მევახშეები, ბანკები, ვაჭრები და სხვა “წურბელები”

ფრედერიკ ბასტია
შუამავლები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VI

საზოგადოება ადამიანების მიერ ურთიერთისთვის გაწვეული მომსახურების ერთობლიობაა, ნებით იქნება თუ – იძულებით და როგორც საჯარო, ასე კერძო მომსახურებას მოიცავს.

ამ ორიდან პირველი კანონით დადგენილი და რეგულირებულია, მისი შეცვლა, უცილობელი საჭიროების შემთხვევაშიც კი, იოლი არ არის ხოლმე. რეგულაციის ცვლილებამ, შეიძლება, დიდი ხანი დაიჭიროს. დრომოჭმული საჯარო მომსახურება ძალაში რჩება და მოქმედია, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია სარგებელი აღარ მოაქვს. და კვლავ საჯარო მომსახურება ჰქვია, თუმცა, სინამდვილეში, ზიანის მეტი საზოგადოებისთვის არაფერი მოაქვს.

საპირისპიროდ, მეორე ნებაყოფლობითია და პიროვნული პასუხისმგებლობის სფეროში ძევს. თითოეული გასცემს და იღებს იმას, რაც სურს, ან – შეუძლია, თავისუფალი გაცვლის გზით. კერძო მომსახურება ყოველთვის გულისხმობს რეალურ სარგებელს და ეს სარგებელი ურთიერთშეფარდებით იზომება.

სწორედ ამ მიზეზით, პირველი, ხშირად, სტატიკურია, მეორე კი პროგრესის კანონს მიჰყვება.

Continue reading “მევახშეები, ბანკები, ვაჭრები და სხვა “წურბელები””

რუსეთ-უკრაინის ომის ათი თვე: შეფასება

მაიქლ ქოფმანი

2022 წლის 28 დეკემბერი

შემოდგომაზე უკრაინის წარმატებული შეტევების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამავალ ფაზაში გადავიდა, სადაც ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებშია ჩაბმული და რომლის დროსაც ორივე მხარეს აქვს წარმატებები და მაღალი დანაკარგი. ზამთრის დადგომასთან ერთად ბრძოლის ტემპი, მთლიანობაში, შენელებული ჩანს, მაგრამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ ინტენსიურია. მომავალმა თვეებმა შეიძლება განსაზღვრონ 2023 წელი. ომის ეს ფაზა, როგორც ვთქვი, გარდამავალია და ზამთარს გადამწყვეტი გავლენა ვერ ექნება, რადგან უკრაინა, სავარაუდოდ, მორიგი შეტევითი ოპერაციის შესაძლებლობას ხედავს. რუსეთისა და უკრაინის სტრატეგიის ფართო კონტურებიც ხილულია. რუსი სამხედროები სანგრებს თხრიან და პოზიციების გამაგრებისთვის ზრუნავენ, ამავდროულად, შეტევას აგრძელებენ შეზღუდულ მონაკვეთებზე – ბახმუტისთვის. უკრაინელები რუსულ პოზიციებზე ზეწოლას აგრძელებენ, იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ მათ კონსოლიდაციასა და ძალების აღდგენაში. Continue reading “რუსეთ-უკრაინის ომის ათი თვე: შეფასება”

ვაჭრობის შეზღუდვა

ფრედერიკ ბასტია

ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VII

იყო და არ იყო, ცხოვრობდა ბატონი პროტექციონისტი (ეს სახელი მე არ შემირქმევია, ჩარლზ დიუპენმა[1] მოიფიქრა). დრო, გარჯა და კაპიტალი მისი მიწიდან რკინის მადნის მოპოვებასა და გადადნობას მოახმარა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბუნებამ უფრო გულუხვი კალთა ბელგიელების დააფერთხა, ამიტომ ბელგიურ რკინას უკეთეს ფასად ჰყიდდნენ საფრანგეთში, ვიდრე ბატონი პროტექციონისტი და ყოველ ფრანგს შეეძლო ნაკლები შრომით გამოემუშავებინა საკმარისი თანხა ფლამანდიელებისგან რკინის შესაძენად. გულუხვი ხალხია ფლამანდიელები! ფრანგები სარგებლობდნენ ამ ხელსაყრელი შესაძლებლობით და ყოველდღე უამრავი მჭედელი, ზეინკალი, ხარატი და რკინითხურო სტუმრობდა ბელგიას თავად ან შუამავალს აგზავნიდა რკინის შესაძენად, რაც არაფრად ეპიტნავა ჩვენს პროტექციონისტს.

ჯერ იფიქრა, ამ უმსგავსობას საკუთარი ძალებით მოვერევიო – აბა როგორ, ასე უსინდისოდ აზარალებდნენ. მხარზე გადავიკიდებ მუშკეტს, დამბაჩებს გავირჭობ ქამარში, სავაზნეებს ავავსებ, მახვილს ავლესავ, საზღვარზე დავდგები და ადგილზე მოვკლავ პირველივე ფრანგს, ვისაც რკინის შესაძენად ბელგიაში მიეჩქარება, ვინც საკუთარ ხეირზე ფიქრობს და ჩემსას კი არად აგდებს – კარგი ჭკუის სასწავლებელი იქნებაო მათთვის! Continue reading “ვაჭრობის შეზღუდვა”

ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან

(2022 წლის 3 დეკემბრის ვრცელი ინტერვიუს ჰაილაითები)
The Economist, 15 დეკემბერი, 2022

ვალერი ზალუჟნი: ჩვენთვის, სამხედროებისთვის ომი 2014 წელს დაიწყო. პირადად ჩემთვის – 2014 წლის ივლისში. და 2014 წელს წარმოდგენა არ მქონდა, სინამდვილეში რას წარმოადგენდა ომი.

ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული, ყველა აკადემია ოქროს მედლით დავამთავრე, თეორიულად ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ რა არის ომი სინამდვილეში, არ მესმოდა. გასული რვა წლის განმავლობაში, 2022 წლამდე, მე და ჩემნაირმა ადამიანებმა კარგად გავიგეთ, რა არის ომი.

როცა ფართომასშტაბიანი აგრესია დაიწყო, არა მხოლოდ ის ცოდნა გამოვიყენეთ, რაც უკვე გვქონდა 2014 წლამდე, არამედ ის უნარები და გამოცდილება, რაც მას შემდეგ შევიძინეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა და რაც თითქმის ათი მცნებასავით დავისწავლეთ, ის არის, რომ რუსები და ნებისმიერი სხვა მტერი უნდა განადგურდეს. მტერი, უბრალოდ, უნდა მოკლა და, რაც მთავარია, ამის გაკეთების არ უნდა შეგეშინდეს. სწორედ ეს არის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. Continue reading “ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ვალერი ზალუჟნისთან”

მოვემზადოთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის

ლიუქ ქოფი

1989 წელს ბერლინის კედლის დაცემა და 1991 წელს სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა საბჭოთა კავშირის დაშლის მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ არა საკუთრივ დაშლა; მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-მ, როგორც იურიდიულმა პირმა, 1991 წელს შეწყვიტა არსებობა, სსრკ-ს დაშლა დღესაც გრძელდება. ორი ომი ჩეჩნეთში, რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები და ყარაბაღის მეორე ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წელს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, იმის დასანახად, რომ საბჭოთა კავშირი დღესაც იშლება.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მომავლის ისტორიკოსები უთუოდ მონათლავენ საბჭოთა კავშირის დაშლის ყველაზე მნიშვნელოვან (თუ არა ბოლო) ეტაპად. უცნობია, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ბიძგს მისცემს რუსეთის ფედერაციის (საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის) დაშლის პროცესს, ყოველ შემთხვევაში დღეს არსებული ფორმით. უდავოა, რუსეთის ეკონომიკამ, სამხედრო შესაძლებლობებმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა, მისი პოლიტიკური წონა კი, იმ რეგიონებში, სადაც ოდესღაც გავლენა ჰქონდა, ეცემა. 10 ან 20 წელიწადში რუსეთის ფედერაციის საზღვრები, სავარაუდოდ, ისეთი აღარ იქნება, როგორც ახლა გამოიყურება რუკაზე. დღეს, როდესაც თვალს ვადევნებთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ ნგრევას, რუსეთის ფედერაცია კი დაშლის პირას დგას, პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ ევრაზიის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დაგეგმვით.

ჩემი პოლიტიკური მემორანდუმის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლის პროცესი არ არის – ეს რუსი ხალხის საქმეა. არც იმის გამოცნობას ვცდილობ, ზუსტად როგორი იქნება რუსეთი და, უფრო ფართოდ, ევრაზიის რეგიონი, საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ. ამ წერილის მიზანია დასავლური პოლიტიკის მესვეურთათვის რეალისტური მიზნების ჩარჩოს მოხაზვა, თავს უყრის ვარაუდებს, რომლებსაც ეს მიზნები ეფუძნება და წამოჭრის კითხვებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ დღეს, იმისთვის, რომ უკეთ მოემზადონ ხვალინდელი დღისთვის. Continue reading “მოვემზადოთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის”

სამყარო „ვარსკვლავური ომების” მიხედვით

ქასს ერ სანსთაინი

მთარგმნელის კომენტარი:
კითხვისას რომ არ წაიბორძიკოთ: პირველ ტრილოგიაში ორიგინალი ტრილოგია იგულისხმება – IV, V, VI ეპიზოდები.
მეორე ტრილოგია I, II, III ეპიზოდებია.
მესამე ტრილოგია, შესაბამისად, საგის დასასრული – VII, VIII, IX ეპიზოდები.

შესავალი

„ვარსკვლავური ომები“ – ესაა ქვიშის მარცვალი, რომელიც მთელ სამყაროს იტევს.

არჩევანის თავისუფლება

„ვარსკვლავური ომები” არჩევანის თავისუფლებას ღაღადებს. როდესაც ადამიანები რამე ხათაბალაში გაეხვევიან ან აღმოჩნდებიან გზის გასაყარზე, სერიალი ამბობს: თქვენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვთ. ეს „ვარსკვლავური ომების” ყველაზე მთავარი გაკვეთილია. გმირის მოგზაურობის გზა არჩევანის თავისუფლებაზე გადის. მაშინაც კი, როდესაც ბნელი ჩამოწვება და ოთხივ კუთხით ზღუდეს ეჯახები, ფილმი არჩევანის თავისუფლებაზე ლაპარაკობს – ასეთია ამ საგის შთამაგონებელი ბუნება. სერიალს, აგრეთვე, თან სდევს პატიებისა და მონანიების თემა (ყოველთვის შეგიძლიათ აპატიოთ და ყოველთვის შეგიძლიათ მოინანიოთ).

საკუთარი ცხოვრებისეული გზის პოვნა ყველაზე დიდი თავგადასავალია, რომელიც შეიძლება, გქონდეს. ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა. შენი შესაძლებლობები უსაზღვროა. შეიძლება არც იცოდე, ხუთი წუთის შემდეგ რას გააკეთებ, მაგრამ გრძნობ, რომ ყველაფერი გამოგივა. ასე იმარჯვებს სიცოცხლის ძალა.
ლოურენს ქასდანი. „ვარსკვლავური ომების“ V, VI და VII ეპიზოდების სცენარისტი

ბევრი ფიქრობს, რომ „ვარსკვლავური ომები” ბედისწერასა და დაუძლეველ წინასწარმეტყველებაზეა. სულაც არა. „მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია” (როგორც იოდა ამბობს). ეს არის „ვარსკვლავური ომების” ფარული გზავნილი. ადამიანის თავისუფლების ქებათა ქება – აი, ამ ფილმის ნამდვილი ჯადოქრობა.

Continue reading “სამყარო „ვარსკვლავური ომების” მიხედვით”

ვარდების რევოლუციის ეკონომიკა

დარონ აჯემოლუ, ჯეიმზ ეი რობინსონი
ვიწრო დერეფანი: სახელმწიფოები, საზოგადოებები და თავისუფლების ბედი, თავი IV
[1]

კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ საქართველოში თავისუფლების დღეები დადგა. კერძო სექტორიდან ახალ რეალობას საუკეთესოდ აუღო ალღო სატრანსპორტო მომსახურებამ – ე.წ. „მარშრუტკებმა“ (სამარშრუტო ტაქსიმ), რომელიც, ადრინდელ, მკაცრად რეგულირებულ სისტემასთან შედარებით, მგზავრებზე მორგებული და მოქნილი აღმოჩნდა. მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ (მისი ხელისუფლებაში მოსვლაზე მე-3 თავში ვისაუბრეთ) მალევე აჩვენა – რეგულირება მასაც შეეძლო, თან – საკმაოდ მკაცრად.

„მარშრუტკის“ თითოეული მძღოლი დაავალდებულეს, ყოველდღიური სამედიცინო გამოკვლევა გაევლო, იმისთვის, რომ შეემოწმებინათ, ხომ არ იყო ნასვამი ან მაღალი არტერიული წნევა ხომ არ ჰქონდა. მძღოლს, რომელიც ჯანმრთელობის ცნობას ვერ წარადგენდა, ლიცენზიის დაკარგვა ემუქრებოდა. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დედაქალაქში ასობით, თუ არა ათასობით „მარშრუტკა“ მოძრაობდა და გადაჰყავდა მგზავრები, მაგრამ მთავრობის ინტერესი მხოლოდ სამარშრუტო ტაქსის მძღოლებით არ შემოიფარგლა. მათ გადაწყვიტეს, რომ ქუჩის მეწვრილმანე მოვაჭრეების ყველა დახლი კონკრეტული არქიტექტურული სტანდარტისთვის დაექვემდებარებინათ. მოვაჭრეებს, მძღოლების მსგავსად, დაუწესეს ლიცენზია, წელიწადში ორჯერ რომ უნდა განეახლებინათ. ეს რეგულაციები მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო. ბენზინგასამართ სადგურებს, მაგალითად, განუსაზღვრეს მანძილი, რომლითაც ქუჩის სავალი ნაპირიდან უნდა ყოფილიყვნენ დაშორებული.

Continue reading “ვარდების რევოლუციის ეკონომიკა”

10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როდის „ჭედავს“ ბაზარი

ართურ ლაფერი

მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ბაზრის შესაძლებლობები და ბაზრის მარცხი
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მეათე

ThE10

თუ პირველი ლექციიდან მომყვებით, იცით, რომ ძალიან იმედიანად ვუყურებ თავისუფალი ბაზრის უნარს, მოაგვაროს პრობლემები. ცხადია, ბაზრები სრულყოფილი არ არის, მაგრამ განა რა არის უზადო? ამიტომ ყოველთვის გაოცებით შევცქერი სწავლულ ხალხს, რომლებიც იდეალურ მოდელებზე ოცნებობენ, აგებენ ჰიპოთეტურ კოშკებს, სადაც ადამ სმითის უხილავი ხელი ქრება – და ყველაფერს ბიუროკრატების ხელები მართავენ. უშეცდომოდ.

ამ ბოლო თავში განვიხილავთ “ბაზრის მარცხის” ტიპურ მაგალითებს, სახელმძღვანელოებში რომ შეგხვდებათ. როგორც დავრწმუნდებით, ეს კრიტიკა, ხშირად, არარეალურ ვარაუდებზე დგას, ჯეროვნად არ აფასებს კაპიტალიზმის ინოვაციებს რეალურ სამყაროში და მომეტებულ იმედს ამყარებს მხსნელად მოვლენილ პოლიტიკოსთა შესაძლებლობებსა და კეთილშობილებაზე.

რა არის ბაზრის მარცხი

Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როდის „ჭედავს“ ბაზარი”

10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ

ართურ ლაფერი

მეწარმეები რეგულატორების წინააღმდეგ. სახელმწიფოს შეტევა ბაზარზე
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მერვე

ThE8

გამოცდილება ასე გვკარნახობს – როცა გეტყვიან: „ჩვენ მთავრობიდან ვართ და თქვენს დასახმარებლად მოვედით!“ კარგად იცით, რაც უნდა ქნათ – ხელი სტაცოთ თქვენს ფულს და უკანმოუხედავად გაიქცეთ. უსაფრთხოების ხარჯებია, საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული აღჭურვილობის განახლებაა, თუ თავს დამტყდარი ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრა, გამოცდილებით ვიცით, მთავრობა გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს იმავე საქმის შესასრულებლად, ვიდრე – კერძო სექტორი. და, როგორც წესი, სამუშაოსაც ნაკლებად ხარისხიანად ასრულებს.

ეს არც ცალკეული შემთხვევაა, არც უბრალოდ – დამთხვევა. ცალსახა მიზეზები გვაქვს, მთავრობის ბაზარში ჩარევის მცდელობას რატომ მოაქვს მეტი არეულობა. ამ გაკვეთილზე მთავრობის წარუმატებლობის თეორიას ჩამოვაყალიბებ მოკლედ და შემდეგ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიტან.

რატომ არიან მეწარმეები ბიუროკრატებზე უფრო წარმატებულები

Continue reading “10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ”