ლაფერის მრუდის 6 გაკვეთილი

ართურ ლაფერი, სთივენ მური, დითერ ჯეი თანასი

როგორ შეცვალა სამყარო ხელსახოცმა: ლაფერის მრუდი
კეთილდღეობის დასასრული: როგორ დაღუპავს ეკონომიკას მაღალი გადასახადები (თუკი ამის ნებას მივცემთ), თავი 2

მიქ ჯაგერი მიწოდების ეკონომიკის მხარეს

მოდით, ლაფერის მრუდის რამდენიმე რეალურ მაგალითს გადავხედოთ. მას, ვისაც არა სჯერა, რომ გადასახადები ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, შეუძლია Beatles-ისა და Rolling Stones-ის ისტორია გაიხსენოს. 1965 წელს ჯორჯ ჰარისონმა დაწერა მიწოდების ეკონომიკის ნამდვილი ჰიმნი The Taxman (“გადასახადის ამკრეფი”). სიმღერის პირველი სტრიქონი ასეთია: “ნება მომეცით, გითხრათ, როგორ იქნება – თქვენ ერთი დაგრჩებათ, მე ცხრამეტს წავიღებ”.

„ბითლზის“ ოთხეული აღშფოთებული იყო ბრიტანეთის საგადასახადო განაკვეთებით და თავს საკუთარი წარმატებისთვის უსამართლოდ დასჯილად მიიჩნევდა. 60-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც ეს სიმღერა დაწერეს, ინგლისის მთავრობამ 95 პროცენტიანი გადასახადი დაუწესა ძალიან მდიდარ ადამიანებს… ისეთებს, როგორებიც „ბითლზის“ წევრები იყვნენ. 95 პროცენტიანი გადასახადის განაკვეთი იმას ნიშნავდა, რომ „ბითლზის“ მიერ გამომუშავებული ყოველი ოცი ფუნტიდან ბრიტანელ გადასახადის ამკრეფს ცხრამეტი მიჰქონდა, ბითლზებს კი ერთს უტოვებდა. თან, შემოსავლის რინგოსთან გაზიარებაც ხომ უწევდათ (ცხადია, ვხუმრობ!).

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბევრმა ბრიტანელმა ვარსკვლავმა, მათ შორის – მიქ ჯაგერმა, თავისი შემოსავალი გადაიტანა „ოფშორში“ ან სიმღერების ჩაწერა შეწყვიტა, იმისთვის, რომ ეს კონფისკაციული გადასახადი აეცილებინა. მადლობა ღმერთს, მიქმა, რომელიც, სხვათა შორის, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სწავლობდა, ამ ორი გზიდან პირველი აირჩია[1].

როკ ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ადამიანები დღესაც იყენებენ გადასახადების მინიმიზაციის სტრატეგიას, რაც მათ მშობლიურ ქვეყნებს დიდად აწუხებს. 2006 წელს U2-ის ბონო, ადამიანი, ვინც ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობით და აფრიკაში შიდსთან ბრძოლის მხარდაჭერით “განრისხებული იყო, ირლანდიამ იმ კანონის გაუქმება რომ გადაწყვიტა, რომელიც არ ბეგრავდა ხელოვანებისა და ავტორების ჰონორარს”, ამის შესახებ Irish Examiner წერდა (“Bono Avoids Taxes, Joins Forbes,” NewsMax.com Wires, August 8, 2006). ჯგუფმა თავისი ბიზნეს ინტერესების ნაწილის ნიდერლანდებში გადატანა დაიწყო, სადაც „ჰონორარები პრაქტიკულად არ იბეგრება“. აშკარად არსებობს მიჯნა, თუ რამდენი გადასახადის გადახდა სურთ ყველაზე კეთილშობილ ადამიანებსაც კი.

ლაფერის მრუდის გაკვეთილები[2].

რას გვასწავლის ლაფერის მრუდი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არ უნდა გააკეთონ მთავრობებმა საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების დროს? გვსურს, პოლიტიკოსებს რამდენიმე, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი გავუზიაროთ დასამახსოვრებლად:

პირველი პრინციპი: როცა რამეს ბეგრავთ, ამით მის რაოდენობას ამცირებთ და რაც უფრო მცირედ დაბეგრავთ, მით მეტს მიიღებთ[3].

კანონმდებლების უმეტესობა გუმანით ხვდება, რომ გადასახადები დასაბეგრი საქმიანობის ინტენსივობას ამცირებს – მაშინაც კი, თუ ამის აღიარება არ სურთ. მთავრობები რეგულარულად ბეგრავენ „ცუდ“ ნივთებს, როგორიცაა სიგარეტი და ალკოჰოლი, აზარტული თამაშები და პროსტიტუცია (სრულ აკრძალვამდე, რაც 100 პროცენტიანი გადასახადის ტოლფასია) – იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ამ საქმიანობებს. ჩვენ ვამცირებთ ან, ზოგ შემთხვევაში, მთლიანად ვაუქმებთ გადასახადებს იმ ქცევაზე, რომლის წახალისებაც გვინდა, როგორიცაა სახლის შეძენა, განათლების მიღება, საპენსიოდ ფულის გადადება, ენერგოეფექტურ მოწყობილობებში ინვესტირება და ქველმოქმედება.

ეს გვიჩვენებს, თუ რატომ არის გონივრული რაც შეიძლება დაბალი ბეგრის შენარჩუნება შრომაზე, დანაზოგებზე და ინვესტიციებზე, იმისთვის, რომ ეს საქმიანობა არ შევაფერხოთ.

მეორე პრინციპი: საუკეთესო საგადასახადო სისტემა ისაა, რომელიც ღატაკთა გამდიდრებას უწყობს ხელს და არა – მდიდართა გაღატაკებას.

ეს განცხადება საკამათო არ ჩანს, მაგრამ, ზოგჯერ, მართლა გვაინტერესებს, რა არის კანონმდებლების მიზანი – მაღალი საგადასახადო განაკვეთებით მდიდრების დასჯა ხომ არა, მიუხედავად იმისა, მოგროვდება თუ არა მეტი ფული მთავრობის ბიუჯეტში. როდესაც მთავრობა მაღალი გადასახადების მეშვეობით შემოსავლების გადანაწილებას ცდილობს, ამას იშვიათად ახერხებს. მაგიერ ყოველთვის ახერხებს ეკონომიკის შენელებას და შემოსავლის მოცულობის შემცირებას, რაც ყველას აზარალებს.

მესამე პრინციპი: რაც უფრო მაღალია გადასახადის განაკვეთი, მით მეტი ზიანი ადგას ეკონომიკას და მით მეტ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს გადასახადის განაკვეთის შემცირება.

ამას ერთი მარტივი მაგალითით გაჩვენებთ: 90 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთი ნიშნავს, რომ მუშებს ყოველი დამატებითი გამომუშავებული დოლარიდან 10 ცენტი ერგებათ. საგადასახადო განაკვეთის მხოლოდ ათი პუნქტით შემცირება მუშებს საშუალებას მისცემს, ყოველი დამატებითი დოლარიდან 20 ცენტი გამოიმუშაონ, რაც შემოსავალს გაუორმაგებს. მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ბეგარა 20 პროცენტია, ანუ მუშას გამომუშავებული დოლარიდან 80 ცენტი მიაქვს სახლში. თუ საგადასახადო განაკვეთს კვლავ ათი პუნქტით შევამცირებთ, მუშას 90 ცენტი ერგება, რაც მის ანაზღაურებას მხოლოდ 12,5 პროცენტით გაზრდის (80 ცენტიდან 90 ცენტამდე). შესაბამისად, მაღალი ბეგრის შემცირება მეტად ახალისებს ეკონომიკურ გამომუშავებასა და საგადასახადო ბაზას.

მეოთხე პრინციპი: თუ გადასახადების განაკვეთი ძალიან მაღალია, ამან, შეიძლება, ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის შემცირება გამოიწვიოს, როგორც ეს ლაფერის მრუდზეა ნაჩვენები.

ეს პრინციპი ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გულის მარცხენა პარკუჭს ცეცხლად მოსდებია, მაგრამ ისტორია ადასტურებს – არსებობს ამკრძალავი ზღვარი, რომლის იქით გადასახადის განაკვეთი იმდენად მაღალია, რომ მისი შემცირებით უფრო მეტი ამონაგების მიღება შეიძლება ბიუჯეტში. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ 1920-იან, 1960-იან და 1980-იან წლებში. საგადასახადო განაკვეთები შემცირდა, მაგრამ საგადასახადო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ამას მე-3 თავში დავადასტურებთ[4].

მეხუთე პრინციპი: ეფექტურ საგადასახადო სისტემას აქვს ფართო საგადასახადო ბაზა და გადასახადის დაბალი განაკვეთი.

მთავრობის დასაფინანსებლად გადასახადები უდავოდ საჭიროა, მაგრამ ცენტრალური, რეგიონული თუ მუნიციპალური იდეალური საგადასახადო სისტემა ამ შემოსავალს ისე გაზრდის, რომ ეკონომიკურ აქტივობას მინიმალურად დააბრკოლებს ან შეანელებს. მაღალი საგადასახადო განაკვეთი გადასახადების გამოქვითვის, თავის არიდების, კონტრაბანდისა და გადასახადებისგან თავის დაძვრენის სხვა საშუალებების გამოძებნას ახალისებს და ამით არასაწარმოო ლობისტურ საქმიანობას ასარგებლებს მხოლოდ. თუ საგადასახადო ბაზა ფართო იქნება, საგადასახადო განაკვეთები შეიძლება იყოს რაც შეიძლება მცირე და არაკონფისკაციური. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჩვენ პროპორციული დაბეგვრის მხარდამჭერები ვართ, მინიმალური გამოქვითვებითა და გამონაკლისებით. და ოცდაოთხმა ქვეყანამ მსოფლიოში, სწორედ მსგავსი სისტემა არჩია.

Table 9-3 Flat-Tax rates

მეექვსე პრინციპი: ხალხი, ბიზნესი და კაპიტალი მაღალი გადასახადების არიდან გარბის და დაბალი გადასახადების არეს აფარებს თავს.

ქალაქებს, სახელმწიფოებს ან ერებს შორის ბერლინის კედელი, მადლობა ღმერთს, აღარ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს ერთი იურისდიქციიდან მეორეში გადინება თავისუფლად შეუძლიათ. მრავალი მტკიცებულება გვაქვს, რომ ბიზნესები და ადამიანები გაურბიან მაღალი გადასახადების მქონე ტერიტორიებს და დაბალი გადასახადების ტერიტორიებში იყრიან თავს. მე-8 თავში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ეხება სახელმწიფოებსაც (დაბალი გადასახადების მქონე სახელმწიფოები უფრო მეტ პროდუქტიულ ადამიანს იზიდავს, ვიდრე მაღალი გადასახადების მქონე სახელმწიფოები).

გვაქვს თუ არა უახლესი მტკიცებულებები იმ ჩვენი მოსაზრების დასადასტურებლად, რომ წარმოების გადამეტებულად დაბეგვრამ შეიძლება შეამციროს სამუშაო ადგილები, შემოსავლები და ახალი ბიზნესების შექმნა დააბრკოლოს? ამ წიგნშიც უამრავი მტკიცებულება მოგვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, გაოცებულები ვართ ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევების რაოდენობით, რომლებიც ლაფერის მრუდის სასარგებლოდ ღაღადებენ. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატ ედუარდ ფრესქოთის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ბიურომ (NBER) გამოაქვეყნა, თვალნათლივ გვიჩვენებს – ადამიანები უფრო მეტს მუშაობენ, როდესაც საგადასახადო განაკვეთები მცირდება. ამერიკელები დღეს 50%-ით მეტს შრომობენ, ვიდრე გერმანელები, ფრანგები და იტალიელები. დაბალი ზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები აშშ-ში „დროთა განმავლობაში შრომის მიწოდების დიდ ცვლილებას“ განაპირობებს. (Edward Prescott, “Why Do Americans Work So Much More than Europeans?” NBER Working Paper wl0316, February 2004).

ჯორჯ ბუშის მიერ დივიდენდზე გადასახადის შემცირებამ ასევე გამოიწვია დიდი ცვლილებები, რაც NBER-ის სხვა კვლევიდან ჩანს „ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის ტვირთი დივიდენდებზე 2003 წელს მკვეთრად შემცირდა მაქსიმალური 35%-ანი განაკვეთიდან 15%-მდე <…> 2003 წლის რეფორმის შემდეგ, რეგულარული დივიდენდების გაცემის ზრდა უპრეცედენტოა ბოლო წლების განმავლობაში.” (Raj Chetty and Emmanuel Saez, “Do Dividend Payments Respond to Taxes? Preliminary Evidence from the 2003 Dividend Tax Cut ” NBER Working Paper wl0572, June 2004).

და ბოლოს, ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ქრისთინა რომერისა და დეივიდ რომერის მიერ 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც შეერთებულ შტატებში საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებები შეისწავლა 1947 წლიდან დღემდე, დაადგინა: “გადასახადების ზრდა ძალზედ კონტრაქციულია. მათი ზეგავლენა უაღრესად ძლიერია და ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე [ადრეულ კვლევებში] მიღებული შედეგები მეტყველებდა. ძლიერი ზემოქმედება დიდწილად [გადასახადების ზრდის მიერ] ინვესტიციებზე მძლავრი უარყოფითი ზეწოლით არის გამოწვეული.” (Christina Romer and David Romer, The Macroeconomic Effects of Tax Changes: Estimates Based on a New Measure of Fiscal Shocks (Berkeley, CA: University of California, November 2006).

ვიმედოვნებთ, ეს კვლევები პოლიტიკოსების ყურადღებას მიიქცევს.

©Arthur B. Laffer, Stephen Moore, Peter J. Tanous – The End of Prosperity: How Higher Taxes Will Doom the Economy If We Let It Happen. Simon and Schuster, 2009
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)რეიგანს ლაფერის მრუდის ლოგიკის დასანახად საკუთარი ამბავი მოაგონდა – 40-იან წლებში ჰოლივუდის მსახიობს 91%-ანი საშემოსავლო განაკვეთის პირობებში უწევდა მუშაობა. ის იხსენებდა: ”თქვენ შეგეძლოთ ოთხი ფილმის გადაღება წელიწადში და შემდეგ უკვე მაქსიმალური გადასახადის გადამხდელთა კატეგორიაში ხვდებოდით, ამიტომ, ჩვენ გადავიღეთ ოთხი ფილმი და შემდეგ ყველანი წავედით სახლებში.”

(2)როგორ მოიგო სანტა კლაუსმა არჩევნები“.

(3)როგორც ხედავთ, რუსთველიც საფლაი-საიდერი ყოფილა – “რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია”.

(4)ამ წიგნის მესამე თავი არ მითარგმნია, მაგრამ ნათარგმნი მაქვს ლაფერის სტატია „რა გვასწავლა რეიგანომიკამ“.

___

კეთილდღეობის ოთხი მკვლელი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: