მიწოდების ეკონომიკის ანი და ბანი

ართურ ლაფერი, სთივენ მური, დითერ ჯეი თანასი

როგორ შეცვალა სამყარო ხელსახოცმა: ლაფერის მრუდი
კეთილდღეობის დასასრული: როგორ დაღუპავს ეკონომიკას მაღალი გადასახადები (თუკი ამის ნებას მივცემთ), თავი 2

მიწოდების ეკონომიკის ანი და ბანი

რა თქმა უნდა, მიწოდების ეკონომიკის სკოლა უფრო მეტ საკითხს მიმოიხილავს, ვიდრე მხოლოდ მაღალი საგადასახადო განაკვეთების მავნე ზემოქმედებაა, რასაც ლაფერის მრუდი ასახავს. მემარცხენეებს გამორჩეულად უყვართ მიწოდების ეკონომისტების პაროდიულად წარმოსახვა, თითქოს მათ სჯეროდეთ, რომ „გადასახადების შემცირება მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაწყვეტაა“. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. გადასახადები მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი სკოლის ფოკუსშია წარმოებული საქონლისა და მომსახურების მიწოდების წახალისება ყველანაირი გზით (და დაბრკოლებების გაუქმებით).

მიწოდების თეორია გადასახადების შემცირებასთან ერთად სხვა, აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებსაც ეფუძნება:

  • თავისუფალი ვაჭრობა.
  • სტაბილური ფასები და მყარი ფულადი ერთეული[1].
  • მრეწველობის მსუბუქი და ეფექტური რეგულირება.
  • სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა შრომის წახალისების მიზნით.
  • ღია/ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა.
  • ნაკლებად ძვირი და უფრო ეფექტური მთავრობა.

მომდევნო თავებში გიჩვენებთ, თუ როგორ დაირღვა ეს პრინციპები 30-იანი წლების დიდი დეპრესიისა და 70-იანი წლები სტაგფლაციის დროს (როდესაც ფასები იზრდებოდა წარმოების შემცირების პარალელურად). შედეგად ამან დასაქმებულთა გაღატაკება და წარმოების საშუალებების განადგურება მოიტანა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ამორალური ქმედებაა, რომელიც კი მთავრობამ შეიძლება მოქალაქეების მიმართ ჩაიდინოს.

„შხეფური“ ეკონომიკა[2]

ეს არის ტერმინი, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი მიწოდების ეკონომიკის სწავლების მიმართ იყენებს ხოლმე. ისინი ამბობენ, რომ მიწოდების ეკონომიკა სინამდვილეში ემყარება თეორიას, რომ თუ მდიდრებს (შემოქმედებით და შრომისმოყვარე ადამიანებს) საკმარის საგადასახადო შეღავათებს მივცემთ, მათი ქონების მატების შემდეგ, უფრო ღარიბი და ნაკლებ იღბლიანი დასაქმებულებიც ნახავენ მცირე სარგებელს, როდესაც პირველთა გაზრდილი სიმდიდრის წვეთები მათაც მიეშხეფებათ.

ექსპერტები ხმის ჩახლეჩამდე მსჯელობენ კლასობრივი ომის და შემოსავლის განაწილების თემაზე. მოდით, დაუსრულებელი დებატების ნაცვლად, ბოლო ოცდაათი წლის შემოსავლებს გადავხედოთ. ზოგი სტატისტიკური მონაცემის კორექცია საჭიროა, იმისთვის რომ ამ დროის განმავლობაში მომხდარი სხვადასხვა ცვლილება ასახოს – მაგალითად, გასათვალისწინებელია, რომ ერთ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის გადამხდელთა საშუალო რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდებოდა, ამიტომ საშუალო შემოსავალი საგადასახადო დეკლარაციაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მატებას არაზუსტად ასახავს. ასევე, სტატისტიკურ მონაცემებში არ არის ასახული რიგი გადახდები (როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა), რომელიც დროთა განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა და შემოსავლის მიმღებთა ქვედა 50 პროცენტს უფრო ასარგებლებს, ვიდრე – მდიდრებს.

ცხრილი 2-1 გვიჩვენებს, რომ გადასახადის გადამხდელთა ზედა 1 პროცენტის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლის წილი 1980 წლის 9 პროცენტიდან დღევანდელ 21 პროცენტამდე გაიზარდა. გადასახადის გადამხდელთა ქვედა 50 პროცენტის წილი კი 18 პროცენტიდან 13 პროცენტამდე დაეცა. ეს მონაცემი ადასტურებს – შემოსავლის განაწილება ახლა ნამდვილად ნაკლებთანაბარია. მდიდრები მართლაც უფრო მდიდრდებიან და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მიწოდების ეკონომიკური პოლიტიკის მიღების შემდეგ, როგორიცაა მყარი ფული, დაბალი გადასახადები, თავისუფალი ვაჭრობა, უფრო თავისუფალი იმიგრაცია, ნაკლები პროფესიული კავშირები, ნაკლები რეგულაცია – სია, შეგვიძლია, გავაგრძელოთ. შემოსავლების არათანაბრად განაწილება რეალობაა და მისი უარყოფა ძნელია. არც უარვყოფთ. ეს ხდება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ – მთელ მსოფლიოში.

Table 2-1 Share of Economy

მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს – შემოსავლის მზარდი არათანაბარი განაწილება მიწოდების ეკონომიკის დროს, მილიონობით ამერიკელის სწრაფად, წარმოუდგენლად, შეუდარებლად გამდიდრების შედეგი იყო და არა ღარიბების მეტად გაღატაკებისა. იმ ადამიანების დიდი უმრავლესობა, ვინც ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში გამდიდრდა, ამ პერიოდის დასაწყისში მდიდარი არ ყოფილა. მათგან ბევრი საშუალო-დაბალი კლასის წარმომადგენელი იყო ან – ღარიბი (Department of the Treasury, “Income Mobility in the U.S. from 1996 to 2005,” November 2007). ამერიკამ კეთილდღეობისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზა ხერგილებისგან გაათავისუფლა და ეკონომიკური შესაძლებლობების საზოგადოებად იქცა. და ქონების მატების შესაძლებლობით მართლაც დიდი რაოდენობით მეწარმე ადამიანმა ისარგებლა. ასეთია ამერიკული გზა.

კიდევ ერთი ამბავი: ყველაზე მაღალშემოსავლიან პირებზე გადასახადის განაკვეთის შემცირებამ ის განაპირობა, რომ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებს, მიწოდების ეკონომიკის ეპოქაში, მთლიან აკრეფილ გადასახადებში უფრო დიდი წილი შეჰქონდათ, ვიდრე – იქამდე. ამ საგადასახადო ისტორიის გასაოცარი ამბავია: 1970-იანი წლების ბოლოდან გადასახადის განაკვეთები განახევრდა, მდიდრების მიერ გადახდილი გადასახადი კი – გაიზარდა. დაბალმა საგადასახადო განაკვეთებმა საგადასახადო სისტემა უფრო პროგრესული გახადა.

Figure 2-2 The Rich Pay More

ვიცით მემარცხენე კრიტიკოსთა გამორჩეულად ხმოსანი ჯგუფი, მდიდრებიდან ღარიბებზე შემოსავლის გადანაწილების გეგმის ირგვლივ რომ მოუყრია თავი.

რობერთ ეიჩ ფრანქი, ეკონომისტი Cornell-იდან, წერდა:

პროგრესულ დაბეგვრას შურთან არ აქვს საქმე. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი პირები დაეპატრონენ ყველა შემოსავალსა და ყველა ქონების ლომის წილს. ყველგან ისინი არიან, სადაც ფულია. თუ ჩვენ უნდა გავიღოთ იმ საჯარო სერვისების საფასური, მათ და სხვებს რომ სჭირდებათ, ამ საგადასახადო ტვირთის არაპროპორციული წილი მათ უნდა ზიდონ.
Robert Frank, “Reshaping the Debate on Raising Taxes,” New York Times, December 9, 2007

პროფესორო ფრანქ – ისინი უკვე იხდიან საგადასახადო ტვირთის არაპროპორციულად მაღალ წილს. თუ შემოსავლების შკალის ზედა 50 პროცენტს საშემოსავლო გადასახადის ერთობლივ შენატანში თანხის 97 პროცენტი შეაქვს, რამდენი გსურთ, რომ მდიდრებმა გადაიხადონ? 100 პროცენტს მაინც ვერ ასცდებით.

ჩვენ განსხვავებულ სტრატეგიას ვარჩევთ, რომელიც არ არის დაფუძნებული სიხარბეზე ან შურზე ან მდიდრების განკულაკებაზე. ჩვენი მიზანი ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მეტად გამდიდრებაა. როგორც პრეზიდენტმა ქენედიმ თქვა: “ვერც ერთი ამერიკელი ვერაფერს იგებს მისი თანამემამულე ამერიკელი თუ წაიქცევა და ყველა ამერიკელი ხეირობს, როცა რომელიმე ჩვენგანი ნახულობს ხეირს. ტალღის ზრდასთან ერთად, ყველა ნავი მიიწევს ზევით. (Arthur B. Laffer, “The Virtues of the Invisible Hand,” Laffer Associates, June 5, 2008)

©Arthur B. Laffer, Stephen Moore, Peter J. Tanous – The End of Prosperity: How Higher Taxes Will Doom the Economy If We Let It Happen. Simon and Schuster, 2009
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Sound money – ჯანსაღი ფული ჰქვია ფულის ერთეულს, რომლის მსყიდველობითი უნარი სტაბილურია და უეცარი რყევების მიმართ მდგრადია.

(2)”Trickle Down” Economy – ქართულად წვეთ-წვეთად ჟონვას ნიშნავს. ლაფერი თავად განმარტავს ტექსტში ამ ტერმინის.
___
კეთილდღეობის ოთხი მკვლელი
ევროპის კელტი ვეფხვი – ირლანდია

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: