მაიქლ ქოფმანი
2022 წლის 28 დეკემბერი
შემოდგომაზე უკრაინის წარმატებული შეტევების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომი გარდამავალ ფაზაში გადავიდა, სადაც ორივე მხარე პოზიციურ ბრძოლებშია ჩაბმული და რომლის დროსაც ორივე მხარეს აქვს წარმატებები და მაღალი დანაკარგი. ზამთრის დადგომასთან ერთად ბრძოლის ტემპი, მთლიანობაში, შენელებული ჩანს, მაგრამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ ინტენსიურია. მომავალმა თვეებმა შეიძლება განსაზღვრონ 2023 წელი. ომის ეს ფაზა, როგორც ვთქვი, გარდამავალია და ზამთარს გადამწყვეტი გავლენა ვერ ექნება, რადგან უკრაინა, სავარაუდოდ, მორიგი შეტევითი ოპერაციის შესაძლებლობას ხედავს. რუსეთისა და უკრაინის სტრატეგიის ფართო კონტურებიც ხილულია. რუსი სამხედროები სანგრებს თხრიან და პოზიციების გამაგრებისთვის ზრუნავენ, ამავდროულად, შეტევას აგრძელებენ შეზღუდულ მონაკვეთებზე – ბახმუტისთვის. უკრაინელები რუსულ პოზიციებზე ზეწოლას აგრძელებენ, იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ მათ კონსოლიდაციასა და ძალების აღდგენაში.
ბახმუტისთვის ბრძოლა ადასტურებს – დონბასი მოსკოვისთვის კვლავ რჩება პროგრამა-მინიმუმად, მიუხედავად იმისა, რომ, ამ ეტაპზე, მათი სამხედრო ძალა მხოლოდ ლოკალურ შეტევას ყოფნის. ბოლო დროს ვისმენთ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებს, თითქოს რუსეთს ზამთარ-გაზაფხულზე დიდი შეტევის წამოწყება შეუძლია, კიევის აღების მცდელობის ჩათვლით, მაგრამ ეს ყველა მტკიცებულების გარეშეა. ამგვარი კამპანიისთვის აუცილებელი აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ასეთ მოკლე ვადაში ვერსაიდან გაჩნდება. გაზაფხული-ზაფხულის დონბასის ოპერაციამ აჩვენა, რომ რუს სამხედროებს ცოცხალი ძალა აკლდათ, რის ანაზღაურებასაც საარტილერიო ცეცხლით ცდილობდნენ. მობილიზაციის შემდეგ, რუსებს ცოცხალი ძალა შეემატა, მაგრამ არ ყოფნით საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. ეს ამბავი, ყველა დანარჩენი ფაქტორის უცვლელობის პირობებში, რუსების შეტევითი პოტენციალის აღდგენას კვლავაც შეაფერხებს.
ცხადია, ხერსონის დატოვებამ ის ფრონტის ხაზი შეამცირა, რომელიც რუსებმა უნდა დაიცვან, მობილიზაციამ კი, სავარაუდოდ, მათი ცოცხალი ძალა გააორმაგა, რაც რუსებს რეზერვის შექმნისა და ძალების როტაციის საშუალებას აძლევს. რუსეთს, შესაძლოა, არ ჰყოფნიდეს ძალა დონბასში დიდი შეტევისთვის, მაგრამ, ხერსონის მაგალითზე, ვარაუდს გამოვთქვამთ – პოზიციების დაცვა შეუძლიათ იმგვარად, რომ ომი გაჭიანურდეს. მომდევნო თვეების განმავლობაში, სავარაუდოდ, თვალს მივადევნებთ რუსების მცდელობას, ნელ-ნელა წაიწიონ დონბასის ცალკეულ მონაკვეთზე წინ, მაგრამ მათი თავდაცვის უნარი იქნება განმსაზღვრელი. ბევრი რამ დამოკიდებულია იმ შეტევით ოპერაციებზე, უკრაინა რომ განსახორციელებლად შეარჩევს და იმ მატერიალურ დახმარებაზე, რომელსაც დასავლეთი მიაწვდის.
ტაქტიკის ცვლილება
რუსული ძალები ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ძლიერდებიან და იმედოვნებენ, რომ მობილიზაციით ასე საჭირო ადამიანურ რესურსს შეავსებენ. თავიდან ეს პროცესი ქაოსური და არაორგანიზებული იყო, მაგრამ, მისი დახმარებით, რუსებმა ლუჰანსკის ფრონტის ხაზის მოშიშვლებული მონაკვეთები გაამაგრეს. მობილიზებული პერსონალი იცავდა ხერსონიდან უკანდახევასაც. რუსული ეტაპობრივი მობილიზაციის აღქმა, შესაძლოა, მის ზეგავლენას სულაც არ ემთხვეოდეს. მაგალითისთვის, უკრაინამ სვატოვე-კრემინას მიმართულებით ლუჰანსკში ეტაპობრივ წარმატებას მიაღწია, მაგრამ რუსული მობილიზებული სამხედრო ძალის განლაგებამ უკრაინული შეტევა დააბრკოლა. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, რუსებმა ფრონტზე განათავსეს 100’000-ზე მეტი მობილიზებული, გაწვეულთა რაოდენობა კი ოფიციალურად დასახელებულ რიცხვს – 300’000-ს უახლოვდება, რადგან 120’000-მდე წვევამდელი დაემატა. სავარაუდოა, რომ მობილიზაცია მუდმივ პროცესად იქცეს. ამ შემოდგომაზე რეგულარული გაწვევის გამო შეაჩერეს, მაგრამ 2023 წელს ამ პროცესს, ალბათ, განაგრძობენ.
მობილიზაციის ნამდვილი ზეგავლენა ძნელად შესამჩნევი იქნება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, რომლის დროსაც რუსები არსებულ ქვედანაყოფებს შეავსებენ, ახალ ფორმირებებს შექმნიან და სათანადო აღჭურვილობით (T-62M ტანკებით, D-20 ჰაუბიცებით, MT-LB ჯავშანმანქანებით) უზრუნველყოფენ. მობილიზებამ, შეიძლება, ხარისხიანი პერსონალის დეფიციტი ვერ აღმოფხვრას, მაგრამ რაოდენობასაც აქვს მნიშვნელობა. შესაბამისად, რუსული სტრატეგია დროში განფენილია, რაც მისი ქმედითუნარიანობის მთავარ ელემენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია მათი რწმენა, რომ ომის ტვირთი დასავლეთის ქვეყნებს მძიმედ დააწვება და მოლაპარაკებებისა და დათმობების სურვილს წარმოშობს. ამ ეტაპზე ლუჰანსკში მოვლენები უკრაინის სცენარით მიმდინარეობს და კრემინას მიმართულებით მიზანმიმართულად მიიწევენ წინ, მაშინ, როდესაც, დონეცკში ინიციატივა რუსეთის მხარეს რჩება, თუმცა ბახმუტზე შეტევა მათ დიდი ფასად უჯდებათ და არც კონტრშეტევის მიმართ არიან საკმარისად დაცულნი. ცხადია, დიდ დანაკარგს განიცდიან უკრაინელებიც, რასაც ადასტურებს მათი ძალების როტაცია ბახმუტთან და დამატებითი ძალების შეყვანა ხერსონში.
შეტევითი კამპანიის სტრატეგია
უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რაც ცივი ამინდის დადგომას დაემთხვა, რუსული კამპანიის ნაწილია. რუსები მიზანმიმართულად ანადგურებენ უკრაინული ელექტროგენერაციისა და წყლის მომარაგების ინფრასტრუქტურას. ეს კამპანია, ომის პირველ დღეებში განხორციელებული შეტევის შემდეგ, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ძალისხმევაა, მისმა ზეგავლენამ, შესაძლოა, კიდევ მოიმატოს. უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის აუცილებელი საბრძოლო მასალის დაშრეტა დამატებითი ეფექტია – შესაძლებელია, უკრაინა არჩევანის წინაშე დადგეს, ფრონტის ხაზი დაიცვას საჰაერო დარტყმებისგან თუ – ქალაქები. საჰაერო თავდაცვის დასავლური სისტემების შეძენა და შესაბამისი რაკეტების რეგულარულად მიღება უკრაინის უახლოესი პრიორიტეტია.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ოპტიმისტური ვარაუდები, რომ რუს სამხედროებს ფრთოსანი რაკეტების მარაგი ამოეწურათ, უსაფუძვლო მეჩვენება. ომის პირველ თვეებთან შედარებით გამოყენებული რაკეტების რაოდენობა შესამჩნევად შემცირებულია, მაგრამ რუსეთის მარაგები და/ან რაკეტების წარმოების სიმძლავრე საკმაოდ დიდია და აღემატება საჯაროდ გაკეთებულ რიგ (მაგალითად, იხ. აქ) განცხადებებს. უკრაინული დაზვერვის უფროსის მოადგილემ, გენერალმა სკიბიცკიმ, ომის დაწყების შემდეგ წარმოებული Kh-101 და Kalibr-ის რაოდენობა შეაფასა, შესაბამისად, როგორც 240 და 120 ცალი. სამხედრო დანიშნულების ქარხნებში რამდენიმე ცვლაში მუშაობენ და სამუშაო ძალაც დაიმატეს, რაც ნათლად მიუთითებს – რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რაკეტების წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების დეფიციტს არ ელის. ამასთან, ეჭვგარეშეა, ვითარება სხვადასხვა ინდუსტრიაში არათანაბარია და მოსკოვს არჩევანის გაკეთება მოუწევს, თუ რომელ სისტემებს მიენიჭოს უპირატესობა. სიმძლავრეები და საჭირო კომპონენტების ხელმისაწვდომობა შეზღუდული რჩება.
სანქციები და ექსპორტის ეფექტური კონტროლი რუსეთის მიერ წარმოებული რაკეტების რაოდენობას, საბოლოოდ, მაინც შეამცირებს, რუსეთს გაუჭირდება მათი შეძენა, გაეზრდება ხარჯი და რიგი სისტემების გადაკეთებაც მოუწევთ, მაგრამ, ახლო მომავალში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. სანქციები ჯადოსნური ჯოხი არ არის. რაც უფრო ფართოა სანქციები, მით მეტ ძალისხმევას ითხოვს მათი აღსრულება. სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი ან ირანი, ერთობლივად მოქმედებენ, ქმნიან მომარაგების ქსელს, იმისთვის, რომ მოერგონ ვითარებას და უზრუნველყონ სამხედრო ინდუსტრიისთვის აუცილებელი კომპონენტების მოპოვება. პარალელურად, სამხედრო დანადგარებს იმ კომპონენტებს არგებენ, რომელზეც ხელი მიუწვდებათ. სანქციებს გრძელვადიანი შედეგები ექნება და დააკნინებს რუსეთის უნარს, აწარმოოს მაღალტექნოლოგიური სამხედრო სისტემები, მაგრამ მოლოდინი რეალისტური უნდა იყოს, უნდა გვესმოდეს, რის მიღწევა შეგვიძლია სანქციების მეშვეობით მოკლევადიან პერიოდში (ისე, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში). ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ჯერ კიდევ აწარმოებს ტანკებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს.
უკრაინელთა სტრატეგია
კიევი შეეცდება რუსულ ძალებზე ზეწოლა ზამთრის განმავლობაშიც შეინარჩუნოს, იქნება ეს მათი ცოცხალი ძალის განადგურება თუ შეტევითი ოპერაციები. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პირობები შეტევას ართულებს, უკრაინა ახლა უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რუსეთი და მომავალი თვეების განმავლობაში შესაძლოა ვიხილოთ ზამთრის დიდი შეტევა. შეიძლება ვიხილოთ უკრაინელთა კომბინირებული ოპერაციები რუსულ პოზიციებზე დარტყმებით ღრმა ზურგში და სპეცრაზმის დივერსიული რეიდებით. უკრაინის მიზანია, შეინარჩუნოს ინიციატივა და საშუალება არ მისცეს რუსებს, გადავიდნენ შეტევაზე ზამთარში ან გაზაფხულზე. უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს გაძლიერებული დასავლური დახმარება წვრთნით თუ შეიარაღებით. რუსების ცოცხალი ძალის გამოფიტვითა თუ მანევრებით, უკრაინა, სავარაუდოდ, კიდევ მეტ ტერიტორიებს დაიბრუნებს. ვვარაუდობთ, რომ ამ ომის ისტორია კიდევ დაადასტურებს – მანევრული ომის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან მტრის ძალების გამოფიტვამ ის შესაძლებელი გახადა.
უკრაინის გამარჯვება ხერსონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული წარმატება იყო, რამდენიმეთვიანი დაძაბული ბრძოლებისა და ორივე მხარეს დიდი დანაკარგების შემდეგ, უკრაინამ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე გაარღვია რუსული სამხედრო პოზიციები. მიუხედავად ამისა, რუსმა სამხედროებმა მდინარე დნიპროს გადალახვა აღჭურვილობის დიდ ნაწილთან ერთად მოახერხეს. რუსების ნაწილი მეორე ნაპირზე გამაგრდა, ნაწილი კი ბახმუტთან პოზიციებს შეუერთდა. უკრაინამ დნიპროს აღმოსავლეთით განალაგა ძალები და იქიდან შორი მანძილის არტილერიას ამუშავებს, იმისთვის, რომ რუსული მომარაგების ქსელი დააზიანოს. ხერსონის შეტევა ფრთხილი ოპტიმიზმის უფლებას გვაძლევს – უკრაინას აქვს უნარი, განაგრძოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. ამასთან, მნიშვნელოვანი უპირატესობების გათვალისწინება, რაც უკრაინულ ძალებს ხერსონში ჰქონდათ, იმ ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალი შეტევები მსგავსად ძვირადღირებული და ნელი იქნება. ხერსონის ოპერაცია უკეთესი გზამკვლევია, ვიდრე ხარკოვის მოულოდნელი გარღვევა იყო, ვინაიდან იქ რუსული პოზიციები შეუდარებლად სუსტად გამოიყურებოდა.
უკრაინისთვის ახლა უპირველესი საკითხი საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაა. უკრაინა ასევე განიცდის საბრძოლო მასალის დეფიციტს – დასავლეთის ქვეყნებში მათი წარმოების მაჩვენებლებსა და უკრაინაში მოხმარებას შორის დიდი უფსკრულია. ამ განსხვავების შესავსებად, შეერთებულმა შტატებმა დიდი რაოდენობით დასაწყობებული საბრძოლო მასალა გამოიყენა. ზუსტი იარაღი, ცხადია, ერთგვარი ხარისხობრივი უპირატესობაა, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საბრძოლო მასალის სიმცირე უკრაინისთვის დიდი გამოწვევად, შეიძლება, იქცეს. დასავლეთმა ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს. უკრაინელები რუსებზე ეფექტურად იბრძვიან, მაგრამ ეს ომი, ძირითადად, საარტილერიო ომად რჩება და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება განმსაზღვრელი სტრატეგიაა. რუსეთის თავდაცვითი ხაზების გასარღვევად საარტილერიო ცეცხლში უპირატესობის მოპოვება უკრაინელთათვის გადამწყვეტია. შეერთებულმა შტატებმა საერთო საარმიო სტრატეგიაში უკრაინელი სამხედროების წვრთნა დაიწყეს შენაერთებისა და ბატალიონების დონეზე, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი, რამდენად საკმარისი იქნება ამ გზით მოპოვებული უპირატესობა. ცხადია, პირადი შემადგენლობის მომზადება ამ ომში უმნიშვნელოვანესია და რუსების მხრივ დაშვებულმა სტრატეგიულმა შეცდომებმა, დროთა განმავლობაში, შეიძლება ახალი შესაძლებლობები გააჩინოს უკრაინელთათვის.
როცა საქმე საარტილერიო საბრძოლო მასალას ეხება, რუსი სამხედროები კიდევ უფრო დიდ პრობლემებს აწყდებიან. ბახმუტისთვის ბრძოლისას ისინი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას ხარჯავენ. რუსეთის სამხედრო ამოცანები მათ შესაძლებლობებს კვლავ აღემატება. რიგი ნიშნები ადასტურებს – რუსები ახლა ცდილობენ დონეცკში არტილერია და აღჭურვილობა დაზოგონ. შესაბამისი დასავლური ოფიციალური სტრუქტურების შეფასებები მნიშვნელოვნად მერყეობს, თუმცა ძირითადი განსხვავება ის არის, როდის დაუდგებათ რუსებს საბრძოლო მასალის შიმშილი – 2023 წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე. ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდება (იმის მიხედვით, თუ რამდენს მოიპოვებენ) ამ დეფიციტს შეამცირებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსები უფრო დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას იყენებენ, ვიდრე წარმოება შეუძლიათ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ – ეს მნიშვნელოვანი მონაცემია, მაგრამ ბევრი რამ მაინც უახლოეს თვეებში გაირკვევა. თუ რუს სამხედროებს საკმარისი რაოდენობით საარტილერიო ცეცხლი და ცოცხალი ძალა ექნებათ, ისინი დონბასში ძლიერ შეტევას შეეცდებიან. თუმცა, თუ საბრძოლო მასალის დეფიციტს ვერ დაძლევენ, მხოლოდ ბახმუტის მსგავს პატარა ქალაქებზე შეტევით და ლოკალურ მონაკვეთებზე კონტრშეტევებით იქნებიან დაკავებულნი.
მოლოდინი და სამომავლო სცენარი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ანალიზი არც ყოვლისმომცველია და, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთისა და უკრაინის ძალთა არასრულ სურათს ეფუძნება, ზამთრის კამპანიისთვის განსახილველად სამი სცენარი გვაქვს, იმისთვის, რომ შევაფასოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
რუსეთის ხაზი შეიძლება ჩამოიშალოს რომელიმე ფრონტზე დაბალი საბრძოლო შემართების, არასაკმარისი მომარაგების და ზამთრის პერიოდში განახლებული უკრაინული შეტევის გამო, ვინც ჩამოთვლილ ფაქტორებს გამოიყენებს. ეს, შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინული გარღვევით დაგვირგვინდეს. მოვლენების ასეთი განვითარება დასაშვებია, თუმცა ოპტიმისტური სცენარია.
საპირისპირო პესიმისტური სცენარი ის იქნება, თუ, თებერვლიდან მოყოლებული, რუსები დონეცკის მიმართულების მიღმა გააძლიერებენ შეტევას. მაგრამ ამის ალბათობა მცირეა, თუ გავითვალისწინებთ ხელმისაწვდომი საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ხარისხს, რაც მათ განკარგულებაშია – ამასთან, ვივარაუდებთ, რომ ძალების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალება რუსებს არ აქვთ.
ამიტომ მომდევნო რამდენიმე თვის ყველაზე სავარაუდო სცენარი ასეთია – ფრონტი, სადაც ორივე მხარე განიცდის დანაკარგს და ახორციელებს ლოკალურ შეტევებს. ამასთან, უკრაინა ინარჩუნებს ინიციატივას და შესაძლებლობას, სტაბილურად მიიწევდეს მიზნებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ, ხერსონის შემდეგ, რუსი სამხედროები უკეთ არიან გამაგრებულნი და თავდაცვისთვის ძალთა თავმოყრა მოახერხეს, ბახმუტის და პავლივკას ბრძოლების ანალიზის საფუძველზე ვვარაუდობთ, შეტევისთვის აუცილებელი პოტენციალის აღდგენა მათ არ შეუძლიათ. რუსი სამხედროები კონცენტრირებულნი არიან დონეცკის აღებაზე, აქედან გამომდინარეა მათი თავგამოდება ბახმუტის ასაღებად და დონეცკის ოლქის სამხრეთ ნაწილში პოზიციური უპირატესობის მისაღწევად.
რუსების შეტევა ბახმუტზე უაზრო არ არის, მაგრამ სტრატეგიულად არაგონივრულია, იმის გათვალისწინებით, რომ გარღვევისთვის საკმარისი შემართება არ ჩანს. ბახმუტი რომც დაიკავონ, შემდგომი წინსვლის მხარდასაჭერად საკმარისი ძალები არ აქვთ. ეს იქნება მხოლოდ ტაქტიკური გამარჯვება საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სტრატეგიული დანაკარგის ფონზე. ამ შემთხვევაში რუსული პოზიციები უკრაინული კონტრშეტევისგან დაუცველი აღმოჩნდება. რუსებისთვის საუკეთესო შემთხვევაში, ისინი უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე აღმოჩნდებიან მხოლოდ. ბახმუტი რომც დაეცეს, ეს ბრძოლა რუსეთის სამხედრო სტრატეგიაში არსებულ პრობლემებზე უფრო მიანიშნებს , ვიდრე მათ მოგვარებაზე. მეტად სავარაუდოა, ხერსონიდან გასვლის ნება გენერალ სუროვიკინს (მათი ძალების ერთიან მეთაურს) იმ პირობით მისცეს, რომ დონბასზე შეტევა ახალი ძალებით განეახლებინა. შესაბამისად, ის ამ შეტევას აწარმოებს ძალდატანებით და იმავდროულად ცდილობს, მრავალშრიანი თავდაცვითი ხაზი შექმნას, მოაგვაროს დაკომპლექტების პრობლემები და ძალების აღდგენაზე იზრუნოს.
ზოგი შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსების პოზიციებს ბელარუსში, რაც, შესაძლოა, ჩრდილოეთ ფრონტის განახლების საწინდარი იყოს, მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდოა. ამჟამად რუსული ძალები ბელარუსში საკმარისი არ არის. ნებისმიერი შეჭრა ამ მიმართულებიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები უნდა უძღოდეს წინ, ამიტომ ბელორუსიდან სამხედრო კამპანიის დაწყება ძნელი დასამალი იქნება და, შესაძლოა, შესასრულებლად კიდევ უფრო რთული იყოს.
ამაზე ბევრად უფრო შემაშფოთებელია საბრძოლო ვითარებაზე რუსეთის საჰაერო-სარაკეტო ძალების გავლენის ზრდა. თუ რუსები კიდევ მეტად ეფექტურები გახდებიან, უკრაინა იძულებული გახდება, არჩევანი გააკეთოს – საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგოს ფრონტზე სამხედრო პოზიციების ან ქალაქების დასაცავად.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დედაქალაქიდან აგზავნიდნენ სიგნალების, რაც ახლო მომავალში მოლაპარაკებების დაწყებაზე მიგვანიშნებდა, დღეს არსებული ვითარება ამგვარ პერსპექტივას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. დღეს არის ჩიხი და არც ერთ მხარეს სურს, გადახედოს დასახული მიზნების მინიმუმს. აგვისტოდან მოყოლებული უკრაინა იმარჯვებს და ცეცხლის შეწყვეტა ამ ეტაპზე რუსეთს დიდ სარგებელს მოუტანს. წარსულის გამოცდილება გიჩვენებს – მოსკოვი ამ შესვენებას ძალების აღდგენისა და ომის განახლებისთვის გამოიყენებს. ამას გარდა, საომარი მოქმედებების ნაადრევი შეწყვეტა მხოლოდ ომის გაგრძელების გარანტიაა, რადგან კონფლიქტის ვერც ერთი მხარე მიაღწევს თავის საომარ მიზნებს. ეს არ გულისხმობს, რომ მოლაპარაკებები უაზრო იქნება შემდგომ ეტაპზეც ან აზრს მოკლებულია დღევანდელი ფიქრები იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი და როგორ შეიძლება მისი სიმწვავის მართვა. უკრაინის გადამწყვეტი გამარჯვების შემთხვევაშიც კი, პუტინმა, შეიძლება, არ აღიაროს დამარცხება და დამანგრეველი ომი განაგრძოს.
უკრაინა ამ ომში შედარებით უპირატესობას ინარჩუნებს, თუმცა აღნიშნული უპირატესობა შედეგების ზუსტად განჭვრეტის გარანტიად ვერ გამოდგება. რაც ამ მომენტამდე მუშაობდა, იმან, შეიძლება, იგივე შედეგი მომავალში აღარ მოიტანოს, თუ არ მოხდება წვრთნის პროგრამების, მიწოდებული დახმარების, სამხედრო წარმოების და საბრძოლო მასალის გახარჯვის შეცვლილ ვითარებაზე მორგება. ომის ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ყველა ეტაპზე აჩვენეს თავი, როგორც უფრო კომპეტენტურებმა და მოტივირებულებმა, რუსები კი მოლოდინს არ შეესაბამებოდნენ.
ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ უკრაინელთა საბრძოლო ძალისხმევა დასავლეთის ქვეყნების (განსაკუთრებით, შეერთებული შტატების) საგარეო სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. რუსეთის სტრატეგიული დამარცხება და უკრაინის გამარჯვება ერთი და იგივე არ არის. ეს ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ განსხვავებული მიზნებია. დასავლეთის შეიარაღებული ძალები, ეკონომიკა და სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობები განუზომლად აღემატება რუსეთისას, მაგრამ სიტყვა შესაძლებლობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თავისთავად არ იქცევა შედეგად – მატერიალური და პოლიტიკური შეზღუდვების დასაძლევად პოლიტიკოსთა ნებაც უნდა არსებობდეს.
©Michael Kofman – The Russo-Ukrainian war ten months in: taking stock. Riddle, December 28, 2022
©LV (ქართული თარგმანი, 2023)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ავტორის შესახებ:
მაიქლ ქოფმანი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ანალიზის ცენტრის (CNA – The Center for Naval Analyses) რუსული მიმართულების დირექტორია. CNA-ს აშშ მთავრობა აფინანსებს და ცენტრი აშშ სამხედრო-საზღვაო ძალებს, ისევე როგორც სხვა ფედერალურ სააგენტოებს ემსახურება როგორც თინქ-თენქი. ოდესელი ებრაელების ოჯახიდანაა. თავად კიევშია დაბადებული.