იგავი გატეხილ ფანჯარაზე

მთარგმნელის კომენტარი:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტექსტი, რაც კი ოდესმე ვინმე ეკონომისტს დაუწერია. და ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ესსე ბასტიარიუმიდან (“პეტიციასთან” ერთად).
ამიტომ სწორედ, კომენტარი თავში გამომაქვს, მანამ, სანამ თავად ბასტიას კითხვას შეუდგებოდე. მინდა გაგაფრთხილო, რომ ჩემეულ თარგმანზე უფრო ზუსტი და უკეთესი ქართული თარგმანი (იმიტომ თუნდაც, რომ ის დედნიდანაა, მე კი ინგლისური თარგმნის თარგმნას ვაკეთებ) დევს აი, აქ.

***

ფრედერიკ ბასტია
გატეხილი ფანჯარა.
ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია, თავი I

bastiat

ჩემო მკითხველო, შესწრებიხარ თუ არა, როგორ ბობოქრობს კეთილშობილი ბურჟუა ჟაკ ბონომი[1], როცა მისი ონავარი შვილი ფანჯრის შუშას ჩაამსხვრევს? ასეთ დროს, უთუოდ, იმასაც შენიშნავ შენი დაკვირვებული თვალით, რომ ყოველი დოყლაპია, ირგვლივ ვინც შემოკრებილა, თუნდაც ოცდაათნი იყვნენ, პირი შეუკრავსო თითქოს, ასე ანუგეშებს: „ზოგი ჭირი მარგებელია“, „კარგიც ხომ კეთდება რაღაც“, „მსგავსი უსიამო შემთხვევები ადგილობრივ წარმოებას უწყობს ხელს“, „ყველას უნდა შეხვდეს მისი წილი დოვლათი – რა ბედი ეწევა მეშუშეს, თუკი ფანჯრის მინები არასდროს გატყდება?”

ეგებ, საბრალო ბონომის გულის გამოსაკეთებლად ნასროლი როყიო სიტყვები გეგონოს, მაგრამ მათ უკან მთელი სწავლება იმალება, რომლის გასინჯვაც ამ მარტივი მაგალითით კეთილი საქმე მგონია, რაკი ეს სწავლებაა სწორედ, რომლითაც, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკის მმართველი ინსტიტუციების უმრავლესობა ხელმძღვანელობს.

თუკი მეტყვი ახლა: ჩამსხვრეული შუშის შესაცვლელად ბონომს 6 ფრანკის გაღება მოუწევს, მაგრამ ეს 6 ფრანკი ხომ მინის მრეწველობაში წავა და აღნიშნულ ინდუსტრიას ექვსი ფრანკის ოდენობით დააფინანსებს, კამათისთვის დროსაც კი არ დავხარჯავ, ისე დაგეთანხმები. ეს მსჯელობა სწორია – მეშუშე მოვა, თავის საქმეს გააკეთებს, ექვსი ფრანკის მონეტებს ქისაში ჩაიჩხრიალებს, ხელებს მოიფშვნეტს კმაყოფილი და გულში, ეგებ, ის ონავარი ბავშვიც მოიხსენიოს მადლიერი სიტყვით. ეს არის, რაც ხილულია.

მაგრამ თუ ამ მსჯელობას, რაც ზედაპირზეა, სიღრმეში შეჰყვები და, როგორც ხშირად იქცევიან ხოლმე, მთელ სწავლებას დააშენებ ზედ: ფანჯრების მსხვრევა კარგია, ეს ფულის ბრუნვას უწყობს ხელს და ადგილობრივ მრეწველობას ახალისებს, ვალდებული გავხდები, შეგაჩერო: „სდექ, ჩემო მკითხველო!” შენი თეორია დგას იმაზე, რაც ხილულია და არ ითვალისწინებს იმას, რაც დაფარულია.

დაფარული კი ეს არის: რადგან ჩვენს ბურჟუას ექვსი ფრანკის დახარჯვა მოუხდა ერთი საქონლის შესაძენად, ამ თანხას ვეღარ დახარჯავს სხვა საქონელზე. ჩამსხვრეული შუშის გამოცვლა რომ არ დასჭირვებოდა, შეიძლება, მეწაღისგან შეეძინა ახალი ფეხსაცმელი ან წიგნების მოვაჭრისგან – ახალი წიგნი. რა ვიცი, აბა, რა საქმისთვის გამოიყენებდა თავის ექვს ფრანკს, რასაც ახლა ვეღარ შეძლებს. აი, ეს არის დაფარული.

ნუ დაიზარებ და, მარტივი ანგარიშგებით დავკავდეთ:

ფანჯრის გატეხვის შემდეგ, მინის მრეწველობა გაიზარდა ექვსი ფრანკის ოდენობით – ეს არის, რაც ჩანს.

სარკმელი რომ არ ჩამსხვრეულიყო, ეს ექვსი ფრანკი ფეხსაცმლის მრეწველობას (ან – რომელსამე სხვას) შეემატებოდა – ეს არის, რაც არ ჩანს.

ამ ორს ერთ ანგარიშში თუ მოვაქცევთ – არამხოლოდ იმას, რაც ჩანს და დადებითია, არამედ იმასაც, რაც არ ჩანს, და უარყოფითია მარტივად დავინახავთ – საერთო ეროვნული წარმოებისთვის ჩამსხვრეულ ფანჯრებში ვერაფერი ხეირი ყრია. არც გამომუშავებას შეჰმატვია რამე, არც დასაქმება გაზრდილა.

ახლა ჟაკ ბონომის ანგარიშიც ვნახოთ:

იმ შემთხვევაში, თუ ონავარი ბიჭუნა ფანჯრის შუშას ჩაუმტვრევს, გასავალი ექნება ექვსი ფრანკი, შენაძენი კი – ერთი შუშა. ზუსტად ისეთი, როგორიც – გატყდა. არც უარესი, არც – უკეთესი.

სხვა შემთხვევაში, თუკი შუშა გადარჩა, გასავალი იქნება ისევ ის ექვსი ფრანკი, შენაძენი კი ახალი ფეხსაცმელი. გამოდის რომ, ბატონი ბონომს სარკმელიც მთელი შერჩება და ახალი ფეხსაცმლითაც თავს მოიწონებს.

რაკი ჩვენი ჟაკ ბონომი საზოგადოების წევრი გახლავთ, უფლება გვაქვს, მთლიანად საზოგადოების ანგარიშიც შევაჯამოთ. ხარჯისა და შემოსავლის ერთიანი ანგარიშიდან ასე ჩანს: საზოგადოებამ დაკარგა გატეხილი ფანჯრის ღირებულება.

ამ შემთხვევას თუ განვაზოგადებთ, ერთ მოულოდნელ დასკვნამდე მივალთ: „საზოგადოება კარგავს უმიზნოდ განადგურებული ნივთების ღირებულებას“. აქ, ჩემო მკითხველო, ის წესი უნდა გაგიმხილო, რომლისგან პროტექციონისტებს თმები ყალყზე დაუდგებათ: „გატეხვა, დამსხვრევა და მოსპობა არ ზრდის ეროვნულ დასაქმებას“. ან – გრძელი სიტყვა – მოკლედ: “განადგურება ვერ იქნება მომგებიანი”.

რას დაწერს ამაზე Le Moniteur industrialel ან რა არგუმენტებს შეაშველებენ ღირსეული ბატონი დე სენ-შამანის[2] მიმდევრები, ვინც პატივი დაგვდო და ასე კაპიკ-კაპიკ დაგვითვალა, როგორ გაიზრდება ეკონომიკა პარიზის გადაწვით, რაკი უამრავი სახლი გვექნება აღსადგენი?[3]

ვწუხვარ, მიწევს გული ვატკინო და მის მახვილგონივრულ გამოთვლებში ჩავეჩხირო, ბატონ სენ-შამანს, მით უმეტეს, რომ მოასწრო და მათი სული უკვე ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაშიც შემოიტანა, მაგრამ ვევედრები, ხელახლა გადათვალოს და ანგარიშში შეიტანოს ის რაც დაფარულია, იმის გვერდით, რაც – ხილულია.

შენ კი, ჩემო მკითხველო, მხედველობიდან არ გამოგრჩეს, რომ მოკლე იგავში, შენს წინაშე რომ გავშალე, არა ორი, არამედ სამი პერსონაჟია. ერთი, ჟაკ ბონომი, წარმოადგენს აქ მომხმარებელს, რომელიც დაზარალდა ფანჯრის მსხვრევით, რაკი იძულებულია, დასჯერდეს ერთი სიკეთის შემატებას, ნაცვლად – ორისა. მეორე არის მეშუშე, რომელიც მწარმოებლის როლშია და ვისი შრომა წახალისებულია იმ უსიამოვნო შემთხვევის წყალობით, მომხმარებელს რომ გადახდა თავს. მესამე არის მეწაღე (ან ნებისმიერი სხვა მეწარმე) ვისი წარმოებაც ზუსტად იმავე შემთხვევის მიზეზით, ზუსტად იმავე ზომით შემცირდა. სწორედ ეს მესამე, ეპიზოდური გმირივით უჩინარი, გახლავთ პრობლემის ძირეული ელემენტი. ის არის სწორედ, ვინც საფუძველს გვაძლევს, ვამტკიცოთ, რაოდენ ბრიყვულია განადგურებაში ხეირის ძებნა. ის არის სწორედ, ვინც გვიან იქნება თუ მალე, აგვიხელს თვალს და დაგვანახებს, რაოდენ საღი აზრი აქვს გამოცლილი ვაჭრობის შეზღუდვის პოლიტიკასაც. ვერც მანდ ვიპოვით მოგებას, რაკი შეზღუდვა, სხვა არაფერია, თუ არა ნაწილობრივი განადგურება. ამიტომ, ჩემო მკითხველო, საკუთარი გონების საწყაოთი აწონე ყველა არგუმენტი, რომელსაც ჩაგჩიჩინებენ შეზღუდვების გასამართლებლად და როდესაც მაღალფარდოვან არგუმენტებს კოხტა გარსს შემოაცლი, სხვა არაფერი შეგრჩება ხელთ, თუარა: „რა ბედი ეწევა მეშუშეს, თუკი ფანჯრის მინები არასდროს გატყდება?

©Frédéric Bastiat – Broken Window (La vitre cassée), 1850. The Best of Bastiat. Liberty Fund, 2013
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2021)Creative Commons License
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(1)ჟაკ ბონომი (Jacques Bonhomme) სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ არის „კეთილშობილი ჟაკი“ / „იაკობ კაიკაციშვილი“ – ფრანგი გლეხის კრებითი სახელი. ბასტია რიგითი ფრანგის აღსანიშნად იყენებს. Jacques Bonhomme ასე ერქვა ეკონომიკურ ჟურნალს, რომელიც 1848 წლის ზაფხულში დაბეჭდეს და პარიზში გაავრცელეს ფრედერიკ ბასტიამ და კიდევ ერთმა ფრანგმა ეკონომისტმა, გუსტავ დე მოლინარიმ.
(2)Le Moniteur industriel იყო საფრანგეთის პროტექციონისტული „ეროვნული დასაქმების დაცვის ასოციაციის“ (“Association pour la défense du travail National”) ჟურნალი.
„ასოციაცია“ ფრანგმა სენატორმა ოგიუსტ მიმერელმა დაარსა 1846 წელს.
ოგიუსტ ლუი ფილიპ დე სენ-შამანი იყო ფრანგი დეპუტატი და სახელმწიფო მრჩეველი. სავაჭრო ბალანსის „გასწორების“ მიზნით, იმპორტზე მაღალი პროტექციონისტური ტარიფების მხარდამჭერი.
(3)ლონდონის 1666 წლის დიდ ხანძარზე ოგიუსტ სენ-შამანი წერდა, რომ ხანძარმა გამოიწვია მშენებლობის ბუმი, რითიც ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოების ზრდასა და დასაქმებას.
ფრანგი კანონმდებლის ეს მოსაზრება დღემდე ძალიან პოპულარულია ქეინზიანელთა შორის. მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომისტი 11 სექტემბრის ეკონომიკურ შედეგებზე:

ჯერ ერთი – ეკონომიკური შენელების მამოძრავებელი ძალა ბიზნესის ინვესტიციების შემცირება იყო. ახლა კი, სრულიად დაუგეგმავად, ჩვენ გვჭირდება ახალი საოფისე შენობები. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დანგრეულის ფასი, ეკონომიკის მასშტაბში, დიდი არ არის, მაგრამ ხელახალი მშენებლობა კაპიტალდაბანდებათა ზრდას გამოიწვევს.
მეორე – თავდასხმამ რეცესიის წინააღმდეგ ბრძოლის გონივრული ზომების გასატარებლად გაგვიხსნა გზა. <…> როგორც ჩანს, ჩვენ ახლა ნამდვილად მივაღწევთ სახელმწიფო ხარჯების სწრაფ ზრდას, თუმცა ამის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევაა.
ფოლ ქრუგმანი. ანგარიში: ტრაგედიის შემდეგ (Reckonings; After The Horror). The NYT, 14 სექტემბერი, 2001

___

მთარგმნელის კომენტარი (მეორე 🙂 ):
“გატეხილი ფანჯარა” ბასტიას წიგნში “ის, რაც ხილულია და ის, რაც დაფარულია” პირველ თავად არის შეტანილი. როგორც ზემოთ ვთქვი, “საქართველოს უნივერსიტეტმა” ბასტიას კრებული 2016 წელს გამოსცა. თარგმანი თეონა ოძელაშვილმა შეასრულა და PDF ფორმატში “ახალი ეკონომიკური სკოლის” ბიბლიოთეკიდან შეგიძლიათ, ჩამოქაჩოთ.
ფრედერიკ ბასტია – სახელმწიფო და სხვა ესეები

***

ასევე:
ფრედერიკ ბასტია – ჩინური არაკი
ფრედერიკ ბასტია – პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: