10 გაკვეთილი ეკონომიკაში: მთავრობა და კეთილდღეობა

ართურ ლაფერი

მთავრობა და კეთილდღეობა. თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტები
იაზროვნე ეკონომიკურად – გაკვეთილი მესამე

ThE3

ინსტიტუტების მნიშვნელობა

ქვეყნების განსხვავებულ ეკონომიკურ განვითარებას ბევრი ხსნის ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: ბუნებრივი რესურსები, კლიმატი, განათლება, კულტურა, კოლონიალიზმი ან უბრალოდ – ბრმა იღბალი. ეს თითოეული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური წარმატების ასახსნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტიტუტები. მაგალითად, სსრკ ბუნებრივი რესურსებით განუზომლად მდიდარი იყო, ვიდრე – ჰონგ კონგი, მაგრამ საბჭოთა ხალხი პურის რიგებში იდგა, როდესაც ჰონგ კონგი წამყვან ეკონომიკურ ძალას წარმოადგენდა. შეგვიძლია, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა შევადაროთ ერთმანეთს – ნათელი მაგალითი მართული მაკროეკონომიკური ექსპერიმენტის შესასწავლად.

უდავოა – ინსტიტუტები მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ქვეყნებში, სადაც კერძო საკუთრების უფლებები დაცულია და კანონის უზენაესობაა, ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალი შემოსავალი და უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეს ემპირიული დაკვირვებაა, რომლის უარყოფა შეუძლებელია. ამ გაკვეთილში ჩვენ განვმარტავთ, რომ ამგვარი კორელაცია არ არის შემთხვევითი: კონკრეტული მიზეზები გვაქვს, რის გამოც თავისუფალი კერძო ბაზრები მუშაობს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ – რეალურ ცხოვრებაშიც.

კერძო საკუთრების სისტემებში ეკონომიკური საქონელი კერძო პირების მფლობელობაშია. საკუთრების უფლება მფლობელს ნებას აძლევს, თავად მოიხმაროს ან სხვას გადასცეს ქონება ნებისმიერი სახით. განკარგოს, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს და ნებართვის მიღების გარეშე, ცხადია, თუ ამ დროს სხვისი საკუთრების უფლებას არ არღვევს. ერთის მხრივ, ეს იოლად გასაგები კონცეფციაა, მაგრამ, მეორეს მხრივ, შემოფარგლულია კაცობრიობის ისტორიული განვითარების უახლესი ეპოქით და დასავლეთ ევროპის ქვეყნებით – სხვა რეგიონებში კერძო პირები ერთპიროვნულად ბატონობდნენ სხვა პირებზე. ირონიაა, მაგრამ ეს სისტემა რესურსებზე მეტ ყურადღებას უზრუნველყოფდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, ყველაფერი „საზოგადოების“ სათემო მფლობელობაში რომ ყოფილიყო.

მაგალითად, თითოეულმა ფერმერმა ან მწყემსმა იცის, რომ საძოვრები უნდა „დაასვენო“, იმისთვის, რომ ბალახმა შევსება მოასწროს და პირუტყვმა მთლიანად არ მოსპოს, მაგრამ საუკუნეების წინ, როდესაც ინგლისსა ან ამერიკის დასავლეთში ველები „საერთო“ იყო, ამაზე არვინ ზრუნავდა – თუ რომელიმე მწყემსი შეეცდებოდა, მის საქონელს ჭარბად არ მოეძოვა ბალახი, ამ საძოვარს სხვისი საქონელი გაანადგურებდა. იგივე სურათს ვხედავთ დღეს “საჯარო” წყალსაცავებში, სადაც შეუზღუდავი თევზაობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თითოეულმა ცალკე აღებულმა მეთევზემ იცის, რომ ბუნებრივი გამრავლებისთვის თევზის დატოვება გონივრული საქციელია, მაგრამ, რაკი კოლეგების შეზღუდვა არ შეუძლია, ყველა ერთად უფრო მეტ თევზს იჭერს, ვიდრე შეიძლება.

ეკონომისტები ამ სიტუაციას „სათემო საკუთრების ტრაგედიას“ უწოდებენ. საძოვრების გადარჩენის გზა იყო შემოღობვა, როდესაც მიწა ნაკვეთებად დაყვეს და მესერი შემოავლეს. სათემო მიწა კერძო საკუთრებად გადაიქცა, კერძო მესაკუთრე კი გაცილებით უკეთ უფრთხილდებოდა რესურსს, ვიდრე – კოლექტიური მესაკუთრეები. დღევანდელ დღეს, სწორედ კერძო საკუთრებაში არსებული და კერძო მფლობელის მიერ მართული მეთევზეობა ინარჩუნებს თევზის მრავალფეროვან და მზარდ პოპულაციას.

ამ პრინციპს ბევრ სფეროში ვხედავთ – გადაშენების პირას მყოფი სახეობები ყოველთვის „საზოგადოებრივი“ საკუთრებაა, რადგან მთავრობა (ვითომ) იცავს. თავისუფალ ბაზარზე მათი ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის ქვეშაა, ეს სახეობები კვლავ გადაშენების პირას რჩება. მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ღორის, ქათმის და საქონლის ხორცს, ჩვენ არ გვჭირდება სამთავრობო კანონები, რომლებიც ღორებს, ქათმებს ან პირუტყვს გადაშენებისგან დაიცავს. კერძო საკუთრება და მფლობელების რაციონალური ინტერესი უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის გვქონდეს ამ ცხოველების დიდი მარაგი[1].

განკერძოება, როგორც სათემო საკუთრების ტრაგედიის გადაჭრის გზა, ჩვენს დროს დიდწილად უგულებელყოფილია. პრობლემებს ისე განიხილავენ ხოლმე, თითქოს გარედან მოტანილი იყოს, ხშირად, ბაზრის წარუმატებლობის საბუთად მოაქვთ და მოსაგვარებლად მთავრობის ჩართვას ითხოვენ. გარემოს დაბინძურება და მეთევზეობა ორი, ყველაზე ხშირად დასახელებული, გარე ფაქტორია ხოლმე.

სარგებელი, რაც კერძო საკუთრებას მოაქვს კარგად აქვს შესწავლილი ერნანდო დე სოტოს წიგნში „კაპიტალის საიდუმლო“ [Hernando de Soto – The Mystery of Capital: Why Capitalism Triumphs in the West and Fails Everywhere Else. Basic Books, NY, 2000]. ის გვიჩვენებს, რომ მეწარმეობა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეიძლება განვითარდეს, სადაც მთავრობა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ახალი ბიზნესის შექმნისას, საკუთრების კერძო ფორმას არ უშლიან ხელს. შემაფერხებელი ბევრი რამ შეიძლება იყოს – მაგალითად, თუ ვინმე რესტორნის გახსნაზე ფიქრობს, მას დააბრკოლებს მაღალი გადასახადები, ათასი ნებართვის მოთხოვნა, კორუმპირებული შემმოწმებლები, ქრთამს რომ სძალავენ და სხვა, რამაც შეიძლება ქონება არასასურველი რისკის ქვეშ მოაქციოს. იგივე ეხება უცხოელ ინვესტორსაც. ვინ დახარჯავს მილიონებს ახალი ქარხნის ასაშენებლად შორეულ ქვეყანაში, თუკი ექნება შიში, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ნებისმიერ დროს შეიძლება „ნაციონალიზაცია“ განახორციელოს?

საბაზრო ფასების ფუნქცია

საბაზრო ფასების მუდმივი ცვალებადობა კერძო საკუთრების სისტემის ერთ-ერთი ნაყოფია. როდესაც კერძო პირებს მათი ქონების საკუთრების უფლების თავისუფლად გასხვისება შეუძლიათ, გაცვლის პროცესში წარმოიშობა ფასი – ფასი სხვა არაფერია, თუ არა თანაფარდობა, რომლითაც ხდება საქონლისა და მომსახურების ერთმანეთში გაცვლა. ბარტერის შემთხვევაში, გაცვლა უშუალოა – ჯონსი თუ 10 ვაშლს სმითს ხუთ ფორთოხალში გაუცვლის, ფორთოხლის ფასი ორი ვაშლი ყოფილა. შემდეგ გაჩნდა კონკრეტული საქონელი, ერთნაირად მისაღები პრაქტიკულად ყველა მხარისა და ნებისმიერი ბირჟისთვის – ეს საქონელი ფულია და თითოეული ნივთის ფასს ამ საქონელთან თანაფარდობაში უთითებენ; მაგრამ პრინციპი უცვლელია: ჯონსი 10 დოლარს ხუთ სენდვიჩში ცვლის – ე.ი. სენდვიჩის ფასი 2 დოლარია.

როდესაც ადამიანებს ნამდვილად აქვთ კერძო საკუთრების განკარგვის უფლება, მათ თავიანთი ქონების ორმხრივად მისაღები ფასით გადაცემის უფლებაც აქვთ. ეკონომიკა გვასწავლის, რომ თავისუფლად მცურავი ფასები – ე.ი. ჭეშმარიტი საბაზრო ფასები – მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, ამიტომ აუცილებელია, პოლიტიკოსებმა და მორალისტებმა საბაზრო ფასს საქმის კეთების საშუალება მისცენ. მარტივად გეტყვით: საბაზრო ფასები კომპანიებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა წამოწყების მოსალოდნელი მოგება და ზარალი დათვალონ და საკუთარი საქმიანობა წამგებიანი სფეროდან მომგებიანში გადაიტანონ.

ესაა ზუსტად, რაც საზოგადოებას მეწარმეებისგან უნდა სურდეს – მოგება არის ჯილდო იმის კეთებისთვის, რაც ხალხს ნამდვილად სურს. წაგება კი პირიქით – არის სასჯელი იმის კეთებისთვის, რაც ხალხს არ სურს. მომხმარებლები უხვად აჯილდოებენ ისეთ მეწარმეებს, როგორიცაა ბილ გეითსი, მაგრამ იმავე მომხმარებლებმა ბევრი სხვა მეწარმე გაკოტრების გზას გაუყენეს. ბიზნესი, ასეთ დროს, თავს არიდებს საქმიანობას, რაც წამგებიანია და მომგებიან სფეროში გადასვლას ცდილობს. ამას უწოდა ადამ სმითმა „უხილავი ხელი“ – როდესაც თავისუფალი ბაზრის სისტემა ბიზნესმენების კერძო დაინტერესებას იყენებს და უჩვენებს გზას იქითკენ, რომ ყველას ინტერესებს მოემსახურონ.

მოგება შემოსავლებსა და ხარჯებს შორის განსხვავებაა. ვინაიდან ბიზნესი ცდილობს, მაქსიმალურად გაზარდოს მოგება, ის აწარმოებს საქონელს, რომელიც ხალხს მოსწონს. აკეთებს ამას, რაც შეიძლება მეტი რაოდენობით და რაც შეიძლება ნაკლები რესურსების გამოყენებით, ხარჯები რომ დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნოს. შედეგად საზოგადოებაც მოგებულია!

შეგვიძლია ვთქვათ: მომგებიანი ფირმები იღებენ გარკვეული ღირებულების რესურსს და გარდაქმნიან მზა საქონლად ან მომსახურებად, რომელიც უფრო მეტად ფასობს. ფირმის მოგება ამ „დამატებული ღირებულების“ ტოლია. მეორეს მხრივ, თუ ფირმა რესურსებს იმ სფეროებისკენ მიმართავს, რომელიც მომხმარებლებს არ მოსწონთ, ის ფულს დაკარგავს. ერთი მეწარმე იმიტომ განიცდის წაგებას და ვერ ფარავს ხარჯებს, რომ სხვა მეწარმეები იმავე რესურსს იმ საქონლის შესაქმნელად იყენებენ, რომელიც მომხმარებელს მოსწონს. მომგებიან და წამგებიან ფირმებს ის განასხვავებს, რომ პირველს ჰყავს კლიენტები, ვინც მზად არიან, გადაიხადონ საკმარისი, იმისთვის, რომ კომპანიის მმართველებმა საჭირო რესურსების მოსაზიდად შემოსავალი გამოიმუშაონ, მეორე ფირმას კი ასეთი კლიენტები საკმარისი რაოდენობით არ ჰყავს. საწარმოები რესურსების მოსაზიდად კონკურირებენ. ამრიგად, მოგებისა და ზარალის სისტემა საზოგადოების მწირი რესურსების მომხმარებელთა სურვილების საუკეთესოდ დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. ხარჯების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია – შესაძლოა, ყველას სურდეს მოოქრული მანქანის მართვა, მაგრამ, რამდენადაც საზოგადოებისთვის უფრო სასურველი მიზნები არსებობს, როგორ შეიძლება ოქროს გამოყენება – ავტოინდუსტრიისთვის მოოქრული მანქანების წარმოება ძალიან ძვირი ანუ წამგებიანი იქნება.

საბაზრო ფასები მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რაც ახალ გარემოებებთან შეგუების მეყსეულ საშუალებას იძლევა. თუ FDA[2] თავის ანგარიშში იტყვის, რომ ვაშლი კურნავს კიბოს, ადამიანების უმეტესობა მნიშვნელოვნად მეტ ვაშლს იყიდის. მოთხოვნის ზრდა მკვეთრად გაზრდის ვაშლის ფასს, ყოველ შემთხვევაში, ასე იქნება მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ უფრო მაღალი ფასი ფერმერებს უბიძგებს, ვაშლის მეტი ხე დარგონ და უკეთ გაუფრთხილდნენ მოწეულ მოსავალს, იმისთვის რომ მეტი ვაშლი მიაწოდონ ბაზარს. როდესაც (ყოველწლიურად წარმოებული ვაშლის გაზრდილი მოცულობის პირობებში) მიწოდებული ვაშლის რაოდენობა გაზრდილ მოთხოვნას გაუთანაბრდება, ფასი ხელახლა დაეცემა. თავისუფალი ბაზარი იმ შედეგს მოგვცემს, რაც საზოგადოების კეთილდღეობაზე მზრუნავ ცენტრალური დაგეგმარების სისტემას ენდომებოდა, მომხდარიყო – კერძოდ, როდესაც ადამიანები ვაშლის ახალ სამკურნალო თვისებებს აღმოაჩენენ, ამ ხილის ხეხილს მეტი მიწა დაეთმობა, ვიდრე – იქამდე.

საბაზრო ფასებს უნარი აქვს, გაუმკლავდეს მიწოდების მხარეს გაჩენილ შეფერხებასაც. დავუშვათ, ძლიერმა ყინვებმა გაანადგურა ვაშლის მოსავალი. მიწოდების შემცირება ვაშლის ფასის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რასაც შესყიდვის შემცირება მოჰყვება – ზოგმა მყიდველმა, ვინც აპირებდა ვაშლის ღვეზელების გამოცხობას, შესაძლოა, ალუბლის ან მოცვის გამოყენება გადაწყვიტოს. ამავე დროს, მაღალი ფასები ცივი ამინდით დაზიანებულ რაიონში მიიზიდავს ვაშლის მიმწოდებლებს სხვა რეგიონებიდან. ეს ზუსტად ის პასუხია, რომელსაც „რაციონალური დამგეგმავი სტრუქტურა“ შეიმუშავებდა, მაგრამ ყველაფერი ხდება სპონტანურად, თავისუფალ ბაზარზე, რომელიმე კომიტეტის ან ექსპერტთა ჯგუფის ზედამხედველობის გარეშე.

კიდევ ერთი, ბოლო მაგალითი (ამჯერად, უფრო სრულყოფილი, ვიდრე ვაშლის ამბები იყო) თავისუფალი საბაზრო ფასის სოციალური ფუნქციის საჩვენებლად. თანამედროვე განვითარებულ ეკონომიკაში არსებობს არა მხოლოდ სპოტ, არამედ ფიუჩერსული და ფორვარდ ფასებიც. ეს ეგრეთ წოდებული დერივატივებია[3] და საშუალებას აძლევს ეკონომიკის სუბიექტებს, თავიანთი გეგმები კიდევ მეტი სიზუსტით მოარგონ ახალ ინფორმაციას. მაგალითად, თუ ექსპერტები ელიან, რომ ნავთობზე მოთხოვნა ერთ წელიწადში მკვეთრად გაიზრდება, ნავთობკომპანიების „აშკარა“ რეაქცია ნავთობის გაყიდვის შეზღუდვა უნდა იყოს და, გარკვეულწილად, ასეც მოხდებოდა, მხოლოდ სპოტ გარიგებები რომ გვქონდეს. მაგრამ საქმეს ბუნდოვანების ერთგვარი ფაქტორი ემატება. ნავთობკომპანიამ, შესაძლოა, ამჯობინოს, ბარელი ნავთობი 60 დოლარად გაყიდოს დღეს, ვიდრე მომავალი წლის სავარაუდო 70 დოლარს დაელოდოს – რაკი პროგნოზი, შეიძლება, არც გამართლდეს და, საბოლოოდ, 55 დოლარის ფასი შერჩეს ხელთ. ფიუჩერსული ბაზრების არსებობა, ნავთობის დიდ მომხმარებლებს (ვთქვათ – ავიაკომპანიებს) საშუალებას აძლევს, შეიძინონ, ნავთობკომპანიებს კი საშუალებას აძლევს, გაყიდონ სამომავლო კონტრაქტები, რითაც ორმხრივად მისაღებ ფასს წინასწარ „ჩაკეტავენ“. ამგვარად, დერივატივები საშუალებას აძლევს ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, უკეთ დაგეგმონ თანამშრომლობის მრავალი წელი, არ გაფლანგონ და ყაირათიანად გამოიყენონ საზოგადოების შეზღუდული რესურსები.

თავისუფალ მეწარმეობას თავისუფალი ბაზარი სჭირდება

პრაქტიკულად ყველა თანხმდება, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ნებისმიერ სფეროში მუშაობა, რომელსაც აირჩევენ, არავინ ფიქრობს, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება ადამიანი დამლაგებლად ან მიწის მთხრელად განაწესოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პროფესიის მქონე ადამიანები „არა გვყოფნის“. ამერიკელებისთვის ორჯერ ორია, რომ ადამიანს საკუთარი ბედის განსაზღვრის ნება აქვს.

საყურადღებოა, რომ პროფესიის არჩევის თავისუფლება არა მხოლოდ „სწორი საქმეა“, არამედ – ეფექტურიც! ადამიანმა უნდა იცოდეს – საკმარის დროს თუ მოახმარს, უკეთეს სათაგურს გამოიგონებს[4]. თავისუფალ საზოგადოებაში ყველას აქვს უფლება, მიზანს მიჰყვეს, რამდენი ხანიც სურს (ცხადია, სანამ სამართლიან ფასს იხდის საჭირო მასალებსა და სამუშაო ფართში). ყველაზე წარმატებულმა ადვოკატმა შეიძლება ერთ დღეს გადაწყვიტოს, უარი თქვას სტრესულ სამუშაოზე და დარჩენილი დღეები სამოყვარულო ლიგის ბეისბოლის გუნდის მწვრთნელად გალიოს. ეკონომიკა ამას „დანაკარგად“ არ განიხილავს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადამიანის სურვილი – და ვერვინ გადაწყვეტს თავად დასაქმებულის ნაცვლად.

თავისუფალი მეწარმეობის უპირატესობა ყველა რესურსს ეხება, არა მხოლოდ – შრომას. ვინც თვლის, რომ კაპიტალიზმი უნდა შეიზღუდოს, იმ ხალხის ძირითადი მოტივაცია არის აღქმა – კაპიტალიზმი ვერ ახერხებს რესურსების სწორად განაწილებას. მაგრამ არ ესმით, საზოგადოების რესურსების გამოყენების მათებურ სქემას ხალხი არ ეთანხმება. რესურსების განაწილება არ არის უბრალოდ დაგეგმვის საგანი, ან „კეთილშობილი განსჯის“, „ექსპერტების“ შეკრებისა და ობიექტურად სწორი, ხუთწლიანი გეგმის ამოქმედების საკითხი. საუკეთესო განზრახვის მქონე ადამიანებს შორისაც კი შეიძლება, გულწრფელი უთანხმოება წარმოიშვას პროექტის კვლევისა და განვითარების ეტაპზე, მაგალითად, იმის განსაზღვრისას, ავტობუსის მარშრუტს ამჯობინებენ მგზავრები თუ მეტროს ხაზს.

თავისუფალ ბაზარზე ნებისმიერს შეუძლია, თავისუფლად დაიწყოს ბიზნესი და გარისკოს საკუთარი (ან ნასესხები) სახსრებით, მისი მსაჯული კი მომხმარებელი იქნება. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო მექანიზმს მთელს ეკონომიკაში გაფანტული ცოდნისა და გამოცდილების შეკრებისა და გამოყენებისთვის. ამის საპირისპიროდ, სრულად ფრთაგაშლილი სოციალიზმის პირობებში, ყველა ახალმა იდეამ ადმინისტრაციული ჯაჭვი უნდა გაიაროს და მისი ავტორი კი – დაჯდეს და ელოდოს, თუ დაუმტკიცებენ. ბიუროკრატია რომ გვერდით გადავდოთ, ამგვარი სისტემის ნაკლოვანება ისიცაა, რომ დამგეგმავთა არცერთ ჯგუფს (რაც უნდა „სწავლული კაცნი“ იყვნენ), არ შეუძლია, სრულად მოუყაროს თავი ინფორმაციას, მთელი საზოგადოება რომ ფლობს. შესაბამისად, სოციალისტური ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტის გადაწყვეტილებები ყოველთვის უფრო თვითნებური და არაკომპეტენტური იქნება, მაშინაც კი, თუ ამ კომიტეტში მცოდნეთა შორის ყველაზე საუკეთესოებს მოვუყრით თავს (რაც, ისტორია გვასწავლის, ნაკლებზე ნაკლებ სავარაუდოა)[5].

როდესაც კანონი მეფობს და არა – მეფენი

ერთი და იგივე კანონები უნდა მოქმედებდეს ყველასთვის – ეს დასავლური საზოგადოების ქვაკუთხედია. მოქალაქეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, როგორი არის თამაშის წესები და არ უნდა დარჩნენ მეფისა თუ ხონთქრის ხუშტურების ბედად. მუდმივი საფრთხის ქვეშ. ამერიკელების უმეტესობა ამ წესს, მარტივად, კანონის უზენაესობას უწოდებს.

თუმცა, კანონის უზენაესობა (კერძო საკუთრების ინსტიტუტის მსგავსად) მნიშვნელოვან და სასარგებლო ფუნქციას ასრულებს – ამცირებს გაურკვევლობას და საშუალებას აძლევს ბიზნესს და მომხმარებლებს, განახორციელონ ინვესტიციები მომავალში. აქტიური ვულკანის მახლობლად არც ბევრი უძრავი ქონებაა და არც – ქარხანა. მიზეზი აშკარაა: ხალხი არ ააშენებს, როდესაც დიდია შანსი, მათი ძალისხმევის ნაყოფი ერთ დღესაც განადგურდეს. ამის მსგავსად, ინდუსტრიული რევოლუცია ევროპაში მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც „თავისუფლების დიდმა ქარტიამ“[6] და სხვა პოლიტიკურმა მოვლენებმა კერძო სექტორისთვის დაცული სივრცე უზრუნველყვეს. დოვლათის დაგროვებას აზრი არ აქვს, თუ პოლიტიკურ მმართველებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ, წაგართვან.

აქედან გამომდინარე, კომერციული ხელშეკრულებები მხოლოდ მაშინ შეიძლება სრულყოფილად მოქმედებდეს, თუ სამართლებრივი სისტემა პროგნოზირებადი და მიუკერძოებელია. ზემოთ უკვე მოტანილ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ავიაკომპანია American Airlines-ს საწვავის ფორვარდული გარიგების დიდი ხალისი ვერ ექნებოდა, თუ იეჭვებდა, რომ, ნავთობზე ფასების გაზრდის შემთხვევაში, Exxon შეთანხმების შესრულებაზე იტყოდა უარს და, დავის განხილვისას, მოსამართლესაც მოისყიდდა. ყურადღება მიაქციეთ, ასეთი ფავორიტიზმი (გრძელვადიან პერსპექტივაში) Exxon-საც დააზარალებს, იმიტომ რომ, როგორც კი სხვა ბიზნესები დაინახავენ, Exxon-ის მიმართ მთავრობის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ამ კომპანიასთან ხანგრძლივვადიან კონტრაქტებს აღარ გააფორმებენ. როგორც ვხედავთ, ბაზრის მრავალი სარგებელი, რაც წინა თავებში აღვწერეთ, არაკეთილსინდისიერმა სასამართლო სისტემამ, შეიძლება, გადახაზოს. მეორეს მხრივ, არც Exxon ჩადებს იმდენ ინვესტიციას ნავთობის ახალ საბადოში, თუ შიში ექნება, რომ “ზემოგების” გადასახადს დაუწესებენ და დაზარალდება. კანონის უზენაესობა კრიტიკულად არის დამოკიდებული ინდივიდების მიერ აღიარებასა და პატივისცემაზე. ინვესტიციები ნაკლები ხალისით მიედინება იმ ადგილებისკენ, სადაც ხალხი რეგულარულად ჯანყდება, სპობს სხვის ქონებას და იპარავს, ეს ვულკანის მახლობლად ან დესპოტის მმართველობის ქვეშ საქმიანობის ტოლია.

ემპირიული მტკიცებულება – ეკონომიკური თავისუფლების ინდიკატორები

ეკონომიკური თავისუფლება და კეთილდღეობა ხელიხელჩაბმულნი მიდიან – ეს საამურად მოსასმენი თეორიაა, მაგრამ იბადება კითხვა: ასეა თუ არა სინამდვილეში? ჩვენი პასუხი არის მტკიცე “დიახ”! Heritage Foundation და The Wall Street Journal, ეკონომისტების მიერ ჩატარებული ნიშანდობლივი აკადემიური კვლევის საფუძველზე, აქვეყნებენ „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ყოველწლიურ რეიტინგს. ინდექსი ითვალისწინებს 10 ისეთ ფაქტორს, როგორიცაა: სავაჭრო ბარიერები, საგადასახადო განაკვეთები, მონეტარული სტაბილურობა, მუშახელის დაქირავებისა და გათავისუფლების შესაძლებლობა და ა.შ.

უმდიდრესი ქვეყნები თავისუფლების სკალის ზედა ნაწილშია, ის ქვეყნები კი, რომლებიც თავისუფლების შკალის ბოლოში არიან, ამავდროულად, არიან ყველაზე ღატაკებიც. საყურადღებოა, რომ რეიტინგი სიმდიდრის ან კეთილდღეობის სხვა მაჩვენებლებს არ ითვალისწინებს – ის მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს სასურველი შედეგები ქვეყნების მიერ არჩეულ ეკონომიკურ პოლიტიკას მოაქვს.

IEF 2022 TOP 10IEF 2022 LAST 10

ყოველთვის მუშაობს თავისუფალი ბაზრები? გულწრფელი პასუხი

ამ გაკვეთილის ბოლო საკითხად განვიხილავთ მოსაზრებას, რომ კაპიტალიზმი, იმისთვის რომ წარმატებული იყოს, გარკვეული ტიპის კულტურას ითხოვს. კერძოდ, ზოგიერთი კრიტიკოსი ასე გვეტყვის: თავისუფალი ბაზარი მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, პატიოსნება მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ნორმაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინ დადებს თავს, რეალურად მოიტანს თუ არა საბაზრო ეკონომიკა წინა თავებში აღწერილ ყველა სარგებელს?

ამაზე ორი პასუხია.

პირველი – რა თქმა უნდა, სოციალური სისტემა, თავისუფალი იქნება თუ – არათავისუფალი უკეთ მუშაობს, როცა საზოგადოება მეტწილად პატიოსანი, კეთილი, შრომისმოყვარე და ა.შ. წევრებისგან შედგება. დიახ, კაპიტალისტური საზოგადოება პატიოსან ადამიანებთან ერთად უფრო პროდუქტიულია, ვიდრე – ქურდებთან, მაგრამ ეს წესი ფეოდალურ თუ კომუნისტურ საზოგადოებასაც ერგება.

მაგრამ არის მეორე, უფრო საფუძვლიანი პასუხი. საზოგადოებაში არსებული ნდობა, კეთილგანწყობა, პატიოსნება და ა.შ. ღმერთის მიერ არსაიდან გადმოგდებული მადლი არაა, უცაბედი, როგორც – წვიმა. პირიქით, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, ერთი მხრივ, თავად ახდენენ ზეგავლენას ადამიანთა თვისებებზე, მეორეს მხრივ, თავადაც განიცდიან ამ თვისებათა გავლენას. სწორედ, „კომერციული“, თავისუფალი ბაზრის საზოგადოება უბიძგებს მის წევრებს, დაიცვან ნაკისრი ვალდებულებები, არ მოატყუონ მომხმარებლები და სხვ. ეს იმიტომ ხდება, რომ თავისუფალ ბაზარზე ყოველი გარიგება ნებაყოფლობითია და ყველას, დაბალი კვალიფიკაციის დაქირავებული მუშა იქნება თუ მილიარდერი მეწარმე, აქვს სტიმული, იყოს პატიოსანი. ამ გზით მოახერხებს, მიიზიდოს მყიდველები და შეინარჩუნოს კარგი რეპუტაცია, იმისთვის, რომ მომავალშიც გააფორმონ მასთან ნებაყოფლობითი გარიგებები.

საპირისპიროდ, ადამიანის რეპუტაცია გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია პოლიტიზებულ ბაზარზე, რაკი, ასეთ სისტემაში, ხელისუფლებაში მყოფი ხალხის კეთილგანწყობას მეტი ფასი აქვს. მაგალითისთვის, დააკვირდით მკაფიო სხვაობას:

როდესაც დონ იმუსმა უმცირესობათა და ქალთა მიმართ შეურაცხმყოფელი ენა გამოიყენა, მის საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის სამსახურიდან დაითხოვეს[7]. მეორეს მხრივ, საბჭოთა კავშირში ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა სხვადასხვა სახის ჩაგვრა, მხოლოდ უმნიშვნელო შიდა გამოხმაურების ფონზე.

1970-იან წლებში ვიქტორ ბელენკო საბრძოლო MIG-ით საბჭოთა კავშირიდან იაპონიაში გაიქცა და, შემდეგ, შეერთებულ შტატებში გადავიდა[8].

როდესაც მას პირველად აჩვენეს თანამედროვე სუპერმარკეტი, ბელენკომ იფიქრა, რომ საგანგებო შოუ დაუდგეს და მოითხოვა, წაეყვანათ იქ, სადაც ჩვეულებრივი ხალხი ვაჭრობს. როდესაც დაარწმუნეს, რომ რეალურ მაღაზიაში იმყოფებოდა და მსგავსი მაღაზიებია მთელს ქვეყანაში, გაოცდა, რადგან მყიდველები არ დარბოდნენ თავქუდმოგლეჯილნი და არ იტაცებდნენ საქონელს, სანამ ჯერ კიდევ დახლებზე იდო. ის გაკვირვებული იყო, თუმცა გუმანით მიხვდა, რომ ეს ადგილი სწორად მუშაობდა.

დასკვნა ნათელია: რა ბუნებრივი რესურსები, კულტურა, განათლება და საზოგადოების სხვა ნიშან-თვისებებიც არ უნდა გვქონდეს, ეკონომიკა თავისუფალი ბაზრით უფრო ნაყოფიერად და უკეთ იმუშავებს.

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ცხადია, პირდაპირი ანალოგია შინაურ და გარეულ ცხოველებს შორის არ იქნებოდა სწორი – მათი საარსებო გარემო და ქცევა განსხვავებულია. არც საძროხე ან საღორე და სავანა არის ერთი. ასევე, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ეროვნული პარკების წარმატებული მართვის მაგალითები გვაქვს (მაგალითად – კენიაში), გვაქვს ბევრი საპირისპირო (ლაფერი იტყოდა – მოსალოდნელი) მაგალითიც (კონგო, სადაც ლომების ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოპულაცია იყო აფრიკაში, ეროვნულ „დაცულ“ პარკში დღეს ლომი აღარ დარჩა). კერძო მფლობელობაში მყოფი პარკებიც არის (ნამიბიის კერძო პარკები კარგი მაგალითია, სადაც რამდენიმე სახეობის – ველური ძაღლის, ლომის, გეპარდის პოპულაცია გაიზარდა).

(2)აშშ სურსათისა და წამლის სააგენტო

(3)სპოტი სწრაფი გარიგებაა დღევანდელი ფასით. ფორვარდი და ფიუჩერსი – სამომავლო გარიგებაა დღეს შეთანხმებული პირობებით. დერივატივის ფასი რომელიმე აქტივის (აქცია, კურსი, საბაზრო ინდექსი) ფასს არის მიბმული. გარიგება გულისხმობს, რომ მოცემულ თარიღში მოცემული აქტივის შესყიდვა მოხდება შეთანხმებული ფასით. შესაბამისად, თუ საბაზრო ფასი შეთანხმებულთან შედარებით გაიზარდა, მყიდველი მოგებაშია, თუ დაეცა – ზარალში.

(4)“თუ ადამიანს გასაყიდად აქვს: კარგი სიმინდი, ან ხეები, ან ფიცრები, ან ღორები, ან სხვაზე უკეთ შეუძლია სკამების გამოთლა, დანების გამოჭედვა, ან მუსიკალური ორგანის დამზადება, მისი სახლის კარამდე მიმავალი გზა იქნება ფართო და გათელილი, თუნდაც უღრან ტყეში ცხოვრობდეს“, – უთქვამს რალფ უალდო ემერსონს. აქედან მოგვიანებით გამოძერწეს ის ფრთოსანი ფრაზა, რომელზეც ლაფერი მიანიშნებს: „გამოიგონე უკეთესი სათაგური და მთელი მსოფლიო შენი კარის ზღურბლს მოადგება“. ამასთან, რაკი თაგვის ხაფანგის გაუმჯობესება, პრინციპულად, შეუძლებელია, „უკეთესი სათაგური“ პერპეტუუმ მობილეს ერთგვარი სინონიმია.

(5)ამის კარგი (ცუდი) მაგალითია ბიზნესის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები საქართველოში, რომლებიც, პროპაგანდისტულ ჩენჩოს თუ მოვაშორებთ, მავნებლობით არიან დაკავებულნი. მხედველობაშია მისაღები ამგვარი მოღვაწეობის კიდევ ერთი მხარე:

ყველაზე რთული სამთავრობო საკრედიტო ინსტიტუტები რომ შეისწავლოთ, დარწმუნდებით – მათ მოღვაწეობას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს: სესხის გადანაწილება და არა მატება. მოცემულ ქვეყანაში და მოცემულ დროს, არსებობს მხოლოდ მოცემული ოდენობის თავისუფალი თანხა და ბოლოს ის თავის სანთელ-საკმეველს მაინც მონახავს. გადახდისუუნარო მოვალეებზე უზრუნველყოფის გაცემით, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, შეუძლია მსესხებლების რაოდენობის ზრდა, რასაც მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის მატებაც (ცხადია – ეს ყველაფერი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე), მაგრამ ამით ვერ გაზრდის გამსესხებელთა რიცხვს და სესხების მთლიან ღირებულებას.
ფრედერიკ ბასტია. სესხი. “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია”

(6)Magna Carta Libertatum – ინგლისში 1215 წელს გამოცემული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ზღუდავდა მეფის ხელისუფლებას და ადგენდა, რომ მეფეც უნდა დაემორჩილოს კანონს. „მაგნა კარტამ“ განამტკიცა კერძო საკუთრება, სასამართლოების დამოუკიდებლობა, აკრძალა დაპატიმრება და კერძო საკუთრებაში შეღწევა სასამართლო ორდერის გარეშე.

(7)Don Imus – პოპულარული ამერიკელი შოუმენი და რადიოწამყვანი იყო. 2007 წელს Rutgers University-ს ქალთა საკალათბურთო გუნდის წევრებს „თმახუჭუჭა ბოზები“ უწოდა, რის შემდეგაც CBS-იდან დაითხოვეს. უნდა ითქვას, რომ ამ ამბავს იმუსის კარიერა არ დაუსრულებია, რადგან იმავე წელს სხვა რადიოსადგურმა აიყვანა და 10 წელი (ამ რადიოსადგურის გაკოტრებამდე) უძღვებოდა რადიოშოუს. თუმცა, მრავალფეროვნებაც და არჩევანის საშუალებაც თავისუფალი ბაზრის მიერ მოტანილი შესაძლებლობათაგანია. 🙂

(8)ვიკტორ ბელენკო საბჭოთა სამხედრო მფრინავია, ლეიტენანტი. 1976 წელს ზე-საიდუმლო „მიგ-25პ“ გაიტაცა, იაპონიაში გადაფრინდა და ამერიკელებს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

___

მთარგმნელის კომენტარი:
ისინიც კი, ვინც თანხმდებიან საკითხებზე, რასაც ლაფერი სხვა გაკვეთილებში მიმოიხილავს (მოთხოვნასა და მიწოდებაზე, ფასწარმოქმნაზე, თავისუფალ გაცვლაზე, დაბალ გადასახადებზეც კი), ხშირად „იჭედებიან“, როდესაც სახელმწიფოს როლს მივადგებით. მითური პრინციპითა თუ რწმენით, რომ მთავრობა, შეიძლება, არ ვარგოდეს, მაგრამ „სახელმწიფო“ კეთილშობილია და „სახელმწიფომ“ ბევრი რამ უკეთ იცის – ამბობენ, რომ ბაზრის პროცესების მეტისმეტად მიშვება საშიშია, თუ „სახელმწიფო“ არ დაუდგა დარაჯად. არადა, აბსტრაქტული სახელმწიფო არ არსებობს. სახელმწიფო ან ვართ ყველანი ჩვენ (ამ შემთხვევაში მთავრობას მკვეთრად შემოფარგლული მცირე როლი აქვს) ან სახელმწიფო არის მთავრობა (და ის საყოველთაო ზრუნვის „კეთილშობილურ“ როლს კისრულობს). ამ თემაზე ფრიდმანის ერთი არაჩვეულებრივი წერილი მეც მაქვს ნათარგმნი „რატომ არის მთავრობა პრობლემა“.

___

ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეორე: რა ღირს?
ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეხუთე: როგორ იქმნება და უფასურდება ფული

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: