაკვირი? ზუსტად ასე, მუდმივად ცვალებადია ადამიანის მოთხოვნა სხვა ნებისმიერ საქონელსა და მომსახურებაზე.

შეჯამება

გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ფულის სიჩქარეს საკუთარი სიცოცხლე არ აქვს. ის დაქვემდებარებული ერთეულია და, შესაბამისად, ვერაფერს ცვლის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზეგავლენის კომპენსაციაზე, რასაც ფულის მიწოდების ზრდა საქონლის ფასებზე ახდენს. გარდა ამისა, სიჩქარეს არ შეუძლია დაფინანსების საშუალებათა გაზრდა, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ეკონომისტთა და ეკონომიკურ მიმომხილველთა მიერ ხატად ქცეული რაოდენობრივი განტოლება.

©Frank Shostak – Understanding Money Velocity and Prices. Mises Wire, October 2021
©LV (ქართული თარგმანი, 2024)

Creative Commons License©Lord Vader. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ავტორის შესახებ:
ფრენკ შოსტაკი სამხრეთ აფრიკელი ფინანსისტი და ეკონომისტია. დაიბადა ლატვიაში. სწავლობდა იოჰანესბურგის University of the Witwatersrand და Rand Afrikaans University-ში. არის მიზესის ინსტიტუტის მკვლევარი. არის საკონსულტაციო კომპანიის AAS Economics ეკონომიკური ანალიზის ხელმძღვანელი.

___

კომენტარის ნაცვლად:
ფულის ბრუნვის სიჩქარის და რაოდენობრივი განტოლების მიმართ ავსტრიული სკოლის მიდგომა მონეტარისტული მიდგომისგან განსხვავებულია. შოსტაკის წერილში ყველაფერი ლაკონიურად და გასაგებად არის გადმოცემული, მაგრამ ჰენრი ჰეზლითის განმარტებასაც დავამატებ:

ბრუნვის სიჩქარე შედეგია და არა მიზეზი. როგორც წესი, მისი ცვლილება თან სდევს ადამიანების მიერ ფულისა და საქონლის ფარდობითი შეფასების ცვლილებას.

ბრუნვის სიჩქარე არ შეიძლება ხანგრძლივად გაცდეს შედარებით ვიწრო დიაპაზონს, რადგან  ურღვევ კავშირშია (სპეკულაციური შემთხვევების გარდა) მოხმარებისა და წარმოების მოცულობებთან.

ბრუნვის სიჩქარე შეიძლება შეიცვალოს სპეკულაციის ზეგავლენით, მაგრამ სპეკულაციის გაზრდილ მოცულობას შეიძლება თან ახლდეს როგორც ფასების ზრდა ისე – დაცემა.

ბრუნვის სიჩქარე არასოდეს არის მხოლოდ ფულის მხარეს მოქმედი დამოუკიდებელი ფაქტორი, რადგან, თუ სხვა პირობები უცვლელია, საქონლის ბრუნვაც შესაბამისად უნდა დაჩქარდეს. მართებულია ვიფიქროთ, რომ ფულის ბრუნვის სიჩქარეზე ზემოქმედებს როგორც ის ცვლილებები, რაც ხდება საქონლის მხარეს, ასევე ცვლილებები, რაც ხდება ფულის მხარეს.

სინამდვილეში, ბრუნვის სიჩქარეს განსაზღვრავს ფსიქოლოგიური ფაქტორები – ყიდვა-გაყიდვის სურვილი, წარმოებისა და მოხმარების სურვილი.

მონეტარული თეორია განუზომლად იხეირებდა, თუკი სრულად დაანებებდა თავს ბრუნვის სიჩქარის დამოუკიდებელ ან მიზეზობრივ კონცეფციას. შეფასებითი და ნაღდი ფულის ფლობის მოდელები სრულად საკმარისია თანმდევ საკითხთა განმარტებისთვის.
Henry Hazlitt – Money, the Market, and the State. University of Georgia Press, 1968

ასევე – ოდნავ უფრო დაწვრილებით ავსტრიულ სკოლაზე:
ავსტრიული სკოლის ანარეკლი მიწოდების ეკონომიკის სარკეში

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad