10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ

ართურ ლაფერი

მეწარმეები რეგულატორების წინააღმდეგ. სახელმწიფოს შეტევა ბაზარზე
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მერვე

ThE8

გამოცდილება ასე გვკარნახობს – როცა გეტყვიან: „ჩვენ მთავრობიდან ვართ და თქვენს დასახმარებლად მოვედით!“ კარგად იცით, რაც უნდა ქნათ – ხელი სტაცოთ თქვენს ფულს და უკანმოუხედავად გაიქცეთ. უსაფრთხოების ხარჯებია, საჰაერო მოძრაობის მართვის მოძველებული აღჭურვილობის განახლებაა, თუ თავს დამტყდარი ქარიშხლის შედეგების აღმოფხვრა, გამოცდილებით ვიცით, მთავრობა გაცილებით მეტ ფულს ხარჯავს იმავე საქმის შესასრულებლად, ვიდრე – კერძო სექტორი. და, როგორც წესი, სამუშაოსაც ნაკლებად ხარისხიანად ასრულებს.

ეს არც ცალკეული შემთხვევაა, არც უბრალოდ – დამთხვევა. ცალსახა მიზეზები გვაქვს, მთავრობის ბაზარში ჩარევის მცდელობას რატომ მოაქვს მეტი არეულობა. ამ გაკვეთილზე მთავრობის წარუმატებლობის თეორიას ჩამოვაყალიბებ მოკლედ და შემდეგ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიტან.

რატომ არიან მეწარმეები ბიუროკრატებზე უფრო წარმატებულები

რა მიზეზია: კერძო სექტორში ხარჯების შეკვეცასა და ინოვაციებს ვხედავთ, საჯარო სექტორში კი ხარჯების ზრდასა და სტაგნაციას? ერთი განსხვავება თვალშისაცემია – განვითარების სტიმული. ბაზარზე მეწარმემ მომხმარებლები უნდა დააკმაყოფილოს, რადგან მათ ნებაყოფლობით გადასცენ საკუთარი ფული საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ. თუ მეწარმის პროდუქტი უხარისხოა, ან უკმეხი თანამშრომლები ჰყავს, ის ბიზნესს დაკარგავს. სამთავრობო უწყება კი გადასახადის გადამხდელთა ფულით, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ფინანსდება. მართალია, მთავრობის პოლიტიკას მოქალაქეები განსაზღვრავენ არჩევნებზე ხმის მიცემით, მაგრამ საჯარო სექტორში ფულის მიმცემსა და ფულის მიმღებს შორის უკუკავშირი ბევრად სუსტია, ვიდრე – კერძო სექტორში. რა უნდა ქნათ, თუკი რომელიმე საჯარო უწყებით უკმაყოფილო ხართ? კონკურენტთან გადახვალთ? უხეირო მომსახურებას კერძო სექტორშიც გადაეყრებით, ისე, როგორც კარგ მომსახურებას – საჯარო სექტორში, მაგრამ პროპორცია თვალში საცემია და მას ფინანსური დაინტერესების არსებობა ხსნის.

მსგავსი მიზეზი დევს კერძო სექტორის შედარებითი ეკონომიურობის საძირკველშიც. თუ მეწარმე მიაგნებს გზას, როგორ შეამციროს ხარჯები ისე, საქონლის ხარისხიც რომ შეინარჩუნოს, დანაზოგს ჯიბეში წაიღებს. ბუნებრივია, ეს დიდი სტიმულია მისი გონებისთვის – მუდმივად ეძებს, ცდილობს ახალი ცოდნის, უნარის და ტექნოლოგიის გამოყენებას, იმად, რომ ბაზარს კაპიკი გააგდებინოს. საჯარო სექტორში მსგავსი არაფერია. თუ რომელიმე მოხელე 10’000 საბიუჯეტო დოლარს დაზოგავს, ამ თანხით ვერაფერს შეიძენს, ვერც საკუთარი საჭიროებისთვის, ვერც – საჩუქრად. ეს ხომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა იქნება! ამიტომ საჯარო სექტორში სხვა სტიმულებია – ყველა მოხელემ დახარჯოს ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილი ბოლო ცენტიც კი, იმისთვის, რომ მომდევნო წელის ბიუჯეტი არ შეუმცირონ.

ამის გაგონებაზე ხშირად გვეუბნებიან: „ჩვენ უნდა ვმართოთ მთავრობა, როგორც ბიზნესი“. მაგრამ ეს შეუძლებელია. საჯარო სექტორში არ არის ნებაყოფლობითი ურთიერთობები გამცემსა და მიმღებს შორის. თუ კერძო მეწარმეს ხარჯების შეკვეცა ისე გაიტაცებს, რომ მისი საქონლის ხარისხი დაზარალდება, მომხმარებელს ყოველთვის შეეძლება სხვა პროდუქტზე გადაერთოს – ეს ერთგვარი ჩაშენებული დამცავი მექანიზმია. მაგრამ მსგავსი რამ ბევრად სუსტად მუშაობს საჯარო სექტორში, იმიტომ რომ ბაზარს არის მოწყვეტილი. დავუშვათ, პოლიციის განყოფილებას „ბიზნესივით ვმართავთ“ – არსებული სისტემა, შესაძლოა, დაინგრეს. პოლიციის უფროსმა შეიძლება, გადაწყვიტოს, რომ საპატრულო მანქანები არასაჭირო ხარჯია და – გაყიდოს, ნაცვლად კი კომპიუტერები შეიძინოს დეტექტივებისთვის. თუ, ამის შედეგად, პატრულის ლოდინი მეტი ხანი მოგიწევთ, ბაზარს მყისიერი რეაქცია ვერ ექნება, როგორც კერძო სექტორში მოხდებოდა და გადასახადის გადამხდელებს მოუწევთ განაგრძონ პოლიციის გაუარესებული მომსახურების დაფინანსება. ვიმეორებ – კერძო სექტორში მსგავსი თავსატეხი არ გვაქვს, რადგან მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია, შეწყვიტოს საქონლის შეძენა კომპანიისგან, რომელიც ბევრ მცდარ გადაწყვეტილებას იღებს.

მსხვილი კერძო კორპორაციებიც ეფექტურად მუშაობენ, რადგან მოგებისა და ზარალის უწყისს თითოეული ქვედანაყოფის ეფექტურობის შესაფასებლად იყენებენ. ცალკეული პროექტის მენეჯერები, მათი ბიუჯეტისა და უფლებამოსილების ფარგლებში, ავტონომიურად მუშაობენ, კორპორაციის ბუღალტერია კი ყურადღებით აკვირდება ბალანსს, იმისთვის, რომ მომგებიანი და წამგებიანი მიმართულებები გამოავლინოს. მაგრამ მთავრობებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმავეს გაკეთება არ შეუძლიათ – მომხმარებლები (ანუ გადასახადის გადამხდელები) ცალკეული პროდუქტის ან მომსახურების ცალკეული ერთეულის ფასს ცალკე არ იხდიან. საჯარო სექტორი ბიუროკრატიაზე დგას და არაეფექტური ხარჯები და სტაგნაცია მისი თანმდევია.

წახალისების პრობლემის გარდა, მთავრობას „ცოდნის პრობლემაც“, აწუხებს, როგორც სავსებით სამართლიანად აღნიშნა ფრიდრიხ ჰაიეკმა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დავიჯერებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ანგელოზები არიან და მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, მათ არ იციან, როგორ უნდა ემსახურონ საზოგადოებას საუკეთესოდ. პოლიციის განყოფილებას სჭირდება საპატრულო მანქანები, ეს აშკარაა, მაგრამ რამდენი მანქანა სჭირდება? იქნებ, დანაშაულის მაჩვენებელმა იკლოს, თუ ნაკლებ ავტომობილს, მაგრამ უკეთეს ჯავშანს ან კომპიუტერულ სისტემებს შევიძენთ? სურათი რომ გავშალოთ, საიდან იცის ქალაქის მთავრობამ პოლიციის, სახანძრო სამსახურის, საჯარო სკოლების, გზების და ა.შ. დაფინანსების საუკეთესო გზა? საბაზრო ეკონომიკა ამ პრობლემას მოაგვარებს დეცენტრალიზებული გადაწყვეტილების მიღების გზით, რომელიც მოგება-ზარალის უწყისს ეყრდნობა. მაგრამ მომგებიანობის მსგავსი შეფასება საჯარო სექტორში არ ხდება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საზოგადოების კეთილდღეობის არაზუსტი ინდიკატორების საფუძველზე იღებენ.

როგორც ვხედავთ, კერძო ბაზარს და საჯარო სექტორს განსხვავებული ინსტიტუციური ჩარჩოები და სტიმულები მართავს. ამიტომ ვერ აღწევს გამოცხადებულ მიზნებს სახელმწიფოს ჩარევა ბაზარში. კერძო მოთამაშეების ნებაყოფლობითი შეთანხმება, სადაც ყველა მხარე სარგებლობს, ჩაანაცვლა იძულებითმა შეთანხმებამ, სადაც წესებს მესამე მხარე აწესებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მთავრობის ჩარევა ხარჯების ზრდას, ხარისხს გაუარესებას იწვევს და, ხშირად, აბსურდული შედეგები მოაქვს.

ახლა, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს გადავხედოთ.

ფასების კონტროლი: მინიმალური ხელფასი და მაქსიმალური ქირა

სახელმძღვანელოში შესატანი ორი მაგალითია: გაუთვალისწინებელი შედეგები, რომელიც მოჰყვა მთავრობის ძალისხმევას, დახმარებოდა ღარიბ ადამიანებს მინიმალური ხელფასისა და ბინის ქირის მაქსიმალური ზღვრის დაწესებით. მინიმალური ხელფასის კანონი „ფასების ფსკერის“ მაგალითია. თანამშრომლის დაქირავების ვალდებულებას არ წარმოშობს, ის, უბრალოდ, კრძალავს დაქირავებულისთვის რაღაც თანხაზე ნაკლების გადახდას. ახლანდელი ფედერალური კანონით 6,55 აშშ დოლარია განსაზღვრული (და უფრო მაღალია ზოგიერთ შტატში). გარდა ამისა, დამსაქმებლებმა უნდა გადაიხადონ სოცანარიცხები და ისინი წარმოადგენენ მოპასუხე მხარეს, თუკი დასაქმებული სარჩელს წარადგენს (ხელშეკრულების არასწორად შეწყვეტის, სახიფათო სამუშაო პირობების, კარიერული წახალისებისას დისკრიმინაციული მიდგომის გამო და სხვ.). სამთავრობო ღონისძიებათა ეს პაკეტი, რომელიც ღარიბების უფლებების დასაცავად შეიმუშავეს, აძვირებს ყოველი შემდეგი თანამშრომლის დაქირავებას. თუ კონკრეტულ ინდივიდს აკლია ცოდნა და უნარები და არ აქვს სამუშაო გამოცდილება, შეიძლება, საათში მხოლოდ $4,50 პროდუქციის შექმნა შეძლოს. გამოდის რომ, მინიმალური ხელფასის კანონით, მთავრობა მას დასაქმებაში უშლის ხელს. როგორც ფასის ყველა სახის შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის კანონი ამცირებს კონკურენციას. დამსაქმებლები, რომლებიც იყენებენ დაბალხელფასიან მუშაკებს, არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მინიმალური ხელფასის დაწესებული ზღვარი (რომელიც კანონის ყოველი ცვლილებისას იზრდება) ვნებს დამსაქმებლებს და, რაც მთავარია, არსებულ და პოტენციურ თანამშრომლებს. რა თქმა უნდა, მინიმალური ხელფასის კანონი ექიმებსა და იურისტებზე არ მოქმედებს, აქ საბაზრო ანაზღაურება ზღვრულ ნორმას ბევრად აღემატება, მაგრამ ვინც დადგენილ ნორმაზე ნაკლებს გამოიმუშავებს, მათზე ასეთი კანონი გავლენას ახდენს. მიაქციეთ ყურადღება – კანონი იმას კი არ ითხოვს, რომ ბიზნესებმა რეალურად დაიქირაონ არაკვალიფიციური მუშები, არამედ უკანონოდ აცხადებს მათთვის იმ ღირებულების გადახდას, რა მომსახურებასაც რეალურად სწევენ. საკითხავია, უმუშევრობის ხელშეწყობა როგორ ეხმარება სოციალურად დაუცველებს?

მსგავსია საბინაო ქირის შეზღუდვის კანონიც, რომელიც „ფასების ჭერს“ აწესებს და ზუსტად იმ ადამიანებს აზიანებს, ვისაც უნდა დაეხმაროს. ფასის შეზღუდვით ერთი თვალნათლივი ეფექტი მივიღეთ – ბინების მიწოდება შემცირდა. თუკი მთავრობა თავს უფლებას აძლევს, ერთი ხელის მოსმით შეამციროს ქირის საფასური, დეველოპერებს სურვილი უნელდებათ, შეისყიდონ უძრავი ქონება და ააშენონ ახალი. იჯარის ფასის შეზღუდვის კანონები არამხოლოდ ახალი საიჯარო ფართის შექმნას აბრკოლებს, არსებულის ბინებად გაქირავებასაც უშლის ხელს. მეპატრონეებმა, მაგალითად, შეიძლება ამჯობინონ, ფართის სასტუმროდ ან სასაწყობოდ გაქირავება. სწორედ ამიტომ ჭირს ბინის დაქირავება იმ ადგილებში, სადაც ქირა შეზღუდულია: საბაზრო ფასების ხელოვნური შეკავებით მთავრობამ მიაღწია, რომ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას. ასე მოხდა 1970-იან წლებში, როდესაც მთავრობამ საწვავის მაქსიმალური ფასი დააწესა – შედეგად გაჩნდა გრძელი რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან, იმიტომ რომ, რეგულირებულ ფასად, საწვავის მყიდველი მეტი იყო, ვიდრე – გამყიდველი.

იჯარის კონტროლს სხვა, უფრო ნაკლებშესამჩნევი, ეფექტიც აქვს – მფლობელები ფეხათრევით, უფრო ზანტად ეხმაურებიან მოიჯარეების საჭიროებებს. რატომ უნდა დაამატონ კედლებს საღებავის ახალი ფენა ან ღამის ორ საათზე იზრუნონ გაუმართავ ღუმელზე – როცა ფართის დაქირავების მსურველთა გრძელი რიგი დგას? ვინაიდან მთავრობა, ფაქტობრივად, კრძალავს ბინების გაქირავებას იმ პრეტენდენტზე, ვისაც მეტის გადახდის სურვილი აქვს, მეპატრონეები კლიენტს რომელიმე სხვა კრიტერიუმით არჩევენ – მაგალითად, ვისაც „კარგ ადამიანად“ იცნობენ, ან – ეთნიკური ან სოციალური ნიშნით. კვლავ გავიმეორებ – „ფასების ჭერის“ კანონები, პირველ ყოვლისა, აზარალებს ღარიბებსა და სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენლებს. მდიდრებს შეუძლიათ, ბროკერებს გადააბარონ ფართის მოძებნის საქმე და არ იღელვონ, რომ უსამართლო სტერეოტიპების მსხვერპლნი გახდებიან.

1950-იან და 1960-იან წლებში ეკონომიკური ცხოვრების მართვა-გამართვას მთავრობა მოთხოვნის ეკონომიკის მიერ გამოწერილი რეცეპტებით ცდილობდა. 1970-იანი წლების სტაგფლაციამ ორთოდოქსალური ქეინსიანიზმის დისკრედიტაცია მოახდინა და 1980-იანი წლების მიწოდების წარმატებულმა რევოლუციამ ალტერნატივაც გვაჩვენა, მაგრამ პოლიტიკის შემქმნელები კვლავ ძველ აზროვნებაში ჩაიძირნენ. ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებისას, შედარებით მცოდნე ექსპერტებიც კი მომხმარებელთა ნდობასა და ხარჯებზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე – წარმოების წახალისებაზე.

ამ მენტალიტეტის შესანიშნავი მაგალითია 2008 წლის დებატები ეგრეთ წოდებულ სტიმულირების კანონპროექტზე. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ რეცესიის თავიდან ასაცილებლად „ხარჯების“ ზრდა იყო საჭირო. ამას გარდა, დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც სწამდათ, რომ სამთავრობო პროგრამებს შეეძლოთ ამ ხარჯების წახალისება. ერთ-ერთი დაპირება, რომელიც დემოკრატებმა ხანდაზმული და ღარიბი მოქალაქეების დასაცავად გასცეს, იყო საგადასახადო ვაუჩერების[1] დაფინანსების გაზრდა. მაგრამ, თავაზიანობა რომ გვერდით გადავდო, 2008 წლის სტიმულირების კანონპროექტი იყო უბრალოდ სიბრიყვე. საიდან უნდა მოიტანოს მთავრობამ ამ 600 დოლარიანი ვაუჩერების ფული? საკუთარ ხარჯებს, რა თქმა უნდა, არ შეამცირებს (ეს ხომ, მათივე რწმენით, “ჯამურ მოთხოვნას” შეამცირებს და ხელს შეუშლის რეცესიის დამარცხებას). მოკლევადიან პერსპექტივაში, სტიმულირების პაკეტს გაზრდილი სახელმწიფო სესხით დააფინანსებენ, რასაც, საბოლოო ჯამში, ამერიკელი გადასახადის გადამხდელები აანაზღაურებენ. პლაზმური ტელევიზორების, iPhone-ების და სხვა საქონლის გაყიდვების ზრდას აფინანსებენ გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან. ფედერალურ მთავრობას არ შეუძლია, სასწაული მოახდინოს – კანონის მხოლოდ მიღება მთლიან შემოსავლებს ვერ გაზრდის. არც საგადასახადო ვაუჩერები მოაქვს სანტა კლაუსს საჩუქრად. როდესაც ერთი ადამიანის შემოსავალი ამ ვაუჩერის თანხით იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მეორე ადამიანის შემოსავალი (მომავალი საგადასახადო ვალდებულებების ჩათვლით) უნდა შემცირდეს.

მაგრამ ჯერ სადა ხართ, ახლა უარესი იწყება. 600 დოლარის ოდენობის ვაუჩერი გაიცემა ერთ სულზე (მიუხედავად სქესისა და ასაკისა) და ითვალისწინებს მრავალ კრიტერიუმს, სამუშაო ძალისხმევის გარდა. ყურადღება მიაქციეთ – თუ ძალიან ბევრი იშრომეთ და შესაბამისად, ბევრიც გამოიმუშავეთ, შეღავათი არ გეკუთვნით. ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათი ეწინააღმდეგება შრომას. ცხადია, ბენეფიციართა შორის იქნებიან დასაქმებულებიც, მაგრამ საგადასახადო წახალისებას ისინი მათი შრომისთვის არ იღებენ – შეღავათის მიმღებებს ეძლევათ ფული, რომ სხვა რამით დაკავდნენ, გარდა შრომისა.

ამ თავში აღარ განვიხილავ ლაფერის მრუდს და მარტივად ვიტყვი: რეცესია ხდება მაშინ, როდესაც წარმოება ზრდას წყვეტს. თუ მთავრობა ფინანსურად ახალისებს მათ, ვინც არ მუშაობს და დამატებითად ბეგრავს მათ, ვინც შრომობს, რა გავლენას მოახდენს ეს ჯამურ წარმოებაზე? როგორ წაახალისებს ეს ეკონომიკას?

მთავრობის ჩარევა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში

იმის გამო, რომ ნავთობი, როგორც საქონელი, ერთდროულად ჩანაცვლებადიც არის და არაცვეთადიც, რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის იზოლირება ნავთობის გლობალური ბაზრის ნაკადებისგან, თითქმის შეუძლებელია. ვერვინ მოთვლის, რა დრო დახარჯეს ყველა ჯურის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ძიებაში. ბედის ირონიით, პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები, რომელთაც სურთ ქვეყანა უცხოურ ნავთობზე „დამოკიდებულებისგან“ გამოიხსნან, იმის ტოლ ზიანს აყენებს აშშ-ს ეკონომიკას, რასაც უცხო ქვეყნის ვინმე დესპოტი თუ შეძლებდა. მეტსაც კი! ნავთობის წარმოების დაბეგვრა (à la ჯიმი ქართერი) ნავთობის შიდა მწარმოებლებს აზარალებს, შესაბამისად, ზრდის აშშ-ს უცხო ნავთობზე დამოკიდებულებას და ასუსტებს ემბარგოს მიმართ ჩვენს მდგრადობას. ნათელია, რომ უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გონივრულმა გეგმამ ამერიკული ნავთობის მოპოვება უნდა წაახალისოს და არა – პირიქით.

პოლიტიკოსები, ასევე, ცდებიან, როდესაც იმ უზარმაზარ სარგებელს ამცირებენ, რომელსაც აშშ იმპორტირებული ნავთობისგან იღებს. ექსპორტიორი ქვეყნები ნავთობს გაცილებით დაბალ ფასებში ყიდიან, ვიდრე ჩვენ გვიჯდება შიდა მოპოვება.

ასეთ დროს, ჩვენ მათი იაფი ნავთობით ვსარგებლობთ, იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, დასაქმება და წარმოება. მარტივი ფაქტი – ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები იმაზე მეტად გვამდიდრებენ, ვიდრე მათ გარეშე ვიქნებოდით. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხელშემწყობ ღონისძიებათა უმეტესობა, აშშ-ს ეკონომიკას დააზარალებს (თუკი ოდესმე ამოქმედდება) და რაც ამოქმედდა, უკვე უზარმაზარი ზიანი მოგვაყენა[2].

მაგალითად, 1959 წელს, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, პრეზიდენტმა დუაით ეიზენჰაუერმა იმპორტირებულ ნავთობზე მკაცრი კვოტები დააწესა. ეს შეზღუდვა წლების განმავლობაში მოქმედებდა და, თან დართული ბეგარისა და რეგულაციების შედეგად, ამერიკელ ნავთობმომხარებლებს მსოფლიო კონკურენტებთან შედარებით მაღალ ფასში უწევდათ ნედლი ნავთობის შესყიდვა, მაშინ, როდესაც საცალო და საბითუმო ფასი მიახლოებით ტოლი იყო[3].

როდესაც, 1981 წელს, რონალდ რეიგანმა ოვალური კაბინეტი დაიკავა, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ მოქმედებდა ნავთობინდუსტრიაში ხელფასებისა და ფასების ნიქსონი/ფორდის მიერ შემოღებული რეგულაცია, „ჭაბურღილზე“ (ანუ მოპოვების ადგილას) ფასების კონტროლის სახით. ეს დადგენილება ამერიკელებს, ფაქტობრივად, უკრძალავდა ნავთობის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის იგივე ფასის გადახდას, რასაც უცხოელ მწარმოებლებს გადაუხდიდნენ[4]. ნავთობკომპანიებზე დაწესდა ზემოგების გადასახადი და სხვადასხვა სახის შემზღუდავი ნორმა, რაც კი ბიუროკრატებს შეეძლოთ, მოეფიქრებინათ. გავიხსენოთ რეიგანის გამოსვლა 1980 წლის 17 ივლისის რესპუბლიკელთა ეროვნულ კონგრესზე. მისი სიტყვები დიდად საყურადღებოა:

დიდი რაოდენობით ნავთობი და ბუნებრივი აირი დამარხულია ჩვენს მიწაში და ზღვის ფსკერში, ხელუხლებელი, რადგან დღევანდელ ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, სჯერა, რომ ამერიკელ ხალხს ურჩევნია უფრო მეტი რეგულაცია, კონტროლი და გადასახადები, ვიდრე – მეტი ენერგია.

როგორც ხშირად ხდება, სახელმწიფოს ჩარევამ ნავთობის ბაზარზე განზრახვის საპირისპირო შედეგები მოიტანა. ნედლი ნავთობის ფასების კონტროლმა მოგვცა უფრო ძვირი ნავთობი, ვიდრე მის გარეშე გვექნებოდა. უნდა გვესმოდეს, კონტროლი უშუალოდ ზემოქმედებდა ამერიკელ ნავთობის მწარმოებლებზე. მარტივი ამბავია – თუ აშშ-ს მთავრობა გადაწყვეტს, რომ უცხოელმა მწარმოებლებმა ამერიკელთათვის ნავთობის მიყიდვით ნაკლები უნდა გამოიმუშაონ, ვიდრე მსოფლიო ფასია – უბრალოდ სხვაგან წაიღებენ მათ ნავთობს. ფასის კონტროლმა რასაც მიაღწია, მწარმოებლების მიერ ბარელ ნავთობზე მიღებული მოგების შემცირება იყო და, როგორც ეს ნებისმიერ ინდუსტრიაში ხდება, ფასების ხელოვნურმა შეზღუდვამ მიწოდება შეაფერხა. შესაბამისად, ამ რეგულაციის შედეგად, ნავთობის მთლიანი მოპოვება მსოფლიოში შემცირდა, ხოლო ნავთობის მსოფლიო ფასი კი – გაიზარდა.

1979 წელს ჩარლზ ქადლექთან ერთად დაწერილ The New York Times-ის სარედაქციო წერილში ვიწინასწარმეტყველე, რომ ნავთობზე ფასების კონტროლის გაუქმება ნავთობის ფასების შემცირებას გამოიწვევდა. ეს ანალიზი, ბევრს, საღი აზრის საწინააღმდეგო ეჩვენა და შეშლილადაც კი შემრაცხა (პირველი შემთხვევა არაა), მაგრამ ფაქტები ჩემ ნაცვლად საუბრობენ. 1981 წლის იანვარში პრეზიდენტ რეიგანის ერთ-ერთი პირველი ქმედება ნედლი ნავთობის ფასის ფედერალური კონტროლის ოფიციალური დასრულება იყო, რაც კრიტიკოსებმა ნავთობკომპანიებისთვის გაკეთებულ დიდ საჩუქრად მონათლეს. ისინი ფასების მკვეთრ ზრდას პროგნოზირებდნენ, მაგრამ 1980 წლის დეკემბერში (შეზღუდვის გაუქმებამდე ერთი თვით ადრე), იმპორტირებული ნედლი ნავთობის საშუალო ღირებულება 35,63 აშშ დოლარი იყო ბარელზე. 1983 წლის დეკემბერს 29,30 დოლარამდე შემცირდა, 1986 წლის დეკემბრისთვის კი – 14,17 დოლარამდე. როგორც ჩანს, დერეგულირებულმა ბაზრებმა (გადასახადების განაკვეთების დიდ შემცირებასთან ერთად) შეძლეს ის, რასაც ფასების კონტროლი ვერ ახერხებდა. სხვათა შორის, ნავთობის მწარმოებლების მიერ მიწოდების ზრდა კიდევ მეტი იქნებოდა, პრეზიდენტ ქართერის მიერ ნავთობინდუსტრიისთვის შემოღებული ზემოგების (გაუთვალისწინებელი მოგების) გადასახადი რომ არა, რომელიც რეიგანმა მაშინ ძალაში დატოვა და მხოლოდ მოგვიანებით, 1988 წელს გააუქმა.

ამ თემას ერთი სახალისო ამბით დავასრულებ – 1978 წლის საკანონმდებლო Natural Gas Policy Act-ით ფედერალურმა მთავრობამ ბუნებრივი აირის შიდა ფასების ჭერი დაადგინა. ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, ორი გამონაკლისი დაუშვეს – საბაზრო ფასი არ შეზღუდეს ახლად აღმოჩენილ მარაგებზე და იმ მარაგებზე, რომელთა მოპოვებაც რთული იყო (15000 ფუტზე მეტი სიღრმის ჭაბურღილიდან). ერთ დღეს Amoco-მ გაზი 15000 ფუტთან ახლოს აღმოაჩინა – ფასების კონტროლის გამონაკლისში მოსახვედრად საბადოს მცირე სიღრმე დააკლდა, ამიტომ კომპანიამ საბურღი დანადგარი ახლომდებარე გორაკზე გადაიტანა დასარეგისტრირებლად. ამ ტიპის არაპროდუქტიული ქმედებების წამახალისებელ „ენერგეტიკულ პოლიტიკას“, ძნელია, გონიერი უწოდო.

მთავრობის ჩარევა ტეხასში[5]

მთავრობის ქმედებებს, რომელიც ადამიანთა ცხოვრებას ართულებს, მხოლოდ შორეულ წარსულში არ ვხედავთ. 1999 წელს ტეხასის საკანონმდებლო ორგანომ დაადგინა, რომ 2000 წლის 1 იანვრიდან შტატში ელექტროენერგიის გამომუშავების 50% ბუნებრივი აირის გამოყენებით უნდა მოხდეს. ეს საპასუხისმგებლო და განხორციელებად მიზნად წარმოადგინეს, რადგან ბუნებრივი აირი ეკოლოგიურად უფრო სუფთაა (ნახშირბადის მცირე ემისიით), ვიდრე ქვანახშირი და, რეგულაციის მიღების დროს, შედარებით იაფიც იყო.

2006 წლისთვის, შტატის ელექტროგენერაციის 49%-ს ბუნებრივი აირი გვაძლევდა, მაგრამ იმ დროისთვის გაზის ფასი უკვე გაზრდილიყო, შესაბამისად, კომუნალური კომპანიებიც იძულებულნი გახდნენ, ელექტროენერგიის ფასი გაეძვირებინათ. მიუხედავად ამისა, მაღალ ფასებში დამნაშავედ საზოგადოებამ 2002 წლის კომუნალური მომსახურების დერეგულაცია მიიჩნია და არა 1999 წელს მიღებული რეგულაცია.

<…>

დასკვნა

ეკონომიკურ თეორიას და ისტორიას დაკვირვებით თუ შეისწავლით, დასკვნა ნათელია: ბაზარში სახელმწიფოს ჩარევა ფლანგავს რესურსებს, აზიანებს მომხმარებლებს და, ხშირად, იმის საპირისპირო შედეგს აღწევს, რაც განცხადებული ჰქონდათ.

დერეგულირებული ბაზარი დაბალი გადასახადებით ყველა მოქალაქის კეთილდღეობისა და კარგი ცხოვრების მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა.

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Economic Stimulus Act of 2008 გულისხმობდა დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის გადახდილი თანხების ანაზღაურებას (დაბრუნებას) $600-მდე ერთ სულზე, რაც მიმართული იყო ხარჯების სტიმულირებისკენ. კვლევამ ერთი წლის თავზე აჩვენა, რომ ბენეფიციარებმა ვაუჩერით დაბრუნებული თანხის მხოლოდ 1/3 დახარჯეს, რაც ნავარაუდევზე ნაკლები იყო. ამასთან, ამგვარი კვლევების მთავარი პრობლემა სხვაა – აფასებენ იმას, რაც ხილულია და ყურადღების მიღმა რჩებათ, რაც დაფარულია.

(2) რუსეთის ენერგოშანტაჟის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა განვმარტო, რომ ლაფერი არ გულისხმობს რომელიმე ერთ ექსპორტიორზე მიბმას. ის მარტივ რამეს ამბობს – სანამ ამერიკული ნავთობის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება – იმპორტი მომგებიანია და ის ამერიკის ეკონომიკაზე „მუშაობს“. ამასთან, ნავთობის მწარმოებლები ბევრია და ურთიერთჩანაცვლებადია, რაც დღევანდელი რუსეთი-ჩრდილოეთის ნაკადი-გერმანია სიტუაციისგან სრულიად განსხვავებულია.

(3)იმპორტირებული ნავთობი ადგილობრივის 12.2% მეტი არ უნდა ყოფილიყო. შეზღუდვამ, ცხადია, გამოიწვია შიდა ფასების ზრდა აშშ-ში, მსოფლიო ბაზრებთან შედარებით.
სხვათა შორის, ეს შეზღუდვა გახდა ერთ-ერთი ბიძგი OPEC-ის შექმნისკენ, თუმცა, ამ ბრალის სრულად ეიზენჰაუერზე გადაკისრება არ არის სამართლიანი. ადრე თუ გვიან, OPEC, სავარაუდოდ, მაინც შეიქმნებოდა. ეიზენჰაუერის რეგულაცია 1973 წელს რიჩარდ ნიქსონმა გააუქმა.

(4) ენერგეტიკის ფედერალურ ადმინისტრაციასა და კონგრესს რეგულაციებითა და შეზღუდვებით ნავთობის მაღალ ფასებთან ბრძოლის მდიდარი (და მეტწილად – უშედეგო) გამოცდილება აქვთ. ჭაბურღილზე ფასების კონტროლი გულისხმობს მაქსიმალური ფასის დადგენას, რომლის მიღებაც ნავთობმომპოვებელს შეუძლია. მაღალ ფასთან ბრძოლას ცდილობდნენ, როგორც აკრძალვებით, ასე ზემოგების დაბეგვრით და სხვა. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) ომი ბიუროკრატიის დადგენილება vs. სეის კანონი ყოველთვის მეორის გამარჯვებით მთავრდება.

(5)ამ ტიპის ტექსტებით დაინტერესებულთა (რომელთა შორის, ჩემდა სასიხარულოდ აღმოვაჩინე, რომ სტუდენტებიც ყოფილან) მაქსიმალური კომფორტისთვის და კითხვისას რომ არ “წაიბორძიკონ” ტეხასს დავწერ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თექსასია 🙂

___
ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეექვსე: ვის ეშინია “სავაჭრო დეფიციტის”
ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეათე: როდის „ჭედავს“ ბაზარი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: