ბაზარი დაარეგულირებს…

ხშირად იტყვიან ხოლმე ირონიით – ეგეც შენი ბაზარი. როგორ არა, ბაზარი დაარეგულირებს-ო.

ცხადია, ბაზარი ვერაფერს დაარეგულირებს. ბაზარი ჯინი არაა, გაჩნდეს უცებ და დაარეგულიროს. ბაზარი – ჩვენ ვართ ყველანი.

ჩვენ უნდა დავარეგულიროთ. მომხმარებლებმა. ცალ-ცალკე და ყველამ ერთად – მომხმარებელთა საზოგადოებები შევქმნათ, სოციალური ქსელი გამოვიყენოთ, მეტი პასუხისმგებლობით მივუდგეთ, ვინ რას საქმიანობს, იმას.დადიხართ, მაგალითად, “ფრესკოში”? რაც იქ მოხდა, აი გასახდელში ფარული კამერებისა და პერსონალზე თვალთვალის ამბავს ვგულისხმობ – მას შემდეგ სხვა ქვეყანაში არვინ შევიდოდა იქ და გაკოტრდებოდნენ. ასე არეგულირებს ბაზარი. მაგრამ სადაც მომხმარებლებს გვკიდია, და სანამ სოლიდარულები არ ვიქნებით, იქ ბაზარი ვერაფერს დაარეგულირებს. იმიტომ რომ, ბაზარი ჩვენ ვართ.

ქუჩაში, ნაგვის ურნის გვერდით გაშლილი დახლიდან რომ არაფერი უნდა ვიყიდოთ, ეს რომელიმე ბიუროკრატმა უნდა გვითხრას? რომელიმე ადმინისტრაციული ორგანო, სადაც გაბერილი შტატები და სახელფასო ფონდია და თვეში ორჯერ პრემიას იწერენ, სანამ ესენი არ გვეტყვიან, რომ ქუჩის მტვერში, გზის პირას, ხვატში და ნაგავში არაფერი ვიყიდოთ, მანამ მივიდეთ უნდა და ვივაჭროთ “სარფიანად”? ცხადია, ასე ბაზარი ვერაფერს დაარეგულირებს.

საჯარო სივრცეს რომ შემოღობავენ, ხეებს რომ მოჭრიან და სახლს წამოჭიმავენ – სანამ იქ ვიყიდით ბინებს, რა ბაზარი დაარეგულირებს? ასეთ ადგილას რომ მაღაზიას ჩადგამენ – სანამ მანდ შევალთ სავაჭროდ, რა ბაზარი დაარეგულირებს?

“ბიბლუსის” კაფემ ვაჟაზე რომ ნახევარი ტროტუარი წაიღო, სანამ იქ შევალთ ყავის დასალევად და მაღაზიაში – წიგნისთვის, ბაზარი როგორ დაარეგულირებს?

რა გაფიქრებთ, რომ ბიუროკრატის მიერ გამოწერილი ჯარიმა, რომელსაც, კარგი მოხდა სასწაული და ბიუჯეტში არიცხეს უკლებლივ და შემდეგ რომელიმე ქართული ღორის კოლტის გადარჩენის პროგრამაზე გაწერეს, უფრო კარგად არეგულირებს, ვიდრე სასამართლო სარჩელი და ზიანის უშუალოდ დაზარალებულისთვის ანაზღაურება?

რატომ გჯერათ, რომ თუ ბიზნესმენი სასამართლოს გაურიგდება, ბიუროკრატთან ვერ მონახავს საერთო ენას?

და რატომ გჯერათ, რომ კობახიძე, ვოლსკი, ტყემალაძე და ქალბატონი ენძელა უკეთ დაარეგულირებენ, ვიდრე ბაზარი? ბაზარი ხომ ჩვენ ვართ. მე ვარ, შენ ხარ.

აკრძალვების მომხრე არ ვარ, მაგრამ ბაზარს თვითორგანიზება უნდა შეეძლოს – კომპანია, რომლის რუკაზეც საქართველოს ტერიტორიები აქვს ჩამოჭრილი, სულ რომ უფასოდ იაროს, მის ტაქსიში არ უნდა ჩავჯდეთ. ჩავჯდებით? ბედნიერი მგზავრობა, მაგრამ ბაზარი ასე ვერაფერს დაარეგულირებს.

სადაც ისეთი უვარგისი და უნიათო ბაზარი ვართ, როგორც ჩვენ, იქ სახელმწიფო ადმინისტრაცია კიდევ უარესი იქნება. და არის კიდეც.

ყველა ხალხი ვიმსახურებთ იმ ბაზარს, რომელსაც ვქმნით. და იმ ხელისუფლებას, რომელსაც ვირჩევთ.

Creative Commons License

© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

 

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)