პოლონელი ათლეტი, რომელმაც მოსკოვის ოლიმპიადა ასოზე წამოიცვა

სულ რაღაც ხუთ თვეში რუსეთი ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლებს. ეს რუსების მიერ “დათრეული” მეორე ოლიმპიადაა. გასულ საუკუნეში, როდესაც კრემლის ხაზეინი ლეონიდ ილიჩი იყო, მოსკოვი მისი სატელიტებისა და სხვა მოთაფლული თუ გასულელებული დელეგატების ხმების წყალობით, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი გახდა. ის ოლიმპიადა დასავლეთის ქვეყნების ბოიკოტის ფონზე ჩატარდა, თუმცა იყო მარტო კაცი, ვინც ბოიკოტში ვერ მონაწილეობდა, მაგრამ რუსეთს საკუთარი ომი გაუმართა, მოუგო და სირცხვილი აჭამა. მისი სახელია ვლადისლავ კოზაკევიჩი (Władysław Kozakiewicz). სპორტსმენია, ჭოკით მხტომელი. ლიტვაში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით kozakiewiczოჯახმა ისტორიულ სამშობლოს მიაშურა და კოზაკევიჩიც პოლონეთის სახელით ასპარეზობდა. პოლონეთი, მოგეხსენებათ, ვარშავის ბლოკის წევრი იყო და მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტს ვერ გამოუცხადებდა, ამიტომ 1980 წლის 30 ივლისს ვლადისლავ კოზაკევიჩიც ლენინის სახელობის ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკზე გამოვიდა. გახურდა. გაქანდა. ახტა. გამარჯვების თამასას – 5 მეტრსა და 72 სანტიმეტრს გადაევლო და რუსი ვოლკოვი უკან მოიტოვა. შემდეგ წამოხტა, მიბრუნდა ტრიბუნებისკენ, სადაც პატივცემული გვამები ეგულებოდა და მათ უჩვენა ის, რასაც პოლონელები დღემდე “კოზაკევიჩის ჟესტს” უძახიან, ჩვენ კი ამერიკულ ყაიდაზე, მარტივად, “ფაქს” ვუძახით.

არ ვიცი, შენიშნეს თუ არა ბრეჟნევმა, სუსლოვმა და სხვა ამხანაგებმა, სად გააგზავნა ისინი პოლონელმა, მაგრამ ანდროპოვის მახვილ მზერას ნამდვილად არაფერი გამოეპარებოდა (რომც გამოპარვოდა – რა ხეირი? კოზაკევიჩის ფოტომ იმავე დღეს მოიარა ფრანს პრესი და სხვა დასავლური სააგენტოები).

Continue reading “პოლონელი ათლეტი, რომელმაც მოსკოვის ოლიმპიადა ასოზე წამოიცვა”

რეპრესირებული ჩეხური ჰოკეი

დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს –
რატომ კარგი აგიგია…

ვინ არ იცის სვეტიცხოვლის ტაძრის ამგები არსუკისძის ამბავი. რაღაც ამის მსგავსი რამ გადახდათ თავს 1950 წელს ლეგენდარულ ჩეხ ჰოკეისტებს.

40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიურ ჰოკეიში საოცრად ნიჭიერი თაობა შეიკრიბა: აუგუსტინ ბუბნიკი, ბოჰუმილ მოდრი, სტანისლავ კონოპასეკი, ვლადიმირ კობრანოვი… იმ დროის მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეისტთა შორის მოიხსენიებოდნენ.

1947 წელს ისინი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, 1948 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე კი მხოლოდ კანადელებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

1948 წლის თებერვალში ჩეხოსლოვაკიის ნაკრები მოსკოვში მიიწვიეს, როგორც საბჭოთა ჰოკეის ნაკრების სპარინგ-პარტნიორები. მათ ჯერ ერთობლივი წვრთნები გამართეს, შემდეგ კი ხუთი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი ჩეხების გამარჯვებით დასრულდა. მეორე მატჩი – ფრით. საბჭოთა ნაკრებმა ტიტულოვანი მეტოქის დამარცხებაც მოახერხა, თუმცა, როგორც ბუბნიკი იგონებს, ადგილობრივი მსაჯი ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტებს განუწყვეტლივ აძევებდა მოედნიდან, ხოლო საბჭოთა ჰოკეისტები დაუსჯელად უხეშობდნენ. ეს ყველაფერი მოედანზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ჩეხმა და სლოვაკმა ჰოკეისტებმა მეორე პერიოდის შემდეგ მოედანზე გასვლაზეც კი უარი განაცხადეს. მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ელჩის თხოვნის შემდეგ დასთანხმდნენ მატჩის დასრულებას.

Continue reading “რეპრესირებული ჩეხური ჰოკეი”

“პატარა, შორეული ქვეყანა, რომლის შესახებ არაფერი გაგვიგია…”

სწორედ ასე დაახასიათა ინგლისის (გაერთიანებული სამეფოს) პრემიერ-მინისტრმა ნეივილ ჩემბერლენმა ჩეხოსლოვაკია, როდესაც 1938 წელს ჰიტლერს სუდეთის ოლქის ანექსიაზე გაურიგდა.

მესამე რაიხის პრეტენზიები ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში მდებარე სუდეთის ოლქზე „გამყარებული“ იყო ყველა იმ „არგუმენტით“, რომელიც დღეს რუსეთის მხრიდან გვესმის აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიტაცების დასასაბუთებლად – მათ შორის საკუთარი მოქალაქეების მითიური საფრთხისგან დაცვის უფლებით – 1938 წელს ამ არგუმენტებმა გაჭრა.
თუმცა, თავდაპირველად სულაც არ ჩანდა ასე: ჩეხოსლოვაკიას კარგად შეიარაღებული, კარგად გაწვრთნილი 800-ათას კაციანი არმია ჰყავდა. ამასთან, ჩეხოსლოვაკია ერთა ლიგის წევრი იყო. ფორმალურად ერთა ლიგა კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებზე იყო აგებული – მის წევრებს ერთურთის აგრესიისგან დაცვის ვალდებულება ჰქონდათ აღებული. მეტიც, ერთა ლიგის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ედუარდ ბენეში იყო.

Continue reading ““პატარა, შორეული ქვეყანა, რომლის შესახებ არაფერი გაგვიგია…””

Red Alert: რუსები მოდიან!

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “რუსულ საუზმეს” დაესწრო და რუს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. როგორც მედიიდან შევიტყვეთ, სხვათა გარდა ის ესაუბრა ბატონ ჩუბაისს, “ლუკოილისა” და “რუსჰიდროს” ხელმძღვანელებს.

ქართული დელეგაციის წევრებმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ განსაკუთრებულად აღნიშნეს რუსული ინვესტიციების მნიშვნელობა. კერძოდ, ბატონმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობის განახლება აუცილებელია, ეს სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკისთვის, იმისათვის, რომ შეიქმნას დასაქმება ჩვენს ქვეყანაში. ბატონ პერტაიას ცნობით კი საინვესტიციო სააგენტო თბილისში ბიზნეს ფორუმს გამართავს, სადაც რუსულ კომპანიებს მოიწვევენ და ამ ფორუმში რუსული კომპანიების „სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები“ მიიღებენ მონაწილეობას.

ძალიანაც კარგი. ვესპასიანესი არ იყოს, ფულს სუნი არ აქვს, მეტადრე, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა და იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც ევროპას დარია ხელი. მთავარი ისაა, ინვესტორი ქართული კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს, რომ ეკონომიკური ბერკეტების ქვეყნის საზიანოდ გამოყენების საშუალება არ ჰქონდეს.

Continue reading “Red Alert: რუსები მოდიან!”

დავატოლოთ ჩინ-მენდლები!

ბატონებო, ვის სპექტაკლებზე, კონცერტებზე, ფილმებსა და გამოფენებზე დავყავდი მშობლებს, ვინც ძალიან მიყვარხართ, როგორც ნიჭიერი, ხელოვანი ხალხი, გთხოვთ, გამოაღოთ საკუთარი “ტუმბოჩკის” უჯრები და ჩაიხედოთ შიგნით.

ხომ არ გიგდიათ იქ, შემთხვევით, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ბოძებული ტიტულები?

ორდენები და მედლები ოქტომბრის რევოლუციის მერემდენეღაცა დღეზე რომ დაგიმშვენეს მკერდი?

იქნებ, 25 თებერვალს საქართველოს “გათავისუფლების” დღეს რომ აღნიშნავდით რომელიმე საზეიმო ღონისძიებაზე, იქ გადაღებული ფოტოებიც გაქვთ?

ჰოდა, გადათვალეთ თქვენი ჩინ-მედლები  და შემდეგ დაიწყეთ სხვათა მედლების დათვლა.

ბიძინა და პეტენი

1.

იყო ასეთი კაცი სახელად ანრი ფილიპ პეტენი, ფრანგი მარშალი, პირველი მსოფლიო ომის გმირი, რიცხოვნობით სამჯერ აღმატებული გერმანიის არმია რომ დაამარცხა ვერდენის ბრძოლაში და ამით პარიზი ოკუპაციისგან, სამშობლო კი კაპიტულაციისგან იხსნა… პეტენი, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს რომ დანებდა, აქაოდა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, კოლაბორაციონიზმის გზას დაადგა, ოკუპანტთან ბრძოლაზე ხელი აიღო და პროჰიტლერული ვიშის მთავრობის პრემიერ-მინისტრობა არჩია.

პეტენის მომხრეები ასე ამბობდნენ – რის მოღალატე და კოლაბორაციონისტი, საფრანგეთის არმიას რომ წინ უძღოდა, მაშინ თუ პატრიოტი იყო, ახლა გახდა კოლაბორაციონისტიო? დე გოლი არ იყო, პეტენის გვერდით რომ იბრძოდა და თავის ვაჟს მარშლის საპატივცემულოდ ფილიპი დაარქვაო? მაშინ ხომ კარგი კაცი იყო პეტენიო… ალბათ, ასე ამბობდნენ პეტენის მომხრენი.

არადა, მართლა ასე მოხდა. ორი ათეული წლის წინ პეტენი საფრანგეთის გმირი იყო და მზად იყო სიცოცხლე მისი თავისუფლებისთვის შეეწირა, ორი ათეული წლის შემდეგ, რა ეშმაკით არ ვიცი, მაგრამ კოლაბორაციონისტი და მოღალატე გახდა. სამხედრო დამნაშავე.

კიდევ იყო ერთი სხვა კაცი, გვარად ესკობარი. არც პეტენივით გმირი იყო, არც სამშობლოსთვის იბრძოდა იარაღით ხელში, სამაგიეროდ, დიდი ქველმოქმედი გახლდათ, მის მშობლიურ მედელინის მხარეში რას აღარ აკეთებდა – სკოლებს არემონტებდა, საავადმყოფოებს, ეკლესიებს აშენებდა, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ზოგს – ფულით, ზოგს – მედიკამენტებით, ზოგს საქმე გამოუნახა, ზოგს შვილის განათლება დაუფინანსა… 40-მილიარდიანი ქონების პატრონი იყო და 2 მილიარდი ხალხს მოახმარა. არჩევნებში რომ მიეღო მონაწილეობა, უთუოდ გაიმარჯვებდა, ისე უყვარდა ყველას. მაგრამ ვინ აცალა – სტაცეს ხელი და ოთხ კედელში გამოკეტეს. ნარკომოვაჭრე ხარო. ეკლესიებს რომ აშენებდა და სკოლებს მაშინ ხომ კარგი კაცი იყოო? – ამბობდნენ მედელინში. ახლა გახდა ყაჩაღი და მაფიოზიო?

რას გაუგებ ამ ცხოვრებას, მაგრამ ეგეთები გვინახავს?

Continue reading “ბიძინა და პეტენი”

რუსეთთან დაწინდულები: განსლავების ჩეხური გამოცდილება

ძნელია იყო რუსი – სამყაროს სევდა გაწევს გულზე.

მსოფლიოს ხალხთა სულთა გამგებნი, მართლმადიდებელთა მცველნი და მეზობელ ხალხთა მოამაგენი. მესამე რომი. ამაზედ კიდევ სლავთა საძმო და რუსეთის მისია, როგორც ყველა სლავის პატრონისა.

დიდი ტვირთია რუსობა. დიდი.

ჩვენი, ქართველთა მისია კი რუსთათვის ამ ძნელ ბედში შეხიდება ყოფილა, – ასე უბრძანებია რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს.

Continue reading “რუსეთთან დაწინდულები: განსლავების ჩეხური გამოცდილება”

სტალინი და მინიპუტები

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
“25 თებერვალი”, კოლაუ ნადირაძე

სტალინის ძეგლის აღება საზოგადოებისთვის უნდა ეკითხათო – უბრძანებია, თურმე, სოზარ სუბარს.

კი მაგრამ, ეგ ძეგლი რომ დადგეს, განა კითხეს საზოგადოებას? კითხეს, ვთქვათ, სოზარის მამას ან დედას ან ბებია-ბაბუებს?

ამას გარდა, ეს მუდმივად და ყველაფერზე ძახილი: “საზოგადოებას რატომ არ კითხეთ” “საზოგადოებას არაფერს ეკითხებიან” სასაცილოა. სადღაც შადრევანი დადგეს – რატომ არ კითხეს საზოგადოებას? სადღაც ხე დარგეს – საზოგადოებას რატომ არ კითხეს? სადღაც მდინარეზე გადეს ხიდი – საზოგადოებას კვლავ არაფერი კითხეს… და როგორ უნდა ეკითხათ, გეთაყვა, რეფერენდუმის გზით თუ – პლებისციტის?

დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, მაგრამ ხალხი ქვეყნის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში არჩევნების გზით მონაწილეობს და ძალაუფლების დელეგირებას ახდენს ხოლმე. ასე ხდება. ხელისუფლება კი იმისთვის არსებობს, რომ დელეგირებული ძალაუფლება მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს და ყოველ წუთას და ყველა საკითხზე პლებისციტები არ ატაროს.

Continue reading “სტალინი და მინიპუტები”

დიადი რუსი ჯუჯა

პეტრა პროხაზკოვა

ეს რა ძნელი საქმე ყოფილა, მუდამ პირველი და ყველაზე უკეთესი იყო.

აი, ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირმა 100 მილიონი ტროტილის ძალის ბომბი შექმნა. რუსებამდე ეს ვერვინ მოახერხა. ბომბი 1,6 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის უზარმაზარ პარაშუტს გამოაბეს და თვითმფრინავიდან გადმოაგდეს. მანამდე ასეთი რამ თავშიაც კი არვის მოსვლია. ხუმრობა ხომ არაა – ამ პარაშუტიდან 12 მილიონი ქალის წინდა შეიკერებოდა.

ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენიც მოსკოვში უნდა აშენებულიყო, თუმცა კრიზისმა ის რამდენიმე სართულით ჩამოადაბლა. მაგიერ, რუსებს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოსმოსური ხომალდი – „ბურანი“ ჰქონდათ, მართალია ის მხოლოდ ერთხელ აიჭრა ზეცაში, მაგრამ, რა ვუყოთ მერე. Continue reading “დიადი რუსი ჯუჯა”