10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა ღირს?

ართურ ლაფერი

რა არის ფასი? საქონლის ღირებულება
იაზროვნე ეკონომიურად – გაკვეთილი მეორე

ThE2

1950-იანი წლების ბოლოს, Ford Motor Company-მ 400 მილიონი დოლარი დაახარჯა ახალ მოდელს, Ford Edsel-ს. ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა ავტომობილს გამორჩეული, იოლად ამოსაცნობი დიზაინით, სანამ მესამე და უკანასკნელ წელს სრულიად ნათელი არ გახდა – Edsel კოლოსალური ჩავარდნა იყო, იმ წელს სულ რამდენიმე Edsel აწარმოვეს. ამ ავტომობილის განვითარებისა და წარმოების მიმდინარე ხარჯები ბევრად აღემატებოდა მის ღირებულებას.

ამ ამბისგან ძალიან განსხვავებულია თოჯინას, სახელად Cabbage Patch ისტორია. მის გამოჩენას 1980-იანი წლების დასაწყისში არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა – მშობლები მაღაზიის კარის გაღებამდე რამდენიმე საათით ადრე იკავებდნენ რიგს, ეს სათამაშო რომ წაეღოთ შვილებისთვის. ხანდახან ჩხუბიც იწყებოდა და მყიდველები მუჯლუგუნებით მიიკვლევდნენ დახლებისკენ გზას. ზოგი მზად იყო, მაღაზიის თავდაპირველ ფასზე ასჯერ მეტი გადაეხადა, ოღონდ თოჯინის გარეშე არ დარჩენილიყო. ცხადია, Cabbage Patch-ის ღირებულება მათთვის გაცილებით აღემატებოდა წარმოების ხარჯსაც და საცალო გასაყიდ ფასსაც.

რატომ იყო ავტომობილი ასეთი უღირალი და თოჯინა ასეთი ღირებული? რა ძალით? იმავე ძალით, რის გამოც ძვირდება ფირფიცარი, აკუმულატორი და პური, როდესაც ქალაქი მოსალოდნელ ქარიშხალს ელის. რა უნდა ისწავლონ კანონმდებლებმა ამ ფენომენისგან? ამისთვის ეკონომისტებს უნდა მოუსმინონ.

ღირებულებას ადამიანების არჩევანი განსაზღვრავს

საბაზრო ფასი მოთხოვნითა და მიწოდებით განისაზღვრება, მაგრამ ეკონომისტებს მეტის თქმაც შეუძლიათ – მათ იციან, რომ მოთხოვნას და მიწოდებას, თავის მხრივ, განსაზღვრავს ადამიანების მიერ სხვადასხვა საქონლის ეკონომიკური ღირებულების შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი ობიექტური რეალობა, როგორიცაა რესურსების მარაგი და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუ, მათი ღირებულებაც, საბოლოო ჯამში, ადამიანების სუბიექტური ხედვით გადაიხარშება. ამგვარად, სუბიექტური შეხედულებები ადგენს ისეთ საბაზრო ფასებს, როგორიც გვაქვს.

მაგალითად, თუ ცრუმორწმუნე კულტურის ხალხს შეცდომით სჯერა, რომ ძაღლყურძენას ფესვს სამკურნალო თვისებები აქვს, ის ბაზარზე ძალიან მაღალ ფასს შეიძენს, მიუხედავად იმისა, რომ „ნამდვილი“ ღირებულება არ აქვს. მეორეს მხრივ, ნედლი ნავთობით მდიდარი მიწის ნაკვეთი შედარებით იაფი იქნებოდა 1800 წელს, რადგან იმ დროს ნავთობს ის გამოყენება არ ჰქონდა, რაც მე-20 საუკუნეში. მაგრამ მისი სამომავლო ფასი რომ სცოდნოდათ, ეს ამბავი მე-19 საუკუნეშივე გააძვირებდა ნავთობიან მიწას. ჩემს მიერ მოტანილი ორი მაგალითი ცხადყოფს – სწორედ მომხმარებლებისა და მწარმოებლების მოლოდინები და ქმედებები ადგენენ საბაზრო ფასებს. ნებისმიერ „ობიექტურ“ მონაცემს მხოლოდ ირიბი გავლენა აქვს – ახალი ვითარება ჯერ ვიღაცამ უნდა გაიაზროს და შესაბამისად შეცვალოს საკუთარი ქცევა.

ბაზარზე გაცვლა ორმხრივად მომგებიანია

საბაზრო ეკონომიკის გასაგებად, საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ ყოველი ქმედება ბაზარზე ორ ან მეტ მხარეს შორის ნებაყოფლობით გაცვლას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, გაცვლის სარგებელს ორივე მხარე ხედავს – სხვაგვარად გარიგებას არ დასთანხმდებოდნენ!

ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ეკონომიკური ღირებულების სუბიექტური ან „შეფასებითი“ ბუნების ახსნა. ღირებულება რომ საქონლის ობიექტური, თანდაყოლილი მოცემულობა იყოს (როგორც, მაგალითად, ხილის წონაა), შეუძლებელი იქნებოდა, გარიგებას ორივე მონაწილისთვის უფრო მეტი ბედნიერება მოეტანა. რატომ? თუ გიორგი მარიამს ვაშლს ფორთოხალში გაუცვლის, ობიექტური კრიტერიუმით, ორივეს იმავე წონის ხილი ექნება, რაც – გაცვლამდე. თუმცა, სუბიექტური შეფასებით, მარიამსაც და გიორგისაც, შეიძლება, სჯეროდეთ, რომ ახლა უკეთესი ან უფრო გემრიელი ხილი აქვთ, ვიდრე – გარიგებამდე. როდესაც ღირებულება ადამიანის თვალით და გემოვნებით იწონება, ვაჭრობის შედეგად, სავსებით შესაძლებელია, ორივემ მოგებულად ჩათვალოს თავი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულიად ლოგიკურია, გიორგიმ ფორთოხალი ვაშლზე უფრო ფასეულად მიიჩნიოს და მარიამმა კი – პირიქით (ყურადღება მიაქციეთ – ისეთი მახასიათებლისთვის, როგორიცაა ზომა ან ფერი, მსგავსი რამ შეუძლებელია. თუ ორივეს ჰგონია, რომ მეორის ნაყოფი უფრო მძიმეა, ერთი მათგანი უბრალოდ ცდება). ამიტომ არის ნებაყოფლობით გაცვლა ამგვარად ორმხრივ მომგებიანი – საშუალებას აძლევს ადამიანებს „სხვისი სჯობს“ შეფასებით, გაცვალონ ისე, რომ გააუმჯობესონ საქონლის თავდაპირველი განაწილება და ყველანი უფრო ბედნიერები დარჩნენ.

გაცემული საქონლის ღირებულება მიღებული საქონლის ღირებულებას განსაზღვრავს

როგორც ვნახეთ, ინდივიდი, მისი სურვილებითა და რეალობის აღქმით, საბაზრო ფასების ათვლის სათავეა. ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა საქონლის სარგებლიანობის (ან სარგებლის) შეფასება საკუთარი მიზნების დასაკმაყოფილებლად, მეტიც, შეუძლიათ საქონლის ყოველი დამატებითი ერთეულის სარგებლიანობის შეფასებაც. როგორც პირველ გაკვეთილში ვაჩვენეთ, ადამიანები არ აკეთებენ საერთო არჩევანს წყლის ჯამურ მოცულობასა და ნაყინის ჯამურ მოცულობას შორის, ისინი წყლის კონკრეტულ ერთეულსა და ნაყინის კონკრეტულ ერთეულს შორის ირჩევენ – სწორედ ამიტომ შესაძლებელია, ნაყინს უფრო მაღალი ფასი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ წყალი სიცოცხლისთვის მეტად აუცილებელია.

წყლისა და ნაყინისგან განსხვავებით, რომლებსაც მეყსეული სარგებელი მოაქვთ, არის სხვა სახის საქონელი, რომლის სარგებელიც არაპირდაპირია. იოლად გასაგებია, რატომ გაცვლის ვინმე ფორთოხალს ვაშლში – ორივე საკვებია და, შესაძლოა, ადამიანს ვაშლის გემო უფრო მოსწონდეს ან უკვე ძალიან ბევრი ფორთოხალი ჰქონდეს მირთმეული.

მაგრამ რატომ უნდა სურდეს ადამიანს ფორთოხლის ერთი პეშვი ვაშლის თესლში გაცვლა? ვაშლის თესლი საჭმელად არ გამოდგება (ან, სულ მცირე, არ არის გემრიელი) და, დიდად, არც შესახედავად ვარგა. რა მიზეზით დათმობს ვინმე არომატულ, კოხტა და მწიფე ფორთოხალს?

პასუხი ნათელია – საკმარისი დრო, ნიადაგი, ნალექი და თესლი, რომელსაც უშუალოდ საკვებად ვერ მოიხმარ, გემრიელ ვაშლის ნაყოფს მოგვცემს. ვაშლის ღირებულება გონებაში იმ საგანზე გადაგვაქვს, რომელსაც ვაშლს წარმოება შეუძლია. აქაც, ობიექტური მონაცემი მხოლოდ მაშინაა მნიშვნელოვანი, თუ ადამიანებმა ის იციან და აცნობიერებენ. სუბიექტური შეხედულებები და პრეფერენციები ყოველთვის განმსაზღვრელია, როდესაც ადამიანები რაღაც საქონელს უცვლიან ერთმანეთს.

რატომ არის ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორია მცდარი

ახლა ვხედავთ, რატომ არის მცდარი ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორია. დავუშვათ, ორი კოვბოი ნიუ იორქში ჩავიდა და ბროდვეის რესტორანს ეწვია. დახედეს მენიუს. პირველმა შესძახა: „ათი დოლარი ჩილისთვის? საიდან მოაქვთ ასეთი ფასები?!“. მეორე კოვბოი, რომელიც ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორიას იცნობს, უხსნის: „რესტორნის მფლობელები უფრო იაფს ვერ მოითხოვენ. წარმოიდგინე, როგორი ძვირია ყოველთვიური ქირა ამ ადგილისთვის და ანაზღაურება, რომელიც მიმტანებსა და მზარეულებს უნდა გადაუხადონ!”

ამ კოვბოის ახსნა საკმარისად გონივრულად კი ჟღერს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს საბაზრო ფასების ძალიან არადამაჯერებელი თეორიაა. მას არ განუმარტავს მანჰეთენისა და ოსთინის ფასთა სხვაობა. რატომ არ არის ქირა და ხელფასი ოსთინში მანჰეთენზე უფრო მაღალი, რაც, მისი თეორიით, ჩილის ოსთინის რესტორნებშიც გააძვირებდა? ჩვენს კოვბოის ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს. მან მხოლოდ ჩილის მაღალი ფასი განმარტა უძრავი ქონებისა და შრომის მაღალი ფასით.

ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „დანახარჯიც“, სინამდვილეში, ფასია. კი ბატონო, სიმართლეა, რომ რომელიმე კონკრეტული ბიზნესი ვერ იმუშავებს, თუ, მისი საქონლის გაყიდვით, „ხარჯების დასაფარად“ საკმარის თანხას ვერ გამოიმუშავებს, მაგრამ ეკონომისტების ამოცანა ზოგადი თეორიის შემუშავებაა, რომელსაც ნებისმიერი ფასის წარმოშობის განმარტება შეუძლია. ჩვენმა კოვბოიმ მარტივად და ახსნა-განმარტების გარეშე აიღო ერთი (იჯარის) ფასი და იქიდან კონკრეტულ რესტორანში კონკრეტული ჩილის ფასი გამოიყვანა. ამგვარმა მიდგომამ, შეიძლება, მისი მეგობარი დააკმაყოფილოს. მაგრამ ეკონომისტებისთვის ან პოლიტიკოსებისთვის არ გამოდგება, რადგან მათ ფართო სურათის დანახვა სჭირდებათ.

რა იქნებოდა უკეთესი პასუხი? რაზეც წინა თავში ვისაუბრეთ – ადამიანები ჯერ იმ საქონელს (და მომსახურებას) ეძებენ, რაც მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, შემდეგ კი ამ საქონლის (და მომსახურების) შედარებით სარგებლიანობას აფასებენ.

მაგალითად, რატომ არის კონკრეტული კლიენტი მზად, 10 დოლარი გადაიხადოს მანჰეთენის რესტორნის ჩილიში? მარტივი პასუხია: „იმიტომ რომ ლობიოსა და წიწაკის ამ კონკრეტულ ულუფას იმ 10 დოლარზე მეტად აფასებს, რომელსაც მასში გაცვლის“. გარემოება, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს – ვთქვათ, ბროდვეის სპექტაკლიდან მობრძანდება და, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდ კილომეტრის იქეთ ბევრად იაფი ჩლის რესტორნებია, ძალიან შია და მის კუჭს მოთმენა არ სურს.

მოგვიანებით ამ ანალიზის სხვადასხვა დეტალს განვიხილავთ: რა თქმა უნდა, საბაზრო ფასის სტრუქტურის გასაგებად, წარმოების ხარჯებს მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ გადამწყვეტი იმის გაცნობიერებაა, რომ სუბიექტური შეფასება ყოველთვის განმსაზღვრელია.

სხვა ყველა პირობა თუ თანაბარია – მანჰეთენში ცხოვრება მეტ ადამიანს სურს, ვიდრე – ოსთინში. ამგვარად, ისინი მზად არიან, გადაიხადონ უფრო ძვირი ბინებშიც და, ვთქვათ, ჩილიშიც, ვიდრე ოსთინში იხდიან. რადგან რესურსი ყოველთვის შეზღუდულია, მზარდი მოთხოვნა ჩილის ფასებსა და ბინის ქირაზე ერთნაირად მოქმედებს. საბოლოოდ, უძრავი ქონების ფასიც და ხელფასის განაკვეთიც მანჰეთენში უფრო მაღალია, ვიდრე – ოსთინში.

ახლა, ამ ფორმულას სხვა საქონელს თუ მივუსადაგებთ – ფასწარმოქმნის გლობალურ შკალას მივადგებით: ოქროს მაღაროები ვერცხლის მაღაროებზე მეტად ფასობს, რადგან მომხმარებლები ოქროს ბეჭდებს ვერცხლის ბეჭდებზე მეტად აფასებენ. ოქროს მოპოვება დაახლოებით იმდენივე ჯდება, რამდენიც – ვერცხლისა, ოქროს ფასი კი ვერცხლისაზე მეტია, ვინაიდან მომხმარებლებს ოქროს ნაკეთობა ურჩევნიათ. ოქრომჭედლის განმარტება, რომ ოქროს გამოყენება “უფრო ძვირი ღირს”, ამიტომ ოქროს ბეჭედი ვერცხლის ბეჭედზე ძვირია – მცდარია. ეს გამარტივებული ახსნა სხვა კითხვას ბადებს – რატომ ღირს ოქრო ვერცხლზე მეტი და არა – პირუკუ.

რატომ არის შრომის ანაზღაურებაზე დამყარებული ღირებულების თეორია მცდარი

ხარჯებზე დამყარებული ღირებულების თეორიის ერთი კონკრეტული (და უაღრესად პოპულარული!) ინტერპრეტაცია შრომის ანაზღაურებაზე დამყარებული ღირებულების თეორიაა. ეს კარლ მარქსის მიდგომა იყო, ვინც, თავის მხრივ, ბრიტანელ კლასიკოს ეკონომისტების დაესესხა. ამ თეორიის თანახმად, წარმოების პროცესის ერთადერთი „ნამდვილი“ მსხვერპლი ადამიანის შრომაა – ბუნება მისი რესურსების გამოყენებაში არაფერს გვთხოვს, შესაბამისად, ნებისმიერი საქონლის „სამართლიანი“ ფასი მასში ჩადებული შრომის ჯამურ ოდენობას შეესაბამება.

მე-19 საუკუნის ეკონომისტების და საკუთრივ მარქსის ნაშრომების გარდა, შრომის ანაზღაურებაზე დამყარებული ღირებულების თეორია დღემდე შემორჩა სამართლიანი ფასების შესახებ სწავლების სახით. ადამიანები ხშირად ელიან, რომ რაღაცაში მეტს გადაუხდიან, რადგან ამდენ ხანს მუშაობდნენ. ბევრ პროფესორს მოუსმენია სტუდენტის ასეთი გულისწყრომა დაბალი შეფასების გამო: „კი მაგრამ, მე ხომ ძალიან ბევრი ვისწავლე ამ გამოცდისთვის!“

სიმართლე ისაა, რომ რაღაც პროექტისთვის დახარჯული ძალისხმევა, ავტომატურად არ აისახება პროდუქტის ხარისხში. უგუნებოდ მყოფ და დაღლილ ფოლ მაქართნის უკეთესი მუსიკალური შოუს მოწყობა შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ ცნობილ ეკონომისტს. ან, თუ უფრო მძაფრი მაგალითი გნებავთ, რამდენი დღეც არ უნდა დახარჯოთ ფუნის ღვეზელის მომზადებაში, მაინც უგემური გამოგივათ და კაპიკსაც არვინ გადაგიხდით.

შრომის ანაზღაურებაზე დამყარებული ღირებულების თეორია ადამიანებს მოსწონთ, რადგან, რომელიმე საქონელში ჩადებული ძალისხმევა ნამდვილად აისახება საბაზრო ფასში. შორს რომ არ წავიდეთ – ხელით ნაქსოვი ავღანური ფარდაგი, საფეიქრო ფაბრიკის მასობრივ პროდუქციაზე ძვირია, მაგრამ ამის ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ხელნაკეთ ნივთებს მომხმარებლები, სუბიექტურად, უფრო მეტად აფასებენ (სინატიფის, დახვეწილობის, გამორჩეულობის გამო და ა.შ.). თუ გსურს, ოსტატმა მეტი დრო დახარჯოს მის დასამზადებლად, შესაბამისად, ფეიქრის შრომის ნაყოფიც უფრო მეტად უნდა დააფასო. როგორ აიძულებთ ავღანელ ოსტატს, ხელით მოქარგოს ფარდაგი, მისი ხელობისთვის უფრო მაღალი ანაზღაურების მიღება თუ არ შეეძლება? ხელნაკეთი საქონელი ფაბრიკაში წარმოებულთან შედარებით მცირე რაოდენობისაა: მაღალი მოთხოვნა ფასს ზრდის.

როგორ განისაზღვრება ფასი თავისუფალ ბაზარზე

პირველ გაკვეთილზე ჩვენ გიჩვენეთ, რატომ არის მოთხოვნის მრუდი დაღმავალი და მიწოდების მრუდი აღმავალი. ორი სიტყვით: მოთხოვნის მრუდი დაღმავალია, რადგან მომხმარებლები საქონლის ან მომსახურების დამატებითი რაოდენობის უფრო დაბალ ფასში შეძენას ცდილობენ. ეს გამოწვეულია ზღვრული სარგებლის შემცირების კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული საქონლის მეტი და მეტი რაოდენობის მოხმარებით უფრო და უფრო მცირე „სარგებელს“ იღებენ:

ზღვრული სარგებელი საქონლის მიწოდების ზრდის კვალდაკვალ მცირდება. საქონლის პირველ ერთეულს ადამიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად იყენებენ – ეს რაციონალური ქცევაა. მაგალითად: პირველ ლიტრ წყალს – წყურვილის მოსაკლავად, ყოველ შემდეგ ერთეულს კი ნაკლები მნიშვნელობის მიზნებისთვის – მეოცე ლიტრი წყლით დაბანა შეიძლება, მეათასე ლიტრი კი მანქანის გასარეცხადაც არ დაგვენანება.
გაკვეთილი პირველი: რა არის ეკონომიკა?

მეორეს მხრივ, მიწოდების მრუდი აღმავალია, რადგან მწარმოებლებს მით მეტი რაოდენობის საქონლისა ან მომსახურების მიწოდება სურთ, რაც უფრო მაღალია ფასი. ეს ზღვრული ხარჯების ზრდის კანონით არის გამოწვეული – გარკვეული მომენტის შემდეგ, საქონლის დამატებითი ოდენობის წარმოება რთული ხდება:

ნებისმიერ საწარმოში, განსაზღვრულ ეტაპზე, ყოველი შემდეგი ერთეულის წარმოების დამატებითი ანუ ზღვრული ღირებულება მატულობს. ეს ტექნოლოგიური პროცესია და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: დამატებითი ნედლეულის ან შრომითი ძალის პოვნის სირთულის გამო, ან იმის გამო, რომ არსებული დანადგარები მხოლოდ გარკვეულ სიმძლავრეზეა გათვლილი, რის შემდეგაც ხარვეზები ჩნდება. მიუხედავად მიზეზისა, დგება მომენტი, როდესაც ზღვრული დანახარჯი უნდა გაიზარდოს.
გაკვეთილი პირველი: რა არის ეკონომიკა?

თავისუფალი საბაზრო ფასი არის ფასი, რომლის დროსაც მიწოდება და მოთხოვნა დაბალანსებულია: კონკრეტულ ფასად, მწარმოებლებს გარკვეული რაოდენობის საქონლის გაყიდვა სურთ, მომხმარებლებს კი, ამ ფასად, ზუსტად იმ რაოდენობის საქონლის გაყიდვა სურთ, რამდენის გაყიდვაც – მწარმოებლებს. ვერანაირი ძალა აიძულებს ფასს, გაიზარდოს ან შემცირდეს, როდესაც მომხმარებლების და მწარმოებლების სურვილი იდეალურად ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ ეკონომისტები ასეთ ფასს “გაწონასწორებულს” (ეკვილიბრიუმს) უწოდებენ.

რა მოხდება, თუ ფასი (რაღაც მიზეზით) ეკვილიბრიუმზე მაღალია? მაღალი ფასი მწარმოებლებს უბიძგებს, ბაზარზე საქონლის მიწოდება გაზარდონ, მაგრამ, იმავდროულად, მაღალი ფასი მომხმარებლებს აიძულებს, შესყიდვები შეამცირონ. ამდენად, თუ გვაქვს წონასწორობა და შემდეგ ფასი გაიზრდება, მწარმოებლები შეეცდებიან, გაყიდონ იმაზე მეტი ერთეული, ვიდრე მომხმარებლები შეიძენენ. ჩნდება სიჭარბე – დაგროვდება მარაგები, საქონელი კი მაღაზიის თაროებზე დარჩება. მწარმოებლები სწრაფად შეამცირებენ ფასს, იმისთვის, რომ გაუყიდავი მარაგი გაყიდონ, რაც სისტემას კვლავ წონასწორობისკენ უბიძგებს.

საპირისპირო ხდება, როდესაც ფასი ეკვილიბრიუმზე დაბალია. ამ შემთხვევაში, მომხმარებლები შეეცდებიან, შეიძინონ საქონლის იმაზე მეტი ერთეული, ვიდრე მწარმოებლები მიაწვდიან. კლიენტების ნაწილი იმედგაცრუებული დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ სურვილიც აქვს და მზაობაც გამოცხადებული ფასი გადაიხადოს. მწარმოებლები სწრაფად გააცნობიერებენ გაჩენილ შესაძლებლობას და შესაბამისად გაზრდიან ფასს – სისტემა კვლავ იპოვის ეკვილიბრიუმს.

რეალურ სამყაროში პრეფერენციები, რესურსების მარაგი და ტექნოლოგია ცვალებადია, ამიტომ გაწონასწორებული ფასი მუდმივად მოძრაობს. ბაზარზე, სადაც ფასების თავისუფალი ცვლილება ნებადართულია და არ არის შეზღუდული, სისტემა მუდამ ეძებს წონასწორობის ახალ წერტილის და ამას სწრაფად ახერხებს. მაღაზიები არ იძენენ საქონლის ჭარბ მარაგს, რომლის ყიდვაც არავის სურს და მომხმარებლები მუდმივად იმედგაცრუებულნი არ რჩებიან იმის გამო, რომ საქონლის რეკლამირებულ ფასში შეძენას ვერ ახერხებენ. შეცდომები, ცხადია, ხდება, მაგრამ მოგება-ზარალის სისტემა უზრუნველყოფს, რომ შეცდომები იშვიათია და მათი სწრაფად აღმოფხვრა ხერხდება – ფული არეგულირებს!

რა ხდება, როდესაც მთავრობა ფასების დარეგულირებას იწყებს? კარგი – არაფერი

საბაზრო ფასების ზრდა არ ჩნდება უმიზეზოდ – საქონლისა და მომსახურების რაოდენობის შემცირებას გვატყობინებს. ზუსტი საბაზრო ფასი საჭიროა, იმისთვის, რომ ადამიანებმა წარმოებისა და შესყიდვის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებები მიიღონ. როდესაც პოლიტიკოსები კეთილი ზრახვებით ერევიან ფასწარმოქმნაში, ამით ამახინჯებენ ეკონომიკას და, ხშირად, იმ ჯგუფებს აზარალებენ სწორედ, რომელთა დახმარებასაც აპირებდნენ. ჩარევისთვის მთავრობა ორ ძირითად მეთოდს იყენებს: „ფასების ჭერს“ და „ფასების ფსკერს“.

როდესაც მთავრობა ფასების ჭერს აწესებს, ის დასჯით (ჯარიმით ან, ზოგჯერ – უარესით) ემუქრება ნებისმიერს, ვინც გარკვეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე კანონით დასაშვებ ფასზე მეტს დააწესებს. ფასის ზედა ზღვრის სავარაუდო მიზანია, დაიცვას მნიშვნელოვნად აუცილებელი საქონლის ხელმისაწვდომობა და აკრძალოს „აღმაშფოთებელი“ ფასები, რაც დაურეგულირებელმა ბაზარმა იცის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობა იყენებს თავის ძალას იმისთვის, რომ ფასი ხელოვნურად შეინარჩუნოს საბაზრო ეკვილიბრიუმზე დაბლა.

მაგრამ ზემოთ უკვე ვნახეთ, რომ საბაზრო ფასი მიწოდებისა და მოთხოვნის სრულყოფილი ბალანსია. როდესაც მთავრობა, ჯარიმის მუქარით, ფასს დაბალ ნიშნულზე ინარჩუნებს, მომხმარებლებს უჩნდებათ სურვილი, საქონლის იმაზე მეტი ერთეული შეიძინონ, ვიდრე მწარმოებლებს სურთ, გაყიდონ. შედეგი – დეფიციტია. როდესაც ფასები თავისუფლად მერყეობს, დეფიციტი სწრაფად აღმოიფხვრება, მაგრამ როდესაც ფასებს მთავრობა აწესებს, დეფიციტი შეიძლება განუსაზღვრელი ვადითაც გაგრძელდეს.

მთავრობის მიერ გამოწვეული დეფიციტის უთვალავი მაგალითი გვაქვს. ბევრ ამერიკელს ჯერკიდევ ახსოვს 1970-იანი წლების გრძელი რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან. ისინი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ OPEC იყო (რომელმაც ნავთობის მიწოდება შეამცირა), მაგრამ ლომის წილი ამ დეფიციტში ხელისუფლების მიერ ბენზინზე დაწესებული ფასების კონტროლმა შეიტანა – როგორც კი შეზღუდვა გაქრა, გაქრა რიგებიც. ამერიკელებს ბენზინში უჩვეულოდ მაღალი თანხის გადახდა უწევდათ, ამაში ეჭვი არ მეპარება – მაგრამ მისი ყიდვა მაინც გახდა შესაძლებელი[1].

ფასების ჭერის კიდევ ერთი მაგალითია ქირა დიდ ქალაქებში – მთავრობა, ამ შემთხვევაში, დაბალი შემოსავლის მქონე მოიჯარეების დახმარებას ცდილობს და კანონით განსაზღვრავს მაქსიმუმს, რომლის ზემოთ შენობის, მათი ვარაუდით, გაუმაძღარ მფლობელებს ქირის დაწესება ეკრძალებათ. შედეგად რას ვიღებთ? სასურველი ბინის დაქირავების მსურველთა გრძელ სიებს. ამავე დროს, ქირავდება ბევრი ისეთი „ჯურღმული“, სადაც წყლის გამათბობელი მწყობრიდანაა გამოსული და კედლებს საღებავი სცვივა – იმის გამო, რომ ხელისუფლება ხელოვნურად კვეცს მათ შემოსავალს, მეპატრონეები თავად კვეცენ ხარჯებს. მთავრობა უძლურია, რამე შეცვალოს – იმიტომ რომ, მოიჯარენი იღებენ ზუსტად იმდენს, რამდენის თანხასაც იხდიან. როდესაც პოლიტიკოსები ხელოვნურად ზღუდავენ ფასს, ამით ისინი აგდებენ ხარისხსაც.

გაითვალისწინეთ – ფასის ზედა ზღვარი მხოლოდ მწარმოებელს კი არ უკრძალავს დაწესებულ ფასზე მეტის მიღებას, ის მომხმარებელსაც ზღუდავს, ვისაც, თუნდაც, ნებით და საკუთარი სურვილით, მთავრობის მიერ დადგენილზე მეტის გადახდა ეკრძალება.

მაგრამ ზემოთ ნაჩვენებზე არანაკლებ ცუდია, როდესაც მთავრობა ფასების ფსკერს აწესებს. ბაზრის ეკვილიბრიუმზე მაღლა ფასის იძულებით შენარჩუნებით, საქონლის ჭარბი შეთავაზება ხდება. მწარმოებლები აწარმოებენ საქონლის უფრო მეტ ერთეულს, ვიდრე მომხმარებელს შეძენა სურს. ამის საუკეთესო მაგალითია მინიმალური ხელფასი. 5.15 დოლარად საათში დაქირავებულები, შეიძლება, მზად იყვნენ, ბევრი საათი იმუშაონ, მაგრამ ამ ფასად დამქირავებლებს ბევრი მუშა-ხელის დაქირავება არ სურთ. შედეგად ვიღებთ უმუშევრობას, განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც დაბალი კვალიფიკაციის ბევრი მუშაკია. რომელიმე ახალგაზრდას, ვისაც იქამდე არასდროს ჰქონია მუდმივი სამსახური და ჯერ უნარებიც არ აქვს, შეიძლება შესთავაზონ 3 დოლარი საათში, როდესაც პირველად დაასაქმებენ – და ის, შესაძლოა, მზად იყოს, იმუშაოს ამ ფასად. მაგრამ თუ კანონი ადგენს, რომ ამ დაქირავებულს ორჯერ მეტი ანაზღაურება უნდა მისცენ (სოციალური უზრუნველყოფის და სხვა შესაბამისი ხარჯების გათვალისწინებით) დამსაქმებელი მის დაქირავებას ნამდვილად გადაიფიქრებს. მინიმალური ხელფასის კანონი, პირველ ყოვლისა, ყველაზე დაუცველ მუშაკებს აზარალებს, ხელს უშლის, დაიწყონ კარიერა და გახდნენ უფრო პროდუქტიულები.

ფასების ფსკერს „მტაცებლური“ ფასების წინააღმდეგ საბრძოლველადაც იყენებენ – როდესაც მწარმოებელი საქონელს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის, იმისთვის, რომ კონკურენტების ბაზრის წილს დაეპატრონოს. ჩნდება შიში – როგორც კი მწარმოებელი კონკურენტების გაძევებას მოახერხებს, მას მონოპოლია ექნება და ფასების ხელახლა გაზრდას შეძლებს, რის გამოც მომხმარებელი დაზარალდება. რა თქმა უნდა, რეალურ სამყაროში ასე არასოდეს ხდება.

სინამდვილეში, მომხმარებლები, საქონელსა და მომსახურებაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაბალი ფასის გამო, დიდ სარგებელს ნახულობენ. ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, მაღალლიკვიდური კაპიტალის ეპოქაში, მწარმოებლებმა კონკურენტების ბიზნესიდან გაძევება მოახერხონ, მაგრამ, ეს რომც შეძლონ, როგორც კი ფასები მატებას დაიწყებს, მომხმარებლები ჩამნაცვლებელი საქონლის (სუბსტიტუტების) ძებნას დაიწყებენ, სხვა მეწარმეები კი მოგების ახალი შესაძლებლობის გაჩენას სწრაფად შენიშნავენ და ამ ინდუსტრიაში ინვესტიციებით უპასუხებენ. მწარმოებელს, რომელმაც ფასები თავდაპირველად შეამცირა და შემდეგ – გაზარდა, ძალიან გაუჭირდება საკმარისად ძვირი ფასების საკმარისად დიდი ხნით შენარჩუნება, იმისთვის, რომ მისი დანაკარგი აინაზღაუროს, არათუ სასურველი მოგება მიიღოს. მისი ქმედებით მომხმარებლები და ეკონომიკა დარჩებიან მოგებულნი.

არჩევანის თავისუფლება

მუდამ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს – გაუთვალისწინებელი შედეგების ეკონომიკური ანალიზის მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: საბაზრო ფასები ინდივიდთა ნებაყოფლობითი არჩევანის გამოხატულებაა. როდესაც პოლიტიკოსები რომელიმე ფასის ზედმეტად მაღალ ან ზედმეტად დაბალ ნიშნულზე ბჭობენ, ისინი მამაკაცებისა და ქალების გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, განკარგონ საკუთარი ქონება ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. თუ გიორგის სურს, ვაშლი მარიამს გაუცვალოს ფორთოხალში, ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მათ აკრიტიკებენ და ჭკუას არიგებენ? და თუ გიორგის სურს, მისი შრომის ერთი საათი მარიამის სამდოლარიან ბანკნოტზე გადაცვალოს, რა უფლება გვაქვს, განვსაჯოთ?

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)იმავე წლებში, საწვავის მაღალი ფასებით მიღებული სავალუტო შემოსავლით, საბჭოთა კავშირმა ამერიკული საქონელი შეიძინა, მათ შორის – ჯინსიც. არ ვიცი, რა იყო მისი ოფიციალურად დაწესებული ფასი საბჭოთა მაღაზიაში, რადგან დახლზე უბრალოდ არ ხვდებოდა. იყიდებოდა „დახლსქვემოდან“ და „სპეკულანტებთან“ – ნაცნობობით და 150 მანეთად.

უფრო ახლო მაგალითი 90-იანების პურის რიგებია ჩვენთან – სანამ პურზე ფასები ფიქსირებული იყო და წარმოება – რეგულირებული, საათობით გვიწევდა რიგში დგომა. იყო სიები, იყო ჩხუბი, საქმის გარჩევა და ათასი მსგავსი “ნეტარება”.

___

ართურ ლაფერი – გაკვეთილი პირველი: რა არის ეკონომიკა?
ართურ ლაფერი – გაკვეთილი მესამე: მთავრობა და კეთილდღეობა

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: