მევახშეები, ბანკები, ვაჭრები და სხვა “წურბელები”

ფრედერიკ ბასტია
შუამავლები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VI

საზოგადოება ადამიანების მიერ ურთიერთისთვის გაწვეული მომსახურების ერთობლიობაა, ნებით იქნება თუ – იძულებით და როგორც საჯარო, ასე კერძო მომსახურებას მოიცავს.

ამ ორიდან პირველი კანონით დადგენილი და რეგულირებულია, მისი შეცვლა, უცილობელი საჭიროების შემთხვევაშიც კი, იოლი არ არის ხოლმე. რეგულაციის ცვლილებამ, შეიძლება, დიდი ხანი დაიჭიროს. დრომოჭმული საჯარო მომსახურება ძალაში რჩება და მოქმედია, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია სარგებელი აღარ მოაქვს. და კვლავ საჯარო მომსახურება ჰქვია, თუმცა, სინამდვილეში, ზიანის მეტი საზოგადოებისთვის არაფერი მოაქვს.

საპირისპიროდ, მეორე ნებაყოფლობითია და პიროვნული პასუხისმგებლობის სფეროში ძევს. თითოეული გასცემს და იღებს იმას, რაც სურს, ან – შეუძლია, თავისუფალი გაცვლის გზით. კერძო მომსახურება ყოველთვის გულისხმობს რეალურ სარგებელს და ეს სარგებელი ურთიერთშეფარდებით იზომება.

სწორედ ამ მიზეზით, პირველი, ხშირად, სტატიკურია, მეორე კი პროგრესის კანონს მიჰყვება.

საჯარო მომსახურების მეტისმეტ გაბატონებას ძალისხმევის ფუჭი ფლანგვა ახლავს თან და დამღუპველ პარაზიტიზმს ახალისებს საზოგადოებაში, მაგრამ, რაღაც ეშმაკად, ბევრი ეკონომიკური სკოლა ამ ცოდვაში დღეს სწორედ კერძო მომსახურებას სდებს ბრალს და ცდილობს, სხვადასხვა სახის ნებაყოფლობით მომსახურებას სავალდებულო სახე მისცეს.

ეკონომიკის ეს სკოლები თავს ესხმიან მათ, ვისაც შუამავლებს უწოდებენ. მათი ნება რომ იყოს, მოსპობდნენ მევახშეს, ბანკირს, სპეკულანტს, მეწარმეს, ბიზნესმენს და ვაჭარს. ამ ყველას მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის ჩაკვეხებულ ეკლად მოიხსენიებენ, ვინც ორივე მხარეს ძარცვავს და ღირებულს არაფერს აძლევს. მაგრამ ეს ჩვენი დროის რეფორმატორებიც ხედავენ, რომ შუამავალთა სრულად გაქრობა შეუძლებელია, ამიტომ ამ ვალდებულების სახელმწიფოსთვის აკიდება სურთ.

სოციალისტური სოფიზმი ცდილობს, თვალი აგვიხილოს იმ თანხაზე, რასაც საზოგადოება, მომსახურების სანაცვლოდ, შუამავლებს უხდის და დამალოს, ის საფასური, რომლის გადახდაც სახელმწიფოსთვის მოგვიწევს. ისევ და ისევ მედლის ორი მხარე გვაქვს – ერთს თვალი ხედავს, მეორეს კი გონების მიხმარება სჭირდება. არის, რაც ხილულია და არის, რაც დაფარულია.

1847 შიმშილის წელიწადს[1] სოციალისტურმა სკოლებმა თავიანთი დამღუპველი თეორიის პოპულარიზაციის საქმეში დიდ წარმატებას მიაღწიეს. კარგად იცოდნენ – ყველაზე აბსურდულ პროპაგანდასაც აქვს შანსი, როდესაც ადამიანი სასოწარკვეთილებაშია – malesuada fames[2].

მყვირალა სიტყვების დახმარებით, როგორიცაა: ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაცია, სპეკულაცია შიმშილის ჟამს და მონოპოლია, ბიზნესის გაშავებას შეუდგნენ და შუამავალთა მოტანილი სარგებელი თალხი საბურვლით დამალეს.

”რატომ უნდა ვანდოთ ვაჭრებს შეერთებული შტატებიდან და ყირიმიდან სურსათის შემოტანა? – გაჰყვიროდნენ ამას, – ნუთუ სახელმწიფო სამსახურებს, დეპარტამენტებსა და მუნიციპალიტეტებს ამგვარი მიწოდების გამართვა არ შეუძლიათ? განა საწყობების ვერ ნახავენ სურსათის შესანახად? შემოტანილ საქონელს წმინდა ღირებულებით გაყიდიან და ხალხს, ღატაკ, საცოდავ ხალხს იმ ხარკს ააცილებენ, რომლის გადახდაც არა რეგულირებული ანუ ეგოისტური, ინდივიდუალისტური და ქაოსური ვაჭრობის გამო უწევთ.“

ხარკი, რომელსაც ხალხი კერძო მოვაჭრეს უხდის, არის ის, რაც ხილულია, მაგრამ თანხა, რომლის გადახდაც, სოციალისტური მოწყობის დროს, სახელმწიფოსა და მისი აგენტებისთვის მოგვიწევს, არის ის, რაც დაფარულია.

ახლა ვნახოთ, რა არის ეს ე.წ „ხარკი“ ბიზნესს რომ ვუხდით? როდესაც ორი ადამიანი თავისუფლად, ნებითა და კონკურენტულ გარემოში ერთმანეთს მომსახურებას უწევს შეთანხმებულ ფასად.

როდესაც მშიერი კუჭი პარიზშია და ხორბალი, რომელსაც მისი დაპურება შეუძლია – ოდესაში, ხორბალმა კუჭამდე უნდა მიაღწიოს, რისთვისაც სამი გზა ვიცით: მშიერი ადამიანი თავად წავიდეს ხორბლის მოსაპოვებლად, სადაც ეგულება; ენდოს სხვა ადამიანს, ვინც ამ საქმეში გაწაფულია; მშიერი ადამიანები შეიკრიბონ, შეაგროვონ თანხა და საჯარო მოხელეებს გადასცენ შესაბამისი დავალებით.

რომელი გზა იქნება ყველაზე სარფიანი?

რაც მეტად თავისუფალი, მეტად განათლებული, მეტად გამოცდილი ადამიანები იყვნენ, მით უფრო ხშირად ირჩევდნენ მეორე გზას და ამას ნებაყოფლობით სჩადიოდნენ. ასე იყო ყველა დროში და ყველა ქვეყანაში. პირადად ჩემთვის, რა დაგიმალოთ და, საკმარისი საბუთია, იმისთვის, რომ თავისუფალ გზას უპირატესობა მივცე. გონების ძალით ვერ ვიჯერებ, რომ კაცობრიობა ასე მწარედ იბრიყვებდეს თავს იმ საკითხში, რომელიც მის ყოფაზე ასე პირდაპირ აისახება.

თუმცა, მოდით, უფრო წვრილად განვიხილოთ.

ოცდათექვსმეტი მილიონი მოქალაქის საჭირო ხორბლის მოსაპოვებლად ოდესაში გამგზავრება, ცხადია, შეუძლებელია. ეს გზა აბსურდულია, მომხმარებლები დამოუკიდებლად ვერ იმოქმედებენ – იძულებულნი არიან შუამავლებს მიმართონ, საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო ვაჭარი.

ამავდროულად, თუკი მსოფლმხედველობრივად შევხედავთ, ეს გზა ყველაზე ბუნებრივია – როცა მოგშივდება, პასუხისმგებლობა აიღო და თავად მოიპოვო საკუთარი ხორბალი. ამოცანა, რომელიც პირადად ამ ადამიანს ეხება და სამსახური, რომელსაც ის საკუთარ თავს უწევს. მაგრამ თუ ვინმე სხვა, ვინც არ უნდა იყოს, გაუწევს ამ სამსახურს, ცხადია, ამ სხვას გასამრჯელოს მიღების უფლებაც აქვს. კიდევ ერთხელ – საშუამავლო მომსახურება უნდა ანაზღაურდეს. ეს იმთავითვე იგულისხმება.

თუ სოციალისტებს ვენდობით და შუამავლებს პარაზიტებად მოვნათლავთ, საკითხავია, ვინ მეტად გაუმაძღარი წურბელაა? ვაჭარი თუ საჯარო მოხელე?

ბიზნესი (ცხადია, ვვარაუდობ, რომ თავისუფალია, თორემ, ეს განხილვაც დაკარგავდა აზრს) საკუთარი ინტერესებიდან ამოდის და იძულებულია, შეისწავლოს სეზონურობა, მოსავლიანობა, მიიღოს ანგარიში მსოფლიოს ყველა კუთხიდან, შეაფასოს და განჭვრიტოს მოთხოვნა, დაიზღვიოს თავი. მუდამ მზადყოფნაში უნდა ჰქონდეს გემები, ოთხივ კუთხით გააბას კავშირი და საქონელი შეიძინოს ყველაზე დაბალ ფასად – აიცილოს ზედმეტი ხარჯი სავაჭრო გარიგების ყველა ეტაპზე და მიიღოს მაქსიმალური შედეგი მინიმალური ძალისხმევით. ამასთან, არა მხოლოდ ფრანგი ვაჭრები, არამედ ვაჭრები მთელი მსოფლიოდან ჩაბმულნი არიან საფრანგეთის დროულად უზრუნველყოფის საქმეში იმ საქონლით, რაც გვჭირდება. პირადი ინტერესი უბიძგებს, ეს სამსახური მინიმალური დანახარჯით გაგვიწიონ, მაგრამ, ამავე დროს, კონკურენცია აიძულებს, ჩვენ, მომხმარებლებს საშუალება მოგვცენ, სარგებელი ვნახოთ. როგორც კი ხორბალი ჩვენს ქვეყნამდე მოაღწევს, ვაჭარს ამოცანა აქვს, გაყიდოს, რაც შეიძლება სწრაფად, დაფაროს ხარჯი, მიიღოს მოგება და ახალი გარიგება წამოიწყოს, თუ ბაზარზე მოთხოვნა ისევ არსებობს. ბიზნესი ბაზრებზე ადარებს ფასებს, ამით ხელმძღვანელობს. კერძო მეწარმე მთელს მსოფლიოში ანაწილებს საქონელს. ის, ყოველთვის, ყველაზე დეფიციტური ბაზრიდან იწყებს, სადაც საჭიროება ყველაზე მაღალია. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ ორგანიზაცია, რომელიც მოთხოვნას უკეთესად აკმაყოფილებს და ამ ორგანიზაციის ეფექტურობა, რასაც სოციალისტები ვერ ხედავენ, სწორედ იმ ამბავზე დგას, რომ თავისუფალია, ანუ – ნებაყოფლობითი. მომხმარებელმა ბიზნესმენს უნდა გადაუხადოს დატვირთვის, გადაზიდვის, შენახვის და სხვ. საფასური, მაგრამ არსებობს განა სისტემა, რომელიც მომხმარებელს მის მიერ მოხმარებული სურსათის გადაზიდვის ხარჯის ანაზღაურებას აარიდებს? გაწეული მომსახურებისთვის საფასურის გადახდა აუცილებელი პირობაა. მაგრამ თავისუფალი კონკურენციის პირობებში, შუამავლის წილი მინიმუმამდე მცირდება. რაც ეხება ამ წილის სამართლიანობას, განა პარიზელი ხელოსნები მარსელელ ვაჭრებს არ ემსახურებიან და მარსელელი ვაჭრები არ ემსახურებიან პარიზელ ხელოსნებს?

რა მოხდება, თუ სოციალისტების გეგმას გავყვებით და კერძო მეწარმეთა ადგილს სახელმწიფო დაიჭერს? სად ნახავს საზოგადოება ხეირს? იქნებ, საცალო ფასში? წარმოიდგინეთ, დელეგატები ორმოცი ათასი მუნიციპალიტეტიდან ჩადიან ოდესაში დათქმულ დღეს, როდესაც ხორბლის შესყიდვაა საჭირო. რა გავლენას მოახდენენ ისინი ფასზე? ეგებ, გადაზიდვის ხარჯებს დავზოგავთ? ნაკლები გემი, ნაკლები მეზღვაური, ნაკლები გადატვირთვა, ნაკლები საწყობი დაგვჭირდება? ამ ყველაფრის საფასურს აღარ გადავიხდით? თუ ბიზნესმენის მოგება გამოიქვითება? მაგრამ ეს ჩვენი წარმომადგენლები – საჯარო მოხელეები ტყუილად წავიდნენ ოდესაში? ძმური სიყვარულის ფრთები გაშალეს და ასე გაფრინდნენ? დაბინავების და ღამისთევის თანხა გადასახდელი არ ექნებათ? დახარჯული დრო არ უნდა ავუნაზღაუროთ? ფიქრობთ, ეს ყველაფერი არ დაგვიჯდება ათასგზის მეტი, ვიდრე ის განაკვეთია, ვაჭარი რომ არის ყაბულს?

ახლა იმ სირთულეებზე დაფიქრდით – ამ რაოდენობის გადასახადის ამოღებას რომ სდევს, იმისთვის, რომ ამ რაოდენობის საკვები გადავანაწილოთ. დაფიქრდით უსამართლობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, რაც სახელმწიფო მოხელეთა თანმდევია. დაფიქრდით, დამატებითი პასუხისმგებლობის რამხელა ტვირთის აწევა მოუწევს მთავრობას.

სოციალისტებმა ამგვარი სისულელეები გამოიგონეს და გაჭირვების ჟამს ადამიანთა თავებში ნერგავენ, როგორც ხსნის ტალკვესს. საკუთარ თავს “მომავლის მჭვრეტელ” ადამიანებად წარმოგვიდგენენ. აბეზარმა სიტყვებმა ენაში დამკვიდრება იციან ხოლმე და, თუ ხშირ-ხშირად გავიმეორებთ, ნამდვილია საფრთხე, ეს სახელი, ისე როგორც ამ სიტყვების შინაარსი, მართლა მიეწებოს მათ. „მომავლის ჭვრეტა“ გულისხმობს, რომ ეს ბატონები უფრო შორს ხედავენ, ვიდრე უბრალო მოკვდავნი; ერთადერთი ბრალი, რაც მათ მიუძღვით, ისაა, რომ მეტისმეტად ადრე მოგვევლინნენ და ჯერ არ დამდგარა დრო, როდესაც ზოგიერთი კერძო მომსახურება საბოლოოდ მოისპობა, როგორც პარაზიტი და წურბელა; ისევ საზოგადოებაა დამნაშავე, რომელიც სოციალიზმს ფეხს ვერ უწყობს. ჩემი აზრით და ცოდნით, ეს ყოველი პირიქითაა – არც კი ვიცი, რომელ ბარბაროსულ საუკუნეში უნდა დავბრუნდეთ, სოციალისტური სწავლების დარი რომ ვნახოთ.

თანამედროვე სოციალისტური ფრაქციები დღევანდელ საზოგადოებაში თავისუფალ გაერთიანებათა თანმიმდევრული მოწინააღმდეგენი არიან. არ ესმით, რომ თავისუფალი საზოგადოება არის სწორედ ნამდვილი გაერთიანება, უპირატესი ყველა იმ ხელოვნურ ერთობაზე, მდიდარი სოციალისტური წარმოსახვა რომ ხატავს.

მაგალითს გეტყვით:

ადამიანი დილით რომ ადგეს და ტანთ შეიმოსოს, ამისთვის ჯერ მიწის ნაკვეთი უნდა შემოსაზღვროს, დახნას, დაამუშაოს, მორწყოს, სასუქით გაამდიდროს, სხვადასხვა მცენარის თესლი შეიტანოს; ცხვრის ფარა მდელოზე მიიყვანოს, ბალახი მოაძოვინოს, გაპარსოს, მატყლი გაჩეჩოს, დაწნას, მოქსოვოს, შეღებოს, თარგზე მოჭრას, შეკეროს, სამოსად აქციოს… მოქმედებათა მთელი ეს ჯაჭვი მრავალი ადამიანის მონაწილეობას გულისხმობს, რადგან სასოფლო-სამეურნეო იარაღის, ცხვრის სადგომების, ფაბრიკების, დაზგა-დანადგარების, ქვანახშირის, ვაგონების გამოყენებას ითხოვს და სხვა.

საზოგადოება ცოცხალი და ჯანსაღი გაერთიანება რომ არ იყოს, ყველას, ვისაც ტანსაცმლის ჩაცმა სურს, მარტო მოუწევდა შრომა – ზემოთჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა სამუშაოს შესრულება. თოხის პირველი დაკვრაც მისი საქმე იქნებოდა და ნემსის ბოლო გატარებაც.

მაგრამ ურთიერთთანამშრომლობისთვის მზადყოფნა ადამიანთა გვარის გამორჩეული თვისებაა – ეს შრომა განაწილდა მრავალ ოსტატზე და კიდევ და კიდევ მეტად ნაწილდება საერთო კეთილდღეობისთვის, ვინაიდან, მოხმარების ზრდასთან ერთად, სპეციალიზაცია და შრომის დანაწილება ახალი წარმოებების გაჩენას უწყობს ხელს. შემდეგ დგება შრომის შედეგების განაწილების დრო, თითოეულის მიერ შექმნილი ღირებულების თანახმად, იმის მიხედვით, ვინ რა წვლილი შეიტანა მთლიან საქმეში. თუ ეს ასოციაცია არ არის, მითხარით მაშინ რა დავარქვა.

გაითვალისწინეთ, რომ არცერთ მხარეს ნედლეულის უმცირესი ნაწილაკიც კი არ მოუპოვებია მუქთად და არაფრისგან – საერთო მიზნებისთვის იძულებულნი არიან ერთმანეთს შეეხიდონ და ურთიერთმოემსახურონ. ყველანი, თითოეული ჯგუფი სხვებთან მიმართებაში შეიძლება მივიჩნიოთ შუამავლად. ტანსაცმლის შესაკერად ნედლეულის გადაზიდვა იმდენად მნიშვნელოვანი თუა, რომ ცალკე ადამიანის მომსახურებას ითხოვს, ძაფის დართვა – მეორე ადამიანის მომსახურებას და ქსოვა – მესამის, რატომ არის პირველი ადამიანი უფრო დიდ პარაზიტი ვიდრე სხვა ორი? გადამზიდავი საჭირო არ არის? განა დროს და შრომას არ დებს ამ საქმეში? განა სხვების დროსა და შრომას არ ზოგავს ამით? ის ორი რას აკეთებს ამ პირველზე უმეტესს? ან – აღმატებულს? განა ყველა მათგანის ანაზღაურება – საერთო შემოსავლის წილი, თანაბრად არ არის შეზღუდული გარიგების შემდეგ შეთანხმებული ფასით? ნების სრული თავისუფლებით გადანაწილებული შრომა საერთო კეთილდღეობას არ ემსახურება? აბა, რად გვჭირდება სოციალისტი რომ მოვიდეს და, დაგეგმვის საბაბით, ბოლო მოუღოს ჩვენს ნებაყოფლობით თანამშრომლობას და შრომის დანაწილებას? რაში გვარგია, თუ ცალკეულ პიროვნებათა ძალისხმევას ერთობლივი ძალისხმევით ჩაანაცვლებს და საზოგადოებას ცივილიზაციური პროგრესის გზიდან უკუაგდებს?

განსაჯეთ, არის თუ არა ასოციაცია, როგორიც მე აღვწერე, უფრო ნაკლული იმ მიზეზით, რომ ყველა ნებაყოფლობით უერთდება და ტოვებს მას, ირჩევს საკუთარ ადგილს, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ვაჭრობს პირადი სარგებლისთვის, პირადი პასუხისმგებლობით, საერთო საქმეში საკუთარ ძალისხმევასა და პირადი ინტერესს დებს. ნუთუ იმისთვის, რომ ასოციაციამ ეს სახელი მოიპოვოს, ეგრეთ წოდებული რეფორმატორი უნდა მობრძანდეს და, მთელი კაცობრიობის სახელით, მისი სწავლება და ნება მოგვახვიოს თავს?

რაც უფრო კარგად შეისწავლით „მომავლის მჭვრეტელ“ სკოლებს, მით მეტად დარწმუნდებით, რომ ისინი მხოლოდ უმეცრებაზე დგანან, თავს კი შეუცდომლად აცხადებენ და, ამ შეუცდომლობის სახელით, დესპოტურ ძალაუფლებას მოითხოვენ.

იმედი მაქვს, მკითხველი მაპატიებს, სიტყვა ოდნავ რომ გამექცა. შესაძლოა, მთლად უსარგებლოდაც არ მოგეჩვენოთ, როდესაც შუამავლების წინააღმდეგ გამოსვლებით გავსებულია მედია და დეპუტატებს შრომისა და ურთიერთგაცვლის თავისუფლება ამოუღიათ მიზანში.

©Frédéric Bastiat – The Middlemen, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2023

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)1846 წელს ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში მარცვლეულისა და კარტოფილის ცუდი მოსავალი იყო, რასაც მომდევნო წელს სურსათზე ფასების ზრდა მოჰყვა. 1847 წელს „ძვირი პურის“ წელს უწოდებენ. სურსათზე ფასების ზრდამ სამრეწველო და ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ეს ევროპაში ეკონომიკური დეპრესიის წელი იყო.
(2)“შიმშილი უხეირო მრჩეველია“. ვერგილიუსი, ენეიდა, VI, 276

___

ასევე ფრედერიკ ბასტია:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე
გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება
კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ
გადასახადების შესახებ
სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ
უფასო ფულის შესახებ
ვაჭრობის შეზღუდვა

___

მთარგმნელის კომენტარი:
ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” “საქართველოს უნივერსიტეტმა” გამოსცა 2016 წელს. ფრანგულიდან თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლია, ჩამოქაჩო.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები
ჩემი ფრანგული ბასტიას ვერ ყოფნის, ამიტომ ინგლისურიდან ვთარგმნი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: