10 გაკვეთილი ეკონომიკაში: ვის ეშინია “სავაჭრო დეფიციტის”

ართურ ლაფერი

ვაჭრობა. ცოდნის ხე ნაყოფით შეიცნობა
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მეექვსე

ThE6

შედარებითი უპირატესობა და სპეციალიზაცია

წარმოიდგინეთ სამყარო ვაჭრობის გარეშე, სადაც ყველა იძულებულია, თავად დათესოს და მოიწიოს მოსავალი, შეიკეროს ტანსაცმელი, აიშენოს სახლი და (როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ) თავად იმკურნალოს, თუ დაჭირდა, გულის ოპერაციაც თავად გაიკეთოს. მაგრამ, როგორც კი გაჩნდება ვაჭრობის შესაძლებლობა, ადამიანები შეძლებენ, დაოსტატდნენ სხვადასხვა ხელობაში. მიმოიხედეთ – ერთნი (ვისაც „სტომატოლოგები“ შევარქვით) არაფერს აკეთებენ იმის გარდა, რომ კბილებს ბურღავენ. სხვები (ჩვენ მათ „ფერმერებს“ ვეძახით) სხვას არას აკეთებენ საკვების მოყვანის გარდა. იმის გამო, რომ ადამიანებს განსხვავებული უნარები აქვთ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხე უფრო ხელსაყრელია განსხვავებული წარმოებისთვის, მთლიანი გამომუშავება განუზომლად მეტია, როდესაც ადამიანები სპეციალდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი საჭიროებისთვის აუცილებელი საქონლის დამზადებას თავად შეეცდებიან. შედეგად, ვაჭრობა ცხოვრების დონეს ყველასთვის აუმჯობესებს.

კლასიკური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო აღმოჩენა რიკარდოს ეგრეთ წოდებული შედარებითი უპირატესობის კანონია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე სრულად სჯობნის ყველა დანარჩენს ყველა პროფესიაში, ის მაინც ხეირობს სხვასთან (ვინც ყველა უნარით ჩამორჩება) ვაჭრობით. ადამიანი ფოკუსირდება იმ სფეროში, სადაც გამორჩეულად ძლიერია, სადაც შედარებითი უპირატესობა აქვს და მის მიერ შექმნილ ჭარბ საქონელს ნაკლებპროდუქტიულ ადამიანს უცვლის. სუპერგმირიც რომ იყოთ, ვაჭრობის არსებობის შემთხვევაში, უფრო მრავალფეროვან საქონელზე მიგიწვდებათ ხელი, ვიდრე მხოლოდ საკუთარი სუპერშესაძლებლობების იმედად თუ დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი მოსმენით, ეს აზრი პარადოქსულად ჩანს, სინამდვილეში სრული სიმართლეა. ადვოკატი უდავოდ იგებს მიმოწერის საწარმოებლად თანაშემწის დაქირავებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტექსტის აკრეფა თავად უფრო სწრაფად შეუძლია. პროფესიონალი სპორტსმენი, რა თქმა უნდა, იხეირებს სახლის წინ ბალახის გასაკრეჭად მოზარდს თუ დაიქირავებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ საქმის შესრულება უფრო სწრაფად შეუძლია. სამუშაოს სხვებისთვის გადამისამართებით, ადვოკატი და ათლეტი შეძლებენ, მეტი დრო დაუთმონ იურისპრუდენციასა და სპორტს – სფეროებს, სადაც მათი შედარებითი უპირატესობა განუზომლად დიდია (მდივანთან და მოზარდთან შედარებით).

ყველაფერი, რაც ცალკეულ ინდივიდებზე ვთქვით, შეესაბამება მთელ ქვეყნებს. სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა – ადამიანთა კრებული. ერთ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი მხოლოდ მაშინ მდიდრდება, თუ მათ სხვა ქვეყნების ხალხებთან ვაჭრობის შესაძლებლობა აქვთ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა მხოლოდ საკუთარ მუშაკებსა და რესურსებს დაეყრდნოს და აწარმოოს ყველაფერი, რაც მის მოქალაქეებს სჭირდებათ, ვაჭრობა გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ხალხი გარკვეულ სფეროებში დავოსტატდეთ და ჭარბი საქონელი გავუცვალოთ სხვა ერებს. საბოლოო შედეგი ბევრად მაღალი ჯამური პროდუქტიულობა და ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტია – ყველასთვის და მთელ მსოფლიოში. ეს წესი სამართლიანია მოწინავე ქვეყნებისთვისაც, როდესაც ისინი ეკონომიკურად უკან მდგომ ქვეყნებთან ვაჭრობენ, ზუსტად ისე, როგორც ნეიროქირურგი არაფერს კარგავს და მხოლოდ ხეირობს, როდესაც Taco Bell-ის თანამშრომელთან ვაჭრობს.

არ შეგეშინდეთ “სავაჭრო დეფიციტის”

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტები, პირდაპირი მნიშვნელობით, ასწლეულების განმავლობაში განმარტავდნენ ამ საკითხს, ხალხი ჯიუტად მიჰყვება მერკანტილისტების[1] ცრურწმენას, რომ იმპორტი ცუდია და ექსპორტი კარგი და ეს თეზისი მათ თავებში კვებავს ბუას სახელად “სავაჭრო დეფიციტი”. ასე უძახიან ვითარებას, როდესაც ქვეყანას უფრო მეტი საქონელი შეაქვს, ვიდრე – გააქვს. ახლა დავრწმუნდებით, რომ ეს მოსაზრება სრულიად ბუნდოვანია და პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს სავაჭრო „დისბალანსის“ შემცირებას, მხოლოდ ამერიკელების გაღარიბებას უწყობს ხელს. ბედის ირონიით, სწორედ მაშინ, როდესაც მთავრობა ახორციელებს გონივრულ, ზრდის ხელშემწყობ პოლიტიკას, სავაჭრო ბალანსი „უარესდება“. მოდით, ამ ყველაფერში უკეთ გარკვევა ვცადოთ.

კაპიტალის პროფიციტი, სავაჭრო დეფიციტი და ვაჭრობის პირობები[2] (რეალურ გაცვლით კურსად რომ მოიხსენიებენ ხშირად) მჭიდრო ბმაშია. კაპიტალის სიჭარბე არის სხვაობა ქვეყანაში დაბანდებულს (ინვესტირებულს) და დაზოგილს შორის; სავაჭრო დეფიციტი კი არის განსხვავება ქვეყანაში მოხმარებულსა და წარმოებულს შორის. რომ შევაჯამოთ: ქვეყნის კაპიტალის პროფიციტი იგივეა, რაც სავაჭრო დეფიციტი. ქვემოთ გიჩვენებთ, რომ ეს ბუღალტრული აღრიცხვის საკითხია, მკაფიო და მარტივი.

სავაჭრო ბალანსი (რასაც აქ რეალურად ვგულისხმობ, მიმდინარე ანგარიშის ბალანსია, რომელიც სავაჭრო ბალანსის გარდა მომსახურების ბალანსსაც მოიცავს[3]) წარმოადგენს სხვაობას არა მხოლოდ ექსპორტსა და იმპორტს შორის, არამედ – ქვეყანაში წარმოებულსა და ქვეყანაში მოხმარებულს შორის. შემოსავალს მინუს ხარჯები ქვეყნის დადებით სავაჭრო ბალანსს გვაძლევს. შემოსავალი მოიცავს მოხმარებას და დანაზოგს, ხოლო ხარჯი არის მოხმარებას დამატებული ინვესტიცია. ამრიგად, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობა დანაზოგსა და ინვესტიციას შორის სხვაობაა, რაც, თავის მხრივ, კაპიტალის წმინდა გადინებას წარმოადგენს. კაპიტალის სიჭარბე კი იგივეა, რაც სავაჭრო დეფიციტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერია მოსაწყენი საქმეა, მას კარგი უნარი აქვს, საგნების საყურადღებო მხარე გამოკვეთოს ხოლმე. როდესაც სავაჭრო დეფიციტი იზრდება, ასე გაიგონებთ “უარესდებაო”, თუ მცირდება, “გაუმჯობესებას” ამბობენ. ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ სავაჭრო დეფიციტის მქონე ქვეყანა მოიხმარს ზედმეტს, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ, ეგებ, ამ სიტყვებით არც თქვან, მაგრამ სავაჭრო დეფიციტს უდავოდ სდევს უდარდელი გაუმაძღრობის ოხშივარი.

მიწოდების ეკონომიკის მოწინააღმდეგეები, 1980-იან წლებში გადასახადების შემცირების უარყოფითი შედეგების დასტურად, სავაჭრო დეფიციტს მოიტანენ ხოლმე – ტრადიციონალისტი ეკონომისტების აზრით, ხანგრძლივი სავაჭრო დეფიციტი რისკის ქვეშ მყოფი ეკონომიკის უტყუარი ნიშანია. მაგრამ ეს მოსაზრება ისტორიულ ფაქტებს არის აცდენილი. 1982 წელს დაწერილ ჩემს ნაშრომს ერთ ნაწყვეტს დავესესხები:

სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად მიმართულ ძალისხმევას საფუძვლად უდევს რწმენა, რომ სავაჭრო პროფიციტი ჯანსაღi ეკონომიკის ნიშანია, მზარდი შემოსავლითა და დასაქმებით, მაგრამ ამ რწმენას შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება ეწინააღმდეგება.

1790-1875 წლებს შორის აშშ-ს სავაჭრო ანგარიში დეფიციტური იყო 74 წლის განმავლობაში, თუმცა აშშ-ს წარმოება ამ დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, აშშ-ს სავაჭრო ანგარიშის გაუმჯობესებას, როგორც წესი, შედარებით სუსტი და არა უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები სდევდა თან. გარდა ამისა, საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდის წლები სავაჭრო ანგარიშის გაუარესებას ემთხვევა (და არა – გაუმჯობესებას).

მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ სავაჭრო დეფიციტი ან სავაჭრო ბალანსის გაუარესება უფრო ხშირად სასურველია, ვიდრე – პირუკუ. გამოკვლეული 11 ქვეყნიდან ექვსში (მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და იაპონია) სავაჭრო ბალანსის გაუარესება ასოცირდება ჯანსაღ, მზარდ შიდა ეკონომიკასთან, რომელიც ითხოვს რესურსებს დანარჩენი მსოფლიოსგან. სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების პარალელურად შედარებითი ეკონომიკური ზრდა 11 ქვეყნიდან მხოლოდ სამში შეიმჩნევა. განგაში და შეშფოთება წმინდა იმპორტის ზრდის გამო, როგორც წესი, უსაფუძვლოა. თუ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის გამოსწორების მცდელობები წარმატებულია, ისინი, უფრო ხშირად, ხელს უშლიან და არ ახალისებენ შიდა ეკონომიკურ ზრდას.
Arthur B. Laffer and James C. Turney, “Trade Policy and the U.S. Economy”, Laffer Associates, 24 მარტი, 1982 წ.

კეთილდღეობასა და სავაჭრო დეფიციტს შორის მსგავსი კორელაცია 1982 წლის შემდეგაც არ შეცვლილა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, აშშ-ს ძლიერი ეკონომიკური ზრდა ფეხდაფეხ მიჰყვება შეერთებული შტატების სავაჭრო ანგარიშების გაუარესებას.

Figure 1 - U.S. Trade Deficit and Surplus as a Percentage of GDP

Figure 2 - U.S. Trade Deficit and Surplus as a Percentage of GDP vs. Real Trade-Weighted Exchange Value of the Dollar

სავაჭრო დეფიციტი საშიშად ჟღერს, მაგიერ კაპიტალის ჭარბი რაოდენობა ჟღერს კარგად! არადა, სავაჭრო დეფიციტი არის კაპიტალის სიჭარბე. კარგად დააკვირდით! ინვესტორების რიგი თქვენს საზღვრებთან, რომლებიც ცდილობენ, თქვენს ქვეყანაში ფული დააბანდონ, ბევრად სჯობს ინვესტორებს, რომლებსაც თქვენი ქვეყნიდან სხვაგან გააქვთ თანხა. კაპიტალის შემოდინებას ჯანსაღი ეკონომიკა განაპირობებს. რაც მეტი ინვესტორი იქნება, ვინც თქვენს ქვეყანაში დააბანდებს ფულს, მით უფრო მოიმატებს კაპიტალის ჭარბი ოდენობა (ანუ სავაჭრო დეფიციტი). ყველამ ვიცით, რომ მზარდი კომპანიები სესხულობენ ფულს – მზარდი ქვეყნებიც ზუსტად ასე იქცევიან. სადაც ეკონომიკა იზრდება – ინვესტორებსაც იმ ქვეყნებისკენ მიუწევთ გული.

ვაჭრობის პირობების შეცვლა: კარგი პოლიტიკა სავაჭრო დეფიციტის „გაუარესებას“ იწვევს

როდესაც ქვეყანა ამცირებს გადასახადებს, ახდენს ეკონომიკის დერეგულირებას, ამცირებს სავაჭრო ბარიერებს ან მიჰყვება ჯანსაღ მონეტარული პოლიტიკას, მყისიერი ეფექტი ქვეყანაში მდებარე აქტივებზე შემოსავლების ზრდაა. ეს ქვეყანა ერთადერთი ქვეყანა რომ ყოფილიყო მსოფლიოში, აქტივებზე გაზრდილი შემოსავლები ამ აქტივებზე მოთხოვნის ზრდას და აქტივების ფასების ზრდას გამოიწვევდა. მოკლევადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი სურათი გვექნებოდა – აქტივების გაძვირება და შემოსავლების მატება. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა საპირისპირო პოლიტიკას გაატარებს – გაზრდის გადასახადებს, დააწესებს რეგულაციებს, აღმართავს სავაჭრო ბარიერებს ან საკუთარ ფულად სისტემას დააზიანებს, აქტივებზე შემოსავლები დაუყოვნებლივ შემცირდება.

მარტივია იმის ჩვენება, თუ რა მოხდება, როდესაც ორი ან მეტი ქვეყანა არსებობს. დავუშვათ, გვაქვს ქვეყანა A (სადაც გადასახადები არ მცირდება) და ქვეყანა B (სადაც გადასახადები მცირდება). ინვესტორები და წარმოებები შეეცდებიან A-დან B-ში გადაინაცვლონ. აქტივების ღირებულება დაეცემა A-ში და გაიზრდება B-ში. იგივე სურათი გვაქვს დედამიწაზე, ოღონდ – ბევრი ქვეყნის მონაწილეობით.

წარმოვიდგინოთ, რომ უამრავ ქვეყანას შორის არის მხოლოდ ერთი, ვინც საგადასახადო განაკვეთები შეამცირა. აქტივები, რომლებიც უფრო შემოსავლიანი გახდა, მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, არამედ – უცხოელებს შორის. უცხოელებმა, რომლებსაც სურთ, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე აქტივების ფლობა, უნდა გამოიყენონ ორი გზა: დაარწმუნონ ამ აქტივების ამჟამინდელი მფლობელები, გაყიდონ საკუთრება, ან ის ქონება, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში ფლობენ, დაბალი გადასახადების ქვეყანაში გადაიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკიდურესად გამარტივებული მაგალითია, კარგად აჩვენებს, როგორ ხდება სინამდვილეში. ადამიანებს გადააქვთ აქტივები ერთი ქვეყნიდან მეორეში, იმისთვის, რომ უფრო ხელსაყრელი საგადასახადო განაკვეთებით ისარგებლონ.

სანამ ადამიანები შეძლებენ თავიანთი შემოსავლის თავისუფლად დაზოგვას ან დაბანდებას, საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ რას ფლობს, მარტივი არ არის. მაგალითად, ერთი ეკონომიკის ფარგლებში ყველა გამყიდველს სჭირდება მყიდველი და ყველა მყიდველს სჭირდება გამყიდველი. ახლა ჩნდება კითხვა: რას აძლევს მყიდველი გამყიდველს, ისეთს, რომ შემოსავლის მომტანი საკუთრების გასხვისება აიძულოს? ერთი ეკონომიკის ფარგლებში, როდესაც რაიმე ქონების ფასის ზრდაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ აქტივის მსყიდველობითი უნარის ზრდაზე, რასაც ფულის ფასს ვუწოდებთ. ამ შემთხვევაში სიტყვა ფული საქონელზე განცხადებული მოთხოვნის აღმნიშვნელია.

როგორც კი სურათს მრავალ ქვეყანაზე გავშლით, საკითხი ცოტა გართულდება. ავიღოთ გაცვლის პროცესი, რომელიც აქტივების მფლობელებს შორის მიმდინარეობს – ზოგი დაბალი გადასახადების ქვეყნებიდანაა, სხვები – მაღალი გადასახადის ქვეყნებიდან. საგადასახადო განაკვეთების შემცირების შემდეგ, აქტივებზე შემოსავალი გაიზრდება, შესაბამისად, ქონების მფლობელები დაბალი გადასახადის ქვეყნიდან მათი საკუთრების ფასად მოითხოვენ გაზრდილი რაოდენობით აქტივს მაღალი საგადასახადო განაკვეთის ქვეყნიდან. თავის მხრივ, აქტივების მფლობელები მაღალი საგადასახადო განაკვეთების ქვეყნიდან იქნებიან მზად, მეტი გადაიხადონ მაღალშემოსავლიან აქტივებში. ეს, არსებითად, შემცირებული გადასახადის ქვეყანაში ვაჭრობის პირობების ზრდაა, რაც რეალური გაცვლითი კურსის ზრდაში აისახება. ყველა ამ მონაცემს ვხედავთ.

ქვეყნებს შორის საზღვარზე ქონების გადატანის ხარჯები განსაზღვრავს, რამდენად გაიზრდება აქტივების ფასი შემცირებული გადასახადის ქვეყანაში, რამდენად გაიზრდება დაბეგვრის შემდეგ შემოსავალი და როგორი იქნება აქტივების მიგრაცია. ასე მივადექით გლობალურ სამყაროს. აქტივების მიგრაცია დაბალი გადასახადის ქვეყანაში არის სავაჭრო დეფიციტი/კაპიტალის პროფიციტი. ცხადია, ტრანზაქციის საპირისპირო მხარეს, მაღალი გადასახადის ქვეყნებში მივიღებთ სავაჭრო პროფიციტს/კაპიტალის დეფიციტს. რაც უფრო დაბალია აქტივების საზღვრებს შორის მოძრაობის ღირებულება, მით უფრო დიდი იქნება სავაჭრო დეფიციტი/კაპიტალის პროფიციტი და აქტივების ფასების მით უფრო მცირე ზრდა იქნება საჭირო. აქედან გამომდინარე, თუნდაც ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში, გადასახადის შემცირება გამოიწვევს:

1) შიდა აქტივების ფასების ზრდას საზღვარგარეთის ანალოგიურ აქტივებთან შედარებით და
2) აქტივების შემოდინებას საზღვარგარეთიდან.

აქტივების შემოდინება საზღვარგარეთიდან არის სავაჭრო დეფიციტი/კაპიტალის პროფიციტი, ხოლო აქტივების ფასის შედარებითი ზრდა არის ვაჭრობის პირობების ზრდა. ეს უმარტივესია.

ავიღოთ სავაჭრო დეფიციტის ორი სცენარი – ერთი, სადაც სავაჭრო დეფიციტი უფრო მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების შედეგია და მეორე, სადაც სავაჭრო დეფიციტი არის გადაჭარბებული შიდა ხარჯების შედეგი. ვაჭრობის პირობებს თუ ჩავხედავთ, იოლი იქნება იმის განსაზღვრა, სავაჭრო დეფიციტი ფლანგვის (ჭარბი მოხმარების) შედეგია, თუ – ჯანსაღი ეკონომიკის (კაპიტალზე ჭარბი მოგების). შეგახსენებთ, ვაჭრობის პირობები არის ორი ქვეყნის საქონლის ფარდობითი ფასი და ამ ორ ქვეყანას შორის რეალურ (ინფლაციის გათვალისწინებით) გაცვლით კურსზე აისახება. ვაჭრობის პირობები არის ფასი, ხოლო სავაჭრო დეფიციტი არის რაოდენობა.

მიწოდებისა და მოთხოვნის ჩვეულ ანალიზში, თუ რაოდენობის ზრდა მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული – ფასი უნდა გაიზარდოს. თუ რაოდენობის ზრდა გამოწვეულია მიწოდების ზრდით – ფასი უნდა დაეცეს. ანალოგიურად, თუ სავაჭრო დეფიციტი ჭარბი მოხმარების შედეგად წარმოიქმნება, მაშინ ქვეყნის ვაჭრობის პირობები უნდა შემცირდეს. თუ, მეორეს მხრივ, სავაჭრო დეფიციტი დიდი საინვესტიციო შესაძლებლობების შედეგია, ვაჭრობის პირობები უნდა გაიზარდოს. კაპიტალით გამოწვეული სავაჭრო დეფიციტისა და მოხმარებით გამოწვეული სავაჭრო დეფიციტის განსხვავება სრულიად აშკარაა. [(ლექციის დასასრულს, ლაფერი განიხილავს აშშ-ს სავაჭრო პოლიტიკას კონკრეტული მაგალითებით, რაც აღარ მითარგმნია – LV)]

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ევროპელ ეკონომისტთა სკოლა XV—XVIII საუკუნეში (მოგვიანებით, მათი სწავლება ნეომერკანტილისტებმა აიტაცეს). მხარს უჭერდნენ პროტექციონიზმს, მაღალ საბაჟო ბეგარას, ადმინისტრაციულ ბარიერებს და ეროვნული მრეწველობის სუბსიდირებას. იყვნენ ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური როლის მხარდამჭერნი. მერკანტილისტებს დაუპირისპირდნენ ფრანგი ფიზიოკრატები, რომელთაც კლასიკური ლიბერალური ეკონომიკური სკოლის ჩამოყალიბებას დაუდეს სათავე. ფიზიოკრატი ვენსან დე გურნე არის ავტორი ფორმულის Laissez-faire (“ხელს ნუ გვიშლი“, „საშუალება მოგვეცი, ვაკეთოთ“).
მერკანტილისტები დამარხა და მიწა მიაყარა ბასტიამ გენიალურად მახვილგონივრული „პეტიციით“, მაგრამ…

(2)Terms of Trade არის სხვაობა საექსპორტო და საიმპორტო ფასების ინდექსს შორის. კოეფიციენტი დადებითია, როდესაც ექსპორტი აღემატება იმპორტს და – პირუკუ. სავაჭრო დეფიციტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და შიში, ხშირად, იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანებმა არ იციან – სავაჭრო დეფიციტი დაზოგვის დაბალი და უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლით არის გამოწვეული – მზარდი, თავისუფალი და სტაბილური ეკონომიკის ქვეყანა ყოველთვის მიმზიდველია უცხოური ინვესტორებისთვის.

(3)Current Account Balance საგადამხდელო ბალანსის (Balance of Payments) ნაწილია და ორ ქვეყანას შორის განხორციელებულ ყველა ანგარიშსწორებას მოიცავს (საქონელი, მომსახურება, კაპიტალი…) მაშინ, როდესაც სავაჭრო ბალანსი მხოლოდ საქონლის ბალანსს წარმოადგენს. ეს უმნიშვნელოვანესი განსხვავებაა, რომელიც ყურადღების მიღმა რჩებათ და ეს „გაუგებრობა“ კვებავს საფრთხობელას სახელად “სავაჭრო დეფიციტი”.

___

კომენტარის ნაცვლად დავურთავ ვრცელ ამონარიდს ფოლ ჰეინეს წიგნიდან „აზროვნების ეკონომიკური წესი“ (ან „ეკონომიკური აზროვნება“, როგორც „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ქართულ თარგმანში ჰქვია. გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი ჩემი ლექტორი, თემურ კუპრავა ბრძანდება. ნაწყვეტი მოტანილია ამ გამოცემიდან).

თუ აშშ-ის ოჯახებიც, ფირმებიც და მთავრობაც დროის გარკვეულ პერიოდში საქონლისა და მომსახურების იმპორტს ახდენენ, აღნიშნული საქონლისა და მომსახურების ღირებულება კი აღემატება იმ საქონლისა და მომსახურების ღირებულებას, რომელიც ექსპორტირებული იყო ამ ხნის მანძილზე, (და თუ განსხვავება არ იქმნება ცალმხრივი ტრანსფერის საშუალებით), მაშინ ამერიკელები ამ სხვაობით უცხოელებისგან არიან დავალებულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელებმა უცხოელებისათვის მოახდინეს საფინანსო აქტივების ექსპორტი, ანუ უცხოელებმა გაზარდეს თავიანთი ინვესტიციები აშშ-ში ზუსტად იმ რაოდენობით, რაც საჭირო იყო არსებული სხვაობის გასაბათილებლად.

ვთქვათ, ვხვდებით ადამიანს, რომელიც შეწუხებულია აშშ-ის სავაჭრო ბალანსის მდგომარეობით. ვეკითხებით, კერძოდ რა აწუხებს. თუ ის კარგადაა ინფორმირებული, ალბათ იტყვის, რომ 1976 წლიდან აშშ ყოველწლიურად საქონლის იმპორტს უფრო ეწეოდა, ვიდრე ექსპორტს. სავარაუდოა, რომ გაჩნდება შეკითხვა – რატომ უგულებელყოფს ის მომსახურებისა და საფინანსო აქტივების ექსპორტს? საქონელიც, მომსახურებაცა და საფინანსო აქტივებიც მეტად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მათ იღებს, რადგან მათ ისინი სჭირდებათ. მათ სანაცვლოდ ადამიანები გასცემენ ღირებულების მქონე სხვა საქონელს. მაშ რაღაა შეშფოთების მიზეზი?

უცხოელები დიდი მონდომებით ეწეოდნენ დაბანდებას ამერიკელების საფინანსო აქტივების საშუალებით, რადგან სხვა ინვესტიციებს აშშ-ში დაბანდებას ამჯობინებდნენ. მათ იზიდავთ ჩვენი პერსპექტივები და, ამდენად, იზიდავთ ჩვენი საფინანსო აქტივებიც, ისინი მოხარულები არიან იმით, რომ ჩვენი კრედიტორები არიან, რადგან თვლიან, რომ ეს მომგებიანი იქნება მათთვის.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იმ სესხების დიდი ნაწილი, რომელიც უცხოელებმა აშშ-ს მისცეს, სარგებლის გარეშეა გაცემული. ფედერალური სარეზერვო ბანკის ბანკნოტი ისეთ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც მისი მფლობელისათვის სარგებლის გადახდას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ბევრი უცხოელი მაინც აღნიშნული ბანკნოტების ფლობას და გარიგების პროცესში მათ გამოყენებას ამჯობინებს. ამას კი განაპირობებს მისი რწმენა, რომ აშშ-ის ვალუტის ღირებულება მომავალში არ დაეცემა. იმისათვის, რომ ჩვენი ვალუტა იყიდონ, სამაგიეროდ უნდა შემოგვთავაზონ ღირებულების მქონე აქტივები, იქნება ეს საქონელი, მომსახურება თუ შემოსავლიანი ფინანსური აქტივები. თუ უარს ვიტყვით იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში იმპორტმა გადააჭარბოს ექსპორტს, უცხოელები ვეღარ შეძლებენ სასურველი დოლარების მიღებას და, აქედან გამომდინარე, ვეღარ შეძლებენ ჩვენს უზრუნველყოფას უპროცენტო სესხებით. ამერიკელების მხრიდან ნამდვილი სისულელე იქნებოდა ნერვიულობა უცხოელების ხელგაშლილობის გამო. ასევე, სისულელე იქნებოდა ისიც, თუ ხელს შეუშლიდნენ მათ იმპორტის შეზღუდვის გზით.

აშშ-ში დაბანდების სურვილი, რომელიც უცხოელებს გაუჩნდათ 1980-იან და 1990-იან წლებში ფაქტობრივად, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. როცა ფედერალური მთავრობა 1998 წლამდე დიდ საბიუჯეტო დეფიციტს განიცდიდა, აუცილებელი იყო გამოჩენილიყო ვიღაც, ვისაც დიდი საკრედიტო ფონდი ექნებოდა. სწორედ უცხოელებმა გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც არ ისურვეს ამერიკულმა ოჯახებმა და ფირმებმა: მათ საკმაოდ ბევრი ფული გაიღეს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. მათი დახმარების გარეშე სარგებლის განაკვეთი გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა და ამერიკული კაპიტალის მასა ბევრად უფრო ნელა გაიზრდებოდა.

პოლ ჰეინე. „იაზროვნე ეკონომიკურად“. თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2011

___

ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეხუთე: როგორ იქმნება და უფასურდება ფული
ართურ ლაფერი – გაკვეთილი მერვე: მთავრობის ხელი „უხილავი ხელის“ წინააღმდეგ

___
ასევე:
ფრედერიკ ბასტია – კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: