ფირმის ბუნება

რონალდ ქოუსი

მთარგმნელის წინასიტყვაობა:
ნობელის პრემიის ლაურეატის, რონალდ ქოუსის გამოკვლევა „ფირმის ბუნების შესახებ“ ერთ-ერთი must have – must read ტექსტია (მცირე ზომის ტექსტთა შორის) ეკონომიკის ისტორიაში (ასეთი სხვაც მაქვს კიდევ ნათარგმნი – ფრედერიკ ბასტიას “პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს” და „იგავი გატეხილ ფანჯარაზე”; და ლენარდ რიდის „მე, ფანქარი“). ამ ტექსტმა საფუძველი ჩაუყარა „ახალი ინსტიტუციური ეკონომიკის“ სკოლას, რომელსაც, ქოუსის გარდა, ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი ჰყავს: დაგლას ნორთი, ალინორ ოუსთრომი, ოლივერ უილიამსონი. ამავე სკოლის წარმომადგენელია დარონ აჯემოლუც. და ჩიკაგოს სკოლის წარმომადგენელი ნობელიანტი ჯორჯ სთიგლერიც არ დგას ძალიან შორს. ნეო-ინსტიტუციონალისტები თანამედროვე ეკონომიკურ სისტემებში ინსტიტუციების როლსა და შეთანხმებათა მნიშვნელობას იკვლევენ. ადამიანები რაციონალური არსებები არიან, შესაბამისად, ბაზარიც რაციონალურობისკენ ილტვის, თუ პოლიტიკოსებმა რეგულაციებით არ აუბნიეს თავგზა. ქოუსის მიხედვით, თუკი საკუთრების უფლება შეუვალია, თუ ინსტიტუციური რისკები და ხარჯები ნულის ტოლია, თუ ბაზარზე არ არის ხელოვნური რეგულაციები და ბარიერები, საბაზრო ეკონომიკა ნებისმიერ რყევას და გარე ფაქტორთა ზემოქმედებას უძლებს (რაც „კორონას კრიზისის“ დროსაც დადასტურდა).

მე არცერთ პოლიტიკას უარვყოფ, იმ შედეგების გათვალისწინების გარეშე, რაც მოჰყვება ამ პოლიტიკას. თუ ვინმე იტყვის, რომ უნდა დააწესონ რეგულაცია, მე არ ვიტყვი, რომ ეს რეგულაცია იქნება ცუდი. მე ვიტყვი – მოდით, შევისწავლოთ, მაგრამ რაც აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ რეგულაციების უმეტესობას გაუარესება მოაქვს ახლაც და მოუტანია წარსულში. მიუხედავად ამისა, არ მსურს დავიჟინო, რომ ყველა სახის რეგულირებას მსგავსი ეფექტი ექნება, შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც სხვაგვარად მოხდება. რონალდ ქოუსი.
Reason, January 1997 Issue

ცხადია, ეს ყველა ბოლოსიტყვაობის სახითაც შემეძლო, დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რატომ ვარჩიე წინასიტყვაობა – აქედანვე მინდა, მკითხველი გავაფრთხილო: არიან ეკონომისტები, რომლებიც ისე ლაღად და სხარტად წერენ, ისე გასაოცრად გრძნობენ რიტმს, ნებისმიერ მწერალს შეშურდება. მწერლობა რომ აერჩიათ, ლიტერატურული პრემიის (თუნდაც – ნობელის) მოპოვებაც შეეძლოთ. ბევრია ასეთი: ბასტია, ჰეინე, ქეინზი, ფრიდმანი, ლაფერი, აჯემოლუ… მაგრამ ქოუსი სხვა ბანაკშია. 🙂 მისი წერის სტილი არის უფრო მძიმე, მშრალი და ბლანტი.
დაბოლოს, ტექსტში ხშირად გვხვდება ცნება „ფასების მექანიზმი“, რომელსაც ქოუსი იმ მნიშვნელობით იყენებს, როგორც ინსტიტუციურ ეკონომიკაში გამოიყენება მოგვიანებით დამკვიდრებული ტერმინი „ტრანზაქციის ხარჯი“. ტრანზაქციის ხარჯი უმნიშვნელოვანესი ტერმინია და მოიცავს ბაზარზე განხორციელებული გაცვლის (სავაჭრო გარიგების) ხარჯებს – რაც შეიძლება იყოს: ინფორმაციის მოძიების ხარჯი, მოლაპარაკების და ხელშეკრულების გაფორმების ხარჯი, ხელშეკრულების შესრულების კონტროლისა და, არშესრულების შემთხვევაში, რეაგირების ხარჯი…

***

ეკონომიკურ თეორიას წარსულში ხშირი ზიანი მისდგომია იმის გამო, რომ საკუთარი ვარაუდების მკაფიოდ დასაბუთებას ვერ ახერხებდა. თეორიების დამუშავებისას, ეკონომისტებს ყურადღების მიღმა დარჩენიათ იმ ფუძის კვლევა, რომლებზეც თავიანთ თეორიებს აგებდნენ. მაგრამ ამგვარი კვლევა აუცილებელია არა მხოლოდ ბუნდოვანებისა და უსაგნო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც უცილობლად წარმოიშობა, როდესაც თეორიის ფუძე არ ვიცით, არამედ იმის გამოც, რომ ეკონომიკური მეცნიერება დაპირისპირებულ მოსაზრებათა საფუძვლების ყოველმხრივ განსჯასა და აწონაზე დგას.

მაგალითად, ვარაუდობენ, რომ ტერმინი „ფირმა“ ეკონომიკურ მეცნიერებას განსხვავებულად ესმის – ისე არა, როგორც „რიგითი ადამიანი“ იყენებს. [Joan Robinson, Economics is a Serious Subject, p. 12.]. რაკი თვალშისაცემია, რომ ეკონომიკური თეორია კვლევას იწყებს ფირმით და არა მთლიანად ინდუსტრიით [N. Kaldor, “The Equilibrium of the Firm,”Economic Journal, March, 1934], მით მეტად აუცილებელია, არა მხოლოდ მკაფიოდ განვმარტოთ ტერმინი „ფირმა“, არამედ გავარჩიოთ იმ „ფირმისგან“, რაც „რეალურ სამყაროშია“, იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი სხვაობა არსებობს. როგორც ქალბატონი რობინსონი აღნიშნავს: „ეკონომიკურ მეცნიერებაში ვარაუდთა ერთობლიობის მიმართ ორი შეკითხვა უნდა დავსვათ: დასაბუთებულია თუ არა? და ხომ არ არის რეალურ სამყაროს მოწყვეტილი?“ [Joan Robinson, Ibid., p. 6.]. თუმცა, აგრძელებს ქალბატონი რობინსონი, „ხშირად ისეც ხდება, რომ ვარაუდთა ერთი ნაკრები კარგად მორგებულია, მეორე კი – რეალისტური“. მაგრამ შესაძლოა, არსებობდეს თეორიები, სადაც ვარაუდები კარგად მორგებულიც არის და რეალისტურიც. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი „ფირმის“ განმარტება იქნება რეალისტური (ვინაიდან შეესაბამება იმას, რასაც რეალურ სამყაროში გულისხმობენ ამ ტერმინის ქვეშ) და, იმავდროულად, ეკონომიკური ანალიზის ჩვენს ხელთ არსებულ ორ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს მორგებულიც – ვგულისხმობ მარშალის მიერ შემუშავებულ ზღვრულ და ჩანაცვლების თეორიებს, რაც ერთობლიობაში ზღვრული ჩანაცვლების თეორიას[1] ქმნის. [J. M. Keynes, Essays in Biography, pp. 223–4.] ჩვენი განმარტება, ცხადია, უნდა შეესაბამებოდეს „ფორმალურ ურთიერთობებს, რომელთა ზუსტად განსაზღვრება შესაძლებელია.“ [L. Robbins, Nature and Significance of Economic Science, p. 63.]

I

სანამ ფირმის განმარტებას დავადგენთ, უკეთესი იქნება, ჯერ თუ ეკონომიკურ სისტემას განვიხილავთ, ისე, როგორც ეკონომისტებს ესმით. აქ სერ ართურ სალთერისეული აღწერა გამოგვადგება: „ნორმალური ეკონომიკური სისტემა თავისთავად მუშაობს. მიმდინარე ოპერაციები ცენტრალური კონტროლის გარეშე ხორციელდება და ცენტრალური ზედამხედველობა არ სჭირდება. ადამიანური საქმიანობისა და ადამიანის მოთხოვნილებების სრულ არეალში, მიწოდება მორგებულია მოთხოვნას, წარმოება კი – მოხმარებას. ეს პროცესი არის თავისთავადი, ცვალებადი და მგრძნობიარე.“ [D. H. Robertson, Control of Industry, p. 85; Professor Arnold Plant, “Trends in Business Administration,” Economica, February, 1932. Allied Shipping Control, pp. 16–17]. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სისტემა ფასების მექანიზმით იმართება, საზოგადოება კი, ამ მოდელში, ორგანიზაცია კი არ არის, არამედ – ორგანიზმი. [F. A. Hayek, “The Trend of Economic Thinking,” Economica, May, 1933]. როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკური სისტემა „თავისთავად მუშაობს“, არ ვგულისხმობთ, რომ ცალკეული ადამიანები არაფერს გეგმავენ. ისინი ცდილობენ, განჭვრიტონ და აარჩიონ შესაძლებლობათა შორის. ნამდვილად ასეა, რაკი სისტემა გაწონასწორებულია, მაგრამ თეორია ვარაუდობს, რომ რესურსების განაწილება ფასების მექანიზმზეა დამოკიდებული. ამიტომ, ეკონომიკური დაგეგმვის საწინააღმდეგო არგუმენტად ამბობენ, რომ იმის გაკეთებას ცდილობს, რაც ფასების მექანიზმმა უკვე გააკეთა. [F. A. Hayek, Ibid.].

მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სისტემის სერ ართურ სალთერისეული აღწერა მეტისმეტად არასრულია, ფირმის გადმოსახედიდან კი – უბრალოდ გამოუსადეგარი. მაგალითად, ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ წარმოების ფაქტორების[2] მათი სხვადასხვა ფორმით გამოყენების მიზნით ფასების მექანიზმი ანაწილებს.

კერძოდ: თუ A ფაქტორის ფასი X-ში უფრო მაღალია, ვიდრე Y-ში, A გადაეცემა Y-დან X-ს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ X და Y ფასები არ გათანაბრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა უპირატესობებიც არსებობს. თუმცა, რეალურ სამყაროში ბევრი სფეროა, სადაც ეს მექანიზმი ვერ მუშაობს და მუშა განყოფილება Y-დან განყოფილება X-ში შესაბამის ფასთა ცვლილების გამო კი არ გადადის, არამედ იმიტომ, რომ ასე დაავალეს. მათ, ვინც ეკონომიკურ დაგეგმვას იმ მიზეზით აკრიტიკებს, რომ პრობლემა ფასთა ცვლილებით გვარდება, შეიძლება ვუპასუხოთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში არსებული დაგეგმვა ზემოთ ნახსენები ინდივიდუალური დაგეგმვისგან საკმაოდ განსხვავებული ხასიათისაა და იმის მსგავსია, რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ ხოლმე ეკონომიკურ დაგეგმვას. ზემოთ მოყვანილ მაგალითს, ცხადია, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის მრავალ სფეროში ვხედავთ და არც ეკონომისტების ყურადღების მიღმა დარჩენილა. მარშალმა ორგანიზაცია წარმოების მეოთხე ფაქტორად შემოიყვანა; ჯეი ბი ქლარქმა მეწარმეს კოორდინატორის ფუნქცია მიანიჭა; პროფესორმა ნაითმა გვიჩვენა მენეჯერები, რომლებიც სწევენ კოორდინაციას; რობერთსონმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვპოულობთ „ცნობიერი ძალაუფლების კუნძულებს ამ არაცნობიერი თანამშრომლობის ოკეანეში, ვითარცა კარაქის ნამცეცებს დოს სათლში.“ [Ibid. p. 85.]. თუკი კოორდინაციას ფასების მექანიზმი ახდენს, რაში გვჭირდება ორგანიზაცია? რატომ არსებობენ ეს „ცნობიერი ძალაუფლების მქონე კუნძულები“? ფირმის საზღვრებს მიღმა, ფასების მექანიზმი ბაზარზე განხორციელებული გაცვლითი ოპერაციების მეშვეობით მართავს წარმოებას; მაგრამ ერთი ფირმის ფარგლებში საბაზრო გაცვლითი ოპერაციები გაუქმებულია და, ბაზრის რთული სტრუქტურისა და გაცვლითი ოპერაციების ნაცვლად, მაკოორდინირებელი როლი მეწარმეს აკისრია. სწორედ ის მართავს წარმოებას. [აქ და შემდგომ მე გამოვიყენებ ტერმინს „მეწარმე“ იმ პირის ან პირების აღსანიშნავად, რომლებსაც კონკურენტულ სისტემაში რესურსების განაწილების კუთხით ფასების მექანიზმის ადგილი უკავიათ]. ნათელია, რომ ეს არის წარმოების კოორდინაციის ალტერნატიული მეთოდები. მიაქციეთ ყურადღება: თუკი წარმოებას ფასების ცვლილება არეგულირებს, ის ყოველგვარი ორგანიზაციის გარეშეც იარსებებდა და კვლავ ჩნდება შეკითხვა – რატომ არსებობს ორგანიზაცია?

რასაკვირველია, ფასების მექანიზმის ჩანაცვლება სხვადასხვა მოცულობით ხდება. უნივერმაღის სხვადასხვა სექციების გამოყოფა ან შენობის სხვადასხვა ადგილას განლაგება შეიძლება განხორციელდეს როგორც რომელიმე მაკონტროლებელი ორგანოს მიერ, ასე იჯარის ფასების და კონკურენტული ტენდერის შედეგად. ბამბის მრეწველობაში მქსოველს შეუძლია იქირაოს ელექტროგენერატორი და ფართი, საქსოვი დაზგა და ნართი კი კრედიტით შეიძინოს [Survey of Textile Industries, p. 26.], მაგრამ წარმოების სხვადასხვა საშუალების ეს კოორდინაცია ფასების მექანიზმის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. ცხადია, „ვერტიკალური“ ინტეგრაციის მოცულობა, რომელიც ფასების მექანიზმს ანაცვლებს, ინდუსტრიიდან ინდუსტრიამდე და ფირმიდან ფირმამდე საგრძნობლად განსხვავდება.

ვფიქრობ, შესაძლებელია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ფირმის განმასხვავებელი ნიშანი ფასების მექანიზმის ჩანაცვლებაა. პროფესორი რობინსი აღნიშნავს, რომ ფირმის „გარეთ არსებული ფარდობითი ფასებისა და ხარჯების ქსელთან“ კავშირი შენარჩუნებულია [L. Robbins, Ibid. p. 71], მაგრამ საჭიროა ამ ურთიერთკავშირის ზუსტი ბუნების დადგენა. ფირმაში რესურსების განაწილებასა და ეკონომიკურ სისტემაში არსებულ განაწილებას შორის სხვაობა ზუსტად აღწერა ბატონმა მორის დობმა, როდესაც კაპიტალისტის ადამ სმითისეულ შეფასებას განიხილავდა: „ნათლად გამოჩნდა, რომ იყო რაღაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ურთიერთობები თითოეულ ქარხანაში ან ცალკეულ ერთეულში, რომელსაც მეწარმე მართავს. გვაქვს მეწარმის ურთიერთობები დანარჩენ ეკონომიკურ სამყაროსთან, რომელიც მისი უშუალო საქმიანობის მიღმაა…. მეწარმე ფირმის შიგნით შრომის გადანაწილებით არის დაკავებული, გეგმავს და მართავს სრული შეგნებით“, მაგრამ „დაკავშირებულია ბევრად უფრო დიდ ეკონომიკურ სამყაროსთან, რომლის მხოლოდ მცირე, სპეციალიზებულ ერთეულს წარმოადგენს. ის მოქმედებს, როგორც დიდი ორგანიზმის ერთი უჯრედი და მეტწილად წარმოდგენა არ აქვს თუ რა როლს ასრულებს ყოვლისმომცველ სპექტაკლში.“ [Capitalist Enterprise and Social Progress, p. 20. Cf.; Henderson, Supply and Demand, pp. 3–5].

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები ფასების მექანიზმს საკოორდინაციო ინსტრუმენტად განიხილავენ, ისინი „მეწარმის“ საკოორდინაციო ფუნქციასაც აღიარებენ. რა თქმა უნდა, საყურადღებოა გამოვიკვლიოთ, რა შემთხვევაში ეკისრება კოორდინატორის როლი ფასების მექანიზმს და რა შემთხვევაში – მეწარმეს. ამ ნაშრომის მიზანია, შეავსოს ის ნაპრალი, რომელიც ეკონომიკურ თეორიაშია და გადოს ხიდი ორ ვარაუდს შორის, რომ რესურსები (გარკვეული მიზნებისთვის) ნაწილდება ფასების მექანიზმის საშუალებით და (სხვა მიზნებისთვის) მეწარმე-კოორდინატორის ნებით. ჩვენ უნდა ავხსნათ, თუ რა მიზეზით ეძლევა უპირატესობა ერთ ან მეორე არჩევანს.

[ადვილი შესამჩნევია, როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს, იტვირთოს რომელიმე მრეწველობის მართვა, იმის დაგეგმვას იწყებს, რასაც ადრე ფასების მექანიზმი ახერხებდა; მაგრამ ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი, საწარმოს განყოფილებებს შორის ურთიერთობების მართვისას, ასევე კისრულობს იმ როლს, რაც ფასების მექანიზმის მეშვეობით განხორციელდებოდა. ამიტომ ბატონმა დურბინმა (როდესაც უპასუხა მათ, ვინც ეკონომიკურ დაგეგმარებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდნენ), გამოთქვა მოსაზრება, რომ მსგავსი პრობლემები ბიზნესმენებმაც კონკურენტულ სისტემაში უნდა გადაწყვიტონ (იხ. „Economic Calculus in a Planned Economy“, Economic Journal, დეკემბერი, 1936 წ.). ამ ორ შემთხვევას შორის მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ ინდუსტრიისთვის ეკონომიკური დაგეგმვა თავს მოხვეული ვალდებულებაა, მაშინ როდესაც ფირმები ნებაყოფლობით იქმნება, რადგან წარმოების ორგანიზების უფრო ეფექტურ მეთოდს განასახიერებენ. კონკურენტულ სისტემაში არსებობს დაგეგმვის “ოპტიმალური” მოცულობა!]

II

ჩვენი ამოცანაა, ვცადოთ, გავარკვიოთ – რატომ ჩნდება ფირმა სპეციალიზებულ გაცვლით ეკონომიკაში. ფასების მექანიზმი (მხოლოდ რესურსების გამანაწილებლად თუ განვიხილავთ) იმ შემთხვევაში შეიძლება ჩანაცვლდეს, თუ მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს, რაღაც სარგებელს მოიტანს. ასე იქნება, მაგალითად, თუ ერთნი სხვა ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობას ამჯობინებენ. ასეთი პირები ნაკლებ ანაზღაურებას დასჯერდებიან, რაკი გაჩნდება ვიღაც, ვინც უხელმძღვანელებს და ბუნებრივად წარმოიქმნება ფირმა. მაგრამ გადამწყვეტი მიზეზი ეს არ გვგონია, რადგან, უფრო ხშირად, საპირისპირო განწყობას ვხედავთ და ადამიანებს „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“[3] სურვილი ამოძრავებთ [Cf. Harry Dawes, “Labour Mobility in the Steel Industry,”Economic Journal, March, 1934 კვლევაში აღნიშნულია, რომ „მაღალი ანაზღაურების მქონე კვალიფიციური მუშა-ხელი ხშირად საცალო ვაჭრობასა და სადაზღვევო ინდუსტრიაში ინაცვლებს, ვინაიდან მათი სურვილია (და, ხშირად, ცხოვრების მთავარი მიზანიც) იყვნენ უფრო დამოუკიდებლები“, (p. 86)]. ცხადია, თუკი ვინმეს გაუჩნდება სურვილი, კი არ დაემორჩილოს, არამედ – იბატონოს, სხვებზე განახორციელოს ძალაუფლება, ასეთი ადამიანები მზად იქნებიან, დასჯერდნენ ნაკლებს, ოღონდ კი მართონ სხვები. მაგალითად, თანახმანი იქნებიან, სხვას გადაუხადონ იმაზე მეტი, ვიდრე ეს სხვა ფასების მექანიზმით მიიღებდა, ოღონდ კი ხელმძღვანელობა შეძლონ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იხდიან იმისთვის, რომ მართონ, ნაცვლად იმისა, რომ მართონ იმ მიზნით, რომ გამოიმუშაონ, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, სხვა ვითარება გვაქვს [თუმცა, არც მთლად ცარიელი ფანტაზიაა: პატარა მაღაზიის ზოგი მეპატრონე უფრო ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვიდრე მათი თანაშემწეები]. ფირმები ასევე შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც მყიდველები ფირმების მიერ წარმოებულ საქონელს ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე სხვა გზით შექმნილს. მაგრამ იმ სფეროებშიც კი, სადაც ასეთი კეთილგანწყობა მცირეა (თუკი საერთოდ არსებობს), მაინც არიან ფირმები [ბატონი შოვი აღნიშნავს, (G. F. Shove, “The Imperfection of the Market: a Further Note,”Economic Journal, March, 1933, p. 116, note 1), რომ ამგვარი კეთილგანწყობა გვხვდება, თუმცა კვლევაში მოყვანილი მაგალითები, ნათქვამის თითქმის საპირისპიროა], ჩანს, სხვა მიზეზები უნდა მოვძებნოთ.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ფირმის დაარსება მომგებიანია, როგორც ჩანს, ფასების მექანიზმის ხარჯიანობაა. ის რაც ზედაპირზეა – ფასების მექანიზმის გამოყენებით წარმოების „ორგანიზების“ მთავარი ხარჯი შესაბამისი ფასების დადგენაა [N. Kaldor, “A Classificatory Note of the Determinateness of Equilibrium,”Review of Economic Studies, February, 1934. სტატიკური თეორიის ერთ-ერთი ვარაუდია, რომ „ყველა შესაბამისი ფასი ყველა ინდივიდისთვის არის ცნობილი“. მაგრამ ეს ძნელად შეესაბამება რეალურ სამყაროს]. აღნიშნული ხარჯი შეიძლება შემცირდეს, თუკი გამოჩნდებიან სპეციალისტები, ვინც ინფორმაციას გაყიდიან, მაგრამ სრულად მაინც ვერ გაქრება. ამასთან, მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების გაფორმების ხარჯიც სათვალავშია მისაღები, ყოველ ჯერზე, როდესაც ბაზარზე გარიგება და გაცვლა განხორციელდება [ამას, კაპიტალიზმის განვითარებაზე მსჯელობის დროს, ყურადღება მიაქცია პროფესორმა აშერმა: „ნახევარფაბრიკატების თანმიმდევრობით ყიდვა-გაყიდვა ენერგიის ფუჭი ხარჯვა იყო“. (Introduction to the Industrial History of England, p. 13). მაგრამ შემდგომ აღარ განავითარა ეს მოსაზრება და არ უცდია პასუხი შეკითხვაზე: რა მიზეზია, რომ ჯერ ისევ არსებობს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები]. ზოგიერთ ბაზრებზე (სასაქონლო ბირჟები) ხელშეკრულების დადების ხარჯი მინიმუმამდე მცირდება, მაგრამ ვერ განულდება. ცხადია, ხელშეკრულების აუცილებლობა არც ფირმის შექმნის შემთხვევაში ქრება, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირდება. წარმოების ფაქტორი (ან – მფლობელი) არ აფორმებს ხელშეკრულებებს იმ ფაქტორებთან, რომლებთანაც ფირმის ფარგლებში თანამშრომლობს, მაგრამ ეს თანამშრომლობა ფასების მექანიზმის მუშაობის შედეგი რომ ყოფილიყო, ხელშეკრულებათა დასტა დასჭირდებოდა, ახლა კი ამ დასტას ერთი კონტრაქტი ანაცვლებს. აქ იმ ხელშეკრულების რაობაზეც უნდა ვთქვათ, რომელიც ფირმასა და წარმოების ფაქტორს შორის უნდა გაფორმდეს. განსაზღვრული (ფიქსირებული ან ცვალებადი) ანაზღაურების სანაცვლოდ, ფაქტორი გამოთქვამს თანხმობას, დაემორჩილოს მეწარმის მითითებებს მოცემულ საზღვრებში. [მეწარმის შეუზღუდავ უფლებამოსილებაზე შეთანხმებაც შესაძლებელია, რაც ნებაყოფლობითი მონობა იქნებოდა, მაგრამ პროფესორ ბათის თანახმად (The Law of Master and Servant, p. 18), ასეთი ხელშეკრულება იქნება ბათილი და იურიდიული ძალის არმქონე]. ამგვარი ხელშეკრულების არსია, განსაზღვროს მეწარმის უფლებამოსილების ჩარჩო და მეწარმემ ამ საზღვრებში განახორციელოს წარმოების სხვა ფაქტორების მართვა.

თუმცა, ფასების მექანიზმის გამოყენებას სხვა უარყოფითი მხარე (ხარჯი) აქვს. შესაძლოა, რომელიმე ნივთის ან მომსახურების მიწოდებისთვის გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება იყოს სასურველი. ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენიმე, ხანმოკლე ვადით მოქმედი ხელშეკრულების ნაცვლად, ერთი და ხანგრძლივი ვადით მოქმედი ხელშეკრულების დადება, ცალ-ცალკე კონტრაქტების გაფორმების ხარჯს აგვარიდებს. სხვა მიზეზიც არის – რისკის გათვალისწინებით, დაინტერესებულმა მხარეებმა შესაძლოა გრძელვადიანი ხელშეკრულება ამჯობინონ მოკლევადიანს. მაგრამ, რაკი პროგნოზირება მით რთულია, რაც უფრო ხანგრძლივვადიანია ხელშეკრულება, საქონლის ან მომსახურების შემსყიდველისთვის ნაკლებ შესაძლებელია და ნაკლებ სასურველიც, მიმწოდებელს განუსაზღვროს, როგორ უნდა იმოქმედოს. თავად მიმწოდებლისთვის, ეგებ, უმნიშვნელოა, რა გზით იმოქმედებს, მაგრამ მყიდველისთვის – მნიშვნელოვანია. თუმცა, მყიდველმა წინდაწინ არ იცის, მიმწოდებლის რა სახის ქმედება იქნება მისთვის ხელსაყრელი. ამიტომ კონტრაქტი მხოლოდ ზოგადად განსაზღვრავს მისაწოდებელ საქონელსა და მომსახურებას და ზუსტი მონაცემები მოგვიანებით უნდა განისაზღვროს. ხელშეკრულება ადგენს ჩარჩოს, რომელშიც მოქმედებს საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელი, მაგრამ მყიდველი უფლებას იტოვებს მიწოდების დეტალები მოგვიანებით დააზუსტოს. როდესაც რესურსის განაწილება (კონტრაქტის ფარგლებში) მყიდველზეა დამოკიდებული, იმ ურთიერთობას ვიღებთ, რომელსაც “ფირმას” ვარქმევ [ცხადია, მკაფიო ხაზს ვერ გავავლებ, სად იწყება ფირმა, მხოლოდ ზოგად მიმართულებას გიჩვენებთ. ერთგვარად, იმ იურიდიულ საკითხს ჰგავს, როგორია პატრონისა და მოსამსახურის ურთიერთობა, ან – პრინციპალისა და აგენტის. ამ პრობლემას შემდგომ განვიხილავ]. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ფირმა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მიუღებელია მეტისმეტად მოკლევადიანი ხელშეკრულება. ცხადია, მომსახურების – შრომის შეძენის შემთხვევაში, ფირმის როლი უფრო წონადია, ვიდრე – საქონლის შესყიდვისას. საქონლის შეძენის დროს, ძირითადი პირობების შეთანხმება წინასწარ არის შესაძლებელი, რადგან დეტალები, რაც მოგვიანებით უნდა გადაწყდეს, უმნიშვნელოა.

გამოთქმული მოსაზრებები ასე შეგვიძლია, შევაჯამოთ: ბაზრის ფუნქციონირებას თავისი ხარჯი აქვს და ორგანიზაციის ჩამოყალიბებით და რესურსების მართვის უფლებამოსილების მასზე („მეწარმეზე“) გადაცემით, ამ ხარჯთა ნაწილი იზოგება. მეწარმის ამოცანაა, უფლებამოსილება განახორციელოს ნაკლები დანახარჯით, იმის გათვალისწინებით, რომ წარმოების ფაქტორთა ნაწილის უფრო დაბალ ფასად შეძენა შეუძლია, ვიდრე საბაზრო გაცვლის შემთხვევაში შეძლებდა; ამასთან, თუკი ვერ შეძლებს, ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, თავისუფალ ბაზარს მიმართოს.

ფირმის წონასწორობის შესწავლისას განსაკუთრებულად გამოყოფენ ცვალებადობის საკითხს. ცვალებადი გარემო აუცილებელია იმისთვის, რომ ფირმა გაჩნდეს. მაგრამ მკვლევრები, ვინც ფირმის განმასხვავებელ ნიშანზე – გადახდის მეთოდზე მიანიშნებენ (მაგალითად, პროფესორი ნაითი), აღნიშნავენ, რომ წარმოებაში მონაწილე პირთა ნაწილისთვის მეწარმის მიერ გარანტირებულია ფიქსირებული შემოსავალი, მაშინ როდესაც თავად მეწარმე დარჩენილ და ცვალებად შემოსავალს იღებს. ეს მხარე ჩვენს მიერ განხილული საკითხისთვის ნაკლები მნიშვნელობისაა და არ არის გადამწყვეტი. შესაძლებელია, რომელიმე მეწარმემ მისი მომსახურება განსაზღვრულ თანხად მიყიდოს სხვას, ფირმის თანამშრომლების ანაზღაურება კი მიღებული მოგების მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ტოლი იყოს [პროფესორ ნაითის მოსაზრებებს მოგვიანებით დავუბრუნდები]. საფუძვლიანია, ვიკითხოთ: რატომ არ ხდება რესურსების განაწილება უშუალოდ ფასების მექანიზმის გამოყენებით?

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაცვლითი ოპერაციები ბაზარზე და იგივე სახის გაცვლა ფირმის შიგნით მთავრობების ან მარეგულირებელი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოების მიერ განსხვავებულად ფასდება. მაგალითად, ტრანზაქციები ბაზარზე იბეგრება ბრუნვის გადასახადით, იგივე სახის ოპერაცია ფირმის შიგნით – არა. ვინაიდან გვაქვს „ორგანიზების“ ალტერნატიული გზები – ფასების მექანიზმით ან – მეწარმის მიერ, ხსენებული რეგულაცია წარმოშობს ფირმებს, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, არ ექნებოდათ raison d’etre[4].

სპეციალიზებულ გაცვლით ეკონომიკაში ესეც უზრუნველყოფს ფირმის გაჩენას. რა თქმა უნდა, რაკი ფირმები უკვე არსებობს, იმგვარი ზომა, როგორიცაა ბრუნვის გადასახადი, მათ გამსხვილებისკენ უბიძგებს. კვოტირება და ფასების კონტროლის მეთოდები (იმ სფეროში, სადაც ეს ნორმა არსებობს), არ ვრცელდება ფირმებზე, რომლებიც ამ სახის საქონელს საკუთარი საჭიროებისთვის აწარმოებენ. შესაბამისად, ვინც მართვას ახორციელებს ფირმის და არა ბაზრის მეშვეობით, უპირატეს მდგომარეობაშია და ხელშეწყობა აქვს, გაიზარდოს. მიუხედავად ზემოთქმულისა, ძნელი დასაჯერებელია, რომ სწორედ ამ ზომებმა შექმნა ფირმები. ეს ზომები, ცხადია, იქონიებდნენ გავლენას, ფირმები სხვა მიზეზების გამო რომ არ შექმნილიყვნენ.

ჩვენ ჩამოვთვალეთ მიზეზები, რის გამოც ორგანიზაციები, როგორიცაა ფირმები, არსებობს სპეციალიზებულ გაცვლით ეკონომიკაში, სადაც, ეკონომისტების ვარაუდით, რესურსების განაწილება ფასების მექანიზმით „იმართება“. ამრიგად, ფირმა არის ურთიერთობათა სისტემა, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც რესურსების განაწილება მეწარმეზეა დამოკიდებული.

აღნიშნული მიდგომა სასარგებლოა, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს, მეცნიერული შინაარსი შევძინოთ ნათქვამს, რატომ იზრდება ან მცირდება ფირმები. ფირმა იზრდება, როდესაც დამატებითი ტრანზაქციები (რომლებიც ფასების მექანიზმით კოორდინირებული გაცვლითი ტრანზაქციებია) მეწარმის მიერ არის ორგანიზებული და მცირდება, როდესაც მეწარმე ახალი ტრანზაქციების ორგანიზებისგან იკავებს თავს. ჩნდება კითხვა: შესაძლებელია თუ არა იმ ძალების გამოკვეთა, რომლებიც ფირმის ზომას განსაზღვრავს? რატომ არ ახორციელებს მეწარმე ერთი ტრანზაქციით მეტს ან – ნაკლებს? საყურადღებოა, პროფესორი ნაითის მოსაზრება:

კავშირი ეფექტურობასა და ზომას შორის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და, ქარხნის შემთხვევისგან განსხვავებით, მკაფიო და საყოველთაო ხასიათის პრინციპების ნაცვლად, პიროვნებისა და ისტორიული შემთხვევითობის საკითხია. მაგრამ ეს საკითხი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მონოპოლიური მოგების შესაძლებლობას ქმნის და მძლავრი სტიმულია ფირმის უწყვეტი და შეუზღუდავი ექსპანსიისთვის. საჭირო ხდება ამ ძალის თანაბარი ძალით დაბალანსება, რომელიც, ზრდის პარალელურად, შეამცირებს ეფექტურობას (ფულადი შემოსავლის წარმოების კუთხით), იმისთვის რომ კონკურენციის დამცავმა ზღუდეებმა იარსებოს.
Frank H. Knight. Risk, Uncertainty and Profit, Preface to the Re-issue, London School of Economics Series of Reprints, No. 16, 1933.

როგორც ჩანს, პროფესორი ნაითი მიიჩნევს, რომ ფირმის ზომის განმსაზღვრელი ფაქტორების მეცნიერულად განხილვა შეუძლებელია, მაგრამ ფირმის ბუნების იმ კონცეფციის საფუძველზე, ზემოთ რომ წარმოვადგინეთ, ახლა შევეცდებით, ამ ამოცანას გავართვათ თავი.

ვარაუდობენ, რომ ფირმების შექმნას, პირველ ყოვლისა, საბაზრო ხარჯები განაპირობებს. ჩნდება კითხვა (პროფესორ ნაითის მიერ მონოპოლიებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება რომ გვერდით გადავდოთ): თუ ფირმის ორგანიზებით ხარჯებისა და წარმოების ღირებულების შემცირებაა შესაძლებელი, რატომღა არსებობს საბაზრო გარიგება? [საბაზრო ხარჯთა ნაწილის გაუქმება მხოლოდ „მომხმარებლის არჩევანის“ გაუქმებით არის შესაძლებელი – ასეთია საცალო ვაჭრობის ხარჯები. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვითარება, როდესაც ეს ხარჯები იმდენად მაღალია, რომ ხალხი საქონლის ნორმირებულ განაწილებას თანხმდება და დამატებითი ულუფის მიღება არჩევანის დაკარგვად უღირს]. რატომ არ შეიძლება, მთელი ინდუსტრია ერთი დიდი ფირმის ხელში აღმოჩნდეს? ჩანს, რამდენიმე ხელშემშლელი მიზეზია.

პირველი: ფირმის ზრდის პარალელურად, შეიძლება შემცირდეს სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული ამონაგები, სხვა სიტყვებით, ფირმის შიგნით დამატებითი ტრანზაქციის ორგანიზების ხარჯი გაიზრდება [ეს ვარაუდი გულისხმობს, რომ ბაზარზე გაცვლითი ოპერაციები ერთგვაროვანია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ასე არ არის. ამ არგუმენტს შემდგომ გავითვალისწინებთ]. ცხადია, უნდა მივაღწიოთ წერტილს, როდესაც ფირმის შიგნით მორიგი ტრანზაქციის ორგანიზების ფასი გაუტოლდება ღია ბაზარზე გარიგების ან სხვა მეწარმის მიერ ტრანზაქციის ორგანიზების ხარჯს.

მეორე: ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის პარალელურად, შესაძლოა, მეწარმემ ვეღარ მოახერხოს წარმოების ფაქტორების იმგვარად ორგანიზება, რომ თითოეულის ეფექტურობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყოს, სხვა სიტყვებით – სარფიანად ვეღარ გამოიყენოს. ამ შემთხვევაშიც, უნდა მივაღწიოთ წერტილს, სადაც დანაკარგი რესურსების არაეფექტურად გამოყენების გამო, გაუტოლდება თავისუფალ ბაზარზე ტრანზაქციის ან სხვა მეწარმის მიერ გარიგების ორგანიზების ხარჯს.

დაბოლოს: საწარმოსთვის ერთი ან რამდენიმე ფაქტორის მიწოდების ხარჯი შეიძლება გაიზარდოს, რადგან მცირე ფირმის „სხვა უპირატესობები“ დიდი ფირმისას აღემატება [სხვადასხვა ზომის ფირმებისთვის წარმოების ფაქტორების მიწოდების ფასის ცვალებადობის შედარება იხილეთ E. A. G. Robinson, The Structure of Competitive Industry. ზოგჯერ აღნიშნავენ, რომ ფირმის ზომის ზრდის პარალელურად, ორგანიზების ფასიც იზრდება, რადგან ამ უნარის მქონე ადამიანებს მცირე და დამოუკიდებელი ბიზნესის მართვა ურჩევნიათ, ვიდრე – დიდი ბიზნესისა]. ცხადია, წერტილს, სადაც ფირმის გაფართოება წყდება, ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობაც განსაზღვრავს. პირველი ორი მიზეზი, სავარაუდოდ, შეესაბამება ვითარებას, რომელსაც ეკონომისტები ახასიათებენ, როგორც „მენეჯმენტის შემოსავლის შემცირებას[5][ეს დისკუსია, რა თქმა უნდა, შეკვეცილია და – არასრული. უფრო დეტალური განხილვისთვის იხილეთ N. Kaldor, “The Equilibrium of the Firm”, Economic Journal, March, 1934 და E. A. G. Robinson, “The Problem of Management and the Size of the Firm”, Economic Journal, 1934 June, 1934].

წინა აბზაცში აღვნიშნეთ, რომ ფირმა იზრდება მანამ, სანამ დამატებითი ტრანზაქციის ორგანიზების ხარჯი არ გაუტოლდება ამავე ტრანზაქციის ღია ბაზარზე განხორციელების ან სხვა ფირმის მიერ ორგანიზების ხარჯს, მაგრამ თუ ფირმა ზრდას შეწყვეტს იმ წერტილში, სადაც მისი დანახარჯი ღია ბაზარზე ტრანზაქციის ან სხვა ფირმის მიერ ორგანიზების ხარჯზე დაბალია, უმეტეს შემთხვევაში გარიგებასთან გვაქვს საქმე (გარდა „კომბინირების“ [ამ ტერმინს ქვემოთ განვმარტავთ] შემთხვევისა), რაც გულისხმობს, რომ ორი ფირმა ერთმანეთს გაურიგდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციის განხორციელება თითოეულს საბაზროზე ნაკლები ხარჯით შეეძლო. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პარადოქსი[6]?

მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითი მოვიხმოთ: A ყიდულობს პროდუქტს B-სგან, ამასთან, ორთავეს შეუძლიათ ეს გარიგება მის ამჟამინდელ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად განახორციელონ. ახლა დავუშვათ, რომ B წარმოების ერთ პროცესს ან ეტაპს კი არა, რამდენიმეს მართავს, თუკი A-ს საბაზრო გარიგების თავიდან აცილება სურს, მოუწევს B-ს მიერ კონტროლირებადი წარმოება სრულად საკუთარ თავზე აიღოს. ერთი ეტაპი მაინც თუ დარჩა A-ს კონტროლს გარეთ, საბაზრო გაცვლა მოუწევს (შესაძლოა, სხვა მომსახურების შეძენა მოუხდეს, ვიდრე იქამდე იძენდა). ზემოთ გამოვთქვით ვარაუდი, რომ ყოველი წარმოება ფართოვდება, სანამ არაეფექტური გახდება, მაგრამ ზრდის პარალელურად იზრდება დამატებითი ტრანზაქციის ორგანიზების ხარჯიც; ამიტომ სავარაუდოა, რომ B-ს მიერ ორგანიზებული ტრანზაქციების განხორციელება A-ს უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე ეს საქმე B-ს უჯდებოდა. სხვა სიტყვებით, A მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიერთებს B-ს ორგანიზაციას, თუ B-ის მიერ გაწეული ხარჯის და საბაზრო გარიგების ხარჯის ჯამი A-ს მიერ იგივე ტრანზაქციის განხორციელების ხარჯზე მაღალია. მაგრამ, თუკი საბაზრო ტრანზაქციის განხორციელება სარფიანია, უფრო მოგებიანი ხდება წარმოების განაწილება ისე, რომ დამატებითი ტრანზაქციის ორგანიზების ღირებულება ორივე ფირმაში თანაბარი იყოს.

აქამდე ვვარაუდობდით, რომ ფასების მექანიზმის მეშვეობით განხორციელებული საბირჟო ოპერაციები ერთგვაროვანია, მაგრამ, სინამდვილეში, არაფერია თანამედროვე სამყაროში განხორციელებულ რეალურ ტრანზაქციებზე უფრო მრავალფეროვანი. რაც ნიშნავს, რომ, როგორც ფასების მექანიზმის მეშვეობით განხორციელებული გაცვლითი გარიგებების ხარჯი, ასევე ფირმის შიგნით ტრანზაქციების ორგანიზების ხარჯი, საგრძნობლად განსხვავებულია. ამიტომ სავარაუდოა, რომ ფირმის შიგნით ზოგიერთი ტრანზაქციის ხარჯი, ზემოთ ხსენებული შემოსავლის შემცირების ფაქტორის გარეშეც, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ღია ბაზარზე გაცვლითი ოპერაციების განხორციელების ხარჯია. ამიტომ ღია ბაზარზე გარიგებები უცილობლად იარსებებს. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ერთზე მეტი ფირმის არსებობაც აუცილებელია? ცხადია – არა. ეკონომიკური სისტემის ყველა სფერო, სადაც რესურსების განაწილება ფასების მექანიზმზე არ არის უშუალოდ დამოკიდებული, შეიძლება მხოლოდ ერთი ფირმის მიერ იმართებოდეს. ყველა ფაქტორი, რაც უკვე განვიხილეთ, საგულისხმოა, თუმცა, ძნელი სათქმელია, რომელი გადაწონის – „მენეჯმენტის შემოსავლის შემცირება“ თუ ფაქტორების შესაძენი ფასის ზრდა.

სხვა თანაბარ პირობებში, ფირმა მით უფრო დიდი იქნება:

    (ა) რაც უფრო ნაკლებია ორგანიზების ხარჯები და უფრო ნელია ამ ხარჯების ზრდის სიჩქარე, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის პარალელურად;
    (ბ) რაც უფრო ნაკლებია მეწარმის მხრივ შეცდომის დაშვების ალბათობა და შეცდომების რაოდენობის მატება, ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის პარალელურად;
    (გ) თუ ფირმის ზრდის პარალელურად მცირდება (ან ნელი სიჩქარით იმატებს) წარმოების ფაქტორების მიწოდების ფასი.

    სხვადასხვა ზომის ფირმებისთვის წარმოების ფაქტორების მიწოდების ფასის ცვალებადობა გვერდით რომ გადავდოთ, ფირმის ზრდისა და ტრანზაქციების მრავალფეროვნების მატების პარალელურად მოიმატებს ორგანიზების ხარჯები და შეცდომების შედეგად მიღებული ზარალიც, რასაც დაემატება შესაბამისი ფასების ცვლილების ალბათობის ზრდაც [ამ პრობლემის ასპექტების მიმოხილვისთვის იხილეთ N. Kaldor, Ibid. და Е. A. G. Robinson, The Structure of Competitive Industry, გვ. 83–106, სადაც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ფასების ცვლილების ალბათობა ბაზარზე გაცვლითი ტრანზაქციის განხორციელების ღირებულებზე მეტად ფირმის შიგნით ორგანიზების ხარჯებს ზრდის]. რაც უფრო მეტი ტრანზაქციის ორგანიზება უწევს მეწარმეს, მით უფრო განსხვავებულია ამ ტრანზაქციათა ბუნება და ორგანიზების ადგილი, რაც, ცხადია, გასაგებს ხდის – ფირმის ზრდის პარალელურად რატომ მცირდება ეფექტურობა. ყველა გამოგონება, რომელიც ერთმანეთთან აახლოებს წარმოების ფაქტორებს და ამცირებს დისტანციას, ფირმის ზრდის ხელშემწყობია [როგორც ჩანს, სწორედ ამაშია ტექნოლოგიური ერთეულის კვლევის მნიშვნელობა E. A. G. Robinson, Ibid., p. 27–33. რაც უფრო დიდია ტექნოლოგიური ერთეული, მით მეტად კონცენტრირებულია წარმოების ფაქტორები და, შესაბამისად, უფრო დიდია ფირმა]. ცვლილებები, როგორიცაა კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები[7], სივრცეში ორგანიზების ხარჯებს ამცირებს და ზრდის ფირმის ზომას. ყველა ცვლილება, რომელიც მართვის შესაძლებლობებს აუმჯობესებს აგრეთვე ზრდის ფირმის ზომას. ყველა ცვლილება, რომელიც მართვის შესაძლებლობებს აუმჯობესებს აგრეთვე ზრდის ფირმის ზომას. [უნდა აღინიშნოს, რომ გამოგონებების უმეტესობა ცვლის როგორც ორგანიზების, ასევე ფასების მექანიზმის გამოყენების ხარჯებს. შესაბამისად, გამოგონებას შეუძლია ფირმას უბიძგოს როგორც გაზრდისკენ, ისე – შემცირებისკენ, იმის მიხედვით, თუ როგორია ზემოთ ნახსენებ ხარჯებზე ზემოქმედების თანაფარდობა. მაგალითად, თუ კომუნიკაციის ახალი საშუალებები ფირმის შიგნით ორგანიზების ხარჯებზე მეტად ფასების მექანიზმის გამოყენების ხარჯებს შეამცირებს – ფირმის ზომის შემცირებას შეუწყობს ხელს. ამ დინამიკურ ძალთა ილუსტრაცია მოცემულია წიგნში Maurice Dobb, Russian Economic Development, p. 68. „იძულებითი შრომის გაქრობამ ქარხნებს, როგორც ისეთ საწარმოს, სადაც შრომის ორგანიზება ზედამხედველის მათრახის ქვეშ ხდებოდა, დაუკარგა raison d’etre და ასე გრძელდებოდა 1846 წლამდე, როდესაც ელექტროტექნიკის დანერგვა დაიწყო“. აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, შინამეურნეობიდან ქარხნულ წარმოებაზე გადასვლა ისტორიული შემთხვევითობის შედეგად კი არ მომხდარა, ეკონომიკური ძალების მოქმედებამ განაპირობა. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ შესაძლებელია ქარხნული წარმოებიდან უკან შინამეურნეობაზე დაბრუნება და – პირუკუ, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ბატონყმობის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ იქ ფასების მექანიზმი არ მუშაობს, შესაბამისად, ითხოვს ორგანიზატორს, რომელიც ბრძანებებს გასცემს. თუმცა, როდესაც ბატონყმობა გაუქმდა, ფასების მექანიზმიც ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიამ მუშებს ერთ ადგილზე მოუყარა თავი და ფასების მექანიზმის ჩანაცვლება სარფიანი გახდა, გაჩნდა ფირმა].

    უნდა აღინიშნოს, რომ ფირმის განმარტება, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, ისეთი ტერმინების უკეთ განმარტებისთვისაც გამოდგება, როგორიცაა „კომბინაცია“ და „ინტეგრაცია“ [ინტეგრაციას ხშირად ეძახიან “ვერტიკალურ ინტეგრაციას”, კომბინაციას კი “ლატერალურ ინტეგრაციას”]. კომბინაციის დროს, ტრანზაქციებს, რომლებსაც ორი ან მეტი მეწარმე ახორციელებდა, ახლა ერთი მეწარმე ახორციელებს; ინტეგრაციის შემთხვევაში, ტრანზაქციები, რომლებიც ბაზარზე მეწარმეებს შორის ხორციელდებოდა, ახლა ფირმის შიგნით არის ორგანიზებული. ფირმას შეუძლია გაფართოვდეს რომელიმე ერთი ან ორივე გზით. მთლიანი „ინდუსტრიის კონკურენტუნარიანი სტრუქტურა“ ეკონომიკური ანალიზის მეთოდიკას ექვემდებარება.

    III

    პრობლემა, რომელზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ, ეკონომისტებს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებიათ, მაგრამ ახლა ის უნდა გავარკვიოთ, სპეციალიზებულ გაცვლით ეკონომიკაში ფირმის გაჩენის ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უპირატესია თუ არა აქამდე შემოთავაზებულ განმარტებებთან შედარებით.

    ზოგჯერ ამბობენ, რომ ფირმის არსებობის მიზეზი შრომის დანაწილებაში უნდა ვეძიოთ. კერძოდ, ასეთია პროფესორ აშერის შეხედულება, რომელიც საფუძვლად აიღო და განავრცო ბატონმა მორის დობმა. მისი თქმით, ფირმის წარმოშობა არის „შრომის დანაწილების მზარდად გართულებული პროცესის შედეგი…. ეკონომიკური დიფერენციაციის ზრდის კვალობაზე, ჩნდება გარკვეული ინტეგრაციული ძალის საჭიროება, რომლის გარეშეც დიფერენციაცია ქაოსში განიფანტება; ინდუსტრიული ფორმები დიფერენცირებულ ეკონომიკაში ინტეგრაციული ძალის როლს ასრულებენ.” [Ibid., p. 10.; პროფესორ აშერის შეხედულებები იხ. Introduction to the Industrial History of England, pp. 1–18]. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ნათელი პასუხი გვაქვს: „ინტეგრაციული ძალა დიფერენცირებულ ეკონომიკაში“ უკვე არსებობს – ეს არის ფასების მექანიზმი. ეკონომიკური მეცნიერების მთავარი მიღწევა, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენა – უსაფუძვლოა ვარაუდი, თითქოს სპეციალიზაციამ უნდა გამოიწვიოს ქაოსი. [იხ.. J. B. Clark, Distribution of Wealth, p. 19, სადაც ნათქვამია, რომ გაცვლის თეორია „ინდუსტრიული საზოგადოების ორგანიზების თეორიას” წარმოადგენს]. ამიტომ, ბატონი მორის დობის მიერ მოყვანილი მიზეზი უკუსაგდებია. ამოცანაა, ავხსნათ, რატომ ანაცვლებს ერთი ინტეგრაციული ძალა (მეწარმე) სხვა ინტეგრაციულ ძალას (ფასების მექანიზმს).

    ამ ფაქტის ასახსნელად, ყველაზე საყურადღებო (და, ალბათ, ყველაზე ფართოდ გაზიარებული) მიზეზები პროფესორმა ნაითმა ჩამოთვალა ნაშრომში Risk, Uncertainty and Profit. მის მოსაზრებას დეტალურად განვიხილავთ.

    პროფესორი ნაითი იწყებს იმგვარი სისტემის აღწერით, რომელშიც არ არის გაურკვევლობა:

    როდესაც ინდივიდები მოქმედებდნენ სრულიად თავისუფლად და საიდუმლო გარიგების გარეშე, ეკონომიკური ცხოვრების ორგანიზება მოახერხეს – შრომის პირველადი და მეორადი დანაწილებით, კაპიტალის მოხმარებით და ა.შ. რაც განვითარდა იმ დონემდე, როგორსაც დღევანდელ ამერიკაში ვხედავთ. საწარმოო ჯგუფების ან წარმოებების შიდა ორგანიზაცია უმნიშვნელოვანესია და მის აღსაქმელად მთელი ჩვენი წარმოსახვის უნარი გვესაჭიროება. თუკი არ არსებობს გაურკვევლობა და ყველა ინდივიდს ვითარების სრულყოფილი ცოდნა აქვს, არანაირი მიზეზი არ არის, გამოჩნდეს ძალა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საწარმოო პროცესის მართვაზე ან კონტროლზე. მეტიც, საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ ბაზარზე გარიგებებიც არ იარსებებდა. ნედლეულისა და მომსახურების მომხმარებლამდე მიტანა მოხდებოდა თავისთავად.
    Frank H. Knight. Risk, Uncertainty and Profit, p. 267.

    პროფესორი ნაითი ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ცვლილებათა წყება, როგორც “ექსპერიმენტების ხანგრძლივი პროცესის შედეგი, რომელმაც ცდისა და შეცდომების გზა გამოიარა“. არ უნდა “გვეგონოს, რომ ყველა მუშაკი სწორი და ზუსტი საქმით არის დაკავებული და დანარჩენებთან ‘ჰარმონიულ შეთანხმებაშია’. შესაძლოა, გამოჩენილიყვნენ მენეჯერები და კოორდინატორები სხვადასხვა ინდივიდთა საქმიანობის შესათანხმებლად“, თუმცა, პროფესორი ნაითი იქვე აღნიშნავს, რომ ამ მენეჯერთა ფუნქცია იყო წმინდად რუტინული, „ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“. [Ibid. pp. 267–8].

    შემდეგ განაგრძობს:

    ამ ედემის ბაღში გაურკვევლობის ვაშლს თუ შემოვიტანთ, როდესაც ინფორმაციას არ ფლობ და მოქმედებ ვარაუდით და არა – ცოდნით, დალაგებული ვითარება ამოყირავდება… როდესაც შრომას ემატება გაურკვევლობა, რამის კეთება მეორე რიგის ამოცანად გადაიქცევა – უპირველესია იმის განსაზღვრა, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ.
    Ibid. p. 268.

    გაურკვევლობის ფაქტორი აისახება სოციალური ორგანიზაციის ორ ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელზე:

    პირველ რიგში, საქონელი იწარმოება ბაზარზე მოთხოვნის მიუკერძოებელი პროგნოზის საფუძველზე და არ ეფუძნება თავად მწარმოებლის სურვილთა დაკმაყოფილებას. მწარმოებელი პასუხისმგებელია მომხმარებელთა სურვილების წინასწარ გამოცნობაზე. მეორე რიგში, პროგნოზირება და, იმავდროულად, წარმოების ტექნოლოგიური მართვისა და კონტროლის დიდი წილი მწარმოებელთა მცირე ფენის ხელშია და აქ ვხედავთ ახალ ეკონომიკურ მოთამაშეს – მეწარმეს (ანტერპრენერს)… გაურკვევლობის შემთხვევაში, იმის გადაწყვეტა, თუ რა უნდა აწარმოო და – როგორ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრივ წარმოება. საწარმოო ჯგუფების შიდა ორგანიზება მექანიკურ და უპიროვნო პროცესად ვერ დარჩება – აუცილებელია გადაწყვეტილებათა მიღებისა და მართვის ცენტრალიზაცია. ‘ცეფალიზაციის’ პროცესი არის გარდაუვალი.
    Ibid. pp. 268–95.

    ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება არის თავად:

    სისტემა, სადაც თავდაჯერებული და აზარტული ადამიანები რისკავენ თავად ან აზღვევენ მოჭოჭმანეებს და ფრთხილებს, როდესაც სთავაზობენ ამ უკანასკნელთ გარანტირებულ, განსაზღვრულ შემოსავალს, ფაქტობრივი შედეგის დათმობის სანაცვლოდ… ადამიანური ბუნებისთვის (ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ), შეუძლებელი თუ არა, მეტად უჩვეულო იქნებოდა, ერთ ადამიანს მეორისთვის შემოსავლის გარანტია მიეცა, თუკი, სანაცვლოდ, ამ მეორის შრომის მართვის უფლებას არ მოიპოვებდა. მეორე მხრივ, არც მეორე იქნება თანახმა, პირველის ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშაოს, თუ შემოსავლის გარანტია არ ექნება… სწორედ ამგვარი, მრავალმხრივი სპეციალიზაციის შედეგად იქმნება საწარმო და შრომის ანაზღაურების სისტემა. მათი არსებობა გაურკვევლობის ფაქტორის მოქმედების პირდაპირი შედეგია.
    Ibid. pp. 269–70.

    ეს ციტატები კარგად ასახავს პროფესორ ნაითის თეორიის არსს. გაურკვევლობის ფაქტორი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მომავალში არსებულ მოთხოვნილებათა[8] წინასწარმეტყველება უწევთ, შესაბამისად, ჩნდება სპეციალური კლასი, რომელიც, გარანტირებული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვების საქმიანობას წაუძღვება. ეს ყველაფერი მუშაობს, რადგან სწორი გადაწყვეტილების მიღება განუყოფელია თვითდაჯერებისგან, რომ მიღებული გადაწყვეტილება სწორია. [Ibid. p. 270].

    ამასთან, პროფესორმა ნაითმა კრიტიკისთვის რამდენიმე კარი დატოვა ღია. პირველ ყოვლისა, როგორც თავადაც აღნიშნავს, თუ ზოგიერთ ადამიანს უკეთესი განსჯის უნარი ან უკეთესი ცოდნა აქვს, არ ნიშნავს, რომ შემოსავლის მიღება მხოლოდ წარმოების პროცესში აქტიური მონაწილეობით შეუძლია – შესაძლოა, გაყიდოს რჩევები ან – ცოდნა. ყველა ბიზნესი ყიდულობს მრჩეველთა მომსახურებას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სისტემა, სადაც ყველა რჩევას ან ცოდნას საჭიროებისამებრ იძენენ. კვლავ ვიმეორებთ: შესაძლებლობა გაქვთ, მიიღოთ გასამრჯელო უკეთესი ცოდნის ან განსჯის სანაცვლოდ – წარმოებაში აქტიური მონაწილეობის გარეშე. გააფორმოთ ხელშეკრულება ადამიანებთან, ვინც აწარმოებენ, მაგალითად – მეწარმესთან, რომელიც ყიდულობს დღეს, იმისთვის, რომ მიაწოდოს ხვალ. კარგი ილუსტრაციაა იმ მოსაზრების დასტურად, რომ სავსებით შესაძლებელია, მეწარმემ გასცეს გარანტირებული ანაზღაურება, იმის გარეშე, რომ უხელმძღვანელოს და წარმართოს კონკრეტული საქმიანობა. ჩანს, მცდარია პროფესორ ნაითის მოსაზრება: „ადამიანური ბუნებისთვის (ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ), შეუძლებელი თუ არა, მეტად უჩვეულო იქნებოდა, ერთ ადამიანს მეორისთვის შემოსავლის გარანტია მიეცა, თუკი, სანაცვლოდ, ამ მეორის შრომის მართვის უფლებას არ მოიპოვებდა“. სამუშაოთა დიდი წილი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება, სადაც კონტრაქტორს, გარკვეულ ქმედებათა სანაცვლოდ, გარკვეული თანხის მიღების გარანტია აქვს, იმის გარეშე, რომ მისი ქმედებები წარმართონ და უხელმძღვანელონ. ეს ნიშნავს, რომ შეფარდებითი ფასების სისტემა შეიცვალა, რაც წარმოების ფაქტორთა ახალ კონფიგურაციას ითხოვს. [კერძო საწარმოთა სისტემის არსებობა შესაძლებელია ფირმების გარეშეც. მიუხედავად იმისა, რომ, პრაქტიკაში, ერთი მეწარმე მართავს საწარმოს ორივე ფუნქციას:
    მოთხოვნილების პროგნოზირების გზით ფარდობითი ფასების სისტემაზე ზეგავლენა და შესაბამისი პროგნოზის მიხედვით მოქმედება;
    მართვა, რომელიც ფარდობითი ფასების სისტემას იღებს, როგორც მოცემულობას.
    ეკონომიკური თეორიისთვის მათი განცალკევებაა საჭირო. ამ საკითხს შემდგომ დავუბრუნდებით]
    .

    პროფესორ ნაითის შენიშვნა, რომ „არც მეორე იქნება თანახმა, პირველის ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშაოს, თუ შემოსავლის გარანტია არ ექნება“, უშუალოდ იმ საკითხს არ უკავშირდება, ახლა რომ განვიხილავთ.

    აუცილებელია, აღინიშნოს, რომ თუნდაც იმგვარ ეკონომიკურ სისტემაში, სადაც არ არის გაურკვევლობა, პროფესორი ნაითის მოსაზრებით, გამოჩნდებიან კოორდინატორები, თუმცა, მხოლოდ რუტინული ფუნქციების შესასრულებლად და „ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, რაც აჩენს კითხვას, ვინ უხდის მათ ფულს და რატომ? როგორც ჩანს, პროფესორი ნაითი არსად ასახელებს მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩანაცვლდეს ფასების მექანიზმი.

    IV

    მნიშვნელოვანია, განვიხილოთ კიდევ ერთი საკითხი: რას გვაძლევს აღნიშნული დისკუსია „ფირმის ხარჯების მრუდთან“ მიმართებით.

    გამოუთქვამთ ვარაუდი, რომ სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ფირმის ზრდის მასშტაბი შეზღუდულია, თუ მისი დანახარჯების მრუდი არის აღმავალი [Kaldor, Ibid.; Robinson, The Problem of Management and the Size of the Firm]; არასრულყოფილი კონკურენციის პირობებში კი, ფირმის ზომა შეზღუდულია, რადგან იმ წერტილს ზემოთ, სადაც პროდუქციის ზღვრული ხარჯი ზღვრულ შემოსავალს უტოლდება, წარმოება წამგებიანია [ბატონი რობინსონის თქმით, ეს არის არასრულყოფილი კონკურენციის მაშველი რგოლი მცირე ფირმების გადარჩენისთვის]. მაგრამ, ცხადია, ფირმას ერთზე მეტი საქონლის წარმოება შეუძლია, შესაბამისად, არ არსებობს prima facie[9] მიზეზი, რამაც ფირმის ზრდა უნდა დააბრკოლოს: ხარჯების აღმავალი მრუდი იქნება (სრულყოფილ კონკურენციაში) თუნ ზღვრული ხარჯისა და შემოსავლის გათანაბრება ( არასრულყოფილ კონკურენციაში). [ამრიგად, ბატონი რობინსონის მოსაზრება (Ibid., p. 249, note 1) ერთმნიშვნელოვნად მცდარია. მიუხედავად ამისა, მას ეთანხმება ბატონი უაითი, რომელიც აღნიშნავს: „აშკარაა, რომ ფირმის ზომა მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში შეზღუდულია.“ Horace J. White, Jr., “Monopolistic and Perfect Competition,”American Economic Review, December, 1936, p. 645, note 27]. ქალბატონი რობინსონიც მსგავს გამარტივებულ დაშვებას აკეთებს, თითქოს ფირმა მხოლოდ ერთ საქონელს აწარმოებდეს [Economics of Imperfect Competition], მაგრამ საგულისხმოა, გამოვიკვლიოთ, თუ რა განსაზღვრავს ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობას, შესაბამისად, ნებისმიერ თეორიას, რომელიც ვარაუდობს, რომ მხოლოდ ერთი საქონელი იწარმოება, პრაქტიკული გამოყენება ვერ ექნება.

    შეიძლება გვიპასუხონ, რომ სრულყოფილი კონკურენციის პირობებში, როდესაც გაბატონებულ ფასად იყიდება ყველაფერი, რაც იწარმოება, სხვა საქონლის წარმოების აუცილებლობა არა არის[10]. მაგრამ აქ უგულებელყოფილია ფაქტი, რომ, ზოგ შემთხვევაში, ახალი პროდუქტის გაცვლის ოპერაციის ორგანიზება უფრო იაფია, ვიდრე ძველი პროდუქტის შემდგომი გაცვლის ოპერაციების ორგანიზება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, შემდეგი სურათი ვნახოთ: მივბაძოთ ფონ ტიუნენს[11] და წარმოვიდგინოთ ქალაქი, ცენტრალური მოედნით და საწარმოებით, რომლებიც ამ ცენტრს ეკვრის წრედ. დიაგრამაზე A, B და C სხვადასხვა ინდუსტრიებია აღნიშნული.

    Picture 1

    ვნახოთ მეწარმე, რომელიც გაცვლის ტრანზაქციების კონტროლს x წერტილიდან იწყებს. B საქონლის წარმოების ზრდის პარალელურად, იზრდება ორგანიზების ხარჯიც, მანამ, სანამ განსხვავებული, მაგრამ მსგავსი საქონლის წარმოების ხარჯს არ გაუტოლდება. თუ ფირმა აგრძელებს ზრდას, ის უკვე მოიცავს ერთზე მეტ პროდუქტს – A და C. ეს სურათიც არასრულია [როგორც ზემოთაც ვთქვით, ადგილმდებარეობა მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელსაც ორგანიზების ღირებულებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია], მაგრამ სასარგებლოა იმის საჩვენებლად, რომ მხოლოდ ხარჯების აღმავალი მრუდი ვერ შებოჭავს ფირმის ზრდას.

    აქ მხოლოდ სრულყოფილი კონკურენციის შემთხვევა განვიხილეთ; არასრულყოფილი კონკურენციის შემთხვევა კიდევ უფრო ნათელია.

    ფირმის ზომის დასადგენად, უნდა გავითვალისწინოთ: საბაზრო ხარჯები (ანუ ფასების მექანიზმის გამოყენების ხარჯები) და სხვადასხვა მეწარმეების მიერ გაწეული ორგანიზების ხარჯები, რის შემდეგ შევძლებთ, დავთვალოთ, რა რაოდენობით და რამდენი სახის საქონელს აწარმოებს თითოეული ფირმა. აქედან გამომდინარე, ბატონმა შოვმა თავის სტატიაში დასვა შეკითხვები, რომლებსაც ქალბატონი რობინსონის ხარჯების მრუდი პასუხს ვერ სცემს. [G. F. Shove, “The Imperfection of the Market,”Economic Journal, March, 1933, p. 115. გარეუბნებში მოთხოვნის ზრდასთან და მომწოდებლების მიერ დაწესებულ ფასზე ზეგავლენასთან დაკავშირებით, ბატონი შოვი ამბობს: „… რატომ არ ხსნიან ძველი ფირმები გარეუბნებში ფილიალებს?]. შესაბამისად, ის ფაქტორები, ზემოთ რომ ვახსენეთ, რელევანტურია.

    V

    ახლა მხოლოდ ერთი საკითხი დაგვრჩა – ვნახოთ, შეესაბამება თუ არა ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფირმის კონცეფცია რეალურ სამყაროში არსებულს. თუკი გვსურს, ზუსტი პასუხი გავცეთ კითხვას, რას წარმოადგენს ფირმა სინამდვილეში, უნდა განვიხილოთ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელსაც, ჩვეულებრივ, „მეპატრონის და მოსამსახურის“ ან „დამსაქმებლის და დასაქმებულის“ ურთიერთობას უწოდებენ [„დამსაქმებლისა და დასაქმებულის“ იურიდიული კონცეფცია და ფირმის ეკონომიკური კონცეფცია იდენტური არ არის, რადგან ფირმა შეიძლება გულისხმობდეს სხვა პირის როგორც შრომაზე, ასევე ქონებაზე კონტროლს, მაგრამ ეს ორი ცნება მაინც საკმარისად ახლოა, იმისთვის, რომ სამართლებრივი კონცეფციის შესწავლა ეკონომიკური კონცეფციის შესაფასებლად გამოგვადგეს].

    ამ დამოკიდებულების არსი შემდეგია:

    1. მოსამსახურემ უნდა აიღოს ვალდებულება, პირადი სამსახური გაუწიოს პატრონს ან სხვა პირებს პატრონის სახელით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძენს საქონლის გაყიდვის შეთანხმების ან მსგავს ხასიათს.;
    2. პატრონს უნდა ჰქონდეს უფლება, გააკონტროლოს მოსამსახურის შრომა, პირადად ან სხვა მოსამსახურის ან აგენტის მეშვეობით. ეს გულისხმობს კონტროლის ან ჩარევის უფლებას და უფლებამოსილებას, უთხრას მოსამსახურეს, როდის უნდა იმუშაოს (სამუშაო საათებში) და როდის – დაისვენოს; რა სახის სამსახური გასწიოს და – როგორ (მომსახურების შეთანხმებული პირობების ჩარჩოში). ეს ყველა ამ ურთიერთობის უცილობელი მახასიათებელია, რაც მოსამსახურეს განასხვავებს დამოუკიდებელი კონტრაქტორისგან, ან – იმ ტიპის დაქირავებულისგან, რომელიც დამქირავებელს, საზღაურის ფასად, მხოლოდ მისი შრომის ნაყოფს გადასცემს. კონტრაქტორი ან შემსრულებელი, მისი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების განხორციელების დროს, არ იმყოფება დამსაქმებლის კონტროლის ქვეშ; მისი ვალდებულებაა, თავად განსაზღვროს და წარმართოს თავისი შრომა ისე, რომ შეთანხმებით განსაზღვრული შედეგი დადგეს.
    Batt, The Law of Master and Servant, p. 6.

    ამრიგად, ვხედავთ, რომ „დამსაქმებლისა და დასაქმებულის“ სამართლებრივი კონცეფციის არსს, მართვისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს, ზუსტად ისე, როგორც ეკონომიკური კონცეფციის შემთხვევაში იყო, ზემოთ რომ განვიხილეთ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით, პროფესორი ბათი განმარტავს:

    აგენტსა და მოსამსახურეს შორის ძირითადი განსხვავება ფიქსირებული ხელფასის არსებობა ან არარსებობაა როდია, არც – შესრულებული სამუშაოსთვის მხოლოდ საკომისიოს გადახდა; მთავარია ის თავისუფლება, რომლითაც სამუშაოს შესრულების დროს აგენტი სარგებლობს.
    Ibid. P. 7.

    ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია, დავასკვნათ – ჩვენს მიერ შემოთავაზებული განმარტება ძალიან ახლოს არის იმასთან, როგორც ფირმას აღიქვამენ რეალურ სამყაროში.

    შესაბამისად, ჩვენი განმარტება რეალისტურია, მაგრამ რამდენად გამოყენებადია? ამ ამბავს ნათელი უნდა მოვფინოთ. როდესაც განვიხილავთ, რამდენად დიდი იქნება ფირმა, მარჟინალიზმის პრინციპი კარგად მუშაობს. უნდა ვუპასუხოთ კითხვას: უღირს თუ არა მეწარმეს გაცვლის კიდევ ერთი ტრანზაქციის ორგანიზება? ზღვრული ხარჯების თვალსაზრისით, ფირმის შიგნით ორგანიზების ხარჯი, სხვა ფირმაში ან ფასების მექანიზმით „ორგანიზებული“ გარიგების ხარჯს არ უნდა აღემატებოდეს. მეწარმე მუდმივ ძიებაშია, ცდის, აკეთებს არჩევანს მეტ ან ნაკლებ კონტროლს შორის და ამ გზით ინარჩუნებს წონასწორობას. ეს გვაძლევს ბალანსის წერტილს სტატიკურ კვლევაში, მაგრამ, ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს ცვალებად ფაქტორებსაც და იმის გამოკვლევას, რა გავლენას ახდენს ცვლილებები, ერთი მხრივ, ფირმაში ორგანიზების ღირებულებაზე და – საბაზრო ხარჯებზე ზოგადად. რაც საშუალებას მოგვცემს, განვმარტოთ, რატომ იზრდება ან მცირდება ფირმები. ამრიგად, ვიღებთ ცვალებადი წონასწორობის[12] თეორიას.

    ამ ანალიზმა საშუალება მოგვცა და ინიციატივას, მეწარმეობასა და მენეჯმენტს შორის ურთიერთკავშირი დავადგინეთ. ინიციატივა გულისხმობს პროგნოზირებას და მოქმედებს ახალი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, ფასების მექანიზმის გამოყენებით. მენეჯმენტი, მის კონტროლს ქვეშ არსებული წარმოების ფაქტორების გადანაწილებით, ფასების ცვლილებაზე რეაგირებს. მეწარმე, როგორც წესი, ამ ორ ფუნქციას აერთიანებს, რაც საბაზრო ხარჯების ზემოქმედების მკაფიო შედეგია, რაც ზემოთ უკვე განვიხილეთ. დაბოლოს, წარმოდგენილი კვლევა საშუალებას გვაძლევს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რას გულისხმობს მეწარმის „ზღვრული პროდუქტი“, მაგრამ ამ საკითხის გაშლა შორს წაგვიყვანს და მოითხოვს იმგვარ განმარტებებსა და დაზუსტებებს, რაც წინამდებარე კვლევის მიერ დასახულ შედარებით მარტივ ამოცანას დაგვაშორებს.

    ©R. H. Coase – The Nature of the Firm. Economica, November 1937 Issue
    ©LV (ქართული თარგმანი, 2024)

    Creative Commons License©Lord Vader. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

    ___

    (1)“მარჟინალისტური რევოლუციაზე“ უფრო დეტალურად:
    ავსტრიული სკოლის ანარეკლი მიწოდების ეკონომიკის სარკეში
    ართურ ლაფერი – რა არის ეკონომიკა?
    (2)Factors of production – წარმოების დროს გამოყენებული რესურსი. ტრადიციულად გამოყოფენ 4 ფაქტორს: მიწა, შრომა, კაპიტალი და მეწარმეობა.
    (3)ტექსტში: “საკუთარი თავის უფალი”.
    (4)არსებობის მიზეზი (ფრ.)
    (5)The law of diminishing returns გულისხმობს, რომ თუკი წარმოების ერთ ფაქტორს გავზრდით, მაგრამ ყველა სხვას უცვლელად დავტოვებთ, მივაღწევთ წერტილს, რომლის შემდეგ შემოსავლები შემცირებას დაიწყებს.
    (6)ჟოზეფ ბერტრანის მოდელში, ბაზარზე მხოლოდ ორი ფირმის არსებობის შემთხვევაშიც კი, ოლიგოპოლიური კონკურენცია თანდათანობით აბსოლუტური კონკურენციის სახეს იღებს, ვინაიდან თითოეული ფირმისთვის მომგებიანია ფასის შემცირება იმ წერტილამდე, სანამ ნეშის თანაფარდობას არ მიაღწევენ.
    (7)ტექსტში – ტელეგრაფი და ტელეფონი.
    (8)მოთხოვნა არ შეიძლება არსებობდეს მანამ, სანამ არ არსებობს მიწოდება, მაგრამ საქონელი რომ გაიყიდოს, უნდა არსებობდეს მოთხოვნილება ამ საქონელზე. ეს მოთხოვნილება (თუნდაც – გაუცნობიერებელი) უნდა არსებობდეს და ამ მოთხოვნილებასთან მაქსიმალურად ახლოს მდგომი საქონლის შექმნა და მიწოდება მოთხოვნილებას გარდაქმნის მოთხოვნად.
    (9)ერთი შეხედვით (ლათ.)
    (10)მდგომარეობა ბაზარზე, რომელიც იდეალურადაა გაწონასწორებული, ვერც ერთი მხარე ვერ ახდენს ფასებზე გავლენას, შესაბამისად, წარმოებული საქონელი სრულად იყიდება ბაზარზე გაბატონებულ ფასად. რეალური და „სრულყოფილი“ კონკურენციის ბაზრები კარგად აქვს განხილული ართურ ლაფერს – როდის „ჭედავს“ ბაზარი.
    (11)Johann Heinrich von Thünen – გერმანელი ეკონომისტი.
    (12)Moving equilibrium – მოთხოვნისა და მიწოდების გავლენით, თავისუფალ ბაზარზე ფასი მუდამ ცვალებადია და წონასწორობის წერტილს, ეკვილიბრიუმს ეძებს. ქოუსის ამ კვლევის თემას უშუალოდ არ ეხება, მაგრამ სხვადასხვა ჯურის დირიჟისტები და ეტატისტები რეგულაციებს სწორედ საბაზრო „ქაოსის“ მომიზეზებით ამართლებენ. მაგრამ, როგორც ქოუსი ამბობს, „რეგულაციების უმეტესობას გაუარესება მოაქვს ახლაც და მოუტანია წარსულში“. ამ თემაზე:
    სთივენ ქეითსი – სეის კანონი
    რიჩარდ სალსმანი – სეის კანონი vs. ქეინზიანური ეკონომიკა
    ართურ ლაფერი – მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ

    ___

    ფრედერიკ ბასტია – პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს

    ფრედერიკ ბასტია – იგავი გატეხილ ფანჯარაზე

    ლენარდ რიდი – მე, ფანქარი

    ავტორი: LV

    Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad