ლიუქ ქოფი
1989 წელს ბერლინის კედლის დაცემა და 1991 წელს სსრკ-ს პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა საბჭოთა კავშირის დაშლის მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ არა საკუთრივ დაშლა; მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-მ, როგორც იურიდიულმა პირმა, 1991 წელს შეწყვიტა არსებობა, სსრკ-ს დაშლა დღესაც გრძელდება. ორი ომი ჩეჩნეთში, რუსეთის შეჭრა საქართველოში 2008 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წელს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები და ყარაბაღის მეორე ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წელს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, იმის დასანახად, რომ საბჭოთა კავშირი დღესაც იშლება.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მომავლის ისტორიკოსები უთუოდ მონათლავენ საბჭოთა კავშირის დაშლის ყველაზე მნიშვნელოვან (თუ არა ბოლო) ეტაპად. უცნობია, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ბიძგს მისცემს რუსეთის ფედერაციის (საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრის) დაშლის პროცესს, ყოველ შემთხვევაში დღეს არსებული ფორმით. უდავოა, რუსეთის ეკონომიკამ, სამხედრო შესაძლებლობებმა გამანადგურებელი დარტყმა განიცადა, მისი პოლიტიკური წონა კი, იმ რეგიონებში, სადაც ოდესღაც გავლენა ჰქონდა, ეცემა. 10 ან 20 წელიწადში რუსეთის ფედერაციის საზღვრები, სავარაუდოდ, ისეთი აღარ იქნება, როგორც ახლა გამოიყურება რუკაზე. დღეს, როდესაც თვალს ვადევნებთ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ ნგრევას, რუსეთის ფედერაცია კი დაშლის პირას დგას, პოლიტიკოსები უნდა დაკავდნენ ევრაზიის კონტინენტზე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის დაგეგმვით.
ჩემი პოლიტიკური მემორანდუმის მიზანი რუსეთში რეჟიმის შეცვლის პროცესი არ არის – ეს რუსი ხალხის საქმეა. არც იმის გამოცნობას ვცდილობ, ზუსტად როგორი იქნება რუსეთი და, უფრო ფართოდ, ევრაზიის რეგიონი, საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დანგრევისა და რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ. ამ წერილის მიზანია დასავლური პოლიტიკის მესვეურთათვის რეალისტური მიზნების ჩარჩოს მოხაზვა, თავს უყრის ვარაუდებს, რომლებსაც ეს მიზნები ეფუძნება და წამოჭრის კითხვებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ დღეს, იმისთვის, რომ უკეთ მოემზადონ ხვალინდელი დღისთვის.
მიზნები:
რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაისახოს ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე ფოკუსირებული მიღწევადი მიზნები. კერძოდ, აშშ-ს დასჭირდება:
იყავით რეალისტები რუსეთში დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის შექმნის შესაძლებლობის მიმართ. 1990-იანებმა აჩვენა, რომ გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა (მაგ. საბჭოთა კავშირის იურიდიულმა დაშლამ) თავისდათავად ვერ შეძლო რუსული საზოგადოების გარდაქმნა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებდა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა 1990-იანი წლების წარუმატებელი გაკვეთილებით უნდა იხელმძღვანელონ და არ დაახარჯონ რესურსები რუსული საზოგადოების, ეკონომიკის ან მთავრობის დასავლური სტილის დემოკრატიად გარდაქმნის მცდელობებს. რაც 1990-იან წლებში წარუმატებელი აღმოჩნდა, სავარაუდოდ ისევ ისე წარუმატებელი იქნება. ამის ნაცვლად, პოლიტიკოსებმა თავმდაბლობა უნდა გამოიჩინონ და აღიარონ – რუსეთში დემოკრატიის შესაქმნელად დასავლეთის გავლენა და შესაძლებლობები შეზღუდულია.
შეზღუდეთ რუსეთის შიგნით ნებისმიერი სახის შიდა ბრძოლების მის გარეთ გავრცელება. რუსეთის ფედერაციის დაშლას შეიძლება მოჰყვეს რევოლუცია, აჯანყება და სამოქალაქო ომი, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. აშშ-სა და მისი პარტნიორებისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ნებისმიერი შიდა ბრძოლის ჩაკეტვა რუსეთის ამჟამინდელ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გაითვალისწინეთ მასობრივი განადგურების იარაღის რუსული მარაგი. რუსეთში თითქმის 6000 ბირთვული ქობინია და, როგორც ცნობილია, ქვეყანა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავების პროგრამებსაც ახორციელებს. ამ იარაღის აღრიცხვა საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში რჩება.
ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაფართოებით და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით, ევროპის სამეზობლოში გაავრცელეთ სტაბილურობა. 1949 წლიდან მოყოლებული, ევროპაში სტაბილურობის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. როდესაც რუსეთის ფედერაცია დაიშლება, NATO-მ და ევროკავშირმა უნდა ისარგებლონ მოსკოვის დასუსტებით და ხელი შეუწყონ „დიდ აფეთქებას“ დარჩენილი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნებისთვის. ამის დაგეგმვა დღეს უნდა დაიწყოს, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოები ნებისმიერი ინსტიტუციური რეფორმისთვის, რაც ახალი წევრების დასამატებლად არის საჭირო. იქ, სადაც NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მიზანშეწონილი არ არის, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივ ან მრავალმხრივ საფუძველზე უფრო მჭიდრო ურთიერთობები უნდა დაამყაროს – უნდა დავიხმაროთ რეგიონული ორგანიზაციებიც, როგორიცაა სუამი ან თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია.
ევროპაში შეინარჩუნეთ უპირატესი სამხედრო ძალა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს ეგრეთ წოდებული „მშვიდობის დივიდენდის“ იმედი ჰქონდა. ამ იმედიდან გამომდინარე, მრავალმა მთავრობამ შეამცირა სამხედრო ხარჯები და ამერიკის სამხედრო ძალების წარმომადგენლობა ევროპაში. მაგრამ „სამშვიდობო დივიდენდმა“ ვერ იმუშავა და აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის აგრესიისთვის არასაკმარისად მომზადებულნი აღმოჩნდნენ. ამერიკამ იგივე შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს. დღეს ზოგი ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციის დასასრული, ევროპაში აშშ-ს ძლიერი სამხედრო ყოფნის საჭიროებასაც დაასრულებს, მაგრამ არავინ იცის, ვლადიმერ პუტინის მეფობის შემდეგ როგორი რუსეთი გაჩნდება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გადადგან აუცილებელი ნაბიჯები რუსეთის დასასუსტებლად, მარგინალიზაციისთვის, ალაგმვისთვის, შეკავებისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მის დასამარცხებლად ახლო მომავალში.
უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის პასუხისმგებლობა, სადაც ეს შესაძლებელია, რუსეთის ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყურადღებო წინადადებით მოგვმართა[1], რომელსაც დასავლეთის პარლამენტებმაც დაუჭირეს მხარი[2]: უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალი უნდა შეიქმნას. ტრიბუნალმა პასუხი უნდა აგებინოს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების გასამართლების შესაძლებლობა დღეს არ ჩანს, საერთაშორისო საზოგადოებამ ცდა მაინც არ უნდა დააკლოს. ქაოტურმა ვითარებამ რუსეთში შეიძლება გააჩინოს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ დამნაშავეებს პასუხი აგებინოს.
გეგმის მონახაზი
მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორი რუსეთი გაჩნდება პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ, რამდენიმე გონივრული ვარაუდი პოლიტიკოსებს უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება. ამ სავარაუდო გეგმის მონახაზი ასეთია:
რუსეთი კიდევ უფრო დაიშლება. რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო თუ დე იურე დაშლამ, შესაძლოა, რუსეთი გეოპოლიტიკურად დაამსხვრიოს. მისი შემდგომი დანაწევრება, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთივე იოლი ან „სუფთა“, როგორც 1991 წელს სსრკ-ს იურიდიული დაშლა იყო, როდესაც მეყსეულად 15 ახალი სახელმწიფო გაჩნდა. პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა ივარაუდონ, რომ რუსეთის დაშლა დაემსგავსება ჩეჩნეთში 1994 წლის სისხლიან კონფლიქტს და არა 1991 წელს ესტონეთის სახელმწიფოებრიობის მშვიდობიანად და მარტივად აღდგენას.
რუსეთის ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობაში უმუშევარი და ომგამოვლილი ვეტერანების წილობრივად დიდი რაოდენობა გაჩნდება. უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ჯარისკაცების მნიშვნელოვანი წილი რუსეთის ფედერაციის მხოლოდ რამდენიმე რეგიონიდანაა[3]. ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა ასაკის ათასობით წარმომადგენელი უკრაინიდან მშობლიურ მხარეს დაუბრუნდება საბრძოლო გამოცდილებითა და შეზღუდული ეკონომიკური ან სოციალური მომავლით. წარსულში ამ რეგიონებში ბევრი იყო დამოუკიდებლობისთვის მოძრაობაში ჩაბმული და მიდრეკილი იყო აჯანყებისკენ. ამან, შეიძლება, შიდა დაპირისპირება და შეტაკება მეტად სავარაუდო გახადოს.
ჩინეთი და თურქეთი ევრაზიაში ძალაუფლების ვაკუუმის შევსებას შეეცდებიან. ჩინეთი და თურქეთი პაექრობენ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გავლენისთვის, სადაც მოსკოვს, ტრადიციულად, დიდი გავლენა აქვს. მსგავსი კონკურენცია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთშიც არის მოსალოდნელი.
კერძო შეიარაღებული ჯგუფების გამრავლება. სავარაუდოდ, იმატებს „კერძო არმიების“ (მაგ. ვაგნერის ჯგუფი) ან სუბ-ეთნიკური შეიარაღებული შენაერთების რაოდენობა (მაგ. ჩეჩნეთის 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელსაც „კადიროვცებს“ უწოდებენ). როდესაც რუსული სახელმწიფო დაიშლება, ამ ჯგუფებისა და მათი ლიდერების ხელში დიდი ძალაუფლება მოიყრის თავს – პოსტ-პუტინურ რუსეთში იქნება საზოგადოება უკრაინაში შეჭრიდან დაბრუნებული ათიათასობით ვეტერანით.
პუტინს თომას ჯეფერსონი ვერ შეცვლის. ვინც პრეზიდენტ პუტინს მისი რეჟიმის დასრულების შემდეგ ჩაანაცვლებს, მასავით ნაციონალისტი და ავტორიტარი იქნება. დასავლელი პოლიტიკოსები უნდა დაეხსნან რუსეთის „ზომიერი“ ლიდერის იმედს, რომელსაც მეზობლებთან მშვიდობა სურს, შინ კი – რეფორმები.
რუსეთი დაბრუნდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე შეიძლება იყოს რუსეთის მარცხი უკრაინაში და, მიუხედავად იმისა, რამდენად განადგურებული იქნება რუსეთის ეკონომიკა და არმია, მოსკოვი არასოდეს მიატოვებს თავის იმპერიულ გეგმებს აღმოსავლეთ ევროპაში. მაშინაც კი, თუ გადაიარაღებას და ძალის აღდგენას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მოსკოვი მეზობლებისთვის იქნება საფრთხე. შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ ძალების მზადყოფნა და საკუთარი სტრატეგია სწორედ ამ ვარაუდზე უნდა დააფუძნონ.
შვიდი კითხვა, რომელიც დღეს უნდა ჰკითხონ პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს
პუტინის შემდგომ რუსეთთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს ზუსტ რეკომენდაციებს ახლა ვერავინ შესთავაზებს, თუმცა, ზემოთ მოტანილი მიზნებისა და ვარაუდების გათვალისწინებით, შვიდ კითხვას უნდა უპასუხონ, იმისთვის, რომ უკეთ მოემზადონ საბჭოთა კავშირის საბოლოოდ დასრულებისა და რუსეთის ფედერაციის დაშლისთვის.
1. როგორ უნდა იმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, იმისთვის რომ საერთაშორისო რეაგირების კოორდინირება მოახდინოს დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის მოწოდებების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის მთელს ტერიტორიას მოიცავს? რუსეთის ფედერაცია 83 ფედერალური სუბიექტისგან შედგება. მათგან ბევრი რუსეთის სლავური მოსახლეობისგან განსხვავებული, საერთო კულტურის, ისტორიისა და ენის მქონე ადამიანებით არის დასახლებული. ზოგ ერთეულში უკვე ჩანან მცირე მასშტაბის დამოუკიდებლობის მოძრაობები[4]. პოლიტიკის მესვეურები მზად უნდა იყვნენ, რომ, რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდგომ, ზოგიერთი ფედერალური სუბიექტი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან უნდა იმუშაოს და დამოუკიდებლობისთვის ამ მოძრაობებს და მოთხოვნებს კოორდინაცია გაუწიოს ისე, რომ აშშ-ს ინტერესებთან და საერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოაქციოს.
2. როგორ უნდა შეძლონ შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა შიდა შეიარაღებული კონფლიქტების შეკავება რუსეთის ფედერაციის დაშლის შემდეგ? რუსეთის ფედერაციის დაშლას, სავარაუდოდ, მოჰყვება შიდა დაპირისპირება ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრს შორის. ამერიკის ინტერესებშია, რომ ბრძოლა და კონფლიქტი რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ საზღვრებში დარჩეს და არ შეეხოს მეზობელ ქვეყნებს. შეერთებულმა შტატებმა და იმ პარტნიორმა ქვეყნებმა, ვინც სურვილს გამოთქვამს, ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ ევრაზიის კონტინენტზე, იმისთვის, რომ გააუმჯობესონ სამხედრო შესაძლებლობები, სასაზღვრო უსაფრთხოება, სამართალდამცავი და უშიშროების სფერო.
3. როგორ უნდა შეძლონ შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა საერთაშორისო რეაგირების კოორდინირება რუსეთის მასობრივი განადგურების იარაღის არსებული მარაგისგან თავდასაცავად? რუსეთის ფედერაციის ათასობით ბირთვული ქობინი, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამები ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მართვა და გამქრალია პასუხისმგებლობა. ეს საკითხი საერთაშორისო საზოგადოებას უნდა აშფოთებდეს. შეერთებულმა შტატებმა დღეს უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ წარმართავენ ხვალ ძალისხმევას ამ საკითხის მოსაგვარებლად. დასაწყისისთვის, საჭიროა ინვესტირება სამეთვალყურეო სისტემებში მთელი რეგიონის მასშტაბით, საზღვრის კვეთის შემთხვევების გამოსავლენად.
4. უნდა ისარგებლონ თუ არა NATO-მ და ევროკავშირმა მოსკოვის სისუსტით და გააგრძელონ „დიდი გაფართოება„ დარჩენილი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნებისთვის? ევროპაში რამდენიმე ქვეყანა რჩება, ვინც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, NATO-სკენ ან, ერთდროულად – ორივესკენ. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მთავარ დაბრკოლებას რუსეთის მხრივ ზეწოლა და შეიარაღებული აგრესია წარმოადგენდა. თუ რუსეთის ფედერაცია დაიშლება, ევროკავშირმა და NATO-მ შერჩეული ქვეყნებისთვის წევრობის პროცესის დაჩქარების შესაძლებლობა უნდა განიხილონ.
5. როგორ უნდა შეძლონ შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა ეკონომიკური და ტექნიკური დახმარების კოორდინირება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი რეგიონებისთვის, ვინც განთავისუფლდება? რუსეთის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოძრაობა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ცალკეულ რეგიონებს მოიცავს, არამედ იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ მდებარეობს და ამჟამად რუსეთს აქვს დაკავებული. ეს ეხება დნესტრისპირეთს მოლდოვაში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (ასევე ცნობილს, როგორც – სამხრეთ ოსეთი) საქართველოში, ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის სხვა ნაწილებს. აშშ-ს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა, დაეხმაროს თავის პარტნიორებს, იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინონ. რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდება ეს პროცესი, მით უფრო სტაბილური იქნება იქ სიტუაცია.
6. რა უნდა მოიმოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, იმისთვის, რომ საერთაშორისო ან რეგიონული ძალების კოორდინაცია მოახდინოს რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ მეზობელს შორის არსებული სასაზღვრო დავის მოსაგვარებლად? ამ დავებს შორისაა კასპიის ზღვის სადავო კუნძულები უკატნი, ჟოსტკი და მალი ჟემჩუჟნი; ესტონეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარი; ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსი და, შესაძლოა, კარელიის საკითხიც. დასავლეთისთვის ეს ყველა ნაკლები მნიშვნელობის პრობლემად, შეიძლება, ჩანდეს, რაკი დასავლური პოლიტიკის მესვეურნი ათასობით მილის მოშორებიდან აკვირდებიან, მაგრამ თითოეულ მათგანს რეგიონულ პრობლემად ქცევის პოტენციალი აქვს და, შესაძლოა, გლობალური შედეგებიც ჰქონდეს.
7. რა შეუძლიათ იღონონ აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა იმისთვის, რომ რუსეთის გავლენა აღკვეთონ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, როგორიცაა სირია, ლიბია და საჰარის ქვედა ზოლის აფრიკის ქვეყნები? რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მოსკოვის გავლენა მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებზე უკვე შემცირდა. რუსეთის ფედერაციის დაშლის შემთხვევაში, დაზარალდებიან კრემლზე დამოკიდებული სახელმწიფოები და მარიონეტული ძალები ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. შეერთებულმა შტატებმა პარტნიორებთან ერთად ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა და შეიმუშაოს სტრატეგია, როგორ გაზარდოს დასავლეთის გავლენა იმ რეგიონებში, სადაც რუსეთის გავლენა მცირდება.
დასკვნა
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ჩრდილო ატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების ვითარება შეცვალა ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მაგრამ ევრაზიის კონტინენტმა რუსეთის შეჭრის შედეგები, შეიძლება, ბოლომდე ვერ შეიგრძნოს კიდევ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, თუ უკრაინა გაიმარჯვებს. პოლიტიკოსებმა სიტუაციის ისტორიული მნიშვნელობა უნდა გააცნობიერონ და შესაბამისი მზადება დაიწყონ ახლავე.
რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებამ შეიძლება, უნიკალური შანსი მოგვცეს, დავაბრუნოთ რუსეთი მის გეოპოლიტიკურ ყუთში სწრაფად, ერთი თაობის განმავლობაში. ეს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას შექმნის, რომელიც ჯერ არ ჩანს. როდესაც პოლიტიკის შემქმნელები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას გეგმავენ, მათ 1990-იანი წლების გაკვეთილები უნდა გაითვალისწინონ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღებები დასავლეთში გულუბრყვილოდ ელოდნენ რუსეთში დემოკრატიული მმართველობის დამყარებასა და ეკონომიკურ რეფორმებს, მაგრამ მათი იმედები ფუჭი აღმოჩნდა. მსოფლიო ასპარეზზე 1991 წლიდან მოყოლებული მოსკოვის ქცევამ, თუკი რამ გვაჩვენა – რუსეთი, ნაკლებ სავარაუდოა, პასუხისმგებლობის მქონე გლობალურ მოთამაშედ იქცეს. ყოველ შემთხვევაში – ახლო მომავალში. მიუწვდომელი მიზნების დევნის ნაცვლად, ამერიკელმა გადაწყვეტილების მიმღებებმა პრაგმატული, რეალისტური პოლიტიკა უნდა გაატარონ, რაც აშშ-ს ეროვნულ ინტერესებშია.
©Luke Coffey – Preparing for the Final Collapse of the Soviet Union and the Dissolution of the Russian Federation. Hudson.org,
Dec 14, 2022
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)President of Ukraine, “We Must Create a Special Tribunal on the Crime of Aggression against Ukraine – Address by President Volodymyr Zelenskyy to the Participants of the Public Debate ‘War and Law’ in Paris,” October 5, 2022
(2)For example, the European Parliament. See “Ukraine: MEPs Want a Special International Tribunal for Crimes of Aggression,” News European Parliament, September 5, 2022
(3)Amy Mackinnon, “Russia Is Sending Its Ethnic Minorities to the Meat Grinder,” Foreign Policy, September 22, 2022
(4) რამდენიმე მაგალითი მოიცავს მოძრაობებს დამოუკიდებელი ჩერქეზეთის, იჩქერიის რესპუბლიკის, დამოუკიდებელი თათარსტანისა და დამოუკიდებელი ბაშკირეთის მხარდასაჭერად. ამ რეგიონებიდან მცირე რაოდენობით მოხალისე უკრაინის მხარდამხარ საბრძოლველადაც წავიდა (ავტორის კომენტარი).
_
ავტორის შესახებ:ლიუქ ქოფი (Luke Coffey) ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია. მისი ნაშრომების ეხება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო საკითხებს, NATO-სა და საგარეო პოლიტიკას.