პაციფიზმი და ომი

ჯორჯ ორუელი

პაციფიზმი, თუკი ობიექტური თვალით შევხედავთ, ფაშიზმის მხარდამჭერია. ეს მარტივი ჭეშმარიტება საღ აზრზე დგას. ერთი მხარის საომარ ძალისხმევას თუკი შევბოჭავთ, ამით მეორეს გავუხსნით ხელ-ფეხს. თქვენ ვერ მონახავთ გზას, გვერდზე გადგეთ, როდესაც იმგვარი ომია გაჩაღებული, როგორიც – ახლა. „ვინც ჩემთან არ არის – ჩემი მტერია“ – ასეთი ომია. თავის ნუ მოიტყუებთ – ეს ომი გვერდს არ აგივლით. არ გეგონოთ, რომ მშვიდად გადაგივათ ყელში ის ლუკმა, რომლის თქვენამდე მოტანისთვისაც ბრიტანელმა მეზღვაურებმა სიცოცხლე უნდა გასწირონ. ბურჟუების ქაღალდის ხუხულაა, რომელიც ფულსა და უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებაზეა აგებული. ბატონი სავეჯი[1] აღნიშნავს, რომ „ამ ტიპის მსჯელობას თუ გავყვებით, გერმანელი ან იაპონელი პაციფისტი „ობიექტურად პრო-ბრიტანელი გამოდის“. ასეც არის! სწორედ ამიტომ არის იმ ქვეყნებში პაციფიზმი აკრძალული (და ორივეგან, შეიძლება, პაციფიზმისთვის თავიც მოგკვეთონ), მაგიერ – გერმანელებიცა და იაპონელებიც ყველაფერს აკეთებენ, ბრიტანეთსა და ამერიკაში პაციფიზმის აღსაზევებლად. პაციფიზმმა კარგად რომ მოიკიდოს ჩვენში ფეხი, გერმანელებმა ვითომ “თავისუფალი” რადიოსადგურიც აამუშავეს, რომელიც პაციფისტური პროპაგანდის გავრცელების სამსახურში დგას და P.P.U-ს[2] მოსაზრებებისგან ვერაფრით გამოარჩევთ. რუსეთშიც დიდი სიამოვნებით იქადაგებდნენ, მაგრამ იქაურ მაგარ ბიჭებთან ეს ოინი იოლად არ გაუვათ – პაციფისტური პროპაგანდა ხომ მხოლოდ იქ გაჭრის, თუ მოახერხა, სადაც ჯერ კიდევ ნებადართულია სიტყვის მცირედი თავისუფლება მაინც. სხვაგვარად რომ ვთქვათ – პროპაგანდა აძლიერებს ტოტალიტარიზმს.

მე არ ვსაუბრობ პაციფიზმზე, როგორც “მორალურ ფენომენზე”. თუკი ბატონებს სავეჯსა და სხვებს აქვთ წარმოდგენა, როგორ უნდა “ვძლიოთ” გერმანულ არმიას მათ წინაშე ზურგზე წამოგორებით, დაე, განაგრძონ ოცნება, მაგრამ ხანდახან მაინც დაფიქრდნენ – ყალბი უსაფრთხოებისა და მოჭარბებული ფუფუნების ილუზიის ტყვეობაში ხომ არ არიან და მოვლენების განვითარებას ხომ არ უგულებელყოფენ. როგორც ყოფილი საჯარო მოხელე ინდოეთიდან, ხმამაღალ სიცილს ვერ ვიკავებ, განდის არაძალადობრივი გზის წარმატებას რომ შემახსენებენ ხოლმე. ჯერ კიდევ ოცი წლის წინ, ინგლისურ-ინდურ წრეებში კარგად უწყოდნენ, როგორ გამოადგა განდი ბრიტანეთის მთავრობას. იაპონელებიც გამოიყენებენ, თუ, რასაკვირველია, ინდოეთამდე ჩააღწიეს. დესპოტურ მთავრობებს არ გაუჭირდებათ, „მორალურ ძალას“ გაუძლონ, ქარავანი კი ისევ თავისი გზით ივლის. რისიც დესპოტებს ეშინიათ – ფიზიკური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ პაციფიზმის „თეორია“ დიდად არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს პაციფისტების ფსიქიკის ფერისცვალება, როდესაც სავარაუდო ძალადობით შეძრწუნებულნი იწყებენ და ნაციზმის გამარჯვებებითა და ძალით მოხიბლულნი ამთავრებენ. ის პაციფისტებიც კი, ვინც, ერთი შეხედვით, არა ჩანან ასე მონუსხულნი, მაინც გვიმტკიცებენ, რომ ნაცისტების გამარჯვება მისდა თავად სასურველია. წერილში, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, ბატონი ქომფორთი[3] წერს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხატვარმა უნდა „გააპროტესტოს ბოროტება, რომელსაც ხედავს“, მაგრამ იქვე მიიჩნევს, რომ ამის გაკეთების საუკეთესო გზა „სტატუს კვოს დროებითი მიღებაა“ (როგორც, ალბათ, იქცევიან დეა ან ბერჟერი[4]). რამდენიმე კვირის წინ ეს ბატონი ევროპული ხელოვნების გამოცოცხლების იმედად ნაცისტების გამარჯვებას წარმოგვიდგენდა:

როგორც ვხედავ, ლიტერატურულ პროცესში ვერაფერი შემოიტანს იმ ძალის გამაჯანსაღებელ ეფექტს, როგორც სრული სამხედრო მარცხი. მას შეუძლია ხელახლა აღადგინოს კავშირი ლიტერატურასა და ქუჩაში დატოვებულ რიგით ადამიანს შორის. რაც უფრო დიდია უბედურება, მით უფრო დიდია წარმოსახვითი ტალღის აზვირთება და პოეზიის უეცარი კათარსისი. ეს იქნება ომის გადააზრების გზა, ცალკეული ადამიანის იზოლირებული უბედურებიდან, კაცობრიობის საერთო ტრაგედიამდე. როდესაც ჩვენ ხელახლა მოგვეცემა წვდომა ომის წლების ლიტერატურაზე საფრანგეთში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამგვარ სურათს აღმოვაჩენთ.
(ჟურნალ „ჰორიზონტში“ გამოქვეყნებული წერილიდან).

არაფერს ვიტყვი იმ გაზულუქებულ უმეცრებაზე, რომელსაც შესწევს ძალა, მაგალითად პოლონეთში, მჩქეფარე ლიტერატურული ცხოვრება დაინახოს. მხოლოდ აღვნიშნავ – მსგავსი განცხადებები ზურგს მიმაგრებს, როდესაც ვამბობ, ჩვენი ინგლისელი პაციფისტები ფაშიზმის აქტიური მხარდაჭერის გზას ადგანან. მაგრამ ამას ვერ დავუშლი – მე ინტელექტუალთა სილაჩრეს ვეწინააღმდეგები, რომლებიც ობიექტურად და, გარკვეული თვალსაზრისით, ემოციურადაც პროფაშისტები არიან, მაგრამ თქმას ვერ ბედავენ და თავს აფარებენ ასეთ ფორმულას: “მეც თქვენსავით ანტიფაშისტი ვარ, მაგრამ…“. ამიტომ არის მათი ე.წ. სამშვიდობო პროპაგანდა ისეთივე უნამუსო და ინტელექტუალურად ამაზრზენი, როგორც ომის ღია პროპაგანდაა. ომის პროპაგანდისტების მსგავსად, ისინიც რაღაც „ამბებზე“ მოგვითხრობენ, მოწინააღმდეგის თვალსაზრისს გვერდს უვლიან და უხერხულ კითხვების არიდებენ თავს. ჩვეულებრივ, ასეთ ხაზს მიჰყვებიან: „ვინც ფაშიზმთან ომობს, თავადაც ფაშისტივით იქცევა“. იმისათვის, რომ ამ კონცეფციის სრულიად აშკარა წინააღმდეგობები დამალონ, ეს პროპაგანდისტულ ხრიკები აქვთ მომარჯვებული:

1. მაქსიმალურად აზვიადებენ იმ ფაშისტურ პროცესებს, რაც ბრიტანეთში ომის შედეგად გაჩნდა;

2. რეალური ვითარება ფაშისტურ ქვეყნებში (განსაკუთრებით მათი ომამდელი ისტორია) უგულებელყოფილია, როგორც „პროპაგანდა“ ან ნაკლები მნიშვნელობის მქონე. ყოველმხრივ გაურბიან იმის განხილვას, როგორი იქნება სამყარო, თუ „ღერძის“ ქვეყნები იმძლავრებენ;

3. ფაშიზმთან მებრძოლთ კაპიტალისტური „დემოკრატიის“ დამცველებად წარმოაჩენენ. ამ დროს, კრინტს არ ძრავენ იმაზე, რომ, ფაშიზმისკენ მიდრეკილნი, თავად საკმაო ქონების პატრონნი გახლავან, მაშინ, როდესაც მუშათა კლასი თითქმის ყოველთვის ანტიფაშისტია;

4. ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ომი მხოლოდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს. რუსეთისა და ჩინეთის ხსენება არაა. არც მათ ბედზე ამბობენ რამეს, იმ შემთხვევაში, თუ ფაშიზმი გაიმარჯვებს (თქვენს მიერ გადმოგზავნილ სამ წერილში ერთი სიტყვაც ვერ ამოვიკითხე რუსეთსა და ჩინეთზე).

©George Orwell – Pacifism and the War. Partisan Review, August-September, 1942
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

მთარგმნელის კომენტარი:
1942 წელს ამერიკულმა ჟურნალმა Partisan Review ჯორჯ ორუელს პაციფისტურ ნარატივსა და ბრიტანელი პაციფისტების მოსაზრებებზე გამოხმაურება სთხოვა.

ამავე წერილში ორუელმა უპასუხა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ინდოეთში ბრიტანულ კოლონიურ ადმინისტრაციაში სამსახურზე, ესპანეთის სამოქალაქო ომში მონაწილეობაზე, ორუელის „სტატუსსა“ და ლიტერატურულ გემოვნებაზე… ესენი აღარ მითარგმნია. ზემოთ ლინკი დედანზე გადაგიყვანთ და შეგიძლიათ წერილს სრულად გაეცნოთ.

___

(1)დერიქ სავეჯი – ინგლისელი პოეტი, პაციფისტი.

(2)პაციფისტური ორგანიზაცია „მშვიდობის შეფიცულთა კავშირი“ (Peace Pledge Union – P.P.U.).

(3)ალექს ქომფორთი – ინგლისელი ექიმი, ფსიქოლოგი.

(4)მარსელ დეა – ფრანგი კოლაბორაციონისტი. ვიშის მთავრობის შრომისა და ეროვნული სოლიდარობის მინისტრი. გასტონ ბერჟერი – ფრანგი კოლაბორაციონისტი. ვიშის მთავრობის ელჩი თურქეთში.

___

ასევე:
ბორის სტრუგაცკი – ფაშიზმი ძალიან მარტივია

ჯონათან ლითელი – პუტინთან მორიგებას არ აქვს აზრი, ის უნდა დავამარცხოთ

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: