ქასს ერ სანსთაინი
მთარგმნელის კომენტარი:
კითხვისას რომ არ წაიბორძიკოთ: პირველ ტრილოგიაში ორიგინალი ტრილოგია იგულისხმება – IV, V, VI ეპიზოდები.
მეორე ტრილოგია I, II, III ეპიზოდებია.
მესამე ტრილოგია, შესაბამისად, საგის დასასრული – VII, VIII, IX ეპიზოდები.
შესავალი
„ვარსკვლავური ომები“ – ესაა ქვიშის მარცვალი, რომელიც მთელ სამყაროს იტევს.
არჩევანის თავისუფლება
„ვარსკვლავური ომები” არჩევანის თავისუფლებას ღაღადებს. როდესაც ადამიანები რამე ხათაბალაში გაეხვევიან ან აღმოჩნდებიან გზის გასაყარზე, სერიალი ამბობს: თქვენ თავისუფალი არჩევანის უფლება გაქვთ. ეს „ვარსკვლავური ომების” ყველაზე მთავარი გაკვეთილია. გმირის მოგზაურობის გზა არჩევანის თავისუფლებაზე გადის. მაშინაც კი, როდესაც ბნელი ჩამოწვება და ოთხივ კუთხით ზღუდეს ეჯახები, ფილმი არჩევანის თავისუფლებაზე ლაპარაკობს – ასეთია ამ საგის შთამაგონებელი ბუნება. სერიალს, აგრეთვე, თან სდევს პატიებისა და მონანიების თემა (ყოველთვის შეგიძლიათ აპატიოთ და ყოველთვის შეგიძლიათ მოინანიოთ).
საკუთარი ცხოვრებისეული გზის პოვნა ყველაზე დიდი თავგადასავალია, რომელიც შეიძლება, გქონდეს. ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა. შენი შესაძლებლობები უსაზღვროა. შეიძლება არც იცოდე, ხუთი წუთის შემდეგ რას გააკეთებ, მაგრამ გრძნობ, რომ ყველაფერი გამოგივა. ასე იმარჯვებს სიცოცხლის ძალა.
ლოურენს ქასდანი. „ვარსკვლავური ომების“ V, VI და VII ეპიზოდების სცენარისტი
ბევრი ფიქრობს, რომ „ვარსკვლავური ომები” ბედისწერასა და დაუძლეველ წინასწარმეტყველებაზეა. სულაც არა. „მომავლის განჭვრეტა შეუძლებელია” (როგორც იოდა ამბობს). ეს არის „ვარსკვლავური ომების” ფარული გზავნილი. ადამიანის თავისუფლების ქებათა ქება – აი, ამ ფილმის ნამდვილი ჯადოქრობა.
ცამეტი მოსაზრება „ვარსკვლავურ ომებზე“
ქრისტიანობის, ოიდიპოსის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და დართ ჯა ჯას შესახებ
1. ქრისტიანობა
ზოგიერთები ამბობენ, რომ სერიალი დართ ვეიდერის ტრაგედიის შესახებ კი არ მოგვითხრობს, ის არის ქრისტიანული ზღაპარი მსხვერპლის, სიყვარულისა და მონანიების შესახებ. ბოლოს და ბოლოს, ენექინ სქაიუოქერი ხომ უბიწოდ ჩასახვის შედეგად იშვა. ადამიანი-მამა არ ჰყავს. ქრისტეს მსგავსი ფიგურაა, რომელიც კვდება კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად. თავადაც ამ კაცობრიობის განსხეულება და განსახიერებაა. ჯორჯ ლუქასმა გადაითამაშა ქემფბელის მონომითი[1] და იესოს ცხოვრების მხატვრული რეკონსტრუქცია წარმოგვიდგინა, სადაც იესო ცოდვილია და არ ძალუძს ბოლომდე გაუძლოს სატანის გამოცდას, მაგრამ ბოლოს ყველაფერს სწირავს საკუთარი შვილისთვის (და სიმბოლურად – ყველა ბავშვისთვის).
შეგახსენებთ, რომ სატანის ყველაზე მაცდური შეთავაზება უკვდავებაა (მისი ახლობლებისთვის). ასე აცდუნებს გველი ენექინს და არწმუნებს, სული დათმოს (ფაუსტისეული გარიგება) მაგრამ საკუთარი სიცოცხლის გაწირვით, ენექინი დიდ მაცდუნებელს ამარცხებს და ამით საკუთარ სულსაც იბრუნებს უკან. შვილის სიყვარულით და სატანის ძლევით სამყაროში აღადგენს მშვიდობას (შემთხვევითი როდია, რომ სიტყვა „მშვიდობა“ ჩნდება IV და VII ეპიზოდების – „ახალი იმედისა“ და „ძალის გამოღვიძების“ ტიტრებში. ქრისტე, აქ, რა თქმა უნდა, არის ცოდვათა გამომსყიდველი).
საგა, არსებითად, ქრისტიანული ზღაპარია.
ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული – ეს სამი. ხოლო მათგან სიყვარულია უდიდესი.
პავლე მოციქული. პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ 13:13
მაგრამ, იქნებ, ნამდვილი ქრისტე ენექინი კი არა – ლუკ სქაიუოქერი იყოს. ახალგაზრდობა უდაბნოში (ფერმაში) გაატარა და, ბოლოს, თვითმყოფადობა, გარკვეულწილად – სიცოცხლეც, კაცობრიობის გულისთვის გასწირა.
შესაძლოა, „ვარსკვლავურ ომებს“ წმინდა სამება ჰყავს: ენექინი, პადმე და ლუკი. „ვარსკვლავური ომები” ბიბლიური ისტორიის თამამი, ლაღი მონათხრობია, სადაც ლუკი უდავოდ ჰგავს იესოს, მაგრამ, ამავე დროს, წარმატებით დაუსხლტება ჯვარცმას; მაგიერ არის მამა, ვინც ორჯერ კვდება (ობი-ვანთან ბრძოლაში და შემდეგ – ლუკთან და იმპერატორთან) და, აგრეთვე, ორჯერ აღდგება მკვდრეთით (ჯერ მის აბჯარში, როგორც ცოდვით დაცემული, ბოლოს – ცოდვა მონანიებული და გადარჩენილი).
თეოლოგიური მოტივები სერიალში შესამჩნევია და ქრისტიანული მოძღვრება ყველა ეპიზოდს გასდევს, მის ქსოვილშია ნაქარგი. ჩვენ გვიყვებიან ამბავს თავისუფალ არჩევანზე, სიხარულსა და გამოსყიდვაზე. არ გაგიკვირდებათ და წიგნებს ასეთი სათაურებით: „ვარსკვლავური ომების” სახარება“, „ვარსკვლავური ომების” იესო“, „ღმერთის ძიება შორს, ძალიან შორს გალაქტიკაში“… სათვალავი არ აქვს.
2. ჯედაი ოიდიპოსი
ეგებ, „ვარსკვლავური ომები” სულ სხვა ამბავს მოგვითხრობს. იქნებ, ყველაზე უმჯობესია, თუკი შევხედავთ, როგორც ღრმად ოიდიპურ ამბავს მამების, ვაჟების და მიუწვდომელი დედების შესახებ. ამ შემთხვევაში ფროიდი უნდა მოვიმარჯვოთ, ბიბლია კი გვერდზე გადავდოთ. თუ „ვარსკვლავური ომები” არის საგა სექსუალურ ვნებათა გორგალზე, იქ, შესაძლოა, რამდენიმე სახის ლტოლვას მივაკვლიოთ.
ენექინი, ვინც მამის გარეშე დარჩა, ძლიერი მამის სასოწარკვეთილ ძიებაშია. მამის ფიგურის მიმართ ის, აშკარად, ამბივალენტურია. ჯერ კვაი-გონი. შემდეგ – ობი-ვანი. ბოლოს – იმპერატორი. ენექინი, ეს სიმბოლური შვილი, მესამე და (ირიბად) პირველი მამის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ამასთან, თავად გამალებით ცდილობს მეორე მამის მოკვლას. უყვარს პადმე, რომელიც მასზე ბევრად უფროსია და, უდავოდ, დედას განასახიერებს. “სასაცილო პატარა ბიჭი ხარ”, – ეუბნება პადმე პირველი შეხვედრისას. “ენი, შენ ყოველთვის ის პატარა ბიჭი იქნები, რომელიც ტატუინზე გავიცანი”, – ეტყვის, დიდი ხნის უნახავ, გაზრდილ ენექინს. განა, ზუსტად ასე არ ფიქრობენ დედები თავიანთ ბიჭუნებზე? (და, რა თქმა უნდა, შეუყვარდება!)
ენექინის გზა ბნელისკენ მას შემდეგ იწყება მხოლოდ, როდესაც დედას მოუკლავენ. ის, თავისებურად, შეყვარებულია დედაზე (განა ყველა ვაჟი დედაზე შეყვარებული არ არის?) ამ თვალთახედვით, დართ ვეიდერის ტრაგედია სოფოკლეს ტრაგედიის რთული და ფსიქოლოგიურად ძლიერი (თუ – ამაღელვებელი) გადამუშავებაა.
ოიდიპოსის ისტორია ლუკის ისტორიასაც ერგება. მას არც მამა ჰყავს, არც – დედა. მისი ახალგაზრდობა არის ორივეს უკიდურესად ამბივალენტური ძიება. არჩევანის გაკეთება მამობის სხვადასხვა კანდიდატს შორის უწევს, რომლებიც, შვილობილის ერთგულების მოსაპოვებლად, ერთმანეთს, ხშირად, ექიშპებიან კიდეც: ოუენი, ობი-ვანი, იოდა, ვეიდერი და – იმპერატორი. აღსანიშნავია, რომ ლუკს თითოეული მათგანის სიკვდილში მიუძღვის ბრალი, გარდა – ერთისა (მოხუცი იოდა გამონაკლისია, მაგრამ ეს გამონაკლისიც პირობითია). ლუკ სქაიუოქერი ოიდიპოსია, მაგრამ ისეთი ოიდიპოსი, რომლის დედაც მამამ მოკლა (გარკვეული გაგებით). ამგვარ პირად ტრაგედიას დაატარებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მაინც ისაა, რომ ამ ოიდიპოსს უყვარს ბნელი მამა და მის ცოდვებსაც გამოისყიდის, მაგრამ გამოსყიდვა მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც მამის მოკვლას შეეცდება (და თითქმის მოახერხებს კიდეც), ხედავთ, როგორი ჩახლართული იგავია? განსწავლულ ფსიქოანალიტიკოსს – ბურთიცა და მოედანიც.
ოიდიპოსის მითის „ვარსკვლავური“ გადააზრება გვეუბნება, რომ ვაჟის სიყვარული მამის მიმართ ამარცხებს მრისხანებას. პატიება უძლეველია.
ენექინი გვესახება ოიდიპოსად თუ ლუკი, ერთი რამ ეჭვგარეშეა, ფროიდისეული საკმაზი „ვარსკვლავურ ომებს“ მიმზიდველობას მატებს. საგაში მიხვეულ-მოხვეული ფსიქოლოგიური წიაღსვლებია და, რა თქმა უნდა, კაილო რენის მიერ მამის მკვლელობა (VII ეპიზოდში) კიდევ ერთხელ დაგვაბრუნებს ოიდიპოსის მითთან.
3. ქალთა სახეები „ვარსკვლავურ ომებში“[2]
როგორია „ვარსკვლავური ომები“ ფემინისტური თვალთახედვით? საძაგელია და საჩოთირო? თუ შესანიშნავია და შთამაგონებელი? ეჭვგარეშეა, VII ეპიზოდი – „ძალის გამოღვიძება“ სქესთა თანასწორობის სასარგებლოდ ძლიერი განაცხადია: რეი სწორუპოვარი გმირია (ახალი ლუკი!) და ბნელი ძალის დამარცხება შეუძლია. აქვე არიან გენერალი ლეია, კაპიტანი ფაზმა და სხვა ქალები ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
ამის საპირისპიროდ, პირველი და მეორე ტრილოგიები მამაკაცის ფანტაზიას მოგვაგონებს სხვა მამაკაცებსა და ქალებზე. ყველა მაგარი ბიჭი – ბიჭია. როცა ძალას გრძნობ, ღონე გემატება და შეგიძლია, ადამიანები დაახრჩო, შეგიძლია, ესროლო და მოკლა, თუ მანათობელი მახვილით აჩეხავ – მთლად უკეთესი (ცოტა არ იყოს ფალიკურ სიმბოლოს ჩამოჰგავს და რაც უფრო გრძელია, მით უმჯობესია). საგის ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა (გარკვეული ასაკის მამაკაცებისთვის) VI ეპიზოდშია, როდესაც ლეია ხელ-ფეხშეკრულია და ბიკინი მოსავს. ცოტა რეტროგრადულია, არა? თუ – კიდევ უარესი?
მაგრამ თუკი სხვა თვალით შევხედავთ? ლეია დამცირებისთვის შურს იძიებს და სწორედ იმ ჯაჭვით მიახრჩობს მოძალადეს, რომლითაც შებოჭეს. იქნებ, სწორედ ესაა ბოროტის ჭეშმარიტად ძლევის ეპიზოდი?
პირველ ორ ტრილოგიაში პრინცესა ლეია და პადმე ამიდალა, რა თქმა უნდა, მთავარი გმირები არიან. თუ ცენტრალურ პერსონაჟებს ვუწოდებთ, ალბათ, არც მანდ შევცდებით. ეს ამ სერიალის სიღრმეებზე მიგვანიშნებს – 1970-იან წლებში შექმნილი ლეია ბევრად უსწრებდა მის ეპოქას. რა თქმა უნდა, მისი ერთადერთი იმედი ობი-ვანია, მაგრამ არც თავად არის უმწეო ქალი. პირიქით, სამხედრო ხელმძღვანელია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მეამბოხეთა შორის, ის, ვინც ჯანყის წამომწყებია და მოთავე. ბევრი მაყურებლისთვის ლეია წარმოადგენს ფემინისტურ ხატს. ბუნებით ლიდერი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ბრძენი, ყველაზე უდრეკი და გულადი. იარაღის ხმარებაც იცის და არც უკან იხევს. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ის არის მეთაური. გასაკვირი არ არის, რომ „ძალის გამოღვიძებაში“ – გენერალია. პირველი ტრილოგიის ფემინისტურად მონათვლა დღეს გაჭირდება, მაგრამ გვაქვს მყარი არგუმენტი – თავის დროზე, ფემინისტური თვალსაზრისით, ეს ეპიზოდები ძლიერ განაცხადად იქცა და ბევრი ქალი შთააგონა.
პადმეს მეორე ტრილოგიაში დიდი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ ის ქვასავით გაუტეხელია, მოვლენათა არსს ჭვრეტს (თუნდაც ზოგი მისი ფრაზა არცთუ მკაფიო იყოს). ლიდერია: დედოფალი, შემდეგ – სენატორი. ყველაზე ადრე ხედავს, თუ რა საფრთხე ემუქრება რესპუბლიკას, როდესაც მამაკაცები – ენექინი, ლუკი, ჰან სოლო – ჯერ ვერაფერს აჩნევენ.
როგორც არ უნდა შევაფასოთ პირველი ორი ტრილოგია, ძალა, რომელიც VII ეპიზოდში იღვიძებს, ნამდვილად სქესთა თანასწორობაა. რეი ყველაზე ძლიერი და საუკეთესო პერსონაჟია – ყველაზე საინტერესო, ყველაზე მხიარული, ყველაზე გონიერი, ყველაზე ამოუცნობი და ყველაზე მგრძნობიარე ძალის მიმართ (როდესაც სათამაშოებსა და ატრიბუტებს შორის რეი, თავდაპირველად, ვერ მოხვდა, ამან ფანების საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია – სამართლიანადაც!). მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმომავლობა დანამდვილებით არ ვიცით – ის სქაიუოქერია. ამ სიტყვის ყველაზე სრულყოფილი და ყოვლისმომცველი გაგებით.
4. თომას ჯეფერსონი – რაინდი ჯედაი
სულ იოლია, „ვარსკვლავური ომები“ ღრმად პოლიტიკურ საგად წარმოვიდგინოთ, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს აჯანყების მნიშვნელობაზე ან, როგორც უმცირესი, აჯანყებისთვის მზადყოფნის აუცილებლობაზე.
მხოლოდ აჯანყების საფრთხე აკავებს ბევრ ხელისუფალს სხვადასხვა საძაგელი საქმის ჩადენისგან.
„ახალი იმედი“. ნოველიზაცია
აქ მკაფიოდ ისმის თომას ჯეფერსონის მოსაზრებები, რომელიც ფიქრობდა, რომ მღელვარე საზოგადოება სიკეთეა:
მას თავისი სიავეც ახლავს, რაც არის შფოთი. მაგრამ აწონეთ ყველაფერი, მეორე პინაზე დადეთ მჩაგვრელი მონარქია და ამ სიავეს ბუმბულივით გადაწონის. რადგან ეს სიავეც სიკეთედ იქცევა – წინ ეღობება ხელისუფლებას გადაგვარების გზაზე და მეტ ყურადღებას მიმართავს საზოგადოებრივი საქმეებისკენ. მცირე ამბოხი ახლა და მომავალში სასარგებლოა და ისეთივე საჭირო პოლიტიკურ სამყაროში, როგორც ქარიშხალი ფიზიკურში.
თომას ჯეფერსონის წერილი ჯეიმზ მედისონისადმი. 30 იანვარი, 1787
რაო? ამბოხიო! წაკითხული ჰქონდა თუ არა ჯორჯ ლუქასს თომას ჯეფერსონი?
ამ მხრივ, სერიალის მთავარი თემა ნამდვილად ჯეფერსონულია და აჯანყებისა და თვითმმართველობის მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. გვიყვება რესპუბლიკების სიკეთესა და იმპერიების მანკიერებებზე. იმპერიას და პირველ ორდენს სძულთ შფოთი, რასაც ქაოსად მიიჩნევენ. წესრიგი სურთ, რაც, სინამდვილეში, ევფემიზმია და არჩევანის წართმევას ნიშნავს. ჯორჯ ლუქასი იმპერატორს, ერთგვარად, რიჩარდ ნიქსონის მსგავს პერსონაჟად ხედავდა („მისტერ კანონი და წესრიგი“ ნიქსონის მეტსახელი იყო). აჯანყებულებს ვიეტნამელებს ადარებდა, იმპერიას კი იმ უკიდურეს წერტილს, საითკენაც (მისი წარმოდგენით) აშშ-ს ჰქონდა გეზი აღებული. ჯეი ჯეი აბრამსმა ჯეფერსონული თემა პირველ ორდენსა და წინააღმდეგობის მოძრაობას შორის გაჩაღებული ბრძოლის ისტორიით განაგრძო.
სერიალს, რა თქმა უნდა, მომხიბვლელი, თავისებური სიმსუბუქე სდევს თან, მაგრამ, ამასთან, მეტად ყურადსაღები გზავნილიც აქვს ჩვენთვის – თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური ლიდერებისთვის თვალყურის დევნება. საზოგადოებამ ფხიზლად უნდა გააკონტროლოს ისინი. ვფიქრობ, სერიალი სწორედ ამას გვეუბნება. ფილმის შემქმნელები თანმიმდევრულად წარმოგვიდგენენ ჭიდილს წესრიგსა და არჩევანის თავისუფლებას შორის და კითხვა არ გვიჩნდება, საითკენ იხრებიან თავად. საგა მისი გმირებისგან დაჟინებულად ითხოვს არჩევანის გაკეთებას (ლუკი, ჰან სოლო, ენექინი, რეი, ფინი) და გვიჩვენებს, როგორ აისახება ინდივიდუალური არჩევანი მთლიანად პოლიტიკაზე.
5. წესრიგს – კი, ქაოსს – არა
მაგრამ, იქნებ, ყველაფერი საპირისპიროდაა. შესაძლოა, ყველაფერი ჯედაების ბრალია. სწორედ ისინი არიან გზააბნეულნი, დაკარგულნი და ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენარჩუნებას, საგის ფარული გმირი კი იმპერატორი პალპატინია. ეგებ, ესაა „ვარსკვლავური ომების” ბნელი გული და სწორედ ამ თეფშზე დევს საგის შემქმნელთა სიმპათიებიც.
ფიქრობთ, უაზრობაა? დიდი ხანია (2002 წლიდან) კონსერვატორი ინტელექტუალები ამტკიცებენ, რომ ეს არის ჭეშმარიტება. რესპუბლიკის პირობებში ყველაფერი მოიცვა ქაოსმა. ჯედაებმა ვერ შეძლეს იმ წესრიგის შენარჩუნება, რაც ადამიანებს სჭირდებათ (ასე რომ, იქნებ, არც ნიქსონი ცდებოდა). სხვადასხვა ძალებს შორის დაპირისპირებას ფილმში ძლიერი ლიდერის აშკარა მიმზიდველობა იწვევს, ვისაც ხალხის ირგვლივ შემოკრება და ქაოსისგან დახსნა შეუძლია. ყველა ჯურის „მაგარი ხელი“ ამას ქადაგებს. ვლადიმირ პუტინი ერთი მაგალითია, დონალდ თრამფის 2015-2016 წლების საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და კენჭისყრის მოულოდნელი შედეგიც – რაღაც ამის მსგავსი (ჰიტლერი, იტყვით თქვენ. ჯორჯ უოშინგთონი – გიპასუხებენ ისინი). ჯედაების მცდელობა, შექმნან და დაიცვან სტაბილური გარემო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმპერატორმა კი წარმატებას მიაღწია. „ძალის გამოღვიძება“ წესრიგსა და ქაოსს შორის დაპირისპირებაა და სასწორის პინა, ფარულად, პირველის სასარგებლოდ იხრება. ამ მხრივ, ეს ეპიზოდი პირველ ორ ტრილოგიასთან არის ახლოს.
არ შეცდეთ, როგორც იმპერატორი, პალპატინი ნამდვილად დიქტატორია, მაგრამ შედარებით კეთილთვისებიანი, როგორც – პინოჩეტი. ეს იმ ტიპის დიქტატურაა, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების საშუალებას აძლევს. ისინი აგროვებენ გადასახადებს და პატრულირებენ ცას. ისინი ცდილობენ აღკვეთონ ორგანიზებული დანაშაული (კონტრაბანდისტული დაჯგუფებები, რომლებსაც ჰათები მართავენ). ამასთან, იმპერიას პრაქტიკულად არ აქვს გავლენა რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქის ყოველდღიურ ყოფაზე.
სწორედ იმპერია სთავაზობს კაცობრიობას მომავლის იმედს და არა მეამბოხეთა ალიანსი. იმპერია საუკეთესოდაა აღჭურვილი ამ, პრობლემებით სავსე გალაქტიკაში, მშვიდობისა და კეთილდღეობის მოსატანად… მასთან ბრძოლით, დამხობითა და განადგურებით აჯანყებულებმა საკუთარ შვილებს ანდერძით დაუტოვეს პრიმიტიული, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი, ქაოსით მოცული სამყარო, რომელიც, ერთი თაობის განმავლობაში, კიდევ მეტად დაქუცმაცებასა და ანარქიისთვის არის განწირული.
ჯონათან ვი. The Weekly Standard, 2002
მაგრამ, როგორ ბრძნულადაც არ უნდა გეჩვენოთ ის აზრი, რომ „ვარსკვლავური ომები” იმპერიის მხარესაა, ეს ნამდვილი უაზრობაა („ძალის გამოღვიძება“ მართლაც იწვევს ერთგვარ ორჭოფობას, მაგრამ იმის დამტკიცებაც გაჭირდება, რომ პირველი ორდენის დამყარებულ წესრიგში ყველაფერი კარგადაა)[3].
6. ბიჰევიორისტული „ვარსკვლავური ომები”
ათწლეულების განმავლობაში, ბიჰევიორისტ ეკონომისტებსა და კოგნიტიური ფსიქოლოგიის მკვლევრებს მოსვენებას არ აძლევდა კითხვა, რატომ ვერ ინარჩუნებენ ადამიანები სრულყოფილ რაციონალიზმს. ახალი ამბავი არა – ჩვენ კომპიუტერები არ ვართ. გადაწყვეტილების მიღებისას, ყველა შესაძლო შედეგს ვერ ვაფასებთ და ყველა ალბათობას ვერ ვთვლით. ამასთან, რაციონალურები ვართ, სულ ცოტა – უმრავლეს შემთხვევაში. ბიჰევიორისტებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები პროგნოზირებულად მიკერძოებულნი არიან. ჯედაის მაგისტრებმა, ვინც ასეთი მიკერძოება დაადგინეს, ხუთი ნობელის პრემია მოიპოვეს ეკონომიკის დარგში. მათგან ყველაზე ცნობილი დანიელ კანემანია, ავტორი ბრწყინვალე წიგნისა „აზროვნება: სწრაფი და ნელი“. ბევრისთვის სწორედ ისაა რეალური სამყაროს იოდა (სასარგებლო ცხოვრებისეული გაკვეთილი კანემანისგან: “არაფერია ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი, როგორადაც გეჩვენება, როდესაც მასზე ფიქრობ.” – დაფიქრდი ამაზე. მნიშვნელოვანია).
ადამიანის მიკერძოების რამდენიმე მაგალითს მოვიტან:
მეტისმეტი თავდაჯერებულობა. („მეამბოხეებს პირველი ორდენის წინააღმდეგ შანსი არ აქვთ. მათი დასასრულის ზარმა ჩამოკრა!“) ჩვენ მეტისმეტად მიდრეკილნი ვართ, ვკონცენტრირდეთ დღევანდელსა და ხვალინდელ დღეზე და ნაკლებად – მომავალ თვეზე ან – მომავალ წელზე („მიკერძოება აწმყოს სასარგებლოდ“). არარეალური ოპტიმიზმი გვახასიათებს (მძღოლების მიახლოებით 90 პროცენტს სჯერა, რომ ავტომობილს საშუალოსტატისტიკურ რიგით მძღოლზე უკეთესად მართავს. მსგავსი ამბავია განცდა, რომ „ყველაფერი ისე ხდება, როგორც ვგეგმავდი“). ხშირად მივდევთ ინერციას და საქმის სახვალიოდ მოტოვება გვიყვარს. სტატისტიკის გადამოწმების ნაცვლად, მარტივ ევრისტიკას ვამჯობინებთ და ემპირიულ გამოცდილებას ვეყრდნობით (ჩემს სამეზობლოში, ახლო წარსულში დანაშაული თუ მომხდარა? მიიტანა თუ არა იმპერიამ იერიში ჩემი პლანეტის მსგავს პლანეტაზე?). ჩვენი შეფასებები ხშირად არის ჩვენს ინტერესებზე მორგებული („რაც ხელს მაძლევს, სამართლიანიც ისაა!“). დანაკარგზე მეტად ვდარდობთ, ვიდრე ტოლ-სწორი მოგება გვახარებს. („ზიზღი ზარალის მიმართ“). ამიტომ ურჩევნიათ გოლფის მოთამაშეებს ყველა დარტყმის გამოყენება, თუნდაც ბურთის ერთით ნაკლები დარტყმით მოთავსების შანსი ჰქონდეთ – გაცუდებული დარტყმა ხომ დანაკარგია და ადამიანებს სძულთ დანაკარგი. თუ გსურთ, ადამიანებმა ელექტროენერგია დაზოგონ, უმჯობესია ვუჩვენოთ, რა თანხას კარგავენ, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების უგულებელყოფით და არა ის, თუ რა თანხას მოიგებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში.
თანამედროვე ბიჰევიორიზმის ეპოქა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო – ზუსტად იმ დროს, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა IV ეპიზოდი – „ახალი იმედი“. ნუთუ, ეს უბრალოდ დამთხვევაა?
დამთხვევა არ არის! „ვარსკვლავური ომები” ხომ ქცევითი მიკერძოებების შესასწავლ სახელმძღვანელოდ გამოდგება. დართ ვეიდერიცა და იმპერატორი პალპატინიც არარეალისტურ ოპტიმიზმს ასხივებენ. ამასთან, ორთავე მიკერძოებულია საკუთარი თავის სასარგებლოდ. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი მათ სასიკეთოდ წარიმართება. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა კრიტიკულ მომენტებში აიძულებს, ფატალური შეცდომები დაუშვან (ცხადია, მსგავსი ახასიათებს სნოუკსაც). მაგრამ „ვარსკვლავური ომები“ გვასწავლის, რომ ქცევითი მიკერძოება არ არის მხოლოდ ბნელ მხარეს, მსგავსად მიკერძოებულია ჰან სოლოც:
C-3PO: ბატონო, ასტეროიდთა ბადეში წარმატებით გაღწევის შანსი მერყეობს 3720-დან 1-მდე!
ჰანი: არასოდეს მიხსენო შანსები!
რა თქმა უნდა, ჰან სოლოს ყველაფერი გამოუვა (რასაც ვერ ვიტყვით ვეიდერსა და პალპატინზე). ოპტიმისტური მიკერძოება ყველაზე რთულ დროს, შეიძლება, დაგეხმაროს კიდეც (მაგრამ „ძალის გამოღვიძებაში“ ჰანი უკვე დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, სულ მისი გადაჭარბებული თავდაჯერებულობის მიზეზით. მგონი, ინანა კიდეც).
ლუკი და რეი ინერციის ტყვეობაში არიან და კიდევ ერთი მიკერძოების „სტატუს კვოს“ ზეგავლენასაც განიცდიან. ეს მიკერძოება ადამიანებს უბიძგებს, ყველაფერი ისე დატოვონ, როგორც არის, მაშინაც კი, თუ ცვლილებას გაუმჯობესება მოაქვს. „ინერციით მოძრაობა“ და „სტატუს კვო“ აიძულებს ლუკს, უარყოს ობი-ვანის შეთავაზება და არ გაჰყვეს ალდერაანზე. ამავე მიზეზით, რეი უარს იტყვის ლუკის მანათობელ მახვილზე. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ ოჯახში ძალიან მგრძნობიარენი არიან ძალის მიმართ და ქცევითი მიკერძოებების დაძლევას ახერხებენ (ბოლოს და ბოლოს, რისთვის არსებობს ძალა, თუ არა მიკერძოებათა დასაძლევად? განა ამას არ გვასწავლის „ვარსკვლავური ომები”?).
თუ „ვარსკვლავურ ომებს“ თვალსაჩინო მასალად დავიხმართ, ბიჰევიორისტული ეკონომიკის მთელი კურსის სწავლა შეიძლება. შესაძლოა, სწორედ ეს არის ამ სერიალის ყველაზე მართებული აღქმა (მაგრამ ასე რომ იფიქროთ, ცხადია, თქვენც საკმარისად მიკერძოებულნი უნდა იყოთ).
7. ტექნოლოგია
შეიძლება, ეს სერიალი არის გაფრთხილება ტექნოლოგიის დეჰუმანისტური ზეგავლენის შესახებ. ჯორჯ ლუქასი, ეჭვგარეშეა, ასე ხედავს და დიდად იყო გატაცებული იმ ამბით, თუ რა ცვლილებები მოაქვს ტექნოლოგიას.
IV ეპიზოდი – „ახალი იმედი“ იწყება დროიდებით. ისინი გვევლინებიან ამ ზღაპრის ერთგვარ მთხრობელებად და ადამიანური ნიშან-თვისებები აქვთ – რაც მათი მომხიბვლელობის ნაწილია. „ძალის გამოღვიძებაში“ BB-8 იგივე როლს თამაშობს, რასაც R2-D2 „ახალ იმედში“. საყვარელი შინაური ცხოველებივით ან ერთგული უმცროსი და-ძმასავით არიან (რა იქნებოდა, დაუმორჩილებლები, პოტენციურად საფრთხის მომტანი რომ ყოფილიყვნენ? საინტერესოა… თუმცა, „ვარსკვლავური ომები” სხვა გზას ირჩევს. ბოროტი BB-8? ცოტა არ იყოს, საზარელი წარმოსადგენია), მაგრამ მანქანებისა და მექანიკური სხეულის ნაწილების მეშვეობით დეჰუმანიზაციის თემა მთელს სერიალს გასდევს.
1962 წელს ჯორჯ ლუქასი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა. ეს, თითქმის საბედისწეროდ დასრულებული ამბავი, თავად მოყვა:
მაღალ კლასებში რომ ვსწავლობდი, რბოლაში მონაწილეობაზე ვოცნებობდი და ძალიან მძიმე ავარიაში მოვყევი… ავტომობილი შემასკდა, რომელიც, ალბათ, საათში 145 კმ/სთ სიჩქარით მოქროდა… დღეს ცოცხალი არ უნდა ვყოფილიყავი.
სამედიცინო დანიშნულების მანქანა-აღჭურვილობამ მისი სიცოცხლე იხსნა. ალბათ, იმ გამოცდილებამ ითამაშა თავისი როლი – ამიტომ არის ადამიანებსა და მანქანებს შორის სიმბიოზურ ურთიერთობებზე ასე გაფაციცებული. ეჭვი არაა, „ვარსკვლავური ომები” ამ ურთიერთობებს აკვირდება.
დართ ვეიდერი საშიშია, რადგან ერთდროულად არის ადამიანი და არის მანქანა. გავიხსენოთ, რას ეუბნება ობი-ვანი ლუკს VI ეპიზოდში – „ჯედაის დაბრუნება“:
როდესაც მამაშენმა იმ ცეცხლოვან გეჰენიას დააღწია თავი, უკვე სრულიად იყო შეცვლილი. ის იქცა დართ ვეიდერად, ენექინ სქაიუოქერი უკვალოდ ჩაიფერფლა მასში. მოიცვა ბნელმა. გამოუსყიდველად. მოიცვა შიშმა. ცოცხლობს მხოლოდ ტექნიკის დახმარებით და საკუთარი შავი ნებით.
ეს სიმართლეა. და, ასევე – სიმბოლურიც: ბნელ მხარეს დაცემით, ენექინი ადამიანური ბუნების დიდი წილს კარგავს – წინასწარმეტყველური გაფრთხილება მათთვის, ვინც მანქანების ეპოქაში ცხოვრობს (ბოლოს როდის შეამოწმეთ თქვენი იმეილი?). გასაკვირი არაა, რომ ის, ვინც გალაქტიკაში მშვიდობასა და სამართლიანობას აღადგენს, ერთი ფერმერი ბიჭია, სამყაროს გადაკარგულიდან.
8. ჯედაების ჯიჰადი
იყვნენ თუ არა ჯედაები ჯიჰადის მებრძოლნი? ვინ იყვნენ მეამბოხენი? ტერორისტები? იქნებ, პირველი ტრილოგია ლუკ სქაიუოქერის რადიკალიზაციის საგაა? ქეის-სთადი იმის შესასწავლად, როგორ მუშაობს რადიკალიზაცია (გაიხსენეთ ექო კამერების[4] პრინციპი).
სერიალის დასაწყისში ლუკი უბრალო, ფერმერი ბიჭია, არც მორწმუნეა დიდად. ამასთან, გარე სამყაროსგან არის იზოლირებული და, ფაქტობრივად, ფესვების გარეშეა. მოკლედ – მშვენიერი სამიზნეა ექსტრემისტებისთვის. აქ იწყება მისი „ბნელი მოგზაურობა რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ექსტრემიზმის მორევში“, – როგორც ერთი ბლოგერი წერს. სამყაროზე გულაყრილი და დაკარგული ახალგაზრდა, რომელიც დაეძებს მოსაჭიდს, ობი-ვან კენობის გადაეყრება – რელიგიურ ფანატიკოსს, ვინც ქადაგებს შეუფარავად ექსტრემისტულ იდეებს ძალის შესახებ.
შეხვედრიდან რამდენიმე წუთში ობი-ვანი ეუბნება ლუკს, რომ უნდა მიატოვოს ოჯახი და მას შეუერთდეს… მეტიც, შოკისმომგვრელ ტყუილსაც არ ერიდება, თითქოს იმპერიამ ლუკს მამა მოუკლა, იმ იმედით, რომ შთააგონებს ჯიჰადის მისიაზე შთააგონებს.
„ლუკ სქაიუოქერის რადიკალიზაცია. ჯედაის გზა ჯიჰადისკენ“, Decider, 11 დეკემბერი, 2015
ობი-ვანის ქადაგება მიზანს აღწევს – თანდათან დაიყოლიებს ლუკს, რადიკალურ სწავლებასა და საკულტო რელიგიურ შეხედულებებს მოახვევს თავს. იმისთვის, რომ მოწაფის რადიკალიზაცია ბოლომდე მიიყვანოს:
თვითმკვლელობისას ჯედაის ლოცვას წარმოთქვამს. ხომ არ გახსენდებათ სხვა ჯგუფები, ვინც მიმდევართა შთაგონებას თვითმკვლელი ტერორისტების მიერ თავდასხმის წინ წარმოთქმული ლოცვითა და შეძახილებით ცდილობენ?
იქვე
საბოლოოდ, ლუკიც სრულფასოვანი ტერორისტი ხდება.
ჰო, კარგი… ესეც შეშლილი ვერსიაა.
9. ბნელი მხარე და ეშმაკის მეჯლისი
თქვით ხმამაღლა და თქვით ამაყად: ეს შოუ ვეიდერს ეკუთვნის. ვინ არის საგის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი? ვეიდერი. სხვა ახლოსაც კი ვერ დაუდგება.
IV, V და VI ეპიზოდების – „ახალი იმედი“, „იმპერიის საპასუხო დარტყმა“ და „ჯედაის დაბრუნება“ განსაკუთრებული მიმზიდველობა ვეიდერის ეკრანზე გამოჩენას მოაქვს და ეს ხიბლი ცოტათი ფერმკრთალდება, როდესაც ვეიდერი ეკრანზე არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში, „ჯედაის დაბრუნებაში“ ნამდვილად ასეა). გასულ წელს, ჰელოუინზე ჩემი შვილი დართ ვეიდერად გამოეწყო. მისი კბილა ექვსი წლის მრავალი ბავშვის არჩევანია ვეიდერი. რამდენი ლუკ სქაიუოქერი გინახავთ? და ობი-ვანი? ერთი მაინც? ოდესმე?
რა თქმა უნდა, ლუკიც მიმზიდველია, ძლიერია და ჯედაიც კი გახდა, მაგრამ წარმოიდგინეთ პატარა ბიჭი, ვინც უყურებს ვარსკვლავურ ომებს და ფიქრობს: მე მინდა ლუკი ვიყო! ის მეტისმეტად წესიერია და გოგოს გულსაც ვერ იგებს – ის გოგო ხომ მისი და აღმოჩნდება!
ჰან სოლო მაგარი ბიჭია და, თუკი შემეკითხებით, სწორედ სოლოა ჩემი ფავორიტი. ყალთაბანდია და თაღლითი, მაგრამ, ამავე დროს, ძველმოდურია – აი, ეს არის პრობლემა. 70-იანებში 1950-იანი წლების გმირს ჰგავდა. ახლა, ალბათ, 1970-იანი წლებისას მოგვაგონებს. ჰარისონ ფორდი მშვენივრად თამაშობს, მაგრამ მისი პერსონაჟი ნერდის წარმოდგენას ჰგავს მაგარ ბიჭზე.
ვეიდერი კი არ ძველდება. ერთდროულად დახვეწილიც არის და ვეებერთელაც. ხალხის დახრჩობა შეუძლია ფიქრის ძალით და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. რა გასაკვირია, კაილო რენის კერპადაც რომ იქცა (და მისი წყალი კაილოსაც გადაესხა – „ძალის გამოღვიძების“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კაილო რენის ბევრი სათამაშო გამოჩნდა. ერთი ჩემს ვაჟსაც ერგო საშობაოდ).
ბრწყინვალე ესეიში ლიდია მილეთი წერს, რომ ვეიდერი საგის ყველაზე ეროტიკული ფიგურაა (ეს სიმართლეა) და ბნელ მხარეს სექსუალურად მიმზიდველს ხდის (ასე არ არის?):
დართ ვეიდერი უდავოდ იყო „ვარსკვლავური ომების“ ოჯახის ყველაზე ეროტიკული და ერთადერთი ტრაგიკული ფიგურა. ამის გამო ის შემაძრწუნებლად მომხიბლავია. რაც ზედაპირზეა – ვეიდერი არის მამაკაცი სახის გარეშე, საშიში შავი ნიღბით, ანონიმურობის ბურუსში გახვეული. ამოუხსნელი საიდუმლო, უსასრულო ინტრიგა. ერთადერთი კითხვა, რომლითაც „ვარსკვლავური ომები“ მაყურებლებს ცდის. ერთადერთი საიდუმლო, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ვინ იმალება ნიღბის უკან? შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ჰიტლერის სახე, ურჩხულის სახე, რობოტის სახე, თავის ქალა თვალის ცარიელი ბუდეებით, ან რაღაც განუზომლად, გაცილებით, უფრო შემზარავი და ამოუცნობი. რასაც ვერც შთაგონება შესწვდება, ვერც ენა გამოთქვამს. რის წარმოდგენაც შეგვეძლო, დასასრული არ ჰქონდა, ამიტომ ნიღაბი, ცხადია, ბევრად უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ყველაფერი, რის დაფარვაც შეეძლო… ლორდი ვეიდერი იყო არისტოკრატი და, როგორც არისტოკრატს, ახასიათებდა თავშეკავებულობა, ელეგანტურობა და დახვეწილი მანერები. მაშინაც კი, როდესაც მეტოქეს სასიკვდილოდ წაუჭერს ყელში და ახრჩობს, მშვიდი და აუღელვებელია. მისი გული უთქმელია. ის სიტყვაძუნწია. სიტყვას ფრთხილად წონის და სხვათა წინაშე ფუჭად არ ფენს. ესეც მისი იდუმალების გასაღებია – ყბედი ვეიდერი იმპერიას ვერ უხელმძღვანელებს. ენის ჭარტალით შიშის ზარს ვერ დასცემს სარდლებს. კი გვინახავს სხვები, ვინც იღიმის და ბოროტმოქმედია. მაგრამ ლორდი ვეიდერი სხვა ყალიბისაა. მისი ძალა – დუმილის ძალაა[5].
ლიდია მილეთი – „იქცე დართ ვეიდერად“. The Normal School. გაზაფხული, 2010
დიდმა უილიამ ბლეიქმა „დაკარგული სამოთხის“ (ინგლისურენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიურ ტექსტის) შესახებ ასე თქვა:
როდესაც მილთონი ანგელოზებსა და ღმერთზე წერს, მას ხუნდები ადევს, როდესაც ეშმაკებსა და ჯოჯოხეთზე წერს – ის თავისუფალია. იმიტომ რომ, როგორც ჭეშმარიტი პოეტი, თავადაც ეშმაკის დასის წევრი იყო, თუმც – არ უწყოდა.
უილიამ ბლეიქი – „სამოთხისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“
ბლეიქის აზრით, მილთონი სატანურ ენერგეტიკასა და ქარიზმას შეენთქა. მილთონი ნამდვილი პოეტი იყო, თავისუფლების რაობა მისებურად ესმოდა. ამიტომ ხალისით დაეცა ბნელით.
სხვათა შორის, თავად ბლეიქიც ნამდვილი პოეტი იყო და არცთუ გაუცხოებული ბნელ მხარესთან. „აკვანში ყმაწვილის მოკვლა უფრო მარტივია, ვიდრე განუხორციელებელი სურვილების გულში ჩამარხვა“; „საკმარისია! ან – მეტისმეტი. ”; ” მრისხანე ვეფხვები უფრო მეტად არიან ბრძენნი, ვიდრე – მორჩილი ცხენები” და: „ისინი, ვინც საკუთარ თავში ახშობენ სურვილებს, იქცევიან ასე იმის გამო, რომ მათი სურვილები საკმარისად სუსტია იმისთვის, რომ შეიზღუდონ“ და „ვარსკვლავურ ომებს” გამორჩეულად მორგებული: „დაპირისპირებათა არსებობის გარეშე არ არსებობს წინსვლა. მიზიდულობა და განზიდულება, მიზეზი და ენერგია, სიყვარული და სიძულვილი, ყოველი მათგანი საჭიროა ადამიანის არსებობისთვის“[6].
იქნებ ჯორჯ ლუქასიც ეშმაკის დასის წევრი იყო? არა და არა. ბოლოს ხომ მაინც კარგი ბიჭების გვერდით დადგა. ის ხომ თავად ლუკია. თუმცა, ცდუნებას განიცდიდა. „ახალ იმედს“ ლუკის შესახებ წერდა, მაგრამ ვეიდერმა გაიტაცა მისი გონება – ასე იქცა სითჰების ლორდი ტრილოგიის მთავარ გმირად.
ეჭვგარეშეა, ზოგისთვის თვით იმპერატორსაც სატანური მომხიბვლელობა აქვს. მაცდურია და ძლიერი. ისიც აღსავსეა იმგვარი ვნებით, რაც ფილმებისთვის აუცილებელ დაძაბულობას ქმნის. მათ შორის, უდავოდ საუკეთესო V ეპიზოდში – „იმპერიის საპასუხო დარტყმა“ „სიკეთის ძალები სასტიკად მარცხდებიან და ბოროტება უპირობოდ ზეიმობს“ – როგორც აღნიშნავს მილეთი. მაგრამ იქვე წერს, რომ „დართ ვეიდერი არის საგის საყრდენი წერტილი, მისი ღერძი, ემოციური ცენტრი“… უნდა დავეთანხმოთ.
ბლეიქისა და მილთონის მსგავსად, ლუქასმაც კარგად იცოდა ბნელი მხარის მიმზიდველობა. ამ ვნებას გაჰყვა. როგორც შემდგომ განმარტა თავად: „ადამიანებს ბოროტმოქმედები იზიდავს, რადგან ძლიერები არიან და არად დაგიდევენ წესებს“. მაგრამ ბოროტმოქმედთა მიმზიდველობა უფრო პირველყოფილ ინსტინქტებშია დამარხული. პალპატინი ეუბნება ენექინს (და მის სიტყვებში ვნება ფეთქავს): „კარგია… შენს მრისხანებას ვგრძნობ… ეს შენს ძალებს კრებს… გაძლიერებს…” და კიდევ ლუკზე (ლიტერატურული ნოველიზაციიდან. ვეიდერთან ორთაბრძოლის დროს): „ამ სუსხიან წამს, როდესაც ჩამოწვა ბინდი, ბნელი მხარე იყო მასთან“.
Star Wars VS. Star Trek. გზიდან გადახვევა
„ვარსკვლავური ომები” თუ „ვარსკვლავური გზა“?
მათი საუკეთესო მხარეები რომ შევაპირისპიროთ – ორივე სერიალი შესანიშნავია. მაგრამ მაინც რომელია უკეთესი?
„ვარსკვლავური ომები” სჯობს[7].
“აღქმა განსაზღვრავს რეალობას”
ხშირად, მოვლენათა ინტერპრეტაცია იმგვარად გვსურს, რომ ტყვია ტყვიაში ჩაჯდეს – თუნდაც, ერთგვარი პირობითობით და დაშვებებით. მოვლენათა ინტერპრეტატორთა საქმე იოლი არაა – მათ უნდა ნახონ ქვეტექსტი, ამოიკითხონ უთქმელი დეტალები, შეცურონ სტრიქონებს შორის. ბევრი ნიშანი ძნელად ამოსაცნობია: ხმის ტემბრის ცვლილება, ირიბი ღიმილი, უადგილოდ წამსკდარი სიცილი, გამოტოვებული მძიმე, შერჩეული სიტყვა – ეს ყველა, შეიძლება, ფარულ გეგმაზე მიანიშნებდეს, რის გარეშეც მოვლენებს თავსა და ბოლოს ვერ მოვუძებნით.
რას ვგულისხმობ:
• რატომ არ იმყოფებოდა ქვეყანაში იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი სწორედ იმ დროს, როდესაც ჯორჯიის შტატის ატლანტაში რასისტული მოტივით მკვლელობა მოხდა?
• რატომ გაიღიმა ობი-ვან კენობიმ, სანამ დართ ვეიდერი ხმლით გააპობდა? იმიტომ რომ სიკვდილი სურდა? (შეიძლება!) იმიტომ, რომ ის ბნელ მხარეს გადავიდა? (არა).
• „ახალ იმედში“, როდესაც C-3PO და R2-D2 ლეიას ხომალდს ტოვებენ „სიკვდილის ვარსკვლავის“ ნახაზებთან ერთად, იმ ადგილიდან საეჭვოდ ახლოს დაეშვებიან, სადაც, სხვადასხვა დროს, ლუკი და ენექინი ცხოვრობდნენ. უბრალო დამთხვევაა? როგორია ამის ალბათობა?
შეთქმულების თეორეტიკოსები ამ საქმის დიდოსტატები არიან და ძალიან უყვართ მსგავსი კითხვები. დაჟინებით დაეძებენ ქვეტექსტებს და ფარულ მინიშნებებსაც პოულობენ. (“ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის”, “სიმართლე სადღაც აქაა“. ბუშის ფარული გეგმა, ობამას ფარული გეგმა, პაპის ფარული გეგმა). კონსპიროლოგები უგულებელყოფენ (უფრო გამალებით, ვიდრე – ნებისმიერი სხვა) შემთხვევითობას. ეგებ, შეპყრობილებად მოვნათლოთ, მაგრამ არც სულელები არიან, არც რამ გამოეპარებათ. თავიანთი საქმის დიდი ცოდნა აქვთ. გაფაციცებულნი ჩაჰკირკიტებენ ზღვა მასალას და უამრავ, უხილავ ნაკადსაც პოულობენ. ზარ-ზეიმით აცხადებენ, რომ მათი ეჭვები დადასტურდა. მათთან კამათში დრო არ გაფლანგოთ. მათ ყველაფერი ყველაზე კარგად იციან. ნურც მიეკარებით.
გადახედეთ შეთქმულების თეორიით შთაგონებულ ნებისმიერ წერილს ჯონ ქენედის მკვლელობის შესახებ, 11 სექტემბრის შესახებ, ან იმის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალ ეპიზოდებში და მიხვდებით, რას ვგულისხმობ. თუ კონსპიროლოგს წერა ეხერხება, მისი ნაშრომი მშვენიერი ნიმუშია იმის საჩვენებლად, როგორ უნდა მოკრიბოთ და ერთმანეთს დაუკავშიროთ შემთხვევით გაბნეული მარცვლები.
10. ჰან პადავანი
„ვარსკვლავური ომების” ფანებმა ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან. მაგალითი გნებავთ? ჰან სოლოს შეუძლია ძალის გამოყენება, მხოლოდ ამის შესახებ თავად ჯერ არ იცის. ასე რომ არ იყოს, როგორ დაუსხლტებოდა თავებზე მონადირეებს? ან გრიდოს ტყვიას როგორ აიცილებდა თავის ოდნავი მოძრაობით? ძალის გარეშე? (გასროლა რომელმა დაასწრო – გრიდომ თუ ჰანმა, ეს საჭირბოროტო საკითხი აქ გვერდზე გადავდოთ).
გაიხსენეთ ჰანის სიტყვები: „შვილო, მე ამ გალაქტიკას ბევრჯერ შემოვუფრინე… მერწმუნე, არ არსებობს რაღაც მისტიკური ენერგეტიკული ველი, რომელიც ჩემს ბედს მართავს“ და ობი-ვანის ღიმილს დააკვირდით. რად იღიმის? იმიტომ ხომ არა, რომ საიდუმლოს ახადოს ფარდა – გარკვეული თვალსაზრისით, ჰან სოლო თავადაც პადავანია! ეს ამბავი ახლებურ შუქს ჰფენს „ძალის გამოღვიძებას“ – იმას, რაც ხდება ჰანსა და კაილოს შორის. იქნებ ის, რასაც ჩვენი თვალი ხედავს, ის არაა, რაც გვგონია, რომ დავინახეთ?
11. კიდევ ერთი ძმა!
2015 წელს გაჩნდა ვარაუდი, რომ ლუკს და ლეიას ძმა ჰყავთ! სავარაუდო მინიშნება „ძალის გამოღვიძების“ საწყის ტიტრებში ამოიკითხეს: ლეია „სასოწარკვეთილი დაეძებს მის ძმას ლუკს იმისთვის, რომ გალაქტიკაში, მისი დახმარებით, მშვიდობა და სამართლიანობა აღადგინოს“ – სახელ „ლუკს“ წინადადებაში მძიმეები უნდა ახლდეს, მაგრამ არ ახლავს – ეს უეჭველი მინიშნებაა.
სახელის დაზუსტება საერთოდ ზედმეტიც იყო – ლეიას ხომ მხოლოდ ერთი ძმა ჰყავს. „მისი ძმა ლუკი“, თან – მძიმეების გარეშე, სხვა ძმის არსებობას გულისხმობს. მაგალითად, „მისი ძმა სნოუკის“ ან „მისი ძმა ბობას“.
ან… არ გულისხმობს.
12. ბუდისტური „ვარსკვლავური ომები”
დააკვირდით იოდას კაპიუშონიან ლაბადაში. ხომ ძალიან ჰგავს ბუდას?
აბა, ჯედაები ბუდისტები ყოფილან? ისინი, რა თქმა უნდა, იზიარებენ განშორების მნიშვნელობას. ქადაგებენ შიშისა და სიძულვილის სიმშვიდით დაძლევის სიბრძნეს.
„შიში შობს რისხვას. რისხვა შობს სიძულვილს. სიძულვილი ტანჯვისკენ მიგვიძღება”, – გვასწავლის იოდა. შეადარეთ ბუდას სიტყვებს: “არსებობს ტანჯვა. ტანჯვას აქვს მიზეზი. ტანჯვის დასრულება შესაძლებელია. რვაკეც არის გზა ტანჯვის დასასრულისკენ.” ეს რვაკეცი გზა იოდას მიერ ლუკის წვრთნას ჰგავს (იწყება რეალობის არსის შემეცნებით და გადის ტრანსფორმაციის გზას).
ჯედაების ორდენი ბუდისტურ ორდენს მოგვაგონებს, მაგისტრისა და პადავანის ურთიერთობა კი – ოსტატისა და შეგირდის ურთიერთობებს ბუდიზმში. ყველაფრის თავი და თავი არის „შემეცნება“ და აწმყო უპირატესია წარსულსა და მომავალზე. „ახალი იმედი“ და ობი-ვანის მოძღვრება ესაა მცნება ცნობიერების შესახებ. გადამწყვეტ მომენტში ლუკი ძალის დახმარებით ანადგურებს „სიკვდილის ვარსკვლავს“ – მხოლოდ აწმყოა ფასეული.
მაგრამ ყურით მოთრეული არგუმენტები არც გვჭირდება. პირველ ეპიზოდში – „ფარული საფრთხე“ კვაი-გონი ხომ სულ ამას ურჩევს ენექინს“ – „იყავი ყურადღებით“. დავაკვირდეთ:
ობი-ვანი: მაგრამ მაგისტრი იოდა გვეუბნება, უნდა ვიფიქროთ მომავალზე.
კვაი-გონ ჯინი: მაგრამ არა აწმყოს ხარჯზე.
კიდევ კვაი-გონი ამას ამბობს: „გახსოვდეს, ყურადღება მიმართე მეყსეულზე. იგრძენი, არ იფიქრო. ენდე შენს ალღოს.”
ამიტომ, „ვარსკვლავური ომები” არ არის ქრისტიანობაზე – ის ბუდისტურია. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ტიჩ ნჰატ ჰანის ბუდისტური თემის წევრმა, ხელდასხმულმა მეთიუ ბორთოლინმა, მთელი წიგნი უძღვნა ამ თემას, სახელწოდებით „ვარსკვლავური ომების“ დჰარმა”[8].
13. დართ ჯა ჯა
ყველაზე თამამი და უცნაურად სარწმუნო ვერსია ბოლოსთვის შემოვინახე – კარგი სავარჯიშო შემთხვევით გაბნეული მარცვლების მოსაკრებად, რომელიც 2015 წლის ბოლოს ვირუსივით მოედო ინტერნეტს: ჯა ჯა ბინქსი სითჰების ლორდია. („ჩახედე შენი გრძნობების მორევს – შენ იცი, რომ ეს სიმართლეა“, – ვეიდერი გვეუბნება).
გარდა ამისა, მე ვამტკიცებ, ის [ჯა ჯა] არ ყოფილა (მიუხედავად იმისა, რას ვარაუდობს ბევრი) პალპატინის მიერ მართული უბრალო პოლიტიკური თოჯინა – პირიქით, ის და პალპატინი, სავარაუდოდ, თავიდანვე თანამშრომლობდნენ და, სრულიად შესაძლებელია, სწორედ პალპატინი ყოფილიყო ბინქსის ქვეშევრდომი. ორივე ტრილოგიის განმავლობაში.
@Lumpawarroo. Reddit, 30 ოქტომბერი, 2015
ჯორჯ ლუქასის თავდაპირველი ჩანაფიქრით, ჯა ჯა ბინქსს მეორე ტრილოგიაში გამორჩეული როლი უნდა ეტვირთა – რაღაც იოდას სწორი. მართალია, სულელივით, ხეპრესავით იქცევა და მასხარას ჩამოჰგავს, სინანდვილეში კარგად იცის, რას აკეთებს. მელასავით გაიძვერა, ფარული გონებაა, ჩრდილოვანი მმართველი. ისე უკრავს ჯედაებზე, როგორც – ვიოლინოზე. შეთქმულების თეორიის თანახმად, ლუქასი იძულებული გახდა მისი გეგმა გადაეგდო, რადგან ჯა ჯა ფანების უმრავლესობას თვალში არ მოუვიდა, მისი კადრში გამოჩენა ვერ აიტანა და რასიზმის გადმონაშთად მონათლა[9].
Lumpawarroo-ს კონსპიროლოგია ყურით მოთრეულსა ჰგავს, მაგრამ ისეთი სიფრთხილით, ზრუნვით და მეტისმეტი მონდომებით გამართა მისი თეორია, იმდენი ძალ-ღონე დაახარჯა, რომ მრავალთა ყურადღება დაიმსახურა. ვებგვერდიც კი უძღვნეს (darthjarjar.com – დღეს აღარ იძებნება).
ნუთუ სიმართლეა? ჯორჯ ლუქასმა საჯაროდაც კი უარყო, იმისთვის, რომ აგორებული გუნდა ზვავად არ ქცეულიყო.
რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს! როგორ არა – ეგრევე დავიჯერეთ!
სამყარო ეს არის ხომალდი საჭის გარეშე
ალან მურმა, დიდმა გრაფიკულმა რომანისტმა და სენსაციური „მცველების“ (Watchmen) ავტორმა, მრავალი წელი მოახმარა შეთქმულების თეორიების შესწავლას. აგერ, მისეული შეჯამება:
მთავარი, რაც შეთქმულების თეორიის შესახებ გავიგე: კონსპიროლოგებს იმ მიზეზით სჯერათ შეთქმულების, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. სიმართლე სამყაროს შესახებ სხვაგან დევს – სამყარო ჭეშმარიტად ქაოტურია. არც ილუმინატები გვმართავენ, არც შეთქმული ებრაელი ბანკირები, არც ჩრდილში მყოფი უცხოპლანეტელები. სიმართლე ბევრად საზარელია: სამყაროს არვინ მართავს. ჩვენი სამყარო უმართავია.
ლი ჰარვი ოსვალდი, გარკვეულ დღეს, მოსკოვში თუ გაემგზავრა, ან 11 სექტემბერს ნიუ იორქში ბევრი ებრაელი არ გამოცხადდა სამსახურში, უცნაურად გაბნეული მარცვლების შეკრება შეგვიძლია… მაგრამ, სჯობს, ამაზე არ დავხარჯოთ დრო. მრავლისმეტყველი ფრაგმენტები, რომლებიც, ხშირად, ვერაფერს გვეტყვის[10].
ფსიქოანალიტიკოსებს ბევრი ადამიანის დახმარება შეუძლიათ, მაგრამ დამთხვევებსა და შემთხვევითობებს არც ისინი აფასებენ ჯეროვნად. მიზანმიმართულად ეძებენ პასუხებს ოცნებებში, ფიქრებსა და ქცევებში და თუ ვერ პოულობენ, ხშირად, თავად ხაზავენ ხოლმე გარკვეულ კანონზომიერებებს. მიიჩნევენ, რომ ნამსხვრევებისგან სურათის აწყობა საუკეთესოდ შეუძლიათ. ბევრი წარმატებასაც აღწევს, თუმცა, შეთქმულების თეორიის მაგისტრები არიან… ან – მათი მსგავსნი.
ლიტერატურათმცოდნეები შეთქმულების თეორიების დიდი მოყვარულები არიან (ფსიქოანალიტიკოსებზე არანაკლები). მაგალითად, „მეფე ლირში“ შექსპირი ხშირად ახსენებს სიტყვას „ბუნება“ და იყენებს სიტყვას „ძალა“. იქნებ, „მეფე ლირი“ გვაფრთხილებს, რომ ადამიანია უმწეოა ბუნების დაუოკებელი ძალების პირისპირ? შექსპირის ტექსტებს თუ მეტისმეტად ჩავუკირკიტებთ, სხვა ბევრი კოდირებული გზავნილის ნახვაც შეგვიძლია. უხვად აღმოვაჩენთ მეამბოხე მესიჯებს. ნუთუ, შექსპირი შეთქმული იყო? კი, ამასაც ამტკიცებენ. დიდი წიგნიც დაწერეს ამ თემაზე[11].
მაგრამ შექსპირი, შესაძლოა, შექსპირის პიესების ავტორიც არ არის. შექსპირის პიესები, შესაძლოა, დაწერა ფრენსის ბეიქონმა, ედვარდ დე ვერემ ან, სულაც, ქრისთოფერ მარლოუმ. წაიკითხეთ მისი წიგნები ყურადღებით – ბევრ მტკიცებულებას აღმოაჩენთ. ამ თემაზე მრავალი კვლევაა. ჩემი რჩეული მაინც სერ ედვინ დერნინგ-ლოურენსის წიგნია, რომელსაც ასე ჰქვია: „ბეიქონი არის შექსპირი“ და თითქმის ყველა თავი ამ წიგნში მთავრდება ასე (ასომთავრულით) „ბეიქონი არის შექსპირი“.
„ბიბლიის კოდი“[12] ამტკიცებს, რომ ბიბლია ფარული გზავნილებით არის სავსე – საკმარისია, „დაბადების“ (დავუშვათ) ყოველი ორმოცდამეათე ასო წაიკითხოთ. თუ ასე იზამთ, გაგიკვირდებათ და, ცნობილი რაბინების სახელებს ნახავთ, კიდევ მათი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს. იპოვით წინასწარმეტყველებებს მომავალში მოსახდენი მოვლენების შესახებ. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა ჰოლოკოსტი და კომუნიზმის აღზევება, 11 სექტემბრის ტერაქტი და… „ძალის გამოღვიძება“… ამტკიცებდნენ, რომ ბიბლია ნამდვილად შეიცავს ასეთ კოდს. მრავალი ადამიანი წამოეგო ამ ფანდზე 1998 წელს… თუმცა, ეს უბრალოდ თაღლითობა იყო.
მაგრამ ყველაფერ ამას რაციონალური ახსნაც აქვს და ვიზუალური აღქმის სფეროში დევს: ჩვენი ტვინი იმგვარად არის მოწყობილი, რომ ფარულ კავშირებს ხედავს იქ, სადაც ისინი არ არსებობს (ფენომენს სამეცნიერო სახელიც აქვს პატერნიზმი ან აპოფენია ჰქვია).
დააკვირდით ამ ფოტოს. ვის სახეს ხედავთ?
ხომ ნამდვილად იმპერიის ჯარისკაცია?
არა. უბრალოდ ლოდია.
(სამივე ფოტო NASA-ს არქივიდანაა და ზედ ერთი და იგივე ობიექტია გამოსახული. სახე – შუქ-ჩრდილების თამაშია. ოპტიკური ილუზია).
©Cass R. Sunstein – The World According to Star Wars. Dey Street Books, 2016
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ჯოზეფ ქემფბელი – ამერიკელი მითოლოგი და რელიგიათმცოდნე. წიგნში „ათასსახოვანი გმირი“ (The Hero with a Thousand Faces, 1949) ავტორი სხვადასხვა რელიგიათა ფუძეს იკვლევს. წიგნი ეძღვნება მონომითს – არქეტიპული გმირის მოგზაურობას, რომლის დროსაც გმირი სხვადასხვა გამოცდას გაივლის და შინ ფერცვლილი და გარდასახული დაბრუნდება.
(2)ორიგინალში ამ ქვეთავს „ფემინიზმი“ ჰქვია, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი (ვისაც სკოლაში სქემატურ-სტანდარტული თემების წერა მოუწია „ვეფხისტყაოსანზე“, გამიგებს).
(3)“ძლიერი ხელით“ ტკბობა ან ასეთი მმართველობის მონატრება ახალი ხილი არაა. ტირანიას ბევრი მიაწერს არამხოლოდ სტაბილურობას, არამედ – ეკონომიკურ წარმატებასაც. მაგალითებიც არის… მაგრამ ეს ყველა (პინოჩეტის და ლი კვან იუს ჩათვლით) სულაც არ ჩანს ისეთი მიმზიდველი, თუ საფუძვლებში ჩავიხედავთ, ფასს დავთვლით და, რაც მთავარია, წარმატებულ დემოკრატიულ მოდელებს შევადარებთ. ვისაც ეს თემა ეკონომიკური კუთხით აინტერესებს, დარონ აჯემოლუსთან გადავამისამართებ (სხვათა შორის, საქართველოს მოდელსაც განიხილავენ. ამონარიდი აჯემოლუ-რობინსონის წიგნიდან ამასწინათ ვთარგმნე და ავტვირთე. „ვარდების რევოლუციის ეკონომიკა“)
(4)ექო კამერა ის არის, რასაც დღეს ბაბლს ვუძახით 🙂 – ჩაკეტილი სივრცე, სადაც ადამიანები მხოლოდ იმ ინფორმაციას მოიხმარენ, რომელიც მათ საკუთარ შეხედულებებს ემთხვევა და შეხება არ აქვთ განსხვავებულ აზრთან.
(5)ლიდია მილეთი ამერიკელი მწერალია. სანსთაინმა მისი ესეიდან (Lydia Millet – Becoming Darth Vader) მხოლოდ პაწია ამონარიდი ისესხა. როგორ შემეძლო, უფრო ვრცელი ციტატა არ მომეტანა. 🙂 სანსთეინი, ალბათ, არ გაწყრებოდა. მითუფრო რომ თავად უწოდებს ესეის „ბრწყინვალეს“. მე ხომ არ მითქვამს.
(6)უილიამ ბლეიქის ლექსები მოტანილია ხატია გაგნიძის თარგმანში. „ახალი საუნჯე“, დეკემბერი, 2018
(7)ცხადია, ეს ქვეთავი ბეეევრად ვრცელია. მაგრამ, რაკი „სთართრექი“ ნანახი არ მაქვს და გამოვტოვე, ეს შედარებაც გამოვტოვე. ვთარგმნე მხოლოდ შეჯამება.
(8)ამასობაში, კიდევ ერთი წიგნი დაწერა: „R2-D2-ის ძენი“. Matthew Bortolin – The Dharma of Star Wars, 2015; Matthew Bortolin – The Dharma of Star Wars, 2019
(9)ამ დისკუსიამ საქართველოს შორს ჩაუარა, მაგრამ ბევრმა, როგორც ამერიკაში, ასე მის გარეთ, ყურადღება მიაქცია ჯა ჯას აქცენტს, მის ქცევას და პიეტეტურ დამოკიდებულებას სხვა პერსონაჟების მიმართ. ეს კრიტიკოსნი მიიჩნევდნენ, რომ ჯა ჯა „ბიძია თომას“ დროინდელ სტერეოტიპებს აცოცხლებს. ფილმის შემქმნელებს კრიტიკაზე გამოხმაურებაც მოუწიათ. მისი პერსონაჟის ლაპარაკის მანერა დაიცვა მსახიობმა აჰმედ ბესთმაც.
(10)მეორე წიგნიც მიამატეს. 🙂 Mary Clare Asquith – Shadowplay: The Hidden Beliefs and Coded Politics of William Shakespeare. Hachette Book Group, 2005; Mary Clare Asquith – Shakespeare and the Resistance: The Earl of Southampton, the Essex Rebellion, and the Poems that Challenged Tudor Tyranny. Hachette Book Group, 2018
(11)ოსვალდის საქმეში უამრავი შემთხვევითობაა. ამ თემაზე კარგა ხნის წინ პოსტიც დავწერე.
ჯექ რუბი – ადამიანი, რომელმაც ოსვალდი მოკლა
(12)Michael Drosnin – The Bible Code. Simon & Schuster, 1997
___
ავტორის შესახებ:
ქასს სანსთაინი ამერიკელი ავტორია, იურისტი, სახელმწიფო მოხელე, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბიჰევიორისტული (ქცევითი) ეკონომიკის კვლევაში. ნობელის პრემიის ლაურეატ, ეკონომისტ რიჩარდ თალერთან ერთად ავტორია წიგნისა “Nudge: ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება”.
წიგნში სამყარო „ვარსკვლავური ომების” მიხედვით” 10 თავია (ეპიზოდები ეწოდებათ) და შესავალი. “ცამეტი მოსაზრება „ვარსკვლავურ ომებზე“ წიგნის IV ეპიზოდია. ამას დამატებული მცირე ამონარიდი ვთარგმნე შესავალი ნაწილიდან.