ევროპის კელტი ვეფხვი – ირლანდია

ართურ ლაფერი, სთივენ მური, დითერ ჯეი თანასი

სოციალიზმს – არა, ლაფერის მრუდს – კი
კეთილდღეობის დასასრული: როგორ დაღუპავს მაღალი გადასახადები ეკონომიკას, თავი 9

“ირლანდიური სასწაული”

რეიგანის რევოლუციის შემდეგ, მიწოდების ეკონომიკის ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ისტორია ირლანდიის ეკონომიკური სასწაულია. ირლანდია მიწოდების მხარეს მაშინ გადავიდა, როცა დაცემული იყო და, როგორც ჩანს, უშედეგოდ სცადა ყველა სხვა ალტერნატივა.

ნახევარი საუკუნის წინ ირლანდიელები მიახლოებით 8 მილიონი იყვნენ, მაგრამ 1980 წლისთვის ირლანდიის მოსახლეობა 5 მილიონამდე შემცირდა (მათგან 4 მილიონი ცხოვრობდა ირლანდიის რესპუბლიკაში), ამერიკელ ირლანდიელთა რაოდენობა რამდენიმეჯერ აღემატებოდა უშუალოდ ირლანდიის მცხოვრებთ. 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში ირლანდია „საყოველთაო კეთილდღეობის“ სახელმწიფოდ[1] იქცა, მაღალი გადასახადებით, უხვი შეღავათებით უმუშევართათვის და მრეწველობით, რომელიც სულს ღაფავდა. არის ასეთი ფილმი „ვალდებულებები“[2] ირლანდიურ როკ ჯგუფზე, რომლის რამდენიმე წევრი მთავრობისგან სოციალურ დახმარებას იღებს. „მუშაობას ეს არა სჯობს?”, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი, როდესაც ჰკითხავენ, თუ რატომ დგას ყოველთვიური დახმარების გრძელ რიგში. რეალურ ცხოვრებაშიც ასე იყო და ირლანდიის მშპ კი ამ დროს მცირდებოდა.

ყველაფერი შეიცვალა 1990-იან წლებში. სოციალური დახმარებების სისტემის რეფორმა; სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია და, რაც მთავარია, კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება 48 პროცენტიდან 12,5 პროცენტამდე – ის არამხოლოდ ყველაზე დაბალი იყო ევროლენდში, არამედ კონტინენტზე საშუალო განაკვეთის მხოლოდ მესამედს შეადგენდა.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში:

დეკადაში პირველად, იმატა მოსახლეობის რაოდენობამ (5,7 მილიონამდე);

ევროპის მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად გაიზარდა მშპ;

ათასზე მეტმა საერთაშორისო კომპანიამ, როგორებიცაა Intel, Bristol-Myers, Squibb, Microsoft, Dell და Motorola ირლანდიაში გახსნა ოფისები.

2000 წლისთვის, ირლანდიის ეკონომიკის ზრდის ტემპმა წელიწადში საშუალოდ 8,7 პროცენტს მიაღწია, უმუშევრობის დონე კი (რომელიც 1988 წელს 16,3 პროცენტამდე გაიზარდა, რასაც ჩვენ დეპრესიად მივიჩნევთ), 5 პროცენტს ჩამოცდა. და რაც, ალბათ, ყველაზე გასაოცარია, კორპორაციული გადასახადის ყველაზე დაბალი განაკვეთით მთელს ევროპაში, ირლანდიის ბიუჯეტის პროფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად, ყველაზე მაღალი იყო (Sean Dorgan, “How Ireland Became the Celtic Tiger,” Heritage Foundation, June 23, 2006). 1980 წლიდან დაწყებული გადასახადების შემცირებამდე, ირლანდიამ 1,2 მილიარდი დოლარის საშემოსავლო გადასახადი შეაგროვა, 1997 წლისთვის კი ეს მონაცემი უკვე $5,1 მილიარდს გაუტოლდა. კაპიტალის მოგების გადასახადის განაკვეთის შემცირებათა სერიის შემდეგ, 1993-1998 წლებში მიღებული შემოსავალი 60 პროცენტით გაიზარდა[3].

ქარლ შრამმა, ქაუფმანის ფონდის პრეზიდენტმა კოხტად შეაჯამა ირლანდიის ფერისცვალება:

ეკონომიკური დუღილის საუკეთესო მაგალითი ირლანდიაა, რომელსაც სულ რაღაც 30 წლის წინ ისე უყურებდნენ, როგორც ევროპის ღატაკ ბიძაშვილს და დღეს მსოფლიოში ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტით იწონებს თავს. ირლანდიამ შეძლო და დაბალი კორპორაციული გადასახადის განაკვეთების, განათლებაში დიდი ინვესტიციების და უცხოური კაპიტალდაბანდებებისთვის ღია კარის პოლიტიკის გამოყენებით, ჯადოსნური ეკონომიკური მოგზაურობა დაიწყო.
Carl Schramm and Robert E. Litan, “Can Europe Compete?” Commentary Magazine, September 2007

ამ ყველაფრიდან ყველაზე დიდი ხეირი დაბალი და საშუალო შემოსავლის დასაქმებულებმა ნახეს[4]. 1985 წლიდან 2004 წლამდე, საშუალო საათობრივი ხელფასი საწარმოებში 126 პროცენტით გაიზარდა იმ დროს, როდესაც მრავალ ინდუსტრიულ ქვეყანაში ხელფასები მცირდებოდა. ირლანდიელები ერთ სულ მოსახლეზე ორჯერ უფრო მდიდრები არიან დღეს, ვიდრე 1980 წელს იყვნენ, რადგან რეალური მშპ 8,019 აშშ დოლარიდან 18,772 დოლარამდე გაიზარდა.

1991 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გერმანიაში ორჯერ აღემატებოდა ირლანდიისას. 2004 წლისთვის ირლანდიაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით 25,100 ევრო შეადგინა და გადაასწრო გერმანიის 21,700 ევროს. 15 წელიც არ დასჭირვებია – ირლანდიამ ევროპაში ბოლო ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა. ამას ჰქვია ეკონომიკური განვითარება ელვისებური სისწრაფით.

ირლანდიიდან ტვინების გადინება, რომელიც 1845 წლის შიმშილის დროს დაიწყო და თითქმის შეუჩერებელი იყო მომდევნო 150 წლის განმავლობაში, საბოლოოდ იცვალა მიმართულება – დღეს საუკეთესო ტვინები ირლანდიისკენ მიისწრაფვიან – ქვეყანა წელიწადში 50,000 ახალმოსახლეს იღებს. უმუშევრობის დონე კი 18-დან 5 პროცენტამდე დაეცა (Carl Schramm and Robert E. Litan, “Can Europe Compete?” Commentary Magazine, September 2007).

Figure 9-1 Ireland Unemployment Rate

ქვეყანამ იმდენი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და იმდენი კომპანია მიიზიდა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატები ირლანდიის “საგადასახადო ბრაკონიერობაზე” აწუწუნდნენ. მათ ასე შეარქვეს კაპიტალის მოზიდვის მიზნით, ევროპელ კონკურენტებზე დაბალ ნიშნულამდე გადასახადების შემცირებას (Sean Dorgan, “How Ireland Became the Celtic Tiger,” Heritage Foundation, June 23, 2006). ეს პროტესტი იმის აღიარების ტოლფასია, რომ გადასახადებს მართლა ჰქონია მნიშვნელობა. ირლანდია ევროპის კელტური ვეფხვია (ისევე, როგორც ჰონგ კონგი, სინგაპური და ტაივანი იყვნენ “აზიური ვეფხვები” 1980-იან და 1990-იან წლებში). დაბალმა გადასახადებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკონომიკის ამ გასაოცარ გაჯანსაღებაში. ირლანდიური როკ ჯგუფის U2-ის უკვდავი სიტყვებით, რომ ვთქვა, ირლანდიისთვის “მშვენიერი დღეა”[5].

ჯანმრთელი, მდიდარი და ბრძენი – გაუძლებს თუ არა ერთი კალათა სამ ვაშლს?

ჩვენ მოგაწოდეთ რამდენიმე დამაჯერებელი საბუთი, რომ გადასახადების მაღალი განაკვეთები თვითგამანადგურებელი ეკონომიკური სტრატეგიაა, ვინაიდან ისინი ამცირებენ წარმოებას და აზიანებენ ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, მაგრამ კრიტიკოსები გვეუბნებიან: ეკონომიკური ზრდა ყველაფერი არ არის. რატომ გავიწყდებათ ცხოვრების ხარისხი? გარემოს დაბინძურება? თანასწორობა? ჯანმრთელობა? არ გვავიწყდება – ჩვენ ვეთანხმებით – ეს ყველა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია.

წლებია უკვე, გამოჩენილი მეცნიერები და მმართველები, გარდაცვლილი დიდი ამერიკელი ეკონომისტის, ჯონ ქენეთ გელბრეითის კვალდაკვალ, მხარს უჭერენ მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ეფექტურობის და სამართლიანობის მისაღწევად გარკვეული თავისუფლებები უნდა დავთმოთ (John Kenneth Galbraith, “The Affluent Society“). თუ ამერიკელებს სული შეეხუთებათ ჰაერით, რომლითაც სუნთქავენ, მშპ-ს სწრაფი ზრდით ისე გულიანად ვეღარ დატკბებიან, – თქვა ერთხელ გელბრეითმა. დღემდე ვისმენთ ქება-დიდებას ამერიკელი ინტელექტუალები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემების მიმართ რომ აღავლენენ ხოლმე, კანადური იქნება თუ კუბურიც კი. ეგებ, მოქალაქეები ან ერები მზად იყვნენ ცხოვრების ხარისხის (როგორიცაა სუფთა გარემო და თანასწორობა) გაუმჯობესებისთვის ეკონომიკური ზრდა დათმონ, მაგრამ საკითხავია, გარდაუვალია თუ არა ასეთი მსხვერპლი?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ გამოვიკვლიეთ, არის თუ არა ეკონომიკური თავისუფლება და ზრდა სხვა მონაცემებთან კავშირში და მივედით სასიხარულო დასკვნამდე: რაც უფრო თავისუფალია ერი, მით უფრო მდიდარი და ჯანმრთელია მისი მოსახლეობა[6].

Cato Institute-ის ყოველწლიურ კვლევაში პროფესორებმა ჯეიმს გვორთნიმ, რობერთ ლოუსონმა და უოლთერ ბლოქმა ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით შეაფასეს ოთხმოცი ქვეყანა და გადაანაწილეს A-დან (ყველაზე თავისუფალი) F-მდე (ყველაზე ნაკლებთავისუფალი) (James Gwartney, “Economic Freedom of the World Report”, Cato Institute). ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ყველაზე თავისუფალი ქვეყნებში 18,000 აშშ დოლარია. ყველაზე ნაკლებთავისუფალ ქვეყნებში კი – $1,700, მიახლოებით ათჯერ დაბალი.

ორასი წლის წინ, ადამ სმითს უკვე ესმოდა ეს. მან იწინასწარმეტყველა, რომ საბაზრო ეკონომიკა, რაც სმითმა განსაზღვრა, როგორც “საქონლის გადაზიდვის, გაცვლისა და ვაჭრობის თავისუფლება”, ეკონომიკური ზრდის მძლავრი ძრავაა (Adam Smith, „The Wealth of Nations“). მაგრამ როგორია “A” კატეგორიის ქვეყნებში კეთილდღეობის სხვა პარამეტრები?

საზოგადოებაში ჯანმრთელობის საუკეთესო საზომი სიცოცხლის ხანგრძლივობაა. სიცოცხლის ხანგრძლივობა მოიცავს ჯანმრთელობის გაუმჯობესების ყველა სხვა ტენდენციას: ჩვილთა სიკვდილიანობას, დაავადებებს, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხს, კვებას და ა.შ. როგორც სურათი 9-2 გვიჩვენებს, თავისუფალ ქვეყნებში ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არსებითად უფრო ხანგრძლივია (თითქმის ოცდაათი წლით), ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე შეზღუდვებს აწესებენ (Stephen Moore and Julian Simon, “It’s Getting Better All the Time,” Cato Institute, 2001).

Figure 9-2 Economic Freedom and Prosperity

თუ დამატებითი საბუთი გვსურს, გადავხედოთ ქვეყნებს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თავისუფალ და არათავისუფალ წყვილებად რომ გაიყვნენ. სიცოცხლის ხანგრძლივობა სამხრეთ კორეასა და ტაივანში ბევრად აღემატება ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს (თუმცა ჩინეთი სწრაფად მიიწევს წინ). ბერლინის კედლის დაშლის დროისთვის, სიცოცხლის ხანგრძლივობა დასავლეთ გერმანიაში ხუთი წლით აღემატებოდა აღმოსავლეთ გერმანიას (Julian Simon, “Communism-Capitalism-Economic Development: Implications for U.S. Economic Assistance,” Heritage Foundation, December 8, 1989).

მათთვის, ვინც ჩვენსავით მიიჩნევს, რომ ადამიანის თავისუფლება ცალსახა სიკეთეა და სიღარიბე ცუდია, გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ადამიანები არამხოლოდ უფრო მდიდრები არიან, საბედნიეროდ, ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლით ცხოვრობენ, შესაბამისად, ყველაზე ჯანმრთელებიც არიან – ეს ძალები ხელდახელ თანამშრომლობენ, აძლიერებენ ერთმანეთს და აუმჯობესებენ ადამიანის ყოფას.

ადამიანი, რომლის დამსახურებაც ევროპის კონტინენტის კომუნისტური უღლისგან გამოხსნაში ყველაზე დიდია, ვინც ბერლინში ბატონ გორბაჩოვს უთხრა, „დაანგრიეთ ეს კედელი“, იყო რონალდ რეიგანი, მაგრამ, საარაკო ამბავია, მთელს ევროლენდში რეიგანის მხოლოდ ორი ქანდაკება დგას – ერთი ბუდაპეშტში, რომელიც ამერიკელის დაფინანსებით აღმართეს და მეორე – ვარშავაში, პოლონეთში დადგეს 2007 წლის 4 ივლისს (Stephen Moore, “Reaganomics 2.0,” Wall Street Journal, August 31, 2007). ესეც თქვენ მადლიერება[7].

შესაძლოა, ევროპელებს კიდევ ერთი მიზეზი აქვთ, მადლობა გადაუხადონ რეიგანს. სწორედ რეიგანომიკის გამოყენებით დაიხსნა ევროპის ბევრმა ქვეყანამ თავი ცოცხალ- მკვდრების ეკონომიკური ჭაობიდან. რეიგანმა არამხოლოდ კომუნიზმის კედელი დაანგრია, არამედ დაშალა მაღალი გადასახადების კედლები, რომლებიც ასევე სპობდა ევროპას.

აქ მივადექით ამ ამბის მწარე მხარეს: ოცდახუთი წლის განმავლობაში რეიგანის ეკონომიკის მოდელმა იმდენი სიმდიდრე და კეთილდღეობა შექმნა შეერთებულ შტატებში, რომ დანარჩენი მსოფლიო ახლა მას ჰბაძავს. ჩვენთან კი ალაპარაკდნენ უფრო მაღალ საშემოსავლო, კაპიტალის მოგების, დივიდენდის გადასახადებზე, ხელფასების, ენერგომატარებლების, ჰეჯ-ფონდების დაბეგვრაზე.

მემარცხენეები მოთქვამენ, რომ გადასახადების შემცირების პოლიტიკა, რასაც მთელ მსოფლიოში ვადევნებთ თვალს, უბრალოდ ხრიკია, იმისთვის, რომ ზე-მდიდრებმა მთავრობებს „დაღმავალი რბოლისკენ“[8] უბიძგონ, კიდევ მეტად რომ გამდიდრდნენ თავად, ყველაზე ღატაკებს კი, რბოლის ბოლოს, ღვეზელის მცირე ნაჭერი გადაუგდონ. მაგრამ ეს მრუდე სარკეა, სადაც ყველაფერი, რაც მიწოდების ეკონომიკის ქვეყნებში ხდება, მცდარად აირეკლება.

გლობალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და დაბალი საშემოსავლო გადასახადების წყალობით, 2002 წლიდან 2007 წლამდე მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად 6%-ით იზრდებოდა (ყველაზე სწრაფად, რაც კი ოდესმე ყოფილა). გაეროს 2008 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 1985 წლიდან დაწყებული 2015 წლამდე, სიღარიბის გლობალური მაჩვენებელი განახევრდება. ეს შეეხება 600 მილიონზე მეტ ადამიანს (უფრო მეტს, ვიდრე დაიღუპა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ერთად აღებული) ვინც თავს დააღწევს სიღატაკესა და გაჭირვებას (Jerome C. Glenn and Theodore J. Gordon, 2007 State of the Future Report, United Nations). თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებას ვენდობით, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ადამიანური ტრიუმფის მომსწრენი ვხდებით. ანგარიშის თანახმად, სიღარიბის შემცირების დიდი წილი ორ ქვეყანაზე – ჩინეთსა და ინდოეთზე მოდის, ვინც ღია ბაზრის, დაბალი გადასახადებისა და კაპიტალიზმის გზას დაადგნენ. ეს შესანიშნავი ამბავია და გვიჩვენებს მიმართულებას, თუ ადამიანების გაჭირვებიდან და სიღატაკიდან გამოხსნა გვსურს.

შემაშფოთებელია, რომ ახლა ამერიკა ნებაყოფლობით თმობს ოცდახუთწლიან უპირატესობას გლობალურ ეკონომიკაში, რაც ინდუსტრიულ სამყაროში თითქმის ყველაზე დაბალ საგადასახადო განაკვეთებზე იდგა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ჩვენივე პოლიტიკოსების სიბრიყვით ხდება, ვინც თავს იტყუებს, თითქოს საგადასახადო განაკვეთების ზრდა შესაძლებელია უარყოფითი შედეგების გარეშე, სწორედ იმ დროს, როდესაც რუსები, შვედები, პოლონელები, ჩინელები, გერმანელები და ფრანგებიც კი ხვდებიან, რა ხეირს მოუტანს მათ გადასახადების შემცირება. ტენდენცია თუ გაგრძელდა, ამ ამბავს ამერიკისთვის ბედნიერი დასასრული ვერ ექნება.

©Arthur B. Laffer, Stephen Moore, Peter J. Tanous – The End of Prosperity: How Higher Taxes Will Doom the Economy If We Let It Happen. Simon and Schuster, 2009
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Welfare State – იმ ტიპის სახელმწიფო მოწყობაა, სადაც სახელმწიფო ეკონომიკაში მთავარი მოთამაშის როლს ასრულებს საყოველთაო კეთილდღეობის, სოციალური დაცვის, საყოველთაო დასაქმების და ა.შ. მოტივით. მთავარი ამოსავალი წერტილი სიმდიდრის თანაბარი განაწილების პრინციპია, რისთვისაც სახელმწიფო ზრდის გადასახადებს და სახელმწიფო ხარჯებს და, დეფიციტის დასაფარად, შემდეგ კვლავ უწევს გადასახადების ხელახალი გაზრდა.

(2)The Commitments – ალან ფარსონსის 1981 წლის ფილმი ირლანდიელ მუსიკოსებზე.

(3) წიგნის მე-10 თავში ავტორები მიმოიხილავენ კორელაციას კაპიტალის მოგების გადასახადის განაკვეთსა და დასაბეგრ ბაზას შორის. იმ წლებში, როდესაც გადასახადი ყველაზე დაბალი იყო, მაქსიმალური იყო საგადასახადო შემოსავალი ბიუჯეტში.

 Figure 10-1 Lower Tax More Revenues

(4)Rank-and-file workers – დასაქმებულთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვან ფენას წარმოადგენენ, ისინი, ვისაც არ უკავია მენეჯერის პოზიცია და არ ფლობს ბიზნესს.

(5)ირლანდიის კოლეგა-კონკურენტმა ქვეყნებმა თავისი (ნაწილობრივ) მაინც გაიტანეს (136 ქვეყანა მინიმალურ 15%-იან კორპორაციულ გადასახადზე შეთანხმდა).

(6) თავისუფლება და დემოკრატია = წარმატებას, კეთილდღეობას და სიმდიდრეს. ამ დასკვნამდე მივიდნენ დარონ აჯემოლუ და ჯეიმზ რობინსონი. ამონარიდი მათი ერთი ნაშრომიდან ნათარგმნიც მაქვს (ეკონომიკური სტრუქტურა და დემოკრატია).

(7)თბილისში რეიგანს ძეგლი 2011 წელს დაუდგეს.

(8)ტერმინი Race to the bottom XIX საუკუნეში გაჩნდა და კონკურენციის, გლობალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობის, დერეგულირების, გადასახადების შემცირების გამო, წარმოების და შრომის სტანდარტების დაქვეითებას ვარაუდობდა. ლიბერალური ეკონომიკური ხედვა განსხვავებულია და ავტორების მიერ მოტანილი მონაცემებითაც დასტურდება.
___

მიწოდების ეკონომიკის ანი და ბანი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: