ვაჭრობის შეზღუდვა

ფრედერიკ ბასტია

ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი VII

იყო და არ იყო, ცხოვრობდა ბატონი პროტექციონისტი (ეს სახელი მე არ შემირქმევია, ჩარლზ დიუპენმა[1] მოიფიქრა). დრო, გარჯა და კაპიტალი მისი მიწიდან რკინის მადნის მოპოვებასა და გადადნობას მოახმარა. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბუნებამ უფრო გულუხვი კალთა ბელგიელების დააფერთხა, ამიტომ ბელგიურ რკინას უკეთეს ფასად ჰყიდდნენ საფრანგეთში, ვიდრე ბატონი პროტექციონისტი და ყოველ ფრანგს შეეძლო ნაკლები შრომით გამოემუშავებინა საკმარისი თანხა ფლამანდიელებისგან რკინის შესაძენად. გულუხვი ხალხია ფლამანდიელები! ფრანგები სარგებლობდნენ ამ ხელსაყრელი შესაძლებლობით და ყოველდღე უამრავი მჭედელი, ზეინკალი, ხარატი და რკინითხურო სტუმრობდა ბელგიას თავად ან შუამავალს აგზავნიდა რკინის შესაძენად, რაც არაფრად ეპიტნავა ჩვენს პროტექციონისტს.

ჯერ იფიქრა, ამ უმსგავსობას საკუთარი ძალებით მოვერევიო – აბა როგორ, ასე უსინდისოდ აზარალებდნენ. მხარზე გადავიკიდებ მუშკეტს, დამბაჩებს გავირჭობ ქამარში, სავაზნეებს ავავსებ, მახვილს ავლესავ, საზღვარზე დავდგები და ადგილზე მოვკლავ პირველივე ფრანგს, ვისაც რკინის შესაძენად ბელგიაში მიეჩქარება, ვინც საკუთარ ხეირზე ფიქრობს და ჩემსას კი არად აგდებს – კარგი ჭკუის სასწავლებელი იქნებაო მათთვის!

მაგრამ შემდეგ ბატონ პროტექციონისტს ეჭვები მოეძალა და საომარი განწყობაც ოდნავ განუქარდა. ეგებ, იაფი რკინის მადევარმა თანამემამულეებმა ჩემი აღტყინება ჯეროვნად ვერ დააფასონ და იქეთ მომკლანო, – გაიფიქრა, – მეტიც, ყველა ჩემი მსახურიც რომ თან გავიყოლო, მთელ საზღვარს მაინც ვერ დავკეტავთ. ეს ამბავი, ალბათ, ძალიან ძვირი დამიჯდება და ჩიტი ბდღვნად არ ეღირება.

ბატონი პროტექციონისტი დასევდიანდა და, კინაღამ, გადაწყვიტა, ჩემს საქმეს შევეშვები და სხვასაც მის ნებაზე მივუშვებო, რომ, უცებ, ბედნიერი ფიქრი დაებადა.

მოაგონდა, რომ პარიზში კანონების გამომცემი ერთი დიდი ქარხანა დგას. რა არის კანონი? – ჰკითხა საკუთარ თავს, – ისეთი რამეა, როგორც კი გამოსცემენ, ყველა უნდა დაემორჩილოს, არგია თუ აზარალებს. კანონის აღსრულებას პოლიცია ზედამხედველობს, რომლის შესანახად მთავრობა მოქალაქეებს ფულს გვართმევს.

ამ პარიზული დიდი ქარხნიდან, როგორმე, საჩემო კანონის მიღება უნდა მოვახერხო, სადაც შავით თეთრზე ჩაწერენ: „ბელგიური რკინა აკრძალულია“, მაშინ მიზანსაც მივაღწევ. იმ რამდენიმე მსახურს, საზღვარზე გაგზავნა რომ მსურდა, მთავრობა ოცი ათასი კაცით ჩაანაცვლებს, რომლებსაც ურჩი მჭედლებისა და ზეინკლების ოჯახებიდან გაიწვევს. ოცი ათასი ამ მებაჟის აღსაჭურვად და შესანახად კი, იმავე მჭედლებისა და ზეინკლებისგან, ოცდახუთ მილიონ ფრანკს მოკრებს. ამგვარად, საზღვარსაც საგულდაგულოდ ჩაკეტავენ და მეც ეს ამბავი არაფერი დამიჯდება. არსად გამოვჩნდები და ვერც ეჭვს მიიტანენ ჩემზე. რკინას სარფიანად გავყიდი, მოგებას ვნახავ და გაბრიყვებული ხალხის სეირითაც დავტკბები. ფრანგები ჭკუას ისწავლიან და თავიდან ამოიგდებენ იმ აზრს, რომ ევროპაში ყოველგვარი პროგრესის მოთავეები და წინამძღოლნი არიან. კარგად კი მოვიფიქრე – ცდად ნამდვილად ღირს!

შემდეგ ბატონი პროტექციონისტი კანონების ქარხანაში წავიდა (სხვა დროს, ალბათ, მისი ბნელი, ფარული გარიგების ამბებსაც დავწერ, დღეს მხოლოდ იმ ნაბიჯების აღწერით შემოვიფარგლები, რაც მან ღიად, ყველას დასანახად გადადგა) და მათ აღმატებულებას, პატივცემულ კანონმდებლებს შემდეგი არზა წარუდგინა:

„საფრანგეთში ბელგიური რკინა ათ ფრანკად იყიდება, რაც იძულებულს მხდის, ჩემი მამულიდან მოპოვებული ფრანგული რკინაც ამ ფასად გავყიდო. მე თხუთმეტი ფრანკი მაძლევს ხელს, მაგრამ, საძაგელი ბელგიური რკინის გამო, ხელსაყრელ ფასად ვერა ვყიდი. გთხოვთ, გამოსცეთ კანონი, რომელიც დაადგენს: „ბელგიური რკინის საფრანგეთში შემოტანა აიკრძალოს.“ მაშინ ჩემი რკინის ხუთი ფრანკით გაძვირებას შევძლებ, რაც ქვეყანას ასეთი შედეგს მოუტანს:

ყოველი ასი კილოგრამი რკინის საფასურად, რომელსაც საზოგადოებას მივაწვდი, ათი ფრანკის ნაცვლად თხუთმეტ ფრანკს გადამიხდიან: უფრო სწრაფად გავმდიდრდები; მაღაროებს გავაფართოებ; მეტ მაღაროელს დავასაქმებ; მე და ჩემი მუშები დავხარჯავთ მეტ თანხას; ჩვენი მომწოდებლებიც მეტ სარგებელს ნახავენ; ეს მომწოდებლები, რომლებსაც მოთხოვნა გაეზრდებათ, თავის მხრივ, საკუთარ მიმწოდებლებს მისცემენ მეტ შეკვეთას – წარმოება გაიზრდება და თანდათანობით ეს სიკეთე მთელს ქვეყანას მოედება.

ასე და ამგვარად, პატივცემულო დეპუტატებო, ასიოდ ბედნიერი მონეტა, რომელსაც ქისაში ჩავიჩხრიალებ, ოთხივ კუთხით ბარაქის ტალღას დააგზავნის, როგორც აკეთებს შუაგულ ტბაში ჩაგდებული ქვა.“

ამ ჯადოსნური სიტყვებით მოხიბლული კანონმდებლები გაოცდნენ, თურმე, რა იოლია ხალხის სიმდიდრის გაზრდა და ხმა მისცეს შემზღუდავ კანონს. „რამდენი დრო შემოგვეფცქვნა შრომასა და დანაზოგების შესახებ ტყუილ მსჯელობაში, – თქვეს ასე, – რა საჭირო იყო ქვეყნის დოვლათის ზრდის სხვადასხვა გზის განხილვა, როდესაც ერთ პატარა განჩინებას ყველაფერს შეუძლია?“

მართლაც, ახალმა კანონმა მოიტანა ყველა ის შედეგი, რაც ბატონმა პროტექციონისტმა იწინასწარმეტყველა, მაგრამ მოიტანა სხვაც, რაც მას არ უთქვამს. სამართლიანი ვიქნები – ბატონ პროტექციონისტს არ უთქვამს ტყუილი. მან, უბრალოდ, სრული სიმართლე არ თქვა. სათავისოდ წვრილად ჩამოთვალა ყველა, რასაც აკრძალვა ხილულად მოიტანდა და უთქმელად მოიტოვა ის, რაც დაფარული იყო.

მის მიერ დახატულ ტილოზე ორი ადამიანია, მაშინ, როდესაც, სამი უნდა იყოს. წინასწარ განზრახვით გამორჩა, თუ – უნებლიედ, ჩემი მიზანია, სრული სურათი გიჩვენოთ.

სიმართლეა, რომ საკანონმდებლო შეზღუდვის დახმარებით, ბატონი პროტექციონისტის ქისაში აღმოჩენილი 5 ფრანკი ხეირია მისთვის და მის მიერ დამატებით დასაქმებულისთვის. მონეტა მთვარიდან რომ ჩამოვარდნილიყო, სიკეთის გარდა არაფერს მოიტანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთვარიდან ჩამოყრილი ფული ჯერ არ გვინახავს. მაგიერ, მჭედლის, ზეინკლის, ხარატის ჯიბიდან ამორთმეული ფული გვინახავს უხვად – ანუ, იმავე ჟაკ ბონომისგან[2], რომელიც გუშინ ათ ფრანკს იხდიდა იმ ოდენობის რკინაში, დღეს რომ თხუთმეტ ფრანკად უწევს შეძენა. ყველასთვის ნათელია – ბატონი პროტექციონისტის მოგება უდრის ჟაკ ბონომის ზარალს. და რასაც ბატონი პროტექციონისტი მისი ხუთი ფრანკით ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად გააკეთებს, ჟაკ ბონომიც იმავეს შეძლებდა. წინა მეტაფორას რომ დავუბრუნდეთ – ქვა ერთ ტბაში მხოლოდ იმიტომ ვარდება, რომ მისი სხვა ტბაში ჩაგდებაა აკრძალული.

ამგვარად, სასწორის ერთ პინაზე გვაქვს ის, რაც დაფარულია და მეორეზე – ის, რაც ხილულია. ამ ყველაფრის შედეგს კი უსამართლობა ჰქვია და, რაც ყველაზე სამარცხვინოა, ამ უსამართლობას კანონის სახელით სჩადიან.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სრული სურათი. როგორც ვთქვი, მესამე ადამიანი გვყავს, რომელიც ჩრდილში დარჩა და დროა, ისიც გამოვაჩინოთ. იმიტომ რომ ისიც დაზარალებულია, მანაც დაკარგა ხუთი ფრანკი.

მოდი, ვნახოთ თავიდან:

ჟაკ ბონომს თხუთმეტი ფრანკი ჰქონდა, მისი შრომითა და ოფლით მოპოვებული. რას აკეთებდა? (სანამ მისი თავისუფალი ნება კანონმა არ შებოჭა) – ათ ფრანკად ყიდულობდა რკინის ნაწარმს (რომელიც მჭედელმა ბელგიური რკინისგან გამოჭედა) და კიდევ ხუთი ფრანკი რჩებოდა ქისაში. როგორ ფიქრობთ, ტბაში მოისვრიდა ამ ფულს თუ წავიდოდა და ვინმე სხვა მეწარმისგან (რომელიც ჩრდილში დაგვრჩა და ნახატზე არ ჩანს) შეიძენდა რამე საქონელს. ვთქვათ, წიგნის ფარდულში – დიუმას „სამ მუშკეტერს“[3].

შედეგად რა მივიღეთ?

მან წაახალისა ადგილობრივი მეწარმე:

1. პარიზელი რკინის ხელოსანი – 10 ფრანკით.

2. წიგნით მოვაჭრე – 5 ფრანკით.

რა მოიგო თავად? შეიძინა:

1. რკინის ნაკეთობა.

2. წიგნი.

მაგრამ ამ დროს ძალაში შედის შემზღუდავი კანონი.

როგორ ცვლის სურათს?

ჟაკ ბონომი თხუთმეტ ფრანკს ბატონ პროტექციონისტს ჩაუთვლის სრულად, ბოლო მონეტამდე და ვეღარაფერს შეიძენს რკინის გარდა. წიგნისთვის ხუთი ფრანკი აღარ რჩება. ვერც კარგი წიგნის წაკითხვით ისიამოვნებს.

მეთანხმებით? ძნელია არ დამეთანხმოთ. როდესაც თავისუფალ ვაჭრობას ზღუდავენ – საქონელი ძვირდება და ფასთა სხვაობას მომხმარებელი კარგავს.

აქ გეტყვიან, რომ ეს თანხა შენაძენია ადგილობრივი წარმოებისთვის.

მაგრამ არა! მოგებული არავინაა, რადგან ადგილობრივ წარმოებას ისევ ის თხუთმეტი ფრანკი შეემატება, რაც – კანონის გამოცემამდე.

სხვაობა ისაა მხოლოდ, რომ, კანონის შემდეგ, მთელი თანხა რკინის მრეწველს მიაქვს, კანონის მიღებამდე კი რკინისა და წიგნის მრეწველობებს შორის ნაწილდებოდა.

ძალადობა, რომელსაც ბატონი პროტექციონისტი მიმართავს თავად და კანონმდებლების დახმარებით, ზნეობის თვალსაზრისით, შესაძლოა, სხვადასხვაგვარად შეფასდეს. შემხვედრია ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ ძარცვა, როგორც კი დაკანონდება, ზნეობრივი ხდება. მე კი ვერ წარმომიდგენია, ამაზე დაკანონებულ ძარცვაზე უფრო უზნეო რა უნდა იყოს. მაგრამ ერთი რამ ცხადია – ეკონომიკური თვალსაზრისით, ორივე სახის ძალადობას მსგავსი შედეგი მოაქვს.

დააცქერდით, რომელი კუთხიდანაც გნებავთ – თუ მზერა გამახვილებული გაქვთ, იოლად დაინახავთ: დაკანონებული თუ უკანონო ძარცვა სიკეთეს ვერ მოიტანს. მართალია, მას შეუძლია მოგების მოტანა ბატონი პროტექციონისტისთვის, ან, თუ ასე თქმა უფრო გესიამოვნებათ – შიდა წარმოებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, აზარალებს ჟაკ ბონომს, ვისაც თხუთმეტი ფრანკის გადახდა უწევს საქონელში, გუშინ ათ ფრანკად რომ ყიდულობდა და იმ ადგილობრივ მეწარმეს, რომელიც მისგან ხუთ ფრანკს მიიღებდა. თქვენი ასარჩევია, რომლის დანაკარგის ხარჯზე იგებს ბატონი პროტექციონისტი, მაგრამ ვისაც არ უნდა დაადოთ ხელი, აუნაზღაურებელი ზარალი შეგვრჩება ხელთ.

ამ ამბის მორალი მარტივია: ძალადობა დოვლათს ვერ ქმნის, მხოლოდ – სპობს! ძალადობას რომ წარმოება შეეძლოს, საფრანგეთი ბევრად მდიდარი იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

©Frédéric Bastiat – Trade Restrictions, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ფრანგ მათემატიკოსსა და ეკონომისტის, შარლ დიუპენს ეკუთვნის ტერმინი M. Prohibant. სიტყვასიტყვით „ბატონ შემზღუდველს“, „ბატონ ამკრძალავს“ ნიშნავს.

(2) ჟაკ ბონომი (Jacques Bonhomme) სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ არის „კეთილშობილი ჟაკი“ / „იაკობ კაიკაციშვილი“ – ფრანგი გლეხის კრებითი სახელი. ბასტია რიგითი ფრანგის აღსანიშნად იყენებს. Jacques Bonhomme ასე ერქვა ეკონომიკურ ჟურნალს, რომელიც 1848 წლის ზაფხულში დაბეჭდეს და პარიზში გაავრცელეს ფრედერიკ ბასტიამ და კიდევ ერთმა ფრანგმა ეკონომისტმა, გუსტავ დე მოლინარიმ.

(3)კარგი… კარგი… ბასტია სხვა ავტორსა და წიგნს ასახელებს. 🙂 მაგრამ დღეს ის წიგნი არც ჩვენ ვიცით და, ალბათ, აღარც ფრანგებს ახსოვთ.

___

ასევე ფრედერიკ ბასტია:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე
გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება
კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ
გადასახადების შესახებ
სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ
უფასო ფულის შესახებ

___

მთარგმნელის კომენტარი:
ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” “საქართველოს უნივერსიტეტმა” გამოსცა 2016 წელს. ფრანგულიდან თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლია, ჩამოქაჩო.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები
ჩემი ფრანგული ბასტიას ვერ ყოფნის, ამიტომ ინგლისურიდან ვთარგმნი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: