გადასახადების შესახებ

ფრედერიკ ბასტია
გადასახადები
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი III

მოგიკრავთ თუ არა ყური, როგორ უთქვამთ:

„გადასახადები ფულის საუკეთესო დაბანდებაა. გადასახადები მაცოცხლებელი მანანაა. შეხედეთ, რამდენი ოჯახი სულდგმულობს გადასახადებით. წარმოიდგინეთ ის ზეგავლენა, რაც არაპირდაპირ აქვთ გადასახადებს მრეწველობაზე. გადასახადები უსაზღვროა, ისეთივე ვრცლად განფენილი, როგორც თავად სიცოცხლე“.

ამგვარი მოძღვრების წინააღმდეგ, ვალდებული ვარ, გავიმეორო, რაც წინა ჯერზეც ვთქვი. პოლიტიკურმა ეკონომიკამ კარგად იცის, მისი სწავლება საკმარისად თავშესაქცევი ვერ არის, რომ დაიჩემოს Repetita placen – გამეორება სასიამოვნოა. ასე რომ, ბაზილეს[1] მსგავსად, პოლიტიკურმა ეკონომიკამ ეს გამოთქმა სათავისოდ გადაასხვაფერა: Repetita docent – გამეორება ცოდნის დედაა.

სარგებელი, რომლითაც სახელმწიფო მოხელეები სარგებლობენ საკუთარი ხელფასის გამოწერისას, არის ის, რაც ხილულია. მათთვის საქონლის მომწოდებლების მიერ მიღებული სარგებელიც ხილულია. ეს ყველა თვალწინ დევს, დახედავ და – დაინახავ.

მაგრამ უღელი, რომლის გადაგდებას გადასახადის გადამხდელები ცდილობენ, არის ის, რაც დაფარულია. და ზიანი, რომელსაც განიცდიან მეწარმეები, რომლებიც მათ საქონლით ამარაგებენ. ეს ყველა დაფარულია, თუმცა, მახვილი თვალი და გონება იოლად დაინახავს.

როდესაც სახელმწიფო მოხელე საკუთარი სიამოვნებისთვის ასი სუთი მეტს ხარჯავს, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუარა იმას, რომ გადასახადის გადამხდელი ხარჯავს საკუთარი საჭიროებისთვის ასი სუთი ნაკლებს. მაგრამ მოხელის დანახარჯი ხილულია, იმიტომ რომ მან ეს ფული გახარჯა, მაგრამ გადასახადის გადამხდელისას ვერ ვხედავთ, რადგან – ვაი რომ! – ამ თანხის მოხმარების საშუალება მას არ მიეცა.

ქვეყანას თქვენ ხრიოკ მიწას და გადასახადს – მაცოცხლებელ წვიმას ადარებთ. ნება თქვენია. მაგრამ ახლა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, საიდან ჩნდება ეგ წვიმა. ეგებ, გადასახადია სწორედ, რამაც დააშრო ნიადაგი და გაახრიოკა?

კიდევ სხვა რამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ოდენობის წყალს იღებს ნიადაგი წვიმის სახით? იმაზე მეტს, რაც გამოშრობის დროს დაკარგა?

კიდევ სხვა რამ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა ოდენობის წყალს იღებს ნიადაგი წვიმის სახით? იმაზე მეტს, რაც გამოშრობის დროს დაკარგა?

ეჭვგარეშეა, როდესაც ჟაკ ბონომი გადასახადების ამკრეფს ას სუს ჩაუჩხრიალებს, სანაცვლოდ მისგან არაფერს იღებს. როცა შემდგომ სახელმწიფო მოხელე ამ ას სუს დახარჯავს, თუნდაც, ჟაკ ბონომისგან შეძენილი ხორბლის ან შრომის სანაცვლოდ, ჟაკ ბონომისთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია – მან ხუთი ფრანკი იზარალა.[2]

სხვა ამბავია, როდესაც ხშირად, თუ გნებავთ, თითქმის ყოველთვის, სახელმწიფო მოხელე შესაბამისს მომსახურებას უწევს ჟაკ ბონომს – აქ დანაკარგი არც ერთ მხარეს აქვს, ეს თანაბარფასეული საქონელგაცვლაა. მე არ ვდავობ იმ სასარგებლო სამსახურის შესახებ, რასაც სახელმწიფო სწევს. მაგრამ, თუკი სამოხელეო დაწესებულების შექმნა გსურთ, ჯერ დაგვიმტკიცეთ მისი სარგებლიანობა. უჩვენეთ ჟაკ ბონომს, რა სარგებელს მიიღებს იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც სახელმწიფო მოხელის შესანახად გასცემს. სახელმწიფო დაწესებულების მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გაწეული სამსახურის გარდა, სხვა უპირატესობებზე ნუ ძრავთ კრინტს – რა სიკეთეს მისცემს მოხელეს, მოხელის ოჯახის ან მათ, ვინც მოხელეს სხვადასხვა საჭიროებისთვის საქონლით მოამარაგებს. ნუ გვეტყვით, რომ ეს დასაქმებას შეუწყობს ხელს.

როდესაც ჟაკ ბონომი, მისთვის გაწეული სასარგებლო სამსახურისთვის, ას სუს აძლევს სახელმწიფო მოხელეს, ეს ახალი წაღების სანაცვლოდ მეწაღისთვის გადახდილი ასი სუს მსგავსია – გარიგება შედგა და ორთავე კმაყოფილია. მაგრამ როდესაც ჟაკ ბონომი ასი სუს გადასცემს სახელმწიფო მოხელეს და სანაცვლოდ არავითარ მომსახურებას არ იღებს, ფრიად საჩოთირო ამბავი გვაქვს – ვითომც ფული ყაჩაღისთვის მიუცია. ფიცი-მტკიცი, რომ სახელმწიფო მოხელე ამ ას სუს ეროვნული მრეწველობის სასარგებლოდ დახარჯავს, აზრგამოცლილია. რამდენიც არ უნდა დახარჯოს ყაჩაღმა, უფრო მეტს დახარჯავდა ჟაკ ბონომი, შარა გზაზე რომ არ გადაყროდა კანონის გარეშე თუ კანონის ძალით მოქმედ წურბელას.

მოდით, მეგობრებო, საკუთარ თავს შევპირდეთ, ამიერიდან ყველაფერი განვსაჯოთ არა მხოლოდ იმით, რაც ხილულია, არამედ იმით, რაც დაფარულია.

შარშან საფინანსო კომიტეტის წევრი გახლდით, რადგან კომიტეტებიდან ოპოზიციის წევრების გარიცხვის ჩვევა დამფუძნებელ კრებაში ჯერ არა ჰქონდათ – გონივრულად იქცეოდნენ. იქ ბატონ ტიერის მოვუსმინე: „მთელი ცხოვრება ლეგიტიმისტებსა და კლერიკალისტებთან ბრძოლაში გავატარე. შემდეგ, საერთო საფრთხის წინაშე, უკეთ გავიცანი ისინი და, თურმე, არც ისეთი ურჩხულები ყოფილან, მე რომ მეგონაო“.[3]

ეს სიმართლეა – როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, შუღლი და ზიზღი პარტიებს შორის მხოლოდ ღვივდება, სწორედ ამიტომ, თუ უმრავლესობა ნებას დართავს უმცირესობის წევრებს, კომიტეტების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ, ორივე მხარე დარწმუნდება, რომ მათი იდეები არც თუ ისე დაშორებულია და მათი ზრახვები არც ისე პირშავი, როგორც შორიდან ჩანს.

იმას მოგახსენებდით, გასულ წელს საფინანსო კომიტეტის სხდომებს ვესწრებოდი. ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე ჩვენი კოლეგა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მინისტრებისა და ელჩების სახელფასო სარგოს შემცირებაზე დაძრავდა სიტყვას, ასე ეტყოდნენ:

„უკეთესი მომსახურების სანაცვლოდ, სახელმწიფო დაწესებულებები პატივისა და დიდების საბურველში უნდა გავხვიოთ. ამ გზით შევძლებთ, ღირსეული ადამიანების მიზიდვას… უთვალავი ღატაკი მოქალაქე მიმართავს დახმარების თხოვნით რესპუბლიკის პრეზიდენტს და მას მძიმე მდგომარეობაში ჩავაგდებთ, თუ იძულებულს გავხდით, ეს ადამიანები უარით გაისტუმროს… მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ერთგვარი ზიზილ-პიპილო სამთავრობო მექანიზმის გამართული მუშაობისთვის კონსტიტუციით დადგენილი წესია… და სხვა მრავალი. და სხვა მრავალი.“

ამგვარი არგუმენტების უკუგდება შესაძლებელია თუ შეუძლებელი, ისინი ჯერ გამოწვლილვით უნდა შევისწავლოთ, რადგან დიდ საზოგადოებრივ ინტერესზე დგას. პირადად ჩემთვის, ამ ყველაფერთან შეჭიდება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ მრავალ თვითგამოცხადებულ კატონთათვის, რომელთა მოსაზრებების უკან მხოლოდ ეჭვსა და შურს აღმოაჩენთ.

მაგრამ, ვერც იმას დავმალავ, მე, როგორც ეკონომისტს სინდისი მქენჯნის და ჩემი ლოყები უხერხულობისგან არის შეფაკლული, როდესაც ვხედავ, ჩემი ქვეყნის სწავლული ადამიანები ამ დასაბუთებით იწყებენ (რაც არასდროს ავიწყდებათ) და მალევე იმ გაცვეთილ აბდაუბდას მოაყოლებენ (რაც მავანთა უცილობელ ტაშს იმსახურებს):

„გარდა მაგისა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა ფუფუნება ხელს უწყობს ხელოვნების განვითარებას, მრეწველობისა და დასაქმების ზრდას. სახელმწიფოს მეთაურის და მინისტრების მიერ გამართული წვეულებების დახმარებით, პოლიტიკური სხეულის ყველა ძარღვში სისხლი ჩქეფს, სიცოცხლე ფეთქავს. მათი ხელფასების შემცირება გამოიწვევს წარმოების შეკვეცას პარიზში და, შემდგომ, მთელ ქვეყანაში.“

ღვთის გულისათვის, ბატონებო, პატივი დასდეთ არითმეტიკას და საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის ტრიბუნიდან მაინც ნუ იტყვით, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იცვლება. ნუ დაიჟინებთ, თუნდაც იმის შიშით, რომ აქ შეგვარცხვენენ და არ დაგეთანხმებიან.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩემს მინდორში, ასი სუს ღირებულების სარწყავი არხის გათხრა განვიზრახე. როგორც კი მე, როგორც დამკვეთმა, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დავაპირე, თავს დამადგა გადასახადების ამკრეფი, გამომღლიტა ასი სუ და შინაგან საქმეთა მინისტრს მიურბენინა. ჩემი ხელშეკრულება ჩაიშალა, მაგიერ, მინისტრის სუფრას ვახშამზე კიდევ ერთი კერძი დაემატა. რის საფუძველზე მიმტკიცებთ, რომ ეს ოფიციალური ხარჯი ეროვნულ წარმოებას წაადგა? ვერ ხედავთ, განა, რომ მოხმარებისა და შრომის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადანაცვლება მოხდა მხოლოდ? მინისტრმა უფრო მდიდრული სუფრა გაშალა, კი ბატონო, მაგრამ ფერმერის მდელო ნაკლებად მოირწყა. პარიზელმა ყასაბმა ასი სუი მოიპოვა, მართალი ბრძანებაა, მაგრამ მიწის მთხრელმა რომელიღაც პროვინციაში დაკარგა გასამრჯელო ხუთი ფრანკი – ესეც სიმართლეა. ამ იწილო-ბიწილოდან მხოლოდ ერთი შეგვიძლია ვთქვათ – სუფრაზე მირთმეული კერძი და კმაყოფილი ყასაბი არის ის, რაც ხილულია, ხრიოკი მინდორი და უმუშევრად დარჩენილი მიწის მთხრელი კი ის, რაც დაფარულია.

ღმერთო ჩემო! რა რთული ყოფილა პოლიტიკურ ეკონომიკაში იმის დამტკიცება, რომ ორჯერ ორი არის ოთხი და თუ მაინც მოახერხე, ხალხის წუწუნს ვერ აუხვალ: „ეს ხომ ანბანური ჭეშმარიტებაა! რა ძალზედ მოსაწყენია!“ წავლენ შემდეგ არჩევნებზე და ისე მისცემენ ხმას, თითქოს შენც სულ ტყუილად იყეფე და იმათაც არაფერი გაუგიათ.

©Frédéric Bastiat – Taxes, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2022)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ბაზილე – “სევილიელი დალაქის” პერსონაჟი ასე ამბობს: “სხვადასხვა ანდაზა მათი ვარიაციებითურთ მაქვს მომარჯვებული”.
(2)როგორც ბასტიას ამ თხზულების წინა თავების თარგმნისას დავწერე, ჟაკ ბონომი ფრანგის კრებითი სახელია. აქ  ბასტია გულისხმობს იმ 5 ფრანკის დანაკარგს, რაც გასამრჯელოს სახით უნდა მიეღო ფერმერის მიერ დაქირავებულ მოჯამაგირეს. ქვემოთ ეს მაგალითი ხელახლა განმეორდება უფრო დაწვრილებით.
(3)ადოლფ ტიერი – ფრანგი პოლიტიკოსი და ისტორიკოსი. პრემიერ-მინისტრი, შემდგომ – პრეზიდენტი. ლეგიტიმისტები – მონარქისტული პარტი იყო. კლერიკალისტები – რელიგიურ-კონსერვატული.

___

ასევე ფრედერიკ ბასტია:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე
გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება
კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ

___

მთარგმნელის კომენტარი:
ტრადიციულად, შეგახსენებთ, რომ “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” “საქართველოს უნივერსიტეტმა” გამოსცა 2016 წელს. ფრანგულიდან თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლია, ჩამოქაჩო.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები
ჩემი ფრანგული ბასტიას ვერ ყოფნის, ამიტომ ინგლისურიდან ვთარგმნი. 

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: