მიწოდების ბუმი

გადასახადების ნანატრი შემცირება ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას, მაგრამ წინ ჯერ ისევ საფრთხეები გველის.

ართურ ლაფერი

(სტატია გამოქვეყნდა 1983 წლის მაისში)

1983 იქნება რეიგანომიკის სახელით ცნობილი პოლიტიკის “მიწოდების ეკონომიკის ბუმის” პირველი წელი. მე და ჩემმა თანამოაზრემ ჩარლზ ქადლექმა გასულ სექტემბერში ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის აღდგენა დაიწყება, რაც მოხდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სხვები რეალური მთლიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 2,8 პროცენტით ზრდას ვარაუდობდნენ, ჩვენ სეპ-ის 4-დან 5 პროცენტამდე ზრდა ვიწინასწარმეტყველეთ, ინფლაცია კი, საპროცენტო განაკვეთების მუდმივ კლებასთან ერთად – ხუთ პროცენტზე ნაკლები. დღეს ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზიც კი ზედმეტად პესიმისტური ჩანს.

ბუმს იწვევს 1 იანვარს გამოცხადებული პირადი საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რასაც დიდი ხანია ველოდით. საგადასახადო განაკვეთები, 1980 წლის დონესთან შედარებით, 20 პროცენტით შემცირდა, 1982 წელთან შედარებით კი – 10 პროცენტით. მაგალითისთვის, დაქორწინებული წყვილები 25%-იან ერთობლივ საგადასახადო დეკლარაციას აღარ წარადგენენ, სანამ მათი დასაბეგრი შემოსავალი არ გადააჭარბებს 24,600 აშშ დოლარს, ანუ 4,400 აშშ დოლარით მეტს, ვიდრე 1982 წელს იყო. 44%-იანი კატეგორიაში მოსახვედრად კი 109,400 აშშ დოლარის დასაბეგრი შემოსავლის მიღება იქნება საჭირო, რაც 1982 წლის მოთხოვნას 23,800 აშშ დოლარით აღემატება.

საგადასახადო განაკვეთის ეს ცვლილება ეკონომიკისთვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საშემოსავლო გადასახადის გრაფიკის ცვლილება, რომელიც 1 ივლისიდან შევა ძალაში. როდესაც, გასული წლის 1 ივლისს, საშემოსავლო გადასახადი 10%-ით შემცირდა, ფულადი სახსრების სუფთა ნაკადი ეკონომიკაში არ შეცვლილა. ვინაიდან საშემოსავლოს ცვლილებას სახელმწიფო ხარჯები არ შეუმცირებია – გაიზარდა სესხზე მოთხოვნა. შემცირებული საშემოსავლოს გამო მომხმარებელთა მიერ ხელზე ასაღები თანხის მატება, იმ თანხის ტოლი იყო, რომელსაც, გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად, უკან იბრუნებდა მთავრობა. შედეგი: ფულადი ნაკადის სუფთა შედინება ეკონომიკაში იყო ნულოვანი.

გადასახადის შემცირების წამახალისებელი ეფექტის გასაღები სხვაგან უნდა ვეძებოთ – გაზრდილ სტიმულებში. დავუშვათ, თქვენ დამსაქმებელი ხართ და განიხილავთ, რამდენად მეტად დააფასებენ თქვენი თანამშრომლები თავიანთ სამუშაოს, თუკი, გასამრჯელოს სახით, მთლიანად მიიღებენ იმ თანხას, რაც მათი დასაქმება კომპანიას უჯდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ამბავი – კიდევ რამდენ ახალ თანამშრომელს დაასაქმებს კომპანია, თუკი მათი დასაქმების ხარჯი, მხოლოდ გაცემული ხელფასის ტოლი იქნება? რაც უფრო მცირდება საგადასახადო ზეწოლა კომპანიის მიერ თანამშრომლის დასაქმებაზე გაწეულ ხარჯსა და იმ თანხას შორის, რაც დასაქმებულს შესრულებული სამუშაოსთვის ეძლევა ხელზე, მით უკეთესია ორივე მხარისთვის. პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება ხელს უწყობს შრომის და წარმოების ზრდას.

[რეიგანომიკის] საგადასახადო პოლიტიკა ხელს უწყობს ეკონომიკის აღდგენას. მონეტარული პოლიტიკა – ჯერ ისევ საკითხავია. ენერგომატარებლებზე დაბალი ფასები საგადასახადო პოლიტიკის წამახალისებელ ეფექტს აძლიერებს.

გასული წლიდან, ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ მონეტარული აგრეგატების ტარგეტირებაზე უარის თქმას თან ახლდა საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ვარდნა და ფულის მასის ზრდის ტემპის მატება. მაგრამ სამომავლო შეკითხვაა, რა გახდება მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი?

1982 წელს Fed იქცეოდა ისე, თითქოს მისი მიზანი სასაქონლო ფასთა ინდექსის შედარებით ვიწრო დიაპაზონში შენარჩუნება იყო, თუმცა, ახლახან, Fed-მა რამდენჯერმე შეამცირა საპროცენტო განაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ფასები საკმაო ცვალებადობით გამოირჩეოდა.

1982 წლის ოქტომბრის წერილში ჩვენ ვივარაუდეთ, რომ Fed ფასების სტაბილიზაციის ნაგულისხმევ წესს გაჰყვებოდა. პასუხად, თავმჯდომარე უოლქერმა მიანიშნა სასაქონლო ფასების ინდექსზე ფოკუსირების სირთულეზე იმ დროს, როდესაც, რეცესიის გამო, ბევრი საქონლის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. სანამ ეკონომიკა გამოჯანმრთელდება, Fed-ს მოუწევს, როგორც უოლქერი ამბობს, „ინფლაციური ზეწოლის სხვადასხვა მაჩვენებლის“ მონიტორინგი. ოქროს ფასის ვარდნა, სასაქონლო ფასების ინდექსის და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების კლება, ისევე როგორც სავალუტო ბაზრებზე დოლარის კურსის გამყარება, ეს ყველაფერი ფასების დონის სტაბილიზაციის მიმართულებით, Fed-ის წარმატებაზე მიუთითებს.

ყველა შემთხვევაში, Fed-ის მოქმედება ფასების ცვლილების ჩარჩოთია შემოსაზღვრული. განაკვეთების შემცირების დროს, Fed-ის მცდარმა გათვლებმა, შეიძლება, ინფლაცია წაახალისოს. ფულის მასის ბოლოდროინდელი მაღალი ზრდის ტემპი კარგია, სანამ სასაქონლო ფასები სტაბილურია. ეს მიუთითებს, რომ ფულზე მოთხოვნის ზრდა, ინფლაციის მართვის მიმართ ნდობის და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების შემცირების პარალელურად ხდება. ამ შემთხვევაში, ფულის მოცულობის სწრაფი ზრდა წარმატების ნიშანია.

თუმცა, თუ საქონლის ფასებიც დაიწყებს ზრდას, წარმატების ეს სიმპტომი საშიშროებად გადაიქცევა და მარცხის საფრთხედ მოგვევლინება. სასაქონლო ფასების მკვეთრი ზრდა „ფულისგან გაქცევის“ ნიშანია და მონეტარული პოლიტიკის მიმართ ნდობის დაკარგვას მოასწავებს. ასეთ პირობებში, ფულის სწრაფი ზრდა მეტისმეტად ინფლაციური იქნება.

ეკონომიკისთვის თანაბრად საფრთხის შემცველია საპირისპირო, შეზღუდვის მიმართულებით დაშვებული შეცდომაც. ფულზე დღევანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, საქონლის ფასების შემცირებას და საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს. საკრედიტო ბაზრების ამგვარ წნეხში მოქცევა, ეკონომიკის აღდგენას შეუშლის ხელს, ლიკვიდურობის შემდგომი შემცირება კი, ისედაც გადატვირთულ სასამართლოებს, გაკოტრების ახალი საქმეებით დააწვება და დასაქმების ოფისებს კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალი უმუშევრები მიადგებიან[1].

1981 წლის დასაწყისიდან, ნავთობის ფასებზე კონტროლის შემცირებამ კონკურენცია აქცია ენერგეტიკული ბაზრის წარმმართველ ძალად. კარტელში აშშ-ის აქტიურ მონაწილეობაზე უარმა, OPEC-ს წაართვა ფასების კარნახის უნარი. OPEC-ს ბაზრის წილი შეუმცირდა. მსოფლიოში ნავთობის მოპოვება მცირდება და, მასთან ერთად, მცირდება ნავთობის ბაზარზე OPEC-ის წილი. ნავთობის ფასების პროგნოზი ბარელზე ახლა 10-დან 30 დოლარამდე მერყეობს და მცირეა მნიშვნელოვანი მატების შანსი, სამიდან ხუთ წლამდე პერიოდი რომ ავიღოთ[2]. დღევანდელი ფასები, მსოფლიოს ენერგომომპოვებლების უმრავლესობისთვის, ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი აირის მოპოვებისა და ბაზარზე მიწოდების წამახალისებელია.

საპირისპიროდ, ენერგიის მომხმარებლებს აქვთ სტიმული, რაც შეიძლება დიდი ხნით გადადონ ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა. OPEC-ის მხრივ მოპოვების ზრდა და ენერგიაზე მოთხოვნის კლება ნავთობის ფასებზე ძლიერ დაღმავალ ზეწოლას ახდენს. OPEC-ის წევრებს უჭირთ მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ არსებული კვოტების შენარჩუნებაზე. ფასების კლების პარალელურად, ენერგიის ყველა იმპორტიორი (აშშ, ევროპა, იაპონია და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა) განიცდის გადასახადების შემცირების ტოლ ეფექტს. იგივე დანახარჯით, დასაქმებულს შეუძლია, უფრო თბილი სახლი ჰქონდეს ზამთარში და გრილი – ზაფხულში, ავტომობილით კი მეტი მანძილი დაფაროს. შესაბამისად, ენერგომატარებლებზე ფასის შემცირება, შრომისა და წარმოების წამახალისებელია.

ეკონომიკის ზრდისკენ მიმავალ გზაზე საფრთხეებიც გველის. უნდა დავაკვირდეთ ვაჭრობის შეზღუდვის მცდელობებს; ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადების ზრდას; ასევე, უცხო ქვეყნების დეფოლტს და იქ გადასახადების მატებას.

ვაჭრობისა და ტარიფების გენერალური შეთანხმების (GATT) მონაწილე ქვეყნების გასული წლის შემოდგომის შეხვედრა შეიძლება ქცეულიყო შანსად შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ მზარდი პროტექციონისტული ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, სხვა შედეგი მივიღეთ. შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სოფლის მეურნეობის სუბსიდირების გამო ღია ომი მხოლოდ იმით ავიცილეთ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია. ევროპელებმა სავაჭრო შეზღუდვების გაუქმების საკითხში დათმობაზე უარი განაცხადეს. არც იმაზე დათანხმდნენ, რომ თუნდაც მომავალ შეხვედრებზე დაუბრუნდებიან ამ საკითხს. მათ, ასევე, თავი შეიკავეს ახალი სავაჭრო შეზღუდვებისგან თავშეკავების ვალდებულების საბოლოო კომუნიკეში ხსენებაზე.

შედეგად, GATT-ის წარუმატებელი შეხვედრა ახლა წარმოადგენს საფრთხეს, რომ საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხების მოსურნეთათვის ამოსავალ წერტილად იქცევა. შეხვედრიდან დაბრუნებულმა სენატორმა ჯესი ჰელმსმა, სხვათა შორის, მხარი დაუჭირა მსოფლიო ბაზრებზე აშშ-ს რძის პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიწოდებას, როგორც ევროპელების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს, ისე როგორც, ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტების დაფინანსებას საექსპორტო სესხებითა და სხვა საექსპორტო სუბსიდიების გაზრდით.

პროტექციონისტული განწყობების ზრდა აშკარად ჩანს ბენზინის გადასახადსა და საავტომობილო გზების კანონპროექტში დეკემბერში შეტანილი ცვლილებიდანაც. ეს შესწორება მოითხოვს, რომ მასალები, რომლებიც გამოიყენება მაგისტრალებისა და ხიდების მშენებლობა-შეკეთების დროს, ადგილობრივი წარმოებისა იყოს, თუკი მსგავს მოთხოვნას ადგილობრივი ან შტატის მთავრობა დააყენებს. ეს მოთხოვნა GATT-ის საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების არსს (თუ უშუალოდ შეთანხმების მუხლს – არა) ეწინააღმდეგება და აშშ-ს პოლიტიკისთვის მახინჯ პრეცედენტს ქმნის. კონგრესის ორივე პალატაში წარდგენილი „ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის“ კანონპროექტი, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ავტომწარმოებლებს მოსთხოვს, შეერთებულ შტატებში გაყიდულ მანქანებში განსაზღვრული პროცენტით გამოიყენონ ადგილობრივი წარმოშობის ნაწილები და შრომა – კონგრესში პროტექციონისტული შეხედულებების ზრდის დამატებით მტკიცებულებას გვაძლევს.

ფედერალური საგადასახადო განაკვეთების ზრდის სურვილი, სწორედ იმ დროს, როდესაც ეკონომიკა ზრდისკენ მიისწრაფვის, აღდგენას რისკისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ბედის ირონიით, სოციალური უზრუნველყოფის გადასახადის ზრდა, რომელიც 1984 წელს არის დაგეგმილი და ახლა უკვე კონგრესშია განსახილველად, დადებითად აისახება 1983 წელზე, რადგან მეწარმეები ცდილობენ სამომავლოდ დაგეგმილი პროდუქციის წინმსწრებით გამოშვებას, მაგრამ ეს, ცხადია, შეამცირებს ზრდას 1984 წელს და მის შემდგომ წლებში.

შტატების და ადგილობრივ დონეზე გადასახადების ზრდა, ასევე, ცუდია ეკონომიკისთვის. რეცესიის შედეგად გამოწვეული საგადასახადო შემოსავლების შემცირების საპირწონედ, შტატები საგადასახადო განაკვეთებს ზრდიან. 1982 წლის განმავლობაში, მაგალითად, 21-მა შტატმა გაზარდა სხვადასხვა გადასახადი, რაც დაახლოებით 2,93 მილიარდ დოლარს ამოიღებს ეკონომიკიდან. მხოლოდ რვა შტატმა შეამცირა გადასახადები 50 მილიონი დოლარით. ერთობლივად, ეს საგადასახადო ცვლილებები საგადასახადო შემოსავლებს 50-ვე შტატში გაზრდის 1,2 პროცენტით.

გადასახადების ზრდის დოღში ჩაერთნენ დაბალი გადასახადებით გამორჩეული პატივსაცემი შტატები, როგორებიცაა ნიუ ჰემფშირი და ფლორიდა. მაგალითად, ფლორიდამ ერთი პუნქტით, 5 პროცენტამდე გაზარდა ბრუნვის გადასახადი, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ნაბიჯი მათ ქონების გადასახადის შემცირების საშუალებას მისცემს. მაღალი გადასახადების მქონე შტატები, მათ შორის მიჩიგანი, ოჰაიო და ვისქონსინი, კვლავ გამოირჩნენ გადასახადების ზრდით. 1982 წელს ოჰაიომ გაზარდა პირადი საშემოსავლო გადასახადის ზღვრული განაკვეთი 6,25 პროცენტამდე 3,5 პროცენტიდან. კორპორაციული და ბრუნვის გადასახადების ზრდასთან ერთად, ოჰაიოს ბიუჯეტი 544 მილიონი დოლარის მიღებას ელოდება. 1981 წელს გადასახადების ზრდით მათ უკვე ამოიღეს 1,3 მილიარდი დოლარი.

გაზრდილი გადასახადების ზეწოლა ეკონომიკაზე 1983 წლის განმავლობაშიც გაიზრდება. გადასახადები გაზარდეს ნიუ იორქში, ქონექთიქუთში, ნიუ ჯერსიში და ინდიანაში.

საფრთხეს წარმოადგენს საზღვარგარეთ დეფოლტის საფრთხეც, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, შეშფოთება გადაჭარბებულიც იყოს. იმ ბანკების კაპიტალი, რომლებმაც დიდი სესხები მისცეს მექსიკას, ბრაზილიას, არგენტინას და აღმოსავლეთ ევროპას… უკვე დაზიანებულია. ახლა ერთადერთი, რაც რჩება – მხოლოდ ზარალის აღრიცხვაა.

ნავთობის ფასების ვარდნა ასევე შეამცირებს დეფოლტის რისკს. რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების დაცემამ მექსიკის მხრივ სესხების დაფარვის შესაძლებლობაც შეაფერხა, მაგრამ მექსიკასა და ნავთობის სხვა მწარმოებლებზე ფოკუსირების დროს, უყურადღებოდ გვრჩება ის ქვეყნები, ვინც არ არის იმ კლუბის წევრი, რომელსაც OPEC ჰქვია. ყოველი მექსიკისთვის არის ბრაზილია, ყოველი ჰიუსთონისთვის არის დეთროითი, ყველა Exxon-ისთვის, არის International Harvester[3].

თუ ნავთობის მოპოვება არ იცვლება, ნავთობის ექსპორტიორი თითოეული ქვეყნის დანაკარგს ნავთობის იმპორტიორი ქვეყნის მოგება აბალანსებს. მაგალითად, მექსიკის ნავთობის ექსპორტი 1,5 მილიონი ბარელი დღეში, დაახლოებით ბრაზილიის ნავთობის იმპორტის ტოლფასია. ნავთობზე ფასის შემცირების დროს, პროდუქციის მოცულობის შენარჩუნების შემთხვევაში, სიმდიდრის მხოლოდ გადანაწილება ხდება.

თუმცა, OPEC-ის კარტელის დაშლა გულისხმობს, რომ ნავთობის მოპოვება გაიზრდება. ნავთობის ფასის ვარდნა, რასაც თან ახლავს ნავთობის წარმოების ზრდა, ზრდის საყოველთაო სიმდიდრეს, შესაბამისად – ფინანსური სისტემის მთლიან მდგრადობას.

მეტიც, ნავთობის ფასების კლების ეფექტი გარდამავალ პერიოდში ბანკებს ეხმარება. შვიდი ქვეყნიდან, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი საბანკო ვალი – არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, მექსიკა, პერუ, ფილიპინები და სამხრეთ კორეა – ექვსი ნავთობის იმპორტიორია, რომელთა გადახდისუნარიანობა ნავთობის ფასების შემცირებით გაიზრდება.

რეალური საშიშროება ის არის, რომ უცხოური სახელმწიფოების ვალები ინფლაციური ზრდის კიდევ ერთი საფუძველი არ გახდეს. დეფოლტის შიში აიძულებს აშშ-სა და სხვა მთავრობებს დაფინანსება გაზარდონ ამ მთავრობების გადასარჩენად. მიღწეულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საბაზისო კაპიტალის 50 პროცენტით გაზრდის შეთანხმება, IMF-ის წევრთა კვოტების გაზრდის გზით. ეს ფული იმ ქვეყნების დახმარებას მოხმარდება, რომლებიც საკუთარ საქმეს ყველაზე უგუნურად უძღვებიან. სუპერფონდის შექმნა მსგავს ქვეყნებს ახალი სისულელეების ჩადენისკენ უბიძგებს, იმისთვის, რომ ახალი შეღავათიანი სესხებით დაჯილდოვდნენ. კონგრესი ამ საკითხებს მალე განიხილავს.

მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ფისკალური პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელია. გერმანიაში, სადაც შარშან უმუშევრობამ 1954 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2 მილიონს, ჰელმუტ კოლის მთავრობამ დამატებული ღირებულების გადასახადი უმეტეს პროდუქტზე 1 პუნქტით – 14 პროცენტამდე გაზარდა. სასურსათო პროდუქტებზე, გაზეთებზე, ჟურნალები და პროფესიული მომსახურებაზე კი 0.5 პუნქტით – 7 პროცენტამდე. ეს გადაწყვეტილება ივლისიდან შევა ძალაში. მიზანი გერმანიის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაა. შედეგად უმუშევრობის და სოციალური მღელვარების ზრდას მივიღებთ[4]. საგადასახადო განაკვეთები გაიზარდა საფრანგეთშიც.

ამავდროულად, ბევრი განვითარებადი ქვეყანა ვალების მომსახურების სირთულეებს აწყდება, რაც IMF-ს სტანდარტული რჩევების მიცემისკენ უხსნის კარს – ეროვნული ვალუტის დევალვაცია, გადასახადების მაღალი განაკვეთი და სახელმწიფო ხარჯების შემცირება. მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში და სხვა ქვეყნებში მსგავსი პროგრამების განხორციელება ეკონომიკის აღდგენას შეაფერხებს[5].

საფონდო ბირჟის ინდექსების ზრდა რვა მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყანაში – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო – იმაზე მიუთითებს, რომ, გადასახადების ზრდის მიუხედავად, ეს ეკონომიკებიც ადგანან ზრდის გზას. მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით სტაგნაციის ნიშნები შეერთებულ შტატების ეკონომიკის აღდგენის ტემპზე გავლენას მაინც იქონიებს.

GATT-ის შეხვედრის წარუმატებლობა; განვითარებადი ქვეყნების ფინანსური პრობლემები; ევროპასა და იაპონიაში დაუძლეველი მაღალი უმუშევრობა და ნელი ეკონომიკური ზრდა, როგორც ჩანს, ახალი მონეტარული შეთანხმების საფუძვლიანი განხილვის კატალიზატორად იქცა. GATT-ის კონფერენციის წინაშე გამოსვლისას საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, მიშელ ჟობერმა საერთაშორისო სავალუტო ვითარების განხილვის გარეშე, სხვა საკითხების განხილვის ფასი ეჭვქვეშ დააყენა. „უცნაურია მიმდინარე სავაჭრო პრობლემებზე კონცენტრირება, როდესაც რეალური პრობლემები წარმოების უპრეცედენტო კრიზისის შედეგია“, – თქვა მან. მისი აზრით, შექმნილი პრობლემების წყარო სავაჭრო სისტემა კი არ იყო, არამედ „გაურკვევლობა, რომელიც ვალუტის კურსების არასტაბილური და განუწყვეტელი რყევებით იყო გამოწვეული“.

განვითარებადი ქვეყნების ფინანსური პრობლემებისა და მსოფლიო რეცესიის გამო შეშფოთებამ თითქმის მსგავს დასკვნამდე მიიყვანა დემოკრატთა ფლანგის წამყვანი ინტელექტუალი, საინვესტიციო ბანკირი ფელიქს ჯი როჰათინი, ვინც New York Times-ის 5 დეკემბრის გამოცემაში დაწერა:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო სისტემა 1944 წლის ბრეთონ ვუდსის შეთანხმებების შედეგად ფუნქციონირებდა, რამაც გამოიწვია არნახული ზრდა და სიმდიდრის მატება მთელს მსოფლიოში. მაგრამ, იმის გამო, რომ ბევრ პრობლემას ქმნიდა, ფიქსირებულ კურსებზე დაფუძნებული ეს საერთაშორისო სისტემა მცურავ კურსებზე დაფუძნებული სისტემით ჩავანაცვლეთ, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებს ქმნის. უცხოური ვალუტის კურსების შმაგმა რყევებმა, ცალკეულ ვალუტებზე სპეკულაციურმა შეტევებმა, ევროდოლარის ბაზრის უკონტროლო ზრდამ მსოფლიო ინფლაციას და დესტაბილიზაციას შეუწყო ხელი. ამერიკას, იაპონიასა და დასავლეთ ევროპას შორის ჯანსაღი, ზრდისკენ მიმართული, შეთანხმებული ეკონომიკური პოლიტიკის საკითხში თანამშრომლობა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ფონზე, სახაზინო მდივნის დონალდ რეგანის მოწოდება, დავიწყოთ საერთაშორისო ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის განხილვა, აშშ-ს საერთაშორისო მონეტარული პოლიტიკაში პოტენციურ გარღვევაზე მიუთითებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობა მზადაა განიხილოს ყველა ვარიანტი, ოქროს სტანდარტზე დაბრუნებიდან არსებული სისტემის შენარჩუნებამდე.

დასუსტებული OPEC შეიძლება ახალი საერთაშორისო სავალუტო სისტემის შექმნის ბიძგი გახდეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგანი ძლიერი დოლარის პოლიტიკას უჭერდა მხარს, იმ მოტივით, რომ ვალუტის გამყარება შეამცირებდა ნედლეულის (მათ შორის – ნავთობის) იმპორტის ღირებულებას. მისი კომენტარები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. გასული ორი წლის განმავლობაში, დოლარის ღირებულება გაიზარდა 36,4 პროცენტით, საქონლის ფასები დაეცა 20,9 პროცენტით, ხოლო OPEC-ის გავლენა ნავთობის ფასებზე გაქრა.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის განმავლობაში ახალი საერთაშორისო სავალუტო შეთანხმების მიღწევის შანსები დაბალი უნდა იყოს, 1984 წლის არჩევნების წინ ამ თემის წამოწევა კარგ შესაძლებლობას იძლევა. ფიქსირებული გაცვლითი კურსის სისტემის აღდგენა აუცილებლად მოითხოვს კურსების განსაზღვრის წესის ინსტიტუციონალიზაციას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი იმის დადგენა იქნება, თუ რომელი ქვეყანა ჩაერევა მათი ვალუტების კურსს შორის რყევის შემთხვევაში. კიდევ ერთი საკითხია, როგორ უნდა დავასტაბილუროთ ფასების დონე მთლიანად მონეტარულ სისტემაში. თუ შეერთებული შტატები შეუერთდება ევროპის სავალუტო სისტემას, ინტერვენციის საკითხი გადაწყდება რთული გათვლებით, რომლებიც ამ სავალუტო ბლოკს მართავს. მაგრამ ფასების სტაბილურობა არ იქნება გარანტირებული – ამ სისტემის პირობებში ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება ყველა მონაწილე ქვეყნის საშუალო შეწონილი მაჩვენებლით.

ტრადიციულად, ფასების სტაბილურობა მთლიან სისტემაში გარანტირებულია ისეთი სასაქონლო სტანდარტის გამოყენებით, როგორიცაა ოქრო, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განმსაზღვრელია. ასეთი სისტემის პირობებში, თუ ვალუტის ღირებულებები განსხვავდება, უნდა ჩაერიოს ის ქვეყანა, სადაც საქონელზე მზარდი ან კლებადი ნომინალური ფასების დონე აღინიშნება.

მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელი ვარდნიდან გამოყვანის გზაზე კარგად გააზრებული საერთაშორისო სავალუტო სისტემის როლის გადაჭარბებული შეფასება ძნელია. სტაბილური ფასების გარემოს აღდგენას, როგორც დროში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, მოჰყვება გრძელვადიანი ობლიგაციების ბაზრებზე ისტორიაში მეორე ზრდა. მეტიც, ასეთი ცვლილება გამოიწვევს კაპიტალური ინვესტიციების ბუმს, ისეთს, რომელიც 1960-იანი წლების შუა პერიოდის გამოცდილების ტოლი იქნება (1964-1966 წლებში არასაცხოვრებელ ფართში ფიქსირებული ინვესტიციები[6] საშუალო წლიური 13 პროცენტით იზრდებოდა).

ამრიგად, პოტენციური წარუმატებლობის მიუხედავად, 1983 წელი, როგორც ჩანს, იქნება ეკონომიკის მდგრადი აღდგენის წელი. მიწოდების ეკონომიკის ბუმის საფუძველი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა წელმა, შეიძლება, ჩვეულებრივზე ოდნავ ნელი გამოჯანმრთელების ტემპი გვიჩვენოს, ზრდის პოტენციური ნორმა მაღალ ნიშნულზეა.

ეკონომიკის აღდგენა დაეხმარება პრეზიდენტ რეიგანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგრამის მიმართ ნდობა განიმტკიცოს. კარგმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომლის განხორციელებაც სუსტად და მეტისმეტად ფეხის თრევით დაიწყო, როგორც იქნა, ნაყოფი გამოიღო[7].

©Arthur B. Laffer – Supply-Side Boom. Reason, May 1983 Issue
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ლაფერის ეკონომიკურ გუნდსა და ფედერალურ სარეზერვო სისტემას შორის დამოკიდებულება უფრო ვრცლად შეჯამებულია ლაფერის 2019 წლის წერილში The Volcker (price) Rule of The 1980s by Arthur B. Laffer and Brian Domitrovic. RealClearPolitics. May 30, 2019.
(2)ნავთობის ფასები 1980-89

Oil Prices US

(3)International Harvester – სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი იყო. ზოგადად, ლაფერი გულისხმობს, რომ იმ ქვეყნების/კომპანიების გარდა, ვინც ნავთობს მოიპოვებს და ყიდის (და მაღალი ფასებით ხეირობს) არიან სხვები, ვინც ნავთობს ყიდულობს და მოიხმარს (შესაბამისად – ხეირობს დაბალი ფასებით).

(4) უმუშევრობა გერმანიასა და აშშ-ში 1980-წლიდან

Unemployment rate USA=Germany-1980-2013

(5)მეეჭვება, ვინმე “შემთხვევითი გამვლელი” კითხულობდეს ამ სტატიას, ვინც ლაფერის ეკონომიკურ თეორიას არ იცნობს, მაგრამ მაინც დავწერ, რომ IMF რეცეპტის მიმართ მის გადაულახავ სკეპტიციზმს, პირველ რიგში, გადასახადების ზრდის მოთხოვნა იწვევს, სახელმწიფო ხარჯების შემცირების წინააღმდეგი ლაფერი, ცხადია, არ არის. პირიქით – “თუ მიჰყვებით ქეინზისა და პიკეტის რჩევებს და გაზრდით სახელმწიფო ხარჯებს, მაშინ გარანტირებულად ჩაეფლობით და დარჩებით სიღარიბეში“.

(6)CapEx და Non residential investments – კომპანიის ინვესტიციები საწარმოო ფართში, მანქანა-დანადგარებში, ტექნოლოგიებში.

(7) რეიგანომიკა გრაფიკებში

GDP US 1981-1988

Income US 1981-1988

Job creation US 1981-1988

—-

ეს სტატია იმით არის საინტერესო, რომ “რეიგანომიკის” დასაწყისშია დაწერილი, როდესაც ახალ პოლიტიკას უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა და, როგორც წერილიდანაც ჩანს, არც პრეზიდენტი რეიგანი იყო ბოლომდე დარწმუნებული, ფრთხილობდა და მერყეობდა. ლაფერის 2011 წლის შემაჯამებელი წერილი “რა გვასწავლა რეიგანომიკამ” ასევე ვთარგმნე წლების წინ.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: