კეთილდღეობის ოთხი მკვლელი

ართურ ლაფერი, სთივენ მური, დითერ ჯეი თანასი

მოახლოებული ეკონომიკური ქარიშხალი
კეთილდღეობის დასასრული: როგორ დაღუპავს ეკონომიკას მაღალი გადასახადები (თუკი ამის ნებას მივცემთ), თავი 1

კეთილდღეობის ოთხი მკვლელი

1930-იან და 1970-იან წლებში აშშ-ს ეკონომიკაში ოთხი საშიში მკვლელი გამოჩნდა და კეთილდღეობასა და მზარდ ბაზრებს დაემუქრა.

ესენია:

  • სავაჭრო პროტექციონიზმი.
  • გადასახადებისა და გაუმაძღარი სახელმწიფო ხარჯების ზრდა.
  • ახალი რეგულაციები და სახელმწიფოს მზარდი ჩარევა ეკონომიკაში.
  • მონეტარული პოლიტიკის შეცდომები.

რას მივიღებთ მცდარი პოლიტიკის შედეგად? ისევ და ისევ 70-იან წლებს, რაც, მგონი, კარგი ჭკუის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ფასების ზრდის ათწლეული, რაც 5 პროცენტით დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა 6 პროცენტით, შემდეგ – 9 პროცენტით, შემდეგ – 11 პროცენტით, სანამ ჯიმი ქართერმა მმართველობის ბოლო თვეები 14 პროცენტიანი ინფლაციის მაჩვენებლით არ დაასრულა. როდესაც 1970-იანი წლების ბოლოს პროფკავშირებმა სამწლიანი ხელშეკრულება გაიფორმეს, რომელიც ხელფასების 30 პროცენტით ზრდას ითვალისწინებდა, შრომისმოყვარე მუშებმა აღმოაჩინეს, რომ მოტყუვდნენ: შემოსავლის მატება ფასების პანიკურად სწრაფ ზრდას ვერ მიჰყვებოდა. ოჯახები, დიდი დეპრესიის შემდეგ, რეალური შემოსავლების ყველაზე დიდი ვარდნის მოწმენი გახდნენ. საშუალოსტატისტიკურმა ოჯახმა, მაღალი უმუშევრობისა და მაღალი ინფლაციის გამო, დაკარგა თითქმის $3000 შემოსავალი (დღევანდელ დოლარში).

საგადასახადო განაკვეთებმა 70 პროცენტს მიაღწია, ზოგიერთ შტატში კი ფედერალური და ადგილობრივი გადასახადის კომბინირებულმა განაკვეთმა გადააჭარბა 80 პროცენტს. ეს ნიშნავდა, რომ მთავრობას მიჰქონდა გადასახადის გადამხდელის მიერ ყოველი შემდეგი გამომუშავებული დოლარის ოთხი მეხუთედი. ჩნდებოდა ახალი რეგულაციები, სახელმწიფო ხარჯები დაუოკებლად იზრდებოდა. ინვესტირება, მუშაობა, ბიზნესის წამოწყება, რისკების აღება – ყველაფერი, რასაც ჩვენს წიგნში ეკონომიკურ ღირსებად მივიჩნევთ – დაჯილდოების ნაცვლად ისჯებოდა. შედეგს 1-3 გრაფიკზე ვხედავთ – საფონდო ბირჟის ყველაზე ცუდი დღეები დიდი დეპრესიის შემდეგ.

Figure 1-3 Stock Market and Inflation

მაგრამ ახლა კარგად დააკვირდით გრაფიკის მეორე ნახევარს და აქციების ღირებულების ზრდის გასაოცარ, თითქმის შეუფერხებელ ტალღას დაინახავთ. ის დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გადასახადები დაწიეს და ინფლაცია შემცირდა. ჩვენმა მეგობარმა ლარი ქუდლოუმ, CNBC TV-ს გადაცემა Kudlow & Company-ს წამყვანმა ამას უწოდა “უდიდესი ისტორია, რომელიც არასდროს მოუყოლიათ”. ჩვენ მას ვეთანხმებით. 70-იანების წლიური 6 პროცენტის დაკარგვის ნაცვლად, S&P 500 ზრდის რეალურმა ტემპმა თითქმის 8 პროცენტს მიაღწია. გაიზარდა Dow Jones Industrial Average მაჩვენებელი და 1982 წლის 800-დან დღევანდელ 12,500-ს მიაღწია 2008 წლის დასაწყისში. თუ ამ კურსს არ ვუღალატებთ, 2033 წლისთვის საფონდო ბაზრის ინდექსი 120,000 იქნება.

1980-იან წლებში, მიწოდების ეკონომიკის დახმარებით, ჩვენ ხელახლა აღმოვაჩინეთ, რა არის კეთილდღეობა. რონალდ რეიგანმა მისი ეკონომიკური ფილოსოფია, ლაფერის მრუდის იდეაზე დააფუძნა, რომელიც, მოკლედ თუ ვიტყვით, იმას გვასწავლის, რომ როდესაც გადასახადის განაკვეთები ძალიან მაღალია, ისინი ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს და მთავრობას უფრო მეტ შემოსავალს აკარგვინებს, ვიდრე მატებს.

1980-იან და 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში გაუქმდა იმ დაბრკოლებების უმეტესობა, რაც ზრდას უშლიდა ხელს. გადასახადები, ტარიფები, რეგულაციები და ინფლაცია არ გამქრალა, მაგრამ ისინი მოათვინიერეს. ცხადია, იყო შეცდომებიც. თვალს ვადევნებდით ტექნოლოგიური კომპანიების აქციების, იპოთეკის, დანაზოგების და სესხების ირაციონალურ ზრდას. იყო გადასახადების მომატებაც რეიგანისა და ქლინთონის დროს, რამაც ზიანი მეტი მოიტანა, ვიდრე – სარგებელი. იყო პროტექციონისტული სატარიფო პოლიტიკაც, რაც ვაჭრობის ლიბერალიზაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სწორი მიმართულებით მეტი კეთდებოდა და ტენდენცია იოლი დასანახია – სტაბილური ფასები, საიმედო და მყარი ვალუტა, დაბალი გადასახადები და პროპორციული საგადასახადო სისტემა, უფრო თავისუფალი ვაჭრობა, რეგულირების უფრო მსუბუქი ხელი საკვანძო ინდუსტრიებში (ფინანსური და სატრანსპორტო სფეროთი დაწყებული, ტელეკომუნიკაციებით და ენერგეტიკით დამთავრებული), ფედერალური ხარჯების მეტ-ნაკლებად ზომიერი დონე, ფასების კონტროლის უმეტესი წილის გაუქმება, სოცუზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, რამაც წაახალისა შრომა და შეამცირა დახმარებაზე დამოკიდებულება და სხვა მრავალი (Arthur Laffer, “The Condition of Our Nation,” Texas Public Policy Foundation, 2008).

ამ სახის ჩარევების გარეშე, აშშ ეკონომიკა აყვავდა და წარმოება კვლავ გამოცოცხლდა, რაკი სტაგფლაციის მძიმე ხუნდები გადააგდო. შეერთებულმა შტატებმა უდავო გამარჯვება მოიპოვა კაპიტალის გლობალური ბაზარზე ინვესტიციის მოზიდვის მსოფლიო რბოლაში. ამერიკამ დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარის წმინდა ინვესტიცია მიიზიდა მთელი მსოფლიოდან (Bureau of Economic Analysis, Table 1: International Transactions Account Data). ამერიკა აირჩია „ჭკვიანმა ფულმაც“[1], რადგან სწორედ აქ იყო ზრდა და ინოვაციები (გაიხსენეთ სილიკონის ველის მაღალტექნოლოგიური რევოლუცია). გადასახადების გადახდის შემდეგ, ინფლაციის გათვალისწინებით, ინვესტირებულ დოლარზე მიღებული შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში, გაორმაგდა, ამიტომ ქვეყანაში შემოვიდა ბევრი ფული. ზრდის პოლიტიკამ მოიზიდა ადამიანური კაპიტალიც – გონიერმა და ამბიციურმა ადამიანებმა დაგვიკაკუნეს კარზე, რომ შემოსულიყვნენ და შეევსოთ 40 მილიონი სამუშაო ადგილი, რომელიც, პრაქტიკულად, არსაიდან გაჩნდა (Bureau of Labor Statistics data, series LNS1200000). შეერთებული შტატები მსოფლიოს მთავარ ეკონომიკურ სუპერსახელმწიფოდ იქცა. 2005 წლისთვის, აშშ-ს შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, სულ მოსახლეზე წარმოებული საქონლის ღირებულება აშშ-ში გაუტოლდა $42,100, კანადაში – $34,000, იაპონიაში – $31,000, საფრანგეთში – $30,200, გერმანიაში – $29,800 აშშ, იტალიაში – $25,500 (Bureau of Economic Analysis, National Income Product Accounts Tables.)

ზრდას, დიდწილად, ხელი შეუწყო მიკროჩიპების ეპოქის გარიჟრაჟმა და ყველა თანმდევმა ზღაპრულმა ტექნოლოგიურმა მიღწევამ, რაც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ ველურ რბოლაში. გენიალურმა და გაბედულმა მეწარმეებმა ბილ გეითსით დაწყებული – ფრედ სმითმა, ლარი ელისონმა[2], Google-ის დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი ფეიჯმა სრულიად ახალი ინდუსტრიები შექმნეს და გამოიმუშავეს მილიარდობით დოლარი საკუთარი თავისთვის და კიდევ მილიარდები და უფრო მეტი – დასაქმებულთათვის და საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი ტყუილი, რომელსაც ხშირად გაიგონებთ აშშ-ს ეკონომიკაზე ის არის, რომ “ჩვენ აღარაფერს ვაწარმოებთ ამერიკაში”. ეს სრული უაზრობაა. ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი, 21-ე საუკუნის ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიები. მიწოდების ეკონომიკურმა პოლიტიკამ სამეწარმეო ინიციატივისთვის ნაყოფიერი გარემო შექმნა. ამის შედეგია საინფორმაციო ეპოქის ეკონომიკის ბრწყინვალე წარმატება. ტექნოლოგიური აფეთქება და სილიკონის ველის რევოლუცია შესაძლოა არ მომხდარიყო იმ დროს და იმ ადგილას, სადაც მოხდა, რომ არა ინვესტიციებზე ორიენტირებული კლიმატი, რაც მიწოდების ეკონომიკურმა პოლიტიკამ შექმნა. ახალი ტექნოლოგიური ფირმის დასაწყებად ფულის შეგროვება გაცილებით რთულია, თუკი 70 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის და ინვესტირებულ კაპიტალზე 40 პროცენტიანი გადასახადის გადახდა გწევს, ვიდრე თუნდაც განახევრებული განაკვეთების დროს.

მსოფლიოს სხვა ქვეყნები აკვირდებოდნენ, როგორ მიიწევდა ამერიკის ეკონომიკა წინ და როგორ ტრიალებდა წრეზე მათი საკუთარი ეკონომიკა. ამ ერებმა, ფაქტობრივად, მხრები აიჩეჩეს და ასე თქვეს: რასაც ვერ ამარცხებ, უნდა მიჰყვე. ნაბიჯ-ნაბიჯ და ფეხათრევით, მაგრამ – გადაუდებელი აუცილებლობით, იძულებულნი გახდნენ, მიწოდების ეკონომიკის მხარე აერჩიათ, ანუ თავისუფალი ბაზრების და დაბალი გადასახადების „ამერიკული მოდელი“. დაემსგავსნენ იმას, რასაც ხედავდნენ, რომ შეერთებულ შტატებში შესანიშნავად მუშაობდა. განვითარებულ ქვეყნებში გადასახადის განაკვეთები დღეს საშუალოდ ოციდან ოცდახუთი პუნქტით უფრო დაბალია, ვიდრე 1980-იანი წლების დასაწყისში იყო.

Table 9-1 Personal Income Tax Rates Falling

Table 9-2 Corporate Tax Rates Falling

ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, აღმოსავლეთ ევროპა და ახლა უკვე (ჩვენ ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ ამ დღეს მოვესწრებოდით) ძველი ევროპის ქვეყნებიც: გერმანია, შვედეთი, იტალია და, დიახ, საფრანგეთი ტოვებენ „საყოველთაო კეთილდღეობის“ სახელმწიფო მოდელს[3], უარს ამბობენ სახელმწიფო საწარმოებსა და კონფისკაციურ საგადასახადო პოლიტიკაზე. ეს ქვეყნები თავიანთი ეკონომიკის ხელახალი გამართვით დაკავდნენ, კაპიტალისადმი უფრო მეგობრულ გზას დაადგნენ. კარგია მათთვის. მაგრამ რატომ არ ვაკეთებთ დღეს ჩვენც იგივეს?

©Arthur B. Laffer, Stephen Moore, Peter J. Tanous – The End of Prosperity: How Higher Taxes Will Doom the Economy If We Let It Happen. Simon and Schuster, 2009
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)Smart Money – არის ინსტიტუციონალური ინვესტორების, ცენტრალური ბანკების, ფონდების და სხვა ფინასური ბაზრის სხვა პროფესიონალი მოთამაშეების მიერ მართული ფული. ეს არის დიდი მოცულობის ინვესტიციები და იმ ტიპის, რომელიც ფინანსურ ბაზრებზე ტენდენციებს განსაზღვრავს.

(2)ფრედ სმითი – FedEx დამფუძნებელი, ლარი ელისონი – Oracle-ის დამფუძნებელი.

(3)Welfare State – იმ ტიპის სახელმწიფო მოწყობაა, სადაც სახელმწიფო ეკონომიკაში მთავარი მოთამაშის როლს ასრულებს საყოველთაო კეთილდღეობის, სოციალური დაცვის, საყოველთაო დასაქმების და ა.შ. მოტივით. მთავარი ამოსავალი წერტილი სიმდიდრის თანაბარი განაწილების პრინციპია, რომლის საბაბითაც სახელმწიფო ზრდის ხარჯებს და, დეფიციტის დასაფარად, შემდეგ გადასახადების გაზრდა უწევს.
___

ლაფერის მრუდის 6 გაკვეთილი
მიწოდების ეკონომიკის ანი და ბანი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: