რუსებმა ახალი შეტევა წამოიწყეს. რა გველის შემდგომ?

მაიქლ ქოფმანი და რობ ლი

უკრაინაში შეჭრილმა რუსმა სამხედროებმა გასულ კვირას ახალი ფრონტი გახსნეს.

ხარკივის რეგიონში შეტევის წამოწყებისას, რუსულმა ძალებმა სწრაფად წაიწიეს წინ კილომეტრებით და რამდენიმე სოფლის ხელახალი ოკუპაციაც მოახერხეს, იმ სიიდან, რაც უკრაინელებმა 2022 წლის სექტემბრის წარმატებული შეტევის დროს გაათავისუფლეს. რუსებმა ჯერ ვერ მიაღწიეს ქალაქის აღმოსავლეთ თავდაცვის ზღუდეს, რომელსაც უკეთ აღჭურვილი და უფრო გამოცდილი უკრაინული ბრიგადები იცავენ, ვიდრე საზღვართან განლაგებული ნაწილები, მაგრამ ვითარება რთულია.

რუსეთი იმედოვნებს: უკრაინის რიგით მეორე, ყველაზე დასახლებულ ქალაქზე მუქარა უკრაინულ ძალებს აიძულებს, მის დასაცავად მოიყარონ თავი, რაც ფრონტის სხვა მონაკვეთებს დაასუსტებს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის პრიორიტეტულია ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და რუსეთის დიდი გარღვევის თავიდან აცილება. უკრაინელებს ამის ძალა შესწევთ, მაგრამ ისინი რიგი გამოწვევების წინაშე დგანან, რამაც გასულ წელს იჩინა თავი და იოლი გადასაჭრელი არაა. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა დახმარების კანონპროექტი დაამტკიცა და კიევს მილიარდობით დახმარება გამოუყო, ვითარება ახლო მომავალში სავარაუდოდ, გაუარესდება, მანამ, სანამ გაუმჯობესებას დაიწყებს.

რუსეთის მიზანი ხარკივის აღება არ არის, არამედ მუქარა – მიუახლოვდნენ ქალაქს და საარტილერიო ცეცხლით მისწვდნენ. საკუთრივ ქალაქის აღების ძალა რუსეთს არ აქვს, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაცია უკრაინას თავსატეხს უჩენს – უკრაინული ძალების თავდაცვის ხაზი გრძელია და საკმაოდ შეთხელებული; სანამ უკრაინა რეზერვებსა და უკეთ მომზადებულ შენაერთებს ხარკივის დასაცავად გადააადგილებს, ფრონტის სხვა მონაკვეთები სუსტდება. რუსეთის მთავარი ამოცანა უცვლელია – დონეცკის რეგიონის აღმოსავლეთით დარჩენილი ნაწილის დაპყრობა, ძირითადი სატრანზიტო გზების და დასახლებული ცენტრების ოკუპაცია.

ბოლო დღეებში უკრაინამ დონეცკიდან ხარკივისკენ გადაისროლა რამდენიმე შენაერთი და, როგორც ჩანს, ცალკეული დანაყოფები ფრონტის სხვა მონაკვეთების გასაძლიერებლადაც განათავსა. ეს მომეტებული საფრთხის ქვეშ დააყენებს დონეცკის თავდაცვით ხაზს, თუკი რუსეთი ამ მიმართულებით გამოიყენებს მის ხელთ არსებულ რეზერვს. რუსები ახორციელებენ კიდევ ერთ შეტევით ოპერაციას კუპიანსკის მახლობლად, ხარკივის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიის სამხრეთ რეგიონში. ვერც სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულებით თავდასხმას გამოვრიცხავთ.

ეს იერიში რუსებმა უკრაინის ძნელბედობის ჟამს მოარგეს – შემოდგომიდან მოყოლებული, უკრაინა სამი ურთიერთგადაბმული პრობლემის წინაშეა: საბრძოლო მასალის, ცოცხალი ძალის და საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაკლებობა. მაგრამ ამ გაზაფხულზე ვითარება გაუმჯობესდა – თავდაცვითი ხაზის გამაგრება მოახერხეს და შეერთებულმა შტატებმა დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რამაც საბრძოლო მასალის დანაკლისი უნდა შეავსოს, მაგრამ ცოცხალი ძალის მხრივ ვითარება კვლავ გაუარესებულია, მეტადრე ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რაც არის ქვეითები.

გასული ზაფხული უკრაინის კონტრშეტევის კულმინაციური წერტილი იყო, რის შემდეგ ქვეითი ძალების გამოფიტვას ვხედავთ და უკრაინა ამ დანაკარგის შევსებას ცდილობს. ფრონტზე ეს ნიშნავს შემდეგს: საგრძნობლად ნაკლებ ჯარისკაცს სანგრებში და არასაკმარის ძალებს ქვეითი ნაწილების რეგულარული როტაციისთვის, რაც, თავის მხრივ, გადაღლის საფრთხეა. მსგავს ვითარებას დამანგრეველი ეფექტი აქვს: მოხალისეობა იკლებს და ბევრი უკრაინული ბრიგადა დასუსტებულია, ჯარისკაცთა საგრძნობი ნაწილის ასაკი კი 40-ს გადასცდა.

გვსურს, სწორედ გაგვიგოთ – უკრაინას საკმარისი ქვეითი რესურსი აქვს, მაგრამ პრობლემა პოლიტიკურია. ორჭოფობა, მობილიზაციის მოუქნელი სისტემა და მრავალთვიანი დებატები, სანამ მობილიზაციის ახალ კანონს მიიღებდნენ. ეს კანონები სამხედრო მოსამსახურის ასაკის შემცირებას ითვალისწინებს, რაც გასაწვევ რესურსს გაზრდის; დააწესებს პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც თავის არიდებას ცდილობს; წაახალისებს მოხალისეებს და ზოგიერთ მსჯავრდადებულს დართავს ნებას, სამხედრო სამსახურში ჩაეწერონ. პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ ქვეითთა დანაკლისს შეავსებენ, მაგრამ ბევრი რამ ამ კანონების პრაქტიკულ აღსრულებაზეა დამოკიდებული. ვითარების გაუმჯობესებას, როგორც არ უნდა იყოს, თვეები დასჭირდება.

ვინაიდან უკრაინის მხარეს ქვეითთა და საბრძოლო მასალის დეფიციტია, საუკეთესო ნაწილები და ელიტური ქვედანაყოფები ფრონტის ერთი მონაკვეთიდან მეორეზე გადაჰყავთ. ეს არის მეხანძრის ტაქტიკა, რაც უკვე გამოიყენეს ბახმუტთან და ავდიივკასთან, მაგრამ ეს ტაქტიკა ნიშნავს, რომ ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფებს დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ აქვთ. ამასთან, უკრაინა იძულებულია, მისი ბატალიონები დაანაწევროს, იმისთვის რომ ფრონტის ცალკეული მონაკვეთების დაცვა გააძლიეროს. ამ გზით მოკლევადიანი შედეგი მიიღწევა, მაგრამ გრძელვადიანი უკუშედეგი მოაქვს, რადგან ასეთი დანაყოფები დროთა განმავლობაში იფიტება.

ამის საპირისპიროდ, გასულ წელს რუსეთმა მოახერხა ცოცხალი ძალის პრობლემის მოგვარება და თვეში დაახლოებით 30’000 საკონტრაქტო მოსამსახურეს იმატებს[1]. ამ ახალწვეულთაგან ბევრი შორს არის იდეალური ჯარისკაცისგან და 40 წელს გადაცილებულია. მაგრამ ცოცხალი ძალის უპირატესობამ – არტილერიასთან, საჰაერო დრონებთან და პლანირებად ავიაბომბებთან ერთად, რუსეთს ხარისხობრივი უპირატესობაც მოუტანა.

თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთის უპირატესობა უცილობლად გადამწყვეტია. მისი ძალების დაბალმა ხარისხმა და დანაკარგებმა მეთაურთა შორის, რუსეთს უფრო ფართო მასშტაბის სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა შეუზღუდა. ამიტომ არის, რომ რუსები ვერ ახერხებენ შეტევა გადააქციონ უკრაინელთა დაცვის გარღვევად და არც საგრძნობი მიღწევები აქვთ. ამავე დროს, რუსეთიც განიცდის აღჭურვილობის დანაკლისს, ისინი მეტწილად საცავებიდან მოაქვს და 2025 წლისთვის სამხედრო ტექნიკის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

მაგრამ აშშ-ს დახმარების კანონპროექტის მიღების შემდეგაც კი, უკრაინას რთული წელი ელის. ამერიკულმა დახმარებამ უკრაინას მისცა დრო და მომარაგების გარანტია, რაც არსებული მდგომარეობის შენარჩუნების ან (უკეთეს შემთხვევაში) სამხედრო შეტევითი პოტენციალის აღდგენისთვის იქნება საკმარისი. ეს დახმარება არის საშუალება, მაგრამ მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გაკეთებას მოახერხებს დასავლეთი (რომლის როლიც გადამწყვეტია მომზადებაში, წვრთნაში, სადაზვერვო და სხვა სახის მხარდაჭერაში) და – როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს თავად უკრაინა.

თუ უკრაინა შეძლებს, შეაჩეროს რუსეთი წელს და არ გაატანოს მცირე მონაპოვარზე მეტი, მაშინ მოსკოვის შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და ის შედარებითი უპირატესობა, რაც ახლა აქვს, 2025 წელს გაქრობას დაიწყებს.

მაგრამ დასავლური აღჭურვილობა ერთადერთი არ არის – უკრაინას სჭირდება ძალების ეფექტური მართვა, ცოცხალი ძალის გრძელვადიანი დეფიციტის აღმოფხვრა და სათანადო თავდაცვითი ხაზები. უახლოეს თვეებში უკრაინას სჭირდება ერთდროულად ზრუნვა თავდაცვაზეც და ძალების აღდგენაზეც, ამიტომ ამ პერიოდში ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევთ.

©Michael Kofman,  Rob Lee – Russia Has Opened Up a New Front. What Comes Next? New York Times, May 16, 2024
©LV (ქართული თარგმანი, 2024)

Creative Commons License©Lord Vader. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ეს მონაცემი ბევრ დასავლელ თუ უკრაინელ სამხედრო მიმომხილველთან გვხვდება, თუმცა სხვების აზრით (მაგალითად – CIT) გაზვიადებულია და  რუსების რეგულარული

შევსება ბევრად მოკრძალებულია.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad