გულდამწვარნი ბრიტანეთს დავტირით…

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილხარ ბრიტანეთო…

როდესაც ცუდი ამბავი გაქვს სათქმელი, ნელ-ნელა, შემოვლით შეაპარე ადამიანს, ერთბაშად ნუ მიახლი, გულს ნუ დაუხეთქავო – ასე მასწავლიდა ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე. აბა ამ რუსთავი ორმა რა ქნა იმ დღეს – ჯერ ხეირიანი გამარჯვებაც არ ჰქონდათ ნათქვამი, რომ დამეძგერნენ და ცხარე ცრემლით მატირეს დიდი ბრიტანეთი… თუმცა, რაღაის დიდი – დიდი კი არა, სულ მთლად დაჩამიჩებულა და დაბეჩავებულა საბრალო.

არა, ანგლოფილი არასდროს ვყოფილვარ, უფრო – პირიქით – ასე მგონია, ოთხი მუშკეტერი სენ ჟერვეს ციხე-სიმაგრეს რომ იცავდა, მათ მიერ ინგლისელ ჯარისკაცთა თავებზე დაცლილ მუშკეტთა ტყვიებიდან, რამდენიმე ჩემიც იყო… მაგრამ ახლა, ასე მოუმზადებელზე რომ მოგახლიან კახურად: გაძვირებულა საწვავი, ტრანსპორტი და საკვები – ბრიტანეთი ინფლაციას ვერ უმკლავდება, ლონდონში საკვებ პროდუქტზე ფასები ისე სწრაფად იზრდება, რომ გამყიდვლები საფასართა გამოცვლას ვერ ასწრებენ და ქვეყნის ხვალინდელ დღეზე პროგნოზს ეკონომისტები კი არა, ნამუსიანი ბუკმეკერიც ვეღარ აკეთებს-ო – სულ რომ ქვა გეგდოს, ქვა გულის ადგილას, ისიც კი დაგეწვება ადამიანს. Continue reading “გულდამწვარნი ბრიტანეთს დავტირით…”

სიმფსონები: ნაკურთხია!

ბლოგერმა და კოსმიურმა ჯვაროსანმა ჰიუსტონმა გამოაქვეყნა პოსტი ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაურის შესახებ:

ყველას ახსოვს მელ გიბსონის ”ქრისტეს ვნებანი”-ს ჩვენების აკრძალვის მოთხოვნები, პროტესტი დენ ბრაუნის ”და ვინჩის კოდის” წინააღმდეგ, ჰელოუინის დარბევა, იაღოველების თავში ჯვრის რტყმევით დევნა და ა.შ.. ლოგიკურია, რომ ასეთ აგრესიასა და უჩვეულო აკრძალვებს პროტესტი გამოეწვია ხალხში, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს და დემოკრატიზაციას განიცდის. დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რისი აკრძალვა არც რელიგიას, არც კანონსა და არც რაიმე სხვა დოქტრინას შეუძლია.

Holly Simpsons სია შეიძლება განვავრცოთ: იყო რელიგიური თემატიკის სპექტაკლები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით… არ ვიცი – აიკრძალა ვთქვა, თუ შეჩერდა ვთქვა, თუ გადაიდო, თუ ლოცვა-კურთხევის მოლოდინშია დაყუდებული. იყო დარბეული გამოფენები. შეწყვეტილი პერფორმანსები. შეკრეჭილი გადაცემები…

ბევრი რამ იყო და კიდევ იქნება. Continue reading “სიმფსონები: ნაკურთხია!”

ჩაჯმული ლიბერალიზმი?

ტელეკომპანია “კავკასიის” გუშინდელი თოქ-შოუ “ბარიერი” მმკ-ის წევრების მხრიდან მათ ოპონენტებზე, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილზე და ტელეკომპანიის დამფუძნებელ დავით აქუბარდიაზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა, თავად დავით აქუბარდიას თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ “კავკასიის” შენობასთან შეკრებილ მმკ-ის წევრებს არ მოეწონათ, რომ ისინი დებატებში “აგებდნენ” და თავისი სიმართლის ნოვგოროდულად – მუშტი-კრივით დამტკიცებასა და გადაცემის ჩაშლას შეეცადნენ. “კავკასიის” ოპერატორი, თურმე, იმიტომ უცემიათ, რომ ის “მამაოებს უღებდა”… ჯორჯ ფორმენმა კრივს რომ დაანება თავი, ეკლესიის მსახური გახდა. მოგვიანებით, ანაფორა გაიხადა და კვლავ რინგს დაუბრუნდა – მაგრამ ეს ორის საქმე ერთდროულად არ უკეთებია. Continue reading “ჩაჯმული ლიბერალიზმი?”

ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ

1988 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ვერდიქტი საქმეზე: Hustler Magazine, Inc. vs. Falwell, რომელიც აშშ პრესამ შერაცხა პროცესად “ეშმაკისა ღმერთის წინააღმდეგ”.

1983 წელს ჟურნალმა Hustler გამოაქვეყნა სატირა ცნობილ მღვდელსა და ქადაგზე, ღირს მამა ჯერი ფალველზე – მოგონილი ინტერვიუ, სადაც ფალველი ვითომ ყვებოდა, თუ როგორ გამოთვრა პირველად და ჰქონდა ინცესტი საკუთარ დედასთან. გვერდს მცირე შრიფტით დართული ჰქონდა  წარწერა, რომ მასალა წარმოადგენდა პაროდიას.

ამ პუბლიკაციის მიზანი იყო მორალიზმისა და საზოგადოების ფარისევლობის გაშარჟება იმგვარი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს, ზოგადად, სჩვეოდა Hustler-ის დამფუძნებელსა და გამომცემელს, ლარი ფლინტს. Continue reading “ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ”

უნიფხვო მულტიკულტურულობა

ჩემმა ხორვატმა მეგობარმა ანდრეამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ასეთი ამბავი მომიყვა:

Multicultural ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოს ცენტრში ეგეთი ქანდაკებაა – “მულტიკულტურული ადამიანი აშენებს სამყაროს” – შიშველი მამაკაცი დედამიწის ცენტრში დგას და მულტიკულტურულ, მრავალეროვან, ტოლერანტ და ჰარმონიულ სამყაროს განასახიერებს. იტალიელმა სკულპტორმა ფრანჩესკო ფერილიმ 1997 წელს აჩუქა ქალაქს…

ჰოდა, იდგა ეგ მულტიკულტურული ქანდაკება თავისთვის, განასახიერებდა მულტიკულტურულ სამყაროს და დიდად არვის ანაღვლებდა… ნუ, ხანდახან მტრედები თუ დაასკინტლავდნენ ხოლმე მულტიკულტურულად – ეგ იყო და ეგ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დილით შეიკრიბნენ სარაევოელი მუსულმან მშობელთა კავშირის წევრები, მივიდნენ ამ ქანდაკებასთან და მამაკაცის ფიგურას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი, ხოლო მდაბიური ენით რომ ვთქვათ, ნიფხავი ჩააცვეს. Continue reading “უნიფხვო მულტიკულტურულობა”