პუტინთან მორიგებას არ აქვს აზრი, ის უნდა დავამარცხოთ

ჯონათან ლითელი

ბოლო ხანებია ყოველი კუთხე-კუნჭულიდან სულ ერთი და იგივე წუწუნი მესმის: უკრაინელები აზვიადებენ, ნატომ ძალიან ღრმად შეტოპა, ფასების ზრდა არ უნდა დაგვავიწყდეს, პუტინთან მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყველაზე დიდი გულწრფელობა მაინც ჰენრი ქისინჯერმა გამოიჩინა, რომელმაც გასულ თვეს დავოსში ასე განაცხადა: „რუსეთთან [ნატოს] ახალი ომის საფრთხის გამო“, უკრაინა ტერიტორიის ნაწილის დათმობას უნდა დათანხმდეს. გერმანიაში, სადაც ოლაფ შოლცის მთავრობა ითრევს ფეხს და უკრაინისთვის დაპირებული იარაღის გადაცემას არა ჩქარობს, ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების (რაც არ უნდა მტკივნეული იყოს) დასრულების ნაცვლად, თვალის დახუჭვას და ძველ მომაკვდინებელ კომფორტში დაბრუნებას გვთავაზობს. არც ემანუელ მაკრონს სურს, მათ ჩამორჩეს ”რუსეთის დამცირება არ შეიძლება”, – ხაზგასმით აღნიშნა მან ცოტა ხნის წინ, სანამ საშველს დააყენებდა და კიევში გაემგზავრებოდა.

როგორ იბრიყვებენ თავს! რამხელა ცვედანობის, სტრატეგიული ხედვის ნაკლებობის ნიშნებს ავლენენ, რითაც ვლადიმერ პუტინი, უსათუოდ, ხეირიანად ისარგებლებს. ამას წინ კრემლთან დაახლოებულმა რუსმა მილიარდერმა ბრიტანელ ჟურნალისტ ქეთრინ ბელთონს უთხრა, პუტინი “დარწმუნებულია, რომ დასავლეთი დასუსტდება… და რომ გრძელვადიან მომავალში ის გაიმარჯვებს”.

ჩვენი კაპიტულაციის დასაჩქარებლად, ის ყველა ხელმისაწვდომ ხერხს მიმართავს: ნავთობისა და გაზის მიწოდების მიზანმიმართულ შემცირებას, რაც, ამ მრეწველობას დიდ სირთულეებს უქმნის, ბალკანეთის დესტაბილიზაციას, შანტაჟს სურსათის დეფიციტით, რომელიც აფრიკას შიმშილის კატასტროფად დაატყდება თავს, დასავლეთს კი – ახალ მიგრაციულ კრიზისად, აღარაფერს ვამბობ ბირთვული ომით მუქარაზე, რომელსაც პუტინი ჯიუტი ხანგამოშვებით უბრუნდება ხოლმე, თითქოს ნამდვილად მზად იყოს, საკუთარი ამბიციებისა და პირად უსაფრთხოების გამო მთელი მსოფლიოს გაანადგუროს რუსეთთან ერთად.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მეყსეულმა და ფეხშეწყობილმა პირველმა რეაქციამ როგორც კი გადაიარა, პუტინმა ხელახლა დადო ფსონი გრძელვადიან მომავალზე, ევროპის შიდა წინააღმდეგობებზე და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს სისუსტესა და სრულ უუნარობაზე (ყოველ შემთხვევაში აქ, დასავლეთ ევროპაში) ჩავწვდეთ რუსეთის იმპერიული ცნობიერების არსს.

პუტინი, მისი მინისტრის, ლავროვის მსგავსად, კარგად არის ტყუილში გაწვრთნილი. ტყუილი მისი ბუნებრივი იარაღია. დიალოგი კი მხოლოდ დროის მოგების, უპირატესობის მოპოვების საშუალებაა, იმისთვის, რომ პაიკები წინ გასწიოს, სანამ იხელთებს შესაფერის მომენტს და კვლავ ძალადობას მიმართავს. მოლაპარაკებები ან შეთანხმებები (როგორც 2015 წლის მინსკის შეთანხმება, რომელსაც, ვითომ, უნდა დაესრულებინა კონფლიქტი დონბასში) მისთვის მხოლოდ შესაძლებლობაა, დაიმკვიდროს მიღწეული, სანამ ახლის წართმევის შესაძლებლობა მიეცემა. ასე მუშაობს. ქისინჯერის ვარაუდი, რომ შესაძლებელია სტატუს-კვოში დაბრუნება, მხოლოდ ილუზიაა. მოლოდინი, რომ პუტინი, შეიძლება, პატიოსან მოლაპარაკებებზე დავიყოლიოთ და ის (ამ ერთხელ მაინც!) პატივს სცემს შეთანხმების პირობებს, უბრალოდ სასაცილოა. ასე უმწეონი, ასე შეშინებულნი, ასე ბრმანი რომ არ ვყოფილიყავით და 2015 წელს ახალი შეიარაღებით დავხმარებოდით უკრაინას, ან ნატოს ჯარების კონტინგენტი განგვეთავსებინა მის ტერიტორიაზე, თუნდაც მხოლოდ ინსტრუქტორები ყოფილიყვნენ, პუტინი, რომელიც ქედს უხრის მხოლოდ ერთ კანონს – ძალას, ვერასდროს გაბედავდა ამ ომის დაწყებას. მაგრამ თუ მივცემთ ნებას, თუნდაც სულ მცირე ხეირი ნახოს ამ ომიდან, მომდევნო ომი გარდაუვალი იქნება, სჯობს, აქედანვე ვიცოდეთ.

მახარებს მაკრონისა და შოლცის ფერისცვალება, რომლებიც (როგორც კიევში ვიზიტის დროს გაირკვა) საბოლოოდ მიხვდნენ, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა უპატიებელი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ ილუზიები თუ ცრუ იმედები პუტინის შესახებ ძნელად ჭკნება. რამდენი ათეული წელია, ევროპის ნაწილი და, უპირველეს ყოვლისა, გერმანია ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ეყრდნობა რუსეთს, ყურს არ უგდებს კლიმატოლოგთა გაფრთხილებებს და უარს ამბობს „ენერგეტიკულ შემობრუნებაზე“. რა დრო იფლანგება ფუჭად და რა იღბალი აქვს მოსკოვს!

ომის დაწყებიდან მოყოლებული, ნავთობისა და გაზის ექსპორტმა რუსეთს 93 მილიარდი ევრო მოუტანა, რომლის უმეტესი ნაწილი ევროკავშირისგან მიიღო. ეს ორ ნახევარჯერ აღემატება იმ 37 მილიარდ ევროს, რასაც შეერთებული შტატები დაჰპირდა უკრაინას. ახლა მოვთქვამთ, რომ ბენზინი ორ ევროზე მეტი ღირს და გამოსავალს გამალებით ვეძებთ. სამარცხვინოა და აღმაშფოთებელი! ბენზინი უკრაინაშიც ძვირია, ბენზინგასამართ სადგურებზე კი დაუსრულებელი რიგებია, მაგრამ იქ არავინ წუწუნებს. უკრაინელები არ ითხოვენ იაფ ბენზინს, ისინი გვთხოვენ იარაღსა და საბრძოლო მასალას, იმისთვის, რომ დამპყრობელი მოიგერიონ, გაათავისუფლონ თავიანთი ქალაქები და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. და ისინი მართლები არიან!

უკრაინაში შეჭრით პუტინმა 1945 წლის შემდგომ მსოფლიოში დამყარებული წესრიგი დაამსხვრია და ჩამოამხო – გულუბრყვილოა იმედი, რომ ამ ნამსხვრევებს შევკრებთ და ხელახლა ავაწყობთ. პუტინი და მისი დამქაშები სამყაროს ღიად უღრენენ – ეს მათი ქცევის ჩვეული სტილია, მაგრამ, დახურულ კარს მიღმა, ყურადღებით აკვირდებიან ძალთა ბალანსს და მშვიდად ითვლიან შესაძლო შედეგებს.

როდესაც უკრაინელებმა გააფთრებული წინააღმდეგობით რუსეთის წინსვლა შეაჩერეს კიევთან, პუტინმა თავის ჯარებს უკან დახევის ბრძანება მისცა. მსოფლიოს კი საშუალება მიეცა, ენახა ის ამაზრზენი დანაშაული, რაც რუსეთის “გამათავისუფლებელმა” არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინა ბუჩაში, ირპინში, მოტიჟინში და სხვა დასახლებებში. როდესაც უკრაინელებმა ნიკოლაევთან რუსები უკუაგდეს და ყირიმიდან ოდესაზე შეტევა ჩაიფუშა, პუტინი იძულებული გახდა დროებით გვერდზე გადაედო ამ სახელგანთქმული პორტის ხელში ჩაგდების გეგმა.

მან საბოლოოდ გააცნობიერა თავისი ცუდად გაწვრთნილი და კორუფციით ფესვგამომპალი არმიის სისუსტე მეტად მოტივირებულ და დასავლეთის მიერ შეიარაღებულ უკრაინულ ჯართან შედარებით. ახლა მთელი თავისი ძალა დონბასში შეკრიბა, გამოიყენა თვითმფრინავები და მძიმე არტილერია ქალაქების მიწასთან გასასწორებლად – ეს ომის წარმოების ერთადერთი გზაა, რომელიც პუტინს დარჩა. სწორედ აქ უნდა შევაჩეროთ ის და უკუვაგდოთ. ამერიკისა და ბრიტანეთის დაპირებები შორი მოქმედების საარტილერიო სისტემების განთავსებაზე, იმისთვის რომ ძალები გავაწონასწოროთ, არის პირველი ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

პუტინი არის ადამიანი, ვინც 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის ომი წამოიწყო იმისთვის, რომ მე-19 საუკუნის მიზნებს მიაღწიოს. მისთვის, რომელიც ახლა პეტრე პირველს ადარებს თავს, უკრაინის ანექსია ეგზისტენციალური საკითხია და არაფერი აქვს საერთო ნატოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან. უკრაინა არ უნდა არსებობდეს – ესაა სულ. არ არის რაიმე დათმობა, დიპლომატიური ნაბიჯი ან „გონივრული“ კომპრომისი, რის შეთავაზებაც შეგვიძლია, იმისთვის რომ პუტინის ზრახვების განხორციელება შევაჩეროთ, გადავარჩინოთ უკრაინის ტერიტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მთლიანობა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპულ მომავალზე. უკრაინელების მხრივ ახლა საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მორიგი „მინსკის მოლაპარაკებებზე“ დასხდომა, რამდენიმე წელიწადში ნიშნავს უკრაინაში შეჭრის ხელახალ ეტაპს, როგორც კი პუტინი აღადგენს ძალებს და ჯარისკაცების, იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგს შეივსებს. და თუკი თავად იმ დრომდე ვერ მიაღწევს და მოკვდება, მაგრამ მისი რეჟიმი გაგრძელდება, მაშინ გამოჩნდება მემკვიდრე, რომელიც ზუსტად იმავეს გააკეთებს.

9 მაისს სტრასბურგში, რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკების კონტექსტში, ემანუელ მაკრონმა 1918 წლის ვერსალის ხელშეკრულება გაიხსენა, რომლის დამამცირებელმა პირობებმა გერმანიისთვის „მშვიდობისაკენ გზა მოსპო“. რაც შეეხება ვაიმარის რესპუბლიკას, იმ მშვენიერ დემოკრატიულ ექსპერიმენტს, ეს მართლაც ასეა, მაგრამ მაკრონს, როგორც ჩანს, საერთოდ ვერ გაუგია ისტორიული მომენტი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. თუ მოსკოვს ჰქონდა მისი 1918 წელი, ეს 1991 წელს იყო. მას შემდეგ (ისე, როგორც ვაიმარის დაშლის შემდეგ 30-იანი წლების გერმანიაში) რუსეთში მტკიცედ დამკვიდრდა ფაშისტური, რევანშისტური და, ამასთან, სრულიად კორუმპირებული მთავრობა, ვინც გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და დაჩეხა მისი მასაზრდოებელი ფესვები, სრულად მიიტაცა ეკონომიკა საკუთარი გამდიდრების მიზნით და უარი უთხრა დემოკრატიულ სამყაროსა და წესრიგს, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო უსაფრთხოებასა და მშვიდობიან ცხოვრებას.

რუსეთში ახლა არა 1918, არამედ 1939 წელია და მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე (როგორც ჰიტლერის მესამე რაიხის შემთხვევაში იყო) საჭირო იქნება პუტინის რეჟიმის სრულად მოსპობა. უნდა გვესმოდეს, რომ პუტინისთვის უმნიშვნელოა, თუ რას ფიქრობს „კოლექტიური დასავლეთი“. მხოლოდ თავისუფალ, დემოკრატიულ რუსეთს, ისეთ რუსეთს, რომელსაც მართავენ მოქალაქეები და არა მესიანისტური იდეებით შეპყრობილი მაფიოზური კლანი, შეუძლია, დაბრუნდეს ცივილიზებულ ერთა შორის და საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იქცეს, როგორც ეს გერმანიამ და იაპონიამ მოახერხეს 1945 წლის შემდეგ.

პოლონეთისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და ცენტრალური ევროპისთვის ეს ამბავი ნათელია და ისინი გამალებით ცდილობენ, ხმა მოგვაწვდინონ. ამერიკელებმა, ჩანს, უკვე გააცნობიერეს და ახლა ბრიტანელებთან ერთად მუშაობენ, ფინელებმა და შვედებმაც კი, რომლებმაც მოულოდნელად მიატოვეს 80-წლიანი ნეიტრალიტეტი, დაიწყეს ნატოს ფარის ძებნა, იქ დაინახეს უსაფრთხოების გარანტია რუსული რეჟიმის სულ უფრო მზარდი სიშლეგის წინააღმდეგ.

მაგრამ, ამის საპირისპიროდ, ჩვენი დასავლეთევროპელი ლიდერები კვლავ დრომოჭმული თქმულებებისა და ზღაპრების ბორკილებს აჟღარუნებენ. ძალიან ხანგრძლივი მშვიდობის გამო, შეეპარათ ინტელექტუალური სიზარმაცე და მორალური სისუსტე. მათ, დაღლილობისგან, კისერი სწყდებათ და მუდამ კომპრომისისკენ იხრებიან. არ უარვყოფ, ხშირად კომპრომისი მართლაც აუცილებელია, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ევროპული იდეალების ღალატის ტოლფასია და პუტინის ამბიციების ცეცხლზე ნავთის დასხმას ნიშნავს. მხოლოდ რუსული სამხედრო ძალის უპირობო მარცხმა უკრაინაში შეიძლება მოიტანოს ნანატრი უსაფრთხოება კონტინენტზე. მხოლოდ ამგვარი უპირობო, შეუვალი დამარცხების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი რუსეთთან დიალოგის წარმოებაც და რაიმე სახის სანდო შეთანხმების მიღწევაც. უკრაინის უეჭველი და უდავო გამარჯვების გარეშე, ნებისმიერი დიპლომატია იქნება ფუჭი ლაქლაქი ან – კაპიტულაცია.

„არ შეიძლება რუსეთის დამცირება“ – ბოლო 20 წელია, რაც უფრო მეტად ენის მოჩლექით ველაპარაკებით რუსეთს, რაც მეტ ნაბიჯს ვდგამთ მისკენ და რაც მეტს ვუთმობთ, მით უფრო ხმამაღლა ყვირის პუტინი, რომ ამცირებენ, იმ დროს, როცა თანამოსაუბრეების დამცირება მისთვის მთელი ხელოვნებაა. გასაოცარია, მაგრამ კვლავ მისი წესებით თამაშს ვაგრძელებთ. სინამდვილეში თავად პუტინი იმცირებს თავს. ის, ვინც ცდილობს ადგილი დაიმკვიდროს ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის, მაგრამ პატივს არ სცემს ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი. ვინც არაფრად აგდებს ადამიანის უფლებებს ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიაში და ახლა – უკრაინაში. ვინც გააჩაღა ომი. ვისაც გაღატაკებული, სამარცხვინო, არქაული ჯარი ჰყავს, რომელიც დამშეულია და საკუთარი გენერლები ყვლეფენ.

თუ ამ ყველაფრის გამო ის ჩვენზე განაწყენებულია, ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, კარგი ალიყური ვაჭამოთ და იმ ადგილას დავაყენოთ, სადაც იმსახურებს. ეს ადგილი მან თავად აირჩია.

©Джонатан Литтелл – Договариваться с Путиным бессмысленно. Его нужно победить, Медуза, 2022
©LV (ქართული თარგმანი, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

ჯონათან ლითელი ცნობილი ამერიკელი-ფრანგი მწერალია. პუტინის ძველი კრიტიკოსი. მისი ეს წერილი ჯერ Corriere della Serra-მ გამოაქვეყნა, შემდეგ კი – “მედუზამ”. უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე გაზეთი აპირებს გამოქვეყნებას.
მის რომანს”კეთილისმყოფელნი” (Les Bienveillantes) მოპოვებული აქვს გონკურების სახელობის პრემია და საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: