პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს


ფრედერიკ ბასტია

სანთლის, კანდელების, შანდლების, ქალაქის სანათების, ცვილის, კანიფოლის, სპირტისა და გასანათ მოწყობილობებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქონლის მწარმოებელთა


პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს

ბატონებო, როგორც სიხარულით შევიტყვეთ, თქვენ სწორ გზაზე დამდგარხართ – არ მიჰყვებით აბსტრაქტულ სწავლებებს და უკუაგდებთ სიიაფისა და სიუხვის ეფემერულ თეორიებს, მაგიერ, მთავარი ზრუნვის საგნად ეროვნული წარმოება გაგიხდიათ. თქვენ ცდილობთ, იხსნათ იგი უცხო ტომის კონკურენტთაგან, რათა ეროვნული ბაზარი ეროვნულ წარმოებას შემოუნახოთ!

შესანიშნავი თეორია გქონიათ! თუმცა, თეორიები მაცდურია. დოქტრინა ვუწოდოთ! ან სისტემა! პრინციპები!.. თუ დოქტრინები თქვენ არ გიყვართ, სისტემები გულძმარვას გგვრით და პრინციპები კი… პრინციპებს თქვენ სრულიად უარყოფთ ეკონომიკურ ცხოვრებაში… მაშ, სჯობს ასე ვთქვათ – პრაქტიკა. ჰოდა, ახლა გვსურს, კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგცეთ, გამოიყენოთ ეგ თქვენი შესანიშნავი პრაქტიკა. პრაქტიკა თეორიებისა და პრინციპების გარეშე.

საქმე ის გახლავთ, ბატონებო, რომ ჩვენ გადამთიელი მეტოქისგან გაუსაძლისი კონკურენციის წნეხის ქვეშ ვართ. ჩვენთან შედარებით ეს კონკურენტი სინათლის წარმოებისას ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაში დგას, რითიც ბოროტად და უსინდისოდ სარგებლობს და ჩვენი ეროვნული ბაზარი სრულად გაანათა, თანაც – დემპინგურ ფასად!

სადაც კი ეს უცხოტომელი კონკურენტი ჩნდება, ჩვენი ბიზნესი სრულად ჩერდება – მომხმარებლები მისკენ ისწრაფვიან და ეროვნული წარმოება, რომელსაც უამრავი ადამიანი ყავს დასაქმებული და გადასახადებსაც კეთილსინდისიერად იხდის, სრულად დაკნინებულია.

თქვენ ალბათ გსურთ იცოდეთ, ვინ არის ეს უსინდისო კონკურენტი? რაღა თქმა უნდა – მზე!

პატივცემულო დეპუტატებო, ჩვენი იმედიანი თვალები ახლა თქვენსკენაა აღპყრობილი. გთხოვთ, გამოსცეთ კანონი, რომელიც დაახშობს ყველა სარკმელსა და მანსარდას, ჩამოაფარებს ფარდებსა და ჟალუზებს, დახურავს დარაბებსა და დაგმანავს ყველა ჭუჭრუტანას – ეს ის გზებია, საიდანაც სინათლის მწარმოებელი ჩვენი გადამთიელი კონკურენტის საქონელი ეროვნულ ბაზარზე აღწევს და აზიანებს ეროვნული მრეწველობის მიერ წარმოებულ, არ მოგვერიდება ვთქვათ – გამორჩეულზე გამორჩეული ხარისხის პროდუქციას.

გვწამს, რომ ჩვენი საქმიანობით ქვეყანას ვემსახურებით და ახლა, როცა გაჭირვების ჟამი დაგვდგომია, არც ქვეყანამ არ უნდა მიგვატოვოს უცხო კონკურენტთან უთანასწორო ბრძოლაში!

რაც უფრო მეტი ღრიჭოს დაგმანვას მოახერხებთ, ბატონო დეპუტატებო, მით მეტი მოთხოვნა წარმოიშობა ეროვნულ საქონელზე და განა დარჩება ისეთი ადგილობრივი მეწარმე, რომელიც ამ სიკეთით ვერ ისარგებლებს?

თავად დათვალეთ – თუ ეროვნულ ბაზარს დაიცავთ ჩვენი გადამთიელი კონკურენტისგან, გაიყიდება მეტი სანთელი. მეტი სანთლის წარმოებისთვის საჭირო გახდება მეტი ცვილი. ეს ხელს შეუწყობს მეტი ძროხისა თუ ცხვრის მოშენებას – მოეწყობა მეტი საძოვარი და განვითარდება მეცხოველეობა, რისი წყალობითაც იწარმოება მეტი ხორცი, ტყავი, მატყლი და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ნეხვი – ნეხვი კი, ვინ არ იცის, რომ ეროვნული სოფლის მეურნეობის საფუძველთა საფუძველია!

მეტსაც გეტყვით, სანთლის მრეწველობისთვის გამოსადეგარი ვეშაპის ქონის მოსაპოვებლად ათასობით გემი გაიჭრება ოკეანეში, რაც ეროვნული ზღვაოსნობისა და გემთმშენებლობის განვითარებას შეუწყობს ხელს და სულ მალე ჩვენს ქვეყანას ისეთი ფლოტი ეყოლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულში დაიცავს.

რაც ამ წერილის ავტორთა პატრიოტულ წადილთა დაკმაყოფილებაც იქნება.

©Frédéric Bastiat – Candlestick makers’ Petition. Economic Sophisms. New York: G.P. Putnam’s Sons, 1845.
©LV (ქართული თარგმანი რუსულიდან, 2009)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
“პეტიციის” ამბავი პირველად ეკონომიკის ლექციაზე მოვისმინე, ჩემი ლექტორის, პატივცემული თემურ კუპრავასგან და მაქონელისა და ბრიუს “ეკონომიქსში” წავიკითხე. ამ სახელმძღვანელოს რუსული გამოცემით ვსწავლობდი (სად იყო იმდენი ინგლისური წიგნი. არც ქინდლი იყო ჯერ) თარგმანიც იმ სახელმძღვანელოდან არის შესრულებული.

P.S.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში საბაჟო გადასახადები იზრდება:
საკანონმდებლო ცვლილებათა აუცილებლობას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი განმარტავს. იგი ამბობს, რომ ცვლილებები მსგავსი დასახელების მქონე პროდუქციის ერთნაირი განაკვეთების ქვეშ მოქცევის აუცილებლობამ განაპირობა. თუმცა არის სხვა მიზეზებიც:
”თუნდაც ის, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომელზეც მიბმული არის დასაქმება და ადგილობრივი წარმოება თანაბარ პირობებში იყოს იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.”
http://www.tavisupleba.org/content/article/1904950.html

165 წელი გავიდა და ჯერ ისევ იქ ვართ 🙂
***
ერთ-ერთ პოსტში დავწერე, კარგი იქნება პარლამენტის სესიის გახსნის წინ, ჰიმნი რომ დამთავრდება, დეპუტატებს მილოშ ფორმანის “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” აჩვენონ-მეთქი.
ახლა უნდა დავამატო, კარგი იქნება თუ დეპუტატებს ფიცის დადებასთან ერთად ფრედერიკ ბასტიას პეტიციასაც წაუკითხავენ… მაგრამ, მაგათი ამბავი რომ ვიცი, სამოქმედო გეგმად მოიმარჯვებენ.

http://bastiatblog.blogspot.com/

 

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad