ტაშ-ფანდური ერთმორწმუნის კართან

არ იფიქროთ, რომ ნინო ქათამაძეს ვიცავ, თუმცა, მათ შორის, ვინც მოსკოვში საკონცერტოდ იპრანჭება, ნინო ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ერთადერთია, ვისი ჩანაწერებიც მაქვს აუდიოთეკაში და სმართფონშიც ხშირად ვუსმენ ხოლმე. რაც მოსკოვში დაიწყო სიმღერა, ჩანაწერებს ვუსმენ, მაგრამ მის კონცერტზე აღარ ვყოფილვარ. ნინოს ამით არაფერი აკლდება. ჩემ შესაძენ ბილეთს სხვა შეიძენს. მსურველი ბევრია. არაფერი აკლდება ნინოს.

მაგრამ ყველამ, ვინც ნინოზე გულმოსულია ახლა, მინდა გაიხსენოს აქვე, ქართულ რესტორანში მდარე რუსული პაპსა ან შანსონი თუ შემოუძახავს ბენდს (თუმცა, ბენდი კიარა – “ვია” ყოფილა ეგ) ან კიდევ უარესი – რომელიმე “კატიუშა”? დარჩა თუ დატოვა სუფრაც და რესტორანიც? და მეორედ იქ თუ მიბრუნებულა? ახლა მობილურს დახედოს – “ბილაინის” კლიენტი ხომ არაა? “იანდექსის” ტაქსიში თუ ჩამჯდარა ოდესმე? “ვითიბიში” ხომ არ აქვს ანგარიში? მაცივარი გამოაღოს – რამდენ რუსულ პროდუქტს აღმოაჩენს?

ჩამოთვლითაგან ყველა ტესტს ვერც მე გავივლი. ამიტომ, ვინმეს დასამუნათებლად არ ვწერ ამ პოსტს. მაგრამ არ ვგავართ ჩვენ ოკუპირებულ ქვეყანას.

რუს ტურისტებზეც ვიტყოდი რამეს… აი, ტალინში ვარ ნამყოფი. დიდი ხნის წინ – ჯერისევ საბჭოთა კავშირი იყო. რუსულად არ გელაპარაკებოდნენ ქუჩაში. ან თუ დაგელაპარაკებოდნენ, დიდი შანსი იყო, გზა გეკითხა და ქალაქის მეორე ბოლოში გაეგზავნეთ. საგანგებოდ გაგვაფრთხილა გიდმა – ქართულად ილაპარაკეთ ყველგან და შემდეგ – რუსულად, რომ მიხვდნენ, რუსები არ ხართო. ვარიეტე იყო ტალინში მაშინ – კაბარე. კანკანით და მთელი ამბები. ახლაც არის, ალბათ, მაგრამ მაშინ, გაქანებულ სუსურუკუში – უცნაური ხილი იყო და აკრძალული ეგზოტიკა. ჩვენ, ქართველი ტურისტები შეგვიშვეს და მოსკოველები არა. ჩვენთვის გამოინახა ბილეთი, იმათთვის – არა. ადგილები არ არისო – ეწერა. მივიდა ჩვენი გიდი, დაელაპარაკა და შეგვიშვეს. არ მგონია, ფულით გაჩარხულიყო. ფული რუსებსაც ექნებოდათ.

არ თქვათ ახლა, რუსი ტურისტი რა შუაში იყოო – ჩატარდება რუსეთში არჩევნები სულ მალე და ნახავთ რა შუაშიცაა. პუტინის ამომრჩევლები არიან. შესაბამისად – ოკუპაციის მხარდამჭერებიც. ასეთები იყვნენ ადრეც. ასეთები არიან დღესაც.

ტალინი, მაშინ სუსურუკუს რესპუბლიკის დედაქალაქი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქად გრძნობდა თავს. ჩვენ, დამოუკიდებელი ქვეყანა დღეს – რუსეთს მტრად არ ვგრძნობთ.

***

ის სასულიერო ლიდერია? სასულიერო ლიდერი, როდესაც ომის მსხვერპლებზე საუბრობს, მათ ძვლებს მიწიდან თხრის და ისტორიის სანაგვეზე ისვრის. სად ხედავთ აქ სასულიერო მოღვაწეს? მართლმადიდებელი სასულიერო ლიდერი კიარა, საბჭოთა კაგებეს აგენტი მიხაილოვია. ყავლგასული საბჭოთა მილიციელი, რომელიც მოდის და ჭკუას გვარიგებს, რა არის სწორი და არასწორი!
ერთმორწმუნე ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ვალერი სიმიონოვი რუსეთის პატრიარქ კირილზე

***

ნორვეგიელები ლიტერატურის მოყვარული ხალხია და მეც ჰამსუნი ვუხსენე. შეიშმუშნენ და ლაპარაკი ნესბეზე გადამიტანეს. Smile ნესბე მაშინ გაგონილიც არ მქონდა და ჰამსუნზე დიდი მწერალი კი ნორვეგიელებს არ ყავთ. მსოფლიოსაც ცოტა ყავს ასეთი დიდი მწერალი, მაგრამ კოლაბორაციონისტი იყო და ოკუპანტთან თანამშრომლობდა. და დღემდე არ უვიწყებენ.

თქვენ კი – ქეთი დოლიძეო. ქეთი დოლიძის ნაჯღაბნს ვინც აქვეყნებს, ვინც კითხულობს და ვინც განიხილავს – ან გემოვნება არ გაქვთ ან ტვინი?

ბოლოს და ბოლოს, განა რუსებზე არ მოდის ტექნიკის სფეროში პრაქტიკულად ყველა დიდი აღმოჩენა? თუმცაკი  გაგონილი გექნებათ სადღაც, რომ სინამდვილეში ეს ვიღაც ედისონი იყო, მაგრამ რუსულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, და რა ნება გვაქვს, არ დავუჯეროთ, პირველი ნათურა იაბლოჩკოვმა შექმნა, რადიო კი – პოპოვმა.
პეტრა პროხაზკოვა. დიადი რუსი ჯუჯა

ოკუპანტისგან განთავისუფლების შემდეგ კნუტ ჰამსუნს არ გამოსცემდნენ ნორვეგიელები. სელინი საფრანგეთიდან გააძევეს. კოკო შანელი იძულებული იყო, ატელიე დაეხურა. არვინ დადიოდა მის ატელიეში. პარიზში, ფრანგები არ დადიოდნენ კოკო შანელთან! სირცხვილი იყო მისი კაბის ჩაცმა. თქვენ კი ამბობთ – ქეთი დოლიძეო. Smile

ვანესა რედგრეივი მომიკითხეთ.

Creative Commons License© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

დიადი რუსი ჯუჯა

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad