10 გაკვეთილი ეკონომიკაში: რა არის ეკონომიკა?

ართურ ლაფერი

დაარღვიე თუკი თავი მოგბეზრებია. ეკონომიკის შეუვალი კანონები
იაზროვნე ეკონომიურად – გაკვეთილი პირველი

ThE1

ართურ ლაფერმა Texas Public Policy Foundation-ის თხოვნით მოამზადა მოკლე სალექციო კურსი ეკონომიკაში სერიით “იაზროვნე ეკონომიკურად” (Thinking Economically). ის 10 გაკვეთილისგან შედგება და ეკონომიკის სხვადასხვა, უმნიშვნელოვანეს საკითხს მიმოიხილავს. სათაური, სავარაუდოდ, ეხმაურება და პატივს მიაგებს ფოლ ჰეინეს არაჩვეულებრივ წიგნს “აზროვნების ეკონომიკური წესი”.

რა არის ეკონომიკა?

ეკონომიკა არის მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს ადამიანთა ქცევის ცვლილებას ბედნიერების (როგორც ისინი თავად განსაზღვრავენ ბედნიერებას) მოპოვების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, მიიღონ ყველაფერი, რაც სურთ. ფსიქოლოგიისგან განსხვავებით, ეკონომიკა არ ცდილობს ინდივიდთა გემოვნების ახსნას, ის ადამიანთა სურვილებს უბრალოდ იღებს, როგორც არსებულ ათვლის წერტილს. ეკონომისტს არ სჭირდება იმის ცოდნა, რატომ იქცევიან ინდივიდები ისე, როგორც იქცევიან – მთავარია, იცოდეს – ადამიანი ყოველთვის ცდილობს მისი ცხოვრების გაუმჯობესებას.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან ვიწრო სფეროა, მაგრამ, სინამდვილეში, ეკონომიკის კვლევის საგანი საკმაოდ ფართოა, ამასთან, სოციალურ მეცნიერებებს შორის, ეკონომიკური კანონები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია და, ნამდვილად, ყველაზე მნიშვნელოვანი! პროფესიონალი ეკონომისტები, სხვა მკვლევართა მსგავსად, ემპირიულ მონაცემებს კონკრეტული თეორიების შესამოწმებლად იყენებენ, მაგრამ ფუნდამენტური ეკონომიკური კანონები საგანგებო ფორმით კოდირებული საღი აზრია, სხვა არაფერი. გაგიკვირდება ზოგჯერ, სამყაროს მოწყობის შესახებ შეხედულებების ანალიზით, რამხელა ცოდნის მიღება შეგვიძლია.

როგორც კი შევთანხმდებით, სხვა ადამიანებს შევხედოთ არა როგორც სამყაროში უთავბოლოდ მოძრავ უსულო ატომებს, არამედ როგორც ინდივიდუალური მიზნების მქონე, მოაზროვნე არსებებს, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპის ჩამოყალიბებას შევძლებთ. მაგალითად, უმალ გავაცნობიერებთ, რომ, ვინაიდან ინდივიდები განსხვავებულები არიან, მათ (შესაძლოა) განსხვავებული ამოცანები ჰქონდეთ დასახული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ღირებულება ვერ იქნება ობიექტური, მასის ან ტემპერატურის მსგავსად. პირიქით, ეკონომიკური ღირებულება სუბიექტურია, რადგან საქონლის ან მომსახურების სარგებლიანობას შემფასებელი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ამ ფაქტის აღიარება ეკონომისტს მორალურ რელატივისტად ან ნიჰილისტად არ აქცევს. იმისათვის, რომ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასის რაობა ახსნას, ეკონომისტს სხვა გზა არ რჩება, თუ არა იმის დაშვება, რომ ბევრ ადამიანს მოსწონს მოწევა. და ეს დაშვება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ამ მოწონების წახალისებას.

სხვა ფუნდამენტური პრინციპი არის რესურსების სიმცირე. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს უამრავი სურვილი აქვთ, მაგრამ ყველა მათგანის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ. არჩევა უწევთ და ეს არჩევანი აუცილებლად გულისხმობს გარიგებებს. ეკონომიკა ამტკიცებს, რომ ადამიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს იკმაყოფილებენ და ნაკლებად მნიშვნელოვან სურვილებს გვერდით გადადებენ. კონკრეტული არჩევანის ღირებულება მის მიერ მოტანილი სარგებელია, საფასური კი – რიგში შემდეგი, მაგრამ იმჟამად მიუწვდომელი საუკეთესო ალტერნატივის ტოლი. ეს ცალსახა ჭეშმარიტებაა და მაინც უამრავ კრიტიკოსს გადაეყრებით, ვინც „ეკონომიკურად აზროვნებას“ ამრეზით უყურებს.

მას შემდეგ, რაც რესურსების სიმცირის საკითხზე შევთანხმდებით, ეს ბუნებრივად გვიბიძგებს, ეჭვის თვალით შევხედოთ სამყაროს „შეკეთების“ მიზნით წამოწყებული სამთავრობო პროგრამების ეფექტურობას. ამიტომაა, ეკონომისტები რომ სძულს ბევრს – თომას ქარლაილმა ჩვენს დარგს “ნაღვლიანი მეცნიერება” უწოდა. მაგრამ, თუნდაც იმედები გაგიცრუოთ, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ – სამთავრობო პროგრამები ათას სხვა საჭირო წამოწყებას ართმევს რესურსს.

ეკონომისტები ვალდებულნი არიან, ეს ფაქტი შეახსენონ ყველას და რაც შეიძლება ხშირად, იმიტომ რომ ეკონომიკურ კანონებს ურყევი ბუნება აქვთ. ეკონომიკური კანონები მხოლოდ არსებული რეალობის აღწერაა, ფიზიკის კანონებისა არ იყოს. რესურსები შეზღუდულია – ამის უგულებელყოფა ისევე არ შეიძლება, როგორც მიზიდულობის კანონისა. პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბაზარზე უკეთ შეუძლიათ საქონლის ფასის განსაზღვრა, გემის იმ კაპიტანზე არანაკლებ საშიშნი არიან, ვინც არად დაგიდევთ ხომალდის კურსზე მდებარე მიწას.

ანგარიშიანობა ეგოიზმის წინააღმდეგ

ეკონომიკური ანალიზისთვის ათვლის წერტილი არის ინდივიდი, როგორც ცალკე ერთეული, თუმცა, ზოგი ამას უარყოფს – გვიკიჟინებენ, რომ „ადამიანი არ არის კუნძული“, ადამიანებს გააჩნიათ ნათესაური, ახლობლური გრძნობები და, შიშველი მატერიალიზმის გარდა, სხვა ვნებები ამოძრავებთ.

მაგრამ ამ ყაიდის მოწინააღმდეგეს, არასწორად ესმის, როგორ მუშაობს ეკონომიკური მეცნიერება. ეკონომისტს არ სჭირდება იმის ვარაუდი, რამდენად ეგოცენტრულები არიან ადამიანები ან – გულგრილები ფუფუნების საგნების მიმართ. მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდებს შეუძლიათ ახსნან, როგორც ბიბლიის, ისე ალკოჰოლის ფასი. ფოკუსი ინდივიდზე, როგორც ეკონომიკური ანალიზის ათვლის წერტილზე, ერთადერთი მეთოდია, რომელსაც კი შინაარსი აქვს; “ბრბო” ვერაფერს შექმნის, ეს ბრბოში მყოფი ადამიანები ქმნიან. ცხადია, ადამიანის ქცევა, შეიძლება, შეიცვალოს, როდესაც აზვირთებული ბრბოს ნაწილი ხდება, მაგრამ ის მაინც რჩება ინდივიდად და პირადად იღებს გადაწყვეტილებას, ჯვარს აცვას ეჭვმიტანილი თუ ცეცხლი შეუნთოს „ალქაჯს“. ანალოგიას თუ მოვიხმობთ – ქიმიკოსები, მაგალითად, მიიჩნევენ, რომ მთლიანი მატერია ატომებისგან შედგება. განა ეს ნიშნავს, რომ ქიმიკოსები არად დაგიდევენ, სხვადასხვა მოლეკულებში განლაგებულ ატომთა განსხვავებულ ქცევას?

თუ ეკონომისტი ამბობს, რომ ადამიანები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ან „სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით“, ეს არის უნივერსალური ფორმულა, რომელიც ცალკე ინდივიდის კონკრეტულ მიდრეკილებებს არ განსჯის. ჰეროინდამოკიდებულისთვის სარგებელი მისი მორიგი დოზაა, დედა ტერეზასთვის – ღატაკი ბავშვების დახმარება. ერთი ეგოისტია, მეორე კი – უანგარო, მაგრამ ორივე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ამიტომ ეკონომიკური საზომი ორივე ტიპის მოქმედების ასახსნელად გამოდგება.

რატომ არის მოთხოვნის მრუდი დაღმავალი? ზღვრული სარგებლის შემცირების კანონი

ეკონომიკური კვლევის გადამწყვეტი პრინციპია – ადამიანები გადაწყვეტილებებს „ზღვარზე“ იღებენ. ამით აიხსნება კლასიკური „წყლისა და ბრილიანტის პარადოქსი“: თუ წყალი ასეთი აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის, მაშინ როცა ბრილიანტები, უბრალოდ, უსარგებლოა, რატომ არის ბრილიანტი წყალზე ძვირი? პასუხი ისაა, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები ზღვრულ სარგებელს ეფუძნება. არავინ აკეთებს არჩევანს „წყალსა“ და „ბრილიანტს“, როგორც ორ აბსტრაქტულ კატეგორიას შორის – ყოველდღიურ ცხოვრებაში ფაქტობრივი არჩევანი წყლის კონკრეტულ ერთეულსა და ბრილიანტის კონკრეტულ ერთეულს შორის კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალი, ზოგადად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, მისი შედარებითი მარაგი იმდენად დიდია, რომ (ჩვეულებრივ ვითარებაში) ადამიანების უმრავლესობას ურჩევნია, დათმოს ერთი ერთეული წყალი, ვიდრე – ერთი ერთეული ბრილიანტი. სხვათა შორის, ეს პრინციპი განმარტავს, რატომ აღემატება პროფესიონალი სპორტსმენების ანაზღაურება სკოლის მასწავლებლების ან მეხანძრეების ხელფასს, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთა მომსახურება აშკარად უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. კონკრეტული პროფესიონალი სპორტსმენის მიერ შექმნილი საქონელი უფრო ცოტაა და, შესაბამისად, უფრო მაღალი ფასიც აქვს ბაზარზე, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მასწავლებლის ან მეხანძრის მომსახურებას.

ფორმალურ წესს რაც ყოველივე ზემოთქმულს ხსნის, ეწოდება კანონი ზღვრული სარგებლის შემცირების შესახებ. ადამიანები საქონელს მათი ზღვრული (და არა აბსოლუტური) სარგებლის მიხედვით აფასებენ, ამასთან, ეს ზღვრული სარგებელი საქონლის მიწოდების ზრდის კვალდაკვალ მცირდება. საქონლის პირველ ერთეულს ადამიანები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროების დასაკმაყოფილებლად იყენებენ – ეს რაციონალური ქცევაა. მაგალითად: პირველ ლიტრ წყალს – წყურვილის მოსაკლავად, ყოველ შემდეგ ერთეულს კი ნაკლები მნიშვნელობის მიზნებისთვის – მეოცე ლიტრი წყლით დაბანა შეიძლება, მეათასე ლიტრი კი მანქანის გასარეცხადაც არ დაგვენანება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს პრინციპი ხსნის წყლის დაბალ საბაზრო ფასის – მისი მარაგი (ადამიანების საჭიროებებთან შედარებით) იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ერთი ცალკე ლიტრის დაღვრა შეიძლება ისე, რომ ადამიანის ბედნიერებას ბევრი არაფერი მოაკლდეს. ზღვრული ლიტრის მოხმარების შემდეგ, ადამიანებს ჯერ კიდევ რჩებათ ბევრი წყალი წყურვილის მოსაკლავად, ჰიგიენისთვის, ბაღის მორწყვისთვის, მანქანის გასარეცხად და ა.შ. ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ერთი თვალი ბრილიანტის დაკარგვა ნიშნავს, რომ ერთ ქალბატონს თითის გასამშვენიერებელი სამკაული აღარ აქვს და ის ამით მეტისმეტად დადარდიანდება.

ზღვრული სარგებლობის კანონი გასაგებს ხდის, რატომ არის მოთხოვნის მრუდი დაღმავალი – რაც უფრო დაბალია საქონლის ფასი, მით მეტი ერთეულის ყიდვა სურს მომხმარებელს. როდესაც მომხმარებელი საზღვრავს, რამდენი ერთეული იყიდოს, ის გადაწყვეტილებას (ყველა შემთხვევაში) ზღვრული მონაცემის გათვალისწინებით იღებს. დავუშვათ, ბოთლი რძე $2 ღირს. “რძე უფრო მიყვარს თუ ფული?” – მომხმარებელი საკუთარ თავს არ ჰკითხავს. ის სხვა კითხვას უპასუხებს: „ რა მირჩევნია: სტატუს კვო შევინარჩუნო, თუ ორი დოლარით ნაკლები მქონდეს და ერთი ბოთლი რძით მეტი?“ თუ მეორე პასუხი ურჩევნია, ის შეიძენს მინიმუმ ერთ ბოთლ რძეს მითითებულ ფასად.

ერთი ბოთლის ყიდვის შემდეგ, მომხმარებელს, შეუძლია, კვლავ ჰკითხოს საკუთარ თავს: „არსებული ვითარება მაკმაყოფილებს, თუ კიდევ ერთი ბოთლი რძის გადაცვლა ორ დოლარში, უფრო გამაბედნიერებს?“ ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მომხმარებელი ზღვრული ბანკნოტის სარგებლიანობას, მომდევნო რძის ბოთლზე მეტად არ დააფასებს. თუ ჩვენი სავარაუდო მომხმარებელი მე-4 რძის ბოთლის შემდეგ შეჩერდება, ეკონომისტი იტყვის, რომ მოთხოვნის მრუდზე, ამ კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნა ოთხი 2-დოლარიანი ბოთლი რძის ტოლია.

საყურადღებოა, რომ ამ მოდელში მოთხოვნის მრუდი დაღმავალია – ჩვენი მომხმარებელი უფრო და უფრო მეტ ბოთლ რძეს ყიდულობს იმ მომენტამდე, სანამ დოლარის ბანკნოტის ზღვრული სარგებელი მისთვის რძის ბოთლის ზღვრულ სარგებელს არ გადააჭარბებს, ამიტომ კრიტიკული წერტილი მით ადრე დადგება, რაც უფრო მაღალია რძის ფასი. რადგან, რძის უფრო მაღალი ფასის შემთხვევაში, ყოველი დამატებითი ბოთლი, დოლარის ბანკნოტების დარჩენილ რაოდენობას უფრო სწრაფად ამცირებს, ჩვენი მომხმარებელი უფრო სწრაფად მიაღწევს გარდატეხის წერტილს. მაგალითად, თუ ბოთლი რძე 3 დოლარი ეღირება, მომხმარებელმა, შეიძლება, გადაწყვიტოს, რომ მე-4 ბოთლის შეძენა ნაკლებად სურს, ვიდრე საფულეში 3 დოლარის დატოვება და 3-დოლარიანი ფასის შემთხვევაში, მოთხოვნის მრუდზე კრიტიკული წერტილი, 4-ის ნაცვლად, 3 ბოთლი იქნება.

Demand Curve

რა თქმა უნდა, ეკონომისტები თანხმდებიან – რეალურ ვითარებაში, მომხმარებელმა, ყოველი შესყიდვის წინ, შესაძლოა, ნაბიჯ-ნაბიჯ და სიტყვა-სიტყვით გონებაში არ გაიაროს ყველა ზემოჩამოთვლილი საფეხური. მიუხედავად ამისა, ეკონომისტებმა დაადგინეს, რომ ზემოთ აღწერილი ჩარჩო-მოდელი მომხმარებელთა ქცევის ასახსნელად ძალიან სასარგებლოა. მეტიც, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მომხმარებლები მართლაც ამგვარად იღებენ გადაწყვეტილებას, თუნდაც ეს ქვეცნობიერად ხდებოდეს. რეალურ სამყაროში, მომხმარებლები საქონლის მეტ ერთეულს ყიდულობენ, როდესაც ფასი ეცემა. ისინი, გადაწყვეტილების მიღებისას, ერთეული საქონლის ზღვრულ ღირებულებას აფასებენ და არა საქონლის ჯამურ მიწოდებას.

მოთხოვნის კანონი მარტივი ჩანს, მაგრამ პოლიტიკოსებმა მას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციონ! როდესაც სამთავრობო პროგრამა, კეთილი ზრახვებით, აფინანსებს ჯანდაცვის მომსახურების ან საკვების შეძენას, ამ საქონლის ფასი ბენეფიციარის ჯიბისთვის მცირდება. შედეგად, მოქალაქეები ითხოვენ მეტ ჯანდაცვას, ბავშვებზე ზრუნვას, საკვებს და ა.შ. სახელმწიფო სუბსიდიები ამახინჯებს წარმოების სურათს, რადგან რესურსები ისეთი დარგებისკენ მიედინება, რომლებსაც მომხმარებლები, სხვა დარგებთან შედარებით, ნაკლებად აფასებენ. უფრო გასაგები რომ იყოს, კონკრეტულ მაგალითის მოვიტან – ორი განსხვავებული შემთხვევაა, მისცემს თუ არა მთავრობა მოქალაქეს 500 დოლარს მისი სურვილის დასაკმაყოფილებლად თუ კონკრეტული პროგრამის ქვეშ, ვთქვათ, პლაზმური ტელევიზორის შესაძენად. გადასახადის გადამხდელებს ერთიც და მეორეც 500 დოლარი უჯდებათ, მაგრამ მიმღების ქცევაზე ზეგავლენაა განსხვავებული – მეორე შემთხვევა ისეთი რაღაცის ყიდვისკენ უბიძგებს, რასაც, სხვა შემთხვევაში, ალბათ, არ შეიძენდა. იმისთვის, რომ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებებმა სასურველი შედეგი მოიტანოს, კანონმდებლებმა ეკონომიკის კანონები უნდა შეიგნონ!

რატომ არის მიწოდების მრუდი აღმავალი? ზღვრული ხარჯების ზრდის კანონი

მოთხოვნის მრუდი გვეუბნება, მომხმარებლებს უფრო მეტი რაოდენობით პროდუქტის შეძენა სურთ დაბალ ფასში. მიწოდების მრუდი საპირისპიროს გვიჩვენებს: მწარმოებლებს უფრო მეტი პროდუქტის გაყიდვა სურთ მაღალ ფასში. მოთხოვნის მრუდის დაღმასვლა ზღვრული სარგებლის შემცირების კანონის შედეგია, მიწოდების მრუდის აღმასვლა კი ზღვრული ხარჯების ზრდის კანონის შედეგი.

Supply Curve

მომხმარებლების მსგავსად, მწარმოებლებიც ზღვრულ გადაწყვეტილებას იღებენ და შეკითხვა “ფული უფრო მეტად მიყვარს თუ – რძე?” მათთვისაც არაზუსტია. მწარმოებლის კითხვა ასეთია: “რამდენი ბოთლი რძე უნდა ვაწარმოო მოცემულ ფასად?”

ნებისმიერ საწარმოში, განსაზღვრულ ეტაპზე, ყოველი შემდეგი ერთეულის წარმოების დამატებითი ანუ ზღვრული ღირებულება მატულობს. ეს ტექნოლოგიური პროცესია და სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: დამატებითი ნედლეულის ან შრომითი ძალის პოვნის სირთულის გამო, ან იმის გამო, რომ არსებული დანადგარები მხოლოდ გარკვეულ სიმძლავრეზეა გათვლილი, რის შემდეგაც ხარვეზები ჩნდება. მიუხედავად მიზეზისა, დგება მომენტი, როდესაც ზღვრული დანახარჯი უნდა გაიზარდოს. სხვაგვარად რომ იყოს, ერთი ქარხანა შეძლებდა, მსოფლიოს ყველა ავტომობილის წარმოებას და მთელ მოსავალს ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწიდან მოვიპოვებდით. წარმოება ყოველთვის აღწევს მიჯნას, როდესაც, თუნდაც ერთი შემადგენლის გადატვირთვის გამო, საქონლის დამატებითი ერთეულის წარმოება ძალიან ძვირდება.

ზღვრული ხარჯების ზრდის კანონი განმარტავს, რატომ არ ყიდიან თუნდაც ყველაზე წარმატებული მეწარმეები საქონლის უსასრულო რაოდენობას. ვთქვათ, ავტომობილის დამზადება ქარხანას 10,000 დოლარი უჯდება და საბითუმო გასაყიდი ფასი 11,000 დოლარია. იბადება კითხვა: რატომ აწარმოებს, ვთქვათ, 600 ერთეულს წელიწადში, როდესაც 1,200 ავტომობილის დამზადება ორჯერ მეტ მოგებას მოუტანს? 6,000 მანქანის წარმოება კი ათჯერ მეტს? ნამდვილად ასე იქნებოდა, რომ არა ზღვრული ხარჯების ზრდა. ზღვრული ხარჯების ზრდის კანონს თუ გავიგებთ, შემდეგ იოლად დავინახავთ, რომ მომგებიანობა ჩარჩოთია შემოსაზღვრულია და მთლიანი მოგება მაქსიმუმს აღწევს, როდესაც ერთეულის ზღვრული ფასი ზღვრულ ხარჯს უტოლდება. ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ 601-ე ავტომობილის წარმოების ზღვრული ხარჯი უფრო მაღალია, ვიდრე $11,000 საბითუმო ფასი, დამატებითი ერთეულის გაყიდვა (ამ ეტაპზე) მთლიან მოგებას შეამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოების საშუალო დანახარჯი, შეიძლება, $11,000-ზე ბევრად დაბალიც იყოს – ეს მონაცემი სათვალავში მისაღები არ არის, რაკი მწარმოებელი გადაწყვეტილებას იღებს ზღვრულ ერთეულზე და მისი მთლიანი მოგება შემცირდება, თუ 601-ე მანქანას აწარმოებს.

მიწოდების მრუდი ჭეშმარიტია არა მხოლოდ დიდი ბიზნესისთვის. ქარხნის მუშიდან მფლობელამდე, ყველა იღებს გადაწყვეტილებას – გაყიდოს თუ არა მისი შრომა და რა ფასად. ზღვრული სარგებლის კანონი აქაც მუშაობს. მაგალითად, ვინმეს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, შრომის 10 საათი ერთი კვირის განმავლობაში საათში 15 დოლარად გაყიდოს, რადგან ისეთ სამუშაოს ეძებს, სხვა საქმეებისთვისაც რომ დარჩეს დრო. მისი შრომის დამატებითი 10 საათის ფასი, ამ შემთხვევაში, ბევრად მაღალი იქნება, რადგან იზრდება ამ საათების ხარჯიც (ოჯახს, ჰობის ან სხვა საქმეებს მოწყვეტა). ადამიანმა, შეიძლება, 10 საათზე მეტი შრომა არც გაყიდოს, მიუხედავად შემოთავაზებული საათობრივი ანაზღაურებისა – ისევ და ისევ მზარდი ზღვრული ხარჯების გამო. თუ დამსაქმებელს სურს, მეტი სამუშაო ძალა დაიქირაოს, უფრო მაღალი ხელფასის გადახდა მოუწევს, იმისთვის რომ დაქირავებული დაარწმუნოს, დრო სხვაგვარად გადაანაწილოს.

კანონმდებლებმა უნდა გაიგონ ეკონომიკის კანონები, მოთხოვნას ეხება თუ მიწოდებას. მაშინ მათთვის აშკარა გახდება, რომ ბიზნესის დაბეგვრა მწარმოებლისთვის ერთეული საქონლის ზღვრულ მოგებას ამცირებს, შესაბამისად, აბრკოლებს წარმოების ზრდას. რეგულაციები ზრდის ბიზნესის კეთების ღირებულებას, შესაბამისად, ისიც წარმოებას ამცირებს.

რასაც გვერდს ვერ აუვლი: გაუთვალისწინებელი ზიანის კანონი

როდესაც ადამიანები არღვევენ იმ ქვეყნის კანონს, სადაც ისინი ცხოვრობენ, მათ, როგორც წესი, საფასურის გადახდა უწევთ: ეს შეიძლება იყოს ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან, უფრო მძიმე შემთხვევებში, – ციხე. ზოგჯერ დამნაშავე პასუხისგებას დაუსხლტება ხოლმე, ვინაიდან დანაშაულის დამტკიცება შეუძლებელია.
ასე ხდება, როდესაც პოლიტიკოსები ეკონომიკური კანონებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ. რა თქმა უნდა, მათი მცდელობა უშედეგოა – როგორც არ უნდა მოინდომო, ეკონომიკურ კანონს გვერდს ვერ აუვლი, მხოლოდ შეგიძლია სცადო, რომ არ შეიმჩნიო. მაგრამ ამ წარუმატებელ მცდელობებს გაუთვალისწინებელი შედეგები მოაქვს – აზიანებს მოქალაქეებს, ვისაც, ხშირად, არც ესმით, რა მოხდა და ვინ გამოიწვია პრობლემა.

სიმინდის ეთანოლის სუბსიდია აშშ-ში, ამის ნათელი მაგალითია. წლების განმავლობაში, კონგრესი უგულებელყოფდა იმ ინფორმაციას, რასაც ეთანოლზე საბაზრო ფასები ეუბნებოდა – ბენზინის შემცვლელად ან დანამატად ეთანოლი მეტისმეტად ძვირია. მიუხედავად ამისა, კონგრესი განაგრძობდა სუბსიდირებას და ეთანოლის გამოყენებას ჰაერის დაბინძურებითა და უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების მიზეზით ასაბუთებდა.

ამ პოლიტიკის შედეგებს ახლა ვიმკით – სიმინდის ფასი გაიზარდა, რადგან გაიზარდა მოთხოვნა. პირველებმა ეს იმათ იგრძნეს, ვისი კვების რაციონი სიმინდზე, როგორც ძირითად პროდუქტზე იყო დამოკიდებული – ტორტილიაზე ფასის გაორმაგებამ მეხიკოში მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მაგრამ ფასების ზრდას უკვე შტატებშიც ვხედავთ – ცხოველის საკვებზე გაზრდილი ფასი იწვევს ფრინველის, ღორის და კვერცხის ფასების ზრდას. მათ მისდევს გამაგრილებელი სასმელების ფასიც, სადაც სიმინდის სიროფს იყენებენ.

ეთანოლის პოლიტიკის კიდევ ერთი შედეგია ის არის, რომ სიმინდის გაზრდილი წარმოება დასავლეთ და შუა-დასავლეთ შტატებში წყლის მიწოდებაზე ახდენს გავლენას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაცემებით, ”ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წყლის რესურსები უკვე მნიშვნელოვნად არის შემცირებული… ბიოსაწვავის წარმოების ზრდა, სავარაუდოდ, კიდევ მეტად გააძლიერებს ზეწოლას და წყლის რესურსების მართვას ახალი გამოწვევების წინაშე დააყენებს, რის ნიშნებს უკვე ვხედავთ“. გარემოსდამცველები, რომელთაგან ბევრი სუბსიდიების მომხრე იყო, მათი პოლიტიკის შედეგებს აცნობიერებენ.

ყველა პოლიტიკოსი, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ეკონომიკის საფუძვლების ცოდნით დიდ სარგებელს მიიღებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ეკონომიკური კანონებიდან შეიძლება გამოვიტანოთ, ალბათ, ისაა, რომ პოლიტიკაშიც არის საზღვრები. იმის ცოდნა, თუ სად გადის ეს საზღვრები და რა არის ბაზარზე ინდივიდისთვის ყველაზე სასარგებლო, ბევრ გაუთვალისწინებელ შედეგს აგვარიდებს და ბევრ მიყენებულ ზიანს აღმოფხვრის.

©Arthur B. Laffer – Thinking Economically. Texas Public Policy Foundation, 2008
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ართურ ლაფერი – გაკვეთილი მეორე: რა ღირს?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: