ფრედერიკ ბასტია
სესხი
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი IX
როდის არა ყოფილა, განა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ხომ გამორჩეულად – ადამიანები შეიპყრო ოცნებამ იაფი სესხის[1] შესახებ, რაც ქონების გამრავლებაში დაეხმარებოდა. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ პარიზულმა პრესამ, თებერვლის რევოლუციის[2] შემდეგ, ათი ათასზე მეტი ბროშურა გამოსცა ამ იოლი გზით სოციალური პრობლემების გადაჭრის თაობაზე.
სამწუხაროდ, ეს გზა მხოლოდ ქვიშაზე აგებული ზმანებაა… ეგეც არ ვიცი, ზმანების აგება საერთოდ თუა შესაძლებელი.
მეოცნებე ადამიანებს ლითონის ფული[3] და საქონელი ერთმანეთში ერევათ, ლითონის ფული ქაღალდის ფულისგან ვერ გაურჩევიათ და შემდეგ ამ ორ მცდარ დაშვებას ფაქტად გვასაღებენ.
ჩვენ კი, საკითხში გასარკვევად, უნდა დავივიწყოთ ბანკნოტები, მონეტები, თამასუქები და სხვა საშუალებები, რომლითაც საქონელი ხელიდან ხელში გადადის, უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ საქონელს, მასზე გავამახვილოთ მზერა. საქონელია სწორედ სესხის საგანი, ვინაიდან ფერმერი, ორმოცდაათ ფრანკს ვინც სესხულობს გუთნის საყიდლად, სინამდვილეში ფულის ნიშანს კი არ დაეძებს, რაც სესხად გამოაქვს – ეს გუთანია. როცა ვაჭარი სახლის შესაძენად ოცი ათას ფრანკს ისესხებს, ვალად ის ოცი ათასი ფრანკი კი არ დაედება – სახლია, რაც მას ახლა მართებს.
ფული იმისთვის ჩნდება მხოლოდ, რომ ხელი შეუწყოს რამდენიმე მხარეს შორის დადებულ გარიგებას. თუკი პიერს არ სურს, ისესხოს გუთანი და ჟაკს კი სურს, გაასესხოს ფული, როგორ უნდა მოიქცეს გილიომი, ვინც გუთანს ეძებს? სესხულობს ფულს ჟაკისგან და ამ ფულით პიერისგან ყიდულობს გუთანს.
არვინ სესხულობს ფულს იმისთვის, რომ ფულად თაროზე შემოდოს – ჩვენ ყველანი ვსესხულობთ ფულს საქონელზე გადასაცვლელად.
მაგრამ არ დაბადებულა მთელს დუნიაზე ქვეყანა, სადაც ერთი ხელიდან მეორეში იმაზე მეტი საქონლის გადაცემა შეიძლება, ვიდრე – არსებობს.
რამდენი ფულიც არ უნდა მოჭრათ, ლითონი იქნება თუ ქაღალდი, მსესხებლები იმაზე მეტ გუთანს, სახლს, აღჭურვილობას, საკვებსა თუ ნედლეულს ვერ შეიძენენ, ვიდრე გამსესხებლებს შეუძლიათ, გასცენ. როგორც იტყვიან, კარგ მსესხებელს კარგი გამსესხებელიც სჭირდება.
ასე მივადექით საკრედიტო ინსტიტუტის კარს. რა სარგებლობა მოაქვს საკრედიტო ინსტიტუტს? შეუძლია მსესხებლებსა და გამსესხებლებს ერთმანეთი აპოვნინოს და ურთიერთშეთანხმების მიღწევაშიც შეუწყოს ხელი. მაგრამ რაც საკრედიტო ინსტიტუტებს არ შეუძლიათ, ეს სასესხოდ გამზადებული საქონლის რაოდენობის მეყსეული ზრდაა.
ჩვენი სოციალ-რეფორმატორების მიზნების მისაღწევად კი სწორედ ესაა საჭირო, რადგან ეს ბატონები გუთნებს, სახლებს, აღჭურვილობას, საკვებსა თუ ნედლეულს ჰპირდებიან ყველას, ვისაცა სურს.
საკითხავია, როგორ ესახებათ ამას გაკეთება?
როგორ და – სესხების სახელმწიფო უზრუნველყოფით.
მოდით, ეს ამბავი გამოწვლილვით ვნახოთ, რადგან აქ არის რაღაც, რაც ხილულია და არის რაღაც, რაც დაფარულია. ორივეს დანახვა უნდა ვცადოთ.
დავუშვათ, დედამიწაზე მხოლოდ ერთი გუთანია და მას ერთდროულად ორმა ფერმერმა დაადგა თვალი.
პიერი საფრანგეთში ერთადერთი გუთნის ბედნიერი მფლობელია. ჟანსა და ჟაკს კი მისი სესხება სწადიათ. ჟანი კეთილსინდისიერია, კარგი სახელი აქვს და გირაოდ ქონებას ჩამოდის. სანდო კაცია. ჟაკი ამ ყველაფრით ვერ დაიკვეხნის. ცხადია, პიერი გუთანს ჟანს ასესხებს.
მაგრამ უეცრად, სოციალისტური აღტყინებით, ამ გარიგებაში სახელმწიფო ეჩხირება და ეუბნება პიერს: „მიეცი გუთანი ჟაკს, თავდებში ჩვენ ჩავუდგებით და ანაზღაურების პირობას მოგცემთ. ჩვენი გარანტია ხომ ჟანისაზე მეტია – ის მარტოკაცია, ჩვენ კი, მართალია, საკუთარი არაფერი გვაბადია, მაგიერ, ყველა გადასახადის გადამხდელის ქონებას განვკარგავთ. თუ გაჭირდა, მათი ფულით სესხის სრულ თანხასაც გაგისტუმრებთ და – პროცენტსაც“.
ადგება პიერი და თავის გუთანს ასესხებს ჟაკს. ეს არის ის, რაც ხილულია.
სოციალისტები საკუთარ თავს მიულოცავენ და იტყვიან: „ნახეთ, რა კოხტად მოკვარახჭინდა ჩვენი გეგმა. სახელმწიფოს დროული ჩარევის წყალობით, ღატაკ ჟაკს გუთანი აქვს. ტარმორყეული ნიჩბით კი აღარ ბარავს, გამდიდრების გზაზე დავაყენეთ – მისთვისაც ხეირია და ხეირია მთელი ერისთვის“.
არა, ბატონებო, ოცნებები უნდა განგიქარვოთ – ეროვნული ეკონომიკა ამით ვერ იხეირებს, რადგან აქ არის ის, რაც დაფარულია.
თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ გუთანი ჟაკს იმიტომ ერგო, რომ ჟანს აღარ შეხვდა. და თუ ჟაკს ახლა გუთნით გაჰყავს ხნული, ჟანს ბარით უწევს მიწის ბარვა.
შესაბამისად, ის, რაც ვიღაცას დამატებითი საქონელი ჰგონია, სინამდვილეში არსებული საქონლის გადანაწილებაა მხოლოდ.
გარდა ამისა, ამგვარი გადანაწილება ორ დიდ უსამართლობაზე დგას – ეს არის ის, რაც დაფარულია: უსამართლოა ჟანის მიმართ, ვისაც წაართვეს სესხი, რომელიც დაიმსახურა და მოიპოვა მისი შრომითა და პატიოსნებით და უსამართლოა გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებსაც აჰკიდეს ვალდებულება, გადაიხადონ სხვისი ვალი, რომელიც მათ არ აუღიათ.
ვიღაც მეტყვის, ხომ შეიძლება, მთავრობამ ჟანს იგივე შესაძლებლობა შესთავაზოს, რასაც ჟაკს სთავაზობს? მაგრამ თქვენ დაგავიწყდათ – მხოლოდ ერთი გუთანია ხელმისაწვდომი, ორის სესხება შეუძლებელია. ეს დაწყევლილი წრეა, რადგან სახელმწიფოს ჩარევის წყალობით, იმაზე მეტი მსესხებელი ჩნდება, ვიდრე სესხი არსებობს, რადგან, ჩვენს მაგალითში, გუთანი წარმოადგენს სასურველ სესხს.
კიბატონო, ჩემი მაგალითი უკიდურესად გამარტივებულია, მაგრამ ყველაზე რთული სამთავრობო საკრედიტო ინსტიტუტები რომ შეისწავლოთ, დარწმუნდებით – მათ მოღვაწეობას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს: სესხის გადანაწილება და არა მატება. მოცემულ ქვეყანაში და მოცემულ დროს, არსებობს მხოლოდ მოცემული ოდენობის თავისუფალი თანხა და ბოლოს ის თავის სანთელ-საკმეველს მაინც მონახავს. გადახდისუუნარო მოვალეებზე უზრუნველყოფის გაცემით, სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, შეუძლია მსესხებლების რაოდენობის ზრდა, რასაც მოჰყვება საპროცენტო განაკვეთის მატებაც (ცხადია – ეს ყველაფერი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე), მაგრამ ამით ვერ გაზრდის გამსესხებელთა რიცხვს და სესხების მთლიან ღირებულებას.
მაგრამ ახლა, ზეცას ვევედრები, არ მომაწეროთ მოსაზრება, რომელიც არ გამომითქვამს: მე ვამბობ, რომ კანონმა ხელოვნურად არ უნდა წაახალისოს სესხის აღება; მაგრამ არსად მითქვამს, რომ ხელოვნურად უნდა შეაფერხოს. ყველა დაბრკოლება სესხის გაცემისა და გამოყენების გზაზე, ჩვენთან იქნება, თუ – სადმე სხვაგან, უნდა დაიშალოს – არაფერი შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი ან – უფრო სამართლიანი. სწორედ ეს არის, თავისუფლებასთან ერთად, რასაც უნდა ვთხოვდეთ კანონს, თუკი ცვლილებები გვსურს და თუ რეფორმატორები გვქვია.
©Frédéric Bastiat – Credit, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2022)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)ბასტია მიანიშნებს მის დებატებზე პიერ-ჟოზეფ პრიუდონთან, ვინც „იაფ სესხებს“ სიღარიბის დაძლევის გზად მიიჩნევდა.
(2)1848 წლის რევოლუცია, რომელმაც დაამხო ლუი-ფილიპეს მმართველობა და მეორე რესპუბლიკა დააფუძნა.
(3) ბასტია გულისხმობს „მყარ ფულს“ (ოქროთი ან ვერცხლით გამყარებულ ვალუტას და/ან ოქროს/ვერცხლის მონეტებს).
___
ასევე ფრედერიკ ბასტია:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე
გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება
კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ
გადასახადების შესახებ
სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ
___
მთარგმნელის კომენტარი:
ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” “საქართველოს უნივერსიტეტმა” გამოსცა 2016 წელს. ფრანგულიდან თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლია, ჩამოქაჩო.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები
ჩემი ფრანგული ბასტიას ვერ ყოფნის, ამიტომ ინგლისურიდან ვთარგმნი.