კიდევ ერთხელ სავაჭრო ბალანსის შესახებ

ფრედერიკ ბასტია

სავაჭრო ბალანსის თეორია მრწამსად იქცა.

ასე გვასწავლეს: თუკი ქვეყანას უფრო მეტი საქონელი შემოაქვს, ვიდრე – გააქვს, ამ სხვაობის ტოლ მოგებას კარგავს და – პირიქით, თუ ქვეყნის ექსპორტი სჭარბობს იმპორტს, ჭარბია ქვეყნის მოგებაც. ეს სწავლება მივიღეთ აქსიომად და მის თარგზე ვჭრით კანონებს.

ახლახანს, ბატონმა მოგანმა[*] განგაშის ზარები დაარისხა, რომ მცდარი სავაჭრო პოლიტიკა გვაქვს. სტატისტიკის მოხმობით დაგვისაბუთა, რომ უმიზეზოდ, საკუთარი ნებით, ორას მილიონ ფრანკზე ვამბობთ უარს. ყოველწლიურად.

”თერთმეტი წლის განმავლობაში, მხოლოდ ვაჭრობით ორი მილიარდი ფრანკი დავკარგეთ. აცნობიერებთ მაინც, ეს რამდენია?!” – შესძახა ორი დღის წინ.

შემდეგ, წესისამებრ, ციფრები მოიშველია, და ასე გვითხრა:

„1847 წელს, თქვენ 605 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდეთ და 152 მილიონის ღირებულებისა იყიდეთ – აქედან გამომდინარე, მოიგეთ 450 მილიონი ფრანკი.

ამავე დროს, თქვენ იყიდეთ 804 მილიონის ღირებულების ნედლეული და გაყიდეთ მხოლოდ 114 მილიონის ღირებულებისა, აქედან გამომდინარე, თქვენ იზარალეთ 690 მილიონი ფრანკი“.

კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მყიფე საფუძველზე აგებს ბატონი მოგანი მისი ლოგიკის კედლებს. მგონი, ბატონების დარბლესა და ლებეფის[**] გამხიარულების გზასაც მიაგნო, რაც დიდი მიღწევაა და კეთილი შურით მშურს.

მაგრამ ნება მომეცით, შევაფასო, გამართულია თუ არა წესი, რომლის მიხედვით ბატონი მოგანი და ყველა პროტექციონისტი მოგება-ზარალს თვლის. ამისთვის ორ საქმიან გარიგებას გავიხსენებ, რომლებშიც პირადად მივიღე მონაწილეობა.

ბორდოში გახლდით. 50 ფრანკის ღირებულების ერთი კასრი ღვინო მქონდა, რომელიც ლივერპულში გავაგზავნე – საბაჟომ დავთარი გაშალა და 50 ფრანკის ექსპორტი აღნუსხა.

ლივერპულში ღვინო 70 ფრანკად გავიყიდეთ. ჩემმა წარმომადგენელმა ამ 70 ფრანკად ნახშირი შეიძინა და ბორდოში გამომიგზავნა. ბორდოს ბირჟაზე ეს ნახშირი 90 ფრანკად გავყიდე. საბაჟომ ისევ გაშალა დავთარი და 90 ფრანკის იმპორტი აღნუსხა.

სავაჭრო ბალანსი უარყოფითია: სხვა სიტყვებით, იმპორტი სჭარბობს ექსპორტს 40 ფრანკით.

აქამდე ასე მეგონა და ჩემი საკუთარი საბალანსო წიგნიც ამას მეუბნება – 40 ფრანკი ვიხეირე, მაგრამ ბატონი მოგანი მიმტკიცებს, იზარალეო. და ჩემი სახით საფრანგეთსაც უზარალია.

რატომ ხედავს აქ ბატონი მოგანი დანაკარგს? იმიტომ რომ, მისი ანგარიშით, იმპორტის ნებისმიერი მეტობა ექსპორტზე ნაკლული ბალანსია, რაც შესაბამისი ფულით უნდა გააწონასწორო. მაგრამ იმ გარიგებას, ზემოთ რომ ვთქვი, მომგებიანი სავაჭრო გარიგების ყველა ნიშან-წყალი აქვს – სად არის ანგარიში, რომელიც გადასახდელი მაქვს? ნუთუ ძნელია იმის გაგება, რომ მეწარმე სხვადასხვა ბაზარზე ფასებს ერთმანეთს ადარებს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას. სავაჭრო გარიგებას დებს მხოლოდ მაშინ, თუ დარწმუნებულია, ან, როგორც უმცირეს, აქვს მოლოდინი, რომ გატანილი საქონლის ღირებულებას მოგებით დაიბრუნებს. შესაბამისად, რასაც ბატონი მოგანი ზარალს არქმევს, არის მოგება.

იმ ჩემი გარიგების შემდეგ, უნდა გამოგიტყდეთ, სინანული მეც დამეუფლა. სულ რამდენიმე დღეში ისე მოხდა, რომ ღვინის ფასი ბორდოში დაეცა და ლივერპულში კი – გაიზარდა. რომ არ მეჩქარა, შემეძლო კასრი ღვინო 40 ფრანკად შემეძინა და 100-ად გამეყიდა. ვწუხდი, უფრო დიდი მოგება რომ გამექცა ხელიდან… მაგრამ ახლა, ბატონი მოგანის წყალობით ვიგებ, რომ, თურმე, უფრო დიდ ზარალს გადავურჩი.

სხვა გარიგებას გავიხსენებ. მან განსხვავებული შედეგი მომიტანა.

პერიგორიდან ტრიუფელი ჩამომივიდა – 100 ფრანკად შევიძინე. ინგლისის კაბინეტის ორი წევრისთვის იყო განკუთვნილი. ძალიან მაღალ ფასზე შევუთანხმდი ინგლისურ ფუნტებში, მაგრამ, ნეტავ თავად შემეჭამა (ტრიუფელს ვგულისხმობ, ცხადია და არა ინგლისურ ფუნტებსა თუ ინგლისელ მინისტრებს) რაღაც მაინც შემრჩებოდა. ხომალდი, რომელზეც დავტვირთე, მგზავრობისას ჩაიძირა და ყველაფერი დავკარგე. საბაჟო ოფიცერს კი, ვინც 100 ფრანკის ღირებულების ექსპორტი აღნუსხა, შემხვედრი იმპორტის აღნიშნვა არ დასჭირვებია.

ამ შემთხვევაში, ბატონი მოგანი იტყოდა, რომ საფრანგეთმა (გემის დაღუპვის წყალობით) 100 ფრანკი მოიგო, რაკი ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. საქმე რომ სხვაგვარად წასულიყო, 200 ან 300 ფრანკის ღირებულების ინგლისური ფუნტი მიმეღო, რაღაცას შევიძენდი, შემოვიტანდი და სავაჭრო ბალანსი უარყოფითი იქნებოდა, საფრანგეთი კი წააგებდა.

მეცნიერის ენით რომ ვთქვათ, ყველა სავაჭრო გარიგება, რომელიც მეწარმისთვის ზარალით მთავრდება, ქვეყნის მოგებაა – ამას გვიმტკიცებენ ეს თეორეტიკოსები.

მაგრამ, სინამდვილეში, კიდევ უფრო მეტად სამწუხარო შედეგიც შეიძლება მივიღოთ.

დავუშვათ, რომ ბატონმა მოგანმა მოიპოვა ძალა (და, გარკვეულწილად, ის ამ ძალაუფლებას მართლაც ფლობს სადეპუტატო მანდატით) მეწარმეთა გათვლები საკუთარი გათვლებით ჩაანაცვლოს და მისივე სიტყვებით „ქვეყანა ინდუსტრიული და კომერციული თვალსაზრისით გამართოს, ბიძგი მისცეს შიდა წარმოებას“.

რას გააკეთებდა ბატონი მოგანი?

კანონით შეაჩერებდა ყველა სავაჭრო გარიგებას, რომელიც ქვეყნის შიდა ბაზარზე დაბალ ფასად შეძენას, გარე ბაზარზე მაღალ ფასად გაყიდვას, მიღებული მოგების საქონლად ქცევას და უკან, ქვეყნის შიდა ბაზარზე შემოტანას ითვალისწინებს, რაკი სწორედ ამ გარიგებებში იმპორტირებული საქონლის ღირებულება აღემატება ექსპორტირებული საქონლის ღირებულებას.

ამის ნაცვლად, ბატონი მოგანი სუბსიდიებით (მოქალაქეებისგან გადასახადებით მოკრეფილი ფულით) წაახალისებდა ყველა იმ საწარმოს, რომელიც საფრანგეთში ძვირად ყიდვასა და საზღვარგარეთ იაფად გაყიდვის იდეაზე დგას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, იდეაზე, გავიტანოთ ექსპორტზე, რაც ჩვენს ბაზარზე ფასეულია, იმ მიზნით, რომ შემოვიტანოთ ის, რაც ჩვენთან არ ფასობს და უსარგებლოა. მაგალითისთვის, ბატონი მოგანი, უდავოდ წაახალისებს პარიზიდან ამსტერდამში ყველის ექსპორტს და ამსტერდამიდან მოდის უახლესი ნიმუშების პარიზში ჩამოტანას, რაკი, ამ სახის გარიგებებით, სავაჭრო ბალანსი მუდამ ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა.

სამწუხაროა და, მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელიც კი, როდესაც კანონმდებლებს წესად აქვთ, შეზღუდონ გარიგების მონაწილე მხარეთა თავისუფალი მოქმედება. ყველა თავისუფალი უნდა იყოს ნებით იმოქმედოს, საკუთარი საფრთხითა და რისკით. ყველა პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე. ვინც შეცდომას უშვებს, ისჯება, მაგრამ გამოსწორების საშუალებაც აქვს. მაგრამ, როდესაც კანონმდებელი გალავანს აგებს და აწესებს აკრძალვებს, ის ფატალურ შეცდომას უშვებს და ამ შეცდომის საფასურს მთელი ერი ანაზღაურებს. საფრანგეთში ძალიან გვიყვარს თავისუფლება, მაგრამ ძნელად გვესმის. დაე, ვცადოთ, უკეთ გავუგოთ თავისუფლებას! მერწმუნეთ, ამის შემდეგ ნაკლებად კი არ გვეყვარება.

ბატონმა მოგანმა შეუვალი ჭეშმარიტების სახით განგვიცხადა, რომ ინგლისში არ ეგულება სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც სავაჭრო ბალანსის დოქტრინას არ აღიარებს. მას შემდეგ, რაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსით გამოწვეული ვითომ ზარალი დათვალა, ბატონმა მოგანმა შესძახა: „მსგავსი სურათი ინგლისში რომ ჰქონდეთ, დეპუტატები შეძრწუნდებოდნენ და თემთა პალატის თითოეული წევრი იგრძნობდა, რომ მისი სადეპუტატო სკამი მოჭანჭყარდა.”

ჩემი მხრივ ვადასტურებ, რომ თუკი თემთა პალატის რომელიმე წევრი განაცხადებდა: „ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება იმპორტირებული საქონლის მთლიან ღირებულებას“ და “ეს განსხვავება წარმოადგენს მოგებას“… მის მანდატს ნამდვილად შეექნებოდა საფრთხე.

ინგლისელებმა კარგად იციან, ერისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე გასცემს. მეტიც, კარგა ხანია, მიხვდნენ, რომ ეს ყველა მეწარმის თავისუფალი ნებისა და შეფასების ამბავია, ამიტომაც უჭირავთ laissez faire-ის[***] მხარე და თავისუფალი ვაჭრობის ერთგულნი არიან.

©Frédéric Bastiat – Selected Essays on Political Economy. Foundation for Economic Education, 1995
©LV (ქართული თარგმანი ინგლისურიდან, 2021)

Creative Commons License©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

(*)ფრანსუა მოგანი – იურისტი, ადვოკატი, დეპუტატი. თავდაპირველად ლიბერალურ პოზიციებზე იდგა, პოლიტიკური კარიერის ბოლოს კონსერვატორებს და ლუი-ფილიპეს მიმართ ლოიალური ოპოზიციის ლიდერთა შორის იყო (დღეს ვიტყოდით – “კონსტრუქციულ” “სისტემურ” ოპოზიციად).
(**)ფაბრიკანტი და დეპუტატი ოგიუსტ დარბლე და საფრანგეთის ბანკის რეგენტი ლუი ლობეფი კონსერვატორთა ფრთის წარმომადგენლები და პროტექციონიზმის იდეოლოგები იყვნენ.
(***)ვინც ამ ესსეთი დაინტერესდა, laissez faire et laissez passer რას ნიშნავს, მაგის ახსნას ვერც გკადრებ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ამ ფორმულის ავტორზე (ან ერთ-ერთ ავტორზე), ვენსან დე გურნეზე ცალკე პოსტი დევს ამ ბლოგზე “სახელმწიფოს როლი და კომერციის თავისუფლება – ვენსან დე გურნეს საქებარი სიტყვა“.
___

მთარგმნელის კომენტარი:

სავაჭრო ბალანსი პროტექციონისტების საყვარელი იარაღია, რომელიც მუდამ ხელმომარჯვებული აქვთ. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დაბალანსების „კეთილშობილური“ მიზნით ამართლებენ ბიუჯეტის თანხის ფლანგვას, წამგებიანი პროექტების სუბსიდირებას, არსებული გადასახადების გაზრდას და ახალი გადასახადების შემოღებას. ამ თემაზე ბასტია ხშირად წერდა. ცდილობდა, ერთი მარტივი ჭეშმარიტების ახსნას – ქვეყნის ეკონომიკა, დოვლათი მეწარმეთა წარმატებაზე დგას, შეუძლებელია ქვეყანა ხეირობდეს იქ და მაშინ, როდესაც მეწარმეები ზარალს განიცდიან (როგორც ჩარლზ უილსონმა თქვა: “ის, რაც კარგია ქვეყნისთვის, კარგია ჯენერალ მოთორზისთვის და – პირუკუ”).
საგაზეთო წერილით „სავაჭრო ბალანსის შესახებ“ (Balance du commerce) ბასტია 1850 წლის 29 მარტს გამოეხმაურა ფრანგი დეპუტატის, ფრანსუა მოგანის მოსაზრებებსა და საკანონმდებლო ინიციატივებს. წერილი რამდენიმე კრებულში შედის. რაკი ჩემეული ფრანგულის ცოდნა ზურიკელა ვაშალომიძის ბაბუას რუსულზე ოდნავ უკეთესია, თარგმანი (ისე, როგორც წინა ბასტიებზე იყო) კვლავ ინგლისურენოვანი გამოცემიდანაა შესრულებული.

ვისაც პროტექციონიზმის შენიღბული ზიანის ამბავი აინტერესებს, იმ ზიანის, რომელიც “კეთილი ზრახვებითაა” შეფუთული, ბასტიას არაჩვეულებრივ წერილთან გადაგამისამართებთ “თქვენი ხელფასი და პროტექციონიზმი

ასევე:
გადასახადებით დამძიმებული საქონელი
როგორ ბეგრავს მთავრობა თქვენს თავისუფლებას

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: