გარანტირებული დასაქმება და გარანტირებული მოგება

ფრედერიკ ბასტია
დასაქმების უფლება და მოგების უფლება.[1]
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი XII

„ძმებო, გაიკარით ჯიბეზე ხელი და მომეცით სამუშაო თქვენთვის ხელსაყრელ ფასად“ – ასე ჟღერს დასაქმების უფლება, უმარტივესი, დავარქვათ მას პირველი მოწვევის სოციალიზმის თვალსაზრისით.

„ძმებო, გაიკარით ჯიბეზე ხელი და მომეცით სამუშაო ჩემთვის ხელსაყრელი ხელფასით“ – ასე ჟღერს მოგების უფლება, უფრო დახვეწილი ან მეორე მოწვევის სოციალიზმის თვალსაზრისით.

ორივე მოძღვრება მყარად დგას ხილულ სიმართლეზე, მაგრამ ჩამოიქცევა, როგორც კი იმ სიმართლით განვსჯით, რაც დაფარულია.

რაც ხილულია, არის შრომა და მოგება, რომელსაც საზოგადოებიდან გადასახადის სახით მოკრებილი თანხა კვებავს. რაც დაფარულია, არის სამუშაო და მოგება, რომელიც დაიკარგა, მაგრამ შეიქმნებოდა, თუკი იმ თანხას საზოგადოებას დავუტოვებდით და თავად გადასახადის გადამხდელნი განკარგავდნენ.

1848 წელს დასაქმების უფლება ჩვენს წინაშე წარსდგა მახინჯი იანუსის სახით და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ საზოგადოების თვალში მისი სახელი შებღალულიყო.

ერთ სახეს ერქვა: ეროვნული სახელოსნო.

მეორეს: ორმოცდახუთი სანტიმი.[2]

რივოლის ქუჩიდან[3] ეროვნულ სახელოსნოებში მიჰქონდათ მილიონები, ხელფასები რომ დაერიგებინათ, ასეთი იყო მონეტის ხილული მხარე.

მაგრამ რა იყო ამ მონეტის მეორე, უხილავ მხარეს? იმისათვის რომ მილიონობით ფრანკი ხაზინიდან გამოვიტანოთ, ჯერ ხაზინაში ეს ფული უნდა შევიტანოთ. სწორედ ამიტომ, დასაქმების უფლების მომხრეებმა ნაცადი გზით – გადასახადის გადამხდელებს მიმართეს.

გადასახადის გადამხდელებმა კი, მაგალითისთვის ფერმერები ვთქვათ, მოიქექეს თავები და ასე იფიქრეს: „ორმოცდახუთი სანტიმით მეტი ბეგარა უნდა გადავიხადო. მაგრამ ამ თანხით შემეძლო, პერანგი მეყიდა, ან მიწა დამებარა, ან სახლი შემეკეთებინა…”

ფერმაში დაქირავებულმა მუშებმა კი ასე თქვეს: „რადგან ჩვენმა დამქირავებელმა გადაიფიქრა ახალი პერანგის შეძენა – თერძს სამუშაო მოაკლდება; თუკი მინდორს არ დაბარავს, მიწის მჭრელს მოკლდება საქმე; თუ სახლის შეკეთებას გადადებს, დურგალი და კალატოზი დარჩება უსაქმოდ“.

იმიტომ რომ ერთსა და იმავე თანხით ორი საქმის საფასურს ვერ გადაიხდი და მთავრობის მიერ გადახდილი ხელფასი იმ დაკარგული გასამრჯელოს ხარჯზეა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გადაუხდიდა დაქირავებულს, თანხა რომ ბეგარის გზით არ ამოგვეცინცლა ქისიდან. ასეთი დასასრული ჰქონდა „დასაქმების უფლებას“, რომელიც აღმოჩნდა ოცნება და, ამასთან – უსამართლო.

თუმცა, მოძღვრება მოგების უფლებაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა დასაქმების უფლების ალიკვალი და კიდევ მეტი თავგასულობა, ჯერ ცოცხალია და მშვენივრად გრძნობს თავს.

კარგად ვნახოთ, რა როლი გაუმწესა პროტექციონისტმა საზოგადოებას, და დავრწმუნდებით, როგორი სამარცხვინოა ამ სპექტაკლში მონაწილეობა.

პროტექციონისტი საზოგადოებას ასე მიმართავს: „უნდა მომცე სამუშაო, მეტიც, ეს სამუშაო ჩემთვის სარფიანი უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ მივქარე, იმ საქმეს მოვკიდე ხელი, რაც ზარალიანი აღმოჩნდა, მაგრამ თუ ჩემი თანამემამულენი ოცი ფრანკით მეტ ბეგარას გადაიხდიან და ამ თანხას ბიუჯეტი მე გადმომცემს, ჩემი ზარალი მოგებად გადაიქცევა. იმიტომ რომ მე მოგების უფლება მაქვს და შენ, საზოგადოებავ, ვალდებული ხარ შემეხიდო“.

საზოგადოება, რომელიც ამ სოფისტს უგდებს ყურს ვერა ხვდება, რომ ერთი წარმოების ზარალის ანაზღაურება სხვა წარმოების ხარჯზე ხდება, რაკი მის ზარალს სხვა დანარჩენის ჯიბიდან ართმეული თანხით ვანაზღაურებთ. საზოგადოება, ვინც ამ სოფისტის ხმას არის აყოლილი, იმსახურებს მასზე დაკისრებული ზედმეტი ტვირთის ზიდვას.

ამას ვღაღადებ რახანია – პოლიტიკური ეკონომიკის ანბანის არმცოდნე საზოგადოებას იოლად ატყუებენ იმ შედეგებით, რაც სწრაფად დადგება და თვალს უხვევენ ზიზილ-პიპილოებით, შორს რომ არ გაიხედონ. პოლიტიკური ეკონომიკის ცოდნა იარაღია იმისთვის, რომ თითოეული გადაწყვეტილების ყველა ზეგავლენა გაითვალისწინო, როგორც ხილული ისე – დაფარული. როგორც მეყსეული, ასე – სამომავლო.

ყველა ამგვარი გადაწყვეტილების შედეგი მის ავტორს თუკი დაატყდება თავს, სწრაფად აგვეხილება ყველას თვალი[4], მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ამბავი ასე არ მუშაობს. ხილული მოგება ჩვენთვის არის ხოლმე, დაფარული ზარალი კი – სხვათა წილად მოდის, რაც ამ ზარალს კიდევ უფრო უხილავს ხდის. დრო გადის, სანამ დაზარალებულნი ზარალს დათვლიან და მათ რეაქციას დავინახავთ – რაც შეცდომის დროულად გამოსწორებაში გვიშლის ხელს.
ადამიანი ხშირად უჭერს მხარს ისეთ გადაწყვეტილებას, მის მოგებას რომ აათკეცებს და, იმავდროულად, თხუთმეტჯერ უფრო მეტი ზიანი მოაქვს სხვა ოცდაათი თანამემამულისთვის, თუმცა, თითოზე საერთო ტვირთის მხოლოდ ერთი წილი მოდის. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება რეაქცია, მაგრამ, მეყსეულად – ვერა, რაკი ზარალი დიდი კია, მაგრამ საზოგადოების მრავალ ჯიბეზე ნაწილდება და არ ჩანს, მაშინ როდესაც მოგება ერთ ქისაში იყრის თავს.
გამოუქვეყნებელი ფრაგმენტიდან

სხვა მაგალითებიც არის, რომელთა მოტანაც შემეძლო ამ წიგნში, მაგრამ არ მინდა ერთფეროვნებით შეგაწყინოთ თავი და ერთსა და იმავე საკითხზე ვისაუბრო გაუთავებლად. სჯობს, დავასრულო იმით, რაც შატობრიანმა ისტორიაზე ბრძანა, მე კი პოლიტიკურ ეკონომიკაში გამოვიყენებ:

ისტორიის ხეს ორი ნაყოფი აქვს: ერთი მყისიერია და იოლად ხილული, მეორე შორეულია და თავიდან – შეუცნობელი. ეს შედეგები ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს; პირველი ჩვენს მოკლე მეხსიერებას ეფუძნება, მეორე კი საუკუნეთა სიბრძნეს. წინასწარმეტყველური შედეგები გვიან ჩნდება და ადამიანთა ქმედებათა შედეგებს სდევს ხოლმე. ადამიანების უკან ღმერთი დგას. შეგიძლიათ უარყოთ უზენაესი სიბრძნე, არ დაიჯეროთ მისი ქმედება, რამდენიც გნებავთ, იკამათოთ სახელდებაზე – უწოდოთ „წინასწარმეტყველება“, „გარემოება“ ან „შემთხვევითობა“, მაგრამ შეხედეთ დამდგარ შედეგს და დაინახავთ: ყოველთვის იმის საპირისპიროა, რაც მოსალოდნელი იყო – ყოველთვის, როდესაც თქვენი ქმედება ზნეობისა და სამართლიანობის მიღმაა.
ფრანსუა-რენე დე შატობრიანი, “მოგონებები აკლდამიდან”

©Frédéric Bastiat – The Right to Employment and the Right to Profit, 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1) დასაქმების, შრომის უფლება (le droit au travail) ფრანგი სოციალისტების ლოზუნგი იყო მეორე რესპუბლიკის დროს. ისინი მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფომ შრომის უნარის მქონე ყველა მოქალაქე უნდა დაასაქმოს. ადგილობრივი კომპანიების მოგების უფლება (le droit au profit) იყო ფრანგი პროტექციონისტების გაცხადებული მიზანი. ისინი მოითხოვდნენ მთავრობის მიერ იმ სახის ზომების (კონკურენციის შეზღუდვიდან პირდაპირ სუბსიდირებამდე) გატარებას, რაც ადგილობრივ წარმოებას უპირატეს მდგომარეობაში მოაქცევდა. ბასტიას აზრით, ეს ორი მოთხოვნა ერთია, რაკი ადგილობრივი წარმოების საბიუჯეტო მხარდაჭერა ასევე იყო შეფუთული (და დღესაც ფუთავენ) ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმების კეთილშობილ მიზანში.
(2)ბასტია გულისხმობს 1848 წლის რევოლუციას, როდესაც ფრანგი სოციალისტების (პრიუდომისა და ბლანის) თაოსნობით, ახალმა ხელისუფლებამ სრული დასაქმებისთვის შექმნა ე.წ. ეროვნული სახელოსნოები და იქ დასაქმებულთათვის ხელფასის გადახდის მიზნით, დამატებითი 45 სანტიმის ოდენობის ბეგარა დააწესა. ამ ზომებმა რეალური გაუმჯობესება ვერ მოიტანა, ხელი შეუწყო ფიქტიურ (მხოლოდ აღრიცხვისთვის – ქაღალდზე) დასაქმებას, კორუფციას და დააბრკოლა კერძო წარმოება. გაიზარდა სესხის ფასი და ეკონომიკის ვარდნა 50%-ზე მეტი იყო. მომდევნო წელს „სახელოსნოები“ გაუქმდა.
(3)პარიზის ქუჩა. იმ დროს საფრანგეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ მდებარეობს ლუვრი და პალე-როიალი.
(4)ბასტიას, ცხადია, თვალები ფართოდ აქვს გახელილი 🙂 იმ კოლეგა-დეპუტატებს გულისხმობდა, ვინც მცდარ ეკონომიკურ კანონებს ჭრის და კერავს დაუფიქრებლად.

___

ასევე:
იგავი გატეხილ ფანჯარაზე

___

კვლავ შეგახსენებთ, რომ “საქართველოს უნივერსიტეტმა” ბასტიას კრებული 2016 წელს გამოსცა. თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ, ჩამოქაჩოთ.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: