შავი კალგოტკების ქალაქი

დაგვიანებული პასუხი ელისაბეთ ქადეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვერ წაიკითხავს. 🙂

და ბლოგერ როდრიგო სანტოროს ძალიან კარგი პოტის “ნიჭიერი ქართველების კულტურა” პასუხადაც.

ერთხელ ფრანგი სტუმარი გვყავდა. დაათვალიერა ფოთის პორტი, ბათუმი (სატრანსპორტო გადაზიდვებს უკავშირდებოდა მისი ჩამოსვლა), შემდეგ ტრადიციულ-აუცილებელი კულტურულ-გასტრონომიული პროგრამაც ჩავრთეთ – მცხეთა, ჯვარი, მამა დავითი, ქართული, ებრაული, მუსლიმური, სომხური სალოცავები გვერდიგვერდ (მხოლოდ ჩვენთან! ექსკლუზივი!… არადა, სხვაგანაცაა სინამდვილეში, მაგრამ – მაინც), საფერავი, ხაჭაპური, ხინკალი და სოკო კეცზე…

ბოლოს მითხრა: ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთი გამაგებინე, ამ სამხრეთის მზიან ქვეყანაში ამდენი შავკოლჰოტიანი ქალი რატომ დადისო? 🙂 (თავადაც მზიანი მარსელიდან იყო).

არ ვიცი, მაინცადამაინც ქალებზე რატომ მკითხა. ალბათ, იმათ მაგივრად დაცხა, თორემ, შეეძლო ეკითხა – ქართველ მამაკაცებს სულ შავი პერანგები რატომ გაცვიათო.

მაშინ კარგად ვერ აგიხსენი, ლისბეთ და ახლა მინდა, ჩემი ბლოგიდან გიპასუხო.
Continue reading “შავი კალგოტკების ქალაქი”

ბიტლები: ნაკურთხია!

ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა L’Osservatore Romano-მ გამოაქვეყნა როკ და პოპ შემსრულებელთა მუსიკალური ტოპ-ათეული – იმ “10 მუსიკალური ალბომის სია, რომელიც უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრისას თან უნდა წაიღოთ”.

სიის პირველი ადგილი უჭირავს “Beatles”-ს ალბომით Revolver.
მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად, “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”-ს ვარჩევდი, მაინც დიდი რესპექტი ვატიკანს კარგი მუსიკალური გემოვნებისთვის.

მეორე ადგილზე L’Osservatore Romano-მ დაასახელა დეივიდ ქროსბის ალბომი If I Could Only Remember My Name.
Continue reading “ბიტლები: ნაკურთხია!”

7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია

როგორ დგება 7 იანვარს 25 დეკემბერი?

ეს დიდი საიდუმლოა. საუნჯეა. დაფარული განძი, რომელსაც მარტო რუსები ფლობენ…

კიდევ სერბები და ქართველები, მაგრამ ჩვენ ორთ რუსებმა გაგვანდეს.

ჰოდა, ვდგავართ მედგრად 7-იანვრის გუშაგნი.

კაი ბატონო, ვიგუშაგოთ, მაგრამ ამ ოხერ პეტერ ჰენლეს გამოგონებას რა ვუყოთ საათი რომ ჰქვია? რა ვუყოთ, დღე-ღამეს რომ გავზომავთ და სულ იოლად დავრწმუნებით – 7 იანვარს დღე-ღამ სწორობა ბარე ორი კვირის უკან მოტოვებული როა?

იტყვიან ხოლმე – ე.წ. ახალი სტილი კათოლიკურიაო, მაგრამ ის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომელნიც 7-იანვრის მცველთაგან განსხვავებით, შობას ასტრონომიულ 25 დეკემბერს ზეიმობენ – ამას არა გრეგორიანული, არამედ შესწორებული იულიუსის კალენდრის თანახმად აკეთებენ. ფორმალურად მაინც.
Continue reading “7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია”

21 საუკუნე და ქართველები

2010 წლისთვის ქართველები უკვე მივხვდით, რომ შორტები და გრძელი თმა არ ნიშნავს პიდარასტობას;
2020 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ურნაში ნაგვის ჩაყრა არაა გოიმობა;
2030 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ბიძაშვილობის, დეიდაშვილობის და მამიდაშვილობის ინსტიტუტზე ექსკლუზივი ქართველებს არ გვქონია;
2040 წლისთვის ქართველები მივხვდებით, რომ ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ყოველთვის არ არის მართალი; Continue reading “21 საუკუნე და ქართველები”

გვაქვს თუ არა უფლება, ვიყოთ სატანისტები?

დღეს 2 ნოემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი ჰელოუინი მოვილიეთ.

ამჯერად – უფრო მშვიდობიანად, დიდი მუშტი-კრივის გარეშე, მაგრამ სიტყვიერი შეხლა-შემოხლის თანხლებით.

ანტი-ჰელოუინისტებმა ჰელოუინისტებს სატანიზმში დასდეს ბრალი, აქაოდა, ჰელოუინი ყველა ჯურის ეშმაკეულთა ზეობის დღესასწაულია და რა გეზეიმებათო.

ჰელოუინისტები შეეცადნენ, განემარტათ, რომ ჰელოუინი უბრალო მასკარადია, ეშმაკეულებთან ხელი არ აქვს და თუ რამ მსგავსი ოდესმე ედო საფუძვლად – ეს აღარავის ახსოვს…

მაგრამ, კაი და ახსოვს. დავუშვათ, რომ ჰელუინი სატანისტების დღესასწაულია და რა მერე? რომელიმე კანონი კრძალავს სატანისტობას?
Continue reading “გვაქვს თუ არა უფლება, ვიყოთ სატანისტები?”

ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ

1988 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ვერდიქტი საქმეზე: Hustler Magazine, Inc. vs. Falwell, რომელიც აშშ პრესამ შერაცხა პროცესად “ეშმაკისა ღმერთის წინააღმდეგ”.

1983 წელს ჟურნალმა Hustler გამოაქვეყნა სატირა ცნობილ მღვდელსა და ქადაგზე, ღირს მამა ჯერი ფალველზე – მოგონილი ინტერვიუ, სადაც ფალველი ვითომ ყვებოდა, თუ როგორ გამოთვრა პირველად და ჰქონდა ინცესტი საკუთარ დედასთან. გვერდს მცირე შრიფტით დართული ჰქონდა  წარწერა, რომ მასალა წარმოადგენდა პაროდიას.

ამ პუბლიკაციის მიზანი იყო მორალიზმისა და საზოგადოების ფარისევლობის გაშარჟება იმგვარი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს, ზოგადად, სჩვეოდა Hustler-ის დამფუძნებელსა და გამომცემელს, ლარი ფლინტს. Continue reading “ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ”

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია: შემობრუნება დასავლეთისკენ

გასული თვის ბოლოს (წერილი დაწერილია 2010 წლის 3 თებერვალს) სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა 45-ე პატრიარქად ნიშის ეპისკოპოსი ირინეოსი აირჩია. როგორც საერთაშორისო მედია წერს და სერბეთის ეკლესიის მკვლევრები და თეოლოგები აცხადებენ, ირინეოსი “მოდერნისტ” და “ზომიერ” იერარქად ითვლებოდა.

“მას არასდროს მიუცია თავისთვის უფლება, ექსტრემისტული განცხადებები ეკეთებინა”, – აღნიშნავს რელიგიურ საკითხთა მკვლევარი მირკო ჯორჯევიჩი.

ეს გამოარჩევს ირინეოსს ბევრი სხვა სერბი იერარქისგან და განსვენებული პატრიარქი პავლესგანაც, რომელიც მხარს უჭერდა იუგოსლავიის შესანარჩუნებლად წამოწყებულ სისხლისმღვრელ ომებს სლოვენიისა და ხორვატიის წინააღმდეგ,  აფინანსებდა სერბულ სეპარატიზმს ე.წ. სერბსკა კრაინაში, არასდროს არაფერი უთქვამს სერბების მიერ ბოსნიასა თუ კოსოვოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საწინააღმდეგოდ და რომელსაც ცნობილი სამხედრო დამნაშავე არკანი “უმაღლეს მთავარსარდალს” უწოდებდა.
Continue reading “სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია: შემობრუნება დასავლეთისკენ”

უნიფხვო მულტიკულტურულობა

ჩემმა ხორვატმა მეგობარმა ანდრეამ ამ რამდენიმე წლის წინ ერთი ასეთი ამბავი მომიყვა:

Multicultural ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოს ცენტრში ეგეთი ქანდაკებაა – “მულტიკულტურული ადამიანი აშენებს სამყაროს” – შიშველი მამაკაცი დედამიწის ცენტრში დგას და მულტიკულტურულ, მრავალეროვან, ტოლერანტ და ჰარმონიულ სამყაროს განასახიერებს. იტალიელმა სკულპტორმა ფრანჩესკო ფერილიმ 1997 წელს აჩუქა ქალაქს…

ჰოდა, იდგა ეგ მულტიკულტურული ქანდაკება თავისთვის, განასახიერებდა მულტიკულტურულ სამყაროს და დიდად არვის ანაღვლებდა… ნუ, ხანდახან მტრედები თუ დაასკინტლავდნენ ხოლმე მულტიკულტურულად – ეგ იყო და ეგ.

მაგრამ ერთ მშვენიერ დილით შეიკრიბნენ სარაევოელი მუსულმან მშობელთა კავშირის წევრები, მივიდნენ ამ ქანდაკებასთან და მამაკაცის ფიგურას მეცნიერულის ენით რომ ვთქვათ ტრუსი, ხოლო მდაბიური ენით რომ ვთქვათ, ნიფხავი ჩააცვეს. Continue reading “უნიფხვო მულტიკულტურულობა”