ჩვენ, ქართველებს, ფეხბურთსა და პოლიტიკაზე კამათი რომ გვიყვარს, არ ახალია. მეც მიკამათია. ჩემს მეგობრებთან, რომელთაგან უმრავლესი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა და ზოგიც – საპრეზიდენტოსი, ხმის ჩახლეჩამდე მიკამათია შერეული მოდელის უპირატესობებზე. იმაზე, საფრანგეთში რომაა, როდესაც პრეზიდენტს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გზით ირჩევენ და თავისი უფლება-მოვალეობები აქვს, მაგრამ დიდი უფლებები აქვს პარლამენტსაც, რომელიც ხმათა უმრავლესობით ქმნის მთავრობას და მინისტრები პრემიერიანა, შეიძლება, სულაც არ იყვნენ პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდის წევრები. იურისტი არ ვარ, არც ფიზიკოს-კონსტიტუციონალისტი, ამიტომ არგუმენტებიც უფრო ემოციური მომყავდა და, ჩემის მოკლე ჭკუით, ლოგიკური – ვუმტკიცებდი, როდესაც, ვთქვათ, ორ წელიწადში ერთხელ ამომრჩევლებს გვექნება საშუალება ავირჩიოთ უმაღლესი მმართველობითი ინსტიტუცია (პრეზიდენტი იქნება თუ პარლამენტი – მინისტრთა კაბინეტი) ეს საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის კურსის კორექტირება მოვახდინოთ-მეთქი… არ მოგვწონს პრეზიდენტის პოლიტიკა? საპარლამენტო არჩევნებზე მივდივართ და ხმას ვაძლევთ ოპოზიციას, თუ ვხედავთ, რომ პრემიერი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპონენტი პარტიის კანდიდატურას ვუჭერთ მხარს – ასე, ორ წელიწადში ერთხელ, საშუალება გვაქვს, სიგნალი გავუგზავნოთ ხელისუფლებას, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის კორექტირება მოვახდინოთ და პატარა ორთქლიც გამოვუშვათ, რომ პროტესტმა ქუჩებში არ გადაინაცვლოს… თან, ორი ძლიერი სახელისუფლო ცენტრი ერთმანეთს გააწონასწორებს და ავტორიტარიზმის რისკიც შემცირდება. ასე მეგონა.
ახლა უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი, მეგობრებო, ვისაც გეკამათებოდით, თქვენ კი მართლები იყავით.
არ ვყოფილვართ ჩვენ ფრანგებივით კოაბიტაციის ხალხი (ეს სტყვაც კი შეცდომით დავიმახსოვრეთ და, ჯიუტად, კო-ჰ-აბიტაციას გაიძახის ყველა, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი). ჩვენ რუსებივით ნოვგოროდელი ხალხი ვყოფილვართ – ნოვგოროდში კი როგორ იყო – ორი მხარე ხიდზე ხვდებოდა ერთმანეთს, უბაგუნებდა და ყრიდა აქეთ-იქეთ მდინარეში, ვინც ხიდზე დარჩებოდა, გამარჯვებულიც ის იყო და თავისას მიერეკებოდა, მომავალ დაბაგუნებამდე.
ჰოდა, გავიდეთ აგერ მშვიდობის ხიდზე (სანამ დაგვინგრევია).
You must be logged in to post a comment.