ავსტრიული სკოლის ანარეკლი მიწოდების ეკონომიკის სარკეში

ვრცელი პოსტის წაკითხვაში დრო რომ არ დაკარგოთ, დასაწყისშივე შევაჯამებ:
მიწოდების ეკონომიკა, ჩემი ხედვით, ავსტრიული სკოლის ნაწილია და ერთ-ერთი განშტოება. ამავე დროს, ჩემი ეს მოსაზრება უკიდურესად სპეკულაციურია და ალუბლის კრეფის მაგალითად გამოდგება. 😉

ავსტრიული სკოლის დამფუძნებელი კარლ მენგერია, დაფუძნების თარიღი – 1971 წელი, როდესაც მან „ეკონომიკის პრინციპები, ნაწილი პირველი“ (Grundsätze der Volkswirthschaftslehre, Erster, Allgemeiner Theil) გამოაქვეყნა. საქონლის ფასის თეორიაში მენგერმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა: განგვიმარტა ის, რაც ბევრს დღესაც არ ესმის – რატომ ღირს (ხოლმე) ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა ფასი? რატომ არ განსაზღვრავს საქონლის ფასს მისი წარმოებისას გაწეული ხარჯი? რა მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ აღქმას საქონლის ღირებულების განსაზღვრისას? რატომ არის ალმასი წყალზე უფრო ძვირი, როდესაც წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელია, ალმასი კი – არა? რატომ აღემატება რომელიმე სპორტსმენის ანაზღაურება მეხანძრის ანაზღაურებას, როდესაც მეხანძრეს ჩვენი ქონებისა და სიცოცხლის ხსნა შეუძლია? მენგერი არ ყოფილა პირველი, ვინც მსგავს შეკითხვებს უპასუხა, მაგრამ პირველი იყო, ვინც მკაფიოდ, მარტივად და დამაჯერებლად გვითხრა: საქონლის ფასის დადგენისას, „ობიექტურ“ მონაცემზე ბევრად მნიშვნელოვანი სუბიექტური განწყობა და აღქმაა. საქონელს „ობიექტური“ ფასი რომ ჰქონდეს, თანაბარი იქნებოდა „აქ“ და „იქ“ (თითქმის თანაბარი – ტრანსპორტირების და განბაჟების ნამატის გათვალისწინებით), მაგრამ ფასი სუბიექტურად ცვალებადია დროსა და სივრცეში.

მაგალითად, როდესაც ესპანელმა კონკისტადორებმა და ინდიელებმა შუშისა და ოქროს ნაკეთობები გაცვალეს – ეს გაცვლა, ორივე მხრის აზრით, თანაბრად ფასეული იყო, რაკი ინდიელებისთვის ოქროს ის ფასი არა ჰქონდა, რაც კოლუმბისთვის მაშინ და ჩვენთვის – დღეს.

„თუ ცრუმორწმუნე კულტურის ხალხს შეცდომით სჯერა, რომ ძაღლყურძენას ფესვს სამკურნალო თვისებები აქვს, ის ბაზარზე ძალიან მაღალ ფასს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ „ნამდვილი“ ღირებულება არ აქვს. მეორეს მხრივ, ნედლი ნავთობით მდიდარი მიწის ნაკვეთი შედარებით იაფი იქნებოდა 1800 წელს, რადგან იმ დროს ნავთობს ის გამოყენება არ ჰქონდა, რაც მე-20 საუკუნეში. მაგრამ მისი სამომავლო ფასი რომ სცოდნოდათ, ეს ამბავი მე-19 საუკუნეშივე გააძვირებდა ნავთობიან მიწას. ჩემს მიერ მოტანილი ორი მაგალითი ცხადყოფს – სწორედ მომხმარებლებისა და მწარმოებლების მოლოდინები და ქმედებები ადგენენ საბაზრო ფასებს. ნებისმიერ „ობიექტურ“ მონაცემს მხოლოდ ირიბი გავლენა აქვს – ახალი ვითარება ჯერ ვიღაცამ უნდა გაიაზროს და შესაბამისად შეცვალოს საკუთარი ქცევა,“- წერს მიწოდების ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ართურ ლაფერი[1].

საქონლის ღირებულებას განსაზღვრავს მოთხოვნა და ადამიანის არჩევანი. „ღირებულების დამდგენი ადამიანის გონებაა“, – როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი და მკვლევარი სთივენ ჰორვიცი ამბობს[2].

„ადამიანები გადაწყვეტილებებს „ზღვარზე“ იღებენ. ამით აიხსნება კლასიკური „წყლისა და ბრილიანტის პარადოქსი“: თუ წყალი ასეთი აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის, მაშინ როცა ბრილიანტები, უბრალოდ, უსარგებლოა, რატომ არის ბრილიანტი წყალზე ძვირი? პასუხი ისაა, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები ზღვრულ სარგებელს ეფუძნება. არვინ აკეთებს არჩევანს „წყალსა“ და „ბრილიანტს“, როგორც ორ აბსტრაქტულ კატეგორიას შორის – ყოველდღიურ ცხოვრებაში ფაქტობრივი არჩევანი წყლის კონკრეტულ ერთეულსა და ბრილიანტის კონკრეტულ ერთეულს შორის კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალი, ზოგადად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისი შედარებითი მარაგი იმდენად დიდია, რომ (ჩვეულებრივ ვითარებაში) ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია, დათმოს ერთი ერთეული წყალი, ვიდრე – ერთი ერთეული ბრილიანტი. სხვათა შორის, ეს პრინციპი განმარტავს, რატომ აღემატება პროფესიონალი სპორტსმენების ანაზღაურება სკოლის მასწავლებლების ან მეხანძრეების ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთა მომსახურება აშკარად უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. კონკრეტული პროფესიონალი სპორტსმენის მიერ შექმნილი საქონელი უფრო ცოტაა და, შესაბამისად, უფრო მაღალი ფასიც აქვს ბაზარზე, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის ან მეხანძრის მომსახურებას.
ფორმალურ წესს, რაც ყოველივე ზემოთქმულს ხსნის, ეწოდება კანონი ზღვრული სარგებლის შემცირების შესახებ. ადამიანები საქონელს მათი ზღვრული (და არა აბსოლუტური) სარგებლის მიხედვით აფასებენ, ამასთან, ეს ზღვრული სარგებელი საქონლის მიწოდების ზრდის კვალდაკვალ მცირდება. საქონლის პირველ ერთეულს ადამიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად იყენებენ – ეს რაციონალური ქცევაა. მაგალითად: პირველ ლიტრ წყალს – წყურვილის მოსაკლავად, ყოველ შემდეგ ერთეულს კი ნაკლები მნიშვნელობის მიზნებისთვის – მეოცე ლიტრი წყლით დაბანა შეიძლება, მეათასე ლიტრი კი მანქანის გასარეცხადაც არ დაგვენანება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს პრინციპი ხსნის წყლის დაბალ საბაზრო ფასს – მისი მარაგი (ადამიანების საჭიროებებთან შედარებით) იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ერთი ცალკე ლიტრის დაღვრა შეიძლება ისე, რომ ადამიანის ბედნიერებას ბევრი არაფერი მოაკლდეს[3],“ – განმარტავს ლაფერი.

მენგერი ე.წ. „მარჟინალისტური რევოლუციის“ – ზღვრული სარგებლიანობის თეორიის ერთ-ერთი ავტორია, თუმცა, მსგავს მოსაზრებებს ფრანგული ლიბერალური ეკონომიკური სკოლის წარმომადგენლები რიშარ კატიონი (კანტილიონი), ჟაკ ტიურგო და ფრედერიკ ბასტიაც გამოთქვამდნენ – არცაა გასაკვირი, ავსტრიული სკოლა ბევრს დაესესხა ფიზიოკრატებსა და laissez-faire ეკონომისტებს. შეიძლება ითქვას, ავსტრიული სკოლის ფესვები ფრანგული ლიბერალური სკოლის ნიადაგშია, იქიდან იკვებება.

ვფიქრობ, ყველა დაგვეთანხმება (თუნდაც, ჯეროვნად არ აფასებდეს ფრედერიკ ბასტიას, როგორც გამორჩეულ ეკონომიკურ თეორეტიკოსს) – ის გენიალური პუბლიცისტი იყო, იოზეფ შუმპეტერის თქმით: “ყველაზე ბრწყინვალე ეკონომიკური ჟურნალისტი, ვისაც ოდესმე უცხოვრია”. ფრედერიკ ბასტიას რჩეული თხზულებების კრებულს უკეთესად ვერც შევაფასებთ. ჩემს ნათქვამს ყველაზე საუკეთესოდ ადასტურებს ამ კრებულის პირველი ესეის სახელგანთქმული სათაური: “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია პოლიტიკურ ეკონომიკაში!” არავის, არასდროს განუცხადებია უფრო მკაფიოდ და სხარტად, სულ ერთი ფრაზით, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრესი სირთულე და, მსურს, დავამატო – გადამწყვეტი არგუმენტი ეკონომიკური თავისუფლების სასარგებლოდ. სწორედ ამ რამდენიმე სიტყვაში შეკუმშულმა იდეამ მომცა უფლება, უშიშრად გამომეყენებინა სიტყვა „გენიოსი“ ჩემი წერილის დასაწყისშივე. ფრედერიკ ბასტიას ეს ტექსტი იმ ყაიდისაა, რომლის დახმარებით ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკის მთელი სისტემის განმარტება შეგვიძლია.
ფრიდრიხ ჰაიეკი – ფრედერიკ ბასტიას შესახებ.

კარლ მენგერის წიგნის გამოცემიდან ერთი საუკუნის შემდეგ, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა ნობელის პრემია მოიპოვა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ავსტრიული სკოლის ხსენებისას დღეს სწორედ ჰაიეკი გვახსენდება ხოლმე. ამერიკელი ფილოსოფოსი რობერთ ნოზიქი, რომელიც მინარქიზმის – მინიმალისტური „ღამის გუშაგი“ სახელმწიფოს იდეის ერთ-ერთი ავტორია, სტუდენტობისას სოციალისტურ იდეებს მისდევდა, მაგრამ, ავსტრიული სკოლის ზეგავლენით, ფერი იცვალა. განაცხადა, რომ ფონ ჰაიეკის „თავისუფლების კონსტიტუციის“ (The Constitution of Liberty) საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ იპოვა, რაც შემობრუნების წერტილად იქცა. „ანარქია, სახელმწიფო და უტოპია“ (Anarchy, State, and Utopia) ნოზიქის მთავარი ნაშრომია, სადაც თავისუფალი ბაზრის და მინიმალისტური სახელმწიფოს იდეას ავითარებს. ამტკიცებს, რომ ამ ფუნქციების მიღმა სახელმწიფო მოძალადე და ამორალური ხდება[4].

თინქ-თენქი Austrian Institute ასე განმარტავს ავსტრიელთა განსხვავებას ქეინზიანური და სხვა დირიჟისტულ-ეტატისტური ეკონომიკებისგან – ავსტრიული სკოლა ცდილობს ეკონომიკური ურთიერთობების არსს ჩასწვდეს, გაითვალისწინოს ადამიანთა ბუნება და განწყობა, არ შემოიფარგლოს სქემატური, მომეტებულად მათემატიკური მოდელებითა და „უნივერსალური“ ჩარჩოებით. ადამიანი ბევრად უფრო რთული ფენომენია იმისთვის, რომ მისი ქცევის „ლოგარითმული სახაზავით“ გაზომვა შეიძლებოდეს.

ავსტრიული სკოლა ფოკუსირებულია ბაზარზე, საბაზრო მექანიზმებზე, ბაზრის ბუნებრივ მოთამაშეებზე (სადაც მთავრობა არაბუნებრივი მოთამაშეა და დოვლათს ვერ ქმნის), მოთხოვნასა და მიწოდებაზე, განწყობისა და გემოვნების ცვლილებებზე. ავსტრიულმა სკოლამ აჩვენა – ბაზარი არ არის ქაოსური და არ საჭიროებს ხელოვნურ მართვასა და რეგულირებას, ბაზარი, ბიუროკრატების ჩარევის გარეშე, იმართება უხილავი ხელით. ბაზარი არის ადამიანებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და გაცვლა – კერძო ინტერესი და ხეირის ძებნა უბიძგებს ადამიანებს, ითანამშრომლონ და გაცვალონ[5]. მოთხოვნა და მიწოდება მუდამ ეძებენ და მუდამ პოულობენ(!) ბალანსს. თავისუფალ ბაზარზე ფასი ყოველთვის გაწონასწორებულია, რაც კრიზისის დაძლევის და ეკონომიკური ზრდის საშუალებას იძლევა. ეს არის კანონი, რომელზეც საბაზრო ეკონომიკა დგას და რომელიც მისი ავტორის – უდიდესი ფრანგი ლიბერალი ეკონომისტის ჟან-ბატისტ სეის სახელს ატარებს[6].

კლასიკური, იგივე ავსტრიული მიდგომა გულისხმობს, ამოვხსნათ ადამიანის ქცევა ლოგიკის გამოყენებით. ავსტრიული სკოლის წარმომადგენლები ამას პრაქსეოლოგიას – ადამიანთა ქცევის შესწავლას უწოდებენ.
პრაქსეოლოგია სამ ძირითად აქსიომაზე, სამ ჭეშმარიტებაზე დგას, და ეს სამი, ფაქტობრივად, სრულიად ეკონომიკის ლოგიკური გასაღებია.
პირველი: ქმედებები ახსნადია
ადამიანები ბილიარდის ბურთები არ არიან – თუ რაღაცას აკეთებენ, საამისო მიზეზიც აქვთ. კერძოდ, სჯერათ, რომ ეს ქმედება მათ ცხოვრებას გააუმჯობესებს და ხეირს მოუტანს.
მეორე: ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან
ადამიანებს განსხვავებული უნარები აქვთ და განსხვავებული სურვილები ამოძრავებთ, რაც ნიშნავს, რომ ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთვაჭრობა მათთვის მომგებიანია.
მესამე: დასვენება სასიამოვნოა
ადამიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებენ სამუშაოს, თუ იქიდან მოგებას ელიან. შესაბამისად, არ არსებობს „ჩაგრული“ მუშა, თუკი, ცხადია, ძალადობით არ აიძულებენ, იმუშაოს.
Peter St Onge – What is Austrian Economics?

ავსტრიული სკოლის (ისევე როგორც მიწოდების ეკონომიკის) მთავარი და ყველაზე ვერაგი მოწინააღმდეგე, ცხადია, ჯონ მეინარდ ქეინზია. ამასთან, ქეინზი (მე ვინ ვარ, რომ შევაფასო, მაგრამ) მართლაც გენიოსია. ბასტიას დარი ლიტერატურული ნიჭის მქონე, წერს ისე, რომ წაკითხვა გსიამოვნებს. ძალაუნებურად ექცევი კოხტად ჩაწიკწიკებული, თაროებზე შემოწყობილი არგუმენტების გავლენის ქვეშ და მათი სიმძიმე გმარხავს. 🙂 ქეინზმა სცადა და მენგერის ფასწარმოქმნის თეორია და სეის კანონი თავდაყირა დააყენა. შემოგვთავაზა, ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორია და ბაზარზე კრიზისის დაძლევის უებარი რეცეპტიც დადო – სახელმწიფო ხარჯების ზრდის გზით მოთხოვნის (მოხმარების) გაზრდა.

მაგრამ „ჭარბი წარმოება“ და/ან „არასაკმარისი მოხმარება“ ვერასოდეს იქნება ხანგრძლივი დროით, თუკი ბაზარს ფასების თავისუფლად კორექტირების საშუალებას მივცემთ. პოლიტიკოსების მხრივ ბაზრის „გასწორების“ და „ნაკლოვანებების“ აღმოფხვრის მცდელობა, ხშირად, კრიზისს უფრო აღრმავებს. „ამრუდებს“, გზას ურევს, აბრკოლებს ბაზრის რეგულირების ბუნებრივ მექანიზმებს, როგორიცაა მოთხოვნა და მიწოდება, რაოდენობა და ფასი[7].

თავისუფალი ბაზარი გვიცავს დეფიციტისგან (=მაღალი ფასებისგან), მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ კრიტიკოსები.

რიჩარდ სალსმანი წერს: „რეცესია, ეკონომიკური სტაგნაცია, უმუშევრობა და კრიზისები წარმოიქმნება არა „ჭარბწარმოების“ (ან „უკმარი მოხმარების”) გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ძირს უთხრის საკუთრების უფლებებს, მანიპულირებს ფასებით, ხელს უშლის ბაზრების თვითდაწმენდას, აბრკოლებს ვაჭრობას და მოგებას, შემოსავალსა და კაპიტალზე ბეგარას აწესებს. სეის კანონი სხვას ცხადყოფს – მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ბაზარმა (მაგალითად, შრომის ბაზარმა) შეიძლება, დაკარგოს წონასწორობა, შეუძლებელია ყველა ბაზარი ჯამურად ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამასთან, თუ შრომით ბაზარზე მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, ეს პოლიტიკური დაბრკოლებებით არის გამოწვეული, როგორიც არის რეგულაციები, შეზღუდვები მინიმალურ ხელფასზე და, ერთდროულად, დამსაქმებლებსა დასაქმებულებზე დაწესებული გადასახადები.“ (სეის კანონი vs. ქეინზიანური ეკონომიკა)

ლაფერი, თავის მხრივ, მიმოიხილავს მთავრობის მიერ ბაზრის „ხარვეზების გასწორების“ სხვადასხვა მცდელობას და ასკვნის: „ეკონომიკურ თეორიას და ისტორიას დაკვირვებით თუ შეისწავლით, დასკვნა ნათელია: ბაზარში სახელმწიფოს ჩარევა ფლანგავს რესურსებს, აზიანებს მომხმარებლებს და, ხშირად, იმის საპირისპირო შედეგს აღწევს, რაც განცხადებული ჰქონდათ. დერეგულირებული ბაზარი დაბალი გადასახადებით ყველა მოქალაქის კეთილდღეობისა და კარგი ცხოვრების მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.“ (10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ)

ზრდასრული ადამიანი რაციონალური არსებაა, ქვეყანა კი ბაგა-ბაღი არ არის. შეცდომებს, ცხადია, ვუშვებთ და ყოველთვის ვერ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვესმოდეს – აღმზრდელ-ზედამხედველი მთავრობა, რომელიც თავზე გვადგას და ხელებში სახაზავს გვირტყამს, აქაოდა, შტეფსელში არ შეყოთ თითიო – არ გვჭირდება, მეტიც – ვერ გვიშველის.

„ინფორმაცია ყველა არსებული ვარიანტის შესახებ ხელმისაწვდომი ვერ იქნება. გაცვლა, რომელიც ერთი მხარის უცოდინარობის გამო წარმოიქმნება (ვთქვათ, ხელმისაწვდომი ფასების სრული სპექტრის არცოდნის მიზეზით) ბაზარს ახალ ინფორმაციას აწვდის, რადგან ერთის მიერ დაშვებულ შეცდომას მეორის მიერ მიღებული მოგება აღმოფხვრის. მაგალითზე გიჩვენებთ: დავუშვათ ვფიქრობ, რომ X საქონელი მხოლოდ $5 ღირს და ჯეროვნად ვერ ვიყენებ, მაშინ მოგების მიმღებ „ექსპლუატატორს“ შეუძლია, იყიდოს ჩემგან 5,05 დოლარად და უფრო ძვირად მიყიდოს სხვას, ვინც ამ საქონელს უფრო დააფასებს და მეტი სარგებლით გამოიყენებს,“ – წერს ავსტრიული სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამერიკელი ეკონომისტი მარიო რიზო. (შეკითხვები გაქვთ თავისუფალი ბაზრის მორალისტებისთვის? რამდენიმეს აქ ვუპასუხებ)

და აქ ხელახლა ვუბრუნდებით მენგერისეულ ფასწარმოქმნის თეორიას, რომელიც ადამიანების განსხვავებულ გემოვნებასა და აღქმას ემყარება. იმას, რომ ადამიანები, ზოგადად, განსხვავებულები ვართ, რასაც სრულად იზიარებს მიწოდების ეკონომიკაც.

დირჟისტ-ეტატისტები მთავრობას ბაზრის „ხარვეზის“ გამოსწორებას სთხოვენ, მათი მოსაზრებით სადღაც (ზეციურ დედამიწაზე?) არსებობს აბსოლუტური კონკურენცია, რომელიც მოდელად უნდა გამოვიყენოთ. ანტიმონოპოლიური რეგულაციებით გატაცება სწორედ ამ მოსაზრებას ეფუძნება.

ლაფერის თქმით, თავისუფალი ბაზრის სკეპტიკოსების „რეცეპტი მუდამ ერთია – ბაზრის ნდობა არ შეიძლება და ინოვაციური განვითარებისთვის გზის დაგება მხოლოდ პოლიტიკოსებს შეუძლიათ.“ (10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როდის „ჭედავს“ ბაზარი)

ავსტრიული სკოლის აზრით, კონკურენცია „ცდისა და აღმოჩენების გზას გადის“, ფასები არის ინდიკატორი, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს უგზავნის ნიშანს, რაც მათ აიძულებს, შეცვალონ ქცევა და ახალი გზები გამონახონ. მწარმოებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ ადაპტირება და მათი უნარის ეფექტური გამოყენება, თუკი ბაზარი თავისუფლად აწვდის ინფორმაციას: რა, სად, რამდენ საქონელზეა მოთხოვნა და – როდის. ეს პროცესი (თუკი ხელს არ შევუშლით) სულაც არ არის ქაოსური[8].

კონკურენცია მხოლოდ იქ მარცხდება, სადაც თეორიული და იდეალისტური საზომით წონიან და ამით ხელს უშლიან მხოლოდ. „ეკონომიკის ბევრ სფეროში, მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკა ხელს უშლის კონკურენციას, მიაღწიოს იმას, რასაც აღწევს იქ, სადაც თავისუფლად მუშაობს. სწორედ ამიტომ, უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ კონკურენცია თავისუფალი, ნაცვლად იმისა, რომ „სრულყოფილი“ კონკურენციის მიუღწეველი იდეალის მიხედვით გავასწოროთ“[9].

ფრიდრიხ ჰაიეკმა აღნიშნა, რომ კონკურენციის ის განმარტება, რაც სახელმძღვანელოებშია, ნაკლებ ესადაგება იმას, როგორ კონკურირებენ რეალური კომპანიები. ბიზნესში წინსვლის გზა გადის საუკეთესო პროდუქტის შექმნაზე, ხარჯების შემცირებაზე, ფასების შემცირებაზე ან ყველა ამ სტრატეგიის კომბინაციაზე. „სრულყოფილი კონკურენციის“ ეკონომიკური მოდელი აქედან არც ერთს ითვალისწინებს. სახელმძღვანელოს სცენარს მიღმა, აგრეთვე, რჩება პროდუქტის დიფერენციაცია და რეკლამა, რადგან, დაშვების თანახმად, ყველა გამყიდველი და მომხმარებელი საქონლის შესახებ სრულ ცოდნას ფლობს.
სრულყოფილი კონკურენციის ჰიპოთეტური მოდელით მეტისმეტი გატაცება ეკონომისტებს უბიძგებს, მოწყდნენ არსებულ სამყაროს და ტრივიალური საკითხების კვლევით დაკავდნენ. შედეგად, მათ წარმოსახვაში არსებული „გამართული“ ბაზარი რეალურს აცდენილია.
რეალური სამყაროს ბაზარი სრულყოფილებისგან შორს დგას, მაგრამ თავისუფალი ბაზრის თავისუფალი მოთამაშეები მუდმივად ეძებენ სიახლეებს და შემოაქვთ ცვლილებები, იმისთვის რომ უკეთ მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს, ანუ – ყველას ჩვენ. მაშინაც კი, თუ თავისუფალი ბაზრის გადაწყვეტილება არ არის საუკეთესო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთავრობა უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ არის აუცილებელი დაველოდოთ, სანამ ურემი გადაბრუნდება, რომ მივხვდეთ – მთავრობა ხშირად ვერ მიყვება სახელმძღვანელოში გაწერილ სტანდარტს.
ართურ ლაფერი – 10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როდის „ჭედავს“ ბაზარი

ფულის საბეჭდი მანქანა მეტისმეტად მძიმე და გამანადგურებელი იარაღია, იმისთვის, რომ მთავრობას ვანდოთ, ამიტომ ავსტრიის სკოლა ოქროს სტანდარტის დამცველია. მეტისმეტად აგრესიული მონეტარული პოლიტიკა და სახელმწიფო ვალის ზრდა ფულის მიმართ უნდობლობას აჩენს. ფული ისეთივე საქონელია, როგორც ყველა დანარჩენი და საპროცენტო განაკვეთს ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს – «პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ზეწოლის ჯგუფების ამბიციებისა და დოქტრინებისგან დამოუკიდებლად… ოქროს სტანდარტის საყოველთაოდ აღიარება, იმავდროულად, იმ ჭეშმარიტების აღიარებასაც ნიშნავს, რომ საბეჭდი მანქანის მეშვეობით საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია… ის, რასაც ექსპანსიონისტები ოქროს სტანდარტის ნაკლად აცხადებენ, მისი ყველაზე დიდი სარგებელი და უპირატესობაა – მთავრობის დაუოკებელი ინფლაციური ავანტიურების შეზღუდვის უნარი“[10]. ოქროს სტანდარტი არა მხოლოდ ნებას არ რთავს მთავრობებს, გაზარდონ ფულის მიწოდება, საერთაშორისო ვაჭრობასაც უწყობს ხელს, ვინაიდან გაცვლითი კურსით სპეკულაციას გამორიცხავს და ბიძგია მეტი ინტეგრაციისკენ.

ოქროს სტანდარტის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მხარდამჭერი მიწოდების ეკონომიკაა. მიწოდების ეკონომიკის წარმომადგენლები ვალუტის გაცვლითი კურსით მანიპულირების წინააღმდეგნი არიან და მხარს უჭერენ: განახლებულ ოქროს სტანდარტზე დაბრუნებას; მონეტარულ კავშირს ქვეყნებს შორის; სავალუტო საბჭოს (როდესაც ეროვნული ვალუტა უცხოურ ვალუტაზეა მიბმული); რომელიმე მყარი ვალუტის თავისუფალ მიმოქცევას; საერთაშორისო (მსოფლიო) ვალუტის შემოღებას.

ნობელის პრემიის ლაურეატი რობერთ მანდელი (რომელსაც ევროს „მამადაც“ მოიხსენიებენ) წერს: „მსოფლიოში 178 ფულადი ერთეულია. მცირე ვალუტათა დიდი ნაწილის კურსი მცოცავი და არასტაბილურია. კარგი იქნება, თუკი სახელმწიფოთა უმრავლესობა, ვისაც კავშირი აქვს დოლარის ან ევროზონასთან, საკუთარ ფულის ერთეულს ამ ვალუტებს მიაბამს მყარად.
დევალვაცია დასაქმების გაზრდისთვის კარგი ინსტრუმენტი ვერ არის. მომხრეთა არგუმენტი ფულის ილუზიას ემყარება და ქვეყანას ფულადი არასტაბილურობის მოლიპულ ვაკეზე მიუძღვება. დევალვაცია ზრდის ფასებს და ამცირებს რეალურ ხელფასებს, რაც, პოტენციურად, შრომაზე მოთხოვნას გაზრდის; მაგრამ როდესაც პროფკავშირები (ფულის ილუზიის ტყვეობიდან თუ დააღწიეს თავი) გაზრდილი ფასებისთვის კომპენსაციას მოითხოვენ და მათი ხარჯების შესაბამის კორექტირებას მოახდენენ ან, სულაც, წინასწარ განჭვრეტენ დევალვაციის შედეგებს და წინმსწრებად მიაღწევენ ხელფასების ზრდას, რეალური ხელფასის განაკვეთი უცვლელი დარჩება და დევალვაციის პოლიტიკა ვერ გამოიღებს შედეგს. საუკეთესო სცენარშიც კი, [სავალუტო კურსის] კორექტირება ფასების გაზრდას და მონეტარული სტაბილურობის რღვევას მოგვიტანს.
ევროზონის 11 ქვეყანას 11 განსხვავებული ბაზრის ნაცვლად კაპიტალის საერთო ბაზარი აქვს. გაცვლითი კურსის ჩაკეტვამ კაპიტალის სპეკულაციურ მოძრაობას მოუღო ბოლო… ევროზონა ფასების მოქნილობის ხელშემწყობი იქნება და, გაცვლითი კურსით მანიპულირების შეუძლებლობის პირობებში, პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად გადაიხრებიან დერეგულირებისა და ნაკლები კონტროლის სასარგებლოდ.” (Robert Mundell – One world, one money? Robert Mundell and Milton Friedman debate. Policy Options, May 1, 2001)

მენგერის წიგნი პოლიტიკოსებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ (ან – როგორ დარჩებოდათ), მაგრამ გადაათვალიერეს და გვერდზე გადადეს. პოლიტიკოსებს უყვართ მართვა, მათ შორის – ეკონომიკის. დირიჟიზმი პოლიტიკოსთა კრედოა. laissez-faire („თავი დაანებე“) უცხო ფილოსოფია – თუკი ქვეყანაში რაღაც მთავრობის ჩარევის გარეშე ვითარდება (და ვითარდება – უკეთ, ვიდრე ჩარევის დროს), რა საჭიროა (ამხელა) მთავრობა? სწორედ ამიტომ, ლიბერალური ეკონომიკური სწავლება – ავსტრიული სკოლა იქნება და/ან მიწოდების ეკონომიკა ახსენდებათ მაშინ, როცა თავს ზემოთ ძალა არაა და ბეციც კი ხედავს – მორევში ვიხრჩობით და თითოეული უვარგისი რეგულაციის „გამოსასწორებლად“ მიღებული ახალი რეგულაცია, მხოლოდ აუარესებს ყოფას[11].

Creative Commons License© Lord Vader. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.


___

P.S.
ამ პოსტში უფრო მეტი ჰაიეკი იყო (მის ცნობადობას, პოპულარობასა და ნობელის პრემიას ვეცი პატივი :)), ვიდრე მიზესი, თუმცა პირადად მე ავსტრიელთაგან ყველაზე მეტად ლუდვიგ ფონ მიზესი მიყვარს. მიზესი გამორჩეულად კარგად წერს – ოდნავ ზანტად, მაგრამ არა მოსაწყენად და დეტალებისა და ნიუანსებისადმი დიდი ყურადღებით. ლუდვიგ მიზესის „ლიბერალიზმი“ (Liberalism: The Classical Tradition. Liberty Fund, 2005) და „ყოვლისშემძლე მთავრობა“ (Omnipotent Government: The Rise of the Total State and Total War. Libertarian Press, 1985) ისევ ისე აქტუალურია (სამწუხაროდ) დღეს, როგორც გასული საუკუნის 20-იან და 40-იან წლებში, როდესაც დაწერა.

___
(1)ართურ ლაფერი – 10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა ღირს?

(2) Steven G. Horwitz – Austrian Economics: An Introduction. Cato Institute, 2020

(3)ართურ ლაფერი – 10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა არის ეკონომიკა?

(4)Robert Nozick – Anarchy, State, and Utopia. Basic Books, 1974
Friedrich A. Hayek – The Constitution of Liberty. The University of Chicago Press, 1960

(5)თუ როგორ მართავს ბაზარს “უხილავი ხელი”, ამაზე ლენარდ რიდს არაჩვეულებრივი წერილი აქვს – მე, ფანქარი

(6)სეის კანონი საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტია. უმნიშვნელოვანესია როგორც ავსტრიული სკოლისთვის, ისე – მიწოდების ეკონომიკისთვის. მის შესახებ ამ ბლოგზე სხვადასხვა ავტორის არაერთი წერილია, მაგალითად:
სთივენ ქეითსი – სეის კანონი
რიჩარდ ემ. სალსმანი – სეის კანონი vs. ქეინზიანური ეკონომიკა
რეიმონდ ჯეი ქითინგი – მოგზაურობა მიწოდების ეკონომიკის სამყაროში

(7)ბევრს, უმალ, “ახალი კურსი” ახსენდება ხოლმე, მაგრამ “ახალი კურსის” ქეინზიანური შეფასება ერთადერთი არ არის. დაინტერესებულ მკითხველს, შეუძლია, ჰაროლდ ელ. ქოულის და ლი ი. ოჰანიანის წერილსაც გაეცნოს – როგორ გააღრმავა მთავრობამ კრიზისი

(8)Friedrich A. Hayek – Competition as a Discovery Procedure. Quarterly Journal of Austrian Economics, Volume 5, No. 3, 2002

(9)Friedrich A. Hayek – Law, Legislation, and Liberty, The University of Chicago Press, 2021

(10)Ludwig von Mises – Human Action: A Treatise on Economics. Liberty Fund, 1996

(11)ართურ ლაფერი – რა გვასწავლა რეიგანომიკამ
ართურ ლაფერი, სთივენ მური, დითერ ჯეი თანასი – ევროპის კელტი ვეფხვი – ირლანდია
მაიქლ მანგერი – კაპიტალიზმმა იხსნა შვედეთი
დენიელ ჯეი მიჩელი – რა ამოძრავებთ მემარცხენეებს – სიხარბე თუ შური?

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad