10 გაკვეთილი ეკონომიკაში: როდის „ჭედავს“ ბაზარი

ართურ ლაფერი

მჯობნის მჯობნი არ დაილევა. ბაზრის შესაძლებლობები და ბაზრის მარცხი
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მეათე

ThE10

თუ პირველი ლექციიდან მომყვებით, იცით, რომ ძალიან იმედიანად ვუყურებ თავისუფალი ბაზრის უნარს, მოაგვაროს პრობლემები. ცხადია, ბაზრები სრულყოფილი არ არის, მაგრამ განა რა არის უზადო? ამიტომ ყოველთვის გაოცებით შევცქერი სწავლულ ხალხს, რომლებიც იდეალურ მოდელებზე ოცნებობენ, აგებენ ჰიპოთეტურ კოშკებს, სადაც ადამ სმითის უხილავი ხელი ქრება – და ყველაფერს ბიუროკრატების ხელები მართავენ. უშეცდომოდ.

ამ ბოლო თავში განვიხილავთ “ბაზრის მარცხის” ტიპურ მაგალითებს, სახელმძღვანელოებში რომ შეგხვდებათ. როგორც დავრწმუნდებით, ეს კრიტიკა, ხშირად, არარეალურ ვარაუდებზე დგას, ჯეროვნად არ აფასებს კაპიტალიზმის ინოვაციებს რეალურ სამყაროში და მომეტებულ იმედს ამყარებს მხსნელად მოვლენილ პოლიტიკოსთა შესაძლებლობებსა და კეთილშობილებაზე.

რა არის ბაზრის მარცხი

ეკონომიკურ თეორიაში ბაზრის მარცხს ზუსტი მნიშვნელობა აქვს და აღნიშნავს ვითარებას, როდესაც კერძო საკუთრების დეცენტრალიზებული მექანიზმი, laissez-faire კაპიტალიზმი საყოველთაო კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფს. მაგალითად, თუკი ყველანი ვთანხმდებით, რომ ბაზრის მიერ მოწეული ნაყოფი ჩარევის შედეგად კიდევ შეიძლება გაუმჯობესდეს, ბაზრის მარცხის ისეთი შემთხვევა გვაქვს, სახელმძღვანელოებში რომ აღწერენ ხოლმე. ეს აუცილებელი განმარტებაა, იმისთვის რომ ეკონომისტები არ იყვნენ მიკერძოებულნი და ეკონომიკა დარჩეს ობიექტურ მეცნიერებად. სუბიექტური პრეფერენციების არსებობა უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, მაგრამ ბაზრის მარცხი ის ვითარებაა, როდესაც გვაქვს კონსენსუსი: არის სავსებით მიღწევადი შედეგი, რომელსაც ყველანი უპირატესობას ვანიჭებთ, ბაზარი კი სხვა შედეგისკენ გვიბიძგებს.

მრავალი სავარაუდო სცენარია, რომელიც მსგავს სიტუაციას შეესაბამება და ამ ლექციაში განვიხილავ: მაგალითად, ზოგმა ეკონომისტმა აღმოაჩინა – სრულყოფილ კონკურენციასთან შედარებით ბაზარი ნაკლოვანებას ავლენს. სხვა სიტყვებით, ამ ეკონომისტებმა დაადგინეს, რომ არასრულყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი ვერაფერი აღმოჩენაა. გამოდგება კი ბაზრის საწინააღმდეგო ჯეროვან არგუმენტად? მითუფრო, როდესაც ხსნად პოლიტიკურ „გადაწყვეტილებებს“ გვაჩეჩებენ. ქვემოთ გიჩვენებთ – ამგვარი მკურნალობა სნეულებაზე უარესია.

ზღაპარი “სრულყოფილ კონკურენციაზე “

რეალური სამყაროს ბაზრის შესახებ ყველაზე დიდი მისტიფიკაციის წყარო ე.წ. სრულყოფილი კონკურენციის საორიენტაციო მოდელია, რომელმაც მილიონობით მეწარმის ტვინები დაიპყრო. ეკონომიკის სახელმძღვანელოში მოცემულ სქემაში ბაზარი კონკურენტუნარიანია, როდესაც ყველა ფირმა „ფასის მიმღებია“, რაც ნიშნავს, რომ ვერც ერთი გამყიდველს ექნება რაიმე გავლენა ფასზე – საქონლის რამდენი ერთეულიც არ უნდა გამოუშვას ბაზარზე, არსებულ საბაზრო ფასს ვერ ცვლის. სრულყოფილი კონკურენციის მოდელი იმ დაშვებაზე დგას, რომ კომპანიები ყიდიან იდენტურ საქონელს, არ სჭირდებათ სარეკლამო კამპანიაში ფულის დახარჯვა, ფასდაკლებები და აქციები, რადგან, როგორც კი არსებულ საბაზრო ფასზე ერთი ცენტით მეტს დააწესებს, მისი გაყიდვები ნულამდე დაეცემა.

არ იფიქროთ, რომ ეკონომისტების გაგიჟდნენ (თუმცა ჩვენს შორის, ალბათ, ასეთებიც არიან) – მათ მშვენივრად იციან, რომ სრულყოფილად კონკურენტული ბაზრები რეალურ სამყაროში არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეკონომისტებს სჭირდებათ თეორიული დაშვებები, იმისთვის, რომ აჩვენონ უკიდურესი წერტილი, სადაც ბაზარი თეორიულ სრულყოფილებას აღწევს. ამგვარ მოდელირებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური კონცეფციების განსახილველად იყენებენ. როდესაც გამყიდველები ფიქრობენ, რომ მათ საბაზრო ფასზე კონტროლი არ აქვთ, ისინი ზრდიან გამომუშავებას იქამდე, სანამ წარმოების ზღვრული ღირებულება არ გაუტოლდება საქონლის ფასს. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ სრულყოფილად კონკურენტუნარიანი სატელევიზიო ინდუსტრია, სადაც ყველა მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ იმდენი ერთეულის გაყიდვას შეძლებს 150 დოლარად, რამდენსაც მოისურვებს. ამ შემთხვევაში, ყოველი მწარმოებელი აწარმოებს ტელევიზორებს მანამ, სანამ შემდეგი ერთეულის დამზადების ხარჯი 150 დოლარზე მეტი არ იქნება. როგორც კი ხარჯი ამ თანხას ასცდება, კიდევ ერთი ტელევიზორის დამზადება მოგებას შეამცირებს, ამიტომ მწარმოებელი მოცემულ რაოდენობაზე გაჩერდება.

სრულყოფილი კონკურენციის მოდელი ეკონომისტებს საშუალებას აძლევს, განმარტონ, როგორ შეიძლება საზოგადოების მწირი რესურსების ეფექტურად გამოყენება. რესურსები მიემართება სატელევიზიო ინდუსტრიაში იქამდე, სანამ ყოველი დამატებითი ერთეულის წარმოებას 150 დოლარზე ნაკლები მასალა (შრომის ჩათვლით) ჭირდება. ამასთან, მომხმარებელს (ამ მოდელში) შეუძლია 150 დოლარად შეუზღუდავად შეიძინოს იმდენი ტელევიზორი, რამდენიც სურს, ამიტომ ისინი აგრძელებენ შესყიდვას მანამ, სანამ ყოველი დამატებითი ტელევიზორის ღირებულებას 150 დოლარის ბანკნოტზე მეტად აფასებენ. სრულყოფილი კონკურენციის მოდელის დახმარებით ვხედავთ, რომ ეკონომიკური რესურსები რომელიმე ინდუსტრიაში მიედინება ზუსტად იმ ზღვრამდე, რომლის შემდეგ სხვა ინდუსტრია მოახერხებს უფრო ეფექტურად მათ გამოყენებას. იდეალური კონკურენციის წარმოსახვით სამყაროში, საზოგადოების ყველა რესურსი საუკეთესოდ არის ათვისებული.

ამის საპირისპიროდ, რა ხდება რეალურ სამყაროში? აქ მწარმოებლებს ფასებზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვთ. თუ წარმოებული საქონლის რაოდენობას ზრდიან, ერთეულის ფასის დაწევა უწევთ, თუ ამცირებენ – უფრო მაღალი ფასის დადგენა შეუძლიათ (სრულყოფილი კონკურენციის მოდელში, შეგახსენებთ, თუკი მოცემულ ფასად აწარმოებ, ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი). ცხადია, თეორიულისგან განსხვავებით, ეს ბევრად უფრო რეალისტური სცენარია – „საბაზრო ძალაუფლების“[1] მათი წილი გამყიდველს უბიძგებს, აწარმოოს ბევრად ნაკლები, ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის მოდელში იქნებოდა შესაძლებელი. წინა მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ტელევიზორების ქარხანა (რეალურ სამყაროში) არ აწარმოებს ტელევიზორებს მანამ, სანამ ხარჯები გასაყიდ ფასს გაუტოლდება. ის, დიდი ალბათობით, უფრო ადრე შეჩერდება, რადგან დამატებითი რაოდენობა ტელევიზორებს გასაყიდად ერთეულის ფასის შემცირება მოუწევს. მოგების მაქსიმიზაციის სურვილი მწარმოებელს უბიძგებს, გამომუშავება იმ ზღვარზე დაბლა შეინარჩუნოს, ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის პირობებში იქნებოდა – შესაბამისად, რესურსებიც არასრულყოფილად ნაწილდება. როგორც ვხედავთ, სრულყოფილი კონკურენციის მოდელთან შედარებით, „ბაზრის მარცხის“ შემთხვევა გვაქვს – კაპიტალისტური სისტემა რესურსების სრულყოფილად განაწილებას ვერ ახერხებს.

ახლა, როდესაც სრულყოფილი კონკურენციის მოდელის არსი და მნიშვნელობა განვმარტეთ, მისი სუსტი მხარეებიც უნდა ვნახოთ. ფრიდრიხ ჰაიეკმა აღნიშნა, რომ კონკურენციის ის განმარტება, რაც სახელმძღვანელოებშია, ნაკლებ ესადაგება იმას, როგორ კონკურირებენ რეალური კომპანიები. ბიზნესში წინსვლის გზა გადის საუკეთესო პროდუქტის შექმნაზე, ხარჯების შემცირებაზე, ფასების შემცირებაზე ან ყველა ამ სტრატეგიის კომბინაციაზე. „სრულყოფილი კონკურენციის“ ეკონომიკური მოდელი აქედან არც ერთს ითვალისწინებს. სახელმძღვანელოს სცენარს მიღმაა, აგრეთვე, რჩება პროდუქტის დიფერენციაცია და რეკლამა, რადგან, დაშვების თანახმად, ყველა გამყიდველი და მომხმარებელი საქონლის შესახებ სრულ ცოდნას ფლობს.

რეალურ სამყაროში, ცხადია, ასე არ არის და არც საქონლის უმრავლესობაა იდენტური. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარეგნულად ან გემოთი მსგავსია, საქონელს ბაზარზე განასხვავებს მდებარეობა, რეპუტაცია, სერვისი, მოხერხებულობა – ეს ყველა „პროდუქტის მახასიათებელია“, რასაც შეუძლია მყიდველი ერთი ან მეორე საქონლის სასარგებლოდ გადახაროს (და გადაიხადოს მეტი). მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ერთ ბრენდს მეორესთან შედარებით ან საქონელს ახლომდებარე მაღაზიიდან, იმის ნაცვლად, რომ შორს მდებარე ჰიპერმარკეტში წავიდეს.

სრულყოფილი კონკურენციის ჰიპოთეტური მოდელით მეტისმეტი გატაცება ეკონომისტებს უბიძგებს, მოწყდნენ არსებულ სამყაროს და ტრივიალური საკითხების კვლევით დაკავდნენ. შედეგად, მათ წარმოსახვაში არსებული „გამართული“ ბაზარი რეალურს აცდენილია.

გასაგები იქნებოდა, თუ იდეალურად კონკურენტუნარიანი მოდელით გატაცება თეორიული კვლევის საგნად დარჩებოდა პატივსაცემი ჟურნალის ფურცლებზე, მაგრამ მან სხვა სფეროებშიც გადმოინაცვლა, მათ შორის – პოლიტიკურ ანალიზში. მაგალითად, როდესაც ანტიმონოპოლიური სამსახური განიხილავს, ნება დართოს თუ არა კომპანიების შერწყმას, სტანდარტული პრაქტიკა ახლადწარმოქმნილი ფირმის საბაზრო ძალაუფლების გაზომვაა. ეს პირდაპირ გადმოიტანეს სრულყოფილი კონკურენციის სახელმძღვანელოდან, მაგრამ, ასეთ დროს, იშვიათად უჩნდებათ კითხვა: “როგორ მოიპოვეს ამ ფირმებმა დომინირებული მდგომარეობა?” მათ მიაწოდეს უკეთესი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებლები ამჯობინებენ. ბაზარზე არვინ არვის ადგას იარაღით თავზე. კმაყოფილი მომხმარებელი უდრის მეწარმის მოგებას.

შემდგომ განვიხილავთ სრულყოფილი კონკურენციის თეორიის გამოყენების გავრცელებულ (არასწორ) გზებს და კონკრეტული მაგალითებით ვაჩვენებთ, რატომ არიან თავისუფალ ბაზარზე მოთამაშე მეწარმეები ბევრად უფრო კრეატიულები და კონკურენტუნარიანები, ვიდრე ამას სტანდარტული თეორიული მოდელი ასახავს.

[ეს კონკრეტული მაგალითები ოდნავ შეკვეცილი სახით ვთარგმნე – LV]

კომპიუტერული ინდუსტრია

დღესდღეობით მოდურია Microsoft-ის დამუნათება – ძველი დროის მძარცველი ფეოდალების მსგავსად, დაუნდობელმა ბილ გეითსმა მოიცვა სამყარო და დომინანტური მდგომარეობით სარგებლობს იმგვარად, რომ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილ კონკურენტებს წინააღმდეგობის გაწევა არ ძალუძთ.

ირონიაა, მაგრამ 1980-იანი წლების დასაწყისში, პერსონალური კომპიუტერების რევოლუციის დასაბამს, კაპიტალიზმის კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ სტანდარტის დასაწესებლად მთავრობის ჩარევა იყო აუცილებელი. გვიმტკიცებდნენ, რომ, პოლიტიკური ზედამხედველობის გარეშე, მომხმარებლები აღმოჩნდებოდნენ უმწეონი და დაბნეულნი ათობით შეუთავსებელი სისტემის წინაშე. ზუსტად ისე, როგორც წონისა და ზომების ერთიანი სისტემა გვაქვს, – გვეუბნებოდნენ, – ახლა კომპიუტერების სტანდარტის დადგენა გვჭირდება. ამის უზრუნველყოფა კი, ცხადია, მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

ბილ გეითსმა, რა თქმა უნდა, ეს ეჭვები გაფანტა, თუმცა სკეპტიკოსები კვლავ წამოყოფენ ხოლმე თავს და ისევ ითხოვენ სახელმწიფო ჩარევას. მნიშვნელობა არ აქვს, მრავალი კონკურენტული სისტემის არსებობას მიიჩნევენ საფრთხედ თუ გიგანტურ, არაეფექტურ მონოპოლიას, რეცეპტი მუდამ ერთია – ბაზრის ნდობა არ შეიძლება და ინოვაციური განვითარებისთვის გზის დაგება მხოლოდ პოლიტიკოსებს შეუძლიათ.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. შორეულ 1969 წელს IBM-ის, ამ სფეროში მაშინდელი უდავო გიგანტის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიმონოპოლიური ბრალდება წარადგინა. სასამართლო ამ საქმეს წლების განმავლობაში განიხილავდა – 1982 წლამდე, როდესაც კომპანიის ძალაუფლება ბაზარზე უკვე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. Microsoft იქნება დღეს თუ IBM 1970-იანებში, შეიძლება, მოგვეჩვენოს – ისინი ბაზრის ზეგავლენის მიმართ უდრეკნი არიან, მაგრამ თუ ინდუსტრიის ლიდერი კომპანია მუდმივად არ განახლდება, არ იქნება ინოვაციური, არ ასიამოვნებს მომხმარებლებს, ბაზრის წილს დაკარგავს[2].

საბითუმო გაყიდვები

სრულყოფილი კონკურენციის მოდელის ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ იქ გამყიდველი საქონელს უცვლელი ფასით ყიდის. რეალურ ბაზარზე კი, როდესაც ფირმა ზრდის წარმოებას, მან პროდუქციის ფასი უნდა შეამციროს და შემოსავალს კარგავს არა მხოლოდ ყოველ დამატებით ერთეულზე, არამედ უკვე წარმოებულზე (და დასაწყობებულზე).

მაგრამ მეწარმეები რეალურ სამყაროში არასდროს ჩამოუშვებენ ხოლმე ხელებს – შეცვლილი ვითარება მოგების შესაძლებლობაა. ისინი ეძებენ ახალ გზებს – ფასდაკლების ვაუჩერები, საკლუბო და დაგროვების ბარათები. შეთავაზება კლიენტებისთვის, შეიძინონ საქონელი დიდი რაოდენობით, მაგრამ მცირე ფასნამატით.

ვისაც, აბსოლუტური კონკურენციის მოდელის გარდა, კლასიკური ეკონომიკა უსწავლია, ეს არ გააკვირვებს. თამაშის წესების მცირე ცვლილება საშუალებას აძლევს ბაზარს, იმაზე ეფექტურად იმუშაოს, ვიდრე სრულყოფილი კონკურენციის თეორიული ჩარჩო ითვალისწინებს.

ინფორმაციის მნიშვნელობა

როგორც ზემოთ ვთქვი, სრულყოფილი კონკურენციის მოდელი ვარაუდობს, რომ ბაზარზე ყველას სრულყოფილი ინფორმაცია აქვს. ამიტომ ფირმა მეყსეულად კარგავს მთელ ბიზნესს, როგორც კი საბაზროზე ერთი ცენტით მაღალ ფასს დააწესებს. რეალურ სამყაროში, ცხადია, ასე არ არის. ადამიანებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან სამყაროც არ არის სრულყოფილი და ჩვენ ამას ვერ შევცვლით, რაც არ უნდა ვეცადოთ. როგორც კი ამ მოცემულობას გავიაზრებთ, ბაზრის ბევრი „ამაოება“ მეტ აზრს შეიძენს.

ყველაზე კარგი მაგალითია რეკლამა. ცინიკოსთათვის და სრულყოფილი კონკურენციის ბრმად მორწმუნეთათვის რეკლამა რესურსების ფუჭი ხარჯვაა, ნეგატიური ჯამის თამაში. მათი აზრით, სარეკლამო ხარჯები არასოდეს ანაზღაურდება. მაგრამ სინამდვილეში სარეკლამო ხარჯი კონკურენტებისგან ბაზრის წილის წამოღებაში გადახდილი. კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ რეკლამა მუშაობს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტდნენ ფულის ფლანგვას.

ხშირად მოისმენთ, რომ სოციალისტურ საზოგადოებაში ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს რაციონალურად, მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. ამიტომ ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიების რბოლა იქ საჭირო აღარაა, რაც მთელ სახსრებს მომსახურებისა და საქონლის წარმოებისკენ გადაამისამართებს და პირდაპირ სარგებელს მოუტანს ხალხს.

ამ ტიპის კრიტიკა, თვალის ზერელე შევლებით, დამაჯერებლად ჩანს, მაგრამ ხუხულასავით დაიშლება, როგორც კი უკეთ შევისწავლით. ახალი პროდუქტის შემუშავებისას, სარეკლამო კამპანია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის გზა პოტენციური მომხმარებლების ყურადღების მიპყრობისთვის. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ახალი პროდუქტი შეიძინოს, საქონელს თან უნდა ახლდეს საგარანტიო მომსახურებისა და ფულის დაბრუნების გარანტია. ბაზარზე ინფორმაციის ნაკლებობა გასაგებს ხდის, თუ რატომ სჭირდება ახალგახსნილ რესტორანს ფასდაკლების კუპონების დაგზავნა ყველა ახლომდებარე მისამართზე. სოციალისტურ საზოგადოებაშიც კი უნდა არსებობდეს რაიმე გზა, რომ მოქალაქეებს ახალი პროდუქტის შესახებ ხმა მიაწვდინონ და, ცნობის ფურცლის შედგენისას, ნიჭსა და ცოდნას თუ არ მოიხმობენ, ერთფეროვანი, მოსაწყენი პლაკატებით ნაკლები „ამხანაგის“ ყურადღებას მიიპყრობენ.

რეკლამა სჭირდებათ ბაზრის გიგანტებსაც – მომხმარებლები McDonald’s-ს რომელიმე „სახელი-დამავიწყდა-ბურგერ“-ს იმის გამო ამჯობინებენ, რომ იციან, სად მიდიან და რა საქონელსა და მომსახურებას მიიღებენ. ინფორმაცია მათ სწორედ იმ რეკლამამ მიაწოდა, ზოგიერთ მკვლევარს ფუჭ საქმედ რომ მიაჩნია.

ან Nike-ის Air Jordans ავიღოთ. ამ სპორტულ ფეხსაცმელს, კალათბურთის ვარსკვლავთან ასოცირების გამო, დამატებითი სიამოვნება მოაქვს მფლობელისთვის. მხოლოდ ხარისხიანი მასალა არ წყვეტს – აქ ემოციის ამბავია. მაგრამ შესაბამისი განწყობის შექმნაზე ძვირადღირებულმა სარეკლამო კამპანიამ იმუშავა. ცნობილ ადამიანთან დაკავშირებული ნივთისთვის ბევრად ძვირი ფასის გადახდის ფენომენი ზოგს შეშლილობად ან სიბრიყვედ ეჩვენება, მაგრამ ბევრისთვის მნიშვნელოვანია. თუ კრიტიკოსს ეს ფაქტი არ მოსწონს, უბრალოდ უნდა აღიაროს – კარგსა და ცუდზე საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის თავს მოხვევას ცდილობს.

რეკლამის გარდა, კლიენტთა მიზიდვის უამრავი სხვა ხერხი არსებობს. ბევრი, ალბათ, გაიკვირვებს, მაგრამ საკრედიტო ბარათების კომპანიებიც ფლობენ ინფორმაციის გავრცელების ღირებულ არხს, რომლის საშუალებითაც მრავალი, ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი ურთიერთობს ბაზარზე, ორმხრივად ხელსაყრელი პირობებით. მაგალითად, American Express-ის წევრები ყოველწლიურ გადასახადს იხდიან, მაგრამ სანაცვლოდ, ბარათის გამოყენებისას, ფასდაკლებებს და სხვა შეღავათებს იღებენ. ეს, ხშირად, იმით აიხსნება, რომ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებმა იციან, American Express ბარათის მფლობელი, სავარაუდოდ, უკეთესი კლიენტია მათი ბიზნესისთვის, ვიდრე ის, ვინც იყენებს Visa-ს ან ნაღდ ანგარიშსწორებას. მომხმარებელთა ბაზის ზრდის კიდევ ერთი გზა კუპონების დარიგებაა. რომლის საშუალებითაც ბიზნესები იმ მომხმარებლებს იზიდავენ, ვინც ძალიან მგრძნობიარეა ფასის მიმართ, ან – ჩქარობს.

იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია ყოველთვის ნაკლულია, საბაზრო ეკონომიკის მუშაობა ბევრად უფრო ლოგიკური ჩანს. მომხმარებლებს სჭირდებათ დახმარება, იმისთვის, რომ გადაწყვიტონ, როგორ დახარჯონ ფული, ხოლო სავაჭრო ობიექტებს სჭირდებათ დახმარება პოტენციური კლიენტების შესაფასებლად. სრულყოფილი კონკურენციის მოდელში, ისევე, როგორც რესურსების ფუჭად „მფლანგველი“ ბაზრის კრიტიკოსთა მოსაზრებებში, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.

თემის ტრაგედია

ბოლო საკითხი, რასაც განვიხილავთ, სათემო რესურსებს ეხება – ტერიტორიას, სადაც თავისუფალი ბაზარი, როგორც ამტკიცებენ, არათუ კოჭლობს, ძირს არის უმწეოდ გაშხლართული. მაგალითად, ჩვენ ვერ შევიძენთ ჩვენ წილ ატმოსფეროს, ამიტომ ქარხნის კვამლმა შეიძლება გარეშემო ყველანი დააზარალოს. თუ ქარხანა ამას არ გაითვალისწინებს, ის პროდუქციის ძალიან ბევრ ერთეულს გამოუშვებს და, შესაბამისად, ზედმეტად დააბინძურებს გარემოს. მსგავსი სცენარი მთავრობის ჩარევას მოითხოვს – მხოლოდ მას შეუძლია ბაზრის მარცხის გამოსწორება.

ამ სტერეოტიპულ მაგალითში ირონიული ის არის, რომ საერთო სამართალი იმთავითვე ითვალისწინებდა გარემოს დამბინძურებლის მხრივ მეზობლებისთვის ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ, როგორც რონალდ ქოუსმა[3] ცნობილ ნაშრომში აღნიშნა, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ადგილობრივი მთავრობები იცავდნენ ბიზნესს კანონიერი სარჩელებისგან – ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ სწრაფი ინდუსტრიალიზაცია ეკონომიკური წინსვლისთვის იყო აუცილებელი. გამოდის, რომ

ბაზრის მარცხი კი არა, პოლიტიკოსების არამართებული ჩარევის შემთხვევა გვქონია, რასაც კიდევ მეტი გაუმართლებელი პოლიტიკური ჩარევა მოჰყვა.

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ბაზრის ინოვაციები საერთო რესურსების პრობლემებს აგვარებს. ტერმინი „თემის (სათემო საკუთრების) ტრაგედია“, მაგალითად, ეხება საძოვრებს, სადაც პირუტყვის მფლობელებს მიწაზე საკუთრების უფლება არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეებმა იციან – მათი პირუტყვი ანადგურებს საძოვარს, არცერთ ინდივიდს არ აქვს სტიმული, შეაკავოს საკუთარი ცხოველები. არც სხვა საძოვარზე გადადენის, რადგან ამით ვერაფერს გამოასწორებს და მხოლოდ კონკურენტებს ასარგებლებს[4].

საძოვრები მოსპობისგან მავთულხლართების გამოგონებამ იხსნა. ამ იაფმა ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა მიწის ნაკვეთებად დაყოფა და მესაკუთრეებმაც შეძლეს საძოვრების დასვენება ბალახის საფარის აღსადგენად.

მსგავს ინოვაციებს უნდა ველოდოთ, როდესაც საქმე ეხება მეთევზეობას. ოკეანეებსა და საჯარო საკუთრებაში არსებულ სხვა წყალსატევებში მომეტებული თევზჭერის აკრძალვა და კონტროლი მცდარი გზაა: თევზის ჭერის სეზონების დაწესება, ბადეების დახარისხება, თევზის ნებადართული ზომა და სხვა არაეფექტური, ცუდად აღსრულებადი წესები… იმის გამო, რომ მთავრობის ზედამხედველებს მათი მართვის ქვეშ მყოფი აქტივის ღირებულების ზრდით პირდაპირი სარგებელი არ აქვთ, ისეთ ზრუნვას არ ავლენენ, როგორც კერძო მესაკუთრე გამოავლენდა. ბუნებრივია, ანალოგი ბოლომდე ზუსტი არაა, ამასთან, ვთქვათ, ოკეანის დაყოფა და კერძო მესაკუთრეებზე გაყიდვა ტექნიკურადაც ძნელია, მაგრამ უზარმაზარი რესურსების ექსპლუატაცია ბევრად უფრო ეფექტური გახდება მას შემდეგ, რაც კერძო საკუთრება ამ ახალ სფეროშიც შემოვა.

დასკვნა

ბაზრის მარცხის თეორიული მოდელი „სრულყოფილი კონკურენციის“ საორიენტაციო იდეალთან არის დაკავშირებული. როგორც ვნახეთ, ის რეალობას არის აცდენილი და ცუდი სახელმძღვანელოა საჯარო პოლიტიკისთვის. რეალური სამყაროს ბაზარი სრულყოფილებისგან შორს დგას, მაგრამ თავისუფალი ბაზრის თავისუფალი მოთამაშეები მუდმივად ეძებენ სიახლეებს და შემოაქვთ ცვლილებები, იმისთვის რომ უკეთ მოემსახურონ თავიანთ მომხმარებლებს, ანუ – ყველას ჩვენ. მაშინაც კი, თუ თავისუფალი ბაზრის გადაწყვეტილება არ არის საუკეთესო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მთავრობა უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ არის აუცილებელი დაველოდოთ, სანამ ურემი გადაბრუნდება[5], რომ მივხვდეთ – მთავრობა ხშირად ვერ მიყვება სახელმძღვანელოში გაწერილ სტანდარტს.

ამ ამბის უკეთ გასაგებად, გაიხსენეთ, რაც ზემოთ ვთქვი – არსებული ვითარება ბაზრის მარცხად რომ მივიჩნიოთ, ყველა უნდა დათანხმდეს, რომ შემოთავაზებული გამოსავალი ნამდვილად გაუმჯობესებაა. ჯერ ვნახოთ, თუ რა მიზეზით ნათლავენ არსებულ ვითარებას ბაზრის მარცხად? იმიტომ ხომ არა, რომ რეალურ სამყაროში შექმნილი მოცემულობა არ შეესაბამება სრულყოფილი კონკურენციის მოდელს? მაგრამ ჩვენ უკვე დავრწმუნდით, მსგავსი შედარება, თავის მხრივ არის ნაკლული, მცდარი. ახლა ვნახოთ, თუ ვინ ამბობს, რომ შემოთავაზებული გამოსავალი უკეთესია, ვიდრე არსებული მდგომარეობა? ჩვეულებრივ, ესენი არიან პოლიტიკოსები, ბიუროკრატები, ეკონომისტები და პოლიტიკურ პროცესში მონაწილე სხვა ადამიანები. შეიძლება ათეული, ასეული ან რამდენიმე ათასიც იყვნენ. მათ არ აკმაყოფილებთ სტატუს კვო. ამრიგად, ბაზრის სავარაუდო მარცხის გამოსწორებას რამდენიმე, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფი ცდილობს, იმ ათასობით და მილიონობით მომხმარებლის საპირწონედ, რომლებმაც ბაზარზე არსებული სიტუაციით კმაყოფილება ნებაყოფლობით განხორციელებული შესყიდვებით გამოხატეს.

მთავრობისგან განსხვავებით, მომხმარებლებს განსაკუთრებული მდებარეობა აქვთ ბაზარზე იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები და საჭიროებები ბაზრის მიერ შემოთავაზებულ საქონელსა და მომსახურებას შეადარონ და ასე გამოიტანონ განაჩენი. სამთავრობო გადაწყვეტილებები სრულყოფილებისგან შორს დგას და, ცხადია, ვერც სრულყოფილ კონკურენციამდე მიგვიყვანს, რამდენიც არ უნდა იფიცონ პოლიტიკოსებმა და მათმა იდეოლოგებმა იდეალური კონკურენციის მზე.

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)საბაზრო ძალაუფლება ან ძალაუფლება ფასზე (Market power/Pricing power) არის გამყიდველის უნარი, ზეგავლენა მოახდინოს გასაყიდი პროდუქციის ფასზე. რაც უფრო შეზღუდული, რეგულირებული და ნაკლებ კონკურენტულია ბაზარი, მით მეტი ზეგავლენა აქვს გამყიდველს ფასზე და – პირიქით. რაც უფრო ღიაა ბაზარი, რომელზეც შესვლის და მუშაობის საშუალება ბევრ მეწარმეს აქვს, მით მეტია კონკურენცია და საბაზრო ძალაუფლება გადადის მყიდველთა მხარეს.

(2)ადამიანები, ხშირად, სკეპტიკურად ეკიდებიან ამ მოსაზრებას. ფიქრობენ, რომ მონოპოლისტს საკმარისი ძალა აქვს, რომ ბაზარს ყურადღება არ მიაქციოს – მომხმარებელს სხვაგან წასასვლელი გზა მაინც არ აქვს. მაგრამ ეს სამართლიანია, თუ მონოპოლია სახელმწიფოს ხელოვნური დაცვის ქვეშ არის. თუ მის პრივილეგირებულ სტატუსს სახელმწიფო მარეგულირებელი იცავს (მაგალითად – ე.წ. ფლაგმანი ავიაკომპანია). როდესაც დომინანტური მდგომარეობა კომპანიამ ბუნებრივი გზით – კარგი მუშაობით მოიპოვა, საკმარისია ყურადღება მოადუნოს, შეცდომები დაუშვას, რომ კონკურენტები, სუსტები და პატარები რომ ჩანდნენ, სწრაფად ააცლიან საბაზრო წილს (მაგალითად, სწორედ ასე დაემართა „ნოკიას“).

(3)Ronald Coase – ინგლისელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ლაფერი გულისხმობს ქოუსის წერილს The Problem of Social Cost. Journal of Law and Economics, 1960.

(4) ამ თემას ლაფერი მე-3 ლექციაში ვრცლად განიხილავს.

თითოეულმა ფერმერმა ან მწყემსმა იცის, რომ საძოვრები უნდა „დაასვენო“, იმისთვის, რომ ბალახმა შევსება მოასწროს და პირუტყვმა მთლიანად არ მოსპოს, მაგრამ საუკუნეების წინ, როდესაც ინგლისსა ან ამერიკის დასავლეთში ველები „საერთო“ იყო, ამაზე არვინ ზრუნავდა – თუ რომელიმე მწყემსი შეეცდებოდა, მის საქონელს ჭარბად არ მოეძოვა ბალახი, ამ საძოვარს სხვისი საქონელი გაანადგურებდა. იგივე სურათს ვხედავთ დღეს “საჯარო” წყალსაცავებში, სადაც შეუზღუდავი თევზაობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თითოეულმა ცალკე აღებულმა მეთევზემ იცის, რომ ბუნებრივი გამრავლებისთვის თევზის დატოვება გონივრული საქციელია, მაგრამ, რაკი კოლეგების შეზღუდვა არ შეუძლია, ყველა ერთად უფრო მეტ თევზს იჭერს, ვიდრე შეიძლება. ეკონომისტები ამ სიტუაციას „სათემო საკუთრების ტრაგედიას“ უწოდებენ.

(5)ერთმა ქართველმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა თქვა, „რეიგანს ავიწყდება ქართული ანდაზაო“. 🙂 ლაფერი იყენებს ინგლისურ ანდაზას There’s many a slip ‘twixt the cup and the lip რაც მიახლოებით იმასვე ნიშნავს, რასაც ქართული – ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო და/ან თქმა სხვაა, საქმე კი სხვაო.

___

მე-9 ლექცია ლაფერმა “ლაფერის მრუდს” დაუთმო. არ მითარგმნია, რადგან ლაფერის მრუდზე სხვა წერილები მაქვს თარგმნილი, როგორც თავად ლაფერის, ასე სხვისი დაწერილიც.

სრულად 10-ვე ლექცია ინგლისურად აქ დევს.

_

ართურ ლაფერი – გაკვეთილი მერვე: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ
ართურ ლაფერი – გაკვეთილი პირველი: რა არის ეკონომიკა?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: