სახელმწიფოს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების შესახებ

ფრედერიკ ბასტია
საზოგადოებრივი სამუშაოები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი V

რა უნდა იყოს იმაზე ბუნებრივი, როდესაც ერი, როცა დარწმუნდება, რომ რომელსამე დიდ საწარმოს თემისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია, ასეთი საწარმოს ასამუშავებლად სახსრებს მოკრებს მოქალაქეთა შორის. მაგრამ უნდა ვაღიარო, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს, როდესაც, ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, მცდარი ეკონომიკური საბუთი მოაქვთ ხოლმე: „გარდა ამისა, ეს სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებაა“.

სახელმწიფოს გაჰყავს შარა-გზები, აშენებს სახლებს, ქუჩებს შეაკეთებს, არხებს თხრის – ამ სამუშაოებზე ის ასაქმებს გარკვეული რაოდენობით ადამიანებს. ეს არის ის, რაც ხილულია, მაგრამ, ამავე დროს, სახელმწიფო სხვა ადამიანებს ართმევს სამუშაოს და ეს არის ის, რაც დაფარულია.

ახალი გზის ამბავი ავიღოთ. ათასი მუშა სამუშაოზე მიდის ყოველ დილით, ყოველ საღამოს ბრუნდება სახლში და იღებს ხელფასს – ამას თვალნათლივ ვხედავთ. ქალაქის მესვეურებს გზის გაყვანა რომ არ გადაეწყვიტათ, დაფინანსება რომ არ გამოეყოთ, ეს პატიოსანი ხალხი ამ სამუშაოზე ვერ დასაქმდებოდა და ამ ხელფასს ვერ გამოიმუშავებდა – ვერც აქ შეედავები.

მაგრამ, განა ეს სრული სურათია? ეგებ, ტილოს მიღმა მოგვრჩა რაღაც? როდესაც ბატონი დიუპენი[1] წარმოთქვამს წმიდათა წმიდა სიტყვებს: „ასამბლეამ დაამტკიცა…“ ალბათ, მილიონობით ფრანკი სასწაულებრივად ცვივა მთვარიდან და ბატონების, ფულდისა და ბინოსთვის[2] მინდობილ სალაროს ავსებს? ეს საქმე რომ გაიჩარხოს, განა სახელმწიფომ ჯერ საჭირო თანხები არ უნდა მოკრიბოს, სანამ დახარჯავს? განა გადასახადების ამკრეფნი არ უნდა მოედონ კუთხე-კუნჭულს და გადასახადის გადამხდელებმა თავიანთი წვლილი არ უნდა გაიღონ?

ეს ამბავი უნდა გავსინჯოთ ორივე მხრიდან – იმის თუ ვამბობთ, რას გააკეთებს სახელმწიფო მილიონი ფრანკით, ნუ დავივიწყებთ, რას გააკეთებდნენ გადასახადის გადამხდელები იგივე მილიონით, მაგრამ ახლა ვეღარ შეძლებენ. მსურს დაგანახოთ, რომ სახელმწიფო საწარმოს, როგორც მონეტას, ორი მხარე აქვს. ერთზე, ამ საწარმოში დასაქმებული მუშაა ამოტვიფრული, რომელიც ხილულია, მეორეზე კი – ამავე საწარმოს წყალობით უმუშევრად დარჩენილი, რომელიც დაფარულია.

სოფიზმი, რომელსაც ამ ჩემი თხზულებით უკუვაგდებ, გამორჩეულად საშიშია, თუ საზოგადოებრივ სამუშაოებს უმაგრებს ზურგს, რადგან ამ დროს ყველაზე ბრიყვულ, ხარბ და უძირო საწარმოებს უდგას ვექილად. როდესაც რკინიგზას ან ხიდს ხელშესახები სარგებელი მოაქვს, თავად ეს ამბავი მეტყველებს მის სასარგებლოდ. მაგრამ თუ ასეთი სარგებელი არ არის, რას აკეთებს ვინმე მის გასამართლებლად? ქადაგად დავარდება და გვიყვება ტკბილ ზღაპარს: „ჩვენ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები მოქალაქეებისთვის“.

მოდით, მარსის მინდვრებზე ჯერ ავაგოთ ხეივნები, შემდეგ კი დავანგრიოთ. ამბობენ, დიდ ნაპოლეონსაც ეგონა, რომ კეთილ საქმეს აკეთებდა, როცა თხრილები გაათხრევინა, შემდეგ კი ამოავსო. ასე უთქვამს: „სამუშაოს შედეგს არ დავეძებ, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს დოვლათის განაწილებაა მშრომელ ხალხს შორის“.

ამ საქმეს ძირის-ძირამდე უნდა ჩავყვეთ, თორემ ფულს ნაცარივით გვაყრიან თვალში. საზოგადოებრივი საწარმოსთვის მოქალაქეებისგან თანხის მოთხოვნა, ფიზიკური შრომის მოთხოვნის ტოლია, რადგან ყოველი მათგანი მისი შრომით გამოიმუშავებს თანხას, რომლითაც ბეგრავთ. მოქალაქეები რომ შევკრიბოთ და ყველასთვის სასარგებლო საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება დავავალოთ, ამას კიდევ გავიგებდი – თავად შესრულებული სამუშაოს შედეგი გამოდგებოდა შრომის ანაზღაურებად. მაგრამ თუ ვაიძულებთ, გაიყვანონ გზები, რომლებზეც არავინ ივლის, ააშენონ სახლები, სადაც არავინ იცხოვრებს და ყველაფერს მათთვის სამუშაოს მიცემით გავამართლებთ – ამგვარ სიბრიყვეს არ დათანხმდებიან, გვეტყვიან: ასეთ სამუშაოს გვირჩევნია, ეგ დრო საკუთარი თავისთვის ვიმუშაოთო. მართლებიც იქნებიან.

შრომას მოვთხოვთ მოქალაქეებს თუ – ფულს, შედეგი იგივე დადგება. სხვაობა მხოლოდ ის არის, რომ რაღაც სამუშაოს გასაწევად ყველას თუ მოვუყრით თავს – ზარალიც ყველაზე განაწილდება, მაგრამ ფული დაბეგვრისას, ისინი, ვისაც სახელმწიფო ასაქმებს, შემოსავალს მიიღებენ სხვების ხარჯზე, ვინც ზარალს ნახავს.

კონსტიტუციაში ასეთი მუხლი გვაქვს:

„საზოგადოება მფარველობს და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას სახელმწიფოს, დეპარტამენტებისა და მუნიციპალიტეტების მიერ უმუშევართა დასაქმების მიზნით შესაბამისი საზოგადოებრივი სამუშაოების დაწესების გზით“.

როგორც კრიზისის დროს დროებითმა ღონისძიებამ, ამ ჩარევამ, შეიძლება, შედეგი მოგვცეს – ვთქვათ, მძიმე, სუსხიან ზამთარში იმუშავებს, როგორც დაზღვევა: როდესაც მსუქანი დროები დგას, იღებს შრომისა და ხელფასის წილს, იმისთვის რომ, მჭლე დრო რომ მოვა, უკან გასცეს (არასრულად, ესეცა ვთქვათ).

როგორც მუდმივი, წესად ქცეული ღონისძიება, სხვა არაფერია, თუ არა მაოხრებელი თაღლითობა, უსარგებლო, წინააღმდეგობრივი რამ, რაც ხმამაღლა გაჰყვირის იმ მცირე ოდენობით სამუშაო ადგილების შესახებ, რომლებსაც ქმნის და ხილულია, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს მრავალ და მრავალ დაკარგულ სამუშაოს, რაც დაფარულია.

©Frédéric Bastiat – Public Works, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ფრასნუა პიერ შარლ დიუპენი ფრანგი მათემატიკოსი, ეკონომისტი, სტატისტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე იყო. საფრანგეთის აკადემიის წევრი და სენატორი (ნაპოლეონ მესამის დროს). პროტექციონიზმის მომხრე.

(2)აშილ ფულდი – ფრანგი ბანკირი, ნაპოლეონ მესამის დროს 4-ჯერ ეჭირა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა.
ჟან-მარსიალ ბინო – ფრანგი ინჟინერი. ეკავა ჯერ საზოგადოებრივ სამუშაოთა, შემდეგ ფინანსთა მინისტრის პოსტი.

ასევე ფრედერიკ ბასტია:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე
გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება
კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ
გადასახადების შესახებ

___

მთარგმნელის კომენტარი:
ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” “საქართველოს უნივერსიტეტმა” გამოსცა 2016 წელს. ფრანგულიდან თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლია, ჩამოქაჩო.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები
ჩემი ფრანგული ბასტიას ვერ ყოფნის, ამიტომ ინგლისურიდან ვთარგმნი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: