ეპიდემიოლოგიური სამახსოვრო
ბორის სტრუგაცკი
ჩვენს სახლში ჟამიანობაა და არ ვიცით, როგორ ვუწამლოთ. მეტიც, ხშირად, სწორ დიაგნოზსაც ვერ ვსვამთ და ვისაც კეთრი უკვე შეეყარა, ვერ ამჩნევს, რომ ავადაა და სხვასაც აავადებს.
მას ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად იცის ფაშიზმის შესახებ. ფაშიზმი ხომ ნახშირივით შავი SS-ის ფორმებია, ყეფა-ყეფა ლაპარაკი, რომაულ მისალმებაში ამართული ხელები, სვასტიკა, შავ-წითელი დროშები, მწკრივად სიარული, მავთულხლართებს მიღმა დამწყვდეული, ძვლის პირამდე გალეული ადამიანები, ცხიმიანი კვამლი კრემატორიუმის საკვამურებიდან, ქოჩორჩამოშლილი, შეშლილი ფიურერი, გოდორა გერინგი, პენსნეიანი ჰიმლერი და ნახევარი დუჟინი მეტ-ნაკლებად ნაცნობი პერსონაჟი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებიდან“, „მზვერავის გმირობიდან“ „ბერლინის დაცემიდან“…[1]
მართლაც კარგად ვიცით, რა არის ფაშიზმი – გერმანული ფაშიზმი, იგივე ჰიტლერიზმი და აზრადაც არ მოგვდის, რომ სხვა ფაშიზმიც არსებობს, ისეთივე ტურტლიანი, ისეთივე საშინელი, მაგრამ – საკუთარი, შინ გამოზრდილი. ალბათ, ამიტომ ვერ ვამჩნევთ მას, თუმცა ცხვირწინ გვიდგას და შემოგვყურებს – ჩვენს თვალწინ გაიზარდა, მოედო ქვეყნის სხეულს, როგორც ჩუმი, ავთვისებიანი სიმსივნე.
სვასტიკის გარჩევაც კარგად ვისწავლეთ, თუნდაც ის რუნულ წარწერად გვაჩვენებდეს თავს. შეგვიძლია, ავი შეძახილების გარჩევა, რომლებიც უცხოთა მიმართ ანგარიშსწორებისკენ მოგვიწოდებენ. ზოგჯერ, ბინძურ ლოზუნგებს და ნახატებსაც ვამჩნევთ ჩვენი სახლების კედლებზე, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ვაჯერებთ, რომ ეს ფაშიზმია. კვლავ ის გვგონია, რომ ფაშიზმი მხოლოდ შავი SS-ის ფორმები, უცხო ენაზე ყეფა-ყეფა შეძახილები, კრემატორიუმის ბუხრიდან ამოსული გაპოხილი კვამლი და ომია…
მეცნიერებათა აკადემია, რაკი პრეზიდენტმა დაავალა, აფუსფუსდა და ფაშიზმის მეცნიერულ განმარტებაზე მუშაობს. უნდა ვივარაუდოთ, ეს იქნება ზუსტი, ყოვლისმომცველი განმარტება, ყველა დოქის ყელს რომ მოარგებ, ისეთი… და, რაღა თქმა უნდა, ეშმაკურად ჩახლართული.
მაგრამ ფაშიზმი მარტივია. მეტსაც გეტყვით – ფაშიზმი ძალიან მარტივია!
ფაშიზმი ნაციონალისტების დიქტატურაა. შესაბამისად, ფაშისტი არის ადამიანი, რომელსაც სწამს (თავადაც ქადაგებს) ერთი ერის უპირატესობას სხვებზე და, იმავდროულად, „რკინის ხელის“, „დისციპლინისა და წესრიგის“, „ეკლიანი მარწუხების“ და ტოტალიტარიზმის სხვა მოკრძალებული ხიბლის მომხრეა.
სულ ეს არის. ფაშიზმი სხვა კი არაფერზე დგას: დიქტატურა და ნაციონალიზმი. ერთი ერის ტოტალიტარული მმართველობა. სხვა ყველა – საიდუმლო პოლიცია, საკონცენტრაციო ბანაკები, წიგნების დაწვა კოცონზე, ომი – ამ შხამიანი თესლიდან აღმოცენდება, როგორც სიკვდილი იზრდება კიბოს უჯრედიდან.
გვინახავს სხვა რკინისებრი დიქტატურები მთელი თავისი სასიკვდილო ოხშივრით – სტრესნერისა პარაგვაიში ან სტალინის საბჭოთა კავშირში, მაგრამ რადგან ამ დიქტატურების საძირკველში ეროვნული (რასობრივი) იდეა არ იდო, ფაშიზმად ვერ ვიტყვით. არსებობს ნაციონალურ იდეაზე დამყარებული სახელმწიფო, ვთქვათ – ისრაელი, მაგრამ თუ არ არის დიქტატურა („რკინის ხელი“, დემოკრატიული თავისუფლებების დათრგუნვა, თავგასული საიდუმლო პოლიცია) არც ეს არის ფაშიზმი.
უკიდეგანო სიბრიყვისა და გაუნათლებლობის ნაყოფია სიტყვათწყობა “დემო-ფაშისტი” ან “ფაშისტი დემოკრატი”. ისეთივე აბსურდული, როგორც „ცხელი ყინული“ ან „სურნელოვანი შმორი“.
შეიძლება დემოკრატი, ერთგვარად, ნაციონალისტიც იყოს, მაგრამ ის ყველა სახისა და ჯურის დიქტატურის მტერია, ამიტომ ფაშისტი ვერ იქნება. არც კი იცის, როგორ იყოს ფაშისტი. ზუსტად ისე, როგორც ვერ ნახავთ ფაშისტს, ვინც იცის, როგორ უნდა იყოს დემოკრატი, გამოხატვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების, მიტინგებისა და მანიფესტაციების თავისუფლების მომხრე. ფაშისტი მხოლოდ ერთ თავისუფლებას აღიარებს – რკინის ხელის თავისუფლებას.
ახლა, თვალწინ მიდგას ადამიანი, რომელიც ეს-ესაა გაეცნო ამ ჩემეულ განმარტებებს და (დაეჭვებით) მეუბნება: ”ისე გამოგდის, რომ ხუთი-ექვსი საუკუნის წინ სამყაროში ყველა ფაშისტი იყო: მთავრებიც და მეფეებიც, ბატონებიც და ვასალებიც…”
ეს ნათქვამი, რაღაც კუთხით, მიზანში ხვდება, მაგრამ ზუსტადაც რომ საპირისპირო არგუმენტად გამოდგება: ფაშიზმი განუვითარებელი, მაჩანჩალა ფეოდალიზმია – ორთქლის ძრავების, ელექტროენერგიის, ატომურ საუკუნეს გადაურჩა და ახლა მზადაა, კოსმოსური ფრენებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქასაც გაუძლოს. ფეოდალური ურთიერთობები, თითქოს, გაქრა, მაგრამ ფეოდალური მენტალიტეტი მტკიცე და შეუვალი აღმოჩნდა, ძვრა ვერ უყო ვერც ორთქლმა, ვერც ელექტრონმა, ვერც საყოველთაო წიგნიერებამ, ვერც – კომპიუტერიზაციამ.
რა თქმა უნდა, წინაფეოდალური, ჯერ კიდევ გამოქვაბულის ეპოქაში, ტილიანი მაიმუნების მენტალიტეტში აქვს ფესვები გადგმული – იქიდან იკვებება. როდესაც ყველა მეზობელი უცხო, ამაზრზენი და საშიშია, ბელადი კი განსაცვიფრებლად ბრძენია და სასტიკი – გვიცავს მტრებისგან. ეს პირველყოფილი მენტალიტეტი კაცობრიობას ებღაუჭება და არ ეშვება. ამიტომ ფაშიზმი დღევანდელი დღის ფეოდალიზმია. და – ხვალინდელი დღისაც.
მხოლოდ, ღვთის გულისათვის, ნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს ნუ აურევთ! პატრიოტიზმი საკუთარი ხალხის სიყვარულია, ნაციონალიზმი კი უცხო ხალხის მიუღებლობა. პატრიოტმა მშვენივრად იცის, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ხალხები – არსებობენ მხოლოდ ცუდი და კარგი ადამიანები. ნაციონალისტისთვის კი სამყარო დაყოფილია „მეგობრებად და მტრებად“, „ჩვენებად და უცხოებად“, „ქურდებად და ფრაერებად“. დაუვლის ერებს და მარტივად ჩამოურიგებს იარლიყებს: ნაძირალები, სულელები, ყაჩაღები.
ფაშისტური იდეოლოგიის უმთავრესი ასო-ნიშანი სწორედ ესაა – ხალხების დაყოფა „ჩვენებად და უცხოებად“. სტალინური ტოტალიტარიზმიც მსგავს იდეოლოგიას ეფუძნება, ამიტომაც არიან ეს რეჟიმები ასეთი მსგავსნი – ეს მკვლელი რეჟიმები, რეჟიმები, რომლებიც ანადგურებენ კულტურას, მილიტარისტული რეჟიმები. განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ ნაცისტები ყოფენ ხალხებს რასებად, სტალინისტები კი – კლასებად.
ფაშიზმის უმნიშვნელოვანესი ნიშანი ტყუილია.
რა თქმა უნდა, ყველა, ვინც იტყუება, ფაშისტი არ არის, მაგრამ ყველა ფაშისტი, აუცილებლად, მატყუარაა. უნდა მოიტყუოს – სხვაგვარად არ შეუძლია.
დიქტატურას, ავად-კარგად, ზოგჯერ გონივრულ გამართლებასაც მოუძებნიან ხოლმე, ნაციონალიზმის გამართლება კი მხოლოდ ტყუილით შეიძლება – ყალბი “პროტოკოლებით”[2], იმის მტკიცებით, რომ “ებრაელებმა რუსი ხალხი გაალოთეს”, “ყველა კავკასიელი ყაჩაღადაა დაბადებული“ და სხვა ამგვარით. ამიტომ იტყუებიან ფაშისტები. და ყოველთვის იტყუებოდნენ. არავის უთქვამს მათზე უფრო ზუსტად, ვიდრე ჰემინგუეიმ თქვა: „ფაშიზმი ავაზაკების ბაგეს მოწყვეტილი ტყუილია“.
უცებ თუ „გონება გაგინათდათ“, რომ მხოლოდ თქვენი ერია მადლმოსილი და ყველა სხვა ხალხი – მეორეხარისხოვანი, გილოცავთ: პირველი ნაბიჯი გადაგიდგამთ ფაშიზმის გზაზე. შემდეგ მიხვდებით, რომ თქვენი ხალხი მხოლოდ მაშინ მიაღწევს მაღალ მიზნებს, თუკი რკინის წესრიგი დამყარდება და ყველა მოლაყბეს და მჯღაბნელს, ვისაც პირი მოუღია და თავისუფლებაზე გაჰყვირის, დაადუმებთ და კალამს გამოგლეჯთ; ვინც გასაქანს არ გაძლევთ, კედელთან მიაყენებთ; ყველა უცხოტომელი კი ასე, მტკიცე მუჭში გეყოლებათ.
როგორც კი ამ გზის ბოლოში გახვალთ – უკვე ფაშისტი ხართ. რა მოხდა მერე, თუ თალხი მუნდირი არ გაცვიათ და სვასტიკა არ გაქვთ შებნეული. “ჰაილ!”-ს ვერ ყვირით ომახიანად – მთელი ცხოვრება თქვენი ქვეყნის ფაშიზმზე გამარჯვებით ამაყობდით, ეგებ თავადაც შეიტანეთ წვლილი ამ გამარჯვებაში. მაგრამ ახლა ნაციონალისტური დიქტატურისთვის მებრძოლთა რიგებში ჩამდგარხართ – და უკვე ფაშისტი ხართ.
რა იოლია! როგორ საზარლად იოლი.
ნუ მეტყვი, რომ არ ხარ უგულო, უდანაშაულო ადამიანების წამების წინააღმდეგი ხარ (მხოლოდ წესრიგის მტრების კედელთან მიყენებას ან მავთულხლართებს მიღმა განწესებას ითხოვ), თავადაც გყავს შვილი, შვილიშვილი და ეწინააღმდეგები ომს… ამ ყველაფერს ფასი აღარ აქვს, რაკი „კამეჩის ზიარება“[3] გაქვს მიღებული.
ისტორიის შარა-გზა კარგად ნაცნობია. ისტორიის ლოგიკა უმოწყალოა და, როგორც კი თქვენი ფიურერი ხელისუფლებაში მოვა, კარგად გამართული კონვეიერი ამუშავდება: დისიდენტების მოსპობა – გარდაუვალი პროტესტის ჩახშობა – საკონცენტრაციო ბანაკები და სახრჩობელები – მშვიდობის ეკონომიკის დაკნინება – მილიტარიზაცია – ომი…
და თუ ოდესმე მოხვალ გონს და შეეცდები, სიკვდილის კალო შეაჩერო – დანდობა არ იქნება, თავადაც განადგურდები, როგორც გამოუსწორებელი დემოკრატი და ინტერნაციონალისტი.
ნუ იქნება თქვენი დროშა წითელ-ყავისფერი, იყოს შავი და ნარინჯისფერი. ნუ დაიყვირებთ “ჰაილს”, შესძახეთ “სლავა!” შტურმბანფიურერის ნაცვლად ესაულ-ბრიგადირი გაგიძღვებათ, მაგრამ ფაშიზმის არსი – ნაცისტების დიქტატურა უცვლელად დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩება ტყუილი, სისხლი და ომიც. ახლა უკვე, ალბათ – ბირთვული.
ჟამიანობის დროს ვცხოვრობთ. ჭირმა ჩვენს სახლში შემოაღწია. პირველ რიგში, ის შეურაცხყოფილთ და დამცირებულთ ემუქრება – ასეთები დღესაც ძალიან ბევრია.
შეიძლება თუ არა ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალება? შეიძლება, თუ მილიონები მოინდომებენ. მოდით, არ მოვინდომოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არა, მაგრამ – ბევრი რამ.
©Борис Стругацкий – Фашизм — это очень просто. Эпидемиологическая памятка. Невское время, 04.08.1995
©LV (ქართული თარგმანი, 2022)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
(1)სტრუგაცკი ჩამოთვლის პოპულარულ საბჭოთა ფილმებს ომის თემატიკაზე.
(2)იგულისხმება ე.წ. “სიონისტ ბრძენთა პროტოკოლი”.
(3)მინიშნება ჰაინრიხ ბიოლის რომანზე “ბილიარდი ათის ნახევარზე”.
___
მთარგმნელის კომენტარი:
ახლა ამ წერილთან პირდაპირ ბმა არ აქვს, მაგრამ ჩემი და სტრუგაცკების მეგობრობა, რატომღაც არ გამოვიდა. შეიძლება, არასწორ დროს, არასწორი განწყობაზე და არასწორ ადგილას გადავეყარე. ეგებ, “მონა ლიზას” ეფექტია, რომელიც, როგორც ცნობილია, თავად წყვეტს, ვისზე მოახდინოს გავლენა და ვისზე – არა. 🙂 მათ ამით, ცხადია, არაფერი აკლდებათ. საი-ფაის თარგმნას რომ შევყევი, სტრუგაცკებზეც დავფიქრდი, ეგებ, რამე ჩემებურად ავაქართულო-მეთქი. ჯერ არ/ვერ შევარჩიე. მანამ ეს წერილი იყოს. დიდი ხნის წინ დაწერილი წერილია და, სამწუხაროდ, ყავლი არ გასვლია… გაუვიდა კიარა, სულ უფრო აქტუალური ხდება. რუსეთი რუსეთად და არც ჩვენთვისაა უცხო.